Facebook Twitter

№ას-139-2022

21 ივლისი, 2022 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე),

რევაზ ნადარაია (მომხსენებელი), თამარ ზამბახიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორები – შპს „ი.თ–ი“; შპს „ი–ია“; შპს „ი–ა“ (მოსარჩელეები)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ა.ფ.ბ–ი და კ–ა“ (მოპასუხე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 04 ოქტომბრის გადაწყვეტილება

კასატორების მოთხოვნა _ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი _ თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. შპს „ი.თ–მა“; შპს „ი–იამ“ და შპს „ი–ამ“ (შემდეგში - მოსარჩელეები, შეგებებული სარჩელით მოპასუხეები, კასატორები) სარჩელი აღძრეს თბილისის საქალაქო სასამართლოში შპს „ა.ფ.ბ–ი და კ–ას“ მიმართ (შემდეგში - მოპასუხე, შეგებებული სარჩელით მოსარჩელე, აუდიტორული კ–ა) შემდეგი სასარჩელო მოთხოვნებით:

1.1. შპს „ა.ფ.ბ–ი და კ–ას“ შპს „ი.თ–ის“ სასარგებლოდ 2014 წლის 25 დეკემბრის N85/2014 ხელშეკრულებისა და 2015 წლის 17 თებერვალს დადებული დანართი N1-ით განსაზღვრული ვალდებულებების შეუსრულებლობისათვის დაეკისროს ავანსის სახით გადახდილი 23 850 ლარის დაბრუნება;

1.2. შპს „ა.ფ.ბ–ი და კ–ას“ შპს „ი.თ–ის“ სასარგებლოდ 2014 წლის 25 დეკემბრის N85/2014 ხელშეკრულებისა და 2015 წლის 17 თებერვალს დადებული დანართი N1-ით განსაზღვრული ვალდებულებების შეუსრულებლობისათვის დაეკისროს ხელშეკრულების სრული მომსახურების ღირებულების (37 700 ლარი) 0.1%-ის გადახდა ყოველდღიურად 2015 წლის 18 მაისიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე;

1.3. შპს „ა.ფ.ბ–ი და კ–ას“ შპს „ი.თ–ის“ სასარგებლოდ დაეკისროს მიუღებელი შემოსავლის სახით ზიანის ანაზღაურება 3083.80 ლარის ოდენობით 2014 წლის 25 დეკემბრის N85/2014 ხელშეკრულებისა და 2015 წლის 17 თებერვალს დადებული დანართი N1-ით განსაზღვრული ვალდებულებების შეუსრულებლობისათვის;

1.4. შპს „ა.ფ.ბ–ი და კ–ას“ შპს „ი.თ–ის“ სასარგებლოდ 2015 წლის 28 თებერვლის N12-2015 ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულებების შეუსრულებლობისათვის დაეკისროს ავანსის სახით გადახდილი 28 000 ლარის დაბრუნება;

1.5. შპს „ა.ფ.ბ–ი და კ–ას“ შპს „ი.თ–ის“ სასარგებლოდ 2015 წლის 28 თებერვლის N12-2015 ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულებების შეუსრულებლობისათვის დაეკისროს ხელშეკრულების სრული მომსახურების ღირებულების (28 000 ლარი) 0.1%-ის გადახდა ყოველდღიურად 2016 წლის 1 იანვრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე;

1.6. შპს „ა.ფ.ბ–ი და კ–ას“ შპს „ი.თ–ის“ სასარგებლოდ დაეკისროს მიუღებელი შემოსავლის სახით ზიანის 3365.6 ლარის ანაზღაურება 2015 წლის 28 თებერვლის N12-2015 ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულებების შეუსრულებლობისათვის;

1.7. შპს „ა.ფ.ბ–ი და კ–ას“ შპს „ი–იას“ სასარგებლოდ 2015 წლის 28 თებერვლის N13-2015 ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულებების შეუსრულებლობისათვის დაეკისროს ავანსის სახით გადახდილი 3500 ლარის დაბრუნება;

1.8. შპს „ა.ფ.ბ–ი და კ–ას“ შპს „ი–იას“ სასარგებლოდ 2015 წლის 28 თებერვლის N13-2015 ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულებების შეუსრულებლობისათვის დაეკისროს ხელშეკრულების სრული მომსახურების ღირებულების (3500 ლარი) 0.1%-ის გადახდა ყოველდღიურად, 2016 წლის 1 იანვრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე;

1.9. შპს „ა.ფ.ბ–ი და კ–ას“ შპს „ი–ას“ სასარგებლოდ 2015 წლის 28 თებერვლის N14-2015 ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულებების შეუსრულებლობისათვის დაეკისროს ავანსის სახით გადახდილი 3500 ლარის დაბრუნება;

1.10. შპს „ა.ფ.ბ–ი და კ–ას“ შპს „ი–ას“ სასარგებლოდ 2015 წლის 28 თებერვლის N14-2015 ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულებების შეუსრულებლობისათვის დაეკისროს ხელშეკრულების სრული მომსახურების ღირებულების (3500 ლარი) 0.1%-ის გადახდა ყოველდღიურად 2016 წლის 1 იანვრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე.

2. მოპასუხემ - შპს „ა.ფ.ბ–ი და კ–ამ“ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.

3. მოპასუხემ - შპს „ა.ფ.ბ–ი და კ–ამ“ შეგებებული სარჩელი წარადგინა შპს „ი.თ–ის“, შპს „ი–იას“ და შპს „ი–ას“ მიმართ შემდეგი სასარჩელო მოთხოვნებით:

3.1. შპს „ი.თ–ს“ N85/2014 ხელშეკრულების დანართი N1-ის საფუძველზე, შპს „ა.ფ.ბ–ი და კ–ის“ სასარგებლოდ დაეკისროს გადაუხდელი თანხა 13 850 ლარის ოდენობით;

3.2. შპს „ი.თ–ს“ შპს „ა.ფ.ბ–ი და კ–ის“ სასარგებლოდ დაეკისროს პირგასამტეხლოს - 13850 ლარის 0.1%-ის გადახდა ყოველდღიურად 2016 წლის 24 მარტიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე;

3.3. შპს „ი.თ–ს“ აუდიტორიული მომსახურების 28.02.2015 N12-2015 ხელშეკრულების საფუძველზე, შპს „ა.ფ.ბ–ი და კ–ის“ სასარგებლოდ დაეკისროს 2015 წლის ოქტომბრის, ნოემბრის და დეკემბრის გაწეული მომსახურების ღირებულების გადაუხდელი ნაწილი - 2010 ლარის ოდენობით;

3.4. შპს „ი.თ–ს“ შპს „ა.ფ.ბ–ი და კ–ის“ სასარგებლოდ დაეკისროს პირგასამტეხლოს - 670 ლარის 0.1%-ის გადახდა ყოველდღიურად 2016 წლის 6 ოქტომბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე, 2015 წლის ნოემბრის გადაუხდელი დავალიანების 670 ლარის პირგასამტეხლო - 0.1% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 2015 წლის 6 ნოემბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე და 2015 წლის დეკემბრის გადაუხდელი დავალიანების 670 ლარის პირგასამტეხლო - 0.1% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 2015 წლის 6 დეკემბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე;

3.5. შპს „ი–იას“ აუდიტორიული მომსახურების 28.02.2015 N13-2015 ხელშეკრულების საფუძველზე, შპს „ა.ფ.ბ–ი და კ–ის“ სასარგებლოდ დაეკისროს 2015 წლის ოქტომბრის, ნოემბრის და დეკემბრის გაწეული მომსახურების ღირებულების გადაუხდელი ნაწილი - 1500 ლარის ოდენობით;

3.6. შპს „ი–იას“ შპს „ა.ფ.ბ–ი და კ–ის“ სასარგებლოდ დაეკისროს პირგასამტეხლოს - 2015 წლის ოქტომბრის დავალიანების 500 ლარის 0.1%-ის გადახდა ყოველდღიურად 2015 წლის 6 ოქტომბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე, 2015 წლის ნოემბრის გადაუხდელი დავალიანების 500 ლარის პირგასამტეხლო - 0.1% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 2015 წლის 6 ნოემბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე და 2015 წლის დეკემბრის გადაუხდელი დავალიანების 500 ლარის პირგასამტეხლო - 0.1% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 2015 წლის 6 დეკემბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე;

3.7. შპს „ი–ას“ აუდიტორიული მომსახურების 28.02.2015 N14-2015 ხელშეკრულების საფუძველზე, შპს „ა.ფ.ბ–ი და კ–ის“ სასარგებლოდ დაეკისროს 2015 წლის ოქტომბრის, ნოემბრის და დეკემბრის გაწეული მომსახურების ღირებულების გადაუხდელი ნაწილი - 1500 ლარის ოდენობით;

3.8. შპს „ი–ას“ შპს „ა.ფ.ბ–ი და კ–ის“ სასარგებლოდ დაეკისროს პირგასამტეხლოს - 2015 წლის ოქტომბრის დავალიანების 500 ლარის 0.1%-ის გადახდა ყოველდღიურად 2015 წლის 6 ოქტომბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე, 2015 წლის ნოემბრის გადაუხდელი დავალიანების 500 ლარის პირგასამტეხლო - 0.1% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 2015 წლის 6 ნოემბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე და 2015 წლის დეკემბრის გადაუხდელი დავალიანების 500 ლარის პირგასამტეხლო - 0.1% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 2015 წლის 6 დეკემბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე;

4. შეგებებულ სარჩელზე წარმოდგენილი შესაგებლით მოპასუხეებმა - შპს „ი.თ–მა“; შპს „ი–იამ“ და შპს „ი–ამ“ შეგებებული სარჩელი არ ცნეს.

5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილებით, შპს „ი.თ–ის“, შპს „ი–იასა“ და შპს „ი–ას“ სარჩელი მოპასუხე შპს „ა.ფ.ბ–ი და კ–ის“ მიმართ არ დაკმაყოფილდა; ასევე, არ დაკმაყოფილდა შპს „ა.ფ.ბ–ი და კ–ის“ შეგებებული სარჩელი.

6. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით ორივე მხარემ გაასაჩივრა; ძირითადი სარჩელით მოსარჩელეებმა მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება, ხოლო, შეგებებული სარჩელით მოსარჩელემ - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება.

7. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

7.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 04 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, შპს „ი.თ–ის“, შპს „ი–იას“ და შპს „ი–ას“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო, შპს „ა.ფ.ბ–ი და კ–ას“ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; შეიცვალა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილება სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტში და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; შპს „ა.ფ.ბ–ი და კ–ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა; შპს „ი.თ–ს“ შპს „ა.ფ.ბ–ი და კ–ის“ სასარგებლოდ დაეკისრა 13850 ლარის გადახდა; შპს „ი.თ–ს“ შპს „ა.ფ.ბ–ი და კ–ის“ სასარგებლოდ დაეკისრა 2010 ლარის გადახდა; შპს „ი–იას“ შპს „ა.ფ.ბ–ი და კ–ის“ სასარგებლოდ დაეკისრა 1500 ლარის გადახდა; შპს „ი–ას“ შპს „ა.ფ.ბ–ი და კ–ის“ სასარგებლოდ დაეკისრა 1500 ლარის გადახდა; დანარჩენ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად..

7.2. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების ფაქტობრივ–სამართლებრივი დასაბუთება:

7.2.1. სააპელაციო პალატამ უდავოდ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

7.2.1.1. 2014 წლის 25 დეკემბერს, შპს „ა.ფ.ბ. და კ–ას“ და შპს „ი.თ–ს“ შორის დაიდო აუდიტორული მომსახურების შესახებ ხელშეკრულება N85/2014. ხელშეკრულების თანახმად, დამკვეთმა დაავალა, ხოლო შემსრულებელმა იკისრა ვალდებულება, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობისა და აუდიტის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, ჩაეტარებინა კ–ის ფინანსური და ბუღალტრული ანგარიშგების საგადასახადო კანონმდებლობასთან შესაბამისობის აუდიტორული შემოწმება და დამკვეთის წარმოდგენილ მასალებზე დაყრდნობით გაეცა აუდიტორული დასკვნა, ხელშეკრულების გაფორმებიდან 3 თვის ვადაში.

- ხელშეკრულების მე-4 მუხლის თანახმად, გაწეულ მომსახურებაში დამკვეთს შემსრულებლისათვის უნდა გადაეხადა 20 000 ლარი დღგ-ს ჩათვლით, სამ ეტაპად. მომსახურების ღირებულებიდან პირველი ნაწილის - 10 000 ლარის გადახდა უნდა მომხდარიყო ხელშეკრულებაზე ხელმოწერის დღეს, მეორე ნაწილის - 5000 ლარის გადახდა - 2015 წლის თებერვლის ბოლო სამუშაო დღეს, ხოლო მესამე ნაწილის - 5000 ლარის გადახდა - 2015 წლის მარტის ბოლო სამუშაო დღეს, მას შემდეგ რაც მხარეთა შორის გაფორმდებოდა შესრულებული სამუშაოს მიღება-ჩაბარების აქტი, რაშიც მოიაზრებოდა ასევე, აუდიტორული დასკვნის გაცემა.

- ხელშეკრულების 5.3. პუნქტის მიხედვით, მომსახურების საფასურის გადახდის დაგვიანებისთვის დამკვეთი ვალდებული იყო, გადაეხადა შემსრულებლისათვის პირგასამტეხლო, გადასახდელი თანხის 0.1%-ის ოდენობით, ყოველი ვადაგადაცილებული დღისთვის, ხოლო 5.4. პუნქტის შესაბამისად, შემსრულებლის მიზეზით დამკვეთისთვის მომსახურების გაწევის დაგვიანებისთვის, შემსრულებელს უნდა გადაეხადა პირგასამტეხლო - მომსახურების საფასურის 0.1%-ის ოდენობით, ყოველი ვადაგადაცილებული დღისთვის.

7.2.1.2. 2015 წლის 17 თებერვლის აუდიტორული მომსახურების შესახებ N85/2014 ხელშეკრულების N1 დანართის თანახმად, ცვლილებები შევიდა 2014 წლის 25 დეკემბრის ხელშეკრულების საგანში. კერძოდ, მოპასუხე კ–ამ იკისრა ვალდებულება, გაზრდილი საფასურის სანაცვლოდ, ჩაეტარებინა აუდიტორული მომსახურება როგორც თავად შპს „ი.თ–ისათვის“, ასევე - ორი კ–ისათვის - შპს „ი–იას“ და შპს „ი–ასათვის“; შემოწმების ვადა განისაზღვრა 3 კალენდარული თვით, შესამოწმებელი პერიოდი - 01.12.13-დან -28.02.15 -ის ჩათვლით.

7.2.1.3. მომსახურების პირობები განისაზღვრა შემდეგნაირად: დამკვეთი ავალებს, ხოლო შემსრულებელი კისრულობს ვალდებულებას, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობისა და აუდიტის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, უზრუნველყოს:

- ორგანიზაციის ბუღალტრული და ფინანსური დოკუმენტაციის შემოწმება, დალაგება, ბუღალტრული აღრიცხვის ელექტრონული ბაზის აწყობა, მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანა და საჭიროების შემთხვევაში, დეკლარაციების დაზუსტება.

- ჩაატაროს კ–ის ფინანსური და ბუღალტრული ანგარიშგების საგადასახადო კანონმდებლობასთან შესაბამისობის აუდიტორული შემოწმება და დამკვეთის წარმოდგენილ მასალებზე დაყრდნობით გასცეს აუდიტორული დასკვნა.

7.2.1.4.ანაზღაურების წესი ჩამოყალიბდა შემდეგნაირად: გაწეულ მომსახურებაში დამკვეთი შემსრულებელს უხდის 37 700 ლარს დღგ-ს ჩათვლით. მომსახურების ღირებულებიდან 10 000 ლარის გადახდა უნდა მომხდარიყო ხელშეკრულებაზე ხელის მოწერიდან არაუგვიანეს 5 საბანკო დღისა, 13 850 ლარის გადახდა - 2015 წლის 20 თებერვლამდე, ხოლო დარჩენილი 13 850 ლარის გადახდა მოხდებოდა შესრულებული სამუშაოს მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან (დასკვნის გაცემიდან) არაუგვიანეს 5 კალენდარული დღისა, ნაღდი ან/და უნაღდო ანგარიშსწორების გზით.

7.2.1.5.შპს „ი.თ–ს“ მოპასუხისთვის ჯამში გადახდილი აქვს 23 850 ლარი.

7.2.1.6.2015 წლის 28 თებერვალს შპს „ა.ფ.ბ. და კ–ას“ და შპს „ი.თ–ს“ შორის დაიდო აუდიტორული მომსახურების გაწევაზე N12-2015 ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც შემსრულებელს 2015 წლის 1 მარტიდან მოყოლებული უნდა გაეწია შემდეგი სახის მომსახურება: ზეპირი და წერილობითი კონსულტაციები საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის, საბუღალტრო აღრიცხვის, ანგარიშგებისა და დაბეგვრის საკითხებში, ქონებრივი ურთიერთობის მოსაწესრიგებლად და სხვა ანალოგიურ საკითხებში; მომსახურების გაწევა ბალანსების, საბუღალტრო აღრიცხვის სისრულისა და მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობის, გადასახადების გადახდის, ფულადი სახსრების ხარჯვის სისწორის დადგენის მიზნით; საფინანსო-სამეურნეო დოკუმენტაციის ბუღალტრული და ფინანსური აღრიცხვიანობის წარმოება (ელექტრონული ბაზის შექმნა), საგადასახადო დეკლარაციების მომზადება და წარდგენა მაკონტროლებელ ორგანოში. გაწეულ მომსახურებაში, 2015 წლის 1 მარტიდან 2015 წლის 31 მაისამდე პერიოდზე, დამკვეთს შემსრულებლისათვის უნდა გადაეხადა თვეში 4000 ლარს დღგ-ს ჩათვლით, ხოლო 2015 წლის 1 ივნისიდან 4900 ლარი დღგ-ს ჩათვლით.

- ხელშეკრულების 5.3. პუნქტის მიხედვით, მომსახურების საფასურის გადახდის დაგვიანებისთვის დამკვეთი ვალდებული იყო, გადაეხადა შემსრულებლისათვის პირგასამტეხლო გადასახდელი თანხის 0.1%-ის ოდენობით, ყოველი ვადაგადაცილებული დღისთვის.

- ხელშეკრულების 5.4. პუნქტის შესაბამისად, შემსრულებლის მიზეზით დამკვეთისთვის მომსახურების გაწევის დაგვიანებისთვის შემსრულებელს უნდა გადაეხადა პირგასამტეხლო, მომსახურების საფასურის 0.1%-ის ოდენობით, ყოველი ვადაგადაცილებული დღისთვის.

7.2.1.7.2015 წლის 1 ივნისს N12-2015 ხელშეკრულებაში შეტანილი ცვლილებების თანახმად, გაწეულ მომსახურებაში დამკვეთს უნდა გადაეხადა შემსრულებლისათვის თვეში 4000 ლარი დღგ-ს ჩათვლით.

7.2.1.8.2015 წლის აპრილიდან 2015 წლის ნოემბრის ჩათვლით შპს „ი.თ–ს“ გადახდილი აქვს მომსახურების საფასური - 28 000 ლარი.

7.2.1.9.2015 წლის 28 თებერვალს შპს „ა.ფ.ბ. და კ–ას“ და შპს „ი–იას“ შორის დაიდო აუდიტორული მომსახურების გაწევაზე N13-2015 ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც, შემსრულებელს 2015 წლის 01 მარტიდან მოყოლებული უნდა გაეწია შემდეგი სახის მომსახურება: ზეპირი და წერილობითი კონსულტაციები საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის, საბუღალტრო აღრიცხვის, ანგარიშგებისა და დაბეგვრის საკითხებში, ქონებრივი ურთიერთობის მოსაწესრიგებლად და სხვა ანალოგიურ საკითხებში; მომსახურების გაწევა ბალანსების, საბუღალტრო აღრიცხვის სისრულისა და მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობის, გადასახადების გადახდის, ფულადი სახსრების ხარჯვის სისწორის დადგენის მიზნით; საფინანსო-სამეურნეო დოკუმენტაციის ბუღალტრული და ფინანსური აღრიცხვიანობის წარმოება (ელექტრონული ბაზის შექმნა), საგადასახადო დეკლარაციების მომზადება და წარდგენა მაკონტროლებელ ორგანოში. გაწეულ მომსახურებაში დამკვეთი შემსრულებელს უხდის თვეში 500 ლარს დღგ-ს ჩათვლით.

- ხელშეკრულების 5.3. პუნქტის მიხედვით, მომსახურების საფასურის გადახდის დაგვიანებისთვის დამკვეთი ვალდებული იყო, გადაეხადა შემსრულებლისათვის პირგასამტეხლო გადასახდელი თანხის 0.1%-ის ოდენობით ყოველი ვადაგადაცილებული დღისთვის.

- ხელშეკრულების 5.4. პუნქტის შესაბამისად, შემსრულებლის მიზეზით დამკვეთისთვის მომსახურების გაწევის დაგვიანებისთვის შემსრულებელს უნდა გადაეხადა პირგასამტეხლო, მომსახურების საფასურის 0.1%-ის ოდენობით, ყოველი ვადაგადაცილებული დღისთვის.

7.2.1.10. 2015 წლის 7 აპრილიდან 2015 წლის 6 ნოემბრის ჩათვლით შპს „ი–იას“ გადახდილი აქვს მომსახურების საფასური 3500 ლარი.

7.2.1.11. 2015 წლის 28 თებერვალს შპს აუდიტური ფირმა „ბ.და კ–ას“ და შპს „ი–ას“ შორის დაიდო აუდიტორული მომსახურების გაწევაზე N14-2015 ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც, შემსრულებელს 2015 წლის 1 მარტიდან მოყოლებული უნდა გაეწია შემდეგი სახის მომსახურება: ზეპირი და წერილობითი კონსულტაციები საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის, საბუღალტრო აღრიცხვის, ანგარიშგებისა და დაბეგვრის საკითხებში, ქონებრივი ურთიერთობის მოსაწესრიგებლად და სხვა ანალოგიურ საკითხებში; მომსახურების გაწევა ბალანსების, საბუღალტრო აღრიცხვის სისრულისა და მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობის, გადასახადების გადახდის, ფულადი სახსრების ხარჯვის სისწორის დადგენის მიზნით; საფინანსო-სამეურნეო დოკუმენტაციის ბუღალტრული და ფინანსური აღრიცხვიანობის წარმოება (ელექტრონული ბაზის შექმნა), საგადასახადო დეკლარაციების მომზადება და წარდგენა მაკონტროლებელ ორგანოში.

- გაწეულ მომსახურებაში დამკვეთს შემსრულებლისათვის უნდა გადაეხადა თვეში 500 ლარი დღგ-ს ჩათვლით.

- ხელშეკრულების 5.3. პუნქტის მიხედვით, მომსახურების საფასურის გადახდის დაგვიანებისთვის დამკვეთი ვალდებული იყო, გადაეხადა შემსრულებლისათვის პირგასამტეხლო გადასახდელი თანხის 0.1%-ის ოდენობით ყოველი ვადაგადაცილებული დღისთვის.

- ხელშეკრულების 5.4. პუნქტის შესაბამისად, შემსრულებლის მიზეზით დამკვეთისთვის მომსახურების გაწევის დაგვიანებისთვის შემსრულებელს უნდა გადაეხადა პირგასამტეხლო, მომსახურების საფასურის 0.1%-ის ოდენობით, ყოველი ვადაგადაცილებული დღისთვის.

7.2.1.12. 2015 წლის 17 აპრილიდან 2015 წლის 10 ნოემბრის ჩათვლით, შპს „ი–ას“ გადახდილი აქვს მომსახურების საფასური 3500 ლარის ოდენობით.

7.2.2. პალატამ აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში, დავა გამომდინარეობდა მომსახურების ხელშეკრულებიდან წარმოშობილი ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობებიდან, რომლის ძალითაც მოპასუხემ (შეგებებული სარჩელით მოსარჩელემ) შპს „ა. ფ.ბ. და კ–ა“ იკისრა ვალდებულება მოსარჩელეებისათვის (შეგებებულ სარჩელით მოპასუხეებისათვის) - შპს „ი.თ–ის“, შპს „ი–იას“ და შპს „ი–ასათვის“ გაეწია აუდიტორული მომსახურება, ხოლო ამ უკანასკნელებმა იკისრეს ვალდებულება, აენაზღაურებინათ გაწეული მომსახურების საფასური. ხელშეკრულებების ორივე მხარის (როგორც შემკვეთის, ისე მენარდის) მიერ წარმოდგენილ იქნა როგორც სარჩელი, ისე სააპელაციო საჩივარი, რომელთა საფუძველზე, შემკვეთი მხარე ამტკიცებდა, რომ მენარდემ ხელშეკრულება ერთ ნაწილში (აუდიტორული დასკვნის შედგენის ნაწილში) საერთოდ არ შეასრულა, ხოლო სხვა ნაწილში შესრულება იყო დაგვიანებული და უხარისხო, რის გამოც მის მიერ გადახდილი მომსახურების საფასური უკან უნდა დაბრუნებულიყო, ხოლო მენარდის მტკიცებით, მან ხელშეკრულების ყველა კანონისმიერი პირობა შეასრულა ჯეროვნად, რის გამოც მომსახურების შეთანხმებული საფასურის ის ნაწილიც უნდა ანაზღაურებულიყო, რომელიც ამ დრომდე არ ჰქონდა ანაზღაურებული შემკვეთს. ამგვარად, სააპელაციო საჩივრის ფარგლებში, სააპელაციო პალატის კვლევისა და შეფასების საგანი იყო ხელშეკრულებით შეთანხმებული პირობების შესრულების ჯეროვანება და სისრულე.

7.2.3. სააპელაციო პალატამ საქმეზე უდავოდ დადგენილ გარემოებად მიიჩნია, რომ შპს „ა.ფ.ბ–ი და კ–ას“ და შპს „ი.თ–ს“ შორის გაფორმებული N85/2014 აუდიტორული მომსახურების ხელშეკრულების 2015 წლის 17 თებერვლის N1 დანართის საფუძველზე, ცვლილება განიცადა ხელშეკრულებით განსაზღვრულმა მომსახურების მოცულობამ და პირობებმა; კერძოდ, აუდიტორულმა კ–ამ იკისრა ვალდებულება მომსახურების გაზრდილი საფასურის სანაცვლოდ, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობისა და აუდიტის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, 3 თვის ვადაში (2015 წლის 17 მაისის ჩათვლით) გაეწია აუდიტორული მომსახურება როგორც შპს „ი.თ–ისათვის“, ასევე დამატებით ორი კ–ისათვის - შპს „ი–იას“ და შპს „ი–ასათვის“, რაც კონკრეტულად მოიაზრებდა ორგანიზაციების ბუღალტრული და ფინანსური დოკუმენტაციის შემოწმებას, დალაგებას, ბუღალტრული აღრიცხვის ელექტრონული ბაზის აწყობას, მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანას და საჭიროების შემთხვევაში, დეკლარაციების დაზუსტებას; ასევე, შემსრულებლის ვალდებულებად განისაზღვრა კ–ების ფინანსური და ბუღალტრული ანგარიშგების საგადასახადო კანონმდებლობასთან შესაბამისობის აუდიტორული შემოწმება და დამკვეთის წარმოდგენილ მასალებზე დაყრდნობით, აუდიტორული დასკვნის გაცემა; შესამოწმებელი პერიოდი მოიცავდა 01.12.13-28.02.15 წლამდე პერიოდს. დანართ N1-ის საფუძველზე, შეიცვალა N85/2014წ აუდიტორული მომსახურების ხელშეკრულებით განსაზღვრული მომსახურების ანაზღაურების ოდენობა და გადახდის პირობებიც: გაწეულ მომსახურებაში დამკვეთი შემსრულებელს გადაუხდიდა 37 700 ლარს დღგ-ს ჩათვლით. მომსახურების ღირებულებიდან 10000 ლარის გადახდა განხორციელდებოდა ხელშეკრულებაზე ხელის მოწერიდან არაუგვიანეს 5 საბანკო დღის ვადაში, 13 850 ლარის გადახდა - 2015 წლის 20 თებერვლამდე, ხოლო დარჩენილი 13 850 ლარის გადახდა შესრულებული სამუშაოს მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან (დასკვნის გაცემიდან) არაუგვიანეს 5 კალენდარული დღისა ნაღდი ან/და უნაღდო ანგარიშსწორების გზით; მხარეებს შორის 2015 წლის 28 თებერვალს გაფორმებული N12-2015, N13-2015, N14-2015 აუდიტორული მომსახურების გაწევის შესახებ ხელშეკრულებების საფუძველზე აუდიტორულ კ–ას 2015 წლის 1 მარტიდან მოყოლებული უნდა გაეწია შემდეგი სახის მომსახურება: ზეპირი და წერილობითი კონსულტაციები საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის, საბუღალტრო აღრიცხვის, ანგარიშგებისა და დაბეგვრის საკითხებში, ქონებრივი ურთიერთობის მოსაწესრიგებლად და სხვა ანალოგიურ საკითხებში; მომსახურების გაწევა ბალანსების, საბუღალტრო აღრიცხვის სისრულისა და მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობის, გადასახადების გადახდის, ფულადი სახსრების ხარჯვის სისწორის დადგენის მიზნით; საფინანსო-სამეურნეო დოკუმენტაციის ბუღალტრული და ფინანსური აღრიცხვიანობის წარმოება (ელექტრონული ბაზის შექმნა), საგადასახადო დეკლარაციების მომზადება და წარდგენა მაკონტროლებელ ორგანოში. გაწეული მომსახურების სანაცვლოდ დამკვეთები შემსრულებელს უხდიდნენ ყოველთვიურ ანაზღაურებას, რაც შპს „ი–ას“ და შპს „ი–იას“ შემთხვევაში შეადგენდა 500 ლარს, ხოლო შპს „ი.თ–ის“ შემთხვევაში-თავდაპირველად განისაზღვრა 4000, 4900 ლარით, ხოლო მოგვიანებით - 2015 წლის ოქტომბრიდან - თვეში 670 ლარით. მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების ვადაში შესრულებას უზრუნველყოფდა მხარეთა შეთანხმებით (ხელშეკრულების 5.3. და 5.4 პუნქტებით) განსაზღვრული პირგასამტეხლო, რომლის ოდენობა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადასახდელი თანხის/მომსახურების საფასურის 0.1%-ით განისაზღვრა (სსკ-ს 417-418-ე მუხლები).

7.2.4. ასევე, სააპელაციო პალატამ უდავო ფაქტობრივ გარემოებად მიიჩნია, რომ აუდიტორული დასკვნა შემსრულებელს არ შეუდგენია და არ გადაუცია დამკვეთისათვის, რაც მოპასუხის განმარტებით, განპირობებული იყო იმ გარემოებით, რომ მის მიერვე წარმოებულ ბუღალტერიაზე, აუდიტის ჩატარებას და დასკვნის გაცემას უკრძალავდა როგორც ბესსს-ის ეთიკის კოდექსი, ასევე -„ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის პირველი და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული დანაწესი.

7.2.5. სააპელაციო პალატამ მიუთითა მხარეთა შორის სახელშეკრულებო ურთიერთობის არსებობის დროს მოქმედი „ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების აუდიტის შესახებ“ 2012 წლის 29 ივნისის საქართველოს კანონის (ძალადაკარგულია „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს 06/08/2016 N5386 კანონით), მე-9 მუხლის 1-ლი პუნქტის (აუდიტორი/აუდიტორული ფირმა ვალდებულია პროფესიული მომსახურების განხორციელებისას დაიცვას ბუღალტერთა საერთაშორისო ფედერაციის (IFAC) მიერ დადგენილი, ქართულ ენაზე თარგმნილი და ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად რეგისტრირებული პროფესიონალი ბუღალტრების ეთიკის კოდექსი (IESBA Code), მე-4 პუნქტის (აუდიტორი/აუდიტორული ფირმა იმ სუბიექტისგან დამოუკიდებელი უნდა იყოს, რომელსაც იგი აუდიტს უტარებს), მე-5 პუნქტის (აუდიტორს/აუდიტორულ ფირმას უფლება არ აქვს, ჩაატაროს აუდიტი იმ შემთხვევაში, თუ: ა) სუბიექტსა და აუდიტორს/აუდიტორულ ფირმას შორის არსებობს ფინანსური ან/და სხვა ინტერესი, რომელმაც შესაძლებელია გავლენა მოახდინოს სუბიექტზე გაცემული აუდიტორული დასკვნის შინაარსზე; ბ) სუბიექტი და აუდიტორი/აუდიტორული ფირმა არიან ურთიერთდამოკიდებული პირები საქართველოს საგადასახადო კოდექსის მიხედვით; გ) სუბიექტსა და აუდიტორს/აუდიტორულ ფირმას შორის არსებობს შრომითი ურთიერთობა), მე-8 პუნქტის (აღნიშნული კანონის მე-9 მუხლის პირველი, მე-4 ან მე-5 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში: ა) აუდიტორს/აუდიტორულ ფირმას დისციპლინურ პასუხისმგებლობას დააკისრებს ის აკრედიტებული პროფესიული ორგანიზაცია, რომელშიც გაწევრებულია იგი; ბ) სავალდებულო აუდიტი ჩატარებულად არ ჩაითვლება), მე-9 პუნქტისა (ამ მუხლის მოქმედება აგრეთვე ვრცელდება ხარისხის კონტროლის შემმოწმებელსა და აუდიტორულ ფირმაში დასაქმებულ სერტიფიცირებულ პირზე, მათ მიერ შესაბამისი უფლებამოსილების განხორციელებისას) და „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მე-3 პუნქტის (აუდიტორი/აუდიტორული ფირმა, აგრეთვე ფიზიკური პირი, რომელმაც შეიძლება პირდაპირი ან არაპირდაპირი გავლენა მოახდინოს აუდიტორული მომსახურების შედეგებზე, იმ სუბიექტისაგან დამოუკიდებელი უნდა იყოს, რომელსაც იგი აუდიტორულ მომსახურებას უწევს. ამასთანავე, იგი არ უნდა მონაწილეობდეს ამ სუბიექტის მიერ გადაწყვეტილებების მიღების პროცესში. ეს მოთხოვნა მოქმედებს ფინანსური ანგარიშგების საანგარიშგებო პერიოდსა და აუდიტორული მომსახურების განხორციელების პერიოდში) დანაწესებზე; ასევე, ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტებზე (ბასს (IAS)), ბუღალტრული ეთიკის საერთაშორისო სტანდარტების საბჭოს (ბესსს) მიერ შემუშავებული ბუღალტრების ეთიკის კოდექსზე (რომელიც ადგენს საერთაშორისო მასშტაბით გამოსაყენებელ ეთიკის ნორმებს პროფესიონალი ბუღალტრებისთვის და ობიექტურობის პრინციპზე დაყრდნობით ყველა პროფესიონალ ბუღალტერს ავალდებულებს, არ დაუშვან თავიანთი პროფესიული ან საქმიანი გადაწყვეტილებების კომპრომენტირება მიკერძოების, ინტერესთა კონფლიქტის ან სხვისი არასასურველი გავლენის გამო), საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლზე (ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს) და დასახლებული სამართლებრივი საფუძვლებიდან გამომდინარე, პალატა სრულად დაეთანხმა ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას იმის შესახებ, რომ 2014 წლის 25 დეკემბრის N85/2014 აუდიტორული მომსახურების ხელშეკრულების ფარგლებში მხარეთა შეთანხმება მომსახურების დასკვნით ეტაპზე აუდიტორული შემოწმების დასკვნის შედგენისა და დამკვეთისათვის გადაცემის თაობაზე, წარმოადგენდა ბათილ გარიგებას „ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონთან და ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტებთან წინააღმდეგობის გამო, რის გამოც მენარდის მიერ აღნიშნული შეთანხმების შეუსრულებლობა არ უნდა შეფასებულიყო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევად.

7.2.6. სააპელაციო პალატის მითითებით, ასევე, პასუხი უნდა გასცემოდა შეკითხვას - აუდიტორული შემოწმების დასკვნის შედგენისა და შემკვეთისათვის გადაცემის შესახებ შეთანხმების ბათილობის პირობებში, როგორ უნდა გადაწყვეტილიყო ამ შეთანხმებით გათვალისწინებული მომსახურებისათვის უკვე გადახდილი საფასურის საკითხი, ვინაიდან, ცხადი იყო, რომ ხელშეკრულებით შეთანხმებული საზღაური განკუთვნილი იყო როგორც საბუღალტრო მომსახურების გაწევისათვის, ისე აუდიტორული დასკვნის მომზადებისთვისაც, რომლის შესრულების მიმართაც შემკვეთს გააჩნდა ლეგიტიმური მოლოდინი. მოსარჩელის განმარტებით, მენარდის მიერ შეთანხმებული პირობის შეუსრულებლობით შემკვეთს მიადგა გამოუსწორებელი ზიანი, რადგან დროის კონკრეტულ მონაკვეთში ვერ იქნა წარდგენილი აუცილებელი აუდიტორული დასკვნა.

7.2.7. განსახილველ შემთხვევაში, პალატამ მიიჩნია, რომ აუდიტორული შემოწმების დასკვნის შედგენისა და დამკვეთისათვის გადაცემის თაობაზე შეთანხმების შეუსრულებლობის გამო, ამ მომსახურების ანგარიშში გადახდილი თანხის უკან დაბრუნების შესახებ მოთხოვნის სამართლებრივ საფუძველს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი წარმოადგენდა, თუმცა ამ ნაწილში მოთხოვნის წარმატებულობისთვის, მოსარჩელეს წარმოეშვა შეუსრულებელი მომსახურების ანგარიშში გადახდილი თანხის ოდენობის მტკიცების ტვირთი. პალატამ ყურადღება მიაქცია იმ გარემოებას, რომ სადავო ხელშეკრულებით არ დგინდებოდა, თუ რა საფასური იყო გათვალისწინებული კონკრეტულად აუდიტორული დასკვნის გაცემისათვის (საბუღალტრო მომსახურებისა და აუდიტორული დასკვნის გაცემის საფასური ერთმანეთისგან არ იყო გამიჯნული). ასეთ ვითარებაში, აუდიტორული დასკვნის მომზადებისათვის გადახდილი თანხის უკან დაბრუნების შესახებ მოთხოვნის დაკმაყოფილებისთვის, მტკიცების ტვირთის მქონე მოსარჩელეებს სასამართლოსათვის უნდა წარმოედგინათ ისეთი მტკიცებულებები, რომელთა საფუძველზე შესაძლებელი გახდებოდა აუდიტორული დასკვნის მომზადებისათვის განკუთვნილი თანხის ოდენობის განსაზღვრა (მაგ: მტკიცებულება (დასკვნა) იმის შესახებ, თუ რა ღირს ბაზარზე ასეთი სახის მომსახურების გაწევა და რაც მთავარია, ის, რომ მათ სხვა კ–ისგან მიიღეს აუდიტორული მომსახურება, რაშიც კონკრეტული თანხა გადაიხადეს). განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო პალატის მითითებით, შპს „ი.თ–ის“, შპს „ი–ას“ და შპს „ი–ას“ მიერ სასამართლოსათვის ამგვარი მტკიცებულება წარმოდგენილი არ იყო, რაც აღნიშნულ ნაწილში მოთხოვნას დაუსაბუთებლად აქცევდა. აპელანტის ის პოზიცია, რომ აუდიტორული დასკვნის მომზადების ნაწილში ხელშეკრულების ბათილობის სამართლებრივი შედეგი თანხის უკან დაბრუნება იყო, არ იქნა გაზიარებული იმ მოტივითაც, რომ საქმეში მოპასუხის წარმოდგენილი - შპს „ვ–ას“ მიერ 2018 წლის 26 დეკემბერს შედგენილი საექსპერტო დასკვნის თანახმად, შპს „ა.ფ.ბ–ი და კ–ის“ მიერ 2014 წლის 25 დეკემბერს გაფორმებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე, სამივე საზოგადოების მიმართ შესრულებული მომსახურების (ბუღალტრული დოკუმენტაციის მოწესრიგება - ბუღალტრული და ფინანსური დოკუმენტების შემოწმება და დალაგება; ბუღალტრული აღრიცხვის ელექტრონული ბაზის აწყობა და მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანა; საჭიროების შემთხვევაში საგადასახდო დეკლარაციების დაზუსტება) ღირებულება შეადგენდა 48 380 ლარს (ტ.2. ს/ფ 297), რაც მოსარჩელის მიერ მოპასუხისათვის გადახდილ თანხაზე ნაკლები იყო. შესაბამისად, მოპასუხის მიღებულ თანხას აღარ უნდა გამოკლებოდა და შედეგად, არ უნდა დაბრუნებულიყო ბათილი ხელშეკრულების კვალობაზე მოსარჩელის მიერ უკუმოთხოვნილი თანხა.

7.2.8. სააპელაციო პალატამ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასების საფუძველზე დადგენილად მიიჩნია ის გარემოება, რომ შპს „ა.ფ.ბ. და კ–ამ“ უზრუნველყო შპს ი.თ–თან“, შპს „ი–იასთან“ და შპს „ი–ასთან“ 2015 წლის 28 თებერვალს გაფორმებული N12-2015, N13-2015 და N14-2015 აუდიტორული მომსახურების გაწევის შესახებ ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება, შეთანხმებული პირობების შესაბამისად. კერძოდ:

7.2.8.1.აუდიტორულ კ–ას სადავო ხელშეკრულებების საფუძველზე არ წარმოშობია დამკვეთი კ–ის ფინანსური დოკუმენტაციის შემოწმებისა და აუდიტორული დასკვნის გაცემის მოვალეობა, ასეთი შეთანხმების ბათილობის გამო. შესაბამისად, ამ ნაწილში მენარდეს ვალდებულება არ დაურღვევია. რაც შეეხება ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სხვა მომსახურების შესრულებას, (კ–ების ბუღალტრული და ფინანსური დოკუმენტაციის შემოწმება, დალაგება, მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანა და ბუღალტრული აღრიცხვის ელექტრონული ბაზების აწყობა), სააპელაციო პალატამ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასების საფუძველზე მიიჩნია, რომ აუდიტორულმა კ–ამ სრულად შეასრულა 2014 წლის 25 დეკემბრის N85/2014 აუდიტორული მომსახურების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები. პალატის ასეთი დასკვნა კი, შემდეგ მტკიცებულებებს დაემყარა:

-მენარდემ ჯეროვანი შესრულების მტკიცების მიზნით, წარმოადგინა შპს „ვ–ას“ მიერ 2018 წლის 26 დეკემბერს შედგენილი საექსპერტო დასკვნა, რომლის საფუძველზეც დადგინდა, რომ შპს „ა.ფ.ბ. და კ–ამ“ სამივე საზოგადოების მიმართ მოახდინა 2014 წლის 25 დეკემბერს გაფორმებული ხელშეკრულების დანართი №1-ით (2015 წლის 17 თებერვალი) გათვალისწინებული ბუღალტრული დოკუმენტაციის მოწესრიგება - ბუღალტრული და ფინანსური დოკუმენტების შემოწმება და დალაგება; ბუღალტრული აღრიცხვის ელექტრონული ბაზის აწყობა და მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანა; საჭიროების შემთხვევაში, საგადასახდო დეკლარაციების დაზუსტება.

-ამავე დასკვნის თანახმად, სამივე ფირმასთან მიმართებით წარმოდგენილი ფინანსური და სამეურნეო დოკუმენტაცია აღრიცხული იყო ელექტრონულ-ბუღალტრულ ბაზაში („სუპერფინში“) და ასახავდა საზოგადოების მიერ განხორციელებული სამეურნეო-ეკონომიკური ოპერაციების ბუღალტრულ გატარებას, რომელთა რაოდენობამ შპს „ი.თ–ის“ შემთხვევაში (10.01.14წ.-31.12.15წ. პერიოდზე) შეადგინა 22054.00 ერთეული, შპს „ი–ას“ შემთხვევაში შეადგინა 2 407 ერთეული (10.05.13წ.-31.12.15წ. პერიოდზე) და შპს „ი–იას“ შემთხვევაში - 4 007 ერთეული (14.01.13-31.12.15 წ. პერიოდზე)“; დასკვნის თანახმად, შპს „ა.ფ.ბ–ი და კ–ის“ მიერ დამუშავებული საბუღალტრო დოკუმენტაცია შედგენილი იყო საქართველოში მოქმედი სტანდარტების მიხედვით და სრულად პასუხობდა არსებულ მოთხოვნებს. საქართველოს 2012 წლის 29 ივნისის N6598 „ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების აუდიტის შესახებ“ კანონის მოთხოვნებიდან და ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტებიდან (ბასს) გამომდინარე, წარმოდგენილი საბუღალტრო ბაზა ოპერაციათა გატარების ერთობლიობითა და შინაარსით შესაბამისობაში იყო მოქმედ ნორმატივებთან. აღნიშნულის საპირისპირო მტკიცება კი, მოწინააღმდეგე მხარეს არ წარმოუდგენია.

-სასამართლო პროცესზე მოწმედ დაკითხულ პირთა ჩვენებებით დასტურდებოდა, რომ აუდიტორული კ–ის თანამშრომლებმა განახორციელეს შრომატევადი სამუშაო მოსარჩელეების პირველადი დოკუმენტაციის მოძიება-შეკრების, დამუშავებისა და კანონმდებლობასთან მათი შესაბამისობაში მოყვანის უზრუნველსაყოფად; ყოველთვიური საგადასახადო დეკლარაციები წარდგენილი იყო მაკონტროლებელ ორგანოებში, ხოლო ყოველწლიური საგადასახადო დეკლარაციების წარდგენისათვის საჭირო ინფორმაცია, გადაეცა დამკვეთ მხარეს; 2016 წლის 31 მარტით დათარიღებული, კონკრეტული ელექტრონული წერილების შინაარსი ასევე, ცხადყოფდა ხელშეკრულებათა შეწყვეტის თაობაზე დამკვეთის ნების გამოვლენის პირობებში, აუდიტორული კ–ის მიერ საბუღალტრო აღრიცხვისა და დაბეგვრის საკითხებში შპს „ი.თ–ისათვის“ სათანადო კონსულტაციების გაწევის ფაქტებს.

- მხარეთა შორის ელექტრონული მიმოწერის ამსახველი დოკუმენტაციითა და მოწმეთა ჩვენებებით დადგენილი იყო, რომ სახელშეკრულებო ურთიერთობები რეალურად გრძელდებოდა 2016 წლის მარტის ბოლომდე, ვიდრე არ განხორციელდა შპს „ი.თ–ის“, შპს „ი–იას“ და შპს „ი–ას“ www.rs.ge-ს ვებ პორტალის პაროლთა ცვლილება დამკვეთი მხარის მიერ, რითაც შემსრულებელს შეეზღუდა საშუალება დაედეკლარირებინა/დაეზუსტებინა დამკვეთი კ–ების დეკლარაციები. საქმეში წარმოდგენილი მიღება-ჩაბარების აქტები ცხადყოფდა, რომ დამკვეთმა მხარემ შპს „ი–იას“, შპს „ი–ას“ და შპს „ი.თ–ის“ პირველადი დოკუმენტაცია, აუდიტორული კ–ისაგან გადაიბარა 2016 წლის 27 აპრილს.

7.2.9. ზემოაღნიშნული მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე პალატამ მიიჩნია, რომ მტკიცების ტვირთის მქონე აუდიტორულმა კ–ამ უზრუნველყო სათანადო და სამართლებრივად წონადი მტკიცებულების წარმოდგენის გზით იმ ფაქტობრივი გარემოების დადასტურება, რომ დამკვეთს 2014 წლის 25 დეკემბრის N85/2014 აუდიტორული მომსახურების ხელშეკრულებით ნაკისრი მომსახურება გაუწია ჯეროვნად, რაც იმას ნიშნავდა რომ შემსრულებელს წარმოეშვა ხელშეკრულებით შეთანხმებული საზღაურის მოთხოვნის უფლება (სამოქალაქო კოდექსის 629-ე, 636-ე მუხლები).

7.2.10. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი იყო და სააპელაციო საჩივრის ფარგლებში სადავოდ არ იყო გამხდარი გარემოება, რომ 2015 წლის 28 თებერვალს, შპს „ა.ფ.ბ. და კ–ასა“ და მოსარჩელეებს (შპს „ი.თ–ს“, შპს „ი–იას“ და შპს ი–ას“) შორის გაფორმებული აუდიტორული მომსახურების გაწევის შესახებ ხელშეკრულებები, დამკვეთი მხარის ინიციატივით, ცალმხრივად შეწყდა 2016 წლის 26 მარტიდან. ამასთან, დადგენილი იყო, რომ შპს „ი–ას“, შპს „ი–იას“ და შპს „ი.თ–ს“ შემსრულებლისათვის გადახდილი ჰქონდა მხოლოდ შვიდი თვის აუდიტორული მომსახურების საფასური. 2015 წლის ნოემბრის შემდეგ აუდიტორული ფირმის სასარგებლოდ გადახდა არ განხორციელებულა.

7.2.11. საქმეში არსებული შპს „ვ–ას“ 2018 წლის 26 დეკემბრის საექსპერტო დასკვნაში საზოგადოების მიერ განხორციელებული სამეურნეო-ეკონომიკური ოპერაციების ბუღალტრული გატარების ამსახველი მონაცემებით დასტურდებოდა ის ფაქტი, რომ 2015 წლის დეკემბრის ჩათვლით, დამკვეთი მხარე სარგებლობდა აუდიტორული მომსახურებით, თუმცა მის მიერ არ იყო ანაზღაურებული 2015 წლის ოქტომბრის, ნოემბრის და დეკემბრის თვეში გაწეული მომსახურეობის საფასური, რაც შპს „ი–ასა“ და შპს „ი–იას“ შემთხვევაში შეადგენდა 1500 ლარს (თვეში 500 ლარი), ხოლო შპს „ი.თ–ის“ შემთხვევაში - 2010 ლარს (თვეში 670 ლარი); საქმის მასალებით ასევე უდავოდ იყო დადგენილი, რომ შპს „ი.თ–ს“, 2015 წლის 17 თებერვლის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, შპს „ა.ფ.ბ–ი და კ–ისათვის“ გადასახდელი ჰქონდა 13850 ლარი.

7.2.12. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა გასაჩივრებული გადაწყვეტილების სამართლებრივი დასკვნა იმის შესახებ, რომ შპს „ა.ფ.ბ–ი და კ–ამ“ დაარღვია სადავო ხელშეკრულებებით ნაკისრი - შექმნილი ფინანსური და ბუღალტრული აღრიცხვის ელექტრონული ბაზების დამკვეთი მხარისათვის გადაცემის ვალდებულება, რაც ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ერთ-ერთ საფუძველად მიიჩნია.

7.2.13. ამ ნაწილში, პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ შპს „ა.ფ.ბ–ი და კ–ამ“ უარი განაცხადა შექმნილი ფინანსური და ბუღალტრული აღრიცხვის ელექტრონული ბაზების შემკვეთებისათვის გადაცემაზე, ვიდრე შპს „ი–ია“ და შპს „ი–ა“ არ დაფარავდა სამი თვის გაწეული მომსახურების ღირებულებას, ხოლო შპს „ი.თ–ი“ - 2015 წლის 28 თებერვლისა და 2014 წლის 25 დეკემბრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანებას.

7.2.14. პალატამ დადგენილად მიიჩნია ისიც, რომ N14-2015 აუდიტორული მომსახურების გაწევის შესახებ ხელშეკრულებით (მე-2 მუხლი), აუდიტორული კ–ის ერთ-ერთ კონკრეტულ ვალდებულებად განსაზღვრულ იქნა დამკვეთი კ–ების საფინანსო-სამეურნეო დოკუმენტაციის ბუღალტრული და ფინანსური აღრიცხვიანობის წარმოება (ელექტრონული ბაზის შექმნა), რაც პალატის მოსაზრებით, დასამზადებელ ნაკეთობად უნდა განხილულიყო სსკ-ის 629-ე და 641-ე მუხლების თელეოლოგიური განმარტებით (ანუ, ნორმის მიზნიდან გამომდინარე), რადგანაც ნარდობის ხელშეკრულების საგანი შეიძლება იყოს, როგორც სხეულებრივი ნივთი, ისე ინტელექტუალური, სამეცნიერო ან ხელოვნების შრომის ნაყოფი.

7.2.15. მოცემულ შემთხვევაში, იმ ფაქტობრივი მოცემულობის გათვალისწინებით, რომ დამკვეთ კ–ებს სრულად არ ჰქონდათ ანაზღაურებული მომსახურების ღირებულება (2015 წლის ოქტომბრის, ნოემბრის და დეკემბრის თვის მომსახურეობის საფასური, ასევე 2015 წლის 28 თებერვლისა და 2014 წლის 25 დეკემბრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანება), პალატამ მიიჩნია, რომ აუდიტორულმა კ–ის მიერ გირავნობის უფლების გამოყენება მის მიერ შექმნილი პროდუქტის - ფინანსური და ბუღალტრული აღრიცხვის ელექტრონული ბაზების მიმართ, თავსებადი იყო სამოქალაქო კოდექსის 634-ე მუხლის წინაპირობებთან და ამ თვალსაზრისით, სახეზე არ იყო მენარდის მხრიდან ნაკლოვანი შესრულება.

7.2.16. ამრიგად, ზემოაღნიშნული ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების ანალიზის საფუძველზე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ შპს „ა.ფ.ბ–ი და კ–ას“ შეგებებული სარჩელის მოთხოვნები: შპს „ი.თ–ისათვის“ N85/2014 ხელშეკრულების N1 დანართიდან გამომდინარე, გადაუხდელი თანხის - 13 850 ლარის და 2015 წლის ოქტომბრის, ნოემბრის და დეკემბრის თვეში გაწეული მომსახურების ღირებულების - 2 010 ლარის დაკისრების შესახებ; ასევე - შპს „ი–იასა“ და შპს „ი–ასათვის“ აუდიტორიული მომსახურების ხელშეკრულებებიდან გამომდინარე, 2015 წლის ოქტომბრის, ნოემბრის და დეკემბრის თვეში გაწეული მომსახურების ღირებულების - 1500 ლარის გადახდის დაკისრების შესახებ, დასაბუთებული იყო და უნდა დაკმაყოფილებულიყო.

7.2.17. აქვე, პალატამ აღნიშნა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 5 ივლისის განჩინებით შეწყდა საქმის წარმოება შეგებებული სარჩელის იმ მოთხოვნებზე, რომლებიც ვადაგადაცილებულ დღეზე გადასახდელი თანხის/მომსახურების საფასურის 0.1%-ის ოდენობით პირგასამტეხლოს მოთხოვნებს უკავშირდებოდა.

7.2.18. რაც შეეხება ძირითად სარჩელს, წინამდებარე გადაწყვეტილებით განსაზღვრული სამართლებრივი შედეგი (შეგებებული სარჩელის დასაბუთებულობის თვალსაზრისით განვითარებული მსჯელობა) საფუძველს აცლიდა შპს „ი.თ–ის“, შპს „ი–ას“, შპს „ი–ას“ სასარჩელო მოთხოვნის დასაბუთებულობას, რაც მათი მოთხოვნების უარყოფის საფუძველს წარმოადგენდა.

8. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს მოსარჩელეებმა, რომლებმაც მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.

8.1. კასატორების მოთხოვნის ფაქტობრივ–სამართლებრივი დასაბუთება:

8.1.1. კასატორების მითითებით, ვინაიდან სასამართლოს მიერ დადგენილ იქნა ის გარემოება, რომ ხელშეკრულებაში არსებული ერთ-ერთი ძირითადი ვალდებულება (აუდიტორული დასკვნის გაცემა) ეწინააღმდეგებოდა მოქმედ კანონმდებლობას, სასამართლოს უნდა გამოეკვლია, სახეზე ხომ არ იყო ხელშეკრულების მოტყუებით დადების ფაქტი, ვინაიდან, რომ არა აღნიშნული ვალდებულება, ხელშეკრულება საერთოდ არ დაიდებოდა. მათი უპირატესი ინტერესი სწორედაც რომ აღნიშნული დასკვნა იყო, თუმცა, საბოლოოდ აღმოჩნდა, რომ თანხა გადაიხადეს იმაში, რასაც მოპასუხე ვერ შეასრულებდა და აღნიშნული თავიდანვე იყო მისთვის ცნობილი.

9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 11 აპრილის განჩინებით, შპს „ი.თ–ის“, შპს „ი–იას“ და შპს „ი–ას“ საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

10. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

11. სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული ნორმის დანაწესით, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

12. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

13. სსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ უდავო ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

14. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის დისპოზიციიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. საკასაციო სასამართლოს არ შეუძლია თავისი ინიციატივით შეამოწმოს საპროცესო დარღვევები, გარდა 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტებისა. შესაბამისად, წინამდებარე განჩინებით, საკასაციო პალატის შეფასების საგანი იქნება კასატორების შედავების საფუძვლიანობა.

15. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სამოქალაქო საქმეებზე დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღებისა და ზოგადად, მართლმსაჯულების განხორციელების უწინარეს საფუძველს წარმოადგენს იმის სწორად განსაზღვრა, თუ რა სამართლებრივი საფუძვლიდან გამომდინარეობს მხარეთა შორის წარმოშობილი დავა. ამ მიზნით, საქმის განმხილველმა სასამართლომ პირველყოვლისა, უნდა დაადგინოს მოთხოვნის მატერიალური საფუძველი [მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმა]. მხოლოდ ამის შემდეგ უნდა გამოარკვიოს მოძიებული ნორმის წინაპირობები, მისი აბსტრაქტული შემადგენლობა და შეამოწმოს განხორციელებულია თუ არა განსახილველ საქმეზე ყველა მათგანი. ამ ასპექტში, ფორმალურ სამართლებრივი თვალსაზრისით, სასამართლო შეზღუდულია სარჩელის ფაქტობრივი გარემოებებით: იგი ამოწმებს რომელ კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებებზე მიუთითებს მოსარჩელე, ქმნიან თუ არა ისინი დამფუძნებელი ნორმის უკლებლივ ყველა წანამძღვარს. ამის შემდეგ მოწმდება, მოპასუხის პოზიცია რამდენად აქარწყლებს წარმოშობილ წანამძღვრებს (პროცესუალური და მატერიალური თვალსაზრისით) (იხ. სუსგ №ას-53-49-2017, 07 აპრილი 2017 წელი).

16. განსახილველ შემთხვევაში, სადავო არ არის, რომ მხარეთა შორის წარმოშობილი ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა აუდიტორული მომსახურების ხელშეკრულებებიდან გამომდინარეობს, რომლებიც თავისი სამართლებრივი ბუნებით, ნარდობის ხელშეკრულებებს წარმოადგენს. კერძოდ, დადგენილია, რომ 2014 წლის 25 დეკემბერს, შპს „ა.ფ.ბ–ი და კ–ას“ და შპს „ი.თ–ს“ შორის დაიდო აუდიტორული მომსახურების N85/2014 ხელშეკრულება, ხოლო მოგვიანებით - 2015 წლის 28 თებერვალს, შპს „ა.ფ.ბ–ი და კ–ას“ და შპს „ი.თ–ს“, შპს „ი–იას“ და შპს „ი–ას“ შორის ასევე გაფორმდა N12-2015, N13-2015, N14-2015 აუდიტორული მომსახურების გაწევის შესახებ ხელშეკრულებები, რომელთა საფუძველზეც შემსრულებელმა - აუდიტორულმა კ–ამ იკისრა ვალდებულება ამავე ხელშეკრულებებით განსაზღვრული მოცულობით, წესებისა და პირობების შესაბამისად, დამკვეთთათვის გაეწია აუდიტორული მომსახურება, ხოლო, დამკვეთმა იკისრა ვალდებულება აენაზღაურებინა გაწეული მომსახურეობის საფასური. დასახელებული ხელშეკრულებების თანახმად, ერთ-ერთ არსებით პირობას მენარდის მიერ სამუშაოს დროული და ჯეროვანი შესრულება წარმოადგენდა. ნაკისრი ვალდებულებების ვადაში შესრულებას კი, მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული პირგასამტეხლო უზრუნველყოფდა, რომლის ოდენობა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადასახდელი თანხის/მომსახურების საფასურის 0.1%-ით განისაზღვრა (ხელშეკრულების 5.3. და 5.4 პუნქტებით).

17. ძირითადი სარჩელით მოსარჩელეები (შპს“ი.თ–ი“, შპს „ი–ია“ და შპს „ი–ა“) საკუთარ სასარჩელო მოთხოვნებს მოპასუხე აუდიტორული კ–ის მიმართ გადახდილი თანხების უკან დაბრუნების, პირგასამტეხლოსა და მიუღებელი შემოსავლის სახით ზიანის ანაზღაურების თაობაზე იმ ფაქტობრივ გარემოებას აფუძნებდნენ, რომ მენარდემ არაჯეროვნად შეასრულა აუდიტორული მომსახურების გაწევის შესახებ ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებები; კერძოდ, მოსარჩელის განმარტებით, აუდიტორული დასკვნის შედგენის ნაწილში, მოპასუხემ საერთოდ არ შეასრულა ვალდებულება, ხოლო, დანარჩენ ნაწილში შესრულება იყო უხარისხო და ამასთან, დარღვეული იყო ხელშეკრულებებით განსაზღვრული შესრულების ვადები.

18. დადგენილია, რომ მოპასუხემ თავის დაცვის საპროცესო საშუალებად - შესაგებელთან ერთად (რომლითაც სარჩელი არ ცნო), შეგებებული სარჩელიც გამოიყენა და მიუთითა, რომ ობიექტურად არსებული გარემოებების გათვალისწინებით, ჯეროვნად იქნა შესრულებული აუდიტორული მომსახურების გაწევის შესახებ ხელშეკრულებებით ნაკისრი მოვალეობები, თუმცა, შემკვეთი, რომელმაც მიიღო შესრულება, უარს აცხადებდა შემხვედრ შესრულებაზე, რის გამოც შეგებებული სარჩელით მოითხოვა მოპასუხეთაგან გაწეული მომსახურების ანაზღაურება, რაც შპს „ი.თ–ის“ შემთხვევაში N85/2014 ხელშეკრულებიდან გამომდინარე შეადგენდა 13850 ლარს, ხოლო N12-2015 ხელშეკრულებიდან გამომდინარე - 2010 ლარს (2015 წლის ოქტომბრის, ნოემბრისა და დეკემბრის თვეებში გაწეული მომსახურების ანაზღაურება); შპს „ი–ას“ და შპს „ი–იას“ შემთხვევაში კი, N13-2015 და N14-2015 ხელშეკრულებებიდან გამომდინარე გაწეული მომსახურების ანაზღაურება შეადგენდა 1500-1500 ლარს (2015 წლის ოქტომბრის, ნოემბრისა და დეკემბრის თვეებში გაწეული მომსახურების ანაზღაურება); გარდა ამისა, აუდიტორულმა კ–ამ მოითხოვა მოპასუხეთათვის ხელშეკრულებების 5.3 პუნქტებით განსაზღვრული პირგასამტეხლოს დაკისრება ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადასახდელი თანხის/მომსახურების საფასურის 0.1%-ის ოდენობით, რაზედაც მოგვიანებით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 05 ივლისის განჩინებით, შეწყდა საქმის წარმოება.

19. განსახილველ შემთვევაში, მხარეთა სასარჩელო მოთხოვნებისა და მათ საფუძვლად მითითებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლოს მიერ შესაფასებელ გარემოებას წარმოადგენდა შეასრულა თუ არა მენარდემ ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებები ჯეროვნად და დათქმულ ვადაში.

20. თბილისის სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილებით, შეიცვალა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტი და ამ ნაწილში, მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც შპს „ა.ფ.ბ–ი და კ–ის“ შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა. გამომდინარე იქიდან, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით განსაზღვრული სამართლებრივი შედეგი (შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება) საფუძველს აცლის შპს „ი.თ–ის“, შპს „ი–ასა“ და შპს „ი–ას“ სასარჩელო მოთხოვნებს, საკასაციო პალატა პირველ რიგში ყურადღებას გაამახვილებს შეგებებული სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად მითითებულ გარემოებებზე და აღნიშნავს, რომ შპს „ი.თ–ის“, შპს „ი–იას“ და შპს „ი–ას“ მიმართ შპს „ა.ფ.ბ–ი და კ–ის“ მოთხოვნის ფაქტობრივი შემადგენლობა (აღწერილობა) განაპირობებს მის სამართლებრივ მოწესრიგებას საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის 1-ლი ნაწილისა (ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური), 636-ე (შემკვეთს უფლება აქვს სამუშაოს დასრულებამდე ნებისმიერ დროს თქვას უარი ხელშეკრულებაზე, მაგრამ მან უნდა აუნაზღაუროს მენარდეს შესრულებული სამუშაო და ხელშეკრულების მოშლით მიყენებული ზიანი) და 648-ე (შემკვეთი მოვალეა მენარდეს გადაუხადოს საზღაური სამუშაოს შესრულების შემდეგ, თუ ხელშეკრულება არ ითვალისწინებს ნაწილ-ნაწილ გადახდას) მუხლების საფუძველზე.

21. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ კანონმდებლობა ითვალისწინებს სამუშაოს შესრულების ტიპის ისეთ ხელშეკრულებას, როგორიცაა ნარდობა. ნარდობის ხელშეკრულება, ნასყიდობის ხელშეკრულების მსგავსად, ერთერთი ყველაზე უფრო მეტად გავრცელებული ხელშეკრულებაა სასაქონლო-ფულად ფასეულობათა ბრუნვის სფეროში. ნარდობის ხელშეკრულება აწესრიგებს უშუალოდ წარმოების პროცესში წარმოშობილ ურთიერთობებს, რადგან იგი დაკავშირებულია მენარდის ვალდებულებასთან - შეასრულოს ხელშეკრულებით განსაზღვრული სამუშაო და გადასცეს შემკვეთს შეთანხმებული საზღაურის მიღების პირობით შესრულებული სამუშაოს შედეგი (იხ. დამატებით: ზ. ძლიერიშვილი, ნარდობის ხელშეკრულება, თბილისი, 2016, გვერდი 26).

22. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორებმა დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია ვერ დაუპირისპირეს სააპელაციო პალატის მსჯელობას მასზედ, 2014 წლის 25 დეკემბრის N85/2014 აუდიტორული მომსახურების ხელშეკრულების ფარგლებში, მხარეთა შეთანხმება აუდიტორული შემოწმების დასკვნის შედგენისა და დამკვეთისათვის გადაცემის თაობაზე, წარმოადგენდა ბათილ გარიგებას „ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონთან და ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტებთან წინააღმდეგობის გამო, რის გამოც, მენარდის მიერ აღნიშნული შეთანხმების შეუსრულებლობა, არ უნდა შეფასებულიყო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევად, ხოლო, დანარჩენ ნაწილში, მტკიცების ტვირთის მქონე შპს „ა.ფ.ბ. და კ–ამ“ სათანადო და სამართლებრივად წონადი მტკიცებულებით - შპს „ვ–ას“ 2018 წლის 26 დეკემბრის საექსპერტო დასკვნით, მხარეთა შორის ელექტრონული მიმოწერის ამსახველი დოკუმენტაციითა და მოწმეთა ჩვენებებით უზრუნველყო იმ ფაქტობრივი გარემოების დადასტურება, რომ დამკვეთს - შპს „ი.თ–ს“, 2014 წლის 25 დეკემბრის N85/2014 აუდიტორული მომსახურების ხელშეკრულებით ნაკისრი მომსახურება გაუწია ჯეროვნად; ამასთან, საქმეში არსებული შპს „ვ–ას“ 2018 წლის 26 დეკემბრის საექსპერტო დასკვნაში, საზოგადოების მიერ განხორციელებული სამეურნეო-ეკონომიკური ოპერაციების ბუღალტრული გატარების ამსახველი მონაცემებით დასტურდებოდა ის ფაქტი, რომ აუდიტორულმა კ–ამ უზრუნველყო შპს „ი.თ–თან“, შპს „ი–იასთან“ და შპს „ი–ასთან“ 2015 წლის 28 თებერვალს გაფორმებული N12-2015, N13-2015 და N14-2015 აუდიტორული მომსახურების გაწევის შესახებ ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება შეთანხმებული პირობების შესაბამისად, რაც იმას ნიშნავდა, რომ შემსრულებელს წარმოეშვა ხელშეკრულებით შეთანხმებული საზღაურის მოთხოვნის უფლება, რაც სრულად ანაზღაურებული არ იყო და რაც შპს „ი–ასა“ და შპს „ი–იას“ შემთხვევაში შეადგენდა თითოეულისათვის 1500 ლარს (თვეში 500 ლარი), ხოლო შპს „ი.თ–ის“ შემთხვევაში - 2010 ლარს (თვეში 670 ლარი); საქმის მასალებით ასევე უდავოდ იყო დადგენილი, რომ შპს „ი.თ–ს“, 2015 წლის 17 თებერვლის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, შპს „ა.ფ.ბ–ი და კ–ისათვის“ გადასახდელი ჰქონდა 13850 ლარი.

23. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი აგებულია მხოლოდ იმ მსჯელობაზე, რომ კასატორების უპირატესი ინტერესი 2014 წლის 25 დეკემბრის N85/2014 აუდიტორული მომსახურების ხელშეკრულების ფარგლებში, აუდიტორული შემოწმების დასკვნის შედგენა და დამკვეთისათვის გადაცემა იყო, ხოლო ვინაიდან დადგენილ იქნა ის გარემოება, რომ ამ ნაწილში ვალდებულების შესრულება ეწინააღმდეგებოდა მოქმედ კანონმდებლობას, სასამართლოს უნდა გამოეკვლია სახეზე ხომ არ იყო ხელშეკრულების მოტყუებით დადების ფაქტი, რამეთუ აღნიშნული პირობის გარეშე, ხელშეკრულება საერთოდ არ დაიდებოდა.

24. საკასაციო პალატა დაუსაბუთებლობის გამო, არ იზიარებს კასატორების ზემოაღნიშნულ მოსაზრებას და განმარტავს, რომ მოტყუებით დადებული გარიგების ბათილად ცნობის საკითხს არეგულირებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 81-82-ე მუხლები. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 81-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით თუ პირი გარიგების დადების მიზნით მოატყუეს, იგი უფლებამოსილია მოითხოვოს ამ გარიგების ბათილობა. ეს ხდება მაშინ, როცა აშკარაა, რომ მოტყუების გარეშე გარიგება არ დაიდებოდა; თუ ერთი მხარე დუმს იმ გარემოებათა გამო, რომელთა გამჟღავნების დროსაც მეორე მხარე არ გამოავლენდა თავის ნებას, მაშინ მოტყუებულს შეუძლია მოითხოვოს გარიგების ბათილობა. გამჟღავნების ვალდებულება არსებობს მხოლოდ მაშინ, როცა მხარე ამას ელოდებოდა კეთილსინდისიერად. ამავე კოდექსის 82-ე მუხლის მიხედვით, მოტყუებით დადებული გარიგების ბათილად ცნობისათვის მნიშვნელობა არა აქვს, არასწორი ცნობების შეტყობინებით მხარე მიზნად ისახავდა რაიმე სარგებლის მიღებას, თუ - მეორე მხარისათვის ზიანის მიყენებას.

25. კანონის მითითებული დანაწესის შესაბამისად, მოტყუების საფუძვლით გარიგების ბათილობისათვის აუცილებელია, რომ მოტყუებას ნების გამომვლენში ისეთი შეცდომის გამოწვევა უნდა შეეძლოს, რომელიც ნების გამოვლენის საფუძველი ხდება. მოტყუების დროს პირს შექმნილი უნდა ჰქონდეს ისეთი ობიექტური ვითარება, რომელიც ხელს შეუშლის ნების გამომვლენს ნამდვილი, ანუ მისთვის სასურველი ნების გამოვლენაში და აღნიშნული გარემოება ყველა ნორმალურ მოაზროვნე ადამიანში არანამდვილი ნების გამოვლენას უნდა იწვევდეს, ანუ ადამიანს ობიექტური განსჯის შედეგად არ უნდა ჰქონდეს თავისი ნამდვილი ნების გამოვლენის შესაძლებლობა, შესაბამისად, მოტყუების ფაქტი იმდენად თვალსაჩინო და აშკარა უნდა იყოს, რომ ნებისმიერი საშუალო განვითარებისა და აზროვნების ადამიანის მოტყუება უნდა იყოს შესაძლებელი (იხ. სუსგ საქმე №ას-182-171-2014, 16 ივნისი, 2014 წელი; საქმე №ას-1117-1051-2015, 20 იანვარი, 2016 წელი).

26. მოტყუების საფუძვლით გარიგების ბათილობის მოთხოვნის შემთხვევაში, მხარემ უნდა ამტკიცოს არასწორი ცნობების მიწოდების ფაქტი. ამასთან, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 81-ე მუხლი მოტყუების გამო გარიგების ბათილობას ითვალისწინებს იმ შემთხვევაში, როდესაც არანამდვილი ნების ფორმირება მოტყუების საფუძველზე განხორციელდა და არა ნდობით გამოწვეული უხეში გაუფრთხილებლობის გამო (იხ. სუსგ საქმეზე №ას-1107-2022, 27/12/2022 წ.). მოტყუებით დადებული გარიგებისას გადამწყვეტია ის, რომ მხარის ნების ფორმირება ხორიელდება განზრახი მოტყუების საფუძველზე. მოტყუება წინ უნდა უსწრებდეს გარიგების დადებას და აშკარა უნდა იყოს, რომ გარიგება მოტყუების გარეშე არ დაიდებოდა. როგორც წესი, მოტყუება გარიგებაში ხელყოფს ერთი მხარის ნდობას მეორე მხარის კეთილსინდისიერ ქცევასთან მიმართებით. მოტყუებისას ნების ნაკლი განპირობებულია გარიგების მეორე მხარის განზრახი სამართლებრივად გასაკიცხი მოქმედებით, რომლის მიზანიც ნების გამომვლენისათვის არასწორი წარმოდგენის შექმნაა (იხ. სუსგ საქმეზე №ას-794-2020, 24/12/2020 წ.).

27. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მტკიცების ტვირთის განაწილებას აწესრიგებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის 1-ლი ნაწილი, რომლის მიხედვითაც თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს ის გარემოებები, რომლებზედაც დაფუძნებულია სასარჩელო მოთხოვნა, ხოლო მოპასუხემ გარემოებები, რომლებსაც მისი შესაგებელი ემყარება. მტკიცების ტვირთი არის სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორედ გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა სათანადოდ არ (ვერ) შეასრულა. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი - ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი, მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს (იხ. ჰაინ ბიოლინგი, ლადო ჭანტურია, სამოქალაქო საქმეებზე გადაწყვეტილებათა მიღების მეთოდიკა, თბ., 2003, გვ.64.).

28. გარიგების მოტყუებით დადებასთან დაკავშირებით კასატორების მითითებასთან მიმართებით, საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს იმ უდავო ფაქტობრივ გარემოებას, რომ მხარეთა მიერ ხელმოწერილი 2015 წლის 17 თებერვლის აუდიტორული მომსახურების N85/2014 ხელშეკრულების დანართი N1-ის საფუძველზე, ცვლილება განიცადა 2014 წლის 25 დეკემბრის N85/2014 ხელშეკრულებით განსაზღვრულმა მომსახურების მოცულობამ და პირობებმა. დასახელებული შეთანხმებით აუდიტორულმა კ–ამ იკისრა ვალდებულება მომსახურების გაზრდილი საფასურის სანაცვლოდ, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობისა და აუდიტის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, 3 თვის ვადაში (2015 წლის 17 მაისის ჩათვლით) გაეწია აუდიტორული მომსახურება როგორც შპს „ი.თ–ისათვის“, ასევე დამატებით ორი კ–ისათვის - შპს „ი–იას“ და შპს „ი–ასათვის“, რაც დამკვეთი კ–ების ფინანსური და ბუღალტრული ანგარიშგების საგადასახადო კანონმდებლობასთან შესაბამისობის აუდიტორული შემოწმებისა და დამკვეთის წარმოდგენილ მასალებზე დაყრდნობით აუდიტორული დასკვნის გაცემასთან ერთად მოიაზრებდა ორგანიზაციების ბუღალტრული და ფინანსური დოკუმენტაციის შემოწმებას, დალაგებას, ბუღალტრული აღრიცხვის ელექტრონული ბაზის აწყობას, მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანას და საჭიროების შემთხვევაში დეკლარაციების დაზუსტებას; შესამოწმებელი პერიოდი მოიცავდა 01.12.13-28.02.15 წლამდე პერიოდს.

29. ამდენად, უდავო ფაქტობრივი გარემოებაა, რომ შპს „ა.ფ.ბ. და კ–ასა“ და შპს „ი.თ–ს“ შორის, 2014 წლის 25 დეკემბერს გაფორმებული აუდიტორული მომსახურების N85/2014 ხელშეკრულების თანახმად, შემსრულებელი კისრულობდა ვალდებულებას - საქართველოს მოქმედი კანონმდებლობისა და აუდიტის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, ჩაეტარებინა კ–ის ფინანსური და ბუღალტრული ანგარიშგების საგადასახადო კანონმდებლობასთან შესაბამისობის აუდიტორული შემოწმება და დამკვეთის წარმოდგენილ მასალებზე დაყრდნობით გაეცა აუდიტორული დასკვნა, ხოლო, აუდიტორული დასკვნის გაცემამდე, დღის წესრიგში დადგა ბუღალტრული დოკუმენტაციის შემოწმება, დალაგება, ბუღალტრული აღრიცხვის ელექტრონული ბაზის აწყობა, მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანა და საჭიროების შემთხვევაში, დეკლარაციების დაზუსტება, რისი განხორციელებაც იმავე აუდიტორულმა კ–ამ იკისრა 17.02.2015 წლის აუდიტორული მომსახურების N85/2014 ხელშეკრულების დანართი N1-ის საფუძველზე. შესაბამისად, იმ პირობებში, როდესაც დღის წესრიგში რეალურად დადგა კ–ების ბუღალტრული და ფინანსური დოკუმენტაციის შემოწმების, დალაგების, მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანისა და ბუღალტრული აღრიცხვის ელექტრონული ბაზების აწყობის საჭიროება და მითითებული მომსახურება აუდიტორულმა კ–ამ სრულად შეასრულა (რაც დადგენილია და საკასაციო საჩივრითაც სადავოდ არ არის გამხდარი), საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორების მოსაზრებას აუდიტორული კ–ის მხრიდან მათი მოტყუების შესახებ, რამეთუ, განსახილველ შემთხვევაში, არ დგინდება, რომ ხელშეკრულების კონტრაჰენტმა - აუდიტორულმა კ–ამ გადადგა ისეთი ნაბიჯები, რითაც მხარე მოატყუა და გარიგება მოტყუებით დაადებინა. საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზეც, რომ სააპელაციო პალატამ შპს „ვ–ას“ 2018 წლის 26 დეკემბრის საექსპერტო დასკვნაზე დაყდნობით დაადგინა, რომ შპს „ა.ფ.ბ–ი და კ–ის“ მიერ, 2014 წლის 25 დეკემბერს გაფორმებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე, სამივე საზოგადოების მიმართ შესრულებული მომსახურების (ბუღალტრული დოკუმენტაციის მოწესრიგება - ბუღალტრული და ფინანსური დოკუმენტების შემოწმება და დალაგება; ბუღალტრული აღრიცხვის ელექტრონული ბაზის აწყობა და მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანა; საჭიროების შემთხვევაში საგადასახდო დეკლარაციების დაზუსტება) ღირებულება შეადგენს 48 380 ლარს, რაც მოსარჩელის (კასატორის) მიერ მოპასუხისათვის (შეგებებული სარჩელით მოსარჩელისათვის) გადახდილ თანხას (23850 ლარს) აღემატება. გამომდინარე იქიდან, რომ დასახელებული გარემოების გამაქარწყლებელი რაიმე რელევანტური მტკიცებულება ან/და დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია კასატორებს არ წარმოუდგენიათ, საკასაციო პალატა, კასატორების მოსაზრების საწინააღმდეგოდ, იზიარებს სააპელაციო პალატის შეფასებას მასზედ, რომ გადახდილი თანხა უნდა ჩაითვალოს აუდიტორული კ–ის მხრიდან გაწეული მომსახურების ანგარიშში. ამასთან, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ აუდიტორული კ–ის მიერ გაწეული მომსახურების ღირებულება (48380 ლარი) შპს „ვ–ას“ 2018 წლის 26 დეკემბრის საექსპერტო დასკვნის თანახმად აღემატება ხელშეკრულების საერთო ღირებულებასაც (37700 ლარს), პალატა მიიჩნევს, რომ დამკვეთს - შპს „ი.თ–ს“, დამატებით 13850 ლარის ანაზღაურება მართებულად დაეკისრა.

30. ამდენად, გამომდინარე იქიდან, რომ განსახილველ შემთხვევაში, არ იკვეთება მოტყუების საფუძვლით გარიგების ბათილად ცნობის წინაპირობები, ხოლო, მენარდის მხრიდან ვალდებულების შესრულების ნაწილში კასატორებს საკასაციო სასამართლოში საერთოდ არ წარმოუდგენით რაიმე სახის შედავება, საკასაციო პალატა სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასაბუთებას შპს „ა.ფ.ბ–ი და კ–ის“ მხრიდან ვალდებულების ჯეროვნად შესრულების თაობაზე და მიიჩნევს, რომ შეგებებული სარჩელით მოსარჩელემ თავისი მტკიცების ტვირთის ფარგლებში, დაადასტურა სახელშეკრულებო ურთიერთობის წარმოშობისა და ამ ურთიერთობის ფარგლებში ნაკისრი ვალდებულების ჯეროვნად შესრულების ფაქტი, რომლის ღირებულებაც შეგებებული სარჩელით მოპასუხეებს არ აქვთ ანაზღაურებული, ხოლო შეგებებული სარჩელით მოპასუხეებმა/კასატორებმა ვერ დაადასტურეს იმ გარემოებათა არსებობა, რომლებიც გამორიცხავდა მათი მხრიდან საპირისპირო შესრულების - გაწეული მომსახურების ანაზღაურების ვალდებულების არსებობას.

31. ამდენად, იმ უდავო ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, რომელიც საკასაციო განხილვის ეტაპზე სადავო არ გამხდარა და რომელთა სისწორის შესახებ საკასაციო საჩივარში შედავება განხორციელებული არ არის, საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში ასახულ დავის სამართლებრივ შეფასებას, რაც საფუძვლად დაედო შპს „ა.ფ.ბ–ი და კ–ის“ შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებას; აღნიშნული კი, თავის მხრივ, გამორიცხავს „ი.თ–ის“, შპს „ი–იას“ და შპს „ი–ას“ სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილებას.

32. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორები მიუთითებენ რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

33. კასატორებმა ვერ დაასაბუთეს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება წინააღმდეგობაში მოდის მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან.

34. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

35. ამავდროულად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან, რომელთა ნაწილიც ასახულია წინამდებარე განჩინებაში.

36. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

37. სსსკ-ის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

37.1. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ კასატორების საკასაციო მოთხოვნას წარმოადგენდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და მათი სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილება.

37.2. საკასაციო მოთხოვნის მხედველობაში მიღებით, პალატა განმარტავს, რომ შპს „ი.თ–ის“ საკასაციო საჩივარზე დავის საგნის ღირებულება სასარჩელო მოთხოვნათა ჯამის გათვალისწინებით შეადგენდა 130240.9 ლარს, ხოლო, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის ოდენობა - 6512 ლარს, საიდანაც კასატორს საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის გამო უნდა დაბრუნებოდა 70% - 4558,4 ლარი, ხოლო, დარჩენილი 30% - 1,953.6 ლარი, უნდა ჩათვლილიყო სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად; თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ კასატორს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი აქვს მხოლოდ 793 ლარი (იხ. ტ-4, ს.ფ. 253), მას სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დამატებით უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის გადახდა - 1160.62 ლარის ოდენობით.

37.3. რაც შეეხება შპს „ი–იასა“ და შპს „ი–ას“ საკასაციო მოთხოვნას, დავის საგნის ღირებულება ინდივიდუალურად, თითოეული მათგანის სასარჩელო მოთხოვნათა ჯამის გათვალისწინებით შეადგენდა 7,332.5 – 7,332.5 ლარს, ხოლო, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენდა 366.6-366.6 ლარს, საიდანაც საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის გამო, თითოეულ კასატორს უნდა დაბრუნებოდა 70% - 256.62 ლარი, ხოლო, დარჩენილი 30% - 109.98 ლარი, უნდა ჩათვლილიყო სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად. თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ კასატორებს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი აქვთ მხოლოდ 300-300 ლარი (იხ. ტ-4, ს.ფ. 254-2541), თითოეულ მათგანს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს მხოლოდ 190.02-190.02 ლარი, ხოლო, დარჩენილი 109.98-109.98 ლარი უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს „ი.თ–ის“; შპს „ი–იასა“ და შპს „ი–ას“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველი დაუშვებლობის გამო.

2. შპს „ი.თ–ს“ (........) სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის გადახდა 1160.62 ლარის ოდენობით, შემდეგ ანგარიშზე: თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150).

3. შპს „ი–იას“ (.......) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე თ.გ–ძის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან - 300 ლარიდან (საგადახდო დავალება N12925255337, გადახდის თარიღი 28.03.2022) – 190.02 ლარი;

4. შპს „ი–ას“ (........) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე თ.გ–ძის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან - 300 ლარიდან (საგადახდო დავალება N12925284441, გადახდის თარიღი 28.03.2022) – 190.02 ლარი;

5. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე გიორგი მიქაუტაძე

მოსამართლეები: რევაზ ნადარაია

თამარ ზამბახიძე