საქმე №ა-1387-ა-5-2023 15 ივნისი, 2023 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე
ნინო ბაქაქური
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
განმცხადებელი – გ.ბ–ძე
გასაჩივრებული განჩინება – საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 8 მაისის განჩინება
განმცხადებლის მოთხოვნა – ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. 2022 წლის 2 ნოემბერს გ.ბ–ძემ საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოადგინა კერძო საჩივარი და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 20 ოქტომბრის განჩინების გაუქმება საქმეზე N2ბ/5552-21.
2. 2022 წლის 11 ნოემბერს თბილისის სააპელაციო სასამართლოდან გამოთხოვილ იქნა სამოქალაქო საქმე N2ბ/5552-2021.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოდან 2023 წლის 12 იანვარს მიღებული წერილით დადასტურდა, რომ ზემოაღნიშნული საქმე გ.ბ–ძის კერძო საჩივრების განხილვის მიზნით გადმოგზავნილ იქნა საქართველოს უზენაეს სასამართლოში.
4. 2023 წლის 30 იანვარს გ.ბ–ძის კერძო საჩივრის განხილვის მიზნით საქმე დროებით გამოთხოვილ იქნა მოსამართლე ა. წულაძისაგან, რომელიც გადაეცა მოსამართლე ნ. ბაქაქურს 2023 წლის 8 თებერვალს.
5. საქმის მასალების გაცნობის შედეგად დადასტურდა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას საქმეზე N2ბ/5552-21 2022 წლის 20 ოქტომბერს განჩინება არ მიუღია. საქმეში განთავსებული იყო 2022 წლის 28 თებერვლის განჩინება საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, რომელიც საბოლოოა და არ საჩივრდება.
6. საქმეში ასევე განთავსებული იყო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 8 ნოემბრის განჩინებები ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების განუხილველად დატოვებისა და განჩინების განმარტებაზე უარის თქმის შესახებ.
7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 13 თებერვლის განჩინებით გ.ბ–ძის კერძო საჩივარი დარჩა განუხილველად.
8. საკასაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ არ არსებობდა საკასაციო გასაჩივრების საგანი ვინაიდან მხარე მოითხოვდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 20 ოქტომბრის განჩინების გაუქმებას, აღნიშნული თარიღით კი სააპელაციო სასამართლოს განჩინება საერთოდ არ ჰქონდა მიღებული. ამასთან, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 28 თებერვლის განჩინება საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ წარმოადგენდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში - სსსკ) 419-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ, ზემდგომი სასამართლოს განჩინებას, რომლის კანონიერების შემოწმების საკითხის განხილვაში ვერ შევა საკასაციო სასამართლო. შესაბამისად, აღნიშნული განჩინებაც არ იქნა მიჩნეული გასაჩივრების ობიექტად. რაც შეეხება თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 8 ნოემბრის განჩინებებს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების განუხილველად დატოვებისა და განჩინების განმარტებაზე უარის თქმის შესახებ, არც აღნიშნული განჩინებები იქნა მიჩნეული გასაჩივრების ობიექტად იქედან გამომდინარე, რომ ისინი მიღებული იყო მას შემდეგ, რაც გ.ბ–ძემ კერძო საჩივრი წარადგინა საქართველოს უზენაეს სასამართლოში.
9. 2023 წლის 20 მარტს საქართველოს უზენაეს სასამართლოს განცხადებით მომართა გ.ბ–ძემ და მოითხოვა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 13 თებერვლის განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება.
10. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 30 მარტის განჩინებით გ.ბ–ძის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 13 თებერვლის განჩინების გაუქმების და საქმის წარმოების განახლების შესახებ დარჩა განუხილველად.
11. საქართველოს უზენაეს სასამართლოს განცხადებით მომართა გ.ბ–ძემ და მოითხოვა ამავე სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 30 მარტის განჩინების განმარტება მისი ბუნდოვანების გამო.
12. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 8 მაისის განჩინებით გ.ბ–ძის განცხადება განჩინების განმარტების თაობაზე არ დაკმაყოფილდა. საკასაციო პალატამ მიიჩნია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 30 მარტის განჩინების სარეზოლუციო ნაწილი ჩამოყალიბებულია ნათლად, არაორაზროვნად და გასაგებად, არ შეიცავს ბუნდოვან დებულებებს, რის გამოც მისი განმარტების სამართლებრივი წინაპირობა არ არსებობდა.
13. 2023 წლის 7 ივნისს საქართველოს უზენაეს სასამართლოს განცხადებით მომართა გ.ბ–ძემ და მოითხოვა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 8 მაისის განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
14. საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ გ.ბ–ძის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 8 მაისის განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ უნდა დარჩეს განუხილველი.
15. სსსკ-ის 425-ე მუხლის თანახმად, გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების შეტანა და მისი განხილვა წარმოებს საერთო წესების დაცვით, იმ გამონაკლისების გათვალისწინებით, რომლებიც LII თავშია დადგენილი.
16. სსსკ-ის 423-ე მუხლის პირველი ნაწილით რეგლამენტირებულია ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების წინაპირობები. ამასთან, იმავე კოდექსის 429-ე მუხლის მიხედვით, სასამართლომ თავისი ინიაციტივით უნდა შეამოწმოს, დასაშვებია თუ არა განცხადება საქმის განახლების შესახებ. თუ არ არსებობს განცხადების დაშვების ესა თუ ის პირობა, სასამართლომ თავისი განჩინებით განცხადება განუხილველად უნდა დატოვოს. მითითებული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, მხარის მიერ საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების შეტანის შემდეგ სასამართლომ უნდა შეამოწმოს მისი ხელმომწერი პირის უფლებამოსილება, იმსჯელოს, შეიცავს თუ არა წარმოდგენილი განცხადება კანონით დადგენილ აუცილებელ მონაცემებს და არსებობს თუ არა მისი დასაშვებად ცნობის წინაპირობები. კანონით დადგენილ მოთხოვნებთან განცხადების შეუსაბამობა მისი განუხილველად დატოვების საფუძველია.
17. განსახილველ შემთხვევაში, განმცხადებელი ითხოვს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 8 მაისის განჩინების გაუქმებას და საქმის წარმოების განახლებას სსსკ-ის 423-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტით, თუმცა განმცხადებელს არ მიუთითებია გაუქმების საფუძლის შესაბამისი ფაქტორივი გარემოებები.
18. გარდა ამისა, საკასაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინებით არ დაკმაყოფილდა გ.ბ–ძის განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 30 მარტის განჩინების განმარტების თაობაზე, რომლითაც განუხილველი დარჩა გ.ბ–ძის განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 13 თებერვლის განჩინების გაუქმების და საქმის წარმოების განახლების შესახებ.
19. საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ გ.ბ–ძის მიერ წარმოდგენილი განცხადებები მიმართულია მის კერძო საჩივარზე, რომელზედაც საკასაციო სასამართლოს არსებითად არ უმსჯელია და 2023 წლის 13 თებერვლის განჩინებით დატოვა განუხილველი, ვინაიდან არ არსებობდა საკასაციო გასაჩივრების საგანი. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გ.ბ–ძის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 8 მაისის განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ უსაფუძვლოა და უნდა დარჩეს განუხილველი.
20. წარმოდგენილ განცხადებაში განმცხადებელი ასევე ითხოვს მოცემულ საქმეზე მოსამართლე ნ. ბაქაქურის აცილებას, თუმცა არ უთითებს აცილების საფუძვლებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, შუამდგომლობა დაუსაბუთებელია და უნდა დარჩეს განუხილველი.
21. სსსკ-ის მე-2 მუხლი ადგენს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის ერთ-ერთ ყველაზე ფუნდამენტურ პრინციპს - პირის უფლებას სასამართლო წესით დაცვაზე. აღნიშნული ნორმის მიხედვით, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. საქმის განხილვას სასამართლო შეუდგება იმ პირის განცხადებით, რომელიც მიმართავს მას თავისი უფლების ან კანონით გათვალისწინებული ინტერესების დასაცავად.
22. კანონის დასახელებული დანაწესი გულისხმობს პირის უფლებას, დაიცვას თავისი კანონიერი ინტერესები სასამართლოს მეშვეობით. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ მხარემ მართლზომიერად გამოიყენოს აღნიშნული უფლება და იდავოს ისეთ საკითხებზე, რომელთა გადაწყვეტაც უზრუნველყოფს მისი დარღვეული უფლების აღდგენას ან/და იგივე მიზნით წარადგინოს განცხადებები და შუამდგომლობები.
23. მხარის მიერ სასამართლოსათვის მიმართვის უფლების რეალიზებისას სასამართლო თანაბრად იცავს ორივე მხარის კანონიერ ინტერესებს. ერთი მხარის მიერ უფლების გადამეტება (ბოროტად გამოყენება) პირდაპირ ხელყოფს მეორე მხარის უფლებებს, თუნდაც დავის გაჭიანურების თვალსაზრისით. სასამართლო ვალდებულია გონივრულ ვადაში გადაწყვიტოს დაწყებული დავა და დაასრულოს მისი განხილვა (იხ. სუსგ საქმე №ა-746-ა-4-2011, 25 მაისი, 2011 წელი; №ა-2696-ბ-15-2014, 22 სექტემბერი, 2014 წელი).
24. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო დასაშვებად მიიჩნევს გარკვეულ შემთხვევაში პირის სასამართლოსათვის მიმართვის უფლების შეზღუდვის შესაძლებლობას.
25. ერთ-ერთ საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ დასაშვებია გამონაკლისი „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის“ მე-6 მუხლის პირველი ნაწილით გარანტირებული სამოქალაქო უფლებებისა და ვალდებულებების დასაცავად მომჩივანი მხარის სასამართლოს ხელმისაწვდომობის ეფექტური უფლების გამოყენებისას. სასამართლოსათვის მიმართვის უფლების შეზღუდვა შეესაბამება კონვენციის მე-6 მუხლის პირველ ნაწილს, თუ ის ისახავს კანონიერ მიზანს და არსებობს გონივრული თანაფარდობა ამ საშუალებების გამოყენებასა და კანონიერ მიზანს შორის (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2005 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილება საქმეზე – „იედემსკი და იედემსკა პოლონეთის წინააღმდეგ“).
26. მოცემულ შემთხვევაში განმცხადებელმა სრულად ისარგებლა სასამართლოსათვის მიმართვის უფლებით. კერძოდ, თავდაპირველად მის მიერ საკასაციო სასამართლოში წარმოდგენილ იქნა კერძო საჩივარი, რომელიც საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 13 თებერვლის განჩინებით დარჩა განუხილველი საკასაციო გასაჩივრების საგნის არარსებობის გამო. აღნიშნულ განჩინებაზე გ.ბ–ძის მიერ წარმოდგენილ იქნა განცხადება, რომლითაც მოითხოვა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 30 მარტის განჩინებით განცხადება დარჩა განუხილველი, რაზეც გ.ბ–ძემ წარმოადგინა განცხადება და მოითხოვა განჩინების განმარტება. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 8 მაისის განჩინებით განცხადება განჩინების განმარტების თაობაზე არ დაკმაყოფილდა, რაზეც გ.ბ–ძემ წარმოადგინა განცხადება და მოითხოვა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო აღნიშნული განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება.
27. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ, მართალია, ყველა შემთხვევაში განმცხადებელს ჰქონდა სხვადასახვა სახის მოთხოვნა, თუმცა ვინაიდან წინამდებარე საქმეში არ არსებობდა კერძო საჩივრის ობიექტი, რის გამოც საკასაციო სასამართლოს 2023 წლის 13 თებერვლის განჩინებით გ.ბ–ძის კერძო საჩივარი დარჩა განუხილველი, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარის მიერ წარმოდგენილი განცხადებები არ ემსახურება განმცხადებლის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაცვას და სცილდება მართლმსაჯულების და, მით უფრო, სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელების ინტერესს.
28. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განმცხადებელი ბოროტად იყენებს სასამართლოსათვის მიმართვის უფლებას, შესაბამისად, მიზანშეწონილი და მართებულია მისთვის განსახილველ საქმეზე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლით მინიჭებული უფლების შეზღუდვა. აღნიშნული კი იმაში გამოიხატება, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში მოცემულ საქმეზე (Nას-1427-2022; Nა-1387-ა-5-2023) გ.ბ–ძის სამომავლოდ შემოტანილი ყველა სახის კორესპოდენცია დარჩება რეაგირების გარეშე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2, 429-ე, 284-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. გ.ბ–ძის შუამდგომლობა მოსამართლის აცილების თაობაზე დარჩეს განუხილველი;
2. გ.ბ–ძის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 8 მაისის განჩინების გაუქმების და საქმის წარმოების განახლების შესახებ დარჩეს განუხილველი;
3. მოცემულ საქმეზე (Nას-1427-2022; Nა-1387-ა-5-2023) გ.ბ–ძის სამომავლოდ შემოტანილი ყველა სახის კორესპოდენცია დარჩეს რეაგირების გარეშე;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე: ნ. ბაქაქური