საქმე №ას-255-2023 17 მაისი, 2023 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები: ვლადიმერ კაკაბაძე,
ლევან მიქაბერიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი - დ.გ–ძე (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – სს „თ.ბ–ი“; სს ,,თ.დ–ვა“ (მოპასუხეები)
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 18 იანვრის განჩინება
საკასაციო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. დ.გ–ძის საკასაციო პრეტენზიით დაუსაბუთებელია თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 18 იანვრის განჩინება, სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 28 ოქტომბრის გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე, რომლითაც, სარჩელი სს „თ.ბ–სა“ და სს „თ. დ–ის“ წინააღმდეგ არ დაკმაყოფილდა.
2. კასატორის პრეტენზიით განსახილველი საქმე წარმოადგენს იშვიათი სამართლებრივი პრობლემის მქონე საქმეს. ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოები დაუსაბუთებლად მიუთითებენ, რომ მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულების სტანდარტული პირობებით იყო დადგენილი სადავო ინფორმაცია, რომელიც სათანადო წესით არ უცნობებიათ მისთვის.
3. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
3.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 28 მარტის განჩინებით საკასაციო საჩივარი წარმოებაშია მიღებული საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, (შემდეგში სსსკ-ის), 391-ე მუხლის საფუძველზე დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც დაუშვებელია:
4. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
5. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
6. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
7. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ მართებულად განსაზღვრა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები:
7.1. მხარეთა შორის 2018 წლის 27 აგვისტოს გაფორმდა საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეს მსესხებელზე გაიცა კრედიტი 5 500 ლარის ოდენობით, საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 15%-ით.
7.2. მხარეთა შორის, იმავე წლის 10 ოქტომბერს გაფორმდა საკრედიტო შენატანების დაზღვევის პოლისი. მოსარჩელემ პოლისი შეიძინა ბანკში. პოლისში მითითებულია, რომ მზღვეველს წარმოადგენს სადაზღვევო კომპანია (მოპასუხე). შეთანხმების გაფორმებისას ბანკი წარმოადგენდა სადაზღვევო კომპანიის აგენტს, რომელსაც მინიჭებული ჰქონდა წარმომადგენლობითი უფლებამოსილება შეეთავაზებინა მომხმარებლისთვის დაზღვევის პროდუქტები და დაინტერესების შემთხვევაში გაეყიდა იგი. აგენტის მიერ განხორციელებული ქმედების სამართლებრივი შედეგების ადრესატი იყო მზღვევლი. სწორედ სადაზღვევო კომპანია იყო ვალდებული შემთხვევის დადგომისას აენაზღაურებინა ზიანი, თუ დაზღვეულიც შეასრულებდა ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს.
8. საქმეზე წარმოდგენილი სატელეფონო ჩანაწერებით დგინდებოდა, რომ:
8.1. 2019 წლის მარტში მოსარჩელემ დარეკა სადაზღვევო კომპანიაში. ზარის მიზანი იყო გაერკვია აისახა თუ არა მზღვეველის ბაზაში მის მიერ სწრაფი გადახდის აპარატით გადახდილი დაზღვევის პრემია, რაზეც მიიღო შესაბამისი დასტური ოპერატორისაგან. სამსახურის დაკარგვის შესახებ მოსარჩელეს არაფერი უთქვამს.
8.2. 2019 წლის 11 მარტს, კვლევის ჩატარების მიზნით დაზღვევის ოპერატორი დაუკავშირდა მოსარჩელეს, კერძოდ, ოპერატორმა სთხოვა მოსარჩელეს შეეფასებინა 8 მარტს მის მიერ განხორციელებულ ზარზე „ქოლ ცენტრის“ მომსახურება. აღნიშნული კვლევის ფარგლებში მოსარჩელემ დააფიქსირა, რომ აინტერესებდა ზუსტად სცოდნოდა რა რისკებისაგან იყო დაზღვეული, რაზეც ოპერატორმა უპასუხა, რომ დაუკავშირდებოდნენ რათა დეტალურად აეხსნათ დაზღვეული რისკები. ამავე დღეს 2019 წლის 11 მარტს ოპერატორი დაუკავშირდა მოსარჩელეს და აუხსნა, რომ დაზღვეულ რისკებს წარმოადგენდა - უბედური შემთხვევით გამოწვეული დამზღვევის შრომისუუნარობა; უბედური შემთხვევით გამოწვეული გარდაცვალება; დამზღვევის იძულებითი უმუშევრობა. ასევე განუმარტა, თუ რას ნიშნავდა იძულებითი უმუშევრობა. ამდენად დადგენილია, რომ მარტის თვის განმავლობაში მოსარჩელე სამჯერ ესაუბრა დაზღვევის ქოლ - ცენტრს, თუმცა სამსახურის დაკარგვის შესახებ არაფერი შეუტყობინებია.
8.3. 2019 წლის 8 ივლისს მოსარჩელემ კვლავ დარეკა მოპასუხესთან და კვლავ მოითხოვა ინფორმაცია დაზღვეული რისკების თაობაზე, წარსადგენი საბუთების შესახებ. აქვე ოპერატორის შეკითხვაზე ხომ არ სურს დააფიქსიროს ინფორმაცია სამსახურიდან მოსალოდნელი გათავისუფლების შესახებ, მოსარჩელე აღნიშნულს არ აფიქსირებს და სთხოვს ოპერატორს გაარკვიოს აქვს თუ არა მას ვალდებულება უმუშევრობის შემთხვევაში წარადგინოს ცნობა სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ.
8.4. 2019 წლის 8 ივლისს ოპერატორი უკავშირდება მოსარჩელეს და აწვდის ინფორმაციას, რომ უმუშევრობის დადგომის შემთხვევაში მან ნამდვილად უნდა წარადგინოს ცნობა სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ და რომ დამსაქმებელი ვალდებულია გასცეს ასეთი ცნობა.
8.5. 2019 წლის 26 დეკემბერს მოსარჩელე კვლავ დაუკავშირდა სადაზღვევო კომპანიას და შეატყობინა, რომ იგი სამსახურიდან ფაქტიურად წამოსულია. ასევე დაადასტურა, რომ ამ დრომდე მას არ დაუფიქსირებია სადაზღვევო შემთხვევის შესახებ და ახლა აფიქსირებს მას. ასევე მიუთითა, რომ მოითხოვა გათავისუფლების ბრძანება, თუმცა მას ჯერ იგი არ ჩაბარებია.
8.6. 2019 წლის 30 დეკემბერს ზარალის რეგულირების მენეჯერი დაუკავშირდა მოსარჩელეს. მოსარჩელემ ვერ დააფიქსირა მიზეზი თუ რატომ გაათავისუფლეს სამსახურიდან, მან განაცხადა, რომ უკვე რამდენიმე თვეზე მეტია რაც ხელფასი არ ერიცხება. ზარალის რეგულირების მენეჯერმა აუხსნა მოსარჩელეს, რომ აუცილებელია გათავისუფლების ბრძანების მიწოდება, რაზედაც მოსარჩელემ მოითხოვა ინფორმაცია სადაზღვევო კომპანიის ფილიალის მისამართის შესახებ, რათა ოფიციალურად წერილობით მოემართა დაზღვევისათვის და მიეღო წერილობითი ახსნა-განმარტება.
8.7. 2020 წლის 6 იანვარს მოსარჩელემ წერილობით მიმართა სადაზღვევო კომპანიას და მოითხოვა სადაზღვევო შემთხვევის დადგომის გამო ზარალის ანაზღაურება. განცხადებაში აღნიშნულია, რომ მოთხოვნის შესაბამისად, მან ვერ მოახერხა გათავისუფლების ბრძანების წარმოდგენა მისთვის უცნობი მიზეზების გამო, თუმცა წარმოადგინა შემოსავლების სამსახურის მიერ გაცემული ცნობა, სადაც აღნიშნულია რომ მას 2019 წლის თებერვლიდან მიმდინარე პერიოდამდე შემოსავალი არ უფიქსირდება, რაც გულისხმობს იმას, რომ მან დაკარგა ხელფასის სახით შემოსავალი, შესაბამისად დაკარგა სამსახურიც. აღნიშნულიდან გამომდინარე მოსარჩელემ მოითხოვა სესხის ძირითადი თანხისა და საპროცენტო სარგებლის 6 (ექვსი) თვის ვადით დაფარვა, როგორც ეს იყო გათვალისწინებული ხელშეკრულებით.
8.8. 2020 წლის 6 იანვრის წერილზე სადაზღვევო კომპანიამ 2020 წლის 14 იანვრის წერილით მოსარჩელეს უარი უთხრა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე. კერძოდ, წერილში აღნიშნულია, რომ კომპანიის ცხელ ხაზზე მოსარჩელემ შეტყობინება დააფიქსირა 2019 წლის 26 დეკემბერს, რომლის მეშვეობითაც თავად დაზღვეულმა პირმა დაადასტურა, რომ 7-8 თვეა რაც გათავისუფლებულია სამსახურიდან. მხარეთა შორის გაფორმებული საკრედიტო შენატანების დაზღვევის პირობების 7.2. პუნქტის შესაბამისად, იძულებითი უმუშევრობის რისკის ხდომილების შემთხვევაში დაზღვეული ვალდებულია აცნობოს მზღვეველს სადაზღვევო შემთხვევის დადგომის შესახებ 48 საათის განმავლობაში და არაუგვიანეს 15 დღისა. შესაბამისად, დაზღვეული პირის მხრიდან დარღვეული იყო შეტყობინების ვალდებულება, ამასთან, სადაზღვევო კომპანიამ მოითხოვა იმ დოკუმენტების წარდგენა, რომელიც გათვალისწინებული იყო დაზღვევის პირობებით. ამასთან, მოსარჩელეს სავალდებულოდ განემარტა, რომ სხვა დოკუმენტებთან ერთად სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების წარდგენა სავალდებულო იყო, ვინაიდან ამ დოკუმენტის შესაბამისად უნდა დადგენილიყო, ჰქონდა თუ არა ადგილი სადაზღვევო შემთხვევას, შემოსავლების სამსახურის მიერ გაცემული ცნობით გათავისუფლების მიზეზის დადგენა ვერ მოხდებოდა, ამიტომ აღნიშნული დოკუმენტის წარდგენა სავალდებულო იყო.
8.9. მოსარჩელეს სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ცნობა კომპანიაში არ წარუდგენია.
8.10. დაზღვევის პირობების შესახებ ინფორმაცია 1 (ერთ) გვერდიან პოლისზე მოცემულია 3 ადგილას, კერძოდ: სათაურში: „წინამდებარე პოლისი, საკრედიტო შენატანების დაზღვევის პირობებთან ერთად წარმოადგენს ერთიან დაზღვევის ხელშეკრულებას“, იქვე აღნიშნულია, რომ „დაზღვევის პირობები - საკრედიტო შენატანების დაზღვევის პირობები განთავსებულია ვებ გვერდზე www.tbcinsurance.ge“ და ბოლოს ცალკე აბზაცად გამოყოფილი აღნიშნულია, რომ „პოლისზე ხელმოწერით ვადასტურებ, რომ გავეცანი და ვეთანხმები სს „თ.დ–ვის“ სესხის შენატანების დაზღვევის პირობებს, რომელიც განთავსებულია ვებ გვერდზე www.tbcinsurance.ge. ამასთან, ვადასტურებ, რომ ყველა ზემოთ მოყვანილი ინფორმაცია არის უტყუარი და წარმოადგენს სიმართლეს.“
8.11. სადაზღვევო კომპანიის საკრედიტო შენატანების დაზღვევის პირობების მიხედვით, დაზღვეულ რისკებში შედის იძულებითი უმუშევრობა, რომელიც განმარტებულია შემდეგნაირად: იძულებით უმუშევრობად ითვლება დამსაქმებლის მიერ დაზღვეულთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა მხოლოდ ამ პირობების 1.3 მუხლში მითითებული მიზეზებით, ხოლო 1.3. პუნქტში მითითებულია, რომ წინამდებარე პირობების შესაბამისად იძულებითი უმუშევრობის რისკის დადგომა ჩაითვლება სადაზღვევო შემთხვევად მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დამსაქმებლის მიერ დაზღვეულთან გაფორმებული შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა მოხდა შემდეგი 9 მიზეზით: ეკონომიკური გარემოებები, ტექნოლოგიური ან ორგანიზაციული ცვლილებები, რომელიც აუცილებელს ხდის სამუშაო ძალის შემცირებას; დასაქმებულის კვალიფიკაციის ან პროფესიული უნარ-ჩვევების შეუსაბამობა მის მიერ დაკავებულ თანამდებობასთან/შესასრულებელ სამუშაოსთან; სასამართლო განაჩენის ან გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლა, რომელიც გამორიცხავს სამუშაოს შესრულების შესაძლებლობას; დამსაქმებელი ფიზიკური პირის გარდაცვალება; დამსაქმებელი იურიდიული პირის ლიკვიდაციის წარმოების დაწყება; დასაქმებული იურიდიული პირის რეორგანიზაცია (საშტატო ერთეულის გაუქმება, შემცირება); სხვა ობიექტური გარემოება, რომელიც ამართლებს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტას. ამავე პირობების 1.4. პუნქტის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ დაზღვეულს გააჩნია ერთზე მეტი სამუშაო ადგილი, ან გააჩნია სხვა დასაბუთებული სტაბილური შემოსავლის წყარო, მაშინ მის მიერ მხოლოდ ერთი სამსახურის დაკარგვა არ ჩაითვლება სადაზღვევო შემთხვევად, თუ მისი ჯამური შემოსავალი არ შემცირდება 30% ან მეტი წილით. ჯამური შემოსავალი ანგარიშდება სადაზღვევო შემთხვევამდე ბოლო 3 თვის განმავლობაში მიღებული დასაბუთებული ყოველთვიური შემოსავლის საშუალო არითმეტიკულით. აღნიშნული პირობების 7.2. პუნქტის შესაბამისად, იძულებითი უმუშევრობის რისკის ხდომილების შემთხვევაში დაზღვეული ვალდებულია აცნობოს მზღვეველს სადაზღვევო შემთხვევის დადგომის შესახებ 48 საათის განმავლობაში და არაუგვიანეს 15 კალენდარული დღისა. ამასთან, იმისათვის, რომ მზღვეველმა შეისწავლოს გარემოებები და დაადგინოს ადგილი ჰქონდა თუ არა დაზღვევის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ რისკს, მას დაზღვევის პირობების 7.2. პუნქტის თანახმად, უნდა წარედგინოს სადაზღვევო შემთხვევის დამადასტურებელი შემდეგი საბუთები: - სადაზღვევო პოლისის ასლი; - პასუხისმგებელი პირის ხელმოწერითა და კომპანიის ბეჭდით დამოწმებული ცნობა სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ, რომელშიც მითითებული იქნება გათავისუფლების მიზეზი; პირადობის მოწმობის ასლი; შრომითი ხელშეკრულების ასლი; ამონაწერი საბანკო ანგარიშიდან, რომელიც შეიცავს ინფორმაციას ბოლო 6 თვის განმავლობაში დამსაქმებელი ორგანიზაციის მიერ დასაქმებულისთვის ხელფასის ჩარიცხვის თაობაზე. მზღვეველის მოთხოვნის შემთხვევაში, ცნობა შემოსავლების სამსახურიდან პირის სახელზე მისი დამსაქმებლის მიერ გადახდილი საშემოსავლო გადასახადის შესახებ. დაზღვევის პირობების 7.2.1. პუნქტის თანახმად, მზღვეველი უფლებამოსილია მოითხოვოს სადაზღვევო შემთხვევის გარემოებების დასადგენად აუცილებელი სხვა საჭირო საბუთების წარმოდგენა როგორც უშუალოდ დაზღვეულისაგან, ასევე მისი დამსაქმებლისაგან. იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე ზემოთაღნიშნული საბუთი არ იქნა წარდგენილი, მზღვეველი უფლებამოსილია უარი თქვას სადაზღვევო ანაზღაურების გაცემაზე. დაზღვევის პირობების მიხედვით, იძულებითი უმუშევრობის რისკის დადგომის შემთხვევაში სადაზღვევო ანაზღაურება გაიცემა რეალური უმუშევრობის პერიოდში, მაქსიმუმ 6 თვის განმავლობაში. დაზღვევის პირობების 5.1. პუნქტი ადგენს, რომ სადაზღვევო შემთხვევისას მზღვეველი აანაზღაურებს დამზღვევის მიერ წინასწარ შერჩეული ყოველთვიური ლიმიტის შესაბამის თანხას მაქსიმუმ 6 თვის განმავლობაში. დამზღვევის მიერ წინასწარ შერჩეული ყოველთვიური ლიმიტი განისაზღვრა თვეში 200 ლარის ოდენობით.
8.12. შემოსავლების სამსახურის მიერ გაცემული ცნობით დგინდება, რომ მოსარჩელე 3 (სამ) სხვადასხვა დაწესებულებაში იყო დასაქმებული და იღებდა სახელფასო ანაზღაურებას სადაზღვევო ხელშეკრულების დადების დროისათვის.
9. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელის მოთხოვნის სამართლებრივ საფუძველს სსკ-ის 799-ე მუხლი წარმოადგენს „რომლის მიხედვითაც ხელშეკრულებით მზღვეველი მოვალეა აუნაზღაუროს დამზღვევს სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანი ხელშეკრულების პირობების შესაბამისად. მყარად დადგენილი სადაზღვევო თანხით დაზღვევისას მზღვეველი მოვალეა გადაიხადოს სადაზღვევო თანხა ან შეასრულოს სხვა შეპირებული მოქმედება. დამზღვევი ვალდებულია გადაიხადოს სადაზღვევო შესატანი“ (დამატებით იხ. წინამდებარე განჩინების 8.11 ქვეპუნქტი).
10. საკასაციო სასამართლო კასატორის პრეტენზიების პასუხად, წინამდებარე განჩინებაში მითითებული საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გათვალისწინებით განმარტავს, რომ დაუსაბუთებელია კასატორის მტკიცება ხელშეკრულების პირობების არცოდნის თაობაზე. კასატორის მიერ მითითებული გარემოება, რომ 2020 წლის 14 იანვრამდე არ იცოდა საქმის გარემოებების შესახებ გაქარწყლებულია მისივე ხელმოწერით სადაზღვევო პოლისზე, ამასთან, დადგენილია, რომ არაერთხელ ესაუბრა სადაზღვევო კომპანიის წარმომადგენელს მოსარჩელე და მიიღო სათანადო კონსულტაცია დაზღვევის პირობებზე. უდავოა, რომ სატელეფონო შეტყობინებითაც მიიღო შეტყობინება მოსარჩელე, გაცნობოდა დაზღვევის პირობებს.
11. ამდენად გასაზიარებელია ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების დასკვნა, რომ მოსარჩელისათვის კანონით დადგენილი წესით ცნობილი იყო დამზღვევის, ასევე დაზღვევის ხელშეკრულების პირობების და სადაზღვევო რისკების თაობაზე. ამასთან, სახეზე არ არის დაზღვეული რისკის არსებობა, რაც მზღვეველის მხრიდან წარმოადგენს ანაზღაურების საფუძველს.
12. საკასაციო სასამართლო ხაზგასმით მიუთითებს, რომ დაზღვეულ რისკს იძულებითი უმუშევრობა წარმოადგენდა, თუმცა საქმეში წარდგენილი არაა შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის ფაქტის დამადასტურებელი დოკუმენტი.
13. საქართველო შრომის კოდექსის მიხედვით ამომწურავადაა განსაზღვრული ის საფუძვლები, რომელიც შრომითი ურთიერთობის შეწყვეტას ედება საფუძვლად. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელეს მსგავსი დოკუმენტი არ წარუდგენია სასამართლოსთვის, არც ასეთი დოკუმენტის წარუდგენლობის მიზეზებზე მიუთითებია. მოსარჩელეს მხოლოდ შემოსავლების სამსახურის ცნობა აქვს წარმოდგენილი, რომელშიც დაფიქსირებულია სადავო პერიოდში მოსარჩელის საინფორმაციო ბარათის შესახებ მონაცემები, რომელზეც ხელფასის ჩარიცხვა არ ფიქსირდება, რაც არ წარმოადგენს პირდაპირ და საკმარის მტკიცებულებას, რომ მას შრომითი ურთიერთობა შეუწყდა.
14. საკასაციო სასამართლო დამატებით, მოპასუხეების, როგორც განსახილველი სასარჩელო მოთხოვნის მიმართ სოლიდარული მოვალეების სტატუსზე გაამახვილებს ყურადღებას და განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში დავის საგანია დაზღვეული სიკეთის, იძულებითი მოცდენის შემთხვევაში ლიმიტირებული თანხის ანაზღაურება. მიუხედავად იმისა, ბანკი წარმოადგენს სადაზღვევო კომპანიის წარმომადგენელ სუბიექტს, რომელმაც სესხის გაცემის შემდეგ, დაზღვევის პროდუქტი შესთავაზა და შემდეგ გაუფორმა კიდეც ხელშეკრულება ის მაინც ვერ ჩაითვლება სადაზღვევო შემთხვევაზე პასუხისმგებელ პირად, ვინაიდან დაზღვევის ხელშეკრულების მხარე სპეციალური სუბიექტი სადაზღვევო კომპანიაა, ხოლო მეორეს მხრივ მოსარჩელე.
15. ამდენად, ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მხარეთა შორის არსებული ურთიერთობიდან გამომდინარე, სასასრჩელო მოთხოვნის ადრესატს სოლიდარულად არ წარმოადგენენ ბანკი და სადაზღვევო კომპანია, ხოლო, კონკრეტულად სადაზღვევო კომპანიის წინააღმდეგ, არსებული სასარჩელო მოთხოვნა არ აკმაყოფილებს სამართალწარმოების შემთხვევაში მოთხოვნის წარმატებით განხორციელებისათვის საკმარის მტკიცებისა და მატერიალურსამართლებრივი გამართულობის სტანდარტს.
16. კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 28 მარტის განჩინებით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 47-ე, 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დ.გ–ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი დარჩეს განუხილველი;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: მ. ერემაძე
მოსამართლეები: ვ. კაკაბაძე
ლ. მიქაბერიძე