საქმე №ას-649-2023 2 ივნისი, 2023 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – სს "ჰ.ჰ–ი" (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – სს "თ.ბ–ი" (მოსარჩელე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 6 მარტის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილებით სს"თ.ბ–ის" სარჩელი სს "ჰ.ჰ–ის" მიმართ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის თაობაზე, დაკმაყოფილდა.
აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა მოპასუხემ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 6 მარტის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების მიხედვით, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ კოდექსის 396-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით. აღნიშნული მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის შეტანის ვადაა 21 დღე. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. ამავე კოდექსის 2591 მუხლის თანახმად, თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოტანის თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
ამასთან, განსახილველი ნორმა აწესრიგებს გასაჩივრების უფლების წარმოშობის წინაპირობებს, ხოლო გასაჩივრების ვადის დენის დაწყებას კი აწესრიგებს იმავე კოდექსის 60-ე მუხლის მე-2 ნაწილის დანაწესი, რომლის თანახმად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი.
განსახილველ შემთხვევაში, საქმეში არსებული სატელეფონო შეტყობინების აქტით დასტურდება, რომ სააპელაციო საჩივრის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის თარიღი - 2023 წლის 6 მარტი, კომპანიის დირექტორს ნ.კ–ძეს ეცნობა 2023 წლის 21 თებერვალს (იხ. ს/ფ 115).
ამასთან, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 6 მარტის განჩინება კასატორს მის მიერ მითითებულ მისამართზე გაეგზავნა ორჯერ თუმცა ვერ ჩაბარდა. ამის შემდეგ კასატორს 2023 წლის 6 მარტის განჩინება გაეგზავნა ელექტრონული ფოსტის მეშვეობით მის მიერ მითითებულ ელექტრონულ მისამართზე, რომლის მიღებაც კასატორმა დაადასტურა 2023 წლის 18 აპრილს (იხ. ს/ფ 171-172). საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს განჩინების გასაჩივრების 21-დღიანი ვადის ათვლა მოცემულ შემთხვევაში დაიწყო განჩინების ჩაბარების დღის, მომდევნო დღიდან ანუ 2023 წლის 19 აპრილიდან და ამოიწურა 2023 წლის 10 მაისს (ოთხშაბათი), შესაბამისად, საკასაციო საჩივარი წარდგენილი უნდა ყოფილიყო 2023 წლის 10 მაისის ჩათვლით. საქმის მასალებით ირკვევა, რომ საკასაციო საჩივარი კასატორმა წარმოადგინა 2023 წლის 15 მაისს ანუ კანონით დადგენილი ვადის დარღვევით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
მითითებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია კანონით დადგენილ ვადაში შეასრულოს შესაბამისი საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს ამ საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან კასატორმა საკასაციო საჩივარი შეიტანა კანონით დადგენილი ვადის დარღვევით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ იგი განუხილველად უნდა დარჩეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 2591-ე , 397-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სს "ჰ.ჰ–ის" საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლე ე. გასიტაშვილი