ას-1218-2022
23 მარტი, 2023 წელი ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე),
რევაზ ნადარაია (მომხსენებელი), ლაშა ქოჩიაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – შპს „ჯ–ი“ (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „თ.ჯ–ი“ (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 06 ივნისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. შპს „ჯ–იმ“ (შემდეგში - მოსარჩელემ) სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოში შპს „თ.ჯ–ის“ (შემდეგში - მოპასუხის) მიმართ, 93580.5 ლარის ოდენობით დაკავებული პირგასამტეხლოს დაბრუნების მოთხოვნით (იხ. სარჩელი: ს.ფ. 2-20).
1.1. მოპასუხემ წერილობით წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 17 დეკემბრის გადაწყვეტილებით, შპს „ჯ–ის“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 17 დეკემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოსარჩელემ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 06 ივნისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
5. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების ფაქტობრივ–სამართლებრივი დასაბუთება:
სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
5.1. 2020 წლის 01 ოქტომბერს შპს „თ.ჯ–ს“ (შემსყიდველი) და შპს „ჯ–ის“ (მიმწოდებელი) შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება №30- 447, რომლის საგანს წარმოადგენდა ნატრიუმის ორთქლის მაღალი წნევის ნათურების (შეყიდვის ობიექტი) მიწოდება. შესყიდვის ობიექტის აღწერა, რაოდენობა, ერთეულის ფასი და ძირითადი მახასიათებლები მოცემული იყო №1 დანართში, რაც წარმოადგენდა ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს.
5.2. ხელშეკრულების მთლიანი ღირებულება განისაზღვრა 479 900.00 ლარით (დღგ-ის ჩათვლით). ხელშეკრულების 5.1 პუნქტის თანახმად, შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადა განისაზღვრა ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 120 დღით.
5.3. სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებული იქნა პასუხისმგებლობა ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობისათვის. კერძოდ, ხელშეკრულების 9.1 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ვადების გადაცილების შემთხვევაში ყოველი დაგვიანებული დღისათვის მხარეს ეკისრებოდა პირგასამტეხლო ხელშეკრულების ღირებულების 0.5%-ის ოდენობით.
5.4. დადგენილია, რომ 2020 წლის 28 ოქტომბერს, მოსარჩელემ მოპასუხეს მიაწოდა №30-477 ხელშეკრულებით შეთანხმებული - 177 859.80 ლარის ღირებულების ნათურა, ხოლო 2020 წლის 30 დეკემბერს, მოსარჩელემ მოპასუხეს მიაწოდა ხელშეკრულებით შეთანხმებული - 150 805,00 ლარის ღირებულების ნათურა. დადგენილია, რომ შემსყიდველმა მიმწოდებელს აუნაზღაურა 328 664.8 ლარი, 2020 წლის 09 ნოემბერს და 2020 წლის 30 დეკემბერს. მოსარჩელემ მოპასუხეს 2021 წლის 11 თებერვალს კვლავ მიაწოდა №30-477 ხელშეკრულებით შეთანხმებული 3084 ერთეული ნატრიუმის ორთქლის მაღალი წნევის 70 ვატის სიმძლავრის, 43 638.6 ლარის ღირებულების ნათურა, ხოლო 2021 წლის 11 მარტს, 7604 ერთეული ნატრიუმის ორთქლის მაღალი წნევის 70 ვატის სიმძლავრის, 107 596.00 ლარის ღირებულების ნათურა.
5.5. 2021 წლის 10 თებერვლის ინსპექტირების დასკვნით, მიმწოდებელს დაერიცხა პირგასამტეხლო 2021 წლის 30 იანვრიდან, 2021 წლის 09 თებერვლამდე, თითოეულ ვადაგადაცილებულ დღეზე - 2 399.5 ლარის ოდენობით, სულ - 26 394.5 ლარი. მოპასუხემ მიმწოდებელს ნაცვლად 43 638.6 ლარისა, გადაუხადა მხოლოდ 17 244.10 ლარი. 2021 წლის 10 თებერვლის ინსპექტირების დასკვნით, მიმწოდებელს დაერიცხა პირგასამტეხლო 2021 წლის 10 თებერვლიდან, 2021 წლის 09 მარტამდე (28 დღე) თითოეულ ვადაგადაცილებულ დღეზე - 2 399.5 ლარის ოდენობით, სულ - 67 186.00 ლარი. მოპასუხემ მიმწოდებელს ნაცვლად 107 596.00 ლარისა, გადაუხადა მხოლოდ 40 410.60 ლარი. საბოლოოდ, შემსყიდველმა მიმწოდებელს დაუკავა 93 580.5 ლარი.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სამართლებრივი დასაბუთება:
5.4. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, არ დასტურდებოდა, რომ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობა გამოწვეული იყო ვალდებული პირისაგან დამოუკიდებლად შექმნილი გარემოებებით. აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულებები მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი არ ყოფილა. სასამართლო ყურადღება გაამახვილა საქმის მასალებში წარმოდგენილ 2021 წლის 25 იანვრის წერილზე, რომლითაც მწარმოებელი ქარხნის წარმომადგენელმა მოპასუხეს მიაწოდა ინფორმაცია, რომ მოსარჩელემ დროულად განახორციელა შეკვეთა ტენდერით გათვალისწინებული პროდუქციის დამზადება-შესყიდვაზე, ქარხანამ ასევე დროულად დაამზადა შეკვეთილი პროდუქციის დამზადება, თუმცა პროდუქციის ტრანსპორტირება საქართველოში შეფერხდა მოსარჩელისა და დამამზადებელი ქარხნისაგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, კერძოდ სადავო პერიოდში, ჩინეთის ტერიტორიაზე წარმოქმნილი, პროდუქციის გადასაზიდად საჭირო კონტეინერების დეფიციტის გამო, რაც თავის მხრივ, გამოწვეული იყო პანდემიითა და მსოფლიოში არსებული სხვადასხვა შეზღუდვებით. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ზემოაღნიშნული წერილი არ წარმოადგენდა სათანადო მტკიცებულებას მოსარჩელის მიერ სადავოდ გახდილი გარემოების დადასტურებისათვის.
5.5. რაც შეეხება სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირების შესახებ, პალატამ ყურადღება გაამახვილა სასარჩელო მოთხოვნაზე, რომლითაც შპს „ჯ–ის“ მოთხოვნას წარმოადგენს მოპასუხისათვის 93 580.5 ლარის დაკისრება. სარჩელის თანახმად, აღნიშნული წარმოადგენდა მოპასუხის მიერ მოსარჩელისათვის პირგასამტეხლოს სახით დაკავებულ თანხას. რაც შეეხება, მოპასუხის მიერ მოსარჩელისათვის დარიცხული პირგასამტეხლოს შემცირებას, აღნიშნული მოსარჩელის მიერ სარჩელით მოთხოვნილი არ იყო, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ის მოკლებული იყო შესაძლებლობას ემსჯელა და შეეფასებინა დაკისრებული პირგასამტეხლოს გონივრულობა.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 06 ივნისი განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.
საკასაციო საჩივრის მოთხოვნის ფაქტობრივ–სამართლებრივი დასაბუთება:
6.1. კასატორის მითითებით, მოსარჩელემ როგორც სარჩელში, ასევე მოსამზადებელ სხდომაზე წარმოდგენილი ახსნა-განმარტებით მიუთითა შეთანხმებული პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალ ოდენობაზე.
6.2. მოპასუხემ მოსარჩელეს გადასახდელი თანხებიდან დაუკავა პირგასამტეხლო, ხელშეკრულების მთლიანი ღირებულებიდან დაანგარიშებით, მაშინ როდესაც, პირგასამტეხლოს დარიცხვის მომენტისთვის მოსარჩელეს უკვე შესრულებული ჰქონდა მთლიანი სახელშეკრულებო ვალდებულების 2/3-ზე მეტი. სასამართლოს უნდა გაეთვალისწინებინა, რომ მოსარჩელის პრეტენზია მიმართული იყო ასევე პირგასამტეხლოს დაანგარიშების წესზე და ემსჯელა მასზე.
7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 06 ოქტომბრის განჩინებით სსსკ-ის 396-ე მუხლის საფუძველზე საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად დასაშვებობის შესამოწმებლად. ამავე სასამართლოს 2023 წლის 16 მარტის განჩინებით საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნა ცნობილი სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
8. საკასაციო პალატამ შეისწავლა წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლები, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთება და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დასაბუთებულია, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს განჩინება უნდა გაუქმდეს და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებათა გამო:
9. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში. ამავე კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხოლოდ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლო გადაწყვეტილებებსა და სხდომის ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით კი, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის გამოყენება ან/და განმარტება. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორმა წარმოადგინა დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
10. საკასაციო პალატა პირველ რიგში განმარტავს, რომ მოსარჩელის მოთხოვნის შინაარსის განმსაზღვრელია სარჩელში მითითებული ფაქტები და გარემოებები. სარჩელის ინდივიდუალიზაცია სარჩელის ელემენტების მეშვეობითაა შესაძლებელი. სსსკ-ის მე-3, მე-4, 83-ე და 178-ე მუხლების ანალიზით შესაძლებელია, დავასკვნათ, რომ სარჩელი შედგება ორი ელემენტისგან: სარჩელის საგნისა და სარჩელის საფუძვლისგან. სარჩელის საგანია მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხისადმი (სსსკ-ის 178.1 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტი), ხოლო სარჩელის საფუძველი - კონკრეტული ფაქტები და გარემოებები, რომლებზედაც მოსარჩელე ამყარებს თავის მოთხოვნას (სსსკ-ის 178.1 მუხლის „ე“ ქვეპუნქტი). საქმის გარემოებათა ანალიზის საფუძველზე მოსარჩელის მოთხოვნის შინაარსის დადგენა და მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის მოძიება კი, სასამართლოს ვალდებულებაა. სადავო ურთიერთობის შეფასებისას, ზემდგომი ინსტანციის სასამართლო არაა შებოჭილი ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს სამართლებრივი შეფასებებით, შესაბამისად, თუ ზემდგომი ინსტანციის სასამართლო გამოარკვევს, რომ ქვემდგომი სასამართლოს სამართლებრივი შეფასება არ გამომდინარეობს საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან, იგი ვალდებულია, ეს გარემოებები თავად შეაფასოს სამართლებრივად სწორად და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება.
11. პირველი ინსტანციის სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის ის მითითება, რომ ვადის გადაცილებაში მას ბრალი არ მიუძღოდა და შესაბამისად, მოპასუხემ უსაფუძვლოდ დაარიცხა და დაუკავა პირგასამტეხლო, რის გამოც არსებობდა მოპასუხის მიერ დაკავებული პირგასამტეხლოს მისთვის სრულად დაბრუნების საფუძველი. სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელემ მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების პირობა ბრალეულად დაარღვია და მას წარმოეშვა პირგასამტეხლოს გადახდის მოვალეობა, რის გამოც სარჩელი არ დაკმაყოფილდა. პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება უცვლელი დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ. საკასაციო საჩივრით მოსარჩელე სადავოდ არ ხდის მისთვის პირგასამტეხლოს დარიცხვის საფუძვლების არსებობას, ის მხოლოდ სადავოდ ხდის ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ პირგასამტეხლოს შემცირებაზე უარის თქმას, რამეთუ საკასაციო სასამართლოში კასატორის ძირითადი პრეტენზია მიმართულია ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ პირგასამტეხლოს შემცირებაზე უარის თქმის საფუძვლიანობაზე, ვინაიდან მიაჩნია, რომ პირგასამტეხლოს ოდენობა არასწორად იქნა დაანგარიშებული. შესაბამისად, საკასაციო პალატა მოკლებულია შესაძლებლობას იმსჯელოს პირგასამტეხლოს დარიცხვის საფუძვლების არსებობაზე (სსსკ-ის 404-ე მუხლი) და შესაფასებელ საკითს წარმოადგენს მხოლოდ პირგასამტეხლოს შემცირებაზე უარის თქმის მართებულობა.
12. პალატის მოსაზრებით, საკასაციო საჩივრით სადავო საკითხზე მსჯელობამდე, უპირველეს ყოვლისა უნდა შეფასდეს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობის საფუძვლიანობა იმის შესახებ, რომ პალატა მოკლებულია შესაძლებლობას იმსჯელოს და შეაფასოს დაკისრებული პირგასამტეხლოს გონივრულობა, ვინაიდან, სასარჩელო მოთხოვნა იყო მოპასუხისათვის 93 580.5 ლარის გადახდის დაკისრება და არა დარიცხული პირგასამტეხლოს შემცირება. საკასაციო პალატა, სააპელაციო სასამართლოს ამ მსჯელობას ვერ გაიზიარებს და აღნიშნავს, რომ მოსარჩელის მოთხოვნას წარმოადგენდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების დროულად შეუსრულებლობის გამო (ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში არ იქნა მიწოდებული ხელშეკრულების საგნის ნაწილი), ამავე ხელშეკრულებით გათვალისწინებული და მოპასუხის მიერ დაკავებული პირგასამტეხლოს - 93580,5 ლარის მოსარჩელისათვის დაბრუნება. სასარჩელო მოთხოვნის გრაფაში კი მოსარჩელეს არ ჰქონდა მითითება შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს შემცირებაზე, რაც გახდა საფუძველი პირგასამტეხლოს შემცირებაზე მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის. პალატა აღნიშნავს, რომ სარჩელის თანახმად სასარჩელო მოთხოვნის (მოპასუხისათვის თანხის დაკისრების) საფუძველი არის მოპასუხის მიერ მოსარჩელისათვის პირგასამტეხლოს უსაფუძვლოდ დარიცხვაზე და შემდგომ უსაფუძვლოდ დაკავებაზე მითითება. მართალია, სასარჩელო მოთხოვნის გრაფაში მოსარჩელე არ უთითებს პირგასამტეხლოს შემცირებაზე, თუმცა სარჩელით მოსარჩელის პრეტენზია მიმართულია არა მხოლოდ პირგასამტეხლოს დარიცხვის და დაკავების უსაფუძვლობაზე, არამედ შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს დარიცხვაზეც, რადგან მიიჩნია, რომ ხელშეკრულების მთლიანი ღირებულების 0,5%-ის დარიცხვა ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს და საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებულ ერთგვაროვან პრაქტიკას. (იხ. სარჩელი, ს.ფ. 10-11). ამდენად, ცხადია, რომ მოსარჩელე სარჩელით დავობდა არა მხოლოდ პირგასამტეხლოს დარიცხვის კანონიერებაზე, არამედ, შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს დაკისრებაზეც. პალატა აღნიშნავს, რომ მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები და გარემოებები განსაზღვრავს სასარჩელო მოთხოვნის შინაარსს. საქმის გარემოებათა ანალიზის საფუძველზე მოსარჩელის მოთხოვნის შინაარსის დადგენა და მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის მოძიება კი სასამართლოს ვალდებულებაა (ანალოგიურ განმარტებას აკეთებს საქართველოს უზენაესი სასამართლო 2022 წლის 25 თებერვლის №ას-52-2020 გადაწყვეტილებაში). ამასთან, ამ შემთხვევაში ნიშანდობლივა ის გარემოებაც, რომ სსკ-ის 420-ე მუხლი სასამართლოს ანიჭებს უფლებამოსილება, მხარის მოთხოვნის საფუძველზე იმსჯელოს და შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო მხარეთა მიერ გამოვლენილი ნების მიუხედავად. ამდენად, სასარჩელო მოთხოვნა და სარჩელში მითითებული ფაქტების და გარემოებების ერთობლიობა, სასამართლოს აძლევდა შესაძლებლობას, ემსჯელა დარიცხული და დაკავებული პირგასამტეხლოს ოდენობის გონივრულობაზე.
13. პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძვლის არსებობის გამოსარკვევად სასამართლომ უნდა გამოიკვლიოს სსკ-ის 417-ე-418-ე (პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის; ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს, გარდა ამ კოდექსის 625-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა; შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას) და 420-ე (სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო) მუხლებით გათვალისწინებული წინაპირობების არსებობა. კერძოდ, ეს წინაპირობები შემდეგია: ა) მხარეთა შორის ხელშეკრულების დადება; ბ) პირგასამტეხლოზე წერილობითი შეთანხმება; გ) ვალდებულების შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება.
14. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსი აღიარებს და ეფუძნება „pacta sunt servanda-ს“ (ხელშეკრულება უნდა შესრულდეს) პრინციპს, რომლის თანახმად ხელშეკრულების მხარემ, რომელმაც იკისრა ვალდებულება, უნდა შეასრულოს ხელშეკრულებით მისივე ნებით შეთანხმებული უფლება-მოვალეობები. სსკ-ის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამ მოთხოვნათა შეუსრულებლობა ვალდებულების დარღვევაა. სამოქალაქო კანონმდებლობა ვალდებულების დარღვევის პრევენციისათვის ითვალისწინებს მოთხოვნის უზრუნველყოფის სანივთო და ვალდებულებით სამართლებრივ საშუალებებს, რომლებიც ვალდებულების შესრულებას ემსახურებიან და რომელთა შერჩევა მხარეთა ნებაზეა დამოკიდებული. ასეთ საშუალებათა რიგს განეკუთვნება ვალდებულების უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება პირგასამტეხლო (შდრ. სუსგ №ას-1079-2019, 30 სექტემბერი, 2019).
15. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია ვალდებულების დარღვევასთან. პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება – ამ ვალდებულების შესრულებამდე (შდრ. სუსგ №ას-1451-1371-2017, 13 ნოემბერი, 2018; №ას-848-814-2016, 28 დეკემბერი, 2016).
16. პირგასამტეხლო დამატებითი (აქცესორული) ვალდებულებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი წარმოშობა და ნამდვილობა ძირითადი ვალდებულების არსებობაზეა დამოკიდებული. ქართულ კანონმდებლობაში პირგასამტეხლოს ორმაგი ფუნქცია გააჩნია: ერთი მხრივ, მას ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველსაყოფად პრევენციული დატვირთვა აქვს ანუ, პირგასამტეხლოს დაკისრების რისკი ფსიქოლოგიურად ზემოქმედებს ვალდებულ პირზე და აიძულებს ვალდებულება ჯეროვნად შეასრულოს. პირგასამტეხლო ფსიქოლოგიური ზემოქმედების ეფექტი სწორედ იმაში ვლინდება, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ვალდებულ პირს რეპრესიული ხასიათის სანქცია ეკისრება. პირგასამტეხლოს მეორე ფუნქცია განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაში მდგომარეობს. იგი ერთგვარ სანქციასაც წარმოადგენს. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად (სუსგ №ას-428-428-2018, 13 ივლისი, 2018; №ას-1158-1104-2014, 06.05.2015; №ას-1265-1187-2015, 10.02.2016). პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია ვალდებულების დარღვევასთან.
17. საკასაციო პალატამ არაერთ გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ: „პირგასამტეხლოს მიზანია ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვალდებულების დარღვევის თავიდან აცილება, ხოლო ვალდებულების დარღვევის პირობებში ე.წ „პრეზუმირებული მინიმალური ზიანის“ ანაზღაურების უზრუნველყოფა, რაც, რაღა თქმა უნდა, არ წარმოადგენს ფაქტობრივი ზიანის ეკვივალენტ ფულად თანხას და არც ფაქტობრივად დამდგარი ზიანის ანაზღაურებას ემსახურება“ (სუსგ №ას-1597-2019, 13 დეკემბერი, 2019 წელი).
18. პირგასამტეხლოს მოთხოვნა დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ვალდებულების დარღვევის საკითხი წინაწარაა განსაზღვრული, კერძოდ ვალდებულების დარვევის როგორც იდენტიფიცირება, ისე მისი დადგენა უნდა იყოს შესაძლებელი, ხოლო ასეთი მოთხოვნის დაყენება კი არ უნდა მოდიოდეს შეუსაბამობაში საკანონმდებლო დანაწესებთან. პირგასამტეხლოს მოთხოვნის თვალსაზრისით ყურადსაღებია მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევის საკითხი. ვალდებულების დარღვევა შეიძლება გამოიხატოს როგორც ვალდებულების არაჯეროვნად შესრულებაში, ასევე ვალდებულების შეუსრულებლობაში. პირგასამტეხლოს დაკისრებისათვის ვალდებულების დარღვევა (შესურულებლობა ან არაჯეროვანი შესრულება) აუცილებლად მოვალის ბრალეულობით უნდა იქნეს გამოწვეული. თუ არ დადგინდება მოვალის ბრალი, მაშინ მის მიმართ პირგასამტეხლოს დაკისრების მოთხოვნასაც არ ექნება სამართლებრივი საფუძველი (იხ. სერგი ჯორბენაძე, საქართველოს სამოქალაქო კოდესის კომენტარი, წიგნი III, მუხლი 417, ველი 23-26).
19. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კოდექსის მე-8 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილენი ვალდებულნი არიან კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლებები და მოვალეობანი. კეთილსინდისიერება გულისხმობს სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეთა მოქმედებას პასუხისმგებლობით, ერთმანეთის უფლებებისადმი პატივისცემით მოპყრობას.
20. რაც შეეხება პირგასამტეხლოს ოდენობას, მისი განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ)დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება“ (იხ. სუსგ # ას-816-767-2015, 19.11.2015წ.).
21. სსკ-ის 420-ე მუხლის (სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო) მიხედვით, პირგასამტეხლოს შემცირების უფლება სასამართლოს აქვს მინიჭებული. მართალია, პირგასამტეხლოს განსაზღვრა მხარეთა უფლებაა და აღნიშნული კუთხით მოქმედებს სახელშეკრულებო ურთიერთობებში დამკვიდრებული მხარეთა ნების ავტონომიის პრინციპი, თუმცა, აღნიშნული მუხლი შესაძლებლობას აძლევს სასამართლოს, მხარის მოთხოვნის საფუძველზე იმსჯელოს და შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო მხარეთა მიერ გამოვლენილი ნების მიუხედავად. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს შემცირება არ გულისხმობს მის გაუქმებას. პირგასამტეხლოს შემცირების საფუძველია, ერთი მხრივ, ის, რომ კრედიტორი პირგასამტეხლოს მიღებით არ გამდიდრდეს და მოვალეს არ დააწვეს მძიმე ტვირთად პირგასამტეხლოს გადახდა, (შესაბამისად, პირგასამტეხლო არ იქცეს ერთგვარ სადამსჯელო ღონისძიებად), ხოლო მეორე მხრივ კი, – პირგასამტეხლო იყოს ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, საპირწონე და გონივრული. აღნიშნულში მოიაზრება სახელშეკრულებო თანასწორობისა და სამართლიანობის პრინციპის დაცვით პირგასამტეხლოს გონივრულ ოდენობამდე შემცირება. აღსანიშნავია, რომ პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრა სასამართლოს მიერ, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში გარემოებათა ყოველმხრივი შეფასების შედეგად დგინდება და რაიმე განსხვავებული სტანდარტი, რომელიც განაზოგადებს პირგასამტეხლოს მათემატიკურ მაჩვენებელს, სასამართლო პრაქტიკით არ არის დადგენილი. სასამართლომ უნდა დაიცვას ის სამართლიანი ბალანსი, რომელიც სამოქალაქო-სამართლებრივი ვალდებულების დარღვევას მოჰყვა.
22. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საკასაციო სასამართლოს მყარად დადგენილი პრატიკის მიხედვით, ვალდებულების ნაწილის შესრულების ვადის გადაცილებისთვის პირგასამტეხლოს ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან დაანგარიშება ეწინააღმდეგება სამოქალაქო ბრუნვის უსაფრთხოებისა და კეთილსინდისიერების მინიმალურ სტანდარტს, რადგან პირგასამტეხლოს ასეთი ოდენობით დაკისრება, როგორც კრედიტორის დარღვეული უფლებების და ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ერთგვარი სანქცია, თავის ნორმატიულ დანიშნულებას ვერ შეასრულებს. პირგასამტეხლო უნდა დაანგარიშდეს არა ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან, არამედ მხარის მიერ ფაქტობრივად შეუსრულებელი ან არაჯეროვნად შესრულებული ვალდებულების ღირებულებიდან (სუსგ-ები: №ას-626-2021, 14 ივლისი, 2021 წელი; №ას-1819-2019 19 თებერვალი, 2020; №ას-971-2019, 28.10.2019წ. №ას-164-160-2016, 28 ივლისი, 2016წ.).
23. განსახილველ შემთხვევაში, უდავოა, რომ მხარეთა შორის 2020 წლის 01 ოქტომბერს გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება №30-447, რომლის საგანს წარმოადგენდა ნატრიუმის ორთქლის მაღალი წნევის ნათურების (შეყიდვის ობიექტი) მიწოდება. შესყიდვის ობიექტის აღწერა, რაოდენობა, ერთეულის ფასი და ძირითადი მახასიათებლები მოცემული იყო №1 დანართში, რაც წარმოადგენდა ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს. ხელშეკრულების მთლიანი ღირებულება განისაზღვრა 479 900.00 ლარით (დღგ-ის ჩათვლით). სადავო არაა მხარეთა შეთანხმებით დადებული ხელშეკრულების პირობები, უფლებები და ვალდებულებები. დადგენილია და სადავოდ არ გამხდარა, რომ მოსარჩელემ მოპასუხეს ხელშეკრულების საგნის ნაწილი მიაწოდა ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში.
23.1. ხელშეკრულების 5.1 პუნქტის თანახმად, შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადა განისაზღვრა ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 120 დღით. შპს „ჯ–იმ“ ნაწილობრივ დაარღვია ხელშეკრულებით განსაზღვრული მიწოდების ვადა, კერძოდ: მოსარჩელემ მოპასუხეს 2021 წლის 11 თებერვალს, ხელშეკრულებით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ მიაწოდა №30-477 ხელშეკრულებით შეთანხმებული 3084 ერთეული ნატრიუმის ორთქლის მაღალი წნევის 70 ვატის სიმძლავრის, 43 638.6 ლარის ღირებულების ნათურა, ხოლო 2021 წლის 11 მარტს, 7604 ერთეული ნატრიუმის ორთქლის მაღალი წნევის 70 ვატის სიმძლავრის, 107 596.00 ლარის ღირებულების ნათურა.
23.2. 2021 წლის 10 თებერვლის ინსპექტირების დასკვნით, მიმწოდებელს დაერიცხა პირგასამტეხლო 2021 წლის 30 იანვრიდან 2021 წლის 09 თებერვლამდე, თითოეულ ვადაგადაცილებულ დღეზე - 2 399.5 ლარის ოდენობით, სულ - 26 394.5 ლარი. მოპასუხემ მიმწოდებელს ნაცვლად 43 638.6 ლარისა, გადაუხადა მხოლოდ 17 244.10 ლარი. 2021 წლის 10 მარტის ინსპექტირების დასკვნით, მიმწოდებელს დაერიცხა პირგასამტეხლო 2021 წლის 10 თებერვლიდან 2021 წლის 09 მარტამდე (28 დღე) თითოეულ ვადაგადაცილებულ დღეზე - 2 399.5 ლარის ოდენობით, სულ - 67 186.00 ლარი. მოპასუხემ მიმწოდებელს ნაცვლად 107 596.00 ლარისა, გადაუხადა მხოლოდ 40 410.60 ლარი. საბოლოოდ, შემსყიდველმა მიმწოდებელს დაუკავა 93 580.5 ლარი.
23.3. პალატის შეფასებით, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ვადაგადაცილებით შესრულდა შესასრულებელი ვალდებულების მხოლოდ ნაწილი, პირგასამტეხლო დაანგარიშებული უნდა იქნეს არა ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან, არამედ ვადაგადაცილებით მიწოდებული ხელშეკრულების საგნის ღირებულებიდან. კერძოდ: 2021 წლის 11 თებერვლის მდგომარეობით, შეუსრულებელი ვალდებულების ღირებულება იყო 151234.6 ლარი, შესაბამისად, უზენაესი სასამართლოს მიერ მყარად დადგენილი პრაქტიკის თანახმად, დასაკავებელი პირგასამტეხლოს ოდენობა უნდა დაანგარიშებულიყო შეუსრულებელი ვალდებულების ღირებულებიდან - 151234.6 ლარიდან. აღნიშნულიდან გამომდინარე, პირგასამტეხლოს ოდენობა ერთი დღისთვის შეადგენდა 756.17 ლარს (151234.6-ის 0.5%), ხოლო 2021 წლის 11 თებერვლისათვის, ვადადარღვეული დღეების რაოდენობის გათვალისწინებით პირგასამტეხლოს ოდენობამ შეადგინა 8317.87 ლარი (756.17X11). დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა ისიც, რომ 2021 წლის 11 თებერვალს მოსარჩელემ მოპასუხეს მიაწოდა 43638.6 ლარის ღირებულების პროდუქტი. 2021 წლის 11 მარტს, მოსარჩელემ მოპასუხეს ხელშეკრულების ვადის დარღვევით მიაწოდა დარჩენილი 107596 ლარის პროდუქტი. აქედან გამომდაინრე, მოსარჩელემ მოპასუხეს, 107 596 ლარის პროდუქტი მიაწოდა 28 დღის ვადის დარღვევით. ამ შემთხვევაშიც, უზენაესი სასამართლოს მიერ მყარად დადგენილი პრაქტიკის თანახმად, 11 მარტისთვის დასაკისრებელი პირგასამტეხლოს ოდენობა უნდა დაანგარიშდეს შეუსრულებელი ვალდებულების ღირებულებიდან - 107596 ლარიდან, რომლის 0,5% არის 538 ლარი. ვადადარღვეული დღეების (28 დღე) გათვალისწინებით კი პირგასამტეხლოს ოდენობა შეადგენს 15063.47 ლარს. ჯამში მოსარჩელისათვის დასაკისრებელი და დასაკავებელი პირგასამტეხლოს ოდენობა შეადგენს 23381.34 ლარს. ვინაიდან, მოპასუხემ მოსარჩელეს დაუკავა 93580.5 ლარი, ხოლო დასაკავებელი პირგასამტეხლოს ოდენობა შეადგენდა 23381.28 ლარს. მოსარჩელეს უნდა შეუმცირდეს ზედმეტად დარიცხული პირგასამტეხლო, 70 199.16 ლარით (93580.5-23381.28) და მოპასუხეს უნდა დაევალოს დაუბრუნოს მოსარჩელეს 70199.16 ლარი, როგორც ზედმეტად დაკავებული თანხა.
24. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის პრეტენზიას, სარჩელით მოთხოვნილი დაკავებული პირგასამტეხლოს ნაწილის დაბრუნების შესახებ აქვს სამართლებრივად ვარგისი საფუძველი, კასატორის მოთხოვნა საფუძვლიანია და ქვემდგომი სასამართლოების მიერ დაკავებული პირგასამტეხლოს გაანგარიშება არასწორად განხორციელდა ხელშეკრულების მთლიანი ღირებულებიდან, რაც საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველია.
25. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველი, ვინაიდან საჭირო არაა მტკიცებულებათა დამატებით გამოკვლევა, შესაბამისად, საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია, თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება საქმეზე, კერძოდ, პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს; გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება და მოპასუხეს დაევალოს მის მიერ დაკავებული 93580.5 ლარიდან 70199.16 ლარის მოსარჩელისათვის დაბრუნება.
26. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. ამავე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების თანახმად, აღნიშნული წესები შეეხება, აგრეთვე, სასამართლო ხარჯების განაწილებას, რომლებიც გაწიეს მხარეებმა საქმის სააპელაციო და საკასაციო ინსტანციებში წარმოებისას. თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც.
27. სსსკ-ის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან გათავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით ირკვევა, რომ მოსარჩელეს სამივე ინსტანციის სასამართლოში წინასწარ გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 8423.88 (2105.97+2807.96+3509.95) ლარი, რისი ანაზღაურებაც მოპასუხეს უნდა დაეკისროს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 408.3-ე, 411-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. შპს „ჯ–ის“ საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 06 ივნისის განჩინება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. შპს „ჯ–ის“ სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
4. შპს „თ.ჯ–ს“ შპს „ჯ–ის“ სასარგებლოდ დაეკისროს თანხის გადახდა 70199.16 ლარის ოდენობით;
5. შპს „თ.ჯ–ს“ (......) შპს „ჯ–ის“ (.....) სასარგებლოდ, დაეკისროს სამივე ინსტანციის სასამართლოში გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან - 8423.88 (2105.97+2807.96+3509.95) ლარის გადახდა;
6. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გიორგი მიქაუტაძე
მოსამართლეები: რევაზ ნადარაია
ლაშა ქოჩიაშვილი