საქმე №ას-458-2021 14 ივნისი, 2023 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
მოსამართლე
ნინო ბაქაქური
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
განმცხადებელი – გ.ბ–ძე (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 21 ივნისის განჩინება
განმცხადებლის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება
დავის საგანი _ განჩინების განმარტება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. გ.ბ–ძემ (შემდგომში - „მოსარჩელე“) სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „ს.კ.ს–ოს“ და შპს „ჯ.მ–ის“ მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 4 მარტის განჩინებით მოსარჩელეს უარი ეთქვა სარჩელის განსახილველად მიღებაზე, რაზეც კერძო საჩივარი წარადგინა მოსარჩელემ.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 23 ივლისის განჩინებით გ.ბ–ძის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების შესახებ არ დაკმაყოფილდა და კერძო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 1 სექტემბრის განჩინებით კერძო საჩივარი დარჩა განუხილველი ხარვეზის შეუვსებლობის გამო.
5. ამავე სასამართლოს 2021 წლის 22 აპრილის განჩინებით გ.ბ–ძის განცხადება თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 23 ივლისის და 2020 წლის 1 სექტემბრის განჩინებების სარეზოლუციო ნაწილის განმარტების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
6. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოსარჩელემ შეიტანა კერძო საჩივარი და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება.
7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 21 მაისის განჩინებით გ.ბ–ძეს დაევალა, მოცემული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა: ა) სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტების შესაბამისად შედგენილი დასაბუთებული კერძო საჩივარი დედნის სახით; ბ) სახელმწიფო ბაჟის - 50 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი.
8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 21 ივნისის განჩინებით გ.ბ–ძის კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 22 აპრილის განჩინებაზე დარჩა განუხილველად ხარვეზის შეუვსებლობის გამო.
9. 2023 წლის 3 მაისს გ.ბ–ძემ საკასაციო სასამართლოს მომართა განცხადებით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 21 ივნისის განჩინების გაუქმების და საქმის წარმოების განახლების თაობაზე. წარმოდგენილ განცხადებაში განმცხადებელი ასევე ითხოვდა მოცემულ საქმეზე მოსამართლე ნ. ბაქაქურის აცილებას, თუმცა არ უთითებდა აცილების საფუძვლებს.
10. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 15 მაისის განჩინებით გ.ბ–ძის შუამდგომლობა მოსამართლის აცილების თაობაზე დარჩა განუხილველი; განმცხადებელს დაევალა აღნიშნული განჩინების ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა: ა) განცხადება ახლად აღნოჩენილ გარემოებათა გამო განჩინების გაუქმების და საქმის წარმოების განახლების შესახებ დედნის სახით; ბ) განცხადების კანონით დადგენილ ვადაში წარდგენის დამადასტურებელი მტკიცებულება; გ) გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების საფუძვლები; დ) სახელმწიფო ბაჟის - 100 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი ან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების დამადასტურებელი დოკუმენტი.
11. 2023 წლის 7 ივნისს საკასაციო სასამართლოში ელექტრონული ფოსტის მეშვეობით წარმოდგენილ იქნა გ.ბ–ძის განცხადება საქმის სხვა მოსამართლეზე გადაცემის და სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების შესახებ. ამავე დღეს საკასაციო სასამართლოში ელექტრონული ფოსტის მეშვეობით წარმოდგენილ იქნა ასევე გ.ბ–ძის განცხადება, რომლითაც ითხოვს საქმეზე Nას-458-2021 2023 წლის 23 მაისის განჩინების განმარტებას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
12. საქართველოს უზენაესი სასამართლო მიიჩნევს, რომ განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 21 ივნისის განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ, განუხილველად უნდა იქნას დატოვებული.
13. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. დასახელებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნებთან შეუსაბამობის შემთხვევაში, დაადგენს ხარვეზს და მხარეს განუსაზღვრავს საპროცესო ვადას შესაბამისი საპროცესო მოქმედების განხორციელების მიზნით.
14. განსახილველ შემთხვევაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 15 მაისის განჩინებით განმცხადებელს დაევალა აღნიშნული განჩინების ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა: ა) განცხადება ახლად აღნოჩენილ გარემოებათა გამო განჩინების გაუქმების და საქმის წარმოების განახლების შესახებ დედნის სახით; ბ) განცხადების კანონით დადგენილ ვადაში წარდგენის დამადასტურებელი მტკიცებულება; გ) გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების საფუძვლები; დ) სახელმწიფო ბაჟის - 100 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი ან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების დამადასტურებელი დოკუმენტი.
15. ხარვეზის შესახებ განჩინება განმცხადებელს გაეგზავნა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების მოთხოვნათა შესაბამისად, განცხადებაში მითითებულ მისამართზე - ჭიათურა, სოფ. ........ საქმეში წარმოდგენილი საფოსტო შეტყობინებით დგინდება რომ, გზავნილი 2023 წლის 30 მაისს ჩაბარდა ადრესატს პირადად ( ს.ფ. 11).
16. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო უწყება იგზავნება ამ კოდექსის 70-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ტექნიკური საშუალებით, ფოსტით, სასამართლო კურიერის მეშვეობით ან მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესის მიხედვით. სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას, უწყების გაგზავნის რომელი ფორმა გამოიყენოს, რომელ მისამართზე გააგზავნოს უწყება, და არ არის ვალდებული, დაიცვას თანმიმდევრობა. სასამართლომ დასაბარებელ პირს უწყება შეიძლება ჩააბაროს ასევე სასამართლოს შენობაში. თუ პირველად გაგზავნისას უწყების ადრესატისათვის ჩაბარება ვერ ხერხდება, იგი დასაბარებელ პირს უნდა გაეგზავნოს დამატებით ერთხელ მაინც იმავე ან სასამართლოსთვის ცნობილ სხვა მისამართზე.
17. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, უწყება მხარისათვის ან მისი წარმომადგენლისთვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაბარდება ერთ-ერთ მათგანს.
18. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში, ხოლო მე-60 მუხლის მე-2 ნაწილის და 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე.
19. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლითაც დადგენილია საპროცესო ვადის დენის დასაწყისი და მიიჩნევს, რომ ხარვეზის განჩინებით განსაზღვრული შვიდდღიანი ვადის დენა დაიწყო მოვლენის დადგომის მომდევნო დღეს - 2023 წლის 31 მაისს და ამოიწურა 2023 წლის 6 ივნისს.
20. ამ დროის განმავლობაში განმცხადებელს ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს სასამართლოსათვის.
21. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია კანონით დადგენილ ვადაში შეასრულოს შესაბამისი საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს ამ საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას.
22. განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან განმცხადებელმა სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში ხარვეზი არ შეავსო, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განცხადება განუხილველად უნდა დარჩეს.
23. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ 2023 წლის 7 ივნისს ანუ განმცხადებლისათვის სასამართლოს მიერ ხარვეზის შესავსებად დადგენილი საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ საკასაციო სასამართლოში ელექტრონული ფოსტის მეშვეობით წარმოდგენილ იქნა გ.ბ–ძის განცხადება საქმის სხვა მოსამართლეზე გადაცემის და სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების შესახებ. ვინაიდან განმცხადებელმა აღნიშნული შუამდგომლობა წარმოადგინა ხარვეზის განჩინებით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ, საკასაციო სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას იმსჯელოს ამ შუამდგომლობებზე.
24. 2023 წლის 7 ივნისს საკასაციო სასამართლოში ელექტრონული ფოსტის მეშვეობით წარმოდგენილ იქნა ასევე გ.ბ–ძის განცხადება, რომლითაც ითხოვს საქმეზე Nას-458-2021 2023 წლის 23 მაისის განჩინების განმარტებას. ვინაიდან მოცემულ საქმეში მითითებული თარიღით სასამართლოს განჩინება არ მიუღია საკასაციო სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას იმსჯელოს აღნიშნულ საკითხზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლით, 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. გ.ბ–ძის შუამდგომლობა საქმის Nას-458-2021 სხვა მოსამართლეზე გადაცემის და სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების თაობაზე დარჩეს განუხილველი;
2. გ.ბ–ძის განცხადება განჩინების განმარტების თაობაზე დარჩეს განუხილველი;
3. გ.ბ–ძის განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 21 ივნისის განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ, დარჩეს განუხილველი;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე: ნ. ბაქაქური