საქმე №ას-437-2023 29 მაისი, 2023 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ლევან მიქაბერიძე (მომხსენებელი, თავმჯდომარე),
მირანდა ერემაძე, ვლადიმერ კაკაბაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი - მ.ი–ი
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 28 თებერვლის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 4 ივნისის გადაწყვეტილებით მ.და ს. ი–ების სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილებით - მ.ი–ისა და ს.ი–ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 4 ივნისის გადაწყვეტილება და სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. მ.ი–ისა და ს.ი–ის სარჩელი დაკმაყოფილდა: ნაწილობრივ ბათილად იქნა ცნობილი (კერძოდ, სამკვიდრო მოწმობის 1/2 წილის 2/3 ნაწილში) 2015 წლის 10 დეკემბერს ნოტარიუს შ.გ–ის მიერ გაცემული სამკვიდრო მოწმობა; ნაწილობრივ (სადავო ქონების 1/2 წილის 2/3 ნაწილში) ბათილად იქნა ცნობილი 2016 წლის 20 ივლისს შ.რ–სა და მ.ი–ს შორის დადებული უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება, გორში, ....... (ყოფილი ...... ქუჩა №32) მდებარე ქონებაზე; ნაწილობრივ (სადავო ქონების 1/2 წილის 2/3 ნაწილში) ბათილად იქნა ცნობილი 2016 წლის 24 აგვისტოს შ.რ–სა და ლ.პ–ას შორის დადებული უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება და სადავო ბინა, მდებარე გორში, ......... ქუჩა №32-ში, დარეგისტრირდა მ.ი–ის სახელზე; მოსარჩელეებს მ.ი–სა და ს.ი–ს გამოეყოთ სამკვიდრო ქონების 1/2 წილიდან 2/3წილი, რაც შეადგენს შენობის საერთო ფართის 53.26 კვ.მ-ს.
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 24 ნოემბრის განჩინებით მ.ი–ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩა განუხილველად.
4. 2023 წლის 8 თებერვალს მ.ი–მა განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილების განმარტება. განმცხადებელი უთითებდა, რომ აპელანტებმა მ.ი–მა და ს.ი–მა სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე საჯარო რეესტრში დაირეგისტრირეს თავიანთი წილი, ხოლო, როდესაც თავად მიმართა საკუთრების რეგისტრაციის მოთხოვნით, მარეგისტრირებელმა ორგანომ შეაჩერა რეგისტრაცია და მოითხოვა მის ნაწილში სასამართლო გადაწყვეტილების განმარტება.
5. 2023 წლის 20 თებერვალს თბილისის სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მიმართა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომაც, რომელმაც მიუთითა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული 2020 წლის 24 დეკემბრის განჩინების შესაბამისად, გარდაცვლილი ლ.პ–ას უფლებამონაცვლე სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოა. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილიდან კი დგინდება, რომ სასამართლომ მ.ი–ის მიერ კუთვნილი წილის განკარვა შ.რ–ის მიმართ კანონშესაბამისად მიიჩნია, ისევე, როგორც შ.რ–ის მიერ ლ.პ–ას მიმართ სადავო ქონების გასხვისება, თუმცა, მიუხედავად აღნიშნულისა, 2022 წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტში მითითებულია, რომ ქ. გორში, ......... ქუჩა №32-ში მდებარე ქონება უნდა დარეგისტრირდეს არა სახელმწიფოს, არამედ მ.ი–ის საკუთრებად, რაც ეწინააღმდეგება გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-5 და მე-6 პუნქტის პირველ წინადადებას.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 28 თებერვლის განჩინებით მ.ი–ისა და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს განცხადება დაკმაყოფილდა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილება განიმარტა იმ სახით, რომ მ.ი–ზე აღრიცხული ქონებიდან ქონების 1/2 წილის 2/3 ნაწილზე მესაკუთრედ ცნობილ იქნენ მ.და ს. ი–ები, შესაბამისად, ქონების ეს წილი უნდა აღირიცხოს მ.და ს. ი–ების სახელზე, ხოლო, ვინაიდან დანარჩენი ქონება არ წარმოადგენდა სადავო ქონებას, უნდა შენარჩუნდეს არსებული ვითარება იმ განსხვავებით, რომ გარდაცვლილი ლ.პ–ას უფლებამონაცვლე აღირიცხოს მის მესაკუთრედ.
7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 28 თებერვლის განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა მ.ი–მა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და გადაწყვეტილების მის სასარგებლოდ განმარტება მოითხოვა.
8. კერძო საჩივრის ავტორის მტკიცებით, საჯარო რეესტრმა 2023 წლის 16 მარტის გადაწყვეტილებით უძრავი ქონების წილი აღრიცხა მის საკუთრებად და გასცა ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, თუმცა თავიდან მოითხოვა, რომ წარედგინა სასამართლოს განმარტება. მოგვიანებით კი, სასამართლომ უკანონო განჩინება გამოიტანა. მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილებით სასამართლომ გარიგებები თვალთმაქცურად მიიჩნია და პ–ას (უფლებამონაცვლე ქონების მართვის სააგენტო) ხელშეკრულებაც ბათილად ცნო, სასამართლომ უგულებელყო გადაწყვეტილების მე-6 პუნქტი და მიუთითა, რომ უფლებამონაცვლე სააგენტოა და წილი უნდა აღირიცხოს სახელმწიფოზე. ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ განჩინება არ არის შესული კანონიერ ძალაში, მარეგისტრირებელმა ორგანომ ქონება სახელმწიფოზე აღრიცხა. კერძო საჩივრის ავტორი მიიჩნევს, რომ დაირღვა მისი სამართლიანი სასამართლოს უფლება, რადგან სასამართლომ თავად მიუთითა გადაწყვეტილებაში, რომ გარიგებები იყო თვალთმაქცური, განმარტებით კი, ქონება სახელმწიფოს საკუთრებად დატოვა. სასამართლო სხდომაზე დადასტურდა, რომ უძრავი ქონება არ გაყიდულა, კერძო საჩივრის ავტორს თანხა არ მიუღია. ქონება კერძო საჩივრის ავტორმა მემკვიდრეობით მიიღო მშობლებისგან, იქ დაიბადა და გაიზარდა, ამჟამადაც თავად ფლობს, რის გამოც სადავო ქონების სახელმწიფოზე აღრიცხვა არასწორია.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
9. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განჩინება დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
10. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ - სსსკ-ის) 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის მიხედვით კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
11. წინამდებარე კერძო საჩივრის ფარგლებში საკასაციო პალატა მსჯელობს გადაწყვეტილების განმარტების საკითხზე მიღებული განჩინების მართლზომიერებაზე.
12. სსსკ-ის 262-ე მუხლის პირველი ნაწილით, გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს უფლება აქვს, მხარეთა ან აღმასრულებლის განცხადებით, გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობის მიზნით განმარტოს გადაწყვეტილება სარეზოლუციო ნაწილის შეუცვლელად მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შინაარსი ბუნდოვანია. განცხადების შეტანა გადაწყვეტილების განმარტების შესახებ დასაშვებია, თუ გადაწყვეტილება ჯერ არ არის აღსრულებული და თუ არ გასულა ვადა, რომლის განმავლობაშიც გადაწყვეტილება შეიძლება აღსრულდეს.
13. მითითებული ნორმიდან გამომდინარე, სასამართლო უფლებამოსილია, მხარეებსა და აღმასრულებელს, მოთხოვნისამებრ, განუმარტოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის ბუნდოვანი დებულებები, რაც მიმართული უნდა იყოს გადაწყვეტილების აღსრულების გამარტივებისაკენ, უნდა ემსახურებოდეს გადაწყვეტილების გამომტანი სასამართლოს მიერ გათვალისწინებული დავის სამართლებრივი შედეგის ზუსტად და ზედმიწევნით შესრულებას, თუმცა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის განმარტება არ უნდა ცვლიდეს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შინაარს. გადაწყვეტილების განმარტების საჭიროება არსებობს, როცა მისი სარეზოლუციო ნაწილის ესა თუ ის დებულება ორაზროვანი, გაუგებარია და არსებული სახით გადაწყვეტილების სწორად აღსრულებას დაბრკოლება ექმნება (სუსგ №ას-267-255-2017, 31.03.2017).
14. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლი ამკვიდრებს რა სამართლიანი სასამართლოს პრინციპს, იგი არა მხოლოდ საქმის სამართლიანი განხილვის, არამედ ამ განხილვის შედეგად მოპოვებული უფლების რეალიზაციასაც მოიცავს. ამავე კონვენციის მე-13 მუხლით მოწესრიგებულია ქმედითი სამართლებრივი მოსარგებლის უფლება, რომელიც აღიარებულ ძირითად უფლებასთან, მათ შორის მე-6 მუხლთან შესაბამისად შემოწმებას ექვემდებარება და, თუკი გადაწყვეტილების აღსრულების ეტაპზე დაირღვა კრედიტორის ინტერესები, მე-6 მუხლით გარანტირებული უფლებით დაცულ სფეროში ჩარევა გაუმართლებლად მიიჩნევა (სუსგ. Nა-2851-გან-5-2019, 21.06.2019წ.; სუსგ №ას-684-638-2017, 07.07.2017წ.).
15. მოცემულ შემთხვევაში, პალატა მიიჩნევს, რომ არსებობდა გადაწყვეტილების განმარტების სავალდებულო წინაპირობა, განმარტების მიზანი - აღსრულების ხელშეწყობა. განსამარტი გადაწყვეტილების თანახმად, მ.ი–ისა და ს.ი–ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 4 ივნისის გადაწყვეტილება და სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. მ.ი–ისა და ს.ი–ის სარჩელი დაკმაყოფილდა: ნაწილობრივ ბათილად იქნა ცნობილი (კერძოდ, სამკვიდრო მოწმობის 1/2 წილის 2/3 ნაწილში) 2015 წლის 10 დეკემბერს ნოტარიუს შ.გ–ის მიერ გაცემული სამკვიდრო მოწმობა; ნაწილობრივ (სადავო ქონების 1/2 წილის 2/3 ნაწილში) ბათილად იქნა ცნობილი 2016 წლის 20 ივლისს შ.რ–სა და მ.ი–ს შორის დადებული უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება, ქ. გორში ........... (ყოფილი ......... ქუჩა №32) მდებარე ქონებაზე; ნაწილობრივ (სადავო ქონების 1/2 წილის 2/3 ნაწილში) ბათილად იქნა ცნობილი 2016 წლის 24 აგვისტოს შ.რ–სა და ლ.პ–ას შორის დადებული უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება და სადაო ბინა, მდებარე ქ. გორში, ......... ქუჩა №32-ში დარეგისტრირდა მ.ი–ის სახელზე; მოსარჩელეებს - მ.ი–სა და ს.ი–ს გამოეყოთ სამკვიდრო ქონების 1/2 წილიდან 2/3 წილი, რაც შეადგენს შენობის საერთო ფართის 53.26 კვ.მ-ს.
16. დადგენილია, რომ მოსარჩელეები - მ.და ს. ი–ები მოითხოვდნენ გორში, ......... მდებარე (ს/კ .......) უძრავი ქონების 1/2 ნაწილის 2/3 წილის - 53.26 კვ.მ ფართის მესაკუთრეებად ცნობას. სარჩელს აფუძნებდნენ გარემოებას, რომ არიან გარდაცვლილი თ.ი–ის მემკვიდრეები, რომელმაც, თავის მხრივ, მამის - ს.ი–ის დანაშთი ქონება მიიღო მემკვიდრეობით. აქედან გამომდინარე, მოპასუხე მ.ი–მა არასწორად მიიღო სამკვიდრო ქონების მთელი წილი, რომელიც შემდგომ განკარგა. მოსარჩელეებმა მოითხოვეს სადავო უძრავ ქონებაზე დადებული ნასყიდობის ხელშეკრულებების - მ.ი–სა და შ.რ–ს შორის დადებული 2016 წლის 20 ივლისის ხელშეკრულებისა და შ.რ–სა და ლ.პ–ას შორის დადებული 2016 წლის 24 აგვისტოს ნასყიდობის ხელშეკრულების 1/2 ნაწილის 2/3 წილში ბათილად ცნობაც მოჩვენებითობის საფუძვლით.
17. სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილებით დადგინდა, რომ გარდაცვლილი თ.ი–ი იყო მამის - ს.ი–ის პირველი რიგის მემკვიდრე, რომელმაც მამის დანაშთი ქონება ფაქტობრივი ფლობით მიიღო. აპელანტები - მ.ი–ი და ს.ი–ი იყვნენ თ.ი–ის პირველი რიგის მემკვიდრეები - მეუღლე და შვილი. ამდენად, მ.ი–მა მამის - ს.ი–ის სამკვიდრო ქონების მთელი წილი არასწორად მიიღო. შესაბამისად, არასწორად განკარგა მოსარჩელეთა ნაწილი - გორში, ...... მდებარე (ს/კ .........) უძრავი ქონების 1/2 ნაწილის 2/3 წილი - 53.26 კვ.მ. ამდენად, დავის საგანი იყო მხოლოდ უძრავი ქონების 1/2 ნაწილის 2/3 წილი - 53.26 კვ.მ, რომელიც აღირიცხა მოსარჩელეთა საკუთრებად. რაკი სადავო ნასყიდობის ხელშეკრულებები მხოლოდ ნაწილობრივ იქნა ბათილად ცნობილი, დანარჩენ ნაწილში კი, ძალაში დარჩა სადავო უძრავი ქონების არასადავო ფართი, რომელიც აღრიცხული იყო ლ.პ–აზე და ეკუთვნის მის უფლებამონაცვლეს - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განჩინებით თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილება სწორად განიმარტა.
18. არ არის გასაზიარებელი კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზია, რომ განსამარტი გადაწყვეტილებით სასამართლომ გარიგებები თვალთმაქცურად მიიჩნია, ბათილად ცნო შ.რ–სა და ლ.პ–ას შორის დადებული 2016 წლის 24 აგვისტოს ნასყიდობის ხელშეკრულებაც, რის გამოც ქონების პ–ას უფლებამონაცვლის - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს საკუთრებად დატოვება არასწორია და უძრავი ქონების დარჩენილი ნაწილი კერძო საჩივრის ავტორს უნდა დაუბრუნდეს. როგორც აღინიშნა, მოსარჩელეებმა სარჩელი აღძრეს და მოითხოვეს სადავო უძრავი ქონების მხოლოდ 1/2 ნაწილის 2/3 წილი - 53.26 კვ.მ, შესაბამისად, სასამართლომაც მხოლოდ ამ ნაწილზე იმსჯელა და მიიღო გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლო, სსსკ-ის 248-ე მუხლიდან გამომდინარე, ვერ გასცდებოდა სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებს და ვერ იმსჯელებდა ქონების იმ ნაწილზე (შესაბამისად ნასყიდობის ხელშეკრულებათა იმ ნაწილის ბათილობაზე), რომელიც დავის საგანი არ იყო. თავად მ.ი–ს კი, ხელშეკრულებათა ბათილობისა და ქონების თავის საკუთრებაში დაბრუნების თაობაზე სარჩელი არ აღუძრავს.
19. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს და წარმოდგენილ კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მ.ი–ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 28 თებერვლის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე
მირანდა ერემაძე
ვლადიმერ კაკაბაძე