Facebook Twitter

ბს-1612-1186(გ-05) 15 თებერვალი, 2006 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. ვაჩაძე (თავმჯდომარე),

ნ. ქადაგიძე (მომხსენებელი),

ნ. სხირტლაძე

ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის, 26-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და სსკ-ის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, განიხილა ი. თ-ს სასარჩელო განცხადებასთან დაკავშირებით წარმოშობილი დავა განსჯადობაზე სოხუმის საქალაქო სასამართლოსა და თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას შორის.

აღწერილობითი ნაწილი:

ი. თ-ს წარმომადგენლებმა: ა. ბ-მ და ი. ყ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართეს სოხუმის საქალაქო სასამართლოს მოპასუხეების - ქ. სოხუმის გამგეობისა და იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ და მოითხოვეს ქ. სოხუმში მე-3 გზატკეცილის გასასვლელის ¹....-ში მდებარე, უკანონოდ ჩამორთმეული სახლის დაუბრკოლებელი ფლობის, სარგებლობისა და განკარგვის უზრუნველყოფა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ მოსარჩელის, როგორც ზემოხსენებული სახლის მესაკუთრედ რეგისტრაცია.

სოხუმის რაიონული და საქალაქო სასამართლოს 2005წ. 15 ნოემბრის განჩინებით მოსარჩელე ი. თ-ს უარი ეთქვა სასარჩელო განცხადების მიღებაზე, ვინაიდან ხსენებული სარჩელი არ იყო სოხუმის რაიონული და საქალაქო სასამართლოს განსჯადი. ამასთან, განჩინებით მოსარჩელეს განემარტა, რომ მას სარჩელით უნდა მიემართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიისათვის.

აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრეს მოსარჩელის წარმომადგენლებმა და მოითხოვეს სოხუმის რაიონული და საქალაქო სასამართლოს 2005წ. 15 ნოემბრის განჩინების გაუქმება და სარჩელის წარმოებაში მიღება.

სოხუმის რაიონული და საქალაქო სასამართლოს 2005წ. 22 ნოემბრის განჩინებით კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და საქმის მასალებთან ერთად გადაეგზავნა აფხაზეთის ა/რ უმაღლესი სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ პალატას განსახილველად.

აფხაზეთის ა/რ უმაღლესი სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2005წ. 1 დეკემბრის განჩინებით კერძო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა სოხუმის რაიონული და სოხუმის საქალაქო სასამართლოს 2005წ. 15 ნოემბრის განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტი და ი. თ-ს წარმომადგენლების - ა. ბ-ის და ი. ყ-ის სარჩელი თანდართული მასალებით გადაეგზავნა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, იმ მოტივით, რომ ერთ-ერთი მოპასუხე _ იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო არ წარმოადგენს აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირს და შესაბამისად, დავა არ არის აფხაზეთის ა/რ საერთო სასამართლოების განსჯადი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია არ დაეთანხმა აფხაზეთის ა/რ უმაღლესი სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის განჩინებას საქმის თბილისის საქალაქო სასამართლოსათვის დაქვემდებარების თაობაზე და 2005წ. 5 დეკემბრის განჩინებით ი. თ-ს სასარჩელო განცხადება განსჯადობის შესახებ დავის გადაწყვეტის მიზნით გადმოაგზავნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატაში.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა ი. თ-ს წარმომადგენლების - ა. ბ-ის და ი. ყ-ის სასარჩელო განცხადებისა და ამ განცხადების განსჯადობის თაობაზე სასამართლოთა მოსაზრების გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ ი. თ-ს სარჩელი წარმოადგენს სოხუმის საქალაქო სასამართლოს განსჯად ადმინისტრაციულ დავას, რის გამოც, საქმე განსახილველად უნდა დაექვემდებაროს მითითებულ სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო პალატა სასამართლოთა ყურადღებას მიაქცევს დავის საგანს და აღნიშნავს, რომ სარჩელის საფუძველზე მხარე ითხოვს, ქ. სოხუმში განთავსებული, ჩამორთმეული ქონების დაბრუნებას, ამ ქონებით დაუბრკოლებელი სარგებლობის უზრუნველყოფას და საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში შესაბამისი ჩანაწერების განხორციელებას. ამდენად, მოცემულ სარჩელზე ძირითად მოპასუხეს, მოსარჩელის მოთხოვნით, წარმოადგენს ქ. სოხუმის გამგეობა, ხოლო, რაც შეეხება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, მითითებული ამ შემთხვევაში სარგებლობს ფაკულტატური თანამონაწილის (მოპასუხის) სტატუსით.

უდავოა, რომ ძირითადი მოპასუხე, ქ. სოხუმის გამგეობა, წარმოადგენს აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ იურიდიულ პირს.

ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება სსკ-ის დებულებანი.

სსკ-ის 439-ე მუხლი განსაზღვრავს აფხაზეთის ა/რ სასამართლოთა განსჯად დავებს. მითითებული მუხლის შესაბამისად, აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში საქართველოს იურისდიქციის სრულად აღდგენამდე იძულებით გადაადგილებულ პირთა დარღვეული და სადავო უფლებების, აგრეთვე კანონმდებლობით გათვალისწინებული ინტერესების დაცვას ახორციელებენ აფხაზეთის ა/რ სასამართლოები მათი სამოქმედო ტერიტორიების მიხედვით, სსკ-ის III თავის მოთხოვნათა დაცვით, თუU მოპასუხეც იძულებით გადაადგილებული პირია.

აღნიშნული მუხლისა და დავის საგნის ანალიზი, საკასაციო სასამართლოს აძლევს საფუძველს, ი. თ-ს სარჩელი განსახილველად დაუქვემდებაროს ქ. სოხუმის საქალაქო სასამართლოს.

აქვე საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს სსკ-ის მე-20 მუხლს და აღნიშნავს, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ქ. სოხუმის გამგეობა და იუსტიციის სამინისტრო მიჩნეულ იქნებოდნენ სავალდებულო თანამონაწილეებად, სასამართლოს არჩევის უფლება, მითითებული მუხლის საფუძველზე, ეკუთვნის მოსარჩელეს, რომელმაც სარჩელით მიმართა სოხუმის და არა თბილისის საქალაქო სასამართლოს.

საკასაციო სასამართლო ასევე ადასტურებს თბილისის საქალაქო სასამართლოს მსჯელობას და თვლის, რომ ეს უკანასკნელი განსჯადობის თაობაზე დავის წამოწყებისას ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26.3 მუხლის საფუძველზე არ იყო შეზღუდული აფხაზეთის ა/რ უმაღლესი სააპელაციო სასამართლოს განჩინებით.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ დავა, სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, განსჯადობით განსახილვევად უნდა დაექვემდებაროს ქ. სოხუმის საქალაქო სასამართლოს.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2 და 26-ე მუხლებით, სსკ-ის 439-ე და 408-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ი. თ-ს წარმომადგენლების – ა. ბ-ის და ი. ყ-ის სარჩელი მოპასუხეების – ქ. სოხუმის გამგეობისა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ განსჯადობით განსახილველად დაექვემდებაროს სოხუმის საქალაქო სასამართლოს;

2. საქმე გადაეცეს განსჯად სასამართლოს;

3. განჩინების ასლები გადაეგზავნოთ მხარეებს;

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.