საქმე №ას-1585-2022 16 ივნისი, 2023 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,
ნინო ბაქაქური
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
განმცხადებლები – ი.ლ–ძე, შპს "ო.გ–ი", გ.ჩ–ნი, შპს "ე–ი"
განმცხადებლების მოთხოვნა – საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილების საფუძველზე სააღსრულებო ფურცლის გაცემა
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - განცხადების უარყოფა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილებით:
1.1. სს „პ.ბ.ს–ოს“ საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ;
1.2. ი.ლ–ძის, გ.ჩ–ნის, შპს „ე–ისა“ და შპს „ო.გ–ის“ საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ;
1.3. გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 31 ოქტომბრის განჩინება შპს „მ.ო–ის“ სასარგებლოდ დაკმაყოფილებული სარჩელისა და სს „პ.ბ.ს–ოს“ შეგებებული სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება;
1.4. შპს „მ.ო–ის“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა;
1.5. სს „პ.ბ.ს–ოს“ შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ;
1.6. მოპასუხე შპს „ო.გ–სა“ და ი.ლ–ძეს, მოსარჩელე სს „პ.ბ.ს–ოს“ სასარგებლოდ, სოლიდარულად გადასახდელად დაეკისრათ: 1) 2019 წლის 21 მაისის N 0004205.001-001 საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე 162 535.23 ევრო (ას სამოცდაორი ათას ხუთას ოცდათხუთმეტი ევრო და ოცდასამი ევროცენტი), საიდანაც 138 201.58 (ას ოცდათვრამეტრი ათას ორას ერთი ევრო და ორმოცდათვრამეტი ევროცენტი) კრედიტის ძირითადი თანხაა; 6 201.98 (ექვსი ათას ორას ერთი ევრო და ოთხმოცდათვრამეტი ევროცენტი) - დარიცხული საპროცენტო სარგებელი; 18 131.67 (თვრამეტი ათას ასოცდათერთმეტი ევრო და სამოცდაშვიდი ევროცენტი)- ზიანი მიუღებელი შემოსავლის სახით; 2) 2021 წლის 4 მაისის N 0004205.001-002 საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე 340 575.19 აშშ დოლარი (სამას ორმოცი ათას ხუთას სამოცდათხუთმეტი აშშ დოლარი და ცხრამეტი ცენტი), საიდანაც 283 300 (ორას ოთხმოცდასამი ათას სამასი) აშშ დოლარი კრედიტის ძირითადი თანხაა; 4 878.85 აშშ დოლარი (ოთხი ათას რვაას სამოცდათვრამეტი აშშ დოლარი და ოთხმოცდახუთი ცენტი) დარიცხული საპროცენტო სარგებელი, 52 396.34 აშშ დოლარი (ორმოცდათორმეტი ათას სამას ოთხმოცდათექვსმეტი აშშ დოლარი და ოცდათოთხმეტი ცენტი) ვადაგადაცილებისათვის დარიცხული პირგასამტეხლო;
1.7. ამ განჩინების 1.6 პუნქტით განსაზღვრული კრედიტორული მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით, სს „პ.ბ.ს–ოს“ სასარგებლოდ, მოხდა იპოთეკით დატვირთული შემდეგი ქონების რეალიზაცია: შპს „მ.ო–ის“ (ს/ნ ......) საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე: ქ. თბილისი, .........; ქ. თბილისი, ........; საკადასტრო კოდი: ........, არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი დაზუსტებული ფართობით 254 კვ.მ და მასზე არსებული შენობა-ნაგებობები;
1.8. მოპასუხეებს შპს „ო.გ–“-ს და ი.ლ–ძეს, მოსარჩელე სს „პ.ბ.ს–ოს“ სასარგებლოდ, სოლიდარულად გადასახდელად დაეკისრათ N0004205.001-002 საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ძირითადი თანხის - 283 300 აშშ დოლარის (ორას ოთხმოცდასამი ათას სამასი) წლიური 9 %-ის ოდენობით მიუღებელი შემოსავალის გადახდა, 2021 წლის 31 დეკემბრიდან სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების დღემდე;
1.9. სს „პ.ბ.ს–ოს“ შეგებებული სარჩელი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა;
1.10. დანარჩენ ნაწილში უცვლელი დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 31 ოქტომბრის განჩინება (კერძოდ, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 31 მაისის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-3, მე-8, მე-10, მე-14 პუნქტების სააპელაციო სასამართლოს მიერ უცვლელად დატოვების ნაწილში);
1.11. გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 2 ნოემბრის განჩინება (საქმე N 2/29009-21), რომლითაც შეჩერდა ნოტარიუს თ.გ–ძის მიერ 2021 წლის 7 ოქტომბერს გაცემული N 211122958 სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე დაწყებული სააღსრულებო წარმოება A21162437;
1.12. შპს "მ.ო–ის", სს "პ.ბ.ს–ოს" სასარგებლოდ, დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის - 20 000 ლარის გადახდა;
1.13. ი.ლ–ძეს, შპს "ო.გ–ს", გ.ჩ–ნს და შპს "ე–ის", სს "პ.ბ.ს–ოს" სასარგებლოდ, სოლიდარულად დაეკისრათ 13 000 ლარის გადახდა.
2. საქართველოს უზენაეს სასამართლოს, 2023 წლის 13 ივნისს, განცხადებით მომართა ი.ლ–ძის, შპს „ო.გ–ის“, შპს „ე–ისა“ და გ.ჩ–ნის წარმომადგენელმა დ.მ–ძემ და აღნიშნა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ 2022 წლის 8 ივლისს გაცემული სააღსრულებო ფურცლის მე-9 ნაწილში მითითებული იყო, რომ ქ. თბილისში, .......... მდებარე უძრავი ქონების, ს/კ ........ რეალიზაცია უნდა მომხდარიყო მხოლოდ 2019 წლის 21 მაისის #0004205001-001 საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ევროს სესხის უზრუნველსაყოფად, რომლის სრული თანხა შეადგენდა 146 216.76 ევროს, რითაც შეიზღუდა აღნიშნული ქონების სარეალიზაციო ფასი და მიუხედავად იმისა, რომ დადგენილი იყო, აღნიშნული უძრავი ქონება უნდა მომსახურებოდა ასევე 2021 წლის 4 მაისის N0004205001-002 საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე (გაცემული აშშ დოლარში) სესხსაც, იგი უგულებელყოფილ იქნა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ. ამიტომ აღნიშნული სააღსრულებო ფურცლის მე-10 პუნქტი ამოქმედდა, რითაც, განმცხადებლის მტკიცებით, გამოუსწორებელი ზიანი მიადგა როგორც მესაკუთრეებს, ისე - თავდებს, ი.ლ–ძეს, ვინაიდან განხორციელდა მესაკუთრეთა კუთვნილი უძრავი ნივთების რეალიზაცია და განცხადების წარდგენის დროისათვის ი.ლ–ძის უძრავი ნივთების რეალიზაცია მიმდინარეობს. ასევე, დაყადაღდა მისი საბანკო ანგარიშები.
3. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან უზენაესი სასამართლოს 2023 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილებით პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება გაუქმდა, შპს „მ.ო–ის“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა და ზემოხსენებული უძრავი ქონება მიმართული იქნა ორივე სესხის უზრუნველსაყოფად, განმცხადებელმა მოითხოვა სააღსრულებო ფურცლის გაცემა, რომელშიც კონკრეტულად მიეთითება 2023 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, წარმოდგენილი განცხადების საფუძვლიანობა და მიიჩნევს, რომ განცხადება არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
4. სასამართლოს გადაწყვეტილება მისი ფუნქციური დატვირთვით ქვეყნის სახელით გამოტანილი მართლმსაჯულების აქტია, რომლის უმთავრესი ამოცანა ამ გადაწყვეტილებით დადასტურებული ურთიერთობის რეალურად აღსრულებაა. სასამართლო გადაწყვეტილება, ობიექტური და სუბიექტური ფარგლების გათვალისწინებით, კანონიერ ძალაში შესვლის შემდგომ, სავალდებულოა როგორც მოდავე მხარეთათვის, ისე ნებისმიერი სხვა პირისათვის (იხ. სუსგ N ას-261-252-2012, 19.03.12 წ.).
5. სააღსრულებო წარმოებათა შესახებ საქართველოს კანონის 20.2-ე მუხლის თანახმად, სააღსრულებო ფურცელი გაიცემა იმ გადაწყვეტილებაზე, რომელიც ამ კანონით ექვემდებარება აღსრულებას. სააღსრულებო ფურცელი გაიცემა კრედიტორზე.
6. საკასაციო სასამართლო წინამდებარე განჩინების პირველ პუნქტში ასახული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილზე მიუთითებს და აღნიშნავს, მიუხედავად იმისა, რომ საკასაციო სასამართლოს ხსენებული გადაწყვეტილებით ნაწილობრივ გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 31 ოქტომბრის განჩინება, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 31 მაისის გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების შესახებ, რითაც პირველი ინსტანციის სასამართლოს 2022 წლის 31 მაისის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის ცალკეული პუნქტი შეიცვალა, სს „პ.ბ.ს–ოს“, როგორც კრედიტორის, წინაშე ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე პასუხიმგებელი პირები არიან: შპს "ო.გ–ი", როგორც ძირითადი მსესხებელი და მოვალე, ნოტარიუს თ.გ–ძის მიერ 2021 წლის 7 ოქტომბერს მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის თანახმად (სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის ნომერი 211122958); ასევე, ის პირები, რომელთა პიროვნული თუ სანივთო უზრუნველყოფის საშუალებებით მოხდა, კრედიტორსა და მოვალეს (ძირითად მსესხებელს) შორის 2019 წლის 21 მაისს გაფორმებული საბანკო კრედიტის გაცემისა და დოკუმენტალური ოპერაციების წარმოების შესახებ გენერალური ხელშეკრულების საფუძველზე გაცემული კრედიტის (ორივე ტრანშის) უზრუნველყოფა, კერძოდ: ი.ლ–ძე, ძირითად მოვალესთან ერთად სოლიდარულად თავდები პირია, ხოლო შპს "ო.გ–ი", გ.ჩ–ნი და შპს "ე–ი" არიან იმ უძრავი ქონებების მესაკუთრეები, რომლითაც უზრუნველყოფილია საკრედიტო ხელშეკრულებები. მოვალე პირებს შპს „მ.ო–ი“ დაემატა, როგორც იპოთეკის საგნის მესაკუთრე, რომელმაც 2020 წლის 30 ნოემბერს, ნასყიდობის ხელშეკრულებით ძირითადი მოვალისაგან _შპს „ო.გ–ისაგან“ შეიძინა და იმავე წლის 2 დეკემბერს საკუთრების უფლება დაირეგისტრირა თბილისში, ........ მდებარე დაზუსტებული ფართობით 254 კვ.მ. მიწის ნაკვეთსა და მასზე არსებულ შენობა- ნაგებობებზე (ს/კ ..)- იხ. ამონაწერი საჯარო რეესტრიდან - ტ.1, ს.ფ. 63-65;
7. ძირითადი მოვალის შპს „ო.გ–ის“ ვალდებულებას კრედიტორი ბანკის წინაშე უზრუნველყოფს, როგორც შპს „მ.ო–ის“ უძრავი ქონება, ისე სოლიდარულად თავდები პირის კუთვნილი უძრავი ქონებები და იპოთეკის საგნის მესაკუთრეთა კუთვნილი უძრავი ქონებები, შესაბამისად,დავალიანების გადახდევინების მიზნით აღსასრულებლად უნდა მიექცეს ყველა ის ქონება და იმ პირობებით, როგორც ეს სასამართლომ დაადგინა აღსრულების წესის განსაზღვრის დროს.
8. განმცხადებლის მოთხოვნის პასუხად, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ წინამდებარე განჩინების მე-5 პუნქტში მოხმობილი საკანონმდებლო მოწესრიგების საფუძველზე, განმცხადებლებზე, როგორც მოვალეებზე, სააღსრულებო ფურცელი არ გაიცემა.
9. საკასაციო სასამართლო განმცხადებელთა პრეტენზიის საპასუხოდ დამატებით კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ ი.ლ–ძე, როგორც ძირითადი მოვალის - შპს „ო.გ–ის“ ვალდებულებებზე კრედიტორი სს „პ.ბ.ს–ოს“ წინაშე სოლიდარულად თავდებ პირს წარმოადგენს, შესაბამისად მისი პასუხისმგებლობა კრედიტორისადმი ეფუძნება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 898.1-ე მუხლს, რომლის თანახმად თავდები ყველა შემთხვევაში პასუხს აგებს მხოლოდ თავდებობის დოკუმენტში მითითებული ზღვრული თანხის ოდენობამდე. საკასაციო სასამართლოს მიერ მიღებული ახალი გადაწყვეტილებით ი.ლ–ძე მოვალეთა სიიდან არ ამორიცხულა, შესაბამისად, მის ქონებაზე შესაძლებელია აღსრულების პროცესის გაგრძელება, ვიდრე არ დაიფარება შპს „ო.გ–ის“ დავალიანება სს „პ.ბ.ს–ოს“ მიმართ, იმ ფარგლებში, რაზედაც ი.ლ–ძემ, როგორც თავდებმა, თავისივე ნებით პასუხისმგებლობა აიღო და რაც დადგენილია სასამართლოს მიერ.
10. განცხადებელთა საყურადღებოდ, საკასაციო სასამართლო დამატებით ყურადღებას გაამახვილებს იმაზე, რომ საკასაციო სასამართლოს 2023 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილებით სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 31 ოქტომბრის განჩინება მხოლოდ ნაწილობრივ გაუქმდა და გაუქმებულ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლის საფუძველზე არ დაკმაყოფილდა შპს „მ.ო–ის“ ძირითადი სარჩელი, ხოლო სს „პ.ბ.ს–ოს“ შეგებებული სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილით მკაფიოდ არის დადგენილი, სააპელაციო სასამართლოს განჩინების უცვლელად დატოვებული ნაწილი (პირველი ინსტანციის სასამართლოს სარეზოლუციო ნაწილის კონკრეტული პუნქტების მითითებით).
11. ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ ი.ლ–ძის, შპს "ო.გ–ის", გ.ჩ–ნისა და შპს "ე–ის" განცხადება სამართლებრივად დაუსაბუთებელი და უსაფუძვლოა, დასახელებული პირები, როგორც მოვალეები, სააღსრულებო ფურცელს ვერ მიიღებენ. სააღსრულებო ფურცლის მოთხოვნის უფლება მხოლოდ კრედიტორს აქვს, რომელიც განსახილველ შემთხვევაში შეგებებული სარჩელის ავტორი სს „პ.ბ.ს–ოა“.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ი.ლ–ძის, შპს "ო.გ–ის", გ.ჩ–ნისა და შპს "ე–ის" განცხადება, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილების საფუძველზე, სააღსრულებო ფურცლის გაცემის თაობაზე არ დაკმაყოფილდეს;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ნ. ბაქაქური