საქმე №ას-542-2023 2 ივნისი, 2023 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ვლადიმერ კაკაბაძე,
ლევან მიქაბერიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი - ზ.მ–ნი (აპელანტი, მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – სს ,,ს.კ.უ–ნი“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 27 თებერვლის განჩინება
საკასაციო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – თანხის დაკისრება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. ზ.მ–ნის (შემდგომში „მოპასუხე“, „დაზღვეული“, „კასატორი“ ან „საკასაციო საჩივრის ავტორი“) საკასაციო პრეტენზიით, დაუსაბუთებელია თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 27 თებერვლის განჩინება, რომლითაც არ დაკმაყოფილდა სს სადაზღვევო კომპანია „უ–ის“ (შემდგომში „მოსარჩელე“, „სადაზღვევო კომპანია“ ან „მზღვეველი“) სააპელაციო საჩივარი და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 12 ივლისის გადაწყვეტილება მოპასუხისთვის თანხის, 2106.45 ლარის, დაკისრების შესახებ.
2. კასატორის პრეტენზიით, სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები და არ გამოიკვლია, მიუძღვოდა თუ არა მოსარჩელეს ბრალი სადაზღვევო შემთხვევის დადგომაში და სწორად იყო თუ არა შეფასებული მიყენებული ზიანის ოდენობა მაშინ, როდესაც საქმეზე საილუსტრაციოდ დართული სურათებიდანაც ჩანს, რომ დღევანდელი საბაზრო ფასების გათვალისწინებით, დამდგარი ზიანი არ აჭარბებს 400-500 ლარს.
3. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
3.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 18 მაისის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულია წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, (შემდეგში: სსსკ), 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო საჩივარი დაუშვებელია, რადგანაც იგი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს.
4. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
5. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემოთმითითებული საფუძვლით.
6. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
7. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია რომ:
7.1. 2017 წლის 17 მარტს მოსარჩელემ გასცა ავტოსატრანსპორტო საშუალებათა დაზღვევის პოლისი, რომლითაც დააზღვია სს „ა–ოს“ კუთვნილი ავტომობილი SUZUKI SWIFT, სახელმწიფო ნომრით - ........ პოლისის მოქმედების პერიოდი განისაზღვრა 2017 წლის 17 მარტიდან 2018 წლის 17 მარტამდე;
7.2. 2017 წლის 22 ოქტომბერს ქ. თბილისში მოხდა ავტოსაგზაო შემთხვევა, რა დროსაც მოპასუხე ავტომობილით დაეჯახა მოსარჩელის მიერ დაზღვეულ ავტომობილს (SUZUKI SWIFT, სახელმწიფო ნომრით - ........);
7.3. ავტოსატრანსპორტო შემთხვევაზე პასუხისმგებელ პირად ცნობილი იქნა მოპასუხე და მას დაეკისრა ადმინისტრაციული ჯარიმის, 250 ლარის, გადახდა.
7.4. შპს „ჯ–ის“ მიერ შედგენილი ინვოისის თანახმად, ავტომობილის შეკეთების ღირებულება განისაზღვრა 2265 ლარით;
7.5. 2018 წლის 22 იანვარს მოსარჩელემ ავტოსაგზაო შემთხვევისას მიყენებული ზიანი 2 106.45 ლარი აუნაზღაურა დამზღვევს - სს ,„ა–ოს“;
7.6. 2018 წლის 30 იანვარს მოსარჩელემ მიმართა მოპასუხეს და მოითხოვა დამზღვევისთვის გადახდილი თანხის მისთვის ანაზღაურება, თუმცა უშედეგოდ;
7.7. სადაზღვევო კომპანიამ სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხის მიმართ და მოითხოვა დამზღვევისთვის სადაზღვევო შემთხვევის ფარგლებში გადახდილი თანხის, 2106.45 ლარის მოპასუხისთვის დაკისრება;
7.8. სარჩელზე წარდგენილი შესაგებლით მოპასუხემ სარჩელი არ ცნო, თუმცა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 12 ივლისის მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხემ სარჩელი სრულად ცნო.
8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით განმტკიცებულია დისპოზიციურობის პრინციპი, რაც გულისხმობს მხარეთა თავისუფლებას განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები. აღნიშნული მუხლის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ; მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს – ცნოს სარჩელი.
9. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.
10. უზენაესი სასამართლოს არაერთ განჩინებაშია ასახული სარჩელის ცნობის თანმდევი შედეგები. ერთ-ერთ საქმეზე საკასაციო სასამართლომ აღნიშნა შემდეგი: „სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლი განამტკიცებს იმ საპროცესო მოქმედებათა ჩამონათვალს, რომელშიც ვლინდება მხარის უფლება, საკუთარი შეხედულებისამებრ განკარგოს მისი საპროცესო უფლებები, იგი ნების ავტონომიის საპროცესო გამოხატულებაა და წარმოადგენს მხარის საპროცესო უფლებათა იმგვარი რეალიზაციის საშუალებას, როდესაც საქმეზე მისაღები გადაწყვეტილება უმთავრესად მხარის ნებაზეა ორიენტირებული. ნორმა იძლევა უფლებათა შემდეგ კლასიფიკაციას: პირი, რომელსაც მიაჩნია, რომ დაირღვა მისი უფლება, თავად წყვეტს ამ უფლების სასამართლო წესით დაცვას საპროცესო კანონმდებლობით შემოთავაზებული წესების დაცვით; თავად განსაზღვრავს დავის საგანს და იმას, თუ რა ფაქტებსა და გარემოებებზე დაამყაროს მოთხოვნა; მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე. ჩამოთვლილთაგან უმეტესი ნაწილი მიმართულია მოსარჩელის უფლებებისაკენ, თუმცა პირთა თანასწორობაზე დამყარებული სამოქალაქო საპროცესო სამართალი ანალოგიურ პირობებს უქმნის მოპასუხეს და ადგენს მის უფლებას, შეთანხმების შემთხვევაში, დავა დაასრულოს მორიგებით, მას ასევე შეუძლია ცნოს სარჩელი. მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა უფლების განმკარგავი აქტია, რომელიც შეიძლება განხილულ იქნას მხოლოდ მის სამართლებრივ შედეგთან ერთიანობაში, სარჩელის ცნობა შეუქცევადია და მას ამ ნაწილში გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოჰყვება შედეგად იმდენად, რამდენადაც სარჩელის ცნობას საფუძვლად ედება პრეზუმფცია, რომ მოპასუხე აღიარებს მის მიმართ წარდგენილ პრეტენზიას და არ აპირებს ამ მოთხოვნისაგან თავდაცვის საპროცესო საშუალების გამოყენებას“ (იხ. სუსგ საქმე №ას-64-58-2015, 8 აპრილი, 2015 წელი; საქმე №ას-276-262-2016, 27 მაისი, 2016 წელი).
11. მოცემულ შემთხვევაში, კასატორი გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და საქმის არსებითად განსახილველად დაშვების საფუძვლად მიიჩნევს იმას, რომ სააპელაციო სასამართლოს არ გამოუკვლევია ორი უმთავრესი საკითხი - რამდენად მიუძღვოდა ბრალი მოპასუხეს სადაზღვევო შემთხვევის დადგომაში და იყო თუ არა შეფასებული მიყენებული ზიანი.
12. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორის მითითებული პრეტენზია უსაფუძვლოა და მის მიერ ჩამოთვლილი საკითხები მართებულად არ შეაფასეს ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა შემდეგ გარემოებათა გამო: საქმის მასალებით დადგენილია და არც თავად კასატორი უარყოფს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოში 2021 წლის 12 ივლისს გამართულ სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხის წარმომადგენელმა - თ.მ–ამ, რომელსაც კანონით დადგენილი წესით გაცემული მინდობილობის საფუძველზე, მინიჭებული ჰქონდა სარჩელის ცნობის უფლებამოსილება (სსსკ-ის 98.1 მუხლი) (იხ. ტ. ს.ფ. 162), სასარჩელო მოთხოვნა მოპასუხისთვის თანხის, 2 106.45 ლარის დაკისრების შესახებ სრულად ცნო (იხ. ტ. ს.ფ. 161), რაც სსსკ 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის (თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ) შესაბამისად, აღნიშნული მოთხოვნის დაკმაყოფილების შესაძლებლობას აძლევდა სასამართლოს.
13. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, მოცემულ შემთხვევაში, კასატორის მიერ წარდგენილი პრეტენზია ვერ მიიჩნევა იმგვარ დასაშვებ და დასაბუთებულ საკასაციო პრეტენზიად, რაც სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი გარემოებების გაბათილებისა და საქმის არსებითად განსახილველად დაშვების შესაძლებლობას მისცემდა სასამართლოს.
14. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ მართებულად გამოიყენა და განმარტა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 208-ე მუხლები და მართებულად განახორციელა ის საპროცესო მოქმედებები, რომლებიც, მხარეთა თანასწორუფლებიანობის პირობებში, საჭირო იყო საქმის გარემოებათა დადგენისა და, მხარეთათვის დაკისრებული მტკიცების ტვირთის შესაბამისად, მათ მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასებისათვის, რაც ცხადყოფს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
15. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან, არც დასაბუთებული პოზიციაა წარმოდგენილი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან ან/და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით.
16. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
17. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ზ.მ–ნის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი დარჩეს განუხილველი;
2. ზ.მ–ნს (.......) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე თ.მ–ას (.........) მიერ გადახდილი (საგადახდო დავალება №1001, გადახდის თარიღი 15.05.2023), 150 ლარის 70% - 105 ლარი;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: მ. ერემაძე
მოსამართლეები: ვ. კაკაბაძე
ლ. მიქაბერიძე