Facebook Twitter

08 ივნისი 2023 წელი

საქმე №ას-506-2023 ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე ლაშა ქოჩიაშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი _ ნ.ქ–ი

მოწინააღმდეგე მხარე _ ჯ.ნ–ი

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 13 თებერვლის განჩინება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი _ საზიარო უფლების გაუქმება ქონების აუქციონზე რეალიზაციის გზით

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ჯ.ნ–მა სარჩელი წარადგინა ხაშურის რაიონულ სასამართლოში ნ.ქ–ის მიმართ საზიარო უფლების გაუქმების მოთხოვნით.

2. ხაშურის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილებით ჯ.ნ–ის სარჩელი დაკმაყოფილდა. გაუქმდა ქალაქ ხაშურში, .......... (ს/კ ........) (თანამესაკუთრეები: ჯ.ნ–ი, ნ.ქ–ი) საზიარო უფლება, აღნიშნული ქონების აუქციონზე რეალიზაციის გზით და ამონაგები თანხა მხარეთა შორის განაწილდა თანაბარწილად (ჯ.ნ–ი - ½ ნაწილი, ნ.ქ–ს - ½ ნაწილი).

3. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ნ.ქ–მა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 13 თებერვლის განჩინებით ნ.ქ–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა ხაშურის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილება.

5. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ნ.ქ–მა გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის მოთხოვნით.

6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 01 მაისის განჩინებით ნ.ქ–ის საკასაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და კასატორს დაევალა, ამ განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 (ათი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში დაზუსტებული საკასაციო საჩივრის (გასაჩივრების საფუძვლებისა და კასაციის მიზეზების მითითებით) ასევე სახელმწიფო ბაჟის - 150 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედნის წარმოდგენა. ამავე განჩინებით კასატორს განემარტა, რომ დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი განუხილველად დარჩებოდა.

7. აღნიშნული განჩინება კასატორს გაეგზავნა 2023 წლის 04 მაისს, მაგრამ გზავნილი დაუბრუნდა სასამართლოს ადრესატის მისამართზე არ ყოფნის გამო.

8. 2023 წლის 18 მაისს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას განცხადებით მომართა ნ.ქ–ის წარმომადგენელმა მ.ხ–ძემ (იხ. მინდობილობა, ტ. 1, ს.ფ. 89) ხოლო ამავე წლის 29 მაისს დააზუსტა განცხადება და განმარტა, რომ მხარეთა შორის შედგა მორიგება, რის გამოც საქმის გაგრძელება საფუძველს მოკლებულია და საკასაციო საჩივარზე უარი განაცხადა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გაეცნო კასატორის წარმომადგენლის განცხადებას საკასაციო საჩივარზე უარის თქმის თაობაზე და მიაჩნია, რომ შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

9. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

10. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლი განამტკიცებს დისპოზიციურობის პრინციპს და ადგენს მოსარჩელის უფლებას, უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხემ ცნოს მის მიმართ წარდგენილი მოთხოვნა. მხარის ანალოგიურ უფლებას ითვალისწინებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 83-ე მუხლი, ხოლო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 378-ე მუხლის თანახმად (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლის დისპოზიციიდან გამომდინარე, ამ ნორმის გამოყენება დასაშვებია საკასაციო სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივრის განხილვისას) სააპელაციო საჩივარზე უარის თქმა დასაშვებია სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანამდე. სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის შემთხვევაში სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას, რის შედეგადაც მხარეს ერთმევა უფლება, კვლავ გაასაჩივროს სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 273-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად. ამდენად, აპელანტი უფლებამოსილია, კანონით გათვალისწინებული შედეგების გათვალისწინებით, საქმის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანამდე, დაუბრკოლებლად უარი განაცხადოს თავის სააპელაციო საჩივარზე. აღნიშნული წესი ვრცელდება საკასაციო საჩივარზე უარის თქმის უფლებაზეც.

11. მოცემულ შემთხვევაში, პალატა მიიჩნევს, კასატორის წარმომადგენელ ნ.ქ–ის განცხადება საკასაციო საჩივარზე უარის თქმის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 378-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უნდა შეწყდეს საქმის წარმოება იმგვარად, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები ძალაში იქნას დატოვებული.

12. საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილი არ არის.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 272-ე, 273-ე, 378-ე, 399-ე მუხლებით

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ნ.ქ–ის წარმომადგენლის - მ.ხ–ძის შუამდგომლობა საკასაციო საჩივარზე უარის თქმის თაობაზე დაკმაყოფილდეს.

2. შეწყდეს საქმის წარმოება ნ.ქ–ის საკასაციო საჩივარზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 13 თებერვლის განჩინების გაუქმების შესახებ.

3. ძალაში დარჩეს ქვემდგომი სასამართლოების მიერ მოცემულ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილებები.

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე ლაშა ქოჩიაშვილი