№ას-1341-2021
21 ივლისი, 2022 წელი ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე),
რევაზ ნადარაია (მომხსენებელი), თამარ ზამბახიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „გ-ა“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 25 ივნისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი _ თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. შპს „გ-მ“ (შემდეგში - მოსარჩელემ) სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოში ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის (შემდეგში - მოპასუხის) მიმართ, 9129.82 ლარის დაკისრების მოთხოვნით (იხ. სარჩელი: ტ.1, ს.ფ. 2-22).
1.1. მოსარჩელე მიუთითებდა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური შესყიდვების საქალაქო სამსახურის 2019 წლის 17 ოქტომბრის წერილით, სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N02.01/30/416 ხელშეკრულების პირობების დარღვევის გამო, ამავე ხელშეკრულების მე-9 მუხლის 9.9 პუნქტის შესაბამისად, მიწოდების ვადის დარღვევისთვის შპს „გ-ს“ დაეკისრა პირგასამტეხლო, ხელშეკრულების ღირებულების 0.02%-ის ოდენობით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე (22 დღე), ჯამში 9129.82 ლარის ოდენობით და აღნიშნული თანხის გაქვითვა განხორციელდა შესრულებული სამუშაოს ღირებულებიდან.
1.2. მოპასუხე წერილობით წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილებით, შპს „გ-ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 9129.82 ლარის გადადა.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 25 ივნისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
5. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების ფაქტობრივ–სამართლებრივი დასაბუთება:
სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
5.1. 2018 წლის 10 სექტემბერს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურსა და შპს „გ-ს“ შორის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N02.01/30/416 ხელშეკრულება დაიდო. ხელშეკრულების ობიექტს ქ. თბილისის მასშტაბით სანიაღვრე/სადრენაჟე და საკანალიზაციო ქსელის მოწყობის და აღდგენა რეაბილიტაციის სამუშაოების განხორციელება წარმოადგენდა.
5.2. 2019 წლის 15 აპრილს ინფრასტუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის მიერ შპს შპს „გ-ს“ ქ. თბილისში, 7777 განაშენიანების წყალარინების ქსელის მოწყობის სამუშაოების მეორე ეტაპის განხორციელება დაევალა და მისი შესრულების ვადად 2019 წლის 10 ივნისი (ჩათვლით) განისაზღვრა. შპს „გ-მ“ ინფრასტუქტურის სამსახურს არაერთხელ მიმართა, რითიც წერილობითი დავალების შესაბამისად, სამუშაოებისთვის საპროექტო სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის გადაცემას ითხოვდა, რათა შპს „გ-ს“ სამუშაოები პროექტის მიხედვით განეხორციელებინა.
5.3. ქ. თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურმა შპს „გ-ს“ 2019 წლის 07 ივნისის N01/10–108 წერილი განიხილა, რაც ქ. თბილისში, გლდანის რაიონში, ...... განაშენიანების წყალარინების ქსელის მოწყობის მე-2 ეტაპის სამუშაოებისათვის მიწოდების ვადის გაგრძელებას ეხებოდა, აღნიშნულზე მერიის სამსახურმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ შემსრულებელს სამუშაოს მიწოდების ვადა უნდა გაზრდოდა და ვადად 2019 წლის 01 აგვისტო (ჩათვლით) განუსაზღვრა. ასევე სახელმძღვანელოდ შპს „ჯ.ვ.ე.ფ–ის“ საპროექტოს მიერ მომზადებული კორექტირებული საპროექტო დოკუმენტაცია და მოცულობათა უწყისი გადაუგზავნა.
5.4. შპს „გ–ს“ მიერ არაერთი წერილი იქნა გაგზავნილი ქ. თბილისის მუნიციპლიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურისადმი, სადაც აღნიშნული იყო სამუშაოების დროს წამოჭრილი მათგან დამოუკიდებელი პრობლემები, რომელიც სამუშაოების შესრულებას ხელს უშლიდა. ასევე, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, როგორც სახელშეკრულებო ღირებულების გაზრდას, ასევე სამუშაოს შესრულების დასრულების ვადის გაზრდას (30 აგვისტოს ჩათვლით) ითხოვდნენ.
5.5. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის მიერ 2019 წლის 15 აგვისტოს შპს „გ–ს“ მიმართ გაგზავნილი N14-0119227397 წერილით დგინდება, რომ მოპასუხემ მოსარჩელეს კომპანია „ჯ.ვ.ე.ფ–ის“ მიერ მომზადებული კორექტირებული პროექტი და მოცულობათა უწყისი გაუგზავნა, ასევე მიუთითა, რომ აღნიშნული საპროექტო დოკუმენტით ეხელმძღვანელათ. იმავე დღეს გაგზავნილი N14-01192272836 წერილით აცნობა, რომ შპს „ჯ.ვ.ე.ფ–ი“ მიერ ვ....... ქუჩის ბოლო მონაკვეთში მიმდინარეობდა მათ საკუთრებაში არსებული კომუნიკაციის გადატანითი სამუშაოები და მაქსიმალურად შემჭიდროვებულ ვადებში დაასრულებდენ.
5.6. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის მიერ 2019 წლის 21 აგვისტოს შპს „გ–ს“ მიმართ გაგზავნილი N14-01192332675 წერილით დგინდება, რომ მოპასუხემ მოსარჩელეს 2019 წლის 11 ივნისის წერილით სამუშაოს მიწოდების ვადა გაუზარდა და მიუთითა, რომ შპს „ჯ.ვ.ე.ფ–ის“ მიერ მომზადებული კორექტირებული საპროექტო დოკუმენტაციის მიხედვით ეხელმძღვანელა და .... 2-ის განაშენიანების წყალარინების ქსელის მოწყობის მე-2 ეტაპის სამუშაოები შემჭიდროვებულ ვადებში დაესრულებინა. ასევე იმავე დღეს გაგზავნილი N14-01192332674 წერილით დგინდება, რომ შპს „ჯ.ვ.ე.ფ–ის“ მიერ მომზადებული კორექტირებული საპროექტო დოკუმენტაცია მოსარჩელის ქვეკონტრაქტორს 2019 წლის 12 აგვისტოს ხელზე ჩაბარდა.
5.7. შპს „გ–ს“ მიერ 2019 წლის 21 აგვისტოს გაგზავნილი ქ. თბილისის მუნიციპლიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურისადმი N01/10-175 წერილიდან დგინდება, რომ შპს „ჯ.ვ.ე.ფ–ის“ მიერ სამუშაოები 2019 წლის 19 აგვისტოს დასრულდა და მათ სამუშაოების განხორციელება 2019 წლის 20 აგვისტოდან გააგრძელეს, საკანალიზაციო ქსელის მოწყობის სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობდა და უმოკლეს ვადებში დასრულდებოდა. სამუშაოები 2019 წლის 23 აგვისტოს დასრულდა.
5.8. ქ. თბილისის მუნიციპლიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურმა 2019 წლის 27 აგვისტოს შპს „გ–ის“ გაგზავნილი N14-01192392485 წერილით სამუშაოების მიწოდების ვადის გადაწევაზე უარი განაცხადა.
5.9. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია ფაქტობრივ გარემოება მასზედ, რომ მოდავე მხარეთა შორის 2018 წლის 10 სექტემბერს დადებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების ფარგლებში შეთანხმებული პირგასამტეხლოს მოწინააღმდეგე მხარისთვის დაკისრების ფაქტობრივ-სამართლებრივი წინაპირობები არ არსებობდა.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სამართლებრივი დასაბუთება:
5.10. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ საქმეში წარმოდგენილი წერილობითი მტიცებულებებით დგინდებოდა მენარდის მიერ სამუშაოს შესრულების დროს მისგან დამოუკიდებელი გარემოებებით გამოწვეული დაბრკოლებების არსებობა, რაც მას სამუშაოს შესრულებაში ხელს უშლიდა.
5.11. პალატამ მიუთითა, რომ მენარდის მიერ წარმოშობილი დაბრკოლებების თაობაზე შემკვეთისთვის დროული ინფორმირება, ასევე, იმაზე მეტი სამუშაოს შესრულება, ვიდრე ეს თავდაპირველი შეთანხმებით იყო გათვალისწინებული, კეთილსინდისიერ განმარტებას უნდა დაქვემდებარებოდა და მენარდის მიერ ვალდებულების შესრულების 22 დღით დაგვიანება იმ გონივრულ ვადად უნდა მიჩნეულიყო, რომელიც შემსრულებელს შესაძლებელია გაზრდილი სამუშაოსა და შპს „ჯ.უ.ე.ფ–ის“ მიერ დაკორექტირებული პროექტის წარმოუდგენლობის დროს, მის მიერ ნაკისრი ვალდებულების ჯეროვნად შესასრულებლად, დასჭირდებოდა.
5.12. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოპასუხემ ვერ დაასახელა ვერცერთი გონივრული მიზეზი, რომელიც მოსარჩელისთვის პირგასამტეხლოს დაკისრებას გაამართლებდა.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 25 ივნისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
საკასაციო საჩივრის მოთხოვნის ფაქტობრივ–სამართლებრივი დასაბუთება:
6.1. კასატორის მითითებით, სასამართლოს დასკვნა, შპს „ჯ.ვ.ე.ფ–ის“ ბრალეულობის გამო ნაკისრი ვალდებულებების განსაზღვრულ ვადაში შეუსრულებლობის თაობაზე, არ ემყარება საქმეში დაცული მტკიცებულებების ობიექტურ შეფასებას და მოსარჩელის წერილობითი მიმართვები ცალსახად ვერ ადასტურებს აღნიშნულს.
6.2. სააპელაციო პალატის განჩინება არ შეიცავს არანაირ დასაბუთებას იმ გარემოებასთან დაკავშირებით, რომ სამუშაოების ვადის დარღვევით წარმოება წარმოადგენდა მოსარჩელის რისკს. სამუშაოების წარმოება მოსარჩელემ დაასრულა 2019 წლის 23 აგვისტოს, მან 2019 წლის 01 აგვისტოს შემდეგ არაერთხელ მომართა შემსყიდველს, თუმცა სამუშაოები ისე იქნა დასრულებული, დადებითი პასუხი შემსყიდველისგან ვადის გაგრძელების თაობაზე არ ჰქონია მიღებული. ასევე არ შესულა ცვლილება ხელშეკრულებაში/ხარჯთაღრიცხვაში, რაც ცალსახად ადასტურებს იმ ფაქტს, რომ აღნიშნული ვადის დარღვევის სამართლებრივი შედეგები მხარისათვის ცნობილი იყო.
6.3. სადავო გადაწყვეტილება დასაბუთებას არ შეიცავს იმ ფაქტის მიმართ, რომ მოსარჩელეს გაეგზავნა შეტყობინება, რომლითაც იგი გაფრთხილებულ იქნა პირგასამტეხლოს თანხის გადახდის შესახებ. მოსარჩელემ თანხმობა განაცხადა დარიცხული პირგასამტეხლოს გაქვითვაზე. შესაბამისად, აღნიშნული თანხის გაქვითვა განხორციელდა მისი თანხმობის საფუძველზე, შესრულებული სამუშაოს ღირებულებიდან.
6.4. კასატორი ასევე მიიჩნევს, რომ გასათვალისწინებელია სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულების სპეციფიკა და მისი გავლენა საჯარო ინტერესზე. ხელშეკრულების პირობების დარღვევა საჯარო ინტერესების გათვალისწინებით დაკავშირებულია იმგვარ სანქციებთან, რომელიც მცირედით მაინც აკომპენსირებს მიყენებულ ზიანს.
7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 24 დეკემბრის განჩინებით სსსკ-ის 396-ე მუხლის საფუძველზე საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
8. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
9. სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული ნორმის დანაწესით, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
10. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.
11. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. კასატორებს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
12. მოსარჩელის მოთხოვნაა, სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების დროულად შეუსრულებლობის გამო, ამავე ხელშეკრულებით გათვალისწინებული და მოპასუხის მიერ დაკავებული პირგასამტეხლოს მოსარჩელისათვის დაბრუნება. ამ სამართლებრივი შედეგის მისაღებად სასამართლომ უნდა გამოიკვლიოს სსკ-ის 417-ე-418-ე (პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის; ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს, გარდა ამ კოდექსის 625-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა; შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას) მუხლებით გათვალისწინებული წინაპირობების არსებობა. კერძოდ, ეს წინაპირობები შემდეგია: ა) მხარეთა შორის ხელშეკრულების დადება; ბ) პირგასამტეხლოზე წერილობითი შეთანხმება; გ) ვალდებულების შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება.
13. განსახილველ შემთხვევაში, სადავო არაა მხარეთა შეთანხმებით გაფორმებული ხელშეკრულებების პირობები, უფლებები და ვალდებულებები; არც ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულების დათქმულ ვადაში შეუსრულებლობა და ვადადარღვეული დღეების რაოდენობაა სადავოდ გამხდარი. კასატორი სადავოდ ხდის ხელშეკრულებებით შეთანხმებული და დაკავებული პირგასამტეხლოს მოსარჩელისათვის დაბრუნების საფუძვლის არსებობას, შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანია, სააპელაციო სასამართლოს მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების მართლზომიერება, კერძოდ, მოსარჩელისათვის დაკავებული პირგასამტეხლოს დაბრუნების წინაპირობების არსებობა.
14. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსი აღიარებს და ეფუძნება „pacta sunt servanda-ს“ (ხელშეკრულება უნდა შესრულდეს) პრინციპს, რომლის თანახმად ხელშეკრულების მხარემ, რომელმაც იკისრა ვალდებულება, უნდა შეასრულოს ხელშეკრულებით მისივე ნებით შეთანხმებული უფლება-მოვალეობები. შესრულების ვალდებულება პირველ რიგში ხელშეკრულებით გათვალისწინებული შედეგის დადგომას გულისხმობს. ამავდროულად, პირველადი ვალდებულების შეუსრულებლობისას წარმოიშობა ნაწარმოები შესრულების (ზიანის ანაზღაურება, პირგასამტეხლო) ვალდებულება. სსკ-ის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამ მოთხოვნათა შეუსრულებლობა ვალდებულების დარღვევაა. სამოქალაქო კანონმდებლობა ვალდებულების დარღვევის პრევენციისათვის ითვალისწინებს მოთხოვნის უზრუნველყოფის სანივთო და ვალდებულებით სამართლებრივ საშუალებებს, რომლებიც ვალდებულების შესრულებას ემსახურებიან და რომელთა შერჩევა მხარეთა ნებაზეა დამოკიდებული. ასეთ საშუალებათა რიგს განეკუთვნება ვალდებულების უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება პირგასამტეხლო (სუსგ 25.05.2010 წ. საქმე №ას-1220-1480-09).
15. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდგომ – სსკ) 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. პირგასამტეხლო წარმოადგენს მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის მიხედვითაც, მოვალე ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის ან ვალდებულების სხვა სახის დარღვევისათვის იხდის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ ფულად თანხას. პირგასამტეხლოს დაკისრების წინაპირობას წარმოადგენს არა მხოლოდ ვალდებულების დარღვევა, არამედ ვალდებულების ბრალეული დარღვევა. ამდენად, პირგასამტეხლო ვალდებულების შეუსრულებლობისათვის მოვალეს ეკისრება კრედიტორისათვის ზიანის მიყენების მიუხედავად, თუმცა, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ვალდებულების შესრულების შეუძლებლობა მისმა ბრალეულმა ქმედებამ გამოიწვია. პირგასამტეხლოს მიზანია ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვალდებულების დარღვევის თავიდან აცილება, ხოლო ვალდებულების დარღვევის პირობებში ე.წ „პრეზუმირებული მინიმალური ზიანის“ ანაზღაურების უზრუნველყოფა. პირგასამტეხლო აქცესორული ბუნებისაა. მისი ნამდვილობა დამოკიდებულია ძირითადი ვალდებულების ნამდვილობაზე. შესაბამისად, მაშინ როდესაც არ არსებობს ვალდებულების დარღვევა, ვერც პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძვლები იარსებებს.
16. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 401-ე მუხლის შესაბამისად, ვადა გადაცილებულად არ ჩაითვლება, თუკი ვალდებულება არ შესრულდა ისეთ გარემოებათა გამო, რაც მოვალის ბრალით არ არის გამოწვეული.
17. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ზოგადად, ყველა მართლწესრიგი სამართლის სუბიექტთა ქცევის წესს კეთილსინდისიერების პრინციპზე აფუძნებს და ამ პრინციპს ნორმატიულ კონცეფციად განიხილავს. თანამედროვე ქართულ სამართლებრივ სივრცეში კეთილსინდისიერება მატერიალურ სამართლებრივ ნორმად გადაიქცა და სამართლიანობასა და თანასწორობაზე დამყარებულ სამართლებრივ სისტემაში გაერთიანდა, რითაც უფრო ვრცელი დატვირთვა შეიძინა. კეთილსინდისიერების ინსტიტუტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სამოქალაქო სამართლისათვის და იგი მთლიანად კერძო სამართლის უმთავრეს პრინციპს წარმოადგენს (სუსგ №ას-1338-1376-2014, 29.06.2015წ.). სსკ-ის მე-8 მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს კერძოსამართლებრივი ურთიერთობის მონაწილეების ქცევის მასშტაბს - კეთილსინდისიერების ვალდებულებას, ინდივიდის მოქმედებას სამართლიანობის კრიტერიუმთან ურთიერთკავშირში (ლადო ჭანტურია, სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი I, თბილისი, 2017, მუხ.8, ველი 1, 10-12). სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილენი ვალდებული არიან, კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლებები და მოვალეობები. კოდექსის ეს დანაწესი, რომელსაც ავსებს სსკ-ის 361-ე მუხლის მეორე ნაწილი, მოიცავს მთელ კერძო სამართალს. აღნიშნული მუხლების მოქმედება ცალსახა და იმპერატიულია, ამიტომაც მხარეებს არ აქვთ უფლება, ხელშეკრულებით ან შეთანხმებით გამორიცხონ მათი მოქმედება. სსკ-ის მე-8 მუხლის მესამე ნაწილი განსაზღვრავს კეთილსინდისიერებას, როგორც ვალდებულების ძირითად და აუცილებელ კომპონენტს და მხოლოდ ვალდებულებათა შესრულებით არ შემოიფარგლება, ხოლო 361-ე მუხლის მეორე ნაწილის დანაწესი იმის შესახებ, რომ ვალდებულება უნდა შესრულდეს კეთილსინდისიერად, წარმოადგენს კანონისმიერ მოთხოვნას და გულისხმობს, ზოგადად, სამოქალაქოსამართლებრივი ურთიერთობის მონაწილეთა მიერ სხვა მონაწილის ინტერესების პატივისცემას, საკუთარი როლისა და პასუხისმგებლობის გათავისებას, თუნდაც იმ შემთხვევაში, როდესაც მას კონკრეტული პირდაპირი ვალდებულება არ ეკისრება (სუსგ №ას-1338-1376-2014, 29.06.2015წ.).
18. განსახილველ შემთხევაში, კასატორის პრეტენზია უშუალოდ იმ გარემოებას შეეხება, რომ სამუშაოების ვადის დარღვევით წარმოება წარმოადგენდა მოსარჩელის რისკს და მისთვის ცნობილი იყო ვადის დარღვევის სამართლებრივი შედეგები, რაც პალატას უსაფუძვლოდ მიაჩნია და აღნიშნულთან დაკავშირებით, იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ არსებობდა სამუშაობის დროს წამოჭრილი მოსარჩელისგან დამოუკიდებელი გარემოებები, რომელიც ხელს უშლიდა სამუშაოების შესრულებას. აღნიშნული გარემოებების არსებობის გამო მოსარჩელე ითხოვდა, როგორც სახელშელშეკრულებო ღირებულების გაზრდას, ასევე სამუშაოს შესრულების ვადის გაგრძელებას. შემსრულებლის წერილობითი მიმართვის საფუძველზე მერიის სამსახურმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ შემსრულებელს სამუშაოს მიწოდების ვადა უნდა გაზრდოდა და სამუშაოს დასრულების საბოლოო ვადად 2019 წლის 01 აგვისტო (ჩათვლით) განსაზღვრა (იხ. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის 2019 წლის 11 ივნისის 14-01191621514 წერილი). 2019 წლის 15 აგვისტოს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის მიერ შპს „გ–თვის“ გაგზავნილი N 14-01192272836 წერილით შპს „გ–ს“ ეცნობა, რომ შპს „ჯ.უ.ე.ფ–ის“ მიერ ვარდისუბნის ქუჩის ბოლო მონაკვეთში მიმდინარეობდა შპს „ჯ.უ.ე.ფ–ის“ საკუთრებაში არსებული კომუნიკაციის გადატანის სამუშაოები და დასრულდებოდა მაქსიმალურად შემჭიდროვებულ ვადებში. 2019 წლის 15 აგვისტოს N14-0119227397 წერილით შპს „გ–ს“ გაეგზავნა შპს „ჯ.უ.ე.ფ–ის“ მიერ მომზადებული კორექტირებული პროექტი და მოცულობათა უწყისი. ამასთან, მხარეს ეთხოვა, რომ ეხელმძღვანელა აღნიშნული საპროექტო დოკუმენტაციით. 2019 წლის 21 აგვისტოს N14-01192332675 წერილით შპს „გ–ს“ ეთხოვა უკვე გადაგზავნილი კორექტირებული საპროექტო დოკუმენტაციის მიხედვით, შემჭიდროვებულ ვადებში სამუშაოების დასრულება, ხოლო 2019 წლის 21 აგვისტოს N14-01192332674 წერილით შპს „გ–ს“ ეთხოვა, რომ სამუშაოების მოცულობასთან დაკავშირებით, შესწორებული ხარჯთაღრიცხვა წარედგინათ, რის შედეგადაც ხელშეკრულების დანართ ხარჯთაღრიცხვაში შესაბამისი ცვლილებები შევიდოდა. აღნიშნული წერილები მოპასუხე მხარის მიერ გაგზავნილია სამუშოების შესრულებისათვის განსაზღვრული ვადის გასვლის შემდგომ და მათი შინაარსი ცხადყოფს, რომ სამუშაოების შესრულების ვადის გასვლის შემდეგაც, მხარეები, შესრულების დამაბრკოლებელ გარემოებებზე და ხელშეკრულებაზე დართული ხარჯთაღრიცხვის კორექტირებაზე მიუთითებდნენ. საქმეში წარმოდგენილია ასევე მოპასუხისათვის 2019 წლის 21 აგვისტოს გაგზავნილი წერილი, სადაც შემსრულებელმა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას შეატყობინა, რომ სამუშაოები, რომლის განხორციელებაც შპს „ჯ.უ.ე.ფ–ს“ დაევალა, „შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ მიერ არა 2019 წლის 15, არამედ 19 აგვისტოს დასრულდა, ხოლო მენარდემ სამუშაოების გაგრძელება დაუყოვნებლივ - 2019 წლის 20 აგვისტოდან გააგრძელა. სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობდა და დასრულდებოდა უმოკლეს ვადებში. მხარეთა შორის სადავო გარემოებას არ წარმოადგენს ის, რომ მიუხედავად ხელისშემშლელი გარემოებების არსებობისა, შპს „გ–მ“ სამუშაოების შესრულება დაასრულა, მოაწყო რა მაგისტრალური ქსელი და დააერთა ყველა მოსახლე, რის შემდეგაც თბილისის მუნიციპალურ ლაბორატორიასთან და მერიის ზედამხედველობის სამსახურთან ერთად განხორციელდა ქსელის ჰიდრავლიკური გამოცდა. აღნიშნულს ადასტურებს ასევე, 2019 წლის 17 ოქტომბრის ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური შესყიდვების საქალაქო სამსახურის მიერ შპს „გ–თვის“ გაგზავნილი წერილი, რომლის თანახმად, სამუშაოები 2019 წლის 23 აგვისტოს დასრულდა. აღნიშნული მტკიცებულებები ადასტურებს, რომ წარმოშობილი დაბრკოლებების თაობაზე შემკვეთი დროულად იყო ინფორმირებული, მოსარჩელის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების 2019 წლის 23 აგვისტოს დასრულება კი განპირობებული იყო მისგან დამოუკიდებელი მიზეზებით გამოწვეული დაბრკოლებებით, რამაც სამუშაოს შესრულებაში შეუშალა ხელი და არა საკუთარი ბრალეული ქმედებით ან უმოქმედობით. შესაბამისად, ვალდებულების შესრულების ვადის დარღვევაში მოსარჩელეს ბრალი არ მიუძღვის, რის გამოც ამ უკანასკნელის მხრიდან შესრულების ვადა მიჩნეულ უნდა იქნას დაცულად.
19. კასატორის პრეტენზია ასევე შეეხება მოსარჩელის თანხმობას დარიცხული პირგასამტეხლოს გაქვითვაზე. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქმეში წარმოდგენილი შპს „გ–ს“ 2019 წლის 17 ოქტომბრის N_01/10-228 წერილი ადასტურებს მოსარჩელის თანხმობას პირგასამტეხლოს გაქვითვაზე შესრულეული სამუშაოს ღირებულებიდან არა იმის გამო, რომ ის დაეთანხმა პირგასამტეხლოს დარიცხვას, არამედ, აღნიშნულ წერილში მოსარჩელემ განმარტა, რომ არ ეთანხმებოდა პირგასამტეხლოს დარიცხვას, თუმცა, აღნიშნულ ეტაპზე თანახმა იყო შესრულებული სამუშაოს ღირებულებიდან მის გაქვითვაზე, რათა არ შეფერხებულიყო მისთვის თანხის ჩარიცხვა. შესაბამისად, აღნიშნული ვერ ჩაითვლება მოსარჩელის თანხმობად, პირგასამტეხლოს გადახდაზე.
20. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მტკიცების ტვირთის ობიექტური განაწილების პრინციპიდან გამომდინარე, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები ერთობლიობაში შეფასების შედეგად სარწმუნოს ხდის მოსარჩელის პოზიციას, მისთვის პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძვლის არარსებობის შესახებ. რაც შეეხება მოპასუხეს, მას პირგასამტეხლოს დაკისრების წინაპირობების არსებობისათვის სათანადო მტკიცებულებებით დადასტურებული და არგუმენტირებული შედავება არ განუხორციელებია. შესაბამისად, საკასაციო პალატა იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მენარდისათვის პირგასამტეხლოს დაკისრებაზე უარი გონივრული იყო და შესაბამისად, სარჩელის დაკმაყოფილების წინაპირობები არსებობდა.
21. ყოველივე ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა. 22. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება წინააღმდეგობაში მოდის მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან.
23. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
24. ამავდროულად, გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან, რომელთა ნაწილიც ასახულია წინამდებარე განჩინებაში.
25. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე. 26. განსახილველ შემთხვევაში, კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველი დაუშვებლობის გამო.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე გიორგი მიქაუტაძე
მოსამართლეები: რევაზ ნადარაია
თამარ ზამბახიძე