Facebook Twitter

3 აპრილი, 2023 წელი,

საქმე №ას-240-2022 თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მირანდა ერემაძე,

თეა ძიმისტარაშვილი

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

I კასატორი (მოსარჩელე) – შპს ,,კ–ა“

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხეები) – შპს ,,ა–ი“, შპს ,,ა.ჯ–ი’’, შპს ,,ა.ა.ს–ო“, ი.გ–ძე

II კასატორი – შპს ,,ა–ი“, შპს ,,ა.ჯ–ი’’, შპს ,,ა.ა.ს–ო“, ი.გ–ძე

მოწინააღმდეგე მხარე – შპს ,,კ–ა“

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 13 იანვრის გადაწყვეტილება

I კასატორის მოთხოვნა – ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელის უარყოფის ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით მოცემულ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილება

II კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით მოპასუხეთა შეგებებული სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილება, ხოლო, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. შპს „კ–ა“ (შემდეგში - მოსარჩელე, პირველი კასატორი ან საწარმო) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შექმნილი საწარმოა, რომელიც სს ,,ს.ბ–სა“ და სს ,,ს.ფ–ის“ თანამონაწილეობით 2012 წლიდან შპს „ქ–თან“, შპს „კ. ა–თან“, შპს „ჯ.ა–თან“ და შპს „ჯ.ფ–თან“ ერთად მეღორეობის ბიზნესს ახორციელებს.

2. 2017 წლის 3 მაისს, სს ,,ს.ბ–სა“ და მოსარჩელეს შორის შეთანხმება გაფორმდა, რომლის დანართის საფუძველზეც ბანკმა გასცა, ხოლო საწარმომ შეთანხმების ,,ა’’ დანართით განსაზღვრულ მოძრავ ქონებაზე (მოსარჩელე საწარმოს დირექტორ ი.მ–ძის 2017 წლის 21 აპრილის წერილში მითითებული მოძრავი ქონება, გარდა ავტომანქანებისა) სრულად მიიღო შესყიდვის ოფცია.

3. 2017 წლის 3 მაისს, მოსარჩელესა და სს ,,ს.ბ–ს“ შორის შეთანხმება გაფორმდა, რომლის დანართის საფუძველზეც მოსარჩელემ სს ,,ს.ბ–ს“ საკუთრებაში გადასცა თეთრიწყაროს რაიონის სოფელ ...... მდებარე უძრავი ქონება.

4. 2017 წლის 8 მაისს, სს ,,ს.ბ–სა“ და მოსარჩელეს შორის შეთანხმება გაფორმდა, რომლის დანართის საფუძველზეც ბანკმა გასცა, ხოლო შეთანხმების „ა“ დანართით განსაზღვრულ ქონებაზე მოსარჩელემ მიიღო შესყიდვის ოფცია.

5. 2017 წლის 8 მაისს, სს ,,ს.ბ–სა“ და მოსარჩელეს შორის შეთანხმება გაფორმდა, რომლის დანართის საფუძველზეც შესყიდვის საგანს დანართით განსაზღვრული უძრავი ქონება წარმოადგენდა.

6. 2017 წლის 5 სექტემბერს, სს ,,ს.ბ–სა“ და მოსარჩელეს შორის იჯარის ხელშეკრულება დაიდო. საიჯარო ქირის მოცულობა ყოველთვიურად 7 000 ლარით, ხოლო 2017 წლის 12 ოქტომბრის დამატებითი პირობებით 9 000 ლარით განისაზღვრა. იჯარის საგანს წარმოადგენდა თეთრიწყაროს რაიონის სოფელ ...... მდებარე უძრავი ქონება.

იჯარის ხელშეკრულების 3.7 პუნქტით განისაზღვრა, რომ იჯარის საგანი საწარმოს ინვენტართან ერთად გადაეცა, ხოლო ხელშეკრულების 3.9 პუნქტის თანახმად, იჯარის საგანთან დაკავშირებული საწარმოს ვალდებულებები სრულად ვრცელდება ინვენტარსა და საკუთვნებელზე.

7. 2017 წლის 5 სექტემბერს, სს ,,ს.ბ–სა“ და მოსარჩელეს შორის 2017 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით დაიდო მომსახურების ხელშეკრულება, რომლითაც მოსარჩელემ ხელშეკრულებით განსაზღვრული მომსახურების ვალდებულება იკისრა.

8. შპს ,,ა.ჯ–ი“ (იგივე შპს „ელიავა - 2“, შემდეგში მოხსენიებული, როგორც პირველი მოპასუხე) სამეწარმეო კანონმდებლობის საფუძველზე შექმნილი საზოგადოებაა, რომლის 50% წილის მფლობელია ი.გ–ძე (შემდეგში - მეორე მოპასუხე), ხოლო 50%-ის მესაკუთრეა რ.გ–ვი.

9. შპს „ა–ის“ (შემდეგში - მესამე მოპასუხე) წილის 80%-ის მესაკუთრე მეორე მოპასუხეა, ხოლო 20% ეკუთვნის ფიზიკურ პირ - ა.ბ–ს.

10. საკუთარი აქტივების გამოსყიდვისა და ფერმის რეაბილიტაციის მიზნით მოსარჩელემ პოტენციური ინვესტორების მოძიება დაიწყო. ერთ-ერთი ასეთი იყო მესამე მოპასუხე, რომელსაც მოსარჩელემ 2017 წლის 19 ივლისს ელექტრონული ფორმით ღორების ფერმის საქმიანობის ზოგადი აღწერილობა მიაწოდა.

11. 2017 წლის 10 აგვისტოს, მოსარჩელესა და მესამე მოპასუხეს შორის კონფიდენციალურობის დაცვის შესახებ ხელშეკრულება გაფორმდა, რომლის მე-3 პუნქტით მხარეები შეთანხმდნენ, რომ ხელშეკრულების საფუძველზე გაცემული ინფორმაცია საწარმოს საკუთრებად დარჩენილიყო და ამ ხელშეკრულების არც ერთი დებულება ასეთ კონფიდენციალურ ინფორმაციაზე რაიმე უფლების გადაცემად არ განხილულიყო.

12. 2017 წლის 25 აგვისტოდან 2017 წლის 15 დეკემბრის ჩათვლით მოსარჩელემ მესამე მოპასუხეს საწარმოო-კომერციული ინფორმაცია მიაწოდა, რომელიც მოიცავდა: რეაბილიტაციის ბიზნეს-მოდელს, სრული ფინანსური ინფორმაციით, მათ შორის მოგება-ზარალის უწყისს, ბალანსს, ფულადი სახსრების მოძრაობის უწყისს, საბიუჯეტო გადასახადების პროგნოზებს, ელექტროენერგიის დანახარჯებს, საწარმოო და ადმინისტრაციულ ხარჯებს, რეაბილიტაციის ბიუჯეტსა და რეაბილიტაციის გეგმას, (ფულადი მიმოქცევის უწყისის ჭრილში), ტექნოლოგიური ხასიათის ინფორმაციას, მათ შორის: დედაღორების რაოდენობას, წარმოების ციკლის, ნაყოფიერების მითითებით და კოეფიციენტებით, სარეალიზაციო ცხოველების ყველა ტექნოლოგიური ციკლის აღწერას, მაჩვენებელს/ნორმებს.

13. 2017 წლის 5 სექტემბერს, სს ,,ს.ბ–სა“ და მოსარჩელეს შორის იჯარის ხელშეკრულება გაფორმდა, ამასთან, მხარეთა მიერ გათვალისწინებული პროექტის დროებით შეჩერებისა და ფერმის ბანკის საკუთრებაში გადასვლის მიუხედავად მოსარჩელე ფერმის აქტიურ მოვლა პატრონობას 2016-2018 წლების განმავლობაში აგრძელებდა.

2017 წლის 5 სექტემბერს, სს ,,ს.ბ–სა“ და მოსარჩელეს შორის 2017 წლის 31 დეკემბრამდე გაფორმდა მომსახურების ხელშეკრულება, რომლითაც მოსარჩელემ ბანკისთვის გარიგებით განსაზღვრული მომსახურების გაწევის ვალდებულება იკისრა.

14. ზიანის ანაზღაურებისა და მოძრავი ნივთების უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვის მოთხოვნით შპს ,,ა.ა.ს–ოსა“ (შემდეგში - მეოთხე მოპასუხე) და დანარჩენი მოპასუხეების წინააღმდეგ მოსარჩელემ სასამართლოში სარჩელი აღძრა.

15. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 17 მარტის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, ამავე გადაწყვეტილებით მოპასუხეთა სასარგებლოდ მოსარჩელეს იურიდიული მომსახურების ხარჯის, 5 000 ლარის გადახდა დაეკისრა.

16. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, ამ გადაწყვეტილების გაუქმებისა და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილების მოთხოვნით.

სააპელაციო სასამართლოს შეგებებული სააპელაციო საჩივრით მიმართეს მოპასუხეებმა, რომლებმაც ადვოკატის ხარჯების დაკისრების შესახებ მათი მოთხოვნის უარყოფის ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და მოპასუხეთა სასარგებლოდ მოსარჩელისთვის დამატებით საპროცესო ხარჯების სახით - 49 512.16 ლარისა და 3 515 ევროს დაკისრება მოითხოვეს.

17. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 13 იანვრის გადაწყვეტილებით:

- მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა;

- გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა და ახალი გადაწყვეტილება იქნა მიღებული;

- სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა;

- პირველ მოპასუხესა და მეოთხე მოპასუხეს დაევალა, რომ მოსარჩელისათვის დაებრუნებინა (გადაეცა): 1). 450კვტ. სიმძლავრის დიზელ-გენერატორი, ღირებულებით - 56 300 ევრო; 2). 11-ტონიანი ნაკელის გადამტანი ტანკერი, ღირებულებით - 28 000 ევრო; 3). ნაკელის მიქსერი, ღირებულებით - 16 750 ევრო.

- ზიანის (12 014 250 ლარის) ანაზღაურების მოთხოვნის ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

17.1. სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, მოსარჩელის მიერ მოპასუხეთათვის მიწოდებული ინფორმაცია არ წარმოადგენს საწარმოო-კომერციულ საიდუმლოებას (ნოუ-ჰაუს).

მოცემული დასკვნის ჩამოყალიბებისას სააპელაციო სასამართლომ მხედველობაში მიიღო ღორების ფერმის პროექტირების ექსპერტის - ბ.კ.პ–ის (დანიური ფერმის პროექტირების მფლობელი, რომელიც წარმოადგენს საკონსულტაციო კომპანიას, სპეციალიზირებული ღორების ფერმის დაგეგმვაში, დიზაინსა და მენეჯმენტში) 2019 წლის 15 ივლისის შეფასება, რომელშიც მითითებულია, რომ მოსარჩელის მიერ გამოყენებული ტექნოლოგია სტანდარტული ტექნოლოგიაა, რომელიც ღორებთან დაკავშირებულ უმეტეს პროექტებში მთელი მსოფლიოს მასშტაბით გამოიყენება.

მოსარჩელის მიერ მესამე მოპასუხისათვის წარდგენილი ინფორმაცია ღორებისთვის საჭირო ნაგებობების პროექტირებასთან დაკავშირებით ზოგადი და საბაზისო ინფორმაციაა, რომელიც ღორების ფერმის წარმოების სახელმძღვანელოებში მრავალი წლის განმავლობაში საჯაროდ იყო ხელმისაწვდომი.

მოსარჩელის მიერ მესამე მოპასუხისათვის წარდგენილი 15-გვერდიანი ექსელის ფორმატში მოცემული პრეზენტაცია და გამოანგარიშების დოკუმენტები არ წარმოადგენს მნიშვნელოვან ტექნოლოგიურ, ორგანიზაციულ ან კომერციულ ინფორმაციას. ისინი, მხოლოდ, ზოგადად და არა დეტალურად აღწერენ ღორების ფერმის პროექტს. მოსარჩელის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია სავსეა შეცდომებით, თუმცა, იგი სწორადაც რომ იყოს მომზადებული, ნოუ-ჰაუს არ წარმოადგენს.

17.2. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა იმის თაობაზე, რომ რაკი სს ,,ს.ბ–სათვის“ უძრავი და მოძრავი ქონების (გარდა ავტომანქანებისა) საკუთრებაში გადაცემა სს ,,ს.ბ–სა“ და მოსარჩელეს შორის დადებული ხელშეკრულებით განისაზღვრა, ამიტომ სადავო მოძრავ ნივთებზე ნასყიდობის ხელშეკრულება გავრცელდა, ხოლო მოპასუხეები აღნიშნული მოძრავი ნივთების კეთილსინდისიერი შემძენები იყვნენ.

სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, უსაფუძვლო იყო დასკვნა იმის თაობაზეც, რომ თითქოს მოსარჩელემ მისი მოძრავი ნივთები (ავტომანქანების გამოკლებით) ბანკს გადასცა სრულად, რადგან, კონტექსტიდან გამომდინარე, სიტყვა „სრულად“ მიემართებოდა არა მოსარჩელის კუთვნილ მოძრავ ნივთებს, არამედ 2017 წლის 24 აპრილის წერილში მითითებულ მოძრავ ნივთებს. შესაბამისად, ციტირებული ტექსტიდან გამომდინარეობდა, არა ის, რომ მოსარჩელემ ბანკს საკუთრების უფლება გადასცა მის კუთვნილ ყველა ნივთზე, არამედ ის, რომ გამოსყიდვის ოფცია, ავტომანქანების გარდა, ხსენებულ წერილში მითითებულ ყველა ნივთზე ვრცელდებოდა.

ამდენად, 2017 წლის 3 მაისის შეთანხმების „ა“ დანართის ნამდვილი შინაარსი იყო, რომ მოსარჩელის გამოსყიდვის ოფცია 2017 წლის 21 აპრილის წერილში მითითებულ ყველა ნივთზე ვრცელდება. შესაბამისად, პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა იმის შესახებ, რომ, თითქოს, ბანკს მოსარჩელემ მის კუთვნილ ყველა მოძრავ ნივთზე (მათ შორის, სადავო მოძრავ ნივთებზე) გადასცა საკუთრების უფლება, არ გამომდინარეობდა არც სასამართლოს მიერ მითითებული და არც საქმეში წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებებიდან.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ბანკს მოსარჩელისგან სადავო ნივთებზე საკუთრების უფლება არ გადასცემია, შესაბამისად, ბანკი მათ ნამდვილი უფლების საფუძველზე ვერ განკარგავდა და ვერც მოწინააღმდეგე მხარეს წარმოეშობოდა მათზე საკუთრების უფლება.

17.3. რაც შეეხებოდა მოპასუხეთა სასარგებლოდ მოსარჩელისათვის დამატებით 49 512.16 ლარისა და 3 515 ევროს (ჯამურად 54 512.16 ლარისა და 3 515 ევროს), როგორც საპროცესო ხარჯების დაკისრების თაობაზე მოპასუხეთა შეგებებული სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, სააპელაციო სასამართლომ ეს მოთხოვნა დაუსაბუთებლად ჩათვალა, ვინაიდან მოპასუხეებს ისეთი ხასიათის დასაბუთება ან/და მტკიცებულებები არ წარუდგენიათ, რაც სასამართლოს საწინააღმდეგო დასკვნის გამოტანის შესაძლებლობას მისცემდა.

18. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე მხარეებმა საკასაციო საჩივარი შემოიტანეს.

18.1. საკასაციო საჩივრით მოსარჩელე მოითხოვს ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელის უარყოფის ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას და, ახალი გადაწყვეტილებით, მოცემულ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილებას, რასაც შემდეგნაირად ასაბუთებს:

- სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების მიხედვით, საქმეზე საწარმოო-კომერციული საიდუმლოების არაკეთილსინდისიერად გამოყენების ყველა ნიშანია გამოკვეთილი, კერძოდ: 1). მოპასუხეებს მოსარჩელემ ინფორმაცია გადასცა; 2). გადაცემული ინფორმაცია ტექნოლოგიური, ორგანიზაციული და კომერციული ხასიათისაა; 3). ხსენებული ინფორმაციის საიდუმლოდ დაცვის მიზნით მოსარჩელეს სათანადო ზომები აქვს მიღებული. ამდენად, არასწორია სასამართლოს მოსაზრება იმის თაობაზე, რომ სადავო ინფორმაცია საწარმოო-კომერციულ საიდუმლოებას არ წარმოადგენს.

- სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ სადავო ინფორმაცია მოსარჩელეს გასაჯაროებული არ ჰქონია. აღნიშნულს ის ფაქტიც ადასტურებს, რომ მითითებული ინფორმაცია მოპასუხეებმა მოსარჩელისგან კონფიდენციალურობის დაცვის ხელშეკრულების საფუძველზე მიიღეს.

კონფიდენციალურობის დაცვის შესახებ 2017 წლის 10 აგვისტოს ხელშეკრულების 3.2 პუნქტიც საგულისხმოა, რომლითაც დადგენილია შემდეგი: მოპასუხე აღიარებს, რომ კონფიდენციალური ინფორმაცია მოსარჩელე საწარმოს მიერ გაწეული მნიშვნელოვანი ინვესტიციების, მნიშვნელოვანი დროის, ძალისხმევისა და ხარჯების შედეგია; კონფიდენციალური ინფორმაცია არის ღირებული აქტივი, რომელიც კომპანიას მნიშვნელოვან კონკურენტულ უპირატესობას ანიჭებს.

აღნიშნულიდან გამომდინარე, სადავო ინფორმაციის კონფიდენციალური ხასიათი და კომერციული ღირებულება თავად მოპასუხის მიერაა დადასტურებული, რაზეც ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებს არანაირი შეფასება არ გაუკეთებიათ.

- საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, ექსპერტის დასკვის შეფასებისას რამდენიმე გარემოებას უნდა მიექცეს ყურადღება, მათ შორის, საყურადღებოა, გამოსაკვლევად მიწოდებული მასალა, მისი კვლევითი ნაწილი, რადგან საბოლოო დასკვნაში სწორედ კვლევითი ნაწილის შედეგი აისახება.

კონკრეტულ შემთხვევაში, დანიელი სპეციალისტის დასკვნას თან არ ერთვის მის მიერ გამოყენებული მასალები. ამასთან, დასკვნის კვლევით ნაწილში გამოყენებული ყველა ციფრი თხუთმეტგვერდიანი საჯარო პრეზენტაციიდანაა აღებული და სადავო ინფორმაციაში ასახულ შესაბამის ციფრს არცერთი მათგანი არ ემთხვევა. შესაბამისად, აშკარაა, რომ სადავო ინფორმაცია სპეციალისტს არ გამოუკვლევია და მისი დასკვნა აღნიშნული ინფორმაციის გამოკვლევის შედეგებს არ ემყარება.

- სასამართლოს მსჯელობა იმის შესახებ, რომ მოსარჩელემ ვერ დაამტკიცა მოპასუხეთა მიერ სადავო ინფორმაციის გამოყენების ფაქტი საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან არ გამომდინარეობს.

18.2. მოპასუხეთა საკასაციო საჩივრის მოთხოვნაა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით მოპასუხეთა შეგებებული სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილება, ხოლო, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, შემდეგი დასაბუთებით:

- ნივთები, რომლებზეც ვინდიკაციური სარჩელია აღძრული, მოპასუხემ მიწის ნაკვეთთან და მასზე განთავსებულ ფერმასთან ერთად შეიძინა.

- სადავო ნივთები სასამართლომ საკუთვნებელად იმ მოტივით არ მიიჩნია, რომ სს „ს.ბ–სგან“ აქტივების შეძენის მომენტში მეღორეობის ფერმა არ ფუნქციონირებდა. შესაბამისად, სასამართლომ დაადგინა, რომ მიწის ნაკვეთებზე განლაგებული ნივთები იყვნენ ნასყიდობის დამოუკიდებელი ობიექტები.

სს „ს.ბ–სგან“ მოპასუხეს ერთმანეთისგან დამოუკიდებლად ფუნქციონირებადი მოძრავი და უძრავი ნივთები არ შეუძენია. ნასყიდობა მეღორეობის ფერმისთვის განკუთვნილ მიწის ნაკვეთებზე, მასზე განლაგებულ შენობა-ნაგებობებზე, მოძრავ ნივთებზე და ამ ნივთების საკუთვნებლებზე დაიდო, რომლებიც ფუნქციურად მეღორეობის ფერმას უნდა მომსახურებოდა. ამდენად, სადავო ნივთების საკუთვნებლად მიჩნევის მიზნებისთვის მნიშვნელობა არ აქვს, ნასყიდობის მომენტში სს „ს.ბ.“ მეღორეობის ფერმას ამუშავებდა თუ არა.

მართალია, სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა მოპასუხის პოზიცია იმის შესახებ, რომ სადავო ნივთები ფუნქციურად მეღორეობის სამეწარმეო საქმიანობასთან იყო დაკავშირებული, მაგრამ ეს ფაქტი საკუთვნებლად მათი მიჩნევისათვის საკმარის საფუძვლად არ ჩათვალა, რაც საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკასთან წინააღმდეგობაშია.

19. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 11 მარტისა და 21 მარტის განჩინებებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში - სსსკ) 391-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო საჩივრები წარმოებაში იქნა მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ისინი დაუშვებელია:

20. სსსკ-ის 391.5 მუხლის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

ზემოაღნიშნული ნორმა განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.

21. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.

მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების მიმართ კასატორებს დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენიათ, ამიტომ ისინი სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის.

22. განსახილველი დავის ერთ-ერთი საკვანძო საკითხია, შეიცავს თუ არა მოსარჩელის მიერ მოწინააღმდეგე მხარისთვის მიწოდებული ინფორმაცია ფინანსურ-ეკონომიკურ, საწარმოო-ტექნოლოგიურ ან კომერციულ საიდუმლოებას ან იმგვარ ცოდნასა და სიახლეს, რომელიც პრაქტიკაში გამოყენების გამოცდილებას ეფუძნება. 12 014 250 ლარის ზიანის ანაზღაურების ნაწილში სარჩელის წარმატებულობა სწორედ მითითებული გარემოების დადგენას უკავშირდება.

23. მოსარჩელის დასახელებული მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში - სსკ-ის) 1105.1 მუხლშია წარმოდგენილი. ამ მუხლის შინაარსი ასეთია: მეწარმეს, რომელიც ფლობს საწარმოო-კომერციულ საიდუმლოებას (ნოუ-ჰაუს), რომელიც წარმოადგენს განსაკუთრებული მნიშვნელობის ტექნოლოგიურ, ორგანიზაციულ ან კომერციულ ინფორმაციას, რაც დასტურდება მისი საიდუმლოდ შენახვისათვის გაწეული აუცილებელი და საკმარისი ღონისძიებით, განსაკუთრებული უფლება აქვს ამ ინფორმაციაზე.

24. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიერ მოპასუხეთათვის მიწოდებული ინფორმაცია არ წარმოადგენს საწარმოო-კომერციულ საიდუმლოებას (ნოუ-ჰაუს), რასაც საკასაციო სასამართლოც იზიარებს.

აღნიშნულს ადასტურებს საქმეზე გამოკვეთილი ფაქტობრივი გარემოებები, რომლებიც სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულადაა ცნობილი და რომელთა წინააღმდეგ კასატორს დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) არ წარმოუდგენია (სსსკ-ის 407.2 მუხლი).

მოცემული დასკვნის საფუძველი შექმნა შემდეგმა ძირითადმა გარემოებებმა:

ღორების ფერმის პროექტირების ექსპერტის - ბ.კ.პ–ის (დანიური ფერმის პროექტირების მფლობელი, რომელიც წარმოადგენს საკონსულტაციო კომპანიას, სპეციალიზირებული ღორების ფერმის დაგეგმვაში, დიზაინსა და მენეჯმენტში) 2019 წლის 15 ივლისის შეფასების შინაარსით, მოსარჩელის მიერ გამოყენებული ტექნოლოგია სტანდარტული ტექნოლოგიაა, რომელიც ღორებთან დაკავშირებულ უმეტეს პროექტებში მთელი მსოფლიოს მასშტაბით გამოიყენება. კომბინირებული საკვების ქარხანაში პელეტური დანადგარის საშუალებით სიახლე შეიტანეს პირველი მოპასუხის მიერ. ეს მნიშვნელოვანი გაუმჯობესებაა თავდაპირველ პროექტთან და მოთხოვნასთან შედარებით, რომ თავიდან იქნას არიდებული ASF, CSF და სხვა სახის დაავადებები, რომლებიც საკვების გზით შეიძლება გადავიდეს.

მოსარჩელის მიერ მესამე მოპასუხისათვის წარდგენილი ინფორმაცია ღორებისთვის საჭირო ნაგებობების პროექტირებასთან დაკავშირებით ზოგადი და საბაზისო ინფორმაციაა, რომელიც ღორების ფერმის წარმოების სახელმძღვანელოებში მრავალი წლის განმავლობაში საჯაროდ იყო ხელმისაწვდომი.

მოსარჩელის მიერ მესამე მოპასუხისთვის წარდგენილი 15-გვერდიანი ექსელის ფორმატში მოცემული პრეზენტაცია და გამოანგარიშების დოკუმენტები არ წარმოადგენს მნიშვნელოვან ტექნოლოგიურ, ორგანიზაციულ ან კომერციულ ინფორმაციას. ისინი, მხოლოდ, ზოგადად და არა დეტალურად აღწერენ ღორების ფერმის პროექტს.

მოსარჩელის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია სავსეა შეცდომებით, თუმცა, იგი სწორადაც რომ იყოს მომზადებული, ნოუ-ჰაუს არ წარმოადგენს.

25. სამოქალაქო სამართალწარმოება შეჯიბრებითობის პრინციპს ემყარება და მხარის პოზიციის წარმატება დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად უტყუარად შეძლებს იგი მტკიცების საგანში შემავალი გარემოებების დადასტურებას (სსსკ-ის მე-4 (მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ) და 102-ე (თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებაები, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს) მუხლები). შესაბამისად, სასამართლოში წარმატების მომტანია არა მხოლოდ მოთხოვნის დამასაბუთებელ არგუმენტზე (არგუმენტებზე) მითითება, არამედ მისი ნამდვილობის სათანადო მტკიცებულებით (მტკიცებულებებით) დადასტურება.

საქმის გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ სწორი დასკვნა სასამართლოს მიერ სწორედ მტკიცებულებების ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას შეიძლება დაეფუძნოს (სსსკ-ის 105.2 მუხლი (სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ).

მოცემულ შემთხვევაში, პალატის განსჯით, მოსარჩელემ სასამართლოს ვერ დაუდასტურა, რომ მოწინააღმდეგე მხარემ ხელყო საწარმოო-კომერციული ხასიათის ინფორმაციაზე (ნოუ ჰაუ) მისი განსაკუთრებული უფლება, რამაც მითითებულ ნაწილში სასამართლოს მიერ სარჩელის უარყოფის საფუძველი შექმნა.

26. საკასაციო სასამართლოსათვის გასაზიარებელია გასაჩივრებული გადაწყვეტილების ის ნაწილიც, სადაც წარმოდგენილია მსჯელობა მოძრავი ნივთების უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვის თაობაზე სარჩელის დასაბუთებულობის შესახებ.

ზემომითითებული საკითხის განხილვისას, არსებითი მნიშვნელობისაა საქმის მასალებით დადგენილი გარემოება მასზედ, რომ სს „ს.ბ–თან“ დადებული ნასყიდობის ხელშეკრულებით სადავო მოძრავი ნივთები მოსარჩელეს ბანკისთვის არ გადაუცია, შესაბამისად, ხსენებული ნივთების მესაკუთრე მოპასუხე ვერ გახდებოდა.

საკასაციო პალატას მნიშვნელოვნად მიაჩნია გაანალიზდეს საკუთრივ გარიგებებში მონაწილე სუბიექტების ნება და ზუსტად გაირკვეს ვინდიკაციას დაქვემდებარებული ნივთები მხარეებმა ნასყიდობის საგანში მოიაზრეს თუ არა. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საგულისხმოა გასაჩივრებულ განჩინებაში დადგენილი გარემოება მასზედ, რომ თავდაპირველად ბანკისთვის გადაცემული და ბანკის მიერ მოპასუხისთვის გადაცემული ნივთების ჩამონათვალი ერთი და იგივეა. ამავდროულად, ის ნივთები, რომლის ვინდიკაციასაც მოსარჩელე მოითხოვდა, ზემოაღნიშნულ ჩამონათვალში არ შედის.

გარდა ამისა, დამაჯერებელია მოსარჩელის მსჯელობა იმასთან დაკავშირებითაც, რომ 2014 წლის დასაწყისში ვირუსის გავრცელებისა და ღორების დახოცვის გამო ფერმის პროექტის ფუნქციონირება შეწყდა. შესაბამისად, ბანკთან ნასყიდობის ხელშეკრულების დადების დროისათვის (2017 წლის მდგომარეობით) ფერმა, როგორც ბიზნეს ორგანიზაცია, არ ფუნქციონირებდა; მოსარჩელემ ბანკს საკუთრებაში გადასცა ცალკეული ნივთები (რომლებიც გამოსყიდვას ექვემდებარებოდა) და არა ფერმა, როგორც მთლიანი ბიზნესი; მსგავსი ბიზნესის (საქმიანობის) წარმოების უფლება არც კომერციულ ბანკს გააჩნია.

„კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის თანახმად, კომერციულ ბანკებს მხოლოდ ამ მუხლის ჩამონათვალში მითითებული საქმიანობის განხორციელება შეუძლიათ, რაც, ცხადია, ღორების ფერმის ბიზნესის წარმოებას არ მოიცავს. აქედან გამომდინარე, მეღორეობის სამეწარმეო საქმიანობასთან მათი ფუნქციური კავშირის გამო სადავო ნივთების საკუთვნებლად განხილვა არასწორია.

მოძრავ ნივთებზე საკუთრების უფლების გადაცემა მხოლოდ ნამდვილი უფლების საფუძველზეა შესაძლებელი (სსკ-ის 186.1 მუხლის დანაწესი). სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი გარემოებებიდან გამომდინარე აშკარად იკვეთება, რომ ბანკს სადავო ნივთებზე საკუთრების უფლება არ წარმოშობია და შესაბამისად ბანკი მათ ნამდვილი უფლების საფუძველზე ვერ განკარგავდა.

ზემოაღნიშნული მსჯელობის გათვალისწინებით საკასაციო პალატა იზიარებს დასკვნას, რომ ბანკს მოსარჩელისგან სადავო მოძრავ ნივთებზე საკუთრების უფლება თავადაც არ გადასცემია და იგი მას ნამდვილი უფლების საფუძველზე ვერ განკარგავდა. ამდენად, ვინდიცირებას დაქვემდებარებულ ნივთებზე საკუთრების უფლება ვერც მოწინააღმდეგე მხარეს წარმოეშვებოდა და გასაჩივრებული გადაწყვეტილება ამ ნაწილშიც დასაბუთებულია (სსკ-ის 149-ე, 150-ე, 151-ე, 186.1 მუხლები).

27. მოპასუხეთა სასარგებლოდ მოსარჩელისათვის დამატებით 49 512.16 ლარისა და 3 515 ევროს (ჯამურად 54 512.16 ლარისა და 3 515 ევროს), როგორც საპროცესო ხარჯების დაკისრების ნაწილში გადაწყვეტილების მიღებისას, რაც მოპასუხეთა მხრიდან შეგებებული სააპელაციო საჩივრით გასაჩივრების გამო გასაჩივრებული გადაწყვეტილების განსჯის საგანი გახდა, სააპელაციო პალატამ სსსკ-ის 53.1 მუხლით (იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა) იხელმძღვანელა და მითითებული შეგებებული სააპელაციო საჩივარი არ დააკმაყოფილა.

აღნიშნულ მსჯელობას დასაბუთებულად მიიჩნევს საკასაციო სასამართლოც და განმარტავს: გაწეული საადვოკატო ხარჯის დაკისრებისას სასამართლო ხელმძღვანელობს საქმის სირთულით, სასამართლო სხდომებში მონაწილეობისათვის დახარჯული დროის, წარმოდგენილი მოსაზრებებისა თუ მტკიცებულებების სიმრავლით და სხვა ამგვარი გარემოებებით, რაც მეორე მხარისათვის დასაკისრებელი საადვოკატო ხარჯის გონივრულობას განაპირობებს. მოცემულ შემთხვევაში დავის საგნისა და წარმომადგენლის მიერ განხორციელებული იურიდიული მნიშვნელობის მოქმედებების გათვალისწინებით საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას მასზედ, რომ დაკისრებული პროცესის ხარჯების მოცულობა მთლიანობაში გონივრულადაა განსაზღვრული და დამატებით მათი გაზრდის აუცილებლობა საქმის მასალებიდან არ გამომდინარეობს; მით უმეტეს იმ პირობებში, როდესაც მოპასუხეებს საპროცესო ხარჯების მოცულობის გაზრდის კუთხით ახალი არგუმენტაცია არ წარმოუდგენიათ, რაც სასამართლოს საწინააღმდეგო დასკვნის გამოტანის შესაძლებლობას მისცემდა.

28. სააპელაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით და ვერც კასატორმა ვერ მიუთითეს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

29. სააპელაციო სასამართლომ საპროცესო ნორმების დარღვევის გარეშე დაადგინა მოცემული დავის გადაწყვეტისათვის სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები და იურიდიულად სწორად შეაფასა ისინი, შესაბამისად, სააპელაციო პალატის მიერ გამოტანილი სამართლებრივი დასკვნები მართებულია.

30. საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

31. მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391.5 მუხლის სხვა ქვეპუნქტებით დადგენილი საკასაციო საჩივრების დასაშვებობის წინაპირობებიც, რომელთა მიხედვითაც, საკასაციო საჩივრები დასაშვები იქნებოდა.

32. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია, კასატორებმა ვერ გააქარწყლეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით, რის გამოც არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.

სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. შესაბამისად, კასატორებს უნდა დაუბრუნდეთ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408.3, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს ,,კ–ას“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. შპს ,,ა–ის“, შპს ,,ა.ჯ–ის’’, შპს ,,ა.ა.ს–ოსა“ და ი.გ–ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

3, შპს ,,კ–ას“ (ს/ნ .......) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 8 000 ლარის (საგადასახადო დავალება # 0, გადახდის თარიღი - 25.02.2022) 70% - 5 600 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;

4. შპს ,,ა–ის“ (ს/ნ .........), შპს ,,ა.ჯ–ს’’ (ს/ნ ......), შპს ,,ა.ა.ს–ოსა“ (ს/ნ ......) და ი.გ–ძეს (პ/ნ .......) დაუბრუნდეთ საკასაციო საჩივარზე თ.ს–ას (გადამხდელი)/შპს ბ–ის (გადასახადის გადამხდელი) მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 8 000 ლარის (საგადახდო დავალება # 12635594002, გადახდის თარიღი - 17.02.2022) 70% - 5 600 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;

5. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები : ვლადიმერ კაკაბაძე

მირანდა ერემაძე

თეა ძიმისტარაშვილი