საქმე №ას-490-2023 13 ივნისი, 2023 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი(თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ეკატერინე გასიტაშვილი, მირანდა ერემაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი– საქართველოს თავდაცვის სამინისტრო (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე– შპს „ე.მ–სი“ (მოპასუხე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
დავის საგანი–პირგასამტეხლოს დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სასარჩელო მოთხოვნა:
1. საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ (შემდგომ – მოსარჩელე) სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „ე.მ–სის“ (შემდგომ – მოპასუხე) მიმართ პირგასამტეხლოს სახით 48 743.10 ლარის ანაზღაურების შესახებ.
სარჩელის საფუძვლები:
2. მოსარჩელის განმარტებით, 2019 წლის პირველ მარტს მხარეთა შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის №139 ხელშეკრულება, რომლის 2.1 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა მცირე ტვირთამწეობის ავტომანქანის საბურავების შესყიდვა. ხელშეკრულების 2.2. პუნქტის თანახმად, შესასყიდი საქონლის რაოდენობა შეადგენდა 480 ცალ საბურავს, №1 დანართის შესაბამისად. ხელშეკრულების 3.1. პუნქტის მიხედვით, ხელშეკრულების ღირებულებამ შეადგინა 151 200 ლარი. ხელშეკრულების 4.5 პუნქტის თანახმად, მიმწოდებელმა იკისრა ვალდებულება, საქონლის მიწოდება განეხორციელებინა 2019 წლის პირველი აპრილიდან 2019 წლის 31 ოქტომბრის ჩათვლით, მოთხოვნიდან არაუგვიანეს 3 სამუშაო დღისა.
3. ხელშეკრულების მე-11 მუხლით, ხელშეკრულება ძალაში შევიდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ ელექტრონული შტამპის დასმის დღიდან და მოქმედებდა 2019 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით. ჯარების ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის 2019 წლის 8 აპრილის №350735 წერილით მოპასუხეს გაეგზავნა მოთხოვნა №139-ს ხელშეკრულებით გათვალისწინებული საბურავების მიწოდების შესახებ, რომელიც კომპანიას ჩაბარდა 2019 წლის 11 აპრილს. საქონლის მიწოდება უნდა განხორციელებულიყო 2019 წლის 16 აპრილს - მოთხოვნიდან 3 სამუშაო დღის განმავლობაში. კომპანიის მიერ საბურავები მიწოდებულ იქნა შემდეგი გრაფიკით: 2019 წლის 22 აპრილს - 6 დღის ვადაგადაცილებით; 2019 წლის 23 მაისს - 37 დღის ვადაგადაცილებით; 2019 წლის 8 აგვისტოს - 111 დღის ვადაგადაცილებით.
4. ხელშეკრულების 6.2 პუნქტის მიხედვით, ხელშეკრულებით განსაზღვრული საქონლის მიწოდების ვადაგადაცილების შემთხვევაში, შემსყიდველი ორგანიზაციის სასარგებლოდ ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე მოპასუხეს უნდა გადაეხადა პირგასამტეხლო ვადაგადაცილებით მიწოდებული საქონლის ღირებულების 0.5%. შესაბამისად, დარიცხული პირგასამტეხლოს ოდენობა თითოეული ვადაგადაცილებისათვის სულ შეადგენს 48 743.10 ლარს. მოპასუხეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის მიერ 2019 წლის 20 აგვისტოს №852148 წერილით გაეგზავნა პირგასამტეხლოს დაკისრების აქტი და პირგასამტეხლოს გადახდისათვის განესაზღვრა მისი ჩაბარებიდან 10 დღის ვადა. მოპასუხეს თანხა არ გადაუხდია.
მოპასუხის პოზიცია:
5. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ 2019 წლის 22 აპრილს წერილობით მიმართა მოსარჩელეს საბურავების მიწოდების ორ ეტაპად განხორციელების შესახებ თანხმობის მისაღებად. სატენდერო კომისიის მიერ 2019 წლის 25 აპრილს გამოგზავნილ წერილში თანხმობა გამოითქვა აღნიშნულის თაობაზე და მიეთითა, რომ საბურავების მიწოდების ეტაპები, შესაძლებელია, განსაზღვრულიყო მხარეთა ურთიერთშეთანხმებით, ისე, რომ დაცული ყოფილიყო სატენდერო დოკუმენტაციის 4.3 მუხლი. აღნიშნული მუხლის თანახმად, ხელშეკრულებით გათვალისწინებული შესასყიდი საბურავების მიწოდება უნდა მომხდარიყო ეტაპობრივად, 2019 წლის 31 ოქტომბრის ჩათვლით. თუ შემსყიდველსა და მიმწოდებელს შორის ურთიერთშეთანხმებით სხვა რამ დგინდებოდა. ხელშეკრულებით გათვალისწინებული მიწოდების ვადა სატენდერო წინადადების მოქმედების ვადას შესაძლებელია აღემატებოდეს არაუმეტეს 10 კალენდარული დღით.
6. 2019 წლის 30 აპრილს, სატენდერო კომპანიის მიერ თანხმობის მიღების შემდგომ, მოპასუხემ წერილობით მიმართა თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის უფროსს საბურავების ორ ეტაპად მიწოდების შესახებ ნების დართვასთან დაკავშირებით.
7. თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის წარმომადგენლები მოპასუხესთან ზეპირი ფორმით მუდმივად გამოთქვამდნენ თანხმობას აღნიშნულთან დაკავშირებით, ხოლო 2019 წლის 30 აპრილის წერილს არანაირი რეაგირება არ მოჰყვა, რადგან მხარე განზრახ არიდებდა თავს ზეპირად მიცემული თანხმობის წერილობით დადასტურებას.
8. თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტს მოპასუხე არცერთხელ არ გაუფრთხილებია და არც პრეტენზია გამოუთქვამს საბურავების ეტაპობრივად მიწოდებასთან დაკავშირებით. მოსარჩელემ საბურავები მიიღო და მიღება-ჩაბარების აქტზე ხელი მოაწერა ყველანაირი პრეტენზიის გარეშე.
9. ამასთან, მოპასუხემ აღნიშნა, რომ თუ პირგასამტეხლოს დაკისრების ფაქტობრივ-სამართლებრივი წინაპირობები მაინც დადგინდება, სასამართლომ უნდა ისარგებლოს მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობის გონივრულ ოდენობამდე შემცირების შესაძლებლობით.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
10. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 19 ნოემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 6092.88 ლარის გადახდა, რაც ორივე მხარემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:
11. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილებით მოსარჩელის სააპელაციო საჩივარს ეთქვა უარი, ხოლო მოპასუხის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 4890 ლარის ლარის გადახდა შემდეგ გარემოებათა გამო:
12. სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებანი, რომ 2019 წლის პირველ მარტს მხარეთა შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №139 ხელშეკრულება, რომლის საგანს წარმოადგენდა კონსოლიდირებული ტენდერის სატენდერო დოკუმენტაციითა და მისი დანართებით განსაზღვრული ტექნიკური მაჩვენებლების შესაბამისი მცირე ტვირთამწეობის ავტომანქანის საბურავები.
13. ხელშეკრულების 2.2. პუნქტის მიხედვით, შესასყიდი საქონლის რაოდენობა იყო 480 ცალი საბურავი, №1 დანართის შესაბამისად; 3.1. პუნქტით, ხელშეკრულების ღირებულებაა 151 200ლარი, დანართი №1-ის შესაბამისად; 4.5 პუნქტით, საქონლის მიწოდება განხორციელდება 2019 წლის პირველი აპრილიდან 31 ოქტომბრის ჩათვლით, მოთხოვნიდან არაუგვიანეს 3 სამუშაო დღის განმავლობაში.
14. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ჯარების ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის 2019 წლის 8 აპრილის №350735 წერილით მოპასუხეს გაეგზავნა №139-ს მოთხოვნა ხელშეკრულებით გათვალისწინებული საბურავების მიწოდების შესახებ. №350735 08.04.2019 წლის წერილი კომპანიას ჩაბარდა 2019 წლის 11 აპრილს.
15. 2019 წლის 22 აპრილს მოპასუხემ შემსყიდველს მიაწოდა 200 საბურავი, 23 მაისს - 18 საბურავი; 8 აგვისტოს - 262 საბურავი.
16. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის მიერ 2019 წლის 20 აგვისტოს №852148 წერილით მოპასუხეს გაეგზავნა პირგასამტეხლოს დაკისრების აქტი და პირგასამტეხლოს გადახდისათვის განესაზღვრა აქტის ჩაბარებიდან 10 დღის ვადა.
17. 2019 წლის პირველ მარტს მხარეთა შორის №139-ე ხელშეკრულების 6.2 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულებით განსაზღვრული საქონლის მიწოდების ვადის გადაცილების შემთხვევაში, მოპასუხე შემსყიდველი ორგანიზაციის სასარგებლოდ ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადაიხდის პირგასამტეხლოს - ვადაგადაცილებით მიწოდებული საქონლის ღირებულების 0.5%-ს.
18. სააპელაციო პალატის მითითებით, მხარეთა შორის სადავოა 2019 წლის პირველი მარტის სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების 4.5. პუნქტის შინაარსი, რომლის მიხედვით, საქონლის მიწოდება ხორციელდებოდა 2019 წლის პირველი აპრილიდან 31 ოქტომბრის ჩათვლით, მოთხოვნიდან არაუგვიანეს 3 სამუშაო დღის განმავლობაში. აღნიშნულ სახელშეკრულებო პირობას მხარეები განსხვავებულად განმარტავენ, კერძოდ, შემსყიდველის პოზიციით, მას უფლება ჰქონდა, რომ შესყიდვის ობიექტი მოეთხოვა ერთიანად, რაც, თავის მხრივ, წარმოშობდა მიმწოდებლის ვალდებულებას, რომ 480 ცალი საბურავი მოთხოვნიდან 3 დღის ვადაში მიეწოდებინა, თანმდევი მომსახურების (საბურავების დამონტაჟება) გაწევასთან ერთად. მიმწოდებელმა კი განმარტა, რომ საბურავების მიწოდება უნდა მომხდარიყო ეტაპობრივად და ერთიან მოთხოვნას ხელშეკრულება არ ითვალისწინებდა. პირველი ინსტანციის სასამართლოსმიერ გაზიარებულ იქნა მოსარჩელის - შემსყიდველის პოზიცია, რასაც სააპელაციო პალატა არ დაეთანხმა.
19. ხელშეკრულების პირობების განმარტების არსი მხარეთა მიერ გამოვლენილი საერთო ნების ნამდვილი შინაარსის, ხელშეკრულების რეალური მიზნის დადგენაში მდგომარეობს. სასამართლო მხარეთა ნამდვილ ნებას ადგენს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ განმარტების პროცესში წარმოიშობა ხელშეკრულების ტექსტში გადმოცემულ დებულებათა შორის წინააღმდეგობა ან შეუსაბამობა. მრავალი გარემოებით შეიძლება იყოს გამოწვეული, რომ ის, რაც იგულისხმა ნების გამომვლენმა, სხვაგვარად გაიგო მისმა მიმღებმა. აქედან წარმოიშობა გამოვლენილ ნებათა კონფლიქტი, რომელიც საჭიროებს სწორად გადაწყვეტას. ამ კონფლიქტის გადაწყვეტის სამართლებრივ საშუალებას წარმოადგენს ნების გამოვლენის განმარტება.
20. სააპელაციო პალატამ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდგომ - სსკ) 52-ე მუხლზე და მიიჩნია, რომ ეს „გონივრული განსჯა“ უნდა ემყარებოდეს გარკვეულ კრიტერიუმებს, კერძოდ, ნების გამოვლენის განმარტება უნდა განხორციელდეს ნების მიმღების შემეცნების (გაგების) შესაძლებლობათა გათვალისწინებით. ამგვარი განმარტების დროს გათვალისწინებული უნდა იქნეს ყველა ხელშესახები გარემოება, რომელიც ამ შემთხვევას ახასიათებს.
21. ხელშეკრულების განმარტების დროს სასამართლო ორ მნიშვნელოვან საკითხს წყვეტს: სასამართლოს ევალება მხარეთა მიერ ხელშეკრულებაში გაკეთებული გამონათქვამების დაზუსტება, ხოლო, მეორე მხრივ, სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით ხელშეკრულებაში ღიად დარჩენილი ადგილების ე.წ. ხარვეზების შევსებას ახორციელებს. „ხელშეკრულების გამონათქვამების განმარტება“ და „ხელშეკრულების შევსებითი განმარტება“ განსხვავებული ცნებებია. სხვადასხვანაირი, ორაზროვანი და მრავალმნიშვნელოვანი გამონათქვამების დაზუსტების აუცილებლობას ადგილი აქვს, როდესაც მხარეები ხელშეკრულების გამონათქვამების მიღმა არსებულ მნიშვნელობებზე დავობენ; ხოლო ხელშეკრულების შევსებით განმარტებას მაშინ აქვს ადგილი, როდესაც მხარეებს ხელშეკრულების ტექსტში გამორჩენილი აქვთ ცალკეულ საკითხთა მოწესრიგება ან ხელშეკრულების პირობები გარკვეული ხარვეზებითაა მოცემული.
22. ხელშეკრულების განმარტების საფუძვლებთან დაკავშირებით საინტერესოა ევროპული სახელშეკრულებო სამართლის ძირითადი პრინციპების (დებულებების) 5:101-5:107 მუხლების დანაწესები, კერძოდ, ხელშეკრულება უნდა განიმარტოს მხარეთა საერთო ნების შესაბამისად იმ შემთხვევაშიც კი, თუ იგი განსხვავდება სიტყვასიტყვითი მნიშვნელობისაგან. მხარეთა საერთო ნების დადგენის შეუძლებლობის შემთხვევაში, განმარტების კრიტერიუმად მიიჩნევა ხელშეკრულების მხარეთა მსგავსი გონივრული აზროვნების მქონე პირთა შეფასება მოცემულ გარემოებებში. ხელშეკრულებისცალკეული გამონათქვამი (პირობა) უნდა განიმარტოს იმ მთლიანი ხელშეკრულების ჭრილში, რომელშიც ისინი არის მოცემული.
23. სააპელაციო პალატის განმარტებით, განსახილველ შემთხვევაში სადავო სახელშეკრულებო პირობა ჩამოყალიბებულია შემდეგნაირად - საქონლის მიწოდება ხორციელდება 2019 წლის პირველი აპრილიდან 31 ოქტომბრის ჩათვლით, მოთხოვნიდან არაუგვიანეს 3 სამუშაო დღის განმავლობაში. სააპელაციო პალატამ ასევე ყურადღება გაამახვილა სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს 2018 წლის 14 დეკემბრის სატენდერო დოკუმენტაციაზე, რომელიც შეეხება მცირე ტვირთამწეობის ავტომანქანების საბურავების (თანმხლები მომსახურებით) 2019 წლის კონსოლიდირებულ ტენდერს. სატენდერო დოკუმენტაციის 4.3 პუნქტისთანახმად, რომელიც წარმოადგენს შემსყიდველ ორგანიზაციასა და გამარჯვებულ პრეტენდენტს შორის გასაფორმებული ხელშეკრულების ძირითადი პირობების ქვეპუნქტს, „ხელშეკრულებით გათვალისწინებული შესასყიდი საბურავების მიწოდება უნდა განხორციელდეს ეტაპობრივად, 2019 წლის პირველი აპრილიდან 2019 წლის 31 ოქტომბრის ჩათვლით, თუ შემსყიდველსა და მიმწოდებელს შორის ურთიერთშეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი. ხელშეკრულებით გათვალისწინებული მიწოდების ვადა სატენდერო წინადადების მოქმედების ვადას შესაძლებელია აღემატებოდეს არაუმეტეს 10 კალენდარული დღით“.
24. სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების არცერთ პუნქტში არ არის მითითებული მიმწოდებლის ვალდებულება, შესყიდვის ობიექტის მიწოდება განეხორციელებინა ერთიანად. სატენდერო დოკუმენტაციის მსგავსად, 2019 წლის პირველი მარტის ხელშეკრულებაშიც მიწოდების ვადად მითითებულია 01.04.2019 - 31.10.2019წ, რაც თავის მხრივ, საფუძველს აცლის მოსარჩელის პოზიციას. პალატამ განმარტა, რომ ხელშეკრულებაში გამოვლენილი ნების განმარტება უნდა განხორციელდეს სისტემური განმარტების საფუძველზე და დაუშვებელია, რომ განმარტების შედეგად ხელშეკრულების რომელიმე პირობას დაეკარგოს აზრი. იმ შემთხვევაში, თუკი სასამართლო გაიზიარებს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსაზრებას, მაშინ ლოგიკური საფუძველი ეკარგება ხელშეკრულების 4.5. პუნქტში მითითებულ, ვალდებულების შესრულების ექვსთვიან ვადას. სააპელაციო ინსტანციაში გამართულ სხდომაზე მოსარჩელის წარმომადგენელმა სათანადოდ ვერ დაასაბუთა, თუ რა საჭირო იყო ექვსთვიანი ვადის დაწესება, თუკი შემსყიდველს უფლება ჰქონდა ერთიანი შესრულება მოეთხოვა. სააპელაციო პალატამ ასევე აღნიშნა, რომ სატენდერო დოკუმენტაციის 4.3. პუნქტში გაკეთებული დათქმა, რომ მიწოდება უნდა მომხდარიყო ეტაპობრივად, არ არის უარყოფილი მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებით, შესაბამისად, მოპასუხეს, როგორც კონტრაჰენტს წარმოეშვა ლეგიტიმური მოლოდინი, რომ სწორედ ამ წესით უნდა მოეხდინა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება. მიმწოდებლის აღნიშნული მოლოდინი დადასტურებულია ასევე სატენდერო კომისიის 2019 წლის 25 აპრილის წერილით, სადაც კომისია ნებას რთავს მიმწოდებელს, რომ მხარეთა შეთანხმებით საბურავების მიწოდება განხორციელდეს ორ ეტაპად, სატენდერო დოკუმენტაციის 4.3. პუნქტში დადგენილი პირობის დაცვით.
25. სააპელაციო პალატა დამატებით მიუთითა, რომ ხელშეკრულების ობიექტს წარმოადგენდა 480 ცალი საბურავი, თანმხლებ მომსახურებასთან ერთად, რაც საკმაოდ დიდ ოდენობას წარმოადგენს. ამასთან, იმის გათვალისწინებით, რომ მიმწოდებელს ვალდებულება უნდა შეესრულებინა შემსყიდველის მოთხოვნიდან სამი სამუშაო დღის განმავლობაში, ერთიანი მოთხოვნის უფლების დადგენის შემთხვევაში, შედეგად ვიღებთ ფაქტობრივად შეუსრულებად ვალდებულებას, რომელიც ნებისმიერ შემთხვევაში გამოიწვევდა ვალდებულების დარღვევას მიმწოდებლის მხრიდან და წარმოშობდა საჯარიმო სანქციების დაკისრების საფუძველს.
26. სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ კერძო სამართლის სუბიექტებს ევალებათ საკუთარი უფლებებისა და მოვალეობების კეთილსინდისიერად განხორციელების ვალდებულება, კერძოდ ყველა მართლწესრიგი სამართლის სუბიექტთა ქცევის წესს კეთილსინდისიერების პრინციპზე აფუძნებს და ამ პრინციპს ნორმატიულ კონცეფციად განიხილავს. იგი თანამედროვე სამართლის, ფილოსოფიისა და ბიზნესის ერთ-ერთი ფუძემდებლური პრინციპია. კეთილსინდისიერების პრინციპი თანამედროვე განვითარებული ქვეყნების კანონმდებლობასა და დოქტრინაში დიდწილად დაკავშირებულია მორალურ სტანდარტებთან. კეთილსინდისიერება ნიშნავს გულწრფელობას, სამართლიანობას, ვალდებულებების მიმართ პატიოსანდამოკიდებულებას. კეთილსინდისიერების ინსტიტუტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სამოქალაქო სამართლისათვის და იგი მთლიანად კერძო სამართლის უმთავრეს პრინციპს წარმოადგენს. სამოქალაქო კოდექსის მე-8 მუხლის მესამე ნაწილის დანაწესის შესაბამისად, სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილენი ვალდებულნი არიან კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლებები და მოვალეობები. კოდექსის ეს დანაწესი, რომელსაც ავსებს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილი, მოიცავს მთელ კერძო სამართალს. აღნიშნული მუხლების მოქმედება ცალსახა და იმპერატიულია, ამიტომაც მხარეებს არ აქვთ უფლება ხელშეკრულებით ანშეთანხმებით გამორიცხონ მათი მოქმედება (იხ. სუსგ საქმე №ას-1338-1376-2014, 29 ივნისი, 2015 წ.).
27. სსკ-ის მე-8 მუხლის მესამე ნაწილი განსაზღვრავს კეთილსინდისიერებას, როგორც ვალდებულების ძირითად და აუცილებელ კომპონენტს და მხოლოდ ვალდებულებათა შესრულებით არ შემოიფარგლება, ხოლო 361-ე მუხლის მეორე ნაწილის დანაწესი იმის შესახებ, რომ ვალდებულება უნდა შესრულდეს კეთილსინდისიერად, წარმოადგენს კანონისმიერ მოთხოვნას და გულისხმობს, ზოგადად, სამოქალაქოსამართლებრივი ურთიერთობის მონაწილეთა მიერ ურთიერთობის სხვა მონაწილის ინტერესების პატივისცემას, საკუთარი როლისა და პასუხისმგებლობის გათავისებას, თუნდაც იმ შემთხვევაში, როდესაც მას კონკრეტული პირდაპირი ვალდებულება არ ეკისრება. აღნიშნული ნორმები საშუალებას იძლევა ნებისმიერი ურთიერთობა სამართლებრივი თვალსაზრისით შეფასდეს. კეთილსინდისიერების პრინციპის ძირითადი ფუნქცია ურთიერთობის მონაწილეთა ინტერესების არა დაპირისპირება, არამედ მათი სოლიდარობაა, რაც ნორმალური სამოქალაქო ბრუნვის საფუძველია. კეთილსინდისიერება არა მარტოუფლების არსებობის, არამედ მოვალეობის შესრულების ვარაუდიცაა. კეთილსინდისიერება გულისხმობს სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეთა მოქმედებას პასუხისმგებლობით, და ერთმანეთის უფლებებისადმი პატივისცემით მოპყრობას (იხ. სუსგ საქმე №ას-1338-1376-2014, 29 ივნისი, 2015 წ.).
28. დამატებით სააპელაციო პალატამ მიუთითასსკ-ის 316-ემუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, თავისი შინაარსისა და ხასიათის გათვალისწინებით ვალდებულება შეიძლება ყოველ მხარეს აკისრებდეს მეორე მხარის უფლებებისა და ქონებისადმი განსაკუთრებულ გულისხმიერებას.
29. ზემოაღნიშნული განმარტებების საფუძველზე სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ იმ პირობებში, როდესაც: შესასყიდი ობიექტის მოცულობა საკმაოდ დიდია, ხელშეკრულება ვალდებულების შესრულებისთვის ითვალისწინებს ექვსთვიან ვადას და სატენდერო დოკუმენტაცია ადგენს ვალდებულების ეტაპობრივად შესრულებას, იმ შემთხვევაშიც კი, თუ შემსყიდველს მიენიჭება ერთიანი შესრულების მოთხოვნის უფლება, აღნიშნული ქმედების განხორციელება წინააღმდეგობაში მოვა მხარეთა კეთილსინდისიერებისა და გულისხმიერების პრინციპებთან. მითითებულ დასკვნას ამყარებს ის გარემოებაც, რომ შესყიდვის ობიექტს წარმოადგენდა ზამთრის საბურავები, რაც იმას ნიშნავს, რომ მათი მოხმარება უნდა მომხდარიყო 2019-2020 ზამთრის სეზონზე. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა სააპელაციო ინსტანციაში გამართულ სხდომაზე ვერ წარმოადგინა რაიმე ლოგიკური, ლეგიტიმური მიზანი 2019 წლის 11 აპრილს ერთიანი შესრულების მოთხოვნისა. აპელანტის ის განმარტება, რომ აღნიშნული საბურავების განაწილებას სჭირდება დრო, ვერ იქნება მიჩნეული ვარგის არგუმენტად, ვინაიდან შესრულების მოთხოვნა განხორციელდა 2019 წლის 11 აპრილს, ხელშეკრულება კიდევ ვადაში იყო 31 ოქტომბრამდე და რთულად დასაჯერებელია, რომ 480 საბურავის განაწილებას ექვსი თვე სჭირდებოდა. ამდენად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ შემსყიდველმა ვერ დაადასტურა, თუ რატომ იყო მნიშვნელოვანი აპრილში ერთიანი შესრულების მოთხოვნა მაშინ, როდესაც ხელშეკრულება ვადაში რჩებოდა კიდევ ექვსი თვით. აქედან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ხელშეკრულების სადავო პირობის მოსარჩელისეული განმარტება, გარდა იმისა, რომ არ გამომდინარეობს ხელშეკრულებისა და სატენდერო დოკუმენტაციის პირობების სისტემური განმარტებიდან, ასევე ეწინააღმდეგება მხარეთა კეთილსინდისიერებისა და გულისხმიერების პრინციპს და გაზიარებული ვერ იქნება.
30. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამდაადგინა, რომ მხარეთა შორის 2019 წლის პირველ მარტს გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების 4.5. პუნქტი არ ითვალისწინებდა შემსყიდველის უფლებას, ერთიანად მოეთხოვა ვალდებულების შესრულება მიმწოდებლისთვის და საბურავების მიწოდება მოპასუხეს უნდა განეხორციელებინა ეტაპობრივად, მხარესთან შეთანხმებით.
31. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ განსახილველ შემთხვევაში დასადგენია, ასევე, განხორციელდა თუ არა სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევა მოპასუხის მხრიდან, რაც მისთვის პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძველია.
32. სსკ-ის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ ვალდებულების დათქმულ დროში შეუსრულებლობა წარმოადგენს ვალდებულების დარღვევის სახეს, რომელიც დაკავშირებულია შესაბამის სამართლებრივ შედეგებთან. მხარეთა შორის დადებული №139-ე ხელშეკრულების 6.2 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულებით განსაზღვრული საქონლის მიწოდების ვადის გადაცილების შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია, შემსყიდველი ორგანიზაციის სასარგებლოდ ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადაიხადოს პირგასამტეხლო ვადაგადაცილებით მიწოდებული საქონლის ღირებულების 0.5%.
33. სსკ-ის 417-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მხარეთა შორის სადავოა სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევის ფაქტი, რასთან დაკავშირებითაც ყურადსაღებია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:მხარეთა შორის გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების 4.5. პუნქტის თანახმად, საქონლის მიწოდება უნდა განხორციელებულიყო 2019 წლის პირველი აპრილიდან 31 ოქტომბრის ჩათვლით, შემსყიდველის მიერ მოთხოვნიდან 3 სამუშაო დღის ვადაში. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ჯარების ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის 2019 წლის 8 აპრილის №350735 წერილით მოპასუხეს გაეგზავნა მოთხოვნა №139-ს ხელშეკრულებით გათვალისწინებული საბურავების მიწოდების შესახებ. №350735 წერილი კომპანიას ჩაბარდა 2019 წლის 11 აპრილს. მოპასუხემ საბურავების მიწოდება განახორციელა სამჯერ, კერძოდ: 2019 წლის 22 აპრილს მოპასუხემ შემსყიდველს მიაწოდა 63 000 ლარის ღირებულების 200 საბურავი, 23 მაისს - 5670 ლარის ღირებულების 18 საბურავი; 5 აგვისტოს - 262 საბურავი, ღირებულებით - 82 530 ლარი.
34. პირველ რიგში, სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ჯარების ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის 2019 წლის 8 აპრილის №350735 წერილზე, სადაც შემსყიდველი არ აკონკრეტებს, თუ რა რაოდენობით საბურავის მიწოდებას ითხოვს მოპასუხისაგან. აღნიშნულ მოთხოვნასთან დაკავშირებით მიმწოდებელმა მიმართა სატენდერო კომისიას, რომლისგანაც 2019 წლის 25 აპრილის წერილით მიიღო თანხმობა, მხარეთა შეთანხმებით საბურავების მიწოდება განხორციელებულიყო ორ ეტაპად, სატენდერო დოკუმენტაციის 4.3 პუნქტის მოთხოვნათა დაცვით. ამის შემდგომ მოპასუხემ 2019 წლის 30 აპრილს წერილით მიმართა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის უფროსს. წერილში აღნიშნულია, რომ ორგანიზაციისთვის არ იყო ცნობილი, თუ რამდენ ეტაპად მოხდებოდა საბურავების მიწოდება. ხელშეკრულების გაფორმების შემდგომ მოპასუხემ უსწრაფესად მოახდინა პირველ ეტაპზე მისაწოდებელი საბურავების შეკვეთა და მიწოდება თავდაცვის სამინისტროსთვის. მეორე ეტაპზე საბურავების მიწოდება მოხდება 60 კალენდარულ დღეში, რაც სრულიად შეესაბამება ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებს - მიმწოდებელმა იმავე წერილით შეატყობინა ადრესატს სატენდეროკომისიისაგან ნებართვის მიღების შესახებ და მოითხოვა თანხმობა საბურავების ორ ეტაპად მიწოდებასთან დაკავშირებით. დადგენილია, რომ აღნიშნული კორესპონდენციაზე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პასუხი არ გაუცია.
35. სააპელაციო პალატამ აქვე ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ მოპასუხის მიერ საბურავების მიწოდების შედეგად გაფორმებულ მიღება-ჩაბარების აქტებში რაიმე პრეტენზია ვალდებულების შესრულების მიმართ დაფიქსირებული არ არის. ასევე არ დგინდება პრეტენზიის არსებობა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მხრიდან ვალდებულების სრულად შესრულებამდე. პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე წერილი, რომელიც ერთვის სარჩელს, შედგენილია 2019 წლის 10 აგვისტოს, კერძოდ, მიმწოდებლის მიერ 480 ცალი საბურავის სრულად მიწოდების შემდეგ.
36. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოპასუხეს ჰქონდა უფლება, სახელშეკრულებო ვალდებულება შეესრულებინა ორ ეტაპად, ვინაიდან მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების 4.5. პუნქტი არ ითვალისწინებდა შემსყიდველის უფლებას, მოეთხოვა ერთიანი შესრულება და ასეც რომ ყოფილიყო, ასეთი მოთხოვნა მიჩნეულ იქნა კეთილსინდისიერებისა და გულისხმიერების პრინციპის დარღვევად. ამასთან, ნიშანდობლივია, რომ 2019 წლის 11 აპრილის წერილში არ იყო დაკონკრეტებული, თუ რა რაოდენობის საბურავების მიწოდებას ითხოვდა შემსყიდველი. ხელშეკრულებით გათვალისწინებული იყო ვალდებულების ეტაპობრივად შესრულების წესი, მიმწოდებელს სატენდერო კომისიისაგან მიღებული ჰქონდა ნებართვა ორ ეტაპად საბურავების მიწოდების თაობაზე, ამასთან, მიმწოდებლის წერილი საბურავების ორ ეტაპად მიწოდებასთან დაკავშირებით შემსყიდველმა დატოვა რეაგირების გარეშე. აქედან გამომდინარე სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ მოპასუხეს ჰქონდა უფლება, საბურავები მიეწოდებინა მის მიერ შეთავაზებული წესით, რაც გულისხმობდა მეორე ეტაპზე დარჩენილი საბურავების მიწოდებას 60 კალენდარული დღის ვადაში.
37. სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ2019 წლის 22 აპრილის მიწოდების შემთხვევაში, მოპასუხემ შემსყიდველს მიაწოდა 200 ცალი საბურავი 6-დღიანი ვადაგადაცილებით, ვინაიდან მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების 4.5. პუნქტის თანახმად, მიმწოდებელს საბურავები უნდა მიეწოდებინა შემკვეთის მოთხოვნიდან სამი სამუშაო დღის ვადაში, რაც მხარეთა შორის სადავოდ არ გამხდარა. დადგენილია, რომ საბურავების მიწოდების თაობაზე მოთხოვნა მოპასუხეს ჩაბარდა 2019 წლის 11 აპრილს, შესაბამისად, ვადაგადაცილებამ შეადგინა 6 დღე.
38. 2019 წლის 23 მაისის მიწოდება არ მომხდარა ვადაგაცილებით, ვინაიდან დადგენილია, რომ მოპასუხეს საბურავების მეორე ეტაპი უნდა მიეწოდებინა 60 კალენდარული დღის ვადაში 2019 წლის 30 აპრილიდან. 2019 წლის 5 აგვისტოს მიწოდების შემთხვევაშიც დადგინდა ვადაგადაცილება, ვინაიდანამ დროისთვის ამოწურული იყო უკვე თავად მიმწოდებლის მიერ შეთავაზებული ვადა.
39. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამდაადგინა, რომ მოპასუხის მხრიდან ვალდებულების დარღვევა ვლინდება იმაში, რომ მან პირველი მიწოდება განახორციელა 6-დღიანი ვადაგადაცილებით, ასევე ვალდებულების დარღვევას წარმოადგენს ის, რომ მოპასუხემ საქონლის მიწოდება განახორციელა მის მიერვე შეთავაზებული პირობის - იგულისხმება საქონლის ორ ეტაპად მიწოდების პირობა, დარღვევით და მიწოდება განახორციელა არა ორ, არამედ სამ ეტაპად. ამასთან, მესამე მიწოდება განხორციელებულია მის მიერვე დათქმული ვადის - 2019 წლის პირველ ივლისამდე პერიოდის დარღვევით (ბოლო მიწოდება განხორციელებულია 2019 წლის 5 აგვისტოს). აღნიშნული კი წარმოადგენს მოპასუხისათვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძველს.
40. რაც შეეხება დასაკისრებელი პირგასამტეხლოს ოდენობას, სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ)დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება“ (იხ. სუსგ № ას-816-767-2015, 19.11.2015წ.).
41. სსკ-ის 420-ე მუხლის შესაბამისად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ პირველ ეტაპზე 2019 წლის 22 აპრილს მიწოდებულ საბურავებთან დაკავშირებით მოპასუხისათვის 1890 ლარის დაკისრების ნაწილში მოსარჩელის მოთხოვნა კანონიერია, ვალდებულების დარღვევის ხარისხისა და მიწოდებული საქონლის ღირებულებიდან გამომდინარე. რაც შეეხება იმ დარღვევას, რომ მოპასუხემ საქონლის მიწოდება განახორციელა სამ და არა ორ ეტაპად, აგრეთვე, რომ ბოლო მიწოდება მოპასუხემ განახორციელა მის მიერვე დათქმულ 2019 წლის პირველ ივლისამდე პერიოდში, ვადის დარღვევით (ბოლო მიწოდება განახორციელა 2019 წლის 5 აგვისტოს), პალატამ მიიჩნია, რომ ამდარღვევების ნაწილშიც მოპასუხის მიმართ პირგასამტეხლოს მოთხოვნა საფუძვლიანია. სააპელაციო პალატამ მხედველობაში მიიღო ის გარემოება, რომ საბოლოოდ საბურავების მიწოდება განხორციელდა ხელშეკრულების მოქმედების ვადაში, მიწოდებული საქონლის ხარისხის მიმართ შემსყიდველს რაიმე პრეტენზია არ დაუფიქსირებია და ვადის დარღვევის შედეგად რაიმე ზიანის წარმოშობაზე მითითება არ გაუკეთებია, შესაბამისად, აღნიშნულ ნაწილში (საქონლის მიწოდება სამ და არა ორეტაპად, აგრეთვე, რომ ბოლო მიწოდება მოპასუხემ განახორციელა მის მიერვე დათქმულ 2019 წლის პირველ ივლისამდე პერიოდში, ვადის დარღვევით) სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომპირგასამტეხლოს გონივრულ ოდენობად უნდა განისაზღვროს 3000 ლარი.
42. სააპელაციო პალატამ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო პრეტენზიასთან დაკავშირებით მიუთითა, რომ პირგასამტეხლოს დაკისრების საკითხი მხარეთა შორის შეთანხმებულ იქნა 2019 წლის პირველი მარტის ხელშეკრულებით, შესაბამისად, როგორც სახელშეკრულებო პირობა, სსკ-ის 420-ე მუხლის საფუძველზე სასამართლოს აქვს უფლება შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო მის გონივრულ ოდენობამდე.
კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:
43. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე მოსარჩელემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლებით:
44. კასატორმა მიიჩნია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია, სააპელაციო პალატამ ვერ მიუთითა, რატომ გამოიყენა კანონი, რომლის საფუძველზეც მოსარჩელის მოთხოვნა ნაწილობრივ არ დააკმაყოფილა.
45. კასატორმა ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსა და სამინისტროს მოპასუხემ საქონლის ეტაპობრივად მიწოდების შესახებ მოსარჩელეს მიმართა მას შემდეგ, რაც საქონლის მიწოდების ვადა დაარღვია. აღნიშნულის განხორციელება მოპასუხეს შეეძლო ხელშეკრულების გაფორმებიდან მოსარჩელის მიერ შეკვეთის მიცემამდე ნებისმიერ დროს, რაც არ მომხდარა.
46. კასატორმა არ გაიზიარა სააპელაციო პალატის მსჯელობა, რომ სატენდერო დოკუმენტაციის 4.3 პუნქტის მითითება საქონლის ეტაპობრივად მიწოდების შესახებ არ არის უარყოფილი მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებით. ფაქტობრივად, 4.3 პუნქტის შინაარსი საქონლის ერთიან მიწოდებას არ გამორიცხავს.
47. კასატორის მოსაზრებით, უსაფუძვლოა სააპელაციო სასამართლოს განმარტება, რომ ერთიანი მოთხოვნის ფარგლებში ვალდებულება შეუსრულებელი რჩება, რადგან 480 ცალი საბურავის მიწოდება უნდა მომხდარიყო თანმხლები მომსახურებით. მითითებული არ წარმოადგენს შეუსრულებელ ვალდებულებას ისეთი კომპანიისათვის, როგორც მოპასუხეა, რომელიც მსგავსი შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში არ მიიღებდა მონაწილეობას შესაბამის ტენდერში. თავად მოპასუხემ განაცხადა, რომ მსგავსი ურთიერთობა მოსარჩელესთან მანამდეც ქონია. მოპასუხე მეწარმე სუბიექტია და გაცნობიერებულად დათანხმდა ხელშეკრულების არსებულ პირობებს.
48. სააპელაციო პალატამ საეჭვოდ მიიჩნია 480 ცალი საბურავის განაწილებას 6 თვე სჭირდებოდეს და განმარტა, რომ საბურავების მიწოდების შედეგად გაფორმებულ მიღება-ჩაბარების აქტებში ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებით რაიმე პრეტენზია არ დაფიქსირებულა. კასატორმა აღნიშნულზე მიუთითა, რომ მოსარჩელის უფლებაა, თუნდაც დაარეზერვოს საბურავები, ამასთან, მიღება-ჩაბარების აქტები საჭიროა საქონლის მიღებისა და მისი ხარისხის შესაბამისობის დასადგენად. რაც შეეხება პრეტენზიას, ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში, 2019 წლის 20 აგვისტოს შედგა დაჯარიმების შესახებ აქტი და გაეგზავნა კომპანიას.
49. კასატორის მოსაზრებით, მოცემულ შემთხვევაში დადგინდა საქონლის ვადაგადაცილებით მიწოდების ფაქტი, რაც დასტურდება მიღება-ჩაბარების აქტებითა, სამინისტროს წერილითა და ხელშეკრულების 4.3 პუნქტით. ასევე, მოპასუხე ვერ იქნება მიჩნეული სუსტ მხარედ, მას გააჩნდა კვალიფიციური იურიდიული დახმარების მიღების შესაძლებლობა. შესაბამისად, მოპასუხემ დაარღვია მის მიერვე შეთავაზებული საქონლის ორ ეტაპად მიწოდების პირობა და სამინისტროს სამ ეტაპად მიაწოდა პროდუქცია.
50. კასატორმა აღნიშნა, რომ მსგავსი პრეცედენტი ემსახურება შემდგომში კომპანიების წახალისებას, რაც დაუშვებელია. მოპასუხემ არაჯეროვნად შეასრულა დაკისრებული მოვალეობა, ამდენად, სსკ-ის 417-ე და 419-ე მუხლების საფუძველზე წარმოეშვა პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება.
51. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 24 აპრილის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად. ამავე განჩინებით დადგინდა, რომ კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
52. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
53. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსი გარკვეულ შეზღუდვებს აწესებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებით, კერძოდ, 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
54. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ, სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო პალატის მიერ დადგენილად უნდა ჩაითვალოს შემდეგი გარემოებანი:
55. 2019 წლის პირველ მარტს მხარეთა შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №139 ხელშეკრულება, რომლის საგანს წარმოადგენდა კონსოლიდირებული ტენდერის სატენდერო დოკუმენტაციითა და მისი დანართებით განსაზღვრული ტექნიკური მაჩვენებლების შესაბამისი მცირე ტვირთამწეობის ავტომანქანის საბურავები.
56. ხელშეკრულების 2.2. პუნქტის მიხედვით, შესასყიდი საქონლის რაოდენობა იყო 480 ცალი საბურავი, №1დანართის შესაბამისად; 3.1. პუნქტით, ხელშეკრულების ღირებულებაა 151 200ლარი, დანართი №1-ის შესაბამისად; 4.5 პუნქტით, საქონლის მიწოდება განხორციელდება 2019 წლის პირველი აპრილიდან 31 ოქტომბრის ჩათვლით, მოთხოვნიდან არაუგვიანეს 3 სამუშაო დღის განმავლობაში.
57. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ჯარების ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის 2019 წლის 8 აპრილის №350735 წერილით მოპასუხეს გაეგზავნა №139-ს მოთხოვნა ხელშეკრულებით გათვალისწინებული საბურავების მიწოდების შესახებ. №350735 08.04.2019 წლის წერილი კომპანიას ჩაბარდა 2019 წლის 11 აპრილს.
58. 2019 წლის 22 აპრილს მოპასუხემ შემსყიდველს მიაწოდა 200 საბურავი, 23 მაისს - 18 საბურავი; 8 აგვისტოს - 262 საბურავი.
59. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის მიერ 2019 წლის 20 აგვისტოს №852148 წერილით მოპასუხეს გაეგზავნა პირგასამტეხლოს დაკისრების აქტი და პირგასამტეხლოს გადახდისათვის განესაზღვრა აქტის ჩაბარებიდან 10 დღის ვადა.
60. 2019 წლის პირველ მარტს მხარეთა შორის №139-ე ხელშეკრულების 6.2 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულებით განსაზღვრული საქონლის მიწოდების ვადის გადაცილების შემთხვევაში, მოპასუხე შემსყიდველი ორგანიზაციის სასარგებლოდ ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადაიხდის პირგასამტეხლოს - ვადაგადაცილებით მიწოდებული საქონლის ღირებულების 0.5%-ს.
61. მოცემულ საქმეში სააპელაციო სასამართლოს მიერ შესაფასებელ საკითხს წარმოადგენდა 2019 წლის პირველი მარტის სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების 4.5. პუნქტში მხარეთა მიერ გამოვლენილი ნება იმის თაობაზე, რომ საქონლის მიწოდება ხორციელდებოდა 2019 წლის პირველი აპრილიდან 31 ოქტომბრის ჩათვლით, მოთხოვნიდან არაუგვიანეს 3 სამუშაო დღის განმავლობაში. მოსარჩელის განმარტებით, მას უფლება ჰქონდა, შესყიდვის ობიექტი მოეთხოვა ერთიანად, შესაბამისად, მოპასუხეს 480 ცალი საბურავი მისთვის მოთხოვნიდან 3 დღის ვადაში უნდა მიეწოდებინა, თანმდევი მომსახურების (საბურავების დამონტაჟება) გაწევასთან ერთად. მოპასუხემ კი მიიჩნია, რომ საბურავები მოსარჩელისათვის უნდა მიეწოდებინა ეტაპობრივად, ხოლო ერთიან მოთხოვნას ხელშეკრულება არ ითვალისწინებდა.
62. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ აღნიშნული საკითხის გასარკვევად სააპელაციო პალატის მიერ წინამდებარე განჩინების პპ.19-22-ში განვითარებული მსჯელობები სრულ შესაბამისობაშია საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ მყარად დადგენილ პრაქტიკასთან (შდრ: სუსგ №ას-1144-1090-2014, 23 თებერვალი, 2015 წ.).
63. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორს დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია არ წარმოუდგენია სააპელაციო პალატის იმ მსჯელობის უარსაყოფად, რომ მოპასუხეს, როგორც კონტრაჰენტს მართებულად წარმოეშვა ლეგიტიმური მოლოდინი, რომ ვალდებულება უნდა შეესრულებინა ეტაპობრივად და არა ერთიანად. სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს 2018 წლის 14 დეკემბრის სატენდერო დოკუმენტაციის (რომელიც შეეხება მცირე ტვირთამწეობის ავტომანქანების საბურავების (თანმხლები მომსახურებით) 2019 წლის კონსოლიდირებულ ტენდერს), 4.3 პუნქტის თანახმად, „ხელშეკრულებით გათვალისწინებული შესასყიდი საბურავების მიწოდება უნდა განხორციელდეს ეტაპობრივად, 2019 წლის პირველი აპრილიდან 2019 წლის 31 ოქტომბრის ჩათვლით, თუ შემსყიდველსა და მიმწოდებელს შორის ურთიერთშეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი. ხელშეკრულებით გათვალისწინებული მიწოდების ვადა სატენდერო წინადადების მოქმედების ვადას შესაძლებელია აღემატებოდეს არაუმეტეს 10 კალენდარული დღით“.
64. ამავდროულად, სატენდერო კომისიის 2019 წლის 25 აპრილის წერილით, კომისიამ ნება დართო მიმწოდებელს, რომ მხარეთა შეთანხმებით საბურავების მიწოდება განეხორციელებინა ორ ეტაპად, სატენდერო დოკუმენტაციის 4.3. პუნქტში დადგენილი პირობის დაცვით.
65. ხელშეკრულების სადავო პუნქტის განმარტებისას სააპელაციო პალატამ სწორად მიუთითა, რომ საქმის განხილვისას მოსარჩელის წარმომადგენელმა სარწმუნოდ ვერ დაასაბუთა, თუ რა საჭირო იყო ექვსთვიანი ვადის დაწესება, თუკი შემსყიდველს უფლება ჰქონდა ერთიანი შესრულება მოეთხოვა. შემსყიდველმა ვერ დაადასტურა, თუ რატომ იყო მნიშვნელოვანი აპრილში ერთიანი შესრულების მოთხოვნა მაშინ, როდესაც ხელშეკრულება ვადაში რჩებოდა კიდევ ექვსი თვით. ამდენად, სადავო შეთანხმების მოსარჩელის პოზიციის გათვალისწინებით განმარტება ეწინააღმდეგება მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულებისა და სატენდერო დოკუმენტაციის პირობების ლოგიკურ შეფასებას, ასევე, არ შეესაბამიება მხარეთა კეთილსინდისიერებისა და გულისხმიერების პრინციპს, მით უფრო, როდესაც შესყიდვის ობიექტს წარმოადგენდა ზამთრის საბურავები და მათი მოხმარება უნდა მომხდარიყო 2019-2020 ზამთრის სეზონზე.
66. სააპელაციო პალატის მიერ დადგენილია რომ მოპასუხემ მხარეთა შეთანხმება ნაწილობრივ დაარღვია, კერძოდ, მან პირველი მიწოდება განახორციელა 6-დღიანი ვადაგადაცილებით, ასევე ვალდებულების დარღვევას წარმოადგენს ის გარემოება, რომ მოპასუხემ საქონლის მიწოდება განახორციელა მის მიერვე შეთავაზებული პირობის - იგულისხმება საქონლის ორ ეტაპად მიწოდების პირობა, დარღვევით და მიწოდება განახორციელა არა ორ, არამედ სამ ეტაპად. ამასთან, მესამე მიწოდება განხორციელებულია მის მიერვე დათქმული ვადის - 2019 წლის პირველ ივლისამდე პერიოდის დარღვევით (ბოლო მიწოდება განხორციელებულია 2019 წლის 5 აგვისტოს).
67. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია სსკ-ის 417-ე მუხლი (პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის).
68. ამ ტიპის სარჩელის წარმატებულობა, ბუნებრივია, უნდა შემოწმდეს მისი დამფუძნებელი ნორმის/ნორმების წინაპირობებთან მიმართებაში, რაც იმას ნიშნავს, რომ უპირველესად, სასამართლომ სწორად უნდა განსაზღვროს მოთხოვნის მარეგულირებელი სამართლებრივი საფუძველი - კანონის ნორმა, გამოარკვიოს სარჩელში მითითებული ფაქტების შესაბამისობა დამფუძნებელი ნორმის აბსტრაქტულ ელემენტებთან (ფორმალური გამართულობა), დადებითი პასუხის შემთხვევაში, სარჩელსა და შესაგებელში გამოთქმული პოზიციების ურთიერთშეჯერებით გამოარკვიოს სადავო და უდავო ფაქტობრივი გარემოებები (მტკიცების საგანი) და გაანაწილოს მხარეთა შორის მტკიცების საგანში შემავალი ფაქტების დადასტურების ტვირთი (მტკიცების ტვირთი).
69. განსახილველ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე საკასაციო პალატა საჭიროდ მიიჩნევს ყურადღება გაამახვილოს პირგასამტეხლოს თავისებურებაზე.
70. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსი აღიარებს და ეფუძნება „pacta sunt servanda-ს“ (ხელშეკრულება უნდა შესრულდეს) პრინციპს, რომლის თანახმად ხელშეკრულების მხარემ, რომელმაც იკისრა ვალდებულება, უნდა შეასრულოს ხელშეკრულებით მისივე ნებით შეთანხმებული უფლება-მოვალეობები. სსკ-ის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამ მოთხოვნათა შეუსრულებლობა ვალდებულების დარღვევაა. სამოქალაქო კანონმდებლობა ვალდებულების დარღვევის პრევენციისათვის ითვალისწინებს მოთხოვნის უზრუნველყოფის სანივთო და ვალდებულებით სამართლებრივ საშუალებებს, რომლებიც ვალდებულების შესრულებას ემსახურებიან და რომელთა შერჩევა მხარეთა ნებაზეა დამოკიდებული. ასეთ საშუალებათა რიგს განეკუთვნება ვალდებულების უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება პირგასამტეხლო (შდრ. სუსგ №ას-1079-2019, 30 სექტემბერი, 2019).
71. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია ვალდებულების დარღვევასთან. პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება – ამ ვალდებულების შესრულებამდე. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა (შდრ. სუსგ№ას-1451-1371-2017, 13 ნოემბერი, 2018; №ას-848-814-2016, 28 დეკემბერი, 2016).
72. ქართულ კანონმდებლობაში პირგასამტეხლოს ორმაგი ფუნქცია გააჩნია: ერთი მხრივ, მას ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველსაყოფად პრევენციული დატვირთვა აქვს ანუ, პირგასამტეხლოს დაკისრების რისკი ფსიქოლოგიურად ზემოქმედებს ვალდებულ პირზე და აიძულებს ვალდებულება ჯეროვნად შეასრულოს. პირგასამტეხლოს ფსიქოლოგიური ზემოქმედების ეფექტი სწორედ იმაში ვლინდება, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ვალდებულ პირს რეპრესიული ხასიათის სანქცია ეკისრება. პირგასამტეხლოს მეორე ფუნქცია განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაში მდგომარეობს. იგი ერთგვარ სანქციასაც წარმოადგენს. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად (შდრ. სუსგ№ას-428-428-2018, 13 ივლისი, 2018; №ას-1158-1104-2014, 06.05.2015; №ას-1265-1187-2015, 10.02.2016).
73. საკასაციო პალატამ არაერთ გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ: „პირგასამტეხლოს მიზანია ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვალდებულების დარღვევის თავიდან აცილება, ხოლო ვალდებულების დარღვევის პირობებში ე.წ „პრეზუმირებული მინიმალური ზიანის“ ანაზღაურების უზრუნველყოფა, რაც, რაღა თქმა უნდა, არ წარმოადგენს ფაქტობრივი ზიანის ეკვივალენტ ფულად თანხას და არც ფაქტობრივად დამდგარი ზიანის ანაზღაურებას ემსახურება“ (შეადრ: სუსგ №ას-1597-2019, 13 დეკემბერი, 2019 წელი).
74. პირგასამტეხლოს მოთხოვნა დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ვალდებულების დარვევის როგორც იდენტიფიცირება, ისე მისი დადგენაა შესაძლებელი, ხოლო ასეთი მოთხოვნის დაყენება კი არ უნდა მოდიოდეს შეუსაბამობაში საკანონმდებლო დანაწესებთან. პირგასამტეხლოს მოთხოვნის თვალსაზრისით ყურადსაღებია მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევის საკითხი. ვალდებულების დარღვევა შეიძლება გამოიხატოს როგორც ვალდებულების არაჯეროვნად შესრულებაში, ასევე ვალდებულების შეუსრულებლობაში. პირგასამტეხლოს დაკისრებისათვის ვალდებულების დარღვევა (შესურულებლობა ან არაჯეროვანი შესრულება) აუცილებლად მოვალის ბრალეულობით უნდა იქნეს გამოწვეული. თუ არ დადგინდება მოვალის ბრალი, მაშინ მის მიმართ პირგასამტეხლოს დაკისრების მოთხოვნასაც არ ექნება სამართლებრივი საფუძველი (იხ. სერგი ჯორბენაძე, საქართველოს სამოქალაქო კოდესის კომენტარი, წიგნი III, მუხლი 417, ველი 23-26). პირგასამტეხლოს დაკისრება ხდება ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში. შესაბამისად, პირგასამტეხლოს დაკისრება მოაზრებულია მხოლოდ ძირითადი ან/და დამატებითი ვალდებულების დარღვევისას (იხ. გიორგი ვაშაკიძე, სამოქალაქო კოდექსის გართულებულ ვალდებულებატა სისტემა, თბილისი, 2010, გვერდი. 232). მტკიცების ტვირთის განაწილების მხრივ კრედიტორმა უნდა ამტკიცოს ვალდებულების დარღვევა და პირგასამტეხლოს ტაობაზე წერილობითი შეთანხმების არსებობა, ხოლო მოვალის მტკიცების ტვირთს წარმოადგენს ვალდებულების ჯეროვანი შესრულება ან მისი ბრალეულობის გამორიცხვა (იხ. ქეთევან მესხიშვილი, კერძო სამართლის აქტუალური საკითხები, ტომი I, თბილისი, 2020, გვერდი 93).
75. საკასაციო პალატა დოქტრინასა და სასამართლო პრაქტიკაზე დაყრდნობით განმარტავს, რომ პირგასამტეხლოზე უფლება აქცესორული უფლებაა. ეს იმას ნიშნავს, რომ არ არსებობს პირგასამტეხლო ძირითადი უფლების გარეშე. პირგასამტეხლო ძირითადი უფლების სამსახურშია. ამიტომაც დაუშვებელია პირგასამტეხლოს მოთხოვნის განხორციელება ძირითადი უფლების გარეშე (იხ. ქეთევან მესხიშვილი, კერძო სამართლის აქტუალური საკითხები, ტომი I, თბილისი, 2020, გვერდი 89).პირგასამტეხლო დამატებითი (აქცესორული) ვალდებულებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი წარმოშობა და ნამდვილობა ძირითადი ვალდებულების არსებობაზეა დამოკიდებული (იხ: ირაკლი რობაქიძე, სახელშეკრულებო სამართალი, გამომცემლობა „მერიდიანი“, 2014წ., გვ. 590).
76. პირგასამტეხლოს აქცესორული ბუნება განაპირობებს იმ ფაქტსაც, რომ მისი დაკისრების წინაპირობას წარმოადგენს მოვალის მიერ ვალდებულების ბრალეულად დარღვევა. პირგასამტეხლო უსაგნო იქნება, როცა მოვალის ბრალის გარეშე ვალდებულება ვერ შესრულდება ან ხელშეკრულება გაუქმდება. პირგასამტეხლოთი ვალდებულების უზრუნველყოფა სულაც არ ცვლის პასუხისმგებლობის საერთო საფუძველს. ამიტომაცაა, რომ თუკი ძირითადი ვალდებულების შეუსრულებლობისათვის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის მოვალეს არ ეკისრება პასუხისმგებლობა, მაშინ მას არც პირგასამტეხლოს გადახდა დაეკისრება (იხ. ლადო ჭანტურია, საქართველოს სამოქლქო კოდექსის კომენტარი, წიგნი მესამე, მუხლი 417, თბილისი, 2001, გვ. 489-490; ქეთევან მესხიშვილი, კერძო სამართლის აქტუალური საკითხები, ტომი I, თბილისი, 2020, გვერდი 89; სუსგ 31 მაისი, 2022 წ. საქმე №ას-1006-2021, პ.17).
77. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოპასუხემ მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების პირობა დაარღვია და მას წარმოეშვა პირგასამტეხლოს გადახდის მოვალეობა (იხ. წინამდებარე განჩინების პპ.37-39). საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი არ შეიცავს რაიმე პრეტენზიას სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილად მიჩნეულ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით. კასატორი სადავოდ ხდის მხოლოდ სასამართლოს მიერ სსკ-ის 420-ე მუხლის გამოყენების მართებულობას. შესაბამისად, საკასაციო პალატა გასაჩივრებული განჩინების დასაბუთებულობას შეაფასებს მხოლოდ სამართლებრივი თვალსაზრისით, კერძოდ, რამდენად არსებობდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შემცირების კანონით გათვალისწინებული წინაპირობა.
78. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სსკ-ის 420-ე მუხლის მიხედვით, პირგასამტეხლოს შემცირების უფლება სასამართლოს აქვს მინიჭებული. ეს ის იშვიათი გამონაკლისთაგანია, როდესაც კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს, თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება (იხ. ს.ჯორბენაძე, სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი III, 2019 წელი, გვ. 800). კანონის სიტყვასიტყვითი განმარტების შედეგად, მაღალი პირგასამტეხლო არ მცირდება. შემცირებას მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო ექვემდებარება. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. ამასთან, შეფასების მიზნებისათვის მხედველობაში მიიღება პირგასამტეხლოს აშკარა შეუსაბამობა ვალდებულების დარღვევის შედეგებთან, რაც შეიძლება გამომდინარეობდეს პირგასამტეხლოს განსაკუთრებით მაღალი პროცენტიდან, ზიანის უმნიშვნელო ოდენობიდან, და ა.შ. მნიშვნელობა ენიჭება ნაკისრი ვალდებულების დარღვევაში მოვალის ბრალის ხარისხსაც, აგრეთვე გასათვალისწინებელია მოვალის ეკონომიკური მდგომარეობა. თუ მოსამართლე მივა იმ დასკვნამდე, რომ პირგასამტეხლოს ოდენობა შეუსაბამოდ მაღალია, იგი შეამცირებს მას იმ ოდენობამდე, რომელსაც ვალდებულების დარღვევის თანაზომიერად და სამართლიანად მიიჩნევს (შდრ. ირაკლი რობაქიძე, სახელშეკრულებო სამართალი, თანაავტორობით, თბილისი, 2014, გვ. 604, 605.).
79. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს შემცირება არ გულისხმობს მის გაუქმებას. პირგასამტეხლოს შემცირების საფუძველია, ერთი მხრივ, ის, რომ კრედიტორი პირგასამტეხლოს მიღებით არ გამდიდრდეს და მოვალეს არ დააწვეს მძიმე ტვირთად პირგასამტეხლოს გადახდა, (შესაბამისად, პირგასამტეხლო არ იქცეს ერთგვარ სადამსჯელო ღონისძიებად), ხოლო მეორე მხრივ კი, – პირგასამტეხლო იყოს ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, საპირწონე და გონივრული. აღნიშნულში მოიაზრება სახელშეკრულებო თანასწორობისა და სამართლიანობის პრინციპის დაცვით პირგასამტეხლოს გონივრულ ოდენობამდე შემცირება. აღსანიშნავია, რომ პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრა სასამართლოს მიერ, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში გარემოებათა ყოველმხრივი შეფასების შედეგად დგინდება და რაიმე განსხვავებული სტანდარტი, რომელიც განაზოგადებს პირგასამტეხლოს მათემატიკურ მაჩვენებელს სასამართლო პრაქტიკით არ არის დადგენილი. სასამართლომ უნდა დაიცვას ის სამართლიანი ბალანსი, რომელიც სამოქალაქო-სამართლებრივი ვალდებულების დარღვევას მოჰყვა.
80. იმისათვის, რომ სასამართლომ შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, კრედიტორის მოთხოვნა პირგასამტეხლოს გადახდაზე წარმოშობილი უნდა იყოს, ე.ი. ძირითადი ვალდებულება უნდა იქნეს დარღვეული. პირგასამტეხლოს შემცირება მის წარმოშობამდე ანუ ძირიადი ვალდებულების დარღვევამდე, დაუშვებელია (შდრ. Friesecke, in Palandt, BGB Komm., 78 Aufl., 2018., §343, Rn.5). სწორედ დარღვევის მომენტიდან ეკისრება მოვალეს პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება და სწორედ ამ მომენტიდან ხდება იგი შესასრულებლად მძიმე ან შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. გარდა ამისა, სსკ-ის 420-ე მუხლის გამოყენებისათვის აუცილებელ წინაპირობად გვევლინება ის გარემოება, რომ პირგასამტეხლო არ უნდა იყოს უკვე გადახდილი მოვალის მიერ. უკვე გადახდილი პირგასამტეხლოს შემცირება სასამართლოს მიერ, გამორიცხულია. აღნიშნული დასკვნის საფუძველს წარმოადგენს ის გარემოება, რომ მოვალის მხრიდან პირგასამტეხლოს შემცირების მოთხოვნას ეფუძნება სწორედ იმას, რომ დაკისრებული პირგასამტეხლო შესასრულებლად მძიმეა მოვალისათვის. იმ შემთხვევაში კი, როდესაც მოვალე ნებაყოფლობით იხდის პირგასამტეხლოს, ამ გადახდით იგი ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ პირგასამტეხლო მას შეუსაბამოდ მაღლად არ მიაჩნია (შდრ. სუსგ №ას-1527-2018, 31 იანვარი, 2019 წელი).
81. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სსკ-ის 420-ე მუხლის დანაწესი იმპერატიულია, შესაბამისად, მხარეებს არ გააჩნიათ უფლებამოსილება, თავიანთი შეთანხმებით გამორიცხონ იგი. სსკ-ის 420-ე მუხლით გათვალისწინებული მოწესრიგება, არ გამოიყენება კანონით გათვალისწინებულ პირგასამტეხლოსთან მიმართებით.
82. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სასამართლო პირგასამტეხლოს შემცირების თაობაზე, მოპასუხის მიერ დაყენებული მოთხოვნის საფუძველზე მსჯელობს. ასეთი მოთხოვნა შეიძლება მითითებული იქნეს, როგორც შესაგებელში, ასევე პირველ ინსტანციაში საქმის მომზადების დამთავრებამდე მოპასუხის მიერ აღძრულ შუამდგომლობაში. ცალკეულ შემთხვევებში ასეთი მოთხოვნის დაყენება სარჩელითაცაა შესაძლებელი, მაგალითად, ნოტარიუსის მიერ გაცემულ სააღსრულებო ფურცელში ცვლილებების შეტანა (პირგასამტეხლოს გონივრულ ოდენობამდე შემცირება). პირგასამტეხლოს შემცირების თაობაზე მოთხოვნის დაყენებასთან ერთად, მხარემ უნდა დაასაბუთოს, რას ეფუძნება ასეთი მოთხოვნა, ანუ მტკიცების ტვირთი პირგასამტეხლოს გონივრულ ოდენობამდე შემცირების თაობაზე, ეკისრება ვალდებულ პირს (მოვალეს) (იხ. სუსგ №ას-888-2020, 10 დეკემბერი, 2020).
83. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ხელშეკრულების თავისუფლება მოიცავს ისეთ ორ ძირითად პრინციპს, როგორიცაა ხელშეკრულების დადების თავისუფლება და ხელშეკრულების შინაარსის თავისუფლება. ხელშეკრულების შინაარსის თავისუფლება შეიძლება შეიზღუდოს იმპერატიული ხასიათის ნორმებით. იმპერატიული ხასიათის ნორმები ორ ძირითად მიზანს ემსახურება: ა) მხარეთა მიერ განსაზღვრული პირობები შეიძლება ჩაითვალოს ბათილად, თუ მათი შინაარსი ეწინააღმდეგება სამართლებრივ მართლწესრიგს: ბ) იმპერატიული ნორმები აწესებენ გარკვეულ შეზღუდვებს და უზრუნველყოფენ, რომ ხელშეკრულების დადება კანონის მოთხოვნათა დაცვით განხორციელდეს.
84. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ზოგჯერ თავად ნორმის მიზნიდან გამომდინარე დგინდება მისი იმპერატიული ხასიათი. ნორმისათვის გვერდის ავლას, სწორედ ამ ნორმის მიზანი შეიძლება კრძალავდეს. მაგალითის სახით გამოდგება სსკ-ის 420-ე მუხლი, რომლის თანახმად, „სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო“. აღნიშნული ნორმა იმპერატიულად განსაზღვრავს, რომ აუცილებელია მხარეები გონივრული ოდენობის პირგასამტეხლოზე შეთანხმდნენ.
85. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ვინაიდან მხარეები თავისუფალნი არიან პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრაში, შესაძლებელია ისინი იმ ოდენობის პირგასამტეხლოზე შეთანხმდნენ, რისი გადახდევინებაც შემდგომ მძიმე ტვირთად დააწვება მოვალეს. სასამართლო ასეთ შემთხვევაში ახდენს პირგასამტეხლოს „სამართლიან“ შემცირებას ანუ სასამართლოს ამოცანაა მხარეები დაიცვას უსამართლო და სამოქალაქო ბრუნვისათვის მიუღებელი ტვირთისაგან, ვინაიდან ხელშეკრულების დადებისას მხარეები ყოველთვის ვერ საზღვრავენ მათი თავისუფალი ნების მოსალოდნელ სამართლებრივ შედეგებს, შესაბამისად, სსკ-ის 420-ე მუხლი შესაძლებლობას აძლევს სასამართლოს, საქმის გარემოებების გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო მხარეთა მიერ გამოვლენილი ნების მიუხედავად, რადგან პირგასამტეხლოს უმთავრესი მიზანი კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენაა და არა მისი უსაფუძვლო გამდიდრება მოვალის ხარჯზე.
86. ამდენად, კანონმდებელმა დააწესა მექანიზმი, რომელიც სასამართლოს აღჭურვავს უფლებამოსილებით, დააკორექტიროს პირგასამტეხლოს ოდენობა და დაიყვანოს იგი სამართლიან და გონივრულ მოცულობამდე იმ შემთხვევაში, როდესაც პირგასამტეხლოს ოდენობა გონივრულ და სამართლიან ფარგლებს სცდება. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლოს მხრიდან მხარეთა თავისუფალი ნების გამოვლენით მიღწეულ შეთანხმებაში ჩარევის კანონისმიერ საფუძველს წარმოადგენს სასამართლოსათვის დაკისრებული ერთგვარი საჯარო წესრიგის უზრუნველმყოფელი ვალდებულება. (იხ. სუსგ-ები: №ას-708-678-2016, 27 იანვარი, 2017 წელი; №ას-708-662-2017, 11.01.2017 წელი;).
87. როგორც ვალდებულების დარღვევის მნიშვნელობა, სახელშეკრულებო ინტერესის შინაარსისა და ფარგლების განმარტება და დადგენილ პირგასამტეხლოს ოდენობასთან მისი ადეკვატურობა (კრედიტორის მტკიცების ტვირთი), ისე ვალდებულების დარღვევის ხარისხის შეუსაბამობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან (მოვალის მტკიცების ტვირთი), არის უმნიშვნელოვანესი შეფასებითი კატეგორიები, რომელზეც თავად მხარეებმა უნდა შეუქმნან მოსამართლეს დასაბუთებული წარმოდგენა და მიანიჭონ მას მხარეთა ნების განმარტების შესაძლებლობა (იხ: ნათია ჩიტაშვილი, პირგასამტეხლოსა და ზიანის მოთხოვნათა სახელშეკრულებო ინტერესის უზრუნველმყოფი ფუნქცია. შედარებითი სამართლის ჟურნალი 2/2020, გვ.17; ასევე იხ.: სუსგ №ას-827-2021, 03.12.2021წ.).
88. პირგასამტეხლოს შემცირების საფუძველია, ერთი მხრივ, ის რომ კრედიტორი პირგასამტეხლოს მიღებით არ გამდიდრდეს და მოვალეს არ დააწვეს მძიმე ტვირთად პირგასამტეხლოს გადახდა (შესაბამისად, პირგასამტეხლო არ იქცეს ერთგვარ სადამსჯელო ღონისძიებად), ხოლო მეორე მხრივ კი – პირგასამტეხლო იყოს ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, საპირწონე და გონივრული. აღნიშნულში მოიაზრება სახელშეკრულებო თანასწორობისა და სამართლიანობის პრინციპის დაცვით პირგასამტეხლოს გონივრულ ოდენობამდე შემცირება (შდრ: სუსგ №ას-186-2021, 25.03.2021წ.; სუსგ №ას-535-2021, 29.10.2021წ).
89. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ პირგასამტეხლო, უპირველესად, კრედიტორის ინტერესების უზრუნველმყოფი საკანონმდებლო მექანიზმია, რომელიც კრედიტორის სახელშეკრულებო რისკებს ამცირებს, თუმცა იმისთვის, რომ თავიდან იქნეს აცილებული კრედიტორის მხრიდან ამ ინსტიტუტის ფარგლებში უფლების ბოროტად გამოყენება, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში შესაფასებელი და ამავდროულად დასაცავი ღირებულებაა სახელშეკრულებო წონასწორობა/ბალანსი, ერთი მხრივ, პირგასამტეხლოს, როგორც სახელშეკრულებო თავისუფლების გამოხატულებას და, მეორე მხრივ, მოვალის დაცვას, როგორც ამ თავისუფლების ლეგიტიმურ შეზღუდვას შორის. ამდენად, პირგასამტეხლოს იურიდიული ძალა მხოლოდ მაშინ აქვს, თუ ის ამავდროულად უზრუნველყოფს მოვალის გონივრული ფარგლებით დაცვას (შდრ: სუსგ №ას-1336-2019, 30 მარტი, 2022; №ას-1928-2018, 31 ოქტომბერი, 2019 წ.).
90. საკასაციო პალატა კასატორის პრეტენზიასთან დაკავშირებით განმარტავს, რომ საკანონმდებლო მოწესრიგებას საფუძვლად უდევს კონკრეტული სოციალური პროცესების მართვის სამართლებრივ-პოლიტიკური მოდელი ანუ, როდესაც კანონმდებელი განსაზღვრულ ქცევას სავალდებულოდ ადგენს, ამით მას სურს განსაზღვრული მიზნების მიღწევა. ასეთ შემთხვევაში, კანონმდებელს მინიჭებული აქვს უფლებამოსილებები ერთი მხრივ, დასახული მიზნის მიღწევასთან, ხოლო მეორე მხრივ, ამ მიზნის მისაღწევად გამოსაყენებელი სამართლებრივი საშუალებების მიზანშეწონილობასთან დაკავშირებით. კანონის ინტერპრეტაცია უნდა ემსახურებოდეს ამ კანონის მიზანს. კანონის ცალკეული დებულებები გააზრებული უნდა იქნას სხვადასხვა დებულებათა ურთიერთდამოკიდებულებაში. კანონის ინტერპრეტაცია მთლიანობაში წარმოადგენს არგუმენტების შერჩევისა და გადაწყვეტილებების მიღების პროცესს, რომელიც ხშირად სხვადასხვა, ერთმანეთთან კონკურენციაში მყოფ მიზნებზე არის ორიენტირებული. სამართლებრივი გადაწყვეტილებები დამოკიდებულია კონკრეტულ სიტუაციებზე, რადგან განსხვავებულ, თუნდაც ტიპიურ სიტუაციებში, მიზნები და მათთან დაკავშირებული ინტერესები სხვადასხვა მოცულობითა და კონსტელაციაში გარკვეულ როლს თამაშობენ.
91. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სამართლიანობის მიღწევის გარდა, სამართლის ამოცანაა, უზრუნველყოს სამართლებრივი უსაფრთხოება და ინტერესთა ოპტიმალური და მიზანშეწონილი დაკმაყოფილება. ყოველივე ეს მიზანი გათვალისწინებულ უნდა იქნას კანონის ინტერპრეტაციისა და განვრცობის პროცესში. კანონის ინტერპრეტაცია სამართლიან მოწესრიგებასა და ოპტიმალურ დაკმაყოფილებას უნდა იწვევდეს.
92. საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს მოპასუხის შესაგებელზე, სადაც მოპასუხე მიუთითებს, მხარის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლო არის არაგონივრული და შეუსაბამოდ მაღალი (იხ. ს.ფ 80).
93. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. სსკ-ის მე-8 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილენი ვალდებულნი არიან კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლებები და მოვალეობანი. კეთილსინდისიერება გულისხმობს სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეთა მოქმედებას პასუხისმგებლობით, ერთმანეთის უფლებებისადმი პატივისცემით მოპყრობას.
94. საკასაციო პალატის მოსაზრებით, კეთილსინდისიერების პრინციპიდან გამომდინარე, ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილე მხარეთა თანამშრომლობა, მეორე მხარის ინტერესების გათვალისწინება, მეორე მხარის უფლებებისა და ქონებისადმი განსაკუთრებული გულისხმიერების გამოჩენა საჭიროა ამ ურთიერთობის ნორმალურად განვითარებისათვის. ასეთ შემთხვევაში, ორივე მხარე იქნება კმაყოფილი: კრედიტორი - ვალდებულების შესრულების მიღებით, ხოლო მოვალე - ვალდებულებისაგან გათავისუფლებით.
95. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ თანამედროვე ქართულ სამართლებრივ სივრცეში კეთილსინდისიერება მატერიალურ სამართლებრივ ნორმად გადაიქცა და სამართლიანობასა და თანასწორობაზე დამყარებულ სამართლებრივ სისტემაში გაერთიანდა, რითაც უფრო ვრცელი დატვირთვა შეიძინა. კეთილსინდისიერება ნიშნავს გულწრფელობას, სამართლიანობას, ვალდებულებების მიმართ პატიოსან დამოკიდებულებას. კეთილსინდისიერების ინსტიტუტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სამოქალაქო სამართლისათვის და იგი მთლიანად კერძო სამართლის უმთავრეს პრინციპს წარმოადგენს (შდრ: სუსგ №ას-1338-1376-2014, 29.06.2015წ.). სსკ-ის მე-8 მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს კერძოსამართლებრივი ურთიერთობის მონაწილეების ქცევის მასშტაბს - კეთილსინდისიერების ვალდებულებას, ინდივიდის მოქმედებას სამართლიანობის კრიტერიუმთან ურთიერთკავშირში (იხ: ლადო ჭანტურია, სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი I, თბილისი, 2017, მუხ.8, ველი 1, 10-12; დავით კერესელიძე, კერძო სამართლის უზოგადესი სისტემური ცნებები, თბილისი, 2009, გვ.83, 92-95).სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილენი ვალდებული არიან, კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლებები და მოვალეობები.
96. სახელშეკრულებო სამართალში შეიძლება გამოვყოთ კეთილსინდისიერების რამდენიმე ფუნქცია: 1) კანონისა და ხელშეკრულების ხარვეზის შევსება, რაც გულისხმობს მხარეთათვის დამატებით ვალდებულებების დადგენას, ანუ სახელშეკრულებო ვალდებულებების განვრცობას, გაფართოებას, შევსებას; 2) ხელშეკრულებიდან გამომდინარე უფლებების შეზღუდვა; 3) ხელშეკრულების კორექტირება; 4) ხელშეკრულების განმარტება. მოსამართლე ვალდებულია, გამოავლინოს და მხედველობაში მიიღოს ყველაფერი ის, რაც მხარეებმა არ გაამხილეს, მაგრამ ხელშეკრულების საბოლოო მიზნის გათვალისწინებით, მასში დაფიქსირებული უნდა ყოფილიყო, თუ ხარვეზიანი ადგილები მოწესრიგდებოდა სამართლიანობის პრინციპისა და საქმიანი ბრუნვის ჩვეულებათა შესატყვისად (იხ. ალექსანდრე იოსელიანი, კეთილსინდისიერების პრინციპი სახელშეკრულებო სამართალში (შედარებით-სამართლებრივი გამოკვლევა), ჟ. „ქართული სამართლის მიმოხილვა“, სპეციალური გამოცემა, თბ., 2007, 54).ამა თუ იმ ხელშეკრულებაში, შესაძლოა, არც კი იყოს ჩამოყალიბებული განსაზღვრულად ქცევის წესი, მაგრამ განსაზღვრული წესით ქცევის, განსაზღვრული მოქმედების შესრულების ვალდებულება კეთილსინდისიერების პრინციპის მოთხოვნებიდან გამომდინარეობდეს (იხ: ნინო ხუნაშვილი, კეთილსინდისიერების პრინციპი სახელშეკრულებო სამართალში, თბილისი, 2016, გვ.117,118).რაც შეეხება ე.წ. ხელშეკრულების კორექტირებას (მისადაგებას შეცვლილი გარემოებებისადმი), ანუ ხელშეკრულების ადაპტაციას, მან უნდა ასახოს მხარეთა ის ნება, რომელიც კონტრაჰენტებს ექნებოდათ შეცვლილი გარემოებების ხელშეკრულების დადების ეტაპზე ცოდნის შემთხვევაში (ვრცლად იხ.: ნათია ჩიტაშვილი, შეცვლილი გარემოებების გავლენა ვალდებულების შერულებაზე და მხარეთა შესაძლო მეორად მოთხოვნებზე (შედარებით ანალიზი), თბილისი, 2015).
97. საკასაციო პალატას მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო პალატამ მართებულად დაადგინა და შეაფასა საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებანი, მხარეთა მიერ გამოვლენილი ნება განმარტა სამოქალაქო სამართალში მოქმედი კეთილსინდისიერების პრინციპის გათვალისწინებით და მართლზომიერად შეამცირა მოპასუხის მიერ ვალდებულების დარღვევის საფუძველზე წარმოშობილი პირგასამტეხლო გონივრულ ოდენობამდე. ( შდრ: სუსგ №ას-390-2023, 18 მაისი, 2023 წ.).
98. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
99. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობაში მოდის.
100. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
101. ამავდროულად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან.
102. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზურაბ ძლიერიშვილი
მოსამართლეები: ეკატერინე გასიტაშვილი
მირანდა ერემაძე