საქმე №ას-266-2023 25 მაისი, 2023 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,
ნინო ბაქაქური
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – დ.ლ–ი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - შპს „გ–ი“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 21 დეკემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, საქმის დაბრუნება სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად
დავის საგანი – თანხის დაკისრება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 4 მაისის გადაწყვეტილებით შპს „გ–ის“ (შემდეგში: მოსარჩელე, კომპანია ან გამსესხებელი) სარჩელი დ.ლ–ის (შემდეგში: მოპასუხე, აპელანტი, კასატორი ან მსესხებელი) წინააღმდეგ, თანხის დაკისრების თაობაზე, დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 2 277.93 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა - 1 992.91 ლარი, პროცენტი - 205.02 ლარი, პირგასამტეხლო - 80 ლარი.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 21 დეკემბრის განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
3. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე თანხის დაკისრების თაობაზე მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმაა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) 623-ე მუხლი (სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი). ამავე კოდექსის 625-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით სესხისთვის შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი. სსკ-ის მე-400 მუხლის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადა გადაცილებულად ითვლება, თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდა. სსკ-ის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს მიყენებულ ზიანს, ხოლო სსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებების გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
4. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
4.1. შპს „ს–სა“ (თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 4 მაისის განჩინებით შპს „ს–ს“ უფლებამონაცვლედ საქმეში მოსარჩელედ ჩაბმულ იქნა შპს „გ–ი“, მოთხოვნის უფლების დათმობის საფუძველზე) და მოპასუხეს შორის, 2017 წლის 19 მაისს, გაფორმდა ელექტრონული (ონლაინ) სესხის ხელშეკრულება N86801_1, რომლის საფუძველზეც მსესხებელზე გაიცა სესხის სახით 2 000 ლარი შემდეგი პირობებით: სესხის ვადა - 360 დღე, სესხის წლიური საპროცენტო განაკვეთი - 60.50%, სესხის დაფარვა - გრაფიკით გათვალისწინებული ყოველთვიური გადახდებით, ყოველთვიური შენატანის ოდენობა 227.92 ლარი, პირგასამტეხლო ვადაგადაცილებისთვის - ნარჩენი ძირითადი თანხის 0.41% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე;
4.2. მოპასუხის მიერ დარღვეული იქნა მოსარჩელესთან გაფორმებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები და მას ერიცხება დავალიანება 2 974.17 ლარი, საიდანაც დავალიანების ძირითადი თანხაა - 1 992.91 ლარი, პროცენტი - 205.02 ლარი, პირგასამტეხლო - 776.24 ლარი;
4.3. აპელანტის განმარტებით, სესხის ოდენობა იყო 2 000 ლარი, საიდანაც მსესხებელს გადახდილი აქვს 100 ლარი 2017 წლის 19 მაისს, ხოლო 228 ლარი - 2017 წლის 20 ივნისს. შესაბამისად გაურკვეველია სესხის ძირითადი თანხის - 1 992 ლარის ოდენობა. მსესხებელი გამსესხებლის შეტყობინებას სესხის პირობების ცალმხრივად ცვლილების თაობაზე არ დაეთანხმა და იგი განიხილა როგორც გამსესხებლის მხრიდან სესხის ხელშეკრულების დარღვევა, ვინაიდან კრედიტორმა თვითნებურად გაზარდა პროცენტი;
4.4. აპელანტის ეს პრეტენზია სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა და განმარტა, რომ ხელშეკრულების 3.5 პუნქტით განისაზღვრა სესხის დაფარვის გრაფიკი, რომლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად პირველი გადახდის თარიღია 23.06.2017წ., ხოლო 3.6 პუნქტის თანახმად, სესხის დაფარვის პირველი გადახდის ოდენობაა 227.92 ლარი;
4.5. საქმის მასალებით დასტურდება, რომ 2017 წლის 20 ივნისს მსესხებელმა, სესხის დაფარვის დანიშნულებით, 228 ლარი ჩარიცხა;
4.6. სესხის ხელშეკრულების 4.1 პუნქტის თანახმად სესხის თანხა და პროცენტი გადაიხდება ხელშეკრულების და გრაფიკის შესაბამისად, ხოლო 4.6 პუნქტის თანახმად მსესხებლის მიერ გადახდილი თანხებით, პირველ რიგში, იფარება დარიცხული პირგასამტეხლო, პროცენტი, ასანაზღაურებელი თანხები და ბოლოს სესხის თანხა. თუ გადახდილი თანხები საკმარისი არ არის პროცენტისა და სესხის თანხის დასაფარად, შეუსრულებელ ნაწილში გრძელდება პირგასამტეხლოს დაკისრება და მსესხებელი წინასწარ აცხადებს თანხმობას სესხის დაფარვის ზემოაღნიშნულ რიგითობაზე;
4.7. სსკ-ის 429-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კრედიტორმა მოვალის მოთხოვნით შესრულების მთლიანად ან ნაწილობრივ მიღების შესახებ უნდა გასცეს ამის დამადასტურებელი დოკუმენტი. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ მითითებული ნორმის ანალიზი ცხადყოფს, რომ კრედიტორი ყოველთვის ვალდებულია, მისცეს მოვალეს მის მიერ ვალდებულების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტი, თუ ამას მოვალე მოითხოვს, თუმცა კანონმდებელი ასეთივე მომთხოვნი არ არის მოვალის მიმართ. მას შეუძლია, არ მოითხოვოს ხსენებული საბუთი კრედიტორისაგან. კანონმდებლის ასეთი დამოკიდებულება განპირობებულია ვალდებულებიდან გამომდინარე მხარეთა მდგომარეობით. დოკუმენტის (ვალის გადახდის თაობაზე საბუთის) ფლობა აუცილებელია მოვალისათვის, რადგან მას მხოლოდ ასეთი დოკუმენტით შეუძლია იმის დადასტურება, რომ ვალი გადაიხადა, რასაც ვერ ვიტყვით კრედიტორზე. ამდენად, იმ შემთხვევაში, როდესაც მოვალე კრედიტორისაგან არ ითხოვს საბუთს ვალდებულების შესრულების შესახებ, უნდა ითქვას, რომ ამით ის იჩენს გარკვეულ წინდაუხედაობას ან ზედმეტ ნდობას კრედიტორის მიმართ. საბოლოოდ, ეს ფაქტორი მთლიანად უკავშირდება მის რისკს და განაპირობებს მისი მხრიდან ვალდებულების არსებობა-არარსებობის ფაქტს. იმავე შინაარსს აყალიბებს კანონმდებელი სსკ-ის 431-ე მუხლშიც, რომლის თანახმად, მოვალეს შესრულების მიღების შესახებ დოკუმენტთან ერთად შეუძლია, კრედიტორისაგან მოითხოვოს სავალო საბუთის დაბრუნება ან გაუქმება, შეუძლებლობის შემთხვევაში კი -ვალდებულების შეწყვეტის შესახებ ნოტარიულად დამოწმებული ცნობა (შდრ. სუსგ N ას-570-541-201511.11.2015 წ.);
4.8. მოცემულ შემთხვევაში აპელანტი სესხის ძირითადი თანხის ოდენობას ხდის სადავოდ და მიუთითებს, რომ მას გადახდილი აქვს 100 ლარი 2017 წლის 19 მაისს, ხოლო 228 ლარი - 2017 წლის 20 ივნისს. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მოპასუხის/აპელანტის მიერ 2017 წლის 19 მაისს 100 ლარის გადახდის დამადასტურებელი მტკიცებულება საქმეში არ მოიპოვება. ამასთან, 2017 წლის 20 ივნისს აპელანტის მიერ გადახდილი 228 ლარი გადანაწილდა ხელშეკრულების 4.6 პუნქტის შესაბამისად, რის გამოც აპელანტის მტკიცება სესხის ძირითადი თანხის ოდენობასთან დაკავშირებით დაუსაბუთებელია;
4.9. ამასთან, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის განმარტება, რომ გამსესხებლის მიერ ცალმხრივად მოხდა სესხის პირობების ცვლილება, ვინაიდან, როგორც საქმის მასალებით დგინდება, მოსარჩელის მოთხოვნა გამომდინარეობდა, მასსა და მოპასუხეს შორის 2017 წლის 19 მაისს გაფორმებული ელექტრონული (ონლაინ) სესხის N86801_1 ხელშეკრულებიდან, ამის საწინააღმდეგო მტკიცებულება კი აპელანტს სასამართლოსათვის არ წარუდგენია.
5. სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება მოითხოვა.
5.1. კასატორის მტკიცებით, საქმეზე სათანადოდ არ არის გამოკვლეული მტკიცებულებები, რომელთა გამოკვლევა შეცვლიდა საქმის შედეგს. 2017 წლის 19 მაისს 100 ლარის გადახდის დამადასტურებელი მტკიცებულება თავად მოსარჩელეს აქვს წარდგენილი;
5.2. ამ მტკიცებულებების გამოკვლევა და შეფასება აუცილებელია სასამართლოს მიერ, ვინაიდან სწორედ ისინი ადასტურებენ, რომ ხელშეკრულებაკრედიტორმა დაარღვია, პროცენტის თვითნებურად გაზრდით.
6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 19 აპრილის განჩინებით მოპასუხის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ მოპასუხის საკასაციო განაცხადი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, ამიტომ იგი დაუშვებელია შემდეგი არგუმენტაციით:
7. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
8. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოხსენებული საფუძვლით.
9. საკასაციო სასამართლო, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმებისას, უპირველესად, მტკიცების ტვირთის განაწილების საკითხზე მიუთითებს. ვინაიდან სსსკ-ის მე-4 მუხლიდან გამომდინარე, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე, ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. დასახელებული ნორმების თანახმად, სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებული არიან, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ მათი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა. კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, რომელიც ადგენს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციფიკურ წესს, მოსარჩელეს ევალება სასარჩელო განცხადებაში ასახული ფაქტების მტკიცება. მტკიცების ტვირთი - ესაა სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა არ (ვერ) შეასრულა.
10. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ კრიტერიუმი, რომლითაც უნდა იხელმძღვანელოს სასამართლომ იმისათვის, რომ სწორად განსაზღვროს მხარეთა მიერ მითითებული ფაქტებიდან, თუ რომელი ამართლებს სამართლებრივად მხარეთა მოთხოვნებს (შესაგებელს) და რომელი არა, ესაა – სარჩელის საგანი (მოსარჩელის მოთხოვნის შინაარსი), მოპასუხის შესაგებელი და შესაბამისი მატერიალურ-სამართლებრივი ნორმა. მტკიცების საგანში შემავალი გარემოებებიდან ერთი ნაწილი უნდა დაამტკიცოს მოსარჩელემ, მეორე ნაწილი კი – მოპასუხემ. ამასთან ერთად, დამტკიცების ტვირთის განაწილების საფუძველზე, მოსარჩელე თავისუფლდება იმ ფაქტების დადგენისაგან, რომელიც მოპასუხემ უნდა დაამტკიცოს და პირიქით, მოპასუხე თავისუფლდება იმ ფაქტების დადგენისაგან, რომელიც მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს. მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის განაწილების ინსტიტუტი მიუთითებს არა მარტო იმაზე, თუ რომელმა მხარემ რა ფაქტები უნდა დაადგინოს, არამედ იმაზეც, თუ რომელი ფაქტების დადგენის მოვალეობისაგან თავისუფლდება ესა თუ ის მხარე. შესაბამისად, მოსარჩელემ, როგორც წესი, უნდა დაამტკიცოს ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის წარმოშობის საფუძველს, ხოლო მოპასუხემ კი – ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს (იხ. ჰაინ ბიოლინგი, ლადო ჭანტურია, სამოქალაქო საქმეებზე გადაწყვეტილებათა მიღების მეთოდიკა, თბ., 2003, გვ.64).
11. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მხარეთა შორის დავის განხილვისას სასამართლოს უპირველესი ამოცანაა დაადგინოს, თუ რას ითხოვს მოსარჩელე მოპასუხისაგან და რის საფუძველზე, ანუ რა ფაქტობრივ გარემოებებზე ამყარებს მოსარჩელე თავის მოთხოვნას. სასამართლომ მხარის მიერ მითითებული მოთხოვნის ფარგლებში უნდა მოძებნოს სამართლებრივი ნორმა, რომელიც იმ შედეგს ითვალისწინებს, რომლის მიღწევაც მხარეს სურს. მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად განხილული ნორმა შეიცავს იმ აღწერილობას (ფაქტობრივ შემადგენლობას), რომლის შემოწმებაც სასამართლოს ვალდებულებაა და რომელიც უნდა განხორციელდეს ლოგიკური მეთოდების გამოყენებით, ანუ სასამართლომ უნდა დაადგინოს ამა თუ იმ ნორმაში მოყვანილი აბსტრაქტული აღწერილობა რამდენად შეესაბამება კონკრეტულ სიტუაციას და გამოიტანოს შესაბამისი დასკვნები. ის მხარე, რომელსაც აქვს მოთხოვნა მეორე მხარისადმი, სულ მცირე, უნდა უთითებდეს იმ ფაქტობრივ შემადგენლობაზე, რომელსაც სამართლის ნორმა გვთავაზობს. განსახილველ შემთხვევაში ასეთი ნორმა სსკ-ის 623-ე მუხლია.
12. სამოქალაქო საპროცესო სამართალში მოქმედი მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტის თანახმად, მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცების ტვირთი, რომელთა მტკიცება მათთვის უფრო მარტივი და ობიექტურად შესაძლებელია. სამოქალაქო სამართალურთიერთობაში მოქმედი მტკიცების ტვირთის განაწილების წესის მიხედვით, სესხის სახელშეკრულებო ურთიერთობის მომწესრიგებელი არცერთი ნორმა მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციალურ წესს არ გვთავაზობს, რის გამოც, გამოყენებულ უნდა იქნას სსსკ-ის ზოგადი ნორმა მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის გადანაწილებისთვის (სსსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილი), რომლის თანახმად თანხის გადაცემის მტკიცების ტვირთი გამსესხებელს ეკისრება. ანუ გამსესხებლის ვალდებულება შემოიფარგლება სესხის თანხის გადაცემისა და გადაცემული თანხის ოდენობის მტკიცებით, ხოლო მსესხებლის მტკიცების ტვირთი კი შემოიფარგლება სესხის თანხის დაფარვით (სუსგ Nას-819-767-2017, 20.12.2017 წ).
13. მოცემულ შემთხვევაში, წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ მხარეთა შორის 2 000 ლარის ოდენობით სესხის ხელშეკრულება დაიდო. ამავე ხელშეკრულების თანახმად, სესხის ვადა 360 დღით განისაზღვრა, სესხის წლიური საპროცენტო განაკვეთი - 60.50%-ით, სესხის დაფარვა - გრაფიკით გათვალისწინებული ყოველთვიური გადახდებით, ყოველთვიური შენატანის ოდენობა - 227.92 ლარით, პირგასამტეხლო ვადაგადაცილებისთვის - ნარჩენი ძირითადი თანხის 0.41%-ით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. საქმის მასალებით დასტურდება, რომ მსესხებელმა სესხის დაფარვის დანიშნულებით, 2017 წლის 20 ივნისს, 228 ლარი ჩარიცხა. მოპასუხეს ერიცხება 2 974.17 ლარის დავალიანება, საიდანაც ძირითადი თანხაა - 1 992.91 ლარი, პროცენტი - 205.02 ლარი, პირგასამტეხლო - 776.24 ლარი.
14. შესაბამისად, მოსარჩელე მხარემ წარადგინა ის მტკიცებულებები, რომლითაც მხარეთა შორის სახელშეკრულებო (სასესხო) ურთიერთობის არსებობა და მსესხებლის მხრიდან ვალდებულების არაჯეროვნად შესრულება დადასტურდა, რამაც მოპასუხის მხრიდან საპირისპირო გარემოებების მტკიცების ვალდებულება წარმოშვა.
14.1. საკასაციო სასამართლო მიუთითებს სესხის ხელშეკრულების 4.1 პუნქტზე, რომლის თანახმად სესხის თანხა და პროცენტი გადაიხდება ხელშეკრულების და გრაფიკის შესაბამისად, ხოლო 4.6 პუნქტის თანახმად, მსესხებლის მიერ გადახდილი თანხებით, პირველ რიგში, იფარება დარიცხული პირგასამტეხლო, პროცენტი, ასანაზღაურებელი თანხები და ბოლოს სესხის თანხა. თუ გადახდილი თანხები საკმარისი არ არის პროცენტისა და სესხის თანხის დასაფარად, შეუსრულებელ ნაწილში გრძელდება პირგასამტეხლოს დაკისრება და მსესხებელი წინასწარ აცხადებს თანხმობას სესხის დაფარვის ზემოაღნიშნულ რიგითობაზე.
15. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას მოპასუხის მიერ გადახდილი სესხის თანხის ნაწილის, ხელშეკრულებით დადგენილი წესის მიხედვით, გადანაწილების შესახებ და მიიჩნევს, რომ კასატორის პრეტენზიები სრულიად უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია, არ გამომდინარეობს საქმის მასალებიდან და იმ შეთანხმებიდან, რაზეც მსესხებელმა, ხელშეკრულებაზე ხელმოწერით, თანხმობა განაცხადა.
16. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მტკიცებულებათა შეფასების დროს სასამართლო ხელმძღვანელობს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც თავისუფალია და იმავდროულად კანონის დანაწესითაა შეზღუდული. შინაგანი რწმენა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად ყალიბდება. მტკიცებულებათა შეფასება არა სპონტანური და ინტუიციური, არამედ სათანადოდ მოტივირებული და დამაჯერებელი უნდა იყოს (სსსკ-ის 105-ე მუხლის მეორე ნაწილი) (შდრ. სუსგ N ას-279-264-17, 21.04.17 წ.). მტკიცებულებათა შეფასების სტანდარტი მიუთითებს სასამართლოსათვის არა სუბიექტურ მოსაზრებებზე დაყრდნობით მტკიცების საგანში შემავალი გარემოებების დადგენილად მიჩნევაზე, არამედ, მოსამართლის შინაგან რწმენაზე, რომელიც შეჯიბრებითობის ფარგლებში მხარეთა მიერ წარდგენილი მტკიცებულებების ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ შეფასებაზეა დაფუძნებული.
17. სააპელაციო სასამართლოს განჩინება კანონიერია და დასაბუთებულია, არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი, შესაბამისად, საკასაციო საჩივარი როგორც დაუშვებელი, უნდა დარჩეს განუხილველი.
18. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დ.ლ–ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. დ.ლ–ს (პ/ნ .......) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 150 ლარის (საგადახდო დავალება N1517, გადახდის თარიღი 2023 წლის 13 აპრილი), 70% – 105 ლარი;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ნ. ბაქაქური