ას-1014-2022
01 დეკემბერი, 2022 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე),
რევაზ ნადარაია (მომხსენებელი), თამარ ზამბახიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – სს „ს.ბ–ი“ (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარეები – ვ.რ–ი, ლ.რ–ი, ლ.ს.კ–ნი (მოპასუხეები)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 27 ივნისის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – თანხის დაკისრება, იპოთეკის საგნის რეალიზაცია
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 04 ოქტომბრის განჩინებით, სს „ს.ბ–ის“ სარჩელი მოპასუხეების ვ.რ–ის, ლ.რ–ისა და ლ.ს.კ–ნის მიმართ, თანხის დაკისრებისა და იპოთეკის საგნის რეალიზაციის თაობაზე მოსარჩელის მიერ სარჩელის გამოხმობის გამო, დარჩა განუხილველი.
1.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 28 აპრილის დამატებითი გადაწყვეტილებით (სამოქალაქო საქმეზე №2/1601-21, მოსარჩელე სს „ს.ბ–ის“ სარჩელის გამო, მოპასუხეების ვ.რ–ის, ლ.რ–ისა და ლ.ს.კ–ნის მიმართ თანხის დაკისრებისა და იპოთეკის საგნის რეალიზაციის თაობაზე) სს „ს.ბ–ს“, მოპასუხე ვ.რ–ის სასარგებლოდ დაეკისრა 1 800 ლარის გადახდა ვ.რ–ის მიერ ადვოკატის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის ასანაზღაურებლად.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 28 აპრილის დამატებით გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი წარადგინა მოსარჩელემ და მოითხოვა დამატებითი გადაწყვეტილების გაუქმება.
2.1. სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 27 ივნისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი განუხილველად იქნა დატოვებული.
2.3. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სსსკ-ის 365-ე მუხლზე, რომლის თანახმად, სააპელაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავაში დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ დავის საგნის ღირებულება აღემატება 2000 ლარს. ეს ღირებულება განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილების რა ზომით შეცვლაზე შეაქვს საჩივარი მხარეს. პალატამ განმარტა, რომ განსახილველ შემთხვევაში, აპელანტი ითხოვდა გასაჩივრებული დამატებითი გადაწყვეტილების სრულად გაუქმებას, რომლის თანახმად სს „ს.ბ–ს“ მოპასუხე ვ.რ–ის სასარგებლოდ დაეკისრა 1800 ლარის გადახდა ვ.რ–ის მიერ ადვოკატის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის ასანაზღაურებლად. ვინაიდან, სააპელაციო საჩივრის დავის საგნის ღირებულება არ აღემატებოდა 2000 ლარს, არ არსებობდა სააპელაციო საჩივრის წრმოებაში მიღების წინაპირობა.
3. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა მოსარჩელემ და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლით:
3.1. კერძო საჩივრის ავტორის წარმომადგენელი მიუთითებს, რომ დამატებით გადაწყვეტილებაზე შეტანილი სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმებისას სააპელაციო პალატას უნდა გაეთვალისწინებინა არა დავის საგნის ოდენობა, არამედ ვ.რ–ის მიერ ადვოკატის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის ანაზღაურების და ბანკისათვის მითითებული თანხის დაკისრების კანონიერების/საფუძვლიანობის საკითხი.
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 13 ოქტომბრის განჩინებით სს „ს.ბ–ის“ კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
5. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კი დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
6. საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს სააპელაციო სასამართლოს მიერ, დავის საგნის ღირებულებიდან გამომდინარე, სს „ს.ბ–ის“ სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების კანონიერების საკითხი.
7. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
8. მოცემულ შემთხვევაში კერძო საჩივრის ავტორი სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინებას სადავოდ ხდის იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად მიიჩნია დავის საგნის ოდენობა სააპელაციო საჩივრის მიღებისათვის აუცილებელ პირობად, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს უნდა ემსჯელა დაკისრებული თანხის კანონიერების/საფუძვლიანობის შესახებ.
9. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მოქმედი საპროცესო კანონმდებლობა სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ერთ-ერთ წინაპირობად ქონებრივ-სამართლებრივ დავებში, სხვა წინაპირობებთან ერთად (რაც გათვალისწინებულია 368-ე მუხლით), მიიჩნევს სააპელაციო საჩივრის ღირებულების ოდენობის შესაბამისობას კანონით გათვალისწინებულ ოდენობასთან (სსსკ-ის 365-ე მუხლი - სააპელაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავაში დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ დავის საგნის ღირებულება აღემატება 2000 ლარს. ეს ღირებულება განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილების რა ზომით შეცვლაზე შეაქვს საჩივარი მხარეს).
10. დასახელებული მუხლიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოში ქონებრივ დავებზე შეტანილი სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა ხასიათდება გარკვეული სპეციფიკურობით, კერძოდ, სააპელაციო სასამართლო წარმოებაში მიიღებს და იმსჯელებს მხოლოდ ისეთ სააპელაციო საჩივრებზე, რომელთა ღირებულება 2000 ლარს სცილდება, შესაბამისად, ნორმით დადგენილი შეზღუდვა იმპერატიულია და კრძალავს სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღებას, თუ მისი ღირებულება 2000 ლარს არ აღემატება.
11. განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით დასტურდება, რომ დავა ქონებრივ დავათა კატეგორიას განეკუთვნება. სააპელაციო საჩივრით სადავოდ არის გამხდარი მოსარჩელისათვის მოპასუხის სასარგებლოდ ადვოკატის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის ანაზღაურება. შესაბამისად, უტყუარად არის დადგენილი და არც კერძო საჩივრის ავტორი ხდის სადავოდ, რომ განსახილველი დავის საგნის ღირებულება 1800 ლარს არ აღემატება. როგორც უკვე აღინიშნა, სსკ-ის 365-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავაში დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ დავის საგნის ღირებულება აღემატება 2000 ლარს. აღნიშნული ნორმის მიხედვით, კანონმდებელმა დაადგინა, თუ რა კატეგორიის საქმეებზე დაიშვება სააპელაციო საჩივარი და ქონებრივ-სამართლებრივ დავებზე აღნიშნულ კრიტერიუმად მიიჩნია დავის საგნის ღირებულება, რომელიც უნდა აღემატებოდეს 2000 ლარს. კანონის აღნიშნული დანაწესი სწრაფი მართლმსაჯულების პრინციპიდან გამომდინარეობს და შედარებით ნაკლები ღირებულების ქონებრივი დავის სწრაფად გადაწყვეტასა და დასრულებას ემსახურება. ამდენად, სააპელაციო პალატა არ იყო უფლებამოსილი მიეღო წარმოებაში სააპელაციო საჩივარი და მართებულად დატოვა ის განუხილველი.
12. პალატა კერძო საჩივრის ავტორის პოზიციას, რომ სააპელაციო სასამართლოს უნდა ემსჯელა დაკისრებული თანხის კანონიერების შესახებ, უსაფუძვლოდ მიიჩნევს, ვინაიდან, სასამართლო განჩინების საფუძვლიანობაზე მსჯელობა შესაძლებელია მხოლოდ მას შემდეგ, რაც სააპელაციო საჩივარი მიღებული იქნება წარმოებაში. გამომდინარე იქიდან, რომ სს „ს.ბ–ის“ სააპელაციო საჩივარმა ვერ გადალახა დასაშვებობის ეტაპი (იმ მოტივით, რომ დავის საგნის ფასი არ აღემტატებოდა 2000 ლარს), შესაბამისად, ვერ შემოწმდებოდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება და საფუძვლიანობა. ამდენად, ვინაიდან, არ არსებობდა სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღების წინაპირობა, პალატა მოკლებული იყო შესაძლებლობას ემსჯელა პირველი ინსტანციის სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილებით მოსარჩელისთვის დაკისრებული თანხის კანონიერებაზე.
13. პალატა ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის (სამართლიანი სასამართლოს უფლება) ფარგლებში დამატებით განმარტავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროსასამართლოს პრაქტიკა განაცხადის დასაშვებობისას ამოწმებს ზიანის (დანახარჯების) ოდენობას და მიიჩნევს, რომ მცირე ღირებულების საქმეებზე, თუკი არ დასტურდება პირის ფუნდამენტური უფლებების დარღვევის ფაქტი, განაცხადი დაუშვებელია სწორედ „ზიანის მცირე მნიშვნელობის“ (დავის ქონებრივი ცენზის დაწესება) გათვალისწინებით (იხ. ECHR: Ionescu v. Romania; Vasilchenko v. Russia; Stefanescu v. Romaniaდა სხვა). ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპულმა სასამართლომ ხელმისაწვდომობის საკითხზე იმსჯელა, ასევე, სააპელაციო და საკასაციო სასამართლოებთან მიმართებითაც. საქმეში Chatellier v. France სტრასბურგის სასამართლომ აღნიშნა, რომ კონვენციის მე-6 მუხლი არ აკისრებს ხელშემკვრელ სახელმწიფოებს ვალდებულებას დაარსონ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლოები, თუმცა, თუ აღნიშნული იურისდიქციები მაინც იარსებებს, მათ მიერ საქმის განხილვის პროცედურა უნდა შეესაბამებოდეს მე-6 მუხლით დადგენილ გარანტიებს. ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში სახელმწიფო ბაჟის საკითხთან დაკავშირებით ევროპულმა სასამართლომ ასევე განმარტა, რომ სააპელაციო წესით საქმის განხილვის თავისებურებებისა და ასევე იმის გათვალისწინებით, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმე არსებითად უკვე განხილულ იქნა, მონაწილე სახელმწიფო უფლებამოსილია, სააპელაციო წესით საქმის განხილვის დასაშვებობაზე უფრო მკაცრი შეზღუდვები დააწესოს.
14. ამდენად, წარმოდგენილი კერძო საჩივარი უსაფუძვლოა, ხოლო გასაჩივრებული განჩინებით სააპელაციო სასამართლოს არ დაურღვევია კანონი, რაც მისი გაუქმების შესახებ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სს „ს.ბ–ის“ კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 27 ივნისის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გიორგი მიქაუტაძე
მოსამართლეები: რევაზ ნადარაია
თამარ ზამბახიძე