საქმე № ას-1262-2022 06 ივნისი, 2023 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: მირანდა ერემაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
განმცხადებელი – პ.კ–ა
განმცხადებლის მოთხოვნა – საქმის წარმოების განახლება
დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - განცხადების განუხილველად დატოვება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. პ.კ–ამ სარჩელით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა ჟ.ბ–ას და ნ.ფ–ას გამოსახლება ქ. თბილისში, ........ მდებარე ბინიდან.
2. თბილისის მთაწმინდა-კრწანისის სასამართლოს 05.03.2003წ. გადაწყვეტილებით პ.კ–ას სარჩელი დაკმაყოფილდა და მოპასუხეები გამოსახლებულ იქნენ მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ ბინიდან. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ჟ.ბ–ამ და ნ.ფ–ამ.
3. თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 22.12.2003წ. გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ჯ. ბ–ას და ნ. ფ–ას სააპელაციო საჩივარი, გაუქმდა მთაწმინდა-კრწანისის რაიონული სასამართლოს 05.03.2003წ. გადაწყვეტილება და პ.კ–ას სარჩელს უარი ეთქვა დაკმაყოფილებაზე. აღნიშნული გადაწყვეტილება პ.კ–ამ გაასაჩივრა საკასაციო წესით.
4. საქართველოს უზენაეს სასამართლოს 14.11.2005წ. განჩინებით პ. კ–ას საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 22.12.2003წ. გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში.
5. საქართველოს უზენაეს სასამართლოს 20.02.2006წ. განჩინებით საქართველოს სახალხო დამცველის ს. ს–ის რეკომენდაცია, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 14.11.2005წ. კანონიერ ძალაში შესული განჩინების კანონიერების შემოწმების თაობაზე, დარჩა განუხილველი დაუშვებლობის გამო.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 10.05.2007წ. განჩინებით პ.კ–ას განცხადება, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო თბილისის საოლქო სასამართლოს, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 22.12.2003წ. გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ არ დაკმაყოფილდა.
7. საქართველოს უზენაეს სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 20.11.2007წ. განჩინებით პ.კ–ას საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 10.05.2007წ. განჩინების გაუქმების და საქმის წარმოების განახლების შესახებ დაუშვებლად იქნა მიჩნეული.
8. საქართველოს უზენაეს სასამართლოს 10.04.2012წ. განჩინებით პ.კ–ას განცხადება თბილისის საოლქო სასამართლოს, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 22.12.2003წ. გადაწყვეტილების და თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 05.03.2003წ. გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ დარჩა განუხილველი დაუშვებლობის გამო.
9. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 28.06.2012წ. განჩინებით პ.კ–ას განცხადება თბილისის საოლქო სასამართლოს, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 22.12.2003წ. გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების თაობაზე, დაუშვებლობის გამო დარჩა განუხილველი.
10. საქართველოს უზენაეს სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 10.09.2012წ. განჩინებით პ.კ–ას კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 28.06.2012წ. განჩინება დარჩა უცვლელი.
11. პ.კ–ამ 2020 წლის 11 ნოემბერსა და 2021 წლის 10 თებერვალს განცხადებებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვა თბილისის საოლქო სასამართლოს, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 22.12.2003წ. სხდომის ოქმის გაუქმება და ამავე სასამართლოს 22.12.2003წ. გადაწვეტილების გაუქმება.
12. მოსამართლის თანაშემწემ, 2021 წლის 16 თებერვალს, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის არქივიდან განცხადებების განხილვის მიზნით გამოითხოვა სამოქალაქო საქმე 2ბ/210-03, რომელიც თბილისის სააპელაციო სასამართლოს გამოეგზავნა 23.02.2021წ.
13. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 28 აპრილის განჩინებით პ.კ–ას განცხადებები თბილისის საოლქო სასამართლოს სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003 წლის 22 დეკემბრის სხდომის ოქმისა და ამავე სასამართლოს 2003 წლის 22 დეკემბრის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე დარჩა განუხილველი.
14. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 22.12.2003წ. გადაწყვეტილება, რომლის გაუქმებასაც ითხოვდა განმცხადებელი შესული იყო კანონიერ ძალაში საქართველოს უზენაეს სასამართლოს 14.11.2005წ. განჩინებით, რაც გამორიცხავდა აღნიშნული გადაწყვეტილების კვლავ გასაჩივრების პროცესუალურ შესაძლებლობას, ხოლო, თუ განმცხადებელი გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნაში გულისხმობდა კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ბათილად ცნობას, აღნიშნული ასევე დაუშვებელია სსკ-ის 426-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, რომლის შესაბამისადაც გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების შეტანა დაუშვებელია გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 5 წლის გასვლის შემდეგ.
15. სხდომის ოქმის გაუქმების შესახებ განმცხადებლის პრეტენზიის პასუხად, სასამართლომ განმარტა, რომ აღნიშნული იმავე წარმოების ფარგლებში შეიძლებოდა გასაჩივრებულიყო, შესაბამის ვადებში, რის გამოც განუხილველად უნდა დარჩეს.
16. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალქო საქმეთა პალატის 2022 წლის 26 იანვრის განჩინებით პ.კ–ას კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 28 აპრილის განჩინება.
17. 2022 წლის 23 მარტის და 31 მარტის განცხადებებით პ.კ–ამ მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს განცხადებით ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ.
18. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალქო საქმეთა პალატის 2022 წლის 11 აპრილის განჩინებით პ.კ–ას დაევალა განჩინების ასლის ჩაბარებიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში ა)ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის განახლების შესახებ დაზუსტებული განცხადება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 427-ე მუხლის 1-ელი ნაწილით დადგენილი მოთხოვნების დაცვით; და ბ) 100 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედნის წარმოდგენა.
19. აღნიშნული განჩინება პ.კ–ას გაეგზავნა ფოსტის მეშვეობით და ჩაბარდა 2022 წლის 30 აპრილს, თუმცა ხარვეზის შესავსებად სასამართლოსთვის არ მოუმართავს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
20. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ პ.კ–ას განცხადება განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
21. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ-ის) 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
22. სსსკ-ის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს. აღნიშნული ნორმით განსაზღვრულია საკასაციო პალატის უფლებამოსილება, იხელმძღვანელოს ქვემდგომ სასამართლოში დადგენილი სამართალწარმოების მარეგულირებელი იმ ნორმებით, რომლებიც არ ეწინააღმდეგება სსსკ-ის მე-9 კარით განსაზღვრული საკასაციო სამართალწარმოების თავისებურებებს.
23. სსსკ-ის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი.
24. სსსკ-ის 59-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილის მიხედვით, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში, ხოლო მე-60 მუხლის მე-2 ნაწილისა და 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე.
25. სსსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. მითითებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია კანონით დადგენილ ვადაში შეასრულოს შესაბამისი საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი კარგავს ამ საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას, შესაბამისად, საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
26. ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შეასრულოს საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს შესაბამისი საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას.
27. განსახილველ შემთხვევაში, 1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალქო საქმეთა პალატის 2022 წლის 11 აპრილის განჩინებით პ.კ–ას დაევალა განჩინების ასლის ჩაბარებიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში ა)ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის განახლების შესახებ დაზუსტებული განცხადება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 427-ე მუხლის 1-ელი ნაწილით დადგენილი მოთხოვნების დაცვით; და ბ) 100 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედნის წარმოდგენა.
28. აღნიშნული განჩინება პ.კ–ას გაეგზავნა ფოსტის მეშვეობით და ჩაბარდა 2022 წლის 30 აპრილს, შესაბამისად, ხარვეზის შევსების ვადად განისაზღვრა 2022 წლის 01 მაისიდან 2022 წლის 05 მაისი ჩათვლით პერიოდი, თუმცა განმცხადებლის მიერ არ წარმოდგენილა არც შესაბამისი სახის შუამდგომლობა და არც ხარვეზის შევსების შესახებ განცხადება, რაც განცხადების განუხილველად დატოვების საფუძველია.
29. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განცხადება უნდა დარჩეს განუხილველად, რადგან მხარემ გაუშვა 2022 წლის 11 აპრილის განჩინებით განსაზღვრული ხარვეზის შევსების ვადა.
30. რაც შეეხება ბაჟის საკითხს, სსსკ-ის 399-ე მუხლისა და 374-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შემთხვევაში, პირს მთლიანად დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი. მოცემული განცხადების ფარგლებში, განმცხადებლის მიერ არ წარმოდგენილა ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 396-ე, 397-ე მუხლის მესამე ნაწილით, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. პ.კ–ას განცხადება დარჩეს განუხილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლე : მირანდა ერემაძე