24 თებერვალი, 2023 წელი, №ას-1285-2022 თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე),
ლაშა ქოჩიაშვილი (მომხსენებელი),
თეა ძიმისტარაშვილი
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი - ს.ს.ი.პ. სოციალური მომსახურების სააგენტო
მოწინააღმდეგე მხარე - მ.წ–ი
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 21 მარტის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი - ადმინისტრაციული სახდელის შეფარდების ბრძანებისა და სხდომის ოქმის ნაწილობრივ ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. მ.წ–მა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს, მოპასუხე - ს.ს.ი.პ. სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართ და მოითხოვა:
1.1. მოსარჩელისათვის დისციპლინური სახდელის სახით საყვედურისა და შრომის ანაზღაურებიდან 30%-ის დაქვითვის შეფარდების შესახებ მოპასუხის 12.01.2019 წლის №04-2/დ ბრძანების მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის ბათილად ცნობა.
1.2. მოპასუხის 11.12.2018 წლის №04-303/ო ბრძანებით შექმნილი №9 სხდომის ოქმის იმ ნაწილის ბათილად ცნობა, რომლითაც მოსარჩელეს გამოეცხადა საყვედური და შრომის ანაზღაურებიდან დაუკავდა 30%.
2. მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 21 მარტის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი მოსარჩელისათვის დისციპლინური სახდელის სახით საყვედურისა და შრომის ანაზღაურებიდან 30%-ის დაქვითვის შეფარდების შესახებ მოპასუხის 12.01.2019 წლის №04- 2/დ ბრძანების მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი.
4. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 21 მარტის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება, შემდეგ ფაქტობრივ-სამართლებრივ საფუძვლებზე მითითებით:
5.1. ს.ს.ი.პ. სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 12 იანვრის №04-2/დ ბრძანების მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით, სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის ვაკე-საბურთალოს სერვის ცენტრის უფროს სოციალურ მუშაკს - მოსარჩელეს, გამოეცხადა საყვედური სოციალური მომსახურების სააგენტოს ადმინისტრირების სფეროს მიკუთვნებული ფუნქციების უკეთ განხორციელებისა და გაწეული საქმიანობის კონტროლის გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ სოციალური მომსახურების სააგენტოს 11.05.2012 წლის №04-303/ო ბრძანებით შექმნილი კომისიის 11.12.2018 წლის №9 ხდომის ოქმის, ს.ს.ი.პ. სოციალური მომსახურების სააგენტოს დებულების მე-4 მუხლისა და სააგენტოს შრომის შინაგანაწესის მე-12 მუხლის 1 პუნქტის „ა-დ“ ქვეპუნქტების საფუძველზე და შრომის ანაზღაურებიდან დაექვითა ხელფასის 30%.
5.2. დისციპლინური პასუხისმგებლობის შეფარდების სამართლებრივ საფუძვლად მითითებულია „სოციალური მომსახურების სააგენტოს ადმინისტრირების სფეროს მიკუთვნებული ფუნქციების უკეთ განხორციელებისა და გაწეული საქმიანობის კონტროლის გაუმჯობესების ღონისძიებების შესახებ“ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის 2012 წლის 11 მაისის №04-303/ო ბრძანებით შექმნილი კომისიის 2018 წლის 11 დეკემბრის №9 ოქმი, რომლის თანახმად, კონტროლის დეპარტამენტის შესწავლის შედეგად გამოვლინდა შემდეგი დარღვევა/ნაკლოვანებები:
- რეგულარული მინდობით აღზრდის ქვეპროგრამის ფარგლებში, 2012 წლის 2 მაისიდან განთავსებულია შშმ ბავშვი თ.გ. მიმღები მშობლის ჯ.კ–ის ოჯახში. საცხოვრისის დათვალიერების შედეგად გაირკვა, რომ საყოფაცხოვრებო პირობები ოჯახში დამაკმაყოფილებელია, სველი წერტილები მოწესრიგებულია. ბავშვს აქვს ცალკე ოთახი. არასრულწლოვნის ვიზუალური დათვალიერების შედეგად დადგინდა, რომ სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობა არ იყო დამაკმაყოფილებელი (ბავშვს ეცვა ბინძური ტანსაცმელი, ფრჩხილები, ყურები, თმა ჰქონდა მოუწესრიგებელი). თ.გ-ს უჭირდა მეტყველება და მიმღების ინფორმაციით ჩართული იყო ბავშვთა ადრეული განვითარების ქვეპროგრამის მომსახურებაში, სადაც იღებდა „მძიმე და ღრმა გონებრივი განვითარების შეფერხების მქონე ბავშვთა ბინაზე მოვლის ქვეპროგრამის“ დღის ცენტრის მომსახურებას. აღნიშნულზე მიმღებმა წარმოადგინა ხელშეკრულება. ვიზიტის დროს, ბავშვის სანიტარულ-ჰიგიენურ მდგომარეობასთან დაკავშირებით მოვლის ხარისხზე მიმღებს მიეცა შენიშვნა.
2015 წლის N04-8/მ ბრძანების საფუძველზე, სააგენტოს ვაკე-საბურთალოს მომსახურების ცენტრის გეგმიური შემოწმების დროს კვლავ განხორციელდა ვიზიტი ჯ.კ–ის საცხოვრებელ მისამართზე. ვიზიტის დროს, როგორც საყოფაცხოვრებო პირობები, ასევე - არასრულწლოვანი თ.გ-ს სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობა იყო არადამაკმაყოფილებელი, რის საფუძველზეც, მიმღებს მიეცა მითითება, ხოლო ვაკე-საბურთალოს სოციალური მომსახურების ცენტრის სოციალურ მუშაკს მ.გ–ძეს ამ ოჯახის მდგომარეობის გამოსწორების მიზნით, დაევალა მონიტორინგის გაძლიერება. აღნიშნული დაფიქსირებულია კონტროლის დეპარტამენტის უფლებამოსილი პირების მიერ 2015 წლის 3 აპრილს შედგენილ აქტში, რომელიც ხელმოწერილია სააგენტოს ვაკე-საბურთალოს სოციალური მომსახურების ცენტრის უფლებამოსილი პირის, უფროსი სოციალური მუშაკის - მოსარჩელის მიერ.
- მინდობით აღზრდის ქვეპროგრამის ფარგლებში განთავსებულია ოთხი ბავშვი: მ.მ. (დაბადებული 20.07.1999 წ.), ძმები: დ.ბ და გ.ბ. (დაბადებულები 12.11.2006 წ; 23.04.2009 წ.) და ა.მ. (დაბადებული 22.12.2011წ.) - მინდობით აღმზრდელი დედობილის მ.ჭ–ძის ოჯახში. საცხოვრებელი ფართი შედგება 2 მცირე ზომის ოთახისაგან. მ.მ., რომელიც არის სექსუალური ძალადობის მსხვერპლი და ძმები: დ. და გ. ბ-ები მიუხედავად ასაკობრივი სხვაობისა და სქესისა საძინებლად იყენებდნენ მისაღებ ოთახს, ხოლო ა.მ-ს დედობილთან ერთად პატარა საძინებელში ეძინა. არასრულწლოვნებს არ ჰქონდათ გამოყოფილი სამეცადინო მაგიდა და საკუთარი კარადა. ძმებს არ ჰქონდათ გამოყოფილი ინდივიდუალური საწოლები და ეძინათ მცირე ზომის ტახტებზე. საცხოვრებელში დაცული იყო ჰიგიენური პირობები და მიმღები მშობელი სათანადო მზრუნველობას იჩენდა მინდობით აღზრდის ქვეპროგრამის ფარგლებში განთავსებული ბავშვების მიმართ. სოციალური მუშაკების (ნ.ი–ი, ქ.გ–ძე) დასკვნებისა და ვიზიტების ფარგლებში, სრულყოფილად არ იყო გამოკვეთილი მინდობითი აღზრდის ქვეპროგრამაში ჩართული აღსაზრდელების საჭიროებები. მოსარჩელის წერილობითი და კომისიის სხდომაზე გაკეთებული განმარტებით დადგინდა, რომ მან, როგორც უფროსმა სოციალურმა მუშაკმა, მ.მ-ს მ.ჭ–ძის მიმღებ ოჯახში მინდობით აღზრდის ქვეპროგრამით განთავსების თაობაზე, ერთპიროვნული გადაწყვეტილება მიიღო.
წარმოდგენილი ინფორმაციის განხილვის შედეგად, კომისიამ მიზანშეწონილად მიიჩნია შემოწმების შედეგად გამოვლენილი დარღვევა-ნაკლოვანებებიდან გამომდინარე, მოსარჩელისათვის მიეცა საყვედური და შრომის ანაზღაურებიდან დაეკავებინა 30%.
5.3. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, შრომით სამართლებრივი დავები მტკიცების ტვირთის განაწილების გარკვეული თავისებურებით ხასიათდება, რასაც მტკიცებულებების წარმოდგენის თვალსაზრისით, დამსაქმებლისა და დასაქმებულის არათანაბარი შესაძლებლობები განაპირობებს. დამსაქმებელი არის ვალდებული ადასტუროს მის მიერ გამოცემული სადავო ბრძანების კანონიერება, ამგვარი სტანდარტის გამოყენების ნორმატიულ საფუძველს ქმნის ის, რომ დამსაქმებელს გააჩნია მტკიცებითი უპირატესობა, სასამართლოს წარუდგინოს მისთვის ხელსაყრელი მტკიცებულებები.
5.4. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მ.მ.-ს ნაწილში მოსარჩელე მოქმედებდა ბავშვის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე. უდავო იყო, რომ მ.მ. მინდობით აღზრდაში თბილისში განთავსების დროისათვის იყო სტუდენტი და იღებდა პროფესიულ განათლებას, შესაბამისად მასზე ვრცელდებოდა შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ საქართველოს კანონის 70.2 მუხლის მოქმედება და მისი მინდობით აღზრდაში განთავსებით კანონი არ დარღვეულა. გარდა ამისა, 2018 წლისათვის მ.მ. იყო 19 წლის, ხოლო მამრობითი სქესის ბავშვები, ძმები: 11 და 9 წლის. ვინაიდან ბავშვებს შორის იყო დიდი ასაკობრივი სხვაობა, სააპელაციო სასამართლომ მცირეწლოვანი ძმების მხრიდან მ.მ-ს მიმართ რაიმე საფრთხის არსებობაზე მითითება დაუსაბუთებლად მიიჩნია.
5.5. სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, მოსარჩელის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობა არც თ.გ-ს ნაწილში დასტურდებოდა, კერძოდ:
2015 წელს ერთ-ერთი გეგმიური შემოწმების დროს, თ.გ-ს განთავსების ადგილის მდგომარეობა იყო არადამაკმაყოფილებელი, რის საფუძველზეც, მიმღებს მიეცა მითითება, ხოლო სოციალურ მუშაკს დაევალა მონიტორინგის გაძლიერება, რის თაობაზეც ინფორმირებული იყო მოსარჩელე, როგორც - უფროსი სოციალური მუშაკი.
2018 წლის 03 აგვისტოს ს.ს.ი.პ. სოციალური მომსახურების სააგენტოს კონტროლის დეპარტამენტის უფროსის პავლე ცაძიკიძის მოხსენებითი ბარათის მიხედვით, 2018 წლის 12 ივლისს სააგენტოს კონტროლის დეპარტამენტის მეურვეობა-მზრუნველობისა და სოციალური პროგრამების კონტროლის სამმართველოს თანამშრომლების მიერ განხორციელდა ვიზიტი მიმღები მშობლის ჯ.კ–ის ოჯახში, სადაც რეგულარული მინდობითი აღზრდის ქვეპროგრამის ფარგლებში 2012 წლის 2 მაისიდან განთავსებულია შშმ ბავშვი თ.გ.
ვიზიტებისა და დაკვირვების შედეგად გამოიკვეთა, რომ ბავშვს მაღალი ხარისხის მიჯაჭვულობა აქვს მიმღებ მშობელთან, რომელიც განსაკუთრებულ სითბოსა და სიყვარულს გამოხატავს თ-გ-ს მიმართ. ოჯახის წევრების მთავარი ამოსავალი წერტილი არის ბავშვის კეთილდღეობა.
კონტროლის მონიტორინგის ფარგლებში ასევე, დადგინდა, რომ მიმღებ ოჯახს არ ჰქონდა მოწესრიგებული საყოფაცხოვრებო პირობები და ბავშვის ჰიგიენური მდგომარეობა, რაზეც ჯ.კ–მა განაცხადა, რომ იმყოფებოდნენ ქალაქგარეთ, ბავშვებმა ქვიშაში ითამაშეს, სახლში დაბრუნებულებს კი, დახვდათ კონტროლი და ვერ მოასწრო თ.გ-ს ჰიგიენური მდგომარეობის მოწესრიგება.
თ.გ. 2012 წლის 2 მაისს ჩვილ ბავშვთა სახლიდან გადაყვანილი იქნა მიმღებ მშობელთან, მისი დიაგნოზია დაუნის სინდრომი, ფსიქიკური განვითარების ჩამორჩენა. მიუხედავად რთული დიაგნოზისა, ბავშვზე მიმღები მშობლებისგან განხორციელებულმა ინდივიდუალურმა ზრუნვამ გამოიღო დადებითი ეფექტი. თ.გ-ს ფიზიკური განვითარება ასაკის შესაბამისია, მას მნიშვნელოვნად გამოხატული დადებითი დინამიკა აქვს ემოციურ და სოციალურ სფეროებში, ასევე, თვით-მომსახურებისა და კოგნიტური უნარების მხრივ, აღენიშნება მეტყველების განვითარებაც, რაც ამ დიაგნოზის ბავშვებისათვის ძალიან რთულია.
5.6. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, შრომითსამართლებრივ დავებში მნიშვნელოვანია გამოირიცხოს დამსაქმებლის მიერ საკუთარი უფლების ბოროტად გამოყენება. დისციპლინური ზომის გამოყენება და დისციპლინური ზომის სახე დამოკიდებული უნდა იყოს შრომის შინაგანაწესში მითითებულ გარემოებებზე: შინაგანაწესის დარღვევაზე, დარღვევის სიმძიმეზე, მიზანზე, მოტივსა და შედეგზე, რომელიც მას მოჰყვა ან შეიძლებოდა მოჰყოლოდა. პალატის დასკვნით, ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის ქმედების შედეგად, მოპასუხეს ან არასრულწლოვნებს ზიანი არ მისდგომიათ და მისი მხრიდან დისციპლინური გადაცდომის ფაქტები არ დადასტურებულა, სადავო ბრძანება მართებულად იქნა ბათილად ცნობილი.
6. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა. კასატორის განმარტებით, მოსარჩელისათვის დისციპლინური სახდელის სახით საყვედურის გამოცხადება და ხელფასის 30%-ის დაქვითვა, სააგენტოს კონტროლის დეპარტამენტის მიერ საქმის შესწავლისას გამოვლენილმა სხვადასხვა ნაკლოვანებებმა განაპირობა, რაც გამორიცხავდა სახდელის შეფარდების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობის მოთხოვნის საფუძვლიანობას, სახელდობრ:
6.1. მინდობით აღზრდის ქვეპროგრამის ფარგლებში, ჯ.კ-ს ოჯახში განთავსებული შშმ ბავშვის - თ.გ-ს საცხოვრებელი ადგილის დათვალიერებისას გაირკვა, რომ საცხოვრებელი პირობები იყო დამაკმაყოფილებელი, თუმცა თავად არასრულწლოვნის სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობა - არადამაკმაყოფილებელი, კერძოდ, ბავშვს ეცვა ჭუჭყიანი ტანსაცმელი, ფრჩხილები, ყურები და თმა ჰქონდა მოუწესრიგებელი. აღსაზრდელს უჭირდა მეტყველებაც და მიმღების ინფორმაციით, ჩართული იყო ბავშვთა ადრეული განვითარების პროგრამის მომსახურებაში, სადაც იღებდა „მძიმე და ღმა გონებრივი განვითარების შეფერხების მქონე ბავშვთა ბინაზე მისვლის ქვეპროგრამის“ დღის ცენტრის მომსახურებას. ბავშვის სანიტარულ-ჰიგიენურ მდგომარეობასთან დაკავშირებით, მიმღებ მშობელს მიეცა შენიშვნა.
6.2. მ.ჭ-ს ოჯახში მინდობით აღზრდის ქვეპროგრამის ფარგლებში განთავსებულია 4 ბავშვი (ა.მ, მ.მ და ძმები: დ.ბ და გ.ბ). საცხოვრებელი ფართი შედგება 2 მცირე ზომის ოთახისაგან, მ.მ, რომელიც არის სექსუალური ძალადობის მსხვერპლი და ძმები: დ.ბ და გ.ბ, მიუხედავად ასაკობრივი სხვაობისა და სქესისა, იყენებენ ერთ საძინებელ ოთახს, ხოლო ა.მ-ს სძინავს დედობილთან ერთად პატარა საძინებელში. არასრულწლოვნებს არ აქვთ გამოყოფილი სამეცადინო მაგიდა და საკუთარი კარადა. ძმებს არ აქვთ ინდივიდუალური საწოლები და სძინავთ მცირე ზომის ტახტებზე. სოციალური მუშაკების დასკვნებისა და ვიზიტების ფარგლებში, სრულყოფილად არ გამოკვეთილა მინდობით აღზრდის ქვეპროგრამაში ჩართული აღსაზრდელების საჭიროებები.
7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:
8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.
9. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.
10. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანია მოსარჩელისათვის დისციპლინური სახდელის შეფარდების შესახებ მოპასუხის ბრძანების მართლზომიერება.
11. უდავოა, რომ მოსარჩელე დასაქმებულია მოპასუხესთან სააგენტოს სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის ვაკე-საბურთალოს სერვის ცენტრის უფროსი სოციალური მუშაკის პოზიციაზე და მის ძირითად ფუნქციას სოციალურ მუშაკთა საქმიანობაზე ზედამხედველობა და მათი საქმისწარმოების მონიტორინგი წარმოადგენს.
12. ს.ს.ი.პ. სოციალური მომსახურების სააგენტოს 12.01.2019 წლის №04-2/დ ბრძანებით მოსარჩელეს დისციპლინური სახდელის სახით გამოეცხადა საყვედური და შრომის ანაზღაურებიდან დაექვითა ხელფასის 30%, შემდეგი ფაქტობრივი საფუძვლით:
12.1. შემოწმებისას, რეგულარული მინდობით აღზრდის ქვეპროგრამის ფარგლებში მიმღები მშობლის ჯ.კ–ის ოჯახში განთავსებული შშმ ბავშვს თ.გ.-ს სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობა არ იყო დამაკმაყოფილებელი (ბავშვს ეცვა ბინძური ტანსაცმელი, ფრჩხილები, ყურები და თმა ჰქონდა მოუწესრიგებელი). ბავშვის სანიტარულ-ჰიგიენურ მდგომარეობასთან დაკავშირებით მოვლის ხარისხზე მიმღებს მიეცა შენიშვნა. განმეორებითი ვიზიტის დროს, როგორც საყოფაცხოვრებო პირობები, ასევე - ბავშვის სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობა იყო არადამაკმაყოფილებელი, რის საფუძველზეც, მიმღებს მიეცა მითითება, ხოლო ვაკე-საბურთალოს სოციალური მომსახურების ცენტრის სოციალურ მუშაკს დაევალა მონიტორინგის გაძლიერება.
12.2. მინდობით აღზრდის ქვეპროგრამის ფარგლებში, მინდობით აღმზრდელი დედობილის - მ.ჭ–ძის ოჯახში მოსარჩელის ერთპიროვნული გადაწყვეტილებით განთავსებული იქნა სექსუალური ძალადობის მსხვერპლი მ.მ, რომელიც მიუხედავად ასაკობრივი სხვაობისა და სხვა სქესისა არასრულწლოვან ძმებთან: დ. და გ. ბ-ებთან ერთად საძინებლად იყენებდა მისაღებ ოთახს.
13. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ „შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ს.ს.ი.პ. სოციალური მომსახურების სააგენტო ახორციელებს მეურვეობასა და მზრუნველობას გასაშვილებელ და მინდობით აღსაზრდელ ბავშვებზე. მისი უპირველესი ფუნქციაა ხელი შეუწყოს ბავშვის ოჯახურ გარემოში აღზრდას, უზრუნველყოს შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის სისტემის გამართული ფუნქციონირება და შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის პროცედურებში მონაწილე ყველა პირის უფლებათა დაცვა.
14. სააგენტო აღნიშნულს ახორციელებს სააგენტოს (და მისი ტერიტორიული ორგანოების) თანამშრომლების მეშვეობით, რომლებსაც ევალებათ მათ სამოქმედო ტერიტორიაზე მინდობით აღზრდას დაქვემდებარებული პირისა და ბავშვის მინდობით აღზრდის მსურველი პირის გამოვლენა, მათი რეგისტრაცია და აღნიშნულ პირთა შესახებ ინფორმაციის სისტემატიზება; ბავშვის მინდობით აღზრდის მსურველი პირისა და მინდობით აღსაზრდელის შეფასება; ბავშვის საჭიროებებისა და ბავშვის მინდობით აღზრდის მსურველ პირთა შესაძლებლობების თაობაზე კვლევის ჩატარება და დასკვნების მომზადება, რომელთა საფუძველზეც მიიღება გადაწყვეტილებები მინდობით აღზრდის მსურველ პირთა რეგისტრაციისა და ბავშვის მინდობით აღსაზრდელად გადაცემის შესახებ (იხ. „შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 და 31-ე მუხლები).
15. ბავშვის უფლებებისა და საუკეთესო ინტერესების დაცვის თვალსაზრისით, მინდობით აღსაზრდელად გადაცემის შესახებ გადაწყვეტილების უდიდესი მნიშვნელობიდან გამომდინარე, უმნიშვნელოვანესია სრულყოფილი და სწორი ინფორმაციის მოგროვება და მისი გაანალიზება, რათა მხედველობის მიღმა არ დარჩეს არცერთი მნიშვნელოვანი გარემოება, რომელმაც შესაძლებელია დააზიანოს მინდობით აღსაზრდელის ინტერესები.
16. ამ პროცესში, ისევე როგორც, ბავშვის უფლებებთან დაკავშირებული ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებისას, ყველა გარემოების გამოკვლევა უნდა მოხდეს ბავშვის საუკეთესო ინტერესის გათვალისწინებით, ბავშვის უპირატესი ინტერესის ჭრილში, რაც პროცესში ჩართული ყველა მოქმედი პირის მხრიდან განსაკუთრებულ ყურადღებას, გულისხმიერებასა და კეთილსინდისიერებას მოითხოვს.
17. საკასაციო პალატის მოსაზრებით, სააგენტოს მიერ განხორციელებული შემოწმებისას გამოვლენილი დარღვევები არ შეიძლება შეფასდეს მოსარჩელის - როგორც უფროსი სოციალური მუშაკის მიერ სამსახურებრივი ვალდებულების დარღვევად ან გარკვეული სახის გადაცდომად, ვინაიდან საქმის ფაქტობრივი გარემოებების მიხედვით, არ დადგენილა ისეთი სახის დარღვევა, რაც მოსარჩელის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის გამოყენებას განაპირობებდა. როგორც აღინიშნა, ჯ.კ-ს ოჯახში განთავსებული აღსაზრდელის - თ.გ-სთან მიმართებით, მოსარჩელეს დისციპლინური სახდელი იმ საფუძვლით შეეფარდა, რომ შემოწმებისას მინდობით აღსაზრდელის სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობა იყო არადამაკმაყოფილებელი. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მოსარჩელის ფუნქცია-მოვალეობებში მინდობით აღზრდის ქვეპროგრამაში ჩართულ თითოეულ ბავშვთან საცხოვრებელ მისამართზე ვიზიტი და უშუალოდ მათი მდგომარეობის შემოწმება არ შედიოდა და აღნიშნული სოციალური მუშაკის ვალდებულებას წარმოადგენდა, საკასაციო პალატის შეფასებით, მინდობით აღსაზრდელი თ.გ.-ს არადამაკმაყოფილებელი სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობის გამო მოსარჩელისთვის, როგორც - უფროსი სოციალური მუშაკისთვის, დისციპლინური სახდელის დაკისრების საფუძველი არ არსებობდა.
18. მსგავსი კატეგორიის ერთ-ერთ საქმეზე საკასაციო სასამართლომ მიუთითა, რომ უფროსი სოციალური მუშაკის სამუშაოს აღწერილობაში მითითებული არ იყო და შესაბამისად, მის უფლებამოსილებაში არ შედიოდა სოციალური მუშაკის მიერ მიწოდებული ინფორმაციის ნამდვილობის გადამოწმება. სოციალური მუშაკის მიერ მიწოდებული ინფორმაციის სისწორის შემოწმება უფროს სოციალურ მუშაკს ევალება იმ შემთხვევაში, თუ მიწოდებულ ინფორმაციაში აღმოაჩენს რაიმე დარღვევას, უზუსტობას და გაჩნდება ეჭვის საფუძველი, წინააღმდეგ შემთხვევაში, უფროსმა სოციალურმა მუშაკმაც იგივე უნდა მოიმოქმედოს, რაც სოციალურმა მუშაკმა, ეს კი, მათი ფუნქციების დუბლირებას გამოიწვევს. შესაბამისად, არასრულწლოვნის მინდობით აღზრდის პროცესში გამოვლენილი დარღვევები მოსარჩელეს, რომელიც უფროსი სოციალური მუშაკია, ბრალად ვერ შეერაცხება (იხ. სუსგ №ას-904-870-2016 29 დეკემბერი, 2017 წელი).
19. რაც შეეხება მოსარჩელის მიერ დასკვნის მომზადებას მ.მ.-ს მინდობით აღზრდაში მ.ჭ-ს ოჯახში განთავსებასთან დაკავშირებით, საკასაციო პალატა იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოთა მსჯელობას, რომ მოსარჩელემ საქმის ფაქტობრივი მოცემულობიდან გამომდინარე მიიღო იმ დროისათვის ყველაზე ოპტიმალური გადაწყვეტილება, სახელდობრ: დადგენილია, რომ მ.მ.-ს წარსულის გათვალისწინებით, მისი მინდობით აღზრდაში მიღების სურვილი მხოლოდ ერთმა მინდობით აღმზრდელმა გამოთქვა, რის გამოც მოსარჩელე დადგა არჩევანის წინაშე მ.მ. 18 წლის შესრულებისთანავე დარჩენილიყო სახელმწიფოს მხრიდან მზრუნველობისა და თავშესაფარის გარეშე, თუ მომხდარიყო მისი მცირე ფართში განთავსება ასაკით მასზე მცირე სხვა მამრობითი სქესის ორ ბავშვთან ერთად. აღნიშნული მოცემულობიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ კონკრეტულ შემთხვევაში, მოსარჩელემ გადაწყვეტილება ბავშვის საუკეთესო ინტერების გათვალისწინებით მიიღო.
20. საკასაციო სასამართლო აქვე მიუთითებს, რომ საპროცესო სამართალწარმოებაში მოქმედი მტკიცების ტვირთის განაწილების ზოგადი წესის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლი). საკასაციო პალატამ არაერთხელ აღნიშნა და ამ შემთხვევაშიც ამახვილებს ყურადღებას, რომ შრომითსამართლებრივი დავები მტკიცების ტვირთის განაწილების გარკვეული თავისებურებით ხასიათდება, რასაც, მტკიცებულებების წარმოდგენის თვალსაზრისით, დამსაქმებლისა და დასაქმებულის არათანაბარი შესაძლებლობები განაპირობებს. განსახილველ შემთხვევაში, იმ გარემოების მტკიცების ტვირთი, რომ მოსარჩელეს მართლზომიერად შეეფარდა დისციპლინური სახდელი, მოპასუხეს/დამსაქმებელს ეკისრებოდა, რასაც ამ უკანასკნელმა თავი ვერ გაართვა, შესაბამისად, მოპასუხის ბრძანება მართებულად იქნა ბათილად ცნობილი.
21. კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ასეთ საფუძველზე ვერც კასატორი მიუთითებს.
22. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით. გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.
23. კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან სახელმწიფო ბაჟის შესახებ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ს.ს.ი.პ. სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლეები : გიორგი მიქაუტაძე
ლაშა ქოჩიაშვილი
თეა ძიმისტარაშვილი