Facebook Twitter

საქმე№ას-599-2022

31 მარტი 2023 წელი ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

შემადგენლობა:

თეა ძიმისტარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი

ამირან ძაბუნიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - გ.გ–ძე (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 02 მარტის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი - მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთზე მფლობელობის შეწყვეტის სანაცვლოდ საკომპენსაციო თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. სასარჩელო მოთხოვნა

1.1 2019 წლის 13 დეკემბერს ბათუმის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართა გ.გ–ძემ, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიმართ, ხულოს მუნიციპალიტეტის კურორტ ,,გ–ზე” ტურიზმისა და ადგილობრივი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგრამის ფარგლებში კომპესაციის გაცემის, ან/და უძრავი ნივთის გამოსყიდვის საკითხების განმხილველი კომისიის გ.გ–ძისათვის 4000 კვ.მ მიწის ნაკვეთის მართლზომიერი მფლობელობის შეწყვეტის სანაცვლოდ კვადრატულ მეტრში 10 ლარის, ჯამურად 40 000 ლარის განსაზღვრის ნაწილში 2019 წლის 11 ოქტომბრის №09 სხდომის ოქმის ბათილად ცნობის მოთხოვნით.

1.2 2020 წლის 04 თებერვალს, გ.გ–ძემ დაზუსტებული სარჩელი წარადგინა სასამართლოში და მოითხოვა: ,,ბათილად იქნას ცნობილი აჭარის ა/რ ხულოს მუნიციპალიტეტის კურორტ „გ–ზე“ ტურიზმისა და ადგილობრივი მოსახლეობის სოციალურ ეკონომიკური განვითარების პროგრამის ფარგლებში კომპენსაციის გაცემის და უძრავი ნივთის გამოსყიდვის საკითხის განმხილველი კომისიის 2019 წლის 11 ოქტომბრის №09 სხდომის ოქმი და ამ ოქმის საფუძველზე მიღებული აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის 2019 წლის 07 ნოემბრის №01-01-3/372 ბრძანება გ.გ–ძის მართლზომიერ მფლობელობაში არსებული 4000 კვ.მ მიწის ნაკვეთის 1 კვ.მ-ის საბაზრო ღირებულების 10 ლარად განსაზღვრისა და მფლობელობის შეწყვეტის სანაცვლოდ 40 ათასი ლარის გადახდის განსაზღვრის ნაწილში, ბათილად იქნას ცნობილი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის 2019 წლის 26 დეკემბრის №513 ბრძანება, გ.გ–ძის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.“

1.3 ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 21 მარტის სასამართლო სხდომაზე მოსარჩელე გ.გ–ძემ მოახდინა მოთხოვნის დაზუსტება და ზემოხსენებულ მოთხოვნებთან ერთად მოითხოვა მოპასუხე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მის სასარგებლოდ დაკისრებოდა კომპესაციის თანხის - 624 000 ლარის გადახდა.

2. სარჩელის საფუძვლები

2.1 აჭარის მთავრობის 2016 წლის 18 ოქტომბრის N189 განკარგულებით დამტკიცდა „ხულოს მუნიციპალიტეტის კურორტ გ–ზე ტურიზმისა და ადგილობრივი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიური განვითარების პროგრამა“, რომლის თანახმადაც, კურორტ „გ–ს“-ს განაშენიანების რეგულირების გეგმაში მოხვედრილი მიწის ნაკვეთების მართლზომიერ მფლობელებზე, რომლებიც პროგრამის ამოქმედებამდე არანაკლებ 10 წლის განმავლობაში ფაქტობრივად ფლობდნენ მიწის ნაკვეთებს, უნდა გაცემულიყო კომპენსაცია უძრავი ნივთის საბაზრო ღირებულების 100%-ის ოდენობით.

2.2 აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2016 წლის 18 ოქტომბრის N189 განკარგულებით დამტკიცებული „ხულოს მუნიციპალიტეტის კურორტ გ–ზე ტურიზმისა და ადგილობრივი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიური განვითარების პროგრამის“ მიხედვით, კურორტ „გ“-ს განაშენიანების რეგულირების გეგმაში მოხვედრილი მიწის ნაკვეთების გამოსყიდვის/კომპენსაციის გაცემის უფლებამოსილ ორგანოდ განისაზღვრა აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო, რომელიც საკუთარი ინიციატივით ან/და დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე, იწყებდა ადმინისტრაციულ წარმოებას კომპენსაციის გაცემასთან დაკავშირებით.

2.3 აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის 2016 წლის 31 ოქტომბრის N01- 6/257 ბრძანებით შეიქმნა „ხულოს მუნიციპალიტეტის კურორტ გ–ზე ტურიზმისა და ადგილობრივი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიური განვითარების პროგრამის“ ფარგლებში კომპენსაციის გაცემის ან/და უძრავი ნივთის გამოსყიდვის საკითხების განმხილველი კომისია და დამტკიცდა კომისიის შემადგენლობა, რომელსაც 2019 წლის 18 ივლისს, განცხადებით მიმართა მოსარჩელემ და მოითხოვა, მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ 4000 კვ. მ მიწის ნაკვეთსა და მასზე განთავსებულ შენობა-ნაგებობაზე სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2019 წლის 07 მაისის N5002837019 დასკვნის შესაბამისი კომპენსაციის გაცემა, რაც მიწის ნაკვეთთან მიმართებაში შეადგენდა 624.000 ლარს. კომისიამ, მოსარჩელის მიწის ნაკვეთის საბაზრო ღირებულებად 1 კვ. მეტრზე განსაზღვრა 10 ლარი, ხოლო მისი მოთხოვნა 624.000 ლარის გაცემაზე არ დააკმაყოფილდა.

2.4 აღნიშნული გადაწყვეტილება გ.გ–ძის მიერ გასაჩივრდა აჭარის ა/რ მთავრობაში, რომელმაც 2019 წლის 26 დეკემბრის N513 ბრძანებით მოსარჩელეს უარი უთხრა საჩივრის დაკმაყოფილებაზე. მოსარჩელის განმარტებით, სადავო აქტები მიღებულია სადავო საკითხის სათანადო გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, რაც ზიანს აყენებს მას, შესაბამისად ბათილად უნდა იქნეს ცნობილი.

3. მოპასუხეების პოზიცია

3.1 მოპასუხის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენელმა სარჩელი არ სცნო და განმარტა, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში გ.გ–ძის მიერ, 2019 წლის 18 ივლისს, წარდგენილი იქნა განცხადება, სადაც ითხოვდა, მის მართლზომიერ სარგებლობაში არსებული 4000 კვ.მ მიწის ნაკვეთის სანაცვლოდ, 624.000 ლარის ოდენობით კომპენსაციის გაცემას, რაც ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და მის კომლს, სარგებლობაში არსებულ მიწის ნაკვეთზე სარგებლობის შეწყვეტის სანაცვლოდ გამოეყო 40.000 ლარი. კომისია, კომპენსაციის განსაზღვრისას ხელმძღვანელობდა „სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ N006490916 ექსპერტიზის დასკვნით და აჭარის ა/რ მთავრობის 2016 წლის 18 ოქტომბრის N189 განკარგულებით. ამასთან, გადაწყვეტილება მოპასუხის მიმართ მიღებული იქნა იგივე წესების დაცვით, როგორც სხვა პირების მიმართ. რაც შეეხება მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ, 2019 წლის 07 მაისის N5002837019 ექსპერტიზის დასკვნას, რომლის საფუძველზეც ითხოვს კომპენსაციის განსაზღვრას, არასრულია. ექსპერტის მიერ არ არის გათვალისწინებული, რომ შესაფასებელი მიწის ნაკვეთი მოქცეულია კურორტ გ–ს განაშენიანების რეგულირების გეგმის არეალში, მინიჭებული აქვს ლანდშაფტურ-სარეკრეაციო ზონის სტატუსი, ნაწილი მოქცეულია რეკრეაციულ სატრანსპორტო ზონაში (სათხილამურო ტრასის მიმდებარედ) და დამტკიცებული გრგ-ს შესაბამისად სამშენებლოდ არ გამოიყენება, რაც გავლენას ახდენს უძრავი ქონების ფასზე მისი ღირებულების შემცირების ნაწილში. გამომდინარე აღნიშნულიდან, სარჩელი დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძვლები.

3.2 მოპასუხის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ 2019 წლის 26 დეკემბრის N513 ბრძანებით, გ.გ–ძის ადმინისტრაციული საჩივარი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს 2019 წლის 07 ნოემბრის ბრძანების და 2019 წლის 11 ოქტომბრის N9 სხდომის ოქმის ნაწილობრივ ბათილად ცნობის შესახებ მთავრობის მიერ არ დაკმაყოფილდა. აჭარის მთავრობამ სრულად გაიზიარა სამინისტროსა და პროგრამის ფარგლებში შექმნილი კომისიის გადაწყვეტილება.

მოპასუხე თვლის, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძვლები.

4. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

4.1 ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 01 აპრილის გადაწყვეტილებთ, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა გ.გ–ძის სარჩელი მოპასუხეების, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მიმართ, ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის ნაწილში;

4.2 სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ნაწილობრივ ბათილად იქნა ცნობილი, აჭარის ა/რ ხულოს მუნიციპალიტეტის კურორტ გ–ზე ტურიზმისა და ადგილობრივი მოსახლეობის სოციალურ ეკონომიკური განვითარების პროგრამის ფარგლებში კომპენსაციის გაცემის და უძრავი ნივთის გამოსყიდვის საკითხის განმხილველი კომისიის 2019 წლის 11 ოქტომბრის N09 სხდომის ოქმი და ამ ოქმის საფუძველზე მიღებული აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის 07/11/2019 წლის N01-01-3/372 ბრძანება გ.გ–ძის მართლზომიერ მფლობელობაში არსებული 4000 კვ. მიწის ნაკვეთის კვადრატული მეტრის საბაზრო ღირებულებად 10 ლარად განსაზღვრისა და მფლობელობის შეწყვეტის სანაცვლოდ 40 ათასი ლარის გადახდის განსაზღვრის ნაწილში, თანმხლები შედეგებით;

4.3 ბათილად იქნა ცნობილი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის 2019 წლის 26 დეკემბრის N513 ბრძანება, გ.გ–ძის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ თანმხლები შედეგებით;

4.4 მოპასუხეს დაევალა სადავო გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში;

4.5 აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა როგორც მოსარჩელემ, ასევე მოპასუხეებმა.

4.6 ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 28 ოქტომბრის განჩინებით საქმე განსჯადობით გადაეგზავნა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას.

5. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება.

5.1 ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 02 მარტის გადაწყვეტილებით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსა და გ.გ–ძის სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ;

5.2 გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 01 აპრილის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება;

5.3 გ.გ–ძის დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა;

5.4 აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს, გ.გ–ძის სასარგებლოდ დაეკისრა, გ.გ–ძის სარგებლობაში არსებულ მიწის ნაკვეთზე სარგებლობის შეწყვეტის სანაცვლოდ, კომპენსაციის სახით - 624 000 ლარის გადახდა;

5.5 აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წინააღმდეგ გ.გ–ძის სარჩელზე შეწყდა საქმის წარმოება;

5.6 სააპელაციო პალატამ მხარეთა განმარტებებისა და საქმეში არსებული მტკიცებულებების შეჯამებით, ნაწილობრივ გაიზიარა მოსარჩელის პოზიცია და მიიჩნია, რომ სადავო საკითხის შეფასებისას, მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილება მიღებულია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების გარეშე კერძოდ, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2016 წლის 3 ნოემბრის (N006490916) დასკვნით, რომელიც შესრულებულია მოპასუხე მხარის დაკვეთით, დადგენილია, რომ ხულოს მუნიციპალიტეტში, კურორტ გ–ზე მდებარე ტერიტორიების მიწის ნაკვეთების 1 კვ.მ-ის საბაზრო ღირებულება იმ პერიოდის მდგომარეობით საორიენტაციოდ განისაზღვრა 10.00 ლარის ოდენობით.

იგივე ექსპერტიზის ბიუროს N500287019 დასკვნით, რომელიც შესრულებულია მოსარჩელის დაკვეთით 07/05/2019 წელს დადგენილია, რომ სადავო მიწის ნაკვეთის ღირებულება 2019 წლის მდგომარეობით არის 1 კვ.მ-ის 156 ლარი, ჯამში 624 000 ლარი, ხოლო შენობა-ნაგებობების ღირებულება 72835 ათასი ლარი.

5.7 მითითებული დასკვნების და მხარეთა-განმარტებების შეჯამებით სასამართლომ მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს არ ჰქონდა უფლება, 2019 წლის 11 ოქტომბერს მოსარჩელის განცხადების გადაწყვეტისას ეხელმძღვანელა 2016 წლის ექსპერტიზის დასკვნით, რომლითაც სადავო მიწის ნაკვეთის 1 კვ.მ-ის ღირებულება განისაზღვრა 10 ლარის ოდენობით, რადგან განცხადების განხილვის მომენტისათვის თითქმის სამწლიანი ვადის გასვლის გამო, არსებითად შეცვლილი იყო საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რაც აშკარად მიანიშნებდა შესაფასებელი ნივთის შეცვლილ ღირებულებაზე.

5.8 გარდა ამისა, პალატამ განმარტა, რომ გ.გ–ძისათვის კომპენსაციის გადახდის საკითხი „ხულოს მუნიციპალიტეტის კურორტ გ–ზე ტურიზმისა

და ადგილობრივი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიური განვითარების პროგრამის“ ფარგლებში კომპენსაციის გაცემის ან/და უძრავი ნივთის გამოსყიდვის საკითხების განმხილველი კომისიის მიერ განხილული იქნა 2019 წელს და ამ პერიოდის დასკვნა (ვიდრე 2016 წლის) თავისი შეფასებით უფრო შეესაბამება რეალურ ღირებულებას.

5.9 პალატამ განმარტა, იმის გათვალისწინებით, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ დაარღვია საპროცესო სამართლის ნორმა და ისეთ ვითარებაში, როდესაც მოსარჩელემ დააზუსტა თავისი სასარჩელო მოთხოვნა, რაც დაზუსტების შემდეგ სამოქალაქო სამართალწარმოების წესით განხილვას ექვემდებარებოდა, თუმცა პირველი ინსტანციის სასამართლომ იგი ადმისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილა, ასევე არასწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოებები და სამართლებრივად არასწორი გადაწყვეტილება გამოიტანა, სსსკ-ის 385-ე, 393.3-ე და 394-ე მუხლის ე1 პუნქტის შესაბამისად, გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველია.

5.10 ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საქმეთა პალატამ მიიჩნია, რომ გელაძის სააპელაციო საჩივარი დასაბუთებელია და ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების შეცვლით მიიღო გადაწყვეტილება გ.გ–ძის დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების შესახებ.

6. კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები

6.1 ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 02 მარტის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

6.2 კასატორი განმარტავს, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად გამოიყენა „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონი. მითითებული კანონი არის სპეციალური კანონი, რომელიც ადგენს კონსტიტუციისა და ამავე კანონის შესაბამისად, საკუთრების ჩამორთმევის შემთხვევაში, ჩამორთმეული ქონების წინასწარი, სრული და სამართლიანი კომპენსაციით უზრუნველყოფის პირობებს, რომლის მიზანია კერძო მესაკუთრის ინტერესის დაბალანსება, როდესაც მას საჯარო ინტერესის გათვალისწინებით, ჩამოერთმევა უფლება საკუთრებაზე.

6.3 ექსპროპრიაციის უფლება, კანონის საფუძველზე, სასამართლოს გადაწყვეტილებით ენიჭება მოპასუხეს, რაც მესაკუთრისათვის, ჩამორთმეული ქონების სანაცვლოდ, კომპენსაციის მიღების წინაპირობას წარმოშობს. სპეციალური კანონის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა შეიცავდეს საექსპროპრიაციო ქონების დეტალურ აღწერას და შესაბამის მითითებას მესაკუთრის სათანადო კომპენსაციით უზრუნველყოფის აუცილებლობის თაობაზე.

6.4 კასატორმა განმარტა, რომ გ.გ–ძე არ არის ქონების მესაკუთრე (არ გააჩნია საკუთრების უფლების დამდგენი დოკუმენტი-ამონაწერი საჯარო რეესტრიდან). ქონების მესაკუთრეა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა. სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის შესაბამისად, რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე. ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა.

6.5 გ.გ–ძე არის დაინტერესებული პირი. სამინისტროს არ აქვს სამართლებრივი ვალდებულება გამოისყიდოს სარგებლობის უფლება. სამინისტრომ გამოვლენილი ნებით (უფლების დათმობის სანაცვლოდ კომპენსაციის შეთავაზების შესახებ გადაწყვეტილებით) გ.გ–ძეს წარუდგინა მოთხოვნა და არ არსებობს მისი შესრულების სამართლებრივი ვალდებულება. მხოლოდ მხარეთა თანხმობის შემთხვევაში მოხდებოდა სამინისტროსა და გ.გ–ძეს შორის უფლების გამოსყიდვის და შესაბამისი კომპენსაციის გაცემის შესახებ ხელშეკრულების გაფორმება. გ.გ–ძის მხრიდან ქონების გამოსყიდვაზე უარის გამო აღნიშნული ხელშეკრულება არ გაფორმებულა და არც სხვა ფორმით აკისრია მას უფლების დათმობისა და კომპენსაცის გაცემის ხელშეკრულების გაფორმების ვალდებულება.

6.6 კასატორმა აღნიშნა, რომ მოსარჩელე ითხოვს სამინისტროსთვის უფლების გამოსყიდვის დავალდებულებას და შესაბამისი კომპენსაციის დაკისრებას (სასარჩელო მოთხოვნა - სამინისტროს დაეკისროს კომპენსაცია, განუყოფელია სამინისტროს დავალდებულებასთან - გამოისყიდოს უფლება და სწორედ ამ ვალდებულების ფარგლებში განახორციელოს შემხვედრი შესრულება - კომპენსაციის გაცემა), თუმცა ბუნებაში არ არსებობს მოთხოვნის დამფუძნებელი სამართლებრივი ნორმა.

6.7 კასატორმა განმარტა, რომ მოსარჩელის უძრავი ქონების გამოსყიდვის საკითხი, იდენტურია მომიჯნავე მიწის ნაკვეთებზე სამინისტროს მიერ მიღებული გადაწყვეტილებებისა, ვინაიდან საქმის გარემოებები ერთი და იგივეა, სამინისტროს სხვაგვარი გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა არ გააჩნია. თუ ერთ შემთხვევაში უძრავი ქონების მართლზომიერ მოსარგებლეს ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის შესაბამისად გასცემს კვ.მ-ში 10 ლარს, რატომ უნდა იყოს განსხვავებული გ.გ–ძეზე გასაცემი კომპენსაციის ოდენობა. გ.გ–ძე 1 კვ.მ-ზე მოითხოვს 156 ლარს.

კასატორმა აღნიშნა, რომ თუ უზენაესი სასამართლო დაუშვებს აღნიშნულ საქმეზე პრეცედენტს, სახეზე იქნება დისკრიმინაციული მიდგომა და ზემოთ აღნიშნული თანასწორობის პრინციპის დარღვევა.

6.8 შეუძლებელია ადმინისტრაციულმა ორგანომ საქმის გარემოებათა იდენტურობის შემთხვევაში, განსხვავებული გადაწყვეტილება მიიღოს. მით უფრო, დაუშვებელია სასამართლოს გადაწყვეტილებით დარღვეულ იქნეს აღნიშნული პრინციპი და სხვები ჩააყენოს დისკრიმინაციულ მდგომარეობაში.

გამომდინარე აღნიშნულიდან, ქონების გამოსყიდვით არ უნდა შეილახოს კერძო და საჯარო ინტერესები. სწორედ აღნიშნულის დაბალანსება უნდა უზრუნველყოს სასამართლომ. არ უნდა ჩააყენოს ერთი მხარე პრივილეგირებულ მდგომარეობაში სხვა მხარესთან მიმართებაში, მოცემულ შემთხვევაში ის ფიზიკური პირები, რომლებმაც აიღეს კომპენსაცია კვმ-ში 10 ლარის ოდენობით.

6.9 უდავოა, რომ კურორტ გ–ს ინფრასტრუქტურა ნელ-ნელა ვითარდება და როდესაც დასრულდება ანუ სრულყოფილად დაიწყებს ფუნქციონირებას, კურორტრის განაშენიანების რეგულირების გეგმაში მოქცეული მიწის ნაკვეთები და მასზედ განთავსებული შენობა-ნაგებობების ფასი შესაძლოა გაიზარდოს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, იმას, რომ თანასწორობის პრინციპი ადმინისტრაციული ორგანოს ან/და სამინისტროს მხრიდან უნდა დაირღვეს. დაუშვებელია, მოსახლეობის ერთი ნაწილი იყოს პრივილეგირებული და მეორე დაჩაგრული. აღნიშნული კი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ტოლფასია. შესაბამისად, სამინისტროს მიაჩნია, რომ ჯობია არ გამოისყიდოს ერთი უძრავი ქონება და სარგებლობდეს როგორც აქამდე სარგებლობდა ერთი პიროვნება, ვიდრე დისკრიმინაციის მონაწილე გახდეს.

6.10 ყოველივეს გათვალისწინებით, არ არსებობდა გ.გ–ძის სარჩელის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძვლები. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული, ასევე დასაბუთებაც იმდენად არასწორია, რომ მისი სამართლებრვი საფუძვლების შემოწმება შეუძლებელია. ამდენად, არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების აბსოლუტური გაუქმების საფუძვლები.

7. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 30 მაისის განჩინებით აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის თანახმად, დასაშვებობის შესამოწმებლად, ხოლო 2022 წლის 21 დეკემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი ცნობილ იქნა დასაშვებად სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 02 დეკემბრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას შემდეგ გარემოებათა გამო:

8. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსთვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია (შედავება).

9. მოცემულ საქმეზე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

9.1. აჭარის მთავრობის 2016 წლის 18 ოქტომბრის N189 განკარგულებით დამტკიცდა „ხულოს მუნიციპალიტეტის კურორტ გ–ზე ტურიზმისა და ადგილობრივი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიური განვითარების პროგრამა“, რომლის თანახმადაც, კურორტ „გ“-ს განაშენიანების რეგულირების გეგმაში მოხვედრილი მიწის ნაკვეთების მართლზომიერ მფლობელებზე, რომლებიც პროგრამის ამოქმედებამდე არანაკლებ 10 წლის განმავლობაში ფაქტობრივად ფლობდნენ მიწის ნაკვეთებს, გაცემულიყო კომპენსაცია უძრავი ნივთის საბაზრო ღირებულების 100%-ის ოდენობით. აღნიშნული საკითხის მოწესრიგების მიზნით, აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის 2016 წლის 31 ოქტომბრის N01-6/257 ბრძანებით შეიქმნა „ხულოს მუნიციპალიტეტის კურორტ გ–ზე ტურიზმისა და ადგილობრივი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიური განვითარების პროგრამის“ ფარგლებში კომპენსაციის გაცემის ან/და უძრავი ნივთის გამოსყიდვის საკითხების განმხილველი კომისია და დამტკიცდა კომისიის შემადგენლობა.

9.2. 2019 წლის 18 ივლისს, გ.გ–ძემ განცხადებით მიმართა „ხულოს მუნიციპალიტეტის კურორტ გ–ზე ტურიზმისა და ადგილობრივი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიური განვითარების პროგრამის“ ფარგლებში კომპენსაციის გაცემის ან/და უძრავი ნივთის გამოსყიდვის საკითხების განმხილველ კომისიას და მოითხოვა, მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ 4000 კვადრატულ მეტრ მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებულ შენობა- ნაგებობაზე შესაბამისი კომპენსაციის გაცემა. გ.გელაძემ კომისიას წარუდგინა ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 07/05/ 2019 წლის N500287019 დასკვნა, რომლითაც სადაო მიწის ნაკვეთის ღირებულება განისაზღვრა 624000 ათასი ლარით, ხოლო შენობა ნაგებობების ღირებულება 72835 ათასი ლარით.

9.3. სამინისტროს 2019 წლის 07 ნოემბრის N01-01-3/372 ბრძანებით, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა გ.გ–ძის 2019 წლის 18 ივლისის განცხადება და მის კომლს, სარგებლობაში არსებულ მიწის ნაკვეთზე სარგებლობის შეწყვეტის სანაცვლოდ განესაზღვრა კომპენსაცია 40000 ლარი, ხოლო შენობა-ნაგებობის დემონტაჟისა და მისი ტერიტორიიდან გატანის სანაცვლოდ-72835 ლარი (ჯამში 112835 ლარი). კომისიამ იხელმძღვანელა მისივე დაკვეთით შესრულებული, ლევან სამხარაულის სასაქონლო ექსპერტიზის ბიუროს 2016 წლის 3 ნოემბრის N006490916 დასკვნით, რომლითაც ხულოს მუნიციპალიტეტში, კურორტ გ–ზე მდებარე ტერიტორიების მიწის ნაკვეთების 1 კვმ.-ის საბაზრო ღირებულება იმ პერიოდის მდგომარეობით საორიენტაციოდ განისაზღვრა 10.00 (ათი) ლარის ოდენობით. 2019 წლის 22 ნოემბერს, აღნიშნული გადაწყვეტილება გ.გ–ძემ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობაში გაასაჩივრა, რაც არ დაკმაყოფილდა.

9.4. საქმეში წარმოდგენილი 2016 წლის 03 ნოემბრის სსიპ ლევან 10 სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის N5006018416 დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე წარმოდგენილი ხულოს მუნიციპალიტეტში, კურორტ გ–ზე მდებარე ტერიტორიის მიწის ნაკვეთის 1 კვმ -ის საბაზრო ღირებულება დღეის (2016 წლის 03 ნოემბრის) მდგომარეობით კვლევების შედეგების შეჯერებითა და გაშუალებით საორიენტაციოდ შედაგენს 10.00 ლარს.

9.5. საქმეში წარმოდგენილი, 2019 წლის 07 მაისის სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის N5002837019 დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე წარმოდგენილი, ხულოს მუნიციპალიტეტში გ–ს უღელტეხილზე (ზ–ა) მდებარე 4000,00 კვმ მიწის ნაკვეთის საბაზრო ღირებულება, დღეის მდგომარეობით (2019წ) საორიენტაციოდ შეადგენს 624 000,00 ლარს. ექსპერტიზაზე წარმოდგენილი ხულოს მუნიციპალიტეტში გ–ს უღელტეხილზე (ზ–ა) მდებარე 269,76 კვმ მეტრი შენობა ნაგებობის (საცხოვრებელი სახლი) საბაზრო ღირებულება დღეის მდგომარეობით საორიენტაციოდ შეადგენს 72835,00 ლარს.

9.6. სადავოს არ წარმოადგენს ის ფაქტობრივი გარემოება, რომ გ.გ–ძის მართლზომიერ მფლობელობაში არსებული, ხულოს მუნიციპალიტეტის კურორტ გ–ზე, ე.წ ზ–ას ტერიტორიაზე მდებარე, 4000 კვ.მიწის ნაკვეთი მასზედ განთავსებული შენობა-ნაგებობებით, მოქცეულია კურორტ გ–ს გაშენიანების რეგულირების გეგმის არეალში, სათხილამურო ტრასის მიმდებარედ.

9.7. დადგენილია, რომ ხულოს მუნიციპალიტეტის კურორტ გ–ზე ტურიზმისა და ადგილობრივი მოსახლეობის სოციალურ ეკონომიკური განვითარების პროგრამის ფარგლებში კომპენსაციის გაცემის ან/და უძრავი ნივთის გამოსყიდვის საკითხების განმხილველი კომისიის მიერ (N09 სხდომის ოქმი) გ.გ–ძის განცხადების საფუძველზე გადაწყვეტილების მიღების დროს მიწის ნაკვეთის საკომპენსაციო თანხა დაანგარიშებული იქნა სსიპ ,,ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ 2016 წლის 03 ნოემბრის N5006018416 დასკვნის შესაბამისად კერძოდ, 1 კვ.მ 10 ლარი, ხოლო ამ მიწის ნაკვეთზე განთავსებული ნაგებობების საკომპენსაციო თანხა დაანგარიშებული იქნა, იგივე ექსპერტიზის ბიუროს 2019 წლის 07 მაისის N003050410 დასკვნის შესაბამისად, რომლითაც მიწის ნაკვეთი შეფასებული იყო 624000 ლარად.

9.8. პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე სსიპ ,,ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ 2019 წლის 07 მაისის N003050410 დასკვნის შემდგენმა ექსპერტმა ი.გ–ძემ განმარტა: მიწის ნაკვეთის შეფასება მოხდა შედარების მეთოდით. ექსპერტიზის ჩატარების დროისათვის შესაფასებელ მიწის ნაკვეთზე რაიმე სახის შეზღუდვა რეგისტრირებული არ ყოფილა. თუკი შეზღუდვა რეგისტრირებული იქნებოდა, მათ შორის სარეკრეაციო ზონის სტატუსით, შესაძლოა გავლენა მოეხდინა ფასზე, თუმცა რა სახით წინასწარ მისი განსაზღვრა შეუძლებელია. მას შესაძლოა გამოეწვია ფასის ან გაზრდა, ან შემცირება, იმის მიხედვით რა სახის შეზღუდვა იქნებოდა დაწესებული. ნაკვეთის ფასის დადგენა დამოკიდებულია მის მდებარეობაზე, ფორმაზე, ფართზე და ა.შ.

10. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის დისპოზიციიდან გამომდინარე (საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. საკასაციო სასამართლოს არ შეუძლია თავისი ინიციატივით შეამოწმოს საპროცესო დარღვევები, გარდა 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტებისა), საკასაციო პალატის შეფასების საგანი იქნება კასატორის შედავებების საფუძვლიანობა, კერძოდ, კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლოს განჩინება ემყარება კანონდარღვევას, სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, გარდა ამისა, სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მნიშვნელოვანი საპროცესო და მატერიალური ნორმების დარღვევით, რამაც გამოიწვია არასწორი გადაწყვეტილების გამოტანა;

11. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივარი შეიძლება ეფუძნებოდეს მხოლოდ იმას, რომ გადაწყვეტილება კანონის დარღვევითაა გამოტანილი. სამართლის ნორმები დარღვეულად ითვლება, თუ სასამართლომ: არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა; გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა; არასწორად განმარტა კანონი. საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევა მხოლოდ მაშინ შეიძლება, გახდეს გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, თუ ამ დარღვევის შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი.

12. განსახილველი დავის ფარგლებში, საკასაციო სასამართლოს მიერ შეფასების საგანს წარმოადგენს მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთზე მფლობელობის შეწყვეტის სანაცვლოდ საკომპენსაციო თანხის დაკისრების მართლზომიერება.

13. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სამოქალაქო საქმეებზე დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღებისა და ზოგადად, მართლმსაჯულების განხორციელების საფუძველს წარმოადგენს, იმ საკითხის სწორად განსაზღვრა, თუ რა სამართლებრივი საფუძვლიდან გამომდინარეობს მხარეთა შორის წარმოშობილი დავა. ამ მიზნით, საქმის განხილველმა სასამართლომ პირველყოვლისა, უნდა დაადგინოს მოთხოვნის მატერიალური საფუძველი, მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმა. მხოლოდ ამის შემდეგ უნდა გამოარკვიოს მოძიებული ნორმის წინაპირობები, მისი აბსტრაქტული შემადგენლობა და შემოაწმოს განხორციელებულია თუ არა განსახილველ საქმეზე ყველა მათგანი. ამ ასპექტში, ფორმალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით, სასამართლო შეზღუდულია სარჩელის ფაქტობრივი გარემოებებით: იგი ამოწმებს რომელ კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებებზე მიუთითებს მოსარჩელე, ქმნიან თუ არა ისინი დამფუძნებელი ნორმის უკლებლივ ყველა წანამძღვარს. ამის შემდეგ მოწმდება, მოპასუხის პოზიცია რამდენად აქარწყლებს წარმოშობილ წანამძღვრებს პროცესუალური და მატერიალური თვალსაზრისით. (იხ. სუსგ. Nას-1091-2022, 23.02.2023წ.).

14. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მხარეთა შორის არსებული ურთიერთობის შეფასება შედის სასამართლოს კომპეტენციაში, თუმცა საქმეზე გადაწყვეტილება მიღებულ უნდა იქნეს შეჯიბრებითობის პრინციპის სრულად რეალიზაციის პირობებში.

15. კასატორის პირველი პრეტენზია უკავშირდება იმ გარემოებას, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად გამოიყენა „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონი, რომელიც არის სპეციალური კანონი და რომლის მიზანია, განსაზღვროს აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭებისა და ექსპროპრიაციის განხორციელების წესი. კასატორის მოსაზრებით, სადავო შემთხვევაში არ ხორციელდება საკუთრების ჩამორთმევა, მოსარჩელე არ არის ქონების მესაკუთრე. ამასთან, კასატორი აცხადებს, რომ ხულოს მუნიციპალიტეტში კურორტ გ–ზე ტურიზმის განვითარების მიზნით, აჭარის ა/რ მთავრობის 2016 წლის 18 ოქტომბრის N189 განკარგულებით, დამტკიცდა „ხულოს მუნიციპალიტეტის კურორტ გ–ზე ტურიზმისა და ადგილობრივი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიური განვითარების პროგრამა“, რომლის მიზანია აღნიშნულ დასახლებაში ტურიზმისა და ადგილობრივი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობა, აგრეთვე ამავე დასახლებებში მიწის ათვისებისა და მისი სამოქალაქო ბრუნვაში მოქცევის წახალისება. კასატორის მითითებით, აღნიშნული პროცესი არის ნებაყოფლობითი, რასაც ადასტურებს ამავე პროგრამის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტი, რომლის თანახმად, თუ ადმინისტრაციული წარმოების მიმდინარეობისას გამოვლინდა, რომ წინამდებარე პროგრამის ფარგლებში ოჯახის რომელიმე წევრი წინააღმდეგია პროგრამის ფარგლებში გასაცემი კომპენსაციის მიღებაზე და სამინისტროს მიერ დაწესებულ ვადაში არ მოხდება შეთანხმების მიღწევა, დაწყებული ადმინისტრაციული წარმოება შეწყდება. სწორედ ამ დებულებებზე დაყრდნობით კასატორი ამტკიცებს, რომ, მას არ აქვს ვალდებულება უპირობოდ მიიღოს გადაწყვეტილება პირის მართლზომიერად ან/და თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე კომპენსაციის გაცემის თაობაზე.

16. საკასაციო პალატა, კასატორის ყურადღებას მიაქცევს საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე. კერძოდ. დადგენილია, რომ მოწინააღმდეგე მხარემ მიმართა აჭარის ა/რ ფინანსთა სამინისტროს კომლის მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობის სანაცვლო კომპენსაციის მიღების მიზნით. დადგენილია, რომ მხარეები ვერ შეთანხმდნენ კომპენსაციის ოდენობაზე. ამასთან, მოსარჩელის განცხადების საფუძველზე დაწყებული ადმინისტრაციული წარმოება არ შეწყვეტილა. კასატორი სადავოდ არ ხდის იმ გარემოებას, რომ რომ ხულოს მუნიციპალიტეტის კურორტ გ–ზე, ე.წ ზ–ას ტერიტორიაზე მდებარე, მოსარჩელის მართლზომიერ მფლობელობაში 4000 კვ.მიწის ნაკვეთი მასზედ განთავსებული შენობა-ნაგებობებით, არის გ.გ–ძის კომლის საკუთრება და მოქცეულია კურორტ გ–ს გაშენიანების რეგულირების გეგმის არეალში.

17. პალატა ყურადღებას გაამახვილებს საქმის მასალებში წარმოდგენილ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 15 იანვრის N892018523648-23 გადაწყვეტილებაზე, რომლითაც გ.გ–ძეს უარი ეთქვა საკუთრების უფლების რეგისტრაციაზე. უარის თქმის საფუძველი კი გახდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს 2019 წლის 09 იანვრის N01-01-10/16 მომართვა, რომლითაც მოთხოვნილი იქნა სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტა, ვინაიდან აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე აჭარის ა/რ და მიწის ნაკვეთის მართლზომიერ მფლობელთა სარგებლობაში არსებულ მიწის ნაკვეთზე 2017 წლის 12 დეკემბერს გაფორმებული იქნა ხელშეკრულება უფლების დათმობის/სარგებლობის შეწყვეტის და შესაბამისი კომპენსაციის გაცემის შესახებ. საქმის მასალებით კი დასტურდება, რომ მხარეთა შორის ასეთი შეთანხმება მიღწეული არ არის.

18. საკასაციო პალატა, კასატორის ყურადღებას ასევე მიაქცევს "მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ" საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-8 პუნქტზე, რომლის თანახმად, საკომლო წიგნის ჩანაწერის საფუძველზე მიწის ნაკვეთზე რეგისტრირდება მხოლოდ კომლის იმ წევრის (წევრების) საკუთრების/თანასაკუთრების უფლება, რომლის (რომელთა) კომლის წევრობა უტყუარად დასტურდება. ამგვარად, საკომლო ჩანაწერი საკუთრების უფლების რეგისტრაციის საფუძველს წარმოადგენს, ხოლო კასატორი მხარე სადავოდ არ ხდის იმ გარემოებას, რომ ხულოს მუნიციპალიტეტის კურორტ გ–ზე, ე.წ ზ–ას ტერიტორიაზე მდებარე, 4000 კვ.მიწის ნაკვეთი მასზედ განთავსებული შენობა-ნაგებობებით, გ.გ–ძის კომლის ქონებაა. საკასაციო პალატის მოსაზრებით ზემოთ აღნიშნული გარემოებები, უპირობოდ იწვევს მოსარჩელის საკუთრების უფლებაში ჩარევას.

19. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის I პუნქტის თანახმად, საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და ხელშეუვალია. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საჯარო ინტერესებისათვის დასაშვებია ამ უფლების შეზღუდვა კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით. მე-3 პუნქტის თანახმად, კი აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევა დასაშვებია კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში, სასამართლოს გადაწყვეტილებით ან ორგანული კანონით დადგენილი გადაუდებელი აუცილებლობისას, წინასწარი, სრული და სამართლიანი ანაზღაურების პირობით. ანაზღაურება თავისუფლდება ყოველგვარი გადასახადისა და მოსაკრებლისაგან.

20. ,,ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის" დამატებითი ოქმის პირველი მუხლის თანახმად, ყოველ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს აქვს თავისი საკუთრებით შეუფერხებელი სარგებლობის უფლება. მხოლოდ საზოგადოებრივი საჭიროებისათვის შეიძლება ჩამოერთვას ვინმეს თავისი საკუთრება კანონითა და საერთაშორისო სამართლის ზოგადი პრინციპებით გათვალისწინებულ პირობებში.

21. საკასაციო პალატის მოსაზრებით, სადავო შემთხვევაში, უძრავი ქონების ჩამორთმევის სანაცვლოდ გადასახდელი კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრა უნდა განხორციელდეს „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს სპეციალური კანონით განსაზღვრული წესითა და პირობებით. ექსპროპრიაციის უფლების (ექსპროპრიაციის უფლება – საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლითა და ამ კანონით განსაზღვრული აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის ერთჯერადი უფლება წინასწარი, სრული და სამართლიანი კომპენსაციით) მინიჭება ხორციელდება არა დამოუკიდებლად აღებული მინისტრის ბრძანების საფუძველზე - არამედ მინისტრის ბრძანებით და სასამართლოს გადაწყვეტილებით.

22. ექსპროპრიატორი, რომელმაც მიიღო ექსპროპრიაციის უფლება, წინასწარ უთანხმდება ქონების მესაკუთრეს საექსპროპრიაციო ქონების კომპენსაციის წესის შესახებ. ქონების შეძენაზე მოლაპარაკების დაწყებამდე ექსპროპრიატორი თავისი ხარჯით, დამოუკიდებელი ექსპერტის დახმარებით აფასებს ქონებას და განსაზღვრავს კომპენსაციის სახით მესაკუთრისათვის გადასაცემ სავარაუდო საკომპენსაციო თანხას ან სხვა ქონებას საექსპროპრიაციო ქონების საბაზრო ღირებულების შესაბამისად. მესაკუთრე უფლებამოსილია, თავისი ხარჯით ისარგებლოს სხვა დამოუკიდებელი ექსპერტის დახმარებით. ამასთან, თუ ექსპროპრიატორი და ქონების მესაკუთრე ვერ თანხმდებიან საკომპენსაციო თანხაზე, იმავე კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, მაშინ თითოეულ მხარეს უფლება აქვს სარჩელი შეიტანოს სასამართლოში განსჯადობის მიხედვით, საქართველოს სამოქალაქო კანონმდებლობით დადგენილი წესით. დამოუკიდებელი ექსპერტის დასკვნისა და მხარეთა მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, საექსპროპრიაციო ქონების სანაცვლოდ ქონების მესაკუთრისათვის გადასაცემი კომპენსაციის საბოლოო შეფასებას ახორციელებს სასამართლო (იხ. სუსგ. Nას-1152-2021 31.01.2022წ.)

23. ზემოაღნიშნულ ნორმათა საფუძველზე, საკასაციო სასამართლო ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ ექსპროპრიაციის აუცილებელი შემადგენელი ელემენტია მესაკუთრისთვის სათანადო ანაზღაურების გადახდა. ანაზღაურების ოდენობის სათანადოობა კი, პირველ ყოვლისა, დადგენილ უნდა იქნეს ექსპერტის შეფასების მიხედვით. სწორედ ექსპერტის დასკვნის გათვალისწინებით უნდა შესთავაზოს ექსპროპრიატორმა მესაკუთრეს კომპენსაცია და შეუთანხმდეს მის ოდენობაზე.

24. განსახილველ შემთხვევაში, მოცემული საჩივრის საკასაციო შედავებას წარმოადგენს ასევე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მიერ პროცესუალურ-სამართლებრივად გამოკვლეული და შეფასებული მტკიცებულებები, კერძოდ ექპერტიზის დასკვნები, რომლებიც კასატორის მოსაზრებით არ იქნა განხილული ობიექტურად.

25. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ განსახილველ შემთხვევაში, სადავოდ არის გამხდარი ის გარემოება, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების მიღებისას არ უნდა ეხელმძღვანელა 2019 წლის 07 მაისის სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის N5002837019 დასკვნით, რომლითაც სადავო 1 კვ.მ მიწის ნაკვეთის ღირებულება შეფასდა 156 ლარად, არამედ უნდა ეხელმძღვანელა იმავე ბიუროს მიერ გაცემული 2016 წლის 03 ნოემბრის ექსპერტიზის N5006018416 დასკვნის შესაბამისად, რომლითაც სადავო 1 კვ.მ მიწის ნაკვეთის ღირებულება განისაზღვრა 10 ლარის ოდენობით. აღსანიშნავია, რომ 2019 წლის მდგომარეობით, ექპერტიზის დასკვნაში ხულოს მუნიციპალიტეტში გ–ს უღელტეხილზე (ზ–ა) მდებარე 269,76 კვმ მეტრი შენობა-ნაგებობის (საცხოვრებელი სახლი) საბაზრო ღირებულება საორიენტაციოდ შეფასებულია 72835,00 ლარად, აღნიშნულს კი სადავოდ არ ხდიან მხარეები.

26. საკასაციო პალატის მოსაზრებით, მოპასუხის მიერ წარდგენილი 2016 წლის 03 ნოემბრის ექსპერტიზის N5006018416 დასკვნა მართებულად არ გაიზიარა ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ, რადგან უძრავი ქონების შეფასების დოკუმენტი ზოგადი ხასიათისაა, რაც შეეხება 2019 წლის 07 მაისის სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის N5002837019 დასკვნას, იგი იძლევა სადავო უძრავი ქონების მახასიათებლების დეტალურ აღწერას. თუმცა, საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს 2019 წლის 07 მაისის N003050410 დასკვნის შემდგენი ექსპერტის, ი.გ–ძის განმარტებაზე: მიწის ნაკვეთის შეფასება მოხდა შედარების მეთოდით. ექსპერტიზის ჩატარების დროისათვის შესაფასებელ მიწის ნაკვეთზე სხვა რაიმე სახის შეზღუდვა თუ არსებობდა, მსგავსი რამ ექსპერტისთვის ცნობილი არ იყო. (იხ. 2021 წლის 11 მარტის ბათუმის საქალაქო სასამართლოს სხდომის ოქმი 14:46:52) თუკი შეზღუდვა იქნებოდა, მათ შორის სარეკრეაციო ზონის სტატუსით, შესაძლოა გავლენა მოეხდინა ფასზე, თუმცა რა სახით წინასწარ მისი განსაზღვრა შეუძლებელია. მას შესაძლოა გამოეწვია ფასის ან გაზრდა, ან შემცირება, იმის მიხედვით რა სახის შეზღუდვა იქნებოდა დაწესებული.

27. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მტკიცებულებათა შეფასება სათანადოდ მოტივირებული და დამაჯერებელი უნდა იყოს. მტკიცებულებათა შეფასება ეფუძნება შეჯიბრებითობის ფარგლებში მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას და არა - სასამართლოს სუბიექტურ მოსაზრებებს. სასამართლო ობიექტურ საწყისებზე მტკიცებულებათა ყოველმხრივი და სრული გამოკვლევის შედეგად ადგენს მათ იურიდიულ ძალას, კერძოდ, განსაზღვრავს - თუ რა გარემოების დადგენა ან პირიქით, უარყოფაა შესაძლებელი. აქ, უპირველეს ყოვლისა, იგულისხმება მტკიცებულებათა შეფასება მათი უტყუარობის თვალსაზრისით, რისთვისაც საჭიროა ამ მტკიცებულებათა ყოველმხრივი შემოწმება, მათი დაპირისპირება საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებთან. მტკიცებულებათა შეფასებას კი პროცედურულად მოჰყვება საქმის ფაქტობრივი გარემოებების დადგენა. სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას, უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში (სსსკ-ის 105-ე მუხლი) (სუსგ. Nას- 400-2020, 15.02.2022).

28. როგორც პირველი ინსტანციით საქმის განხილვისას გაირკვა, 2019 წლის დასკვნის გაცემისა და უძრავი ნივთის შეფასებისას, ექსპერტს არ ჰქონდა გათვალისწინებული მნიშვნელოვანი გარემოებები (თავად, კასატორის ახსნა-განმარტების თანახმად, სადავო მიწის ნაკვეთი ნაწილი მოქცეულია ლანდშაფტურ-ზონაში, ხოლო ნაწილი ტერიტორიისა - რეკრეაციულ სატრანსპორტო ზონაში (სათხილამურო ტრასის მიმდებარედ), რაც თავის მხრივ გავლენას ახდენს სადავო უძრავი ქონების რეალურ საბაზრო ღირებულებაზე.

29. აქვე, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ჩამორთმეული საკუთრების სანაცვლოდ კომპენსაციის სამართლიან კომპენსაციამდე გასათანაბრებელი თანხის განსაზღვრის დროს, მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ქონების არა მარტო არსებული დანიშნულების მიხედვით გამოყენების შესაძლებლობა, არამედ ქონების პოტენციური გამოყენების შესაძლებლობაც, რადგან ნებისმიერ შემთხვევაში ქონების ჩამორთმევა საკუთრების უფლების შეზღუდვას წარმოადგენს და დაცულია ევროპული კონვენციის N 1 დამატებითი ოქმით. (სუსგ №-ას-1133-2019, 30 ივლისი, 2021). ამასთან, აღსანიშნავია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკის მიხედვით, კომპენსაციის სამართლიანობის შეფასებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს ქონების ჩამორთმევის უფლების სასამართლო წესით მოპოვების დროს არსებული ექსპროპრირებული ქონების საბაზრო ღირებულებით (სუსგ ას-1349-2019 20.04.2022).

30. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 173-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ექსპერტიზის დასკვნა არ არის სრული ან გაურკვეველია, სასამართლოს შეუძლია თავისი ინიციატივით დანიშნოს დამატებითი ექსპერტიზა თუ არსებობს ამ კოდექსის 162-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული პირობები. მითითებული მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ საქმის განხილვასთან დაკავშირებულ საკითხზე მოსამართლეს სპეციალური ცოდნა არ გააჩნია, სასამართლოს შეუძლია თავისი ინიციატივით დანიშნოს ექსპერტიზა საქმის განხილვის ნებისმიერ სტადიაზე, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული საკითხის განმარტებას არსებითი მნიშვნელობა აქვს საქმის გადაწყვეტისათვის და მის გარეშე გადაწყვეტილების გამოტანა შეუძლებელია (იხ. სუსგ. საქმეზე Nას524-2022, 2022 წლის 1 ივლისი).

31. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ზემოაღნიშნული საპროცესო სამართლის ნორმის მიხედვით, სასამართლო მხოლოდ განსაკუთრებულ და საგამონაკლისო შემთხვევებშია უფლებამოსილი დანიშნოს ექსპერტიზა, ეს ის შემთხვევაა, როდესაც საქმეზე იურიდიული შედეგი მხოლოდ ექსპერტიზის დასკვნის არსებობის შემთხვევაშია იდენტიფიცირებადი. ცხადია, აქ მოიაზრება ობიექტური საჭიროება და არა პროცესის რომელიმე მხარის (მოსარჩელე, მოპასუხე, მე-3 პირი დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით) მხარდაჭერა მათთვის განკუთვნილ მტკიცებით საქმიანობაში. ექსპერტიზის დანიშვნის აუცილებლობა უშუალოდ გამომდინარეობს დავის მომწესრიგებელი მატერიალურსამართლებრივი დანაწესებიდან, ხოლო, ზოგიერთ შემთხვევაში, ექსპერტიზის დანიშვნა განპირობებულია საქმის პროცედურული ასპექტებით (იხ. სუსგ. საქმეზე №ას-719-2021, 04.11. 2021 წელი).

32. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ განსახილველ შემთხვევაში დამატებითი ექსპერტიზის დანიშვნის აუცილებლობა უშუალოდ გამომდინარეობს, როგორც დავის მომწესრიგებელი მატერიალურსამართლებრივი დანაწესებიდან, ასევე საპროცესო კანონმდებლობიდან, ვინაიდან მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი, 2019 წლის 07 მაისის N5002837019 ექსპერტიზის დასკვნა, რომლის საფუძველზეც იგი ითხოვს კომპენსაციის განსაზღვრას-არასრულია. უძრავი ქონების საბაზრო ღირებულების განსაზღვრისას, რომელსაც დაეყრდნო სააპელაციო სასამართლო, არ იქნა გათვალისწინებული არ იქნა გათვალისწინებული სადავო მიწის ნაკვეთის კურორტ გ–ს განაშენიანების რეგულირების არეალში, კერძოდ, ლანდშაფტურ და სატრანსპორტო ფუნქციურ ზონებში მოქცევის ფაქტი; შესაბამისად, არ არის შეფასებული სადავო მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენება-არგამოყენების საკითხი). საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ზემოთ მითითებული ფაქტობრივი გარემოების დადგენის გარეშე, საკითხის სპეციფიურობის გათვალისწინებით, შეუძლებელია გადაწყვეტილების მიღება.

33. პალატა მიუთითებს, იმის გათვალისწინებით, რომ სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს განსახილველ საქმეზე სრულად არ შეუფასებია შეჯიბრებითობისა და დისპოზიციურობის პრინციპების გათვალისწინებით საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები, საკასაციო პალატა სსსკ-ის 412-ე მუხლის თანახმად, მოკლებულია სამართლებრივ შესაძლებლობას, თვითონ მიიღოს საქმეზე გადაწყვეტილება. შესაბამისად, უნდა გაუქმდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სააპელაციო სასამართლოს, რომელმაც საკასაციო პალატის წინამდებარე განჩინებაში მოცემული მსჯელობების შესაბამისად, უნდა შეამოწმოს მოსარჩელის მოთხოვნის წინაპირობები და საქმეში არსებული მტკიცებულებების ყოველმხრივი კვლევის შედეგად, განსაზღვროს კომპენსაციის ოდენობა.

8. პროცესის ხარჯები

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო დააბრუნებს საქმეს ხელახლა განსახილველად, მთელი სასამართლო ხარჯები, რაც გაწეულია ამ საქმის განხილვასთან დაკავშირებით, სარჩელის აღძვრიდან დაწყებული, უნდა შეჯამდეს და შემდეგ განაწილდეს მხარეთა შორის ამ მუხლის მიხედვით. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქმის ხელახლა განხილვისას სასამართლო ხარჯების განაწილების საკითხი უნდა გადაწყდეს შემაჯამებელი გადაწყვეტილების გამოტანისას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 412-ე მუხლებით და,

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 02 მარტის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე თეა ძიმისტარაშვილი

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი

ამირან ძაბუნიძე