14 ივნისი, 2023 წელი №ას-1228-2022 თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ამირან ძაბუნიძე
თეა ძიმისტარაშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენით
სხდომის მდივანი _ ლელა სანიკიძე
კასატორები _ შ.პ.ს. „გ და კ-ა“, გ.ჩ–ძე
მოწინააღმდეგე მხარეები _ ი.კ–ძე, ა.მ–ძე (ე.მ–ძის უფლებამონაცვლე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 07 ივლისის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება, და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი _ თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 03 ივლისის გადაწყვეტილებით, ი.კ–ძის და ე. მ–ძის (ა.მ–ძის უფლებამონაცვლე) სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
2. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ი.კ–ძემ და ე.მ–ძემ (ა.მ–ძის უფლებამონაცვლე), მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილება.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 09 მარტის განჩინებით, აპელანტ ე.მ–ძის უფლებამონაცვლედ ცნობილი იქნა - ა.მ–ძე (თავდაპირველი მოსარჩელის - ა.მ–ძის და მისი უფლებამონაცვლის (მეუღლის) - ე.მ–ძის შვილიშვილი).
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 07 ივლისის გადაწყვეტილებით, სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 03 ივლისის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება. სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. გ.ჩ–ძესა და შ.პ.ს. „გ და კ–ას“ ი.კ–ძის სასარგებლოდ სოლიდარულად 47 210.50 ლარის გადახდა დაეკისრათ. გ.ჩ–ძესა და შ.პ.ს. „გ და კ–ას“ ა.მ–ძის სასარგებლოდ სოლიდარულად 32 645.50 ლარის გადახდა დაეკისრათ. გ.ჩ–ძესა და შ.პ.ს. „გ და კ–ას“ ი.კ–ძისა და ა.მ–ძის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 1000 ლარის ყოველთვიურად გადახდა, 2016 წლის 01 მაისიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე.
5. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს შ.პ.ს „გ და კ–ა“-მ და გ.ჩ–ძემ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის მოთხოვნით.
6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 02 ნოემბრის განჩინებით, შ.პ.ს „გ და კ–ის“ და გ.ჩ–ძის საკასაციო საჩივარი მიღებული იქნა წარმოებაში საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
7. მხარეთა მორიგების ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში 2023 წლის 31 მაისს 15:00 საათზე დაინიშნა შ.პ.ს „გ და კ–ის“ და გ.ჩ–ძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის ზეპირი განხილვა, რომელიც მორიგების ხელშეწყობის მიზნით გადაიდო 2023 წლის 14 ივნისს.
8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას 2023 წლის 14 ივნისს დანიშნულ სასამართლო სხდომაზე მხარეები მორიგდნენ.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლისა და მხარეთა მიერ წარმოდგენილი მორიგების აქტის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მხარეთა შორის მორიგების პირობები უნდა დამტკიცდეს, ხოლო მოცემულ საქმეზე წარმოება შეწყდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
9. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისთვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც XLIX თავი შეიცავს. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე მუხლით, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, XLVI თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.
10. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლი განამტკიცებს დისპოზიციურობის პრინციპს, რომლის საფუძველზეც, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ, მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს – ცნოს სარჩელი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 83-ე მუხლის პირველი ნაწილით გარანტირებულია მხარეთა უფლება, საქმის წარმოების ნებისმიერ ეტაპზე დავა მორიგებით დაამთავრონ და თავად გადაწყვიტონ სარჩელის ბედი (იხ. სუსგ. საქმეზე №ას-1406-2020, 22.03.2022წ.; №ას-993-2021, 20.04.2022წ.; №ას-715-2021, 27.12.2021წ.). ამდენად, დისპოზიციურობის პრინციპი ნიშნავს მხარეთა თავისუფლებას, განკარგონ თავიანთი არა მარტო მატერიალური, არამედ - საპროცესო უფლებები. იმავე კოდექსის 218-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, სასამართლომ ყოველნაირად უნდა შეუწყოს ხელი და მიიღოს კანონით გათვალისწინებული ყველა ზომა, რათა მხარეებმა საქმე მორიგებით დაამთავრონ.
11. მორიგება თავისუფალი ნების გამოვლენაა, რომელიც გარკვეული სამართლებრივი შედეგის დადგომას ისახავს მიზნად და იგი, თავისი ბუნებით, სამოქალაქო-სამართლებრივ გარიგებას წარმოადგენს. აღნიშნულიდან გამომდინარე, მასზე ვრცელდება გარიგების ნამდვილობის ყველა ის მოთხოვნა, რაც სამოქალაქო კოდექსითაა გათვალისწინებული.
12. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოში გამართულ სხდომაზე სასამართლომ განკარგა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 218-ე მუხლით განსაზღვრული წინაპირობები და, საბოლოოდ, მიღწეული იქნა შეთანხმება, დავის მორიგებით დასრულების თაობაზე.
13. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 93-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოქალაქეებს შეუძლიათ საქმე აწარმოონ სასამართლოში პირადად, ხოლო იურიდიულ პირებს ან სხვა ორგანიზაციებს – იმ თანამდებობის პირის მეშვეობით, რომელსაც წესდებით ან დებულებით შეუძლია ამ იურიდიული პირისა თუ ორგანიზაციის სახელით იმოქმედოს.
14. საკასაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს იმ გარემოებას, რომ მოწინააღმდეგე მხარეების (მოსარჩეელების) მხრიდან მორიგების აქტი ხელმოწერილია ა.მ–ძის და ი.კ–ძის წარმომადგენლის მიერ, ხოლო კასატორთა (მოპასუხეები) მხრიდან ხელს აწერს შ.პ.ს. „გ და კ–ის“ 87%-იანი წილის მესაკუთრე და ამავდროულად დირექტორი - გ.ჩ–ძე (იხ. ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, ტ.1, ს.ფ. 54-56, ასევე, რწმუნებულება, ტ.3, ს.ფ. 222-224). ამდენად, პალატა ასკვნის, რომ მორიგების პირობები მიღწეულია საამისოდ უფლებამოსილ პირთა შორის.
15. სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ მხარეთა მიერ შეთანხმებული მორიგების პირობები არ ეწინააღმდეგება კანონს და არ ლახავს მესამე პირთა ინტერესებს.
16. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის „დ” პუნქტის შესაბამისად, სასამართლო თავისი განცხადებით ან მხარეთა ინიციატივით შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ მხარეები მორიგდნენ.
17. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 273-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში, სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება.
18. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სააპელაციო და საკასაციო სასამართლოებში სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან მთლიანად გათავისუფლება ან სახელმწიფო ბაჟის ოდენობის განახევრება ხდება ამ მუხლით დადგენილი წესით, მხოლოდ ამ ინსტანციებისათვის განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟის ოდენობის ფარგლებში.
19. მოცემულ შემთხვევაში, კასატორებს: შ.პ.ს. „გ და კ–ა“-ს და გ.ჩ–ძეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი აქვთ სახელმწიფო ბაჟი - 5792.80 ლარი. ვინაიდან მორიგების აქტი წარმოდგენილია საქმის არსებითი განხილვის დაწყებამდე, კასატორებს სრულად უნდა დაუბრუნდეთ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი.
20. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991 მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.
ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა შორის განსხვავებული შეთანხმება არ არსებობს, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 03 მაისის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება უნდა გაუქმდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, მე-3, 49-ე, 83-ე, 218-ე 272-ე, 273-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შ.პ.ს. „გ და კ–ა“-ს, გ.ჩ–ძის, ა.მ–ძის და ი.კ–ძის შუამდგომლობა მორიგების დამტკიცების თაობაზე, დაკმაყოფილდეს.
2. დამტკიცდეს მხარეთა შორის მორიგება, შემდეგი პირობებით:
2.1. გ.ჩ–ძე და შ.პ.ს. „გ და კ–ა“ იღებენ ვალდებულებას მორიგების აქტის დამტკიცებიდან 08 (რვა) თვის განმავლობაში - არაუგვიანეს 2024 წლის 14 თებერვლისა, გადაუხადონ ი.კ–ძეს და ა.მ–ძეს 65000 (სამოცდახუთიათასი) ლარი.
2.2. შ.პ.ს. „გ და კ–ა“-ს და გ.ჩ–ძის მიერ, ი.კ–ძის და ა.მ–ძის სასარგებლოდ 65000 (სამოცდახუთიათასი) ლარის გადახდის უზრუნველყოფის მიზნით, წინამდებარე განჩინების საფუძველზე, საჯარო რეესტრში, ვალდებულებით დაიტვირთოს უძრავი ქონება მდებარე: ქ.თბილისში, ......... ქ.№14-ში (4368 კვ.მ, ს/კ ......).
2.2.1. შ.პ.ს. „გ და კ–ა“-ს და გ.ჩ–ძის მიერ ი.კ–ძისა და ა.მ–ძისათვის 65000 (სამოცდახუთიათასი) ლარის მორიგების აქტით განსაზღვრულ ვადაში (არაუგვიანეს 2024 წლის 14 თებერვლისა) გადაუხდელობის შემთხვევაში, არსებული/დარჩენილი თანხის გადახდის მიზნით სარეალიზაციოდ მიექცეს ვალდებულებით დატვირთული უძრავი ქონება მდებარე: ქ.თბილისში, ......... ქ.№14-ში (4368 კვ.მ, ს/კ .........).
2.3. შ.პ.ს. „გ და კ–ა“-ს და გ.ჩ–ძის მიერ, მორიგების აქტით განსაზღვრულ ვადაში, ი.კ–ძის და ა.მ–ძის სასარგებლოდ 65000 (სამოცდახუთიათასი) ლარის სრულად გადახდის შემთხვევაში, გაუქმდეს ქ.თბილისში, ......... ქ.№14-ში მდებარე უძრავ ქონებაზე (4368 კვ.მ, ს/კ ......) რეგისტრირებული ვალდებულება.
3. მოცემულ საქმეზე გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 03 ივლისის გადაწყვეტილება (№2/10499-17) და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 07 ივლისის გადაწყვეტილება (№2ბ/7680-19).
4. მხარეთა მორიგების გამო, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში შეწყდეს წარმოება სამოქალაქო საქმეზე №ას-1228-2022.
5. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 03 მაისის #2/10499-17 განჩნებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლის საფუძველზე მოპასუხე შპს ,,გ და კ–ას'' (ID ნომერი ......) აეკრძალა მის სახელზე რეგისტრირებული უძრავი ქონების, მდებარე: თბილისი, ......... ქუჩა №14, (ნაკვეთი №1/7, 4368.00 კვ.მ. დაზუსტებული ფართობი, ს/კ. .........), გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა და მოპასუხე გ.ჩ–ძეს (პირადი ნომერი ......) აეკრძალა მის სახელზე რეგისტრირებული უძრავ ქონების, მდებარე: თბილისი, ........, სართული 2, ბინა №6 (89.98 კვ.მ. ფართი, ს/კ. ........) გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა.
6. შ.პ.ს. „გ და კ–ა“-ს და გ.ჩ–ძეს დაუბრუნდეთ გ.ჩ–ძის (პ/ნ ........) მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 5792.80 ლარი (საგადასახადო დავალება №0, გადამხდელის ბანკი: ს.ს. „თიბისი ბანკი“, გადახდის თარიღი: 21.10.2022წ.) შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150.
6. განემარტოთ მხარეებს, რომ სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით, დაუშვებელია.
7. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი
ამირან ძაბუნიძე
თეა ძიმისტარაშვილი