საქმე №ა-4026-ბ-20-2022 14 ივნისი, 2023 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მირანდა ერემაძე, ზურაბ ძლიერიშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
განმცხადებელი – ქ.გ–უ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „U.S.H.“ (მოსარჩელე)
თავდაპირველი მოპასუხე - შპს „ე–ი“
განმცხადებლის მოთხოვნა - საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 14 დეკემბრის განჩინების ბათილად ცნობა და საქმის წარმოების განახლება
დავის საგანი _ ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. შპს „U.S.H.“-მა (შემდგომში - „მოსარჩელე“) სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „ე–ისა“ (შემდგომში - „პირველი მოპასუხე“) და ქ.გ–უს (შემდგომში - „მეორე მოპასუხე“, „კასატორი“ ან „განმცხადებელი“) მიმართ ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 25 მაისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მეორე მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 938 560,38 ლარის გადახდა; მოსარჩელის მოთხოვნა პირველი მოპასუხისათვის ზიანის ანაზღაურების სოლიდარულად დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
3. მეორე მოპასუხემ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე წარადგინა სააპელაციო საჩივარი, რომლითაც მისი ნაწილობრივ გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 18 მაისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
5. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მეორე მოპასუხემ წარადგინა საკასაციო საჩივარი, რომლითაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოში დაბრუნება მოითხოვა.
6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 14 დეკემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; გასაჩივრებული განჩინება დარჩა უცვლელად.
7. კასატორის წარმომადგენელმა 2022 წლის 22 ივლისს განცხადებით მომართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას და მოითხოვა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ზემოაღნიშნული განჩინების ბათილად ცნობა და საქმის წარმოების განახლება.
8. განცხადება ეფუძნება შემდეგ გარემოებებს:
8.1. საკასაციო სასამართლომ ისე გამოიტანა 14.12.2021წ. განჩინება, რომ პროცესის თაობაზე არ აცნობა და არ მოიწვია (მიუხედავად იმისა, რომ საქმე ზეპირი მოსმენის გარეშეა განხილული) კასატორი;
8.2. სასამართლომ მოცემული საქმის განხილვისას უხეშად დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი დანაწესები და უწყება ჩააბარა კასატორისთვის გაურკვეველ პირს, ვინმე ზ.ჩ–ძეს (რომლის სახელად საარჩევნო სიებში მითითებულია „ზ.“). აღნიშნული პიროვნება არ არის კასატორის სიმამრი, მას ეს პიროვნება არასოდეს უნახავს. კასატორს საქართველოში ოჯახის წევრები და ნათესავები არ ჰყავს;
8.3. სასამართლოსთვის ცნობილი იყო, რომ კასატორი არ არის საქართველოს მოქალაქე. საქმეში არაა წარდგენილი მინდობილობა ან რაიმე დოკუმენტი, რომელსაც კასატორი, როგორც საქართველოს მოქალაქე, ისე გასცემდა. ყველგან მიეთითება, რომ ის თურქეთის მოქალაქეა და არ ფლობს ქართულს ენას. მისი ბინადრობის მოწმობა გაუქმდა ვადის ამოწურვის გამო ჯერ კიდევ 2017-2018 წლებში. სასამართლომ კასატორისთვის უწყების გასაგზავნად გამოიყენა ბინადრობის დროინდელი მისამართი, თუმცა უწყება უნდა გაგზავნილიყო თურქეთში, მის საცხოვრებელ მისამართზე, რაც არაერთხელ არის საქმეში დაფიქსირებული;
8.4. სასამართლოს არც კასატორის წარმომადგენლისთვის უცნობებია, რომ 14.12.2021 წელს იმართებოდა საქმის განხილვა;
8.5. 04.12.2021 წელს ზ. ჩ–ძეს სასამართლო უწყება ჩაბარდა ბათუმში, ......, რომელიც რამდენიმე წლის წინ, დროებითი ბინადრობის მოწმობის ვადის ამოწურვამდე, საქართველოში კასატორის რეგისტრაციის მისამართს წარმოადგენდა;
8.6. როდესაც საკასაციო სასამართლო საქმეს იხილავდა კასატორის დასწრებისა და ინფორმირების გარეშე, უნდა გამოეყენებინა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის მე-71, მე-72, მე-8 ნაწილები.
9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 11 ნოემბრის განჩინებით მეორე მოპასუხის განცხადება მიჩნეულ იქნა დასაშვებად.
10. განმცხადებლის წარმომადგენელმა 2022 წლის 06 დეკემბერს კვლავ წარმოადგინა განცხადება და დამატებით განმარტა შემდეგი:
10.1. ვინაიდან ზ. ჩ–ძეს ჰყავს თურქეთის მოქალაქე სიძე, ფოსტის კურიერმა მის მიერ ჩაბარებულ უწყებას მიაწერა, თითქოს კასატორის სიმამრმა ჩაიბარა გზავნილი;
10.2. განმცხადებლის წარმომადგენელმა განცხადებას დაურთო ზ. ჩ–ძის 30.11.2022წ. ნოტარიულად დამოწმებული ხელწერილი. განმცხადებლის განმარტებით, ხელწერილით ეს უკანასკნელი აცხადებს, რომ ის არ იცნობს კასატორს, მას ჰყავს თურქი სიძე, ადნან ოზთურქი. სიტყვა სიმამრი უწყებაზე თავად არ მიუთითებია, აღნიშნული, სავარაუდოდ, ფოსტის კურიერმა მიაწერა უწყებას, მან უწყება შეცდომით ჩაიბარა;
10.3. კასატორისთვის ასევე არ ყოფილა ცნობილი, თუ რომელი მოსამართლეების მიერ იხილებოდა მისი საკასაციო საჩივარი. მიუხედავად საკასაციო სასამართლოში საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვისა, კასატორს ჰქონდა უფლება დაეყენებინა აცილება მოსამართლეების მიმართ, რითაც ვერ ისარგებლა. შესაბამისად, კასატორისთვის უწყების ჩაბარებულად ჩათვლა იყო არასწორი;
10.4. საქმეში წარდგენილია კასატორის მიერ გაცემული უამრავი მინდობილობა, სადაც მითითებულია მისი თურქეთის მისამართი, სადაც შეეძლო სასამართლოს უწყების გაგზავნა;
10.5. ვინაიდან კასატორის მიერ გაცემულ მინდობილობას ვადა გაუვიდა, სასამართლო ვალდებული იყო უცხო ქვეყანაში გაეგზავნა მისთვის უწყება და ეცნობებინა სასამართლოს შემადგენლობის შესახებ. სასამართლოს უნდა გამოეყენებინა სსსკ-ის 71-ე, 73.72 მუხლებით დადგენილი დანაწესი, რაც ითვალისწინებს უცხო ქვეყნის მოქალაქისათვის უწყების ჩაბარების ფორმატს, რაც არ გაკეთებულა;
10.6. განმცხადებლის წარმომადგენელმა განცხადებას ასევე დაურთო საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების სააგენტოს მიერ 21.11.2022წ. გაცემული N01/270436 და N01/266279 პასუხები, საიდანაც, მისი განმარტებით, დგინდება, რომ კასატორს ბინადრობის მოწმობა გააჩნდა მხოლოდ 2018 წლის 01 თებერვლამდე და, ბუნებრივია, მისი რეგისტრაცია ძალაში სწორედ ამ დრომდე იყო. შესაბამისად, უწყების ბათუმის მისამართზე გაგზავნა სასამართლოს მხრიდან არის უხეში დარღვევა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
11. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, განცხადების საფუძვლიანობა და მიიჩნევს, რომ განმცხადებლის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს.
12. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 421-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან განჩინებით დამთავრებული საქმის წარმოების განახლება დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როდესაც არსებობს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის (422-ე მუხლი) ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ (423-ე მუხლი) განცხადების წანამძღვრები.
13. მითითებული ნორმის მიხედვით, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან განჩინებით დამთავრებული საქმის წარმოების განახლება დასაშვებია მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში. საქმის წარმოების განახლება არ წარმოადგენს სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრების მორიგ ეტაპს და, შესაბამისად, გადაწყვეტილების კანონიერების შემოწმების დამატებით საპროცესო მექანიზმს, არამედ, იგი საგამონაკლისო წარმოების სახეა, როდესაც მართლმსაჯულების განხორციელებისას შესაძლო დაშვებული ხარვეზი უნდა აღმოიფხვრას.
14. ევროსასამართლოს პრეცედენტული სამართლით დადგენილია, რომ: „კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლება უნდა განიმარტოს კონვენციის პრეამბულის კონტექსტში, რომლის თანახმად, კანონის უზენაესობა უნდა წარმოადგენდეს მაღალ ხელშემკვრელ მხარეთა საერთო მემკვიდრეობას. კანონის უზენაესობის ერთ-ერთი ფუნდამენტური ასპექტი არის სამართლებრივი განსაზღვრულობის პრინციპი, რომლის თანახმად, სასამართლო თუ გადაწყვეტს საკითხს, მისი განჩინება არ უნდა დადგეს ეჭვქვეშ (Brumărescu v. Romania [GC], no. 28342/95, § 61, ECHR 1999 VII). ეს პრინციპი ნიშნავს, რომ არცერთ მხარეს არ უნდა ჰქონდეს საბოლოო და ძალაში შესული გადაწყვეტილების გადახედვის მოთხოვნის უფლება მხოლოდ იმიტომ, რომ მიაღწიოს საქმის ხელახლა მოსმენასა და ახალ გადაწყვეტილებას. უმაღლესი ინსტანციის სასამართლოების მიერ საქმის გადახედვა არ უნდა იქცეს შენიღბულ აპელაციად და საკითხზე ორი შეხედულების არსებობა არ წარმოადგენს საქმის გადასინჯვის საფუძველს. ამ პრინციპიდან გადახვევა დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამის აუცილებლობა გამოწვეულია არსებითი და გარდაუვალი ხასიათის გარემოებების წარმოშობით (იხ. Ryabykh, §52). საბოლოოდ, გადაწყვეტილი სამოქალაქო დავის განახლების პროცედურა კონვენციის მე-6 მუხლის მიზნებს ემსახურება, თუმცა იგი გამართლებულია, თუკი დადგინდება სწორად იქნა თუ არა პროცედურა განხორციელებული არსებული საქმის ფაქტებზე, ანუ სასამართლო უნდა დარწმუნდეს, რომ საქმის წარმოების განახლება არ ემსახურებოდა სხვა მიზნებს, გარდა იმისა, რომლის გამოც იგი გადაწყდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის შესაბამის დებულებებზე დაყრდნობით“ (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე „ჭიჭინაძე საქართველოს წინააღმდეგ“, განაცხადი №18156/05, 27.05.2010წ.).
15. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება დაინტერესებული პირის განცხადებით შეიძლება ბათილად იქნეს ცნობილი, თუ: ა) გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობდა მოსამართლე, რომელსაც კანონის თანახმად უფლება არ ჰქონდა, მონაწილეობა მიეღო ამ გადაწყვეტილების მიღებაში; ბ) ერთ-ერთი მხარე ან მისი კანონიერი წარმომადგენელი (თუ მას ასეთი წარმომადგენელი სჭირდება) არ იყო მოწვეული საქმის განხილვაზე; გ) პირი, რომლის უფლებებსა და კანონით გათვალისწინებულ ინტერესებს უშუალოდ ეხება მიღებული გადაწყვეტილება, არ იყო მოწვეული საქმის განხილვაზე; დ) სასამართლო უწყება ამ კოდექსის 71-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად ჩაბარებულად ჩაითვალა, თუმცა გამოუცხადებელი მოპასუხე სასამართლოს წინაშე აცხადებს, რომ მას ბრალის გარეშე არ ჰქონდა ინფორმაცია სასამართლო უწყების ან/და სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ, რის გამოც არ მიეცა შესაძლებლობა, წარედგინა შესაგებელი ან/და გაესაჩივრებინა სასამართლოს გადაწყვეტილება. ამ შემთხვევაში მოპასუხე თავის განცხადებაში წარმოადგენს პირველად პოზიციას საქმის არსებით გარემოებებთან დაკავშირებით.
16. განსახილველ შემთხვევაში, განმცხადებელი საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 14 დეკემბრის განჩინების ბათილად ცნობას ითხოვს ზემოაღნიშნული მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტზე დაყრდნობით. ამასთან, იგი განჩინების ბათილად ცნობის ფაქტობრივ საფუძვლად იმ გარემოებებზე მიუთითებს, რომ მისთვის უცნობი იყო როგორც საკასაციო საჩივრის განხილვის, ისე საკასაციო საჩივრის განმხილველი სასამართლოს კოლეგიური შემადგენლობის შესახებ, ვინაიდან აღნიშნულის თაობაზე შეტყობინება მას არ ჩაბარებია.
17. საკასაციო სასამართლო, უპირველეს ყოვლისა, აღნიშნავს, რომ განმცხადებლის მიერ საკასაციო სასამართლოს 14.12.2021წ. განჩინების ბათილად ცნობის საფუძვლად მითითებული ფაქტობრივი გარემოებები არ ქმნის საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის შემადგენლობას, ვინაიდან აღნიშნული სამართლებრივი ნორმით მოწესრიგებულია შემთხვევა, როდესაც პირი, რომლის უფლებებსა და კანონით გათვალისწინებულ ინტერესებს უშუალოდ ეხება მიღებული გადაწყვეტილება, საერთოდ არ ყოფილა საქმეში მონაწილე პირად მიწვეული, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია. კასატორი წინამდებარე საქმეში ერთ-ერთ მოპასუხეს წარმოადგენს, ხოლო განცხადებით სადავოა საკასაციო საჩივრის განხილვაზე ამ უკანასკნელის მიწვევის და არა ზოგადად საქმეში მონაწილეობის მიღების საკითხი.
18. წინამდებარე საქმეში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 16 ნოემბრის განჩინებით დადგინდა მეორე მოპასუხის საკასაციო საჩივრის განხილვა ზეპირი მოსმენის გარეშე საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის შემდეგი შემადგენლობით: ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი), მოსამართლეები: მირანდა ერემაძე, ალექსანდრე წულაძე. ამდენად, საკასაციო სასამართლოს კოლეგიურმა შემადგენლობამ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის [საკასაციო სასამართლოს შეუძლია გადაწყვეტილება გამოიტანოს საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე. სასამართლომ საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის შესახებ წინასწარ უნდა აცნობოს მხარეებს] მიხედვით, საკასაციო საჩივარი განიხილა ზეპირი მოსმენის გარეშე, რა დროსაც არ ხდება მხარეთა მიწვევა და საჩივრის მათი დასწრებით განხილვა. შესაბამისად, უსაფუძვლოა განმცხადებლის მითითება, რომ ის 14.12.2021წ. სასამართლო სხდომაზე სათანადო წესით მიწვეული არ ყოფილა.
19. კასატორს საკასაციო საჩივრის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვისა და საკასაციო საჩივრის განმხილველი სასამართლოს კოლეგიური შემადგენლობის შესახებ შეტყობინება გაეგზავნა შემდეგ მისამართზე: ქ. ბათუმი, ......... (იხ. ტ. VI, ს.ფ. 156). ფოსტის უკუგზავნილიდან ირკვევა, რომ შეტყობინება 2021 წლის 04 დეკემბერს ჩაბარდა კასატორის სიმამრს - ზ.ჩ–ძეს (იხ. ტ. VI, ს.ფ. 158). განმცხადებელი სადავოდ ხდის მისთვის შეტყობინების კანონით დადგენილი წესით ჩაბარების ფაქტს. კერძოდ, მისი განმარტებით, პიროვნება, რომელმაც მისთვის განკუთვნილი გზავნილი (შეტყობინება) ჩაიბარა, მისი სიმამრი არ არის და მას არ იცნობს. განმცხადებელს საქართველოში ოჯახის წევრები და ნათესავები არ ჰყავს. ზემოაღნიშნული მისამართი დროებითი ბინადრობის მოწმობის ვადის ამოწურვამდე, 2018 წლის 01 თებერვლამდე, მხოლოდ მისი რეგისტრაციის მისამართს წარმოადგენდა. იგი ცხოვრობს თურქეთში და სასამართლოს შეტყობინება უნდა გაეგზავნა თურქეთში, მის საცხოვრებელ მისამართზე, რომელიც საქმეშია მითითებული.
20. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს განმცხადებლის ზემოაღნიშნულ მითითებებს და განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს, ხოლო ჩაბარების განსხვავებულ, გონივრულ წესზე მხარეთა შეთანხმების არსებობის შემთხვევაში − ამ შეთანხმებით გათვალისწინებული წესით. იმავე კოდექსის 71-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო უწყება ადრესატს ბარდება მხარის მიერ მითითებული ძირითადი მისამართის (ფაქტობრივი ადგილსამყოფელის), ალტერნატიული მისამართის, სამუშაო ადგილის, სასამართლოსთვის ცნობილი სხვა მისამართის ან მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესის მიხედვით. ხოლო, აღნიშნული კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე ქმედუნარიან წევრს, ხოლო თუ უწყება ბარდება სამუშაო ადგილის მიხედვით – სამუშაო ადგილის ადმინისტრაციას, ამ კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილით დადგენილი წესით, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ისინი განსახილველ საქმეში მონაწილეობენ, როგორც მოწინააღმდეგე მხარეები. უწყების მიმღები ვალდებულია უწყების მეორე ეგზემპლარზე აღნიშნოს თავისი სახელი და გვარი, ადრესატთან დამოკიდებულება და დაკავებული თანამდებობა. უწყების მიმღები ასევე ვალდებულია უწყება დაუყოვნებლივ ჩააბაროს ადრესატს. უწყების ამ ნაწილით გათვალისწინებული პირისათვის ჩაბარება ჩაითვლება უწყების ადრესატისათვის ჩაბარებად, რაც დასტურდება უწყების მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით.
21. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო საჩივრის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვისა და საკასაციო საჩივრის განმხილველი სასამართლოს კოლეგიური შემადგენლობის შესახებ შეტყობინება კასატორს გაეგზავნა საქმეში არსებულ, სასამართლოსთვის ცნობილ მის უკანასკნელ მისამართზე. კერძოდ, კასატორის წარმომადგენლის, ხ.გ–ის მიერ საქმეში 06.12.2018წ. წარდგენილ განცხადებას ერთვის კასატორის მიერ 20.07.2018წ. გაცემული მინდობილობა (სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის ნომერი N180864123), სადაც ამ უკანასკნელის ფაქტობრივ საცხოვრებელ მისამართად მითითებულია: ქ. ბათუმი, .......... (მინდობილობის ქართულ ვერსიაში მითითებულია „.........“ ქუჩა, ხოლო თურქულ ვერსიაში „ი.ნ–ის“ ქუჩა)(იხ. ტ. V, ს.ფ. 357-366). საქმეშია ასევე იმავე პერიოდში, 23.05.2018 წელს სხვა საქმეზე წარდგენილი შესაგებელი (საქმე N2/10515-18), სადაც კასატორს მის ძირითად მისამართად (ფაქტობრივ ადგილსამყოფელად) იგივე მისამართი აქვს მითითებული (იხ. ტ. V, ს.ფ. 34127). ამასთან, მას საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 76-ე მუხლის [მხარეები და მათი წარმომადგენლები მოვალენი არიან აცნობონ სასამართლოს საქმის წარმოების განმავლობაში თავიანთი მისამართის შეცვლის შესახებ. ასეთი ცნობის უქონლობისას უწყება გაიგზავნება სასამართლოსათვის ცნობილ უკანასკნელ მისამართზე და ჩაბარებულად ითვლება, თუნდაც ადრესატი ამ მისამართზე აღარ ცხოვრობდეს] შესაბამისად, საქმის წარმოების განმავლობაში სასამართლოსთვის მისამართის ცვლილების შესახებ არ უცნობებია.
22. განმცხადებელმა ვერ წარმოადგინა სათანადო მტკიცებულებები, რომლებიც სასამართლოს დაარწმუნებდა, რომ მისთვის (კასატორისთვის) გაგზავნილი გზავნილის (შეტყობინების) მიმღებ პირს - ზ. ჩ–ძეს არ ჰქონდა მისი ჩაბარების უფლებამოსილება. იმ პირობებში, როდესაც, ერთი მხრივ, განმცხადებელი არ უარყოფს ზემოაღნიშნულ მისამართზე რეგისტრაციის ფაქტს, ხოლო, მეორე მხრივ, ამ მისამართს თავად უთითებს მის საცხოვრებელ მისამართად, ასეთად ვერ მიიჩნევა მხოლოდ ზ. ჩ–ძის ნოტარიულად დამოწმებული ახსნა-განმარტება (იხ. ტ. VI, ს.ფ. 305). აღნიშნულთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო ასევე ყურადღებას მიაქცევს მოწინააღმდეგე მხარის მიერ საქმეში წარმოდგენილ განჩინებას (საქმე N2/34300-18; მოსარჩელე - კ.ჟ–ნი, გ.ჟ–ნი, მოპასუხე - განმცხადებელი; 14.02.2018წ.) (იხ. ტ. VI, ს.ფ. 295-298), სადაც სასამართლო უთითებს, რომ კასატორისათვის (იმ საქმეში მოპასუხე) სარჩელში მითითებულ ალტერნატიულ მისამართზე: ბათუმი, ........., გაგზავნილი სარჩელი და თანდართული მასალები ადრესატის სიდედრმა ჩაიბარა. ეს გარემოებები ერთობლიობაში საფუძველს აცლის განმცხადებლის მტკიცებას, რომ აღნიშნულ მისამართზე სასამართლო უწყების ჩაბარება კანონით გათვალისწინებული წესით უწყების ჩაბარებას არ წარმოადგენს.
23. რაც შეეხება განმცხადებლის მითითებას, რომ სასამართლოს შეტყობინება უნდა გაეგზავნა თურქეთში, კასატორის მიერ მითითებულ მისამართზე, სასამართლო აღნიშნავს, რომ კასატორს მის ძირითად მისამართად (ფაქტობრივი ადგილსამყოფელი) თურქეთის მისამართი მითითებული აქვს საკასაციო საჩივარში (იხ. ტ. IV, ს.ფ. 550) და დაზუსტებულ საკასაციო საჩივარში (იხ. ტ. V, ს.ფ. 15), თუმცა არასრულად. კერძოდ, საკასაციო საჩივარში მის ძირითად მისამართად მითითებულია - „თურქეთი“, ხოლო დაზუსტებულ საკასაციო საჩივარში - „თურქეთი, ქალაქი ორდუ“. საქმეშია ასევე კასატორის მიერ 10.11.2014წ. გაცემული მინდობილობა (სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის ნომერი N141232214), სადაც მის ფაქტობრივ მისამართად მითითებულია: თურქეთის რესპუბლიკა, ქ. ხოფა, .......... (იხ. ტ. II, ს.ფ. 309-317), თუმცა აღსანიშნავია, რომ საკასაციო სასამართლოს 2021 წლის 14 დეკემბრის განჩინება კასატორს სწორედ ამ მისამართზე გაეგზავნა, მაგრამ გზავნილი ადრესატს ვერ ჩაბარდა არასრული მისამართის გამო (იხ. ტ. VI, ს.ფ. 194, 215). კასატორის სხვა მისამართი თურქეთის რესპუბლიკაში სასამართლოსთვის ცნობილი არ ყოფილა.
24. გარდა ამისა, საკასაციო სასამართლო მნიშვნელოვნად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ საქმეში არსებული მინდობილობა, სადაც კასატორის ფაქტობრივ საცხოვრებელ მისამართად მითითებულია ქ. ბათუმი, .........., გაცემულია 20.07.2018 წელს, ხოლო მეორე მინდობილობა, არასრული თურქული მისამართით, რამდენიმე წლით ადრე, 2014 წელს. შესაბამისად, 2018 წლის მინდობილობაში მითითებული მხარის მისამართი სასამართლოსათვის ცნობილ მის უკანასკნელ მისამართს წარმოადგენს.
25. საკასაციო სასამართლო დამატებით ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებასაც, რომ მიუხედავად 2018 წლის 01 თებერვალს ბინადრობის მოწმობის ვადის ამოწურვისა (რასაც თავად განმცხადებელი იმის დამადასტურებელ ერთ-ერთ მთავარ არგუმენტად იყენებს, რომ შეტყობინების გაგზავნის დროისათვის იგი ბათუმში არ ცხოვრობდა), კასატორის მიერ 20.07.2018 წელს გაცემულ მინდობილობაში, ასევე, სხვა საქმეში 23.05.2018 წელს წარდგენილ შესაგებელში, იგი მის ფაქტობრივ ადგილსამყოფელად სწორედ ბათუმის მისამართს უთითებდა. აღნიშნული წინააღმდეგობაში მოდის განმცხადებლის განმარტებებთან, რომ ბინადრობის ვადის ამოწურვის შემდეგ იგი ამ მისამართზე აღარ ცხოვრობდა.
26. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო დაუსაბუთებლად მიიჩნევს განმცხადებლის პრეტენზიებს და თვლის, რომ კასატორს კანონით დადგენილი წესით ეცნობა საკასაციო საჩივრის განხილვისა და მისი განმხილველი სასამართლოს კოლეგიური შემადგენლობის შესახებ.
27. განმცხადებლის პრეტენზიასთან დაკავშირებით, რომ საკასაციო საჩივრის განმხილველი სასამართლოს კოლეგიური შემადგენლობის არცოდნის გამო, მან მოსამართლეების აცილების უფლებით ვერ ისარგებლა, საკასაციო სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ განმცხადებლის საკასაციო საჩივარი მოსამართლე ნინო ბაქაქურს, საქმეთა ელექტრონული განაწილების სისტემის მეშვეობით, საქმის შემთხვევითი განაწილების პრინციპით, განსახილველად 2018 წლის 28 დეკემბერს დაეწერა. საქმეში არსებული მასალებიდან ირკვევა, რომ ეს გარემოება კასატორისთვის ცნობილი იყო (იხ. ტ. VI, ს.ფ. 114, 151). გარდა ამისა, მართალია, განმცხადებელი უთითებს აცილების უფლების ვერგამოყენებაზე, თუმცა მას არ მიუთითებია ჰქონდა თუ არა რეალურად კოლეგიური შემადგენლობის რომელიმე მოსამართლის მიმართ აცილება და რის საფუძველზე, რის გამოც მისი პრეტენზია ზოგადი, დაუსაბუთებელი და უსაფუძვლოა.
28. საკასაციო სასამართლო დამატებით ყურადღებას მიაქცევს, აგრეთვე, იმ გარემოებას, რომ მიუხედავად 2021 წლის 20 ივლისს მის სახელზე გაცემული მინდობილობის ვადის გასვლისა, წინამდებარე საქმეში კასატორის წარმომადგენელს, ადვოკატ ხ.გ–ს უზენაეს სასამართლოსთან კომუნიკაცია არ შეუწყვეტია. კერძოდ, 18.11.2021წ.-ს, 19.11.2021წ.-ს, 26.11.2021წ.-ს და 01.12.2021წ.-ს მას სატელეფონო კომუნიკაცია ჰქონდა საქმის განმხილველი, მომხსენებელი მოსამართლის თანაშემწესთან, რა დროსაც ეცნობა საკასაციო საჩივრის განმხილველი სასამართლოს კოლეგიური შემადგენლობა (აღნიშნულის თაობაზე არსებობს სატელეფონო ჩანაწერები, რომლებიც ინახება უზენაესი სასამართლოს სატელეფონო შეტყობინებების არქივში). თუმცა, სწორედ იმის გამო, რომ ამ დროისათვის ადვოკატის სახელზე გაცემულ მინდობილობას ვადა ჰქონდა გასული, სასამართლომ ზემოაღნიშნული შეტყობინება, სასამართლოსთვის ცნობილ უკანასკნელ მისამართზე, უშუალოდ კასატორს გაუგზავნა. კასატორის ადვოკატი, ხ.გ–ი წინამდებარე საქმეზე მის წარმომადგენლობას ახორციელებდა და ახორციელებს, როგორც მინდობილობის ვადის გასვლამდე (საკასაციო საჩივრის წარმოდგენისას და მისი დასაშვებად ცნობისას, რა დროსაც იგი ზეპირ სხდომაშიც მონაწილეობდა), ისე ახალი მინდობილობის გაცემის შემდეგაც. აღნიშნული ადასტურებს, რომ იგი სხვა წარმომადგენლით შეცვლილი არ ყოფილა. მართალია, მინდობილობის ვადის გასვლის პერიოდში ადვოკატს არ ჰქონდა კანონით გათვალისწინებული პირდაპირი მოვალეობა, რომ საქმის წარმოებასთან დაკავშირებული შეტყობინების შინაარსი გადაეცა მხარისთვის, თუმცა „ადვოკატთა პროფესიული ეთიკის კოდექსის“ მე-8 მუხლის მე-5 პუნქტი, რომლის მიხედვით, ადვოკატმა კვალიფიციურად და კეთილსინდისიერად უნდა მისცეს რჩევა კლიენტს და განახორციელოს წარმომადგენლობა, მას კლიენტის ინტერესების მიმართ განსაკუთრებულ გულისხმიერებას ავალდებულებს. აღნიშნული თავის თავში მოიცავს საქმის წარმოებასთან დაკავშირებულ პროცედურულ საკითხებზე მარწმუნებლის ინფორმირების ვალდებულებასაც.
29. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 430-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ აღმოჩნდება, რომ საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადება უსაფუძვლოა, სასამართლო გამოიტანს განჩინებას განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე.
30. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განმცხადებლის მოთხოვნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 14 დეკემბრის განჩინების ბათილად ცნობისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ უსაფუძვლოა და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების წინაპირობები.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე, 430-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ქ.გ–უს განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 14 დეკემბრის განჩინების ბათილად ცნობისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ არ დაკმაყოფილდეს;
2. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: მ. ერემაძე
ზ. ძლიერიშვილი