Facebook Twitter

საქმე № ა-1854-ა-8-2023 15 ივნისი, 2023 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები: ვლადიმერ კაკაბაძე,

ლევან მიქაბერიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენით

სხდომის მდივანი - ლელა სანიკიძე

განმცხადებელი - შპს „ი. ?. კ.“ (აპელანტი, მოპასუხე, კასატორი)

მოწინააღმდეგე მხარე - კ.კ–ია (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება - საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 07 აპრილის განჩინება

განმცხადებლის მოთხოვნა - ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება

დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების არსებითი განხილვა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 06 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, კ.კ–იას სარჩელი შპს ,,ი. ? კ.“ მიმართ ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით დაკმაყოფილდა, შპს ,,ი. ? კ.ს“ კ.კ–იას სასარგებლოდ დაეკისრა 3281.7 ლარისა და 1703.03 ლარის გადახდა.

2. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 08 დეკემბრის გადაწყვეტილებით, სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 06 ოქტომბრის გადაწყვეტილება, კ.კ–იას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, შპს ,,ი. ? კ.ს“ კ.კ–იას სასარგებლოდ დაეკისრა 1080 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარისა და 1179.47 ლარის გადახდა.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 08 დეკემბრის გადაწყვეტილებაზე მოპასუხე მხარემ წარადგინა საკასაციო საჩივარი, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 28 მარტის განჩინებით, საკასაციო საჩივარზე დადგინდა ხარვეზი, რომლის მიხედვითაც, მხარეს დაევალა დასაბუთებული საკასაციო საჩივრისა და სახელმწიფო ბაჟის სახით 150 ლარის გადახდის დამადასტურებელი დედანი ქვითრის წარმოდგენა, რომლის შესავსებადაც განესაზღვრა ხუთ დღიანი ვადა.

6.ზემოაღნიშნული განჩინება კასატორის წარმომადგენელს გაეგზავნა ელექტრონული ფოსტის მეშვეობით და ჩაბარდა 2023 წლის 30 მარტს, შესაბამისად, ხარვეზის შევსების ვადის დენა დაიწყო 2023 წლის 31 მარტს და ამოიწურა 2023 წლის 04 აპრილს.

7. 2023 წლის 05 აპრილს სასამართლოს განცხადებით მომართა კასატორის წარმომადგენელმა, რომლითაც მოითხოვა საჩივარზე განსაზღვრული ხარვეზის ვადის გაგრძელება.

2022 წლის 12 აპრილს მ.გ–ძემ და გ.ბ–ძემ, ასევე, მომართეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას განცხადებით და მოითხოვეს ამავე სასამართლოს 2022 წლის 21 მარტის განჩინების გაუქმება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 07 აპრილის განჩინებით შპს შპს ,,ი. ? კ.ის“ საკასაციო საჩივარი დარჩა განუხილველად ხარვეზის შევსების ვადის გასვლის გამო.

8. 2023 წლის 07 აპრილს საქართველოს უზენაესი სასამართლოს განცხადებით მომართა კასატორის წარმოამდგენელმა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო ზემოაღნიშნული განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ.

9. განმცხადებლის ტკიცებით, მის მიერ სასამართლოში განცხადების წარმოდგენა მოხდა დროულად, ხარვეზის შევსების ვადის დაცვით, თუმცა ფოსტის გზავნილში დაშვებული ტექნიკური უსწორობის გამო არასწორად მოხდა განცხადების ფოსტაში ჩაბარების თარიღის განსაზღვრა, რამაც გამოიწვია საჩივრის განუხილველად დატოვება. კერძოდ, ფოსტის გზავნილში მითითებული ჩაბარების თარიღი - 2023 წლის 05 აპრილი წარმოადგენს ფოსტის ხარვეზს, რაც დასტურდება გზავნილის ორმხრივად გადაცემის დოკუმენტით, სადაც მითითებულია, რომ გზავნილი ფოსტას ჩაბარდა 2023 წლის 04 აპრილს.

10. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 04 მაისის განჩინებით, აღნიშნული განცხადება წარმოებაში იქნა მიღებული.

11. მოწინააღმდეგე მხარე არ იზიარებს გნამცხადებლის პოზიციას და მიუთითებს, რომ საქმეში არსებული ფოსტის გზავნილები ურთიერთგამომრიცხავია და მხარეს არ წარმოუდგენია დამატებითი მტიცებულება, რომლის ერთობლიობის საფუძველზეც სასამართლო მიიჩნევდა, რომ ნამდვილად ტექნიკურ შეცდომას აქვს ადგილი, შესაბამისად, განცხადება არ უნდა დაკმაყოფილდეს და საქმის წარმოება არ უნდა განახლდეს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

12. სასამართლომ ზეპირი მოსმენით განიხილა შპს „ი. ? კ.ის“ წარმომადგენლის, თ.კ–ის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ და მიიჩნია, რომ იგი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

13. სსსკ-ის 421.1 მუხლის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან განჩინებით დამთავრებული საქმის წარმოების განახლება დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როდესაც არსებობს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის (422-ე მუხლი) ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ (423-ე მუხლი) განცხადების წანამძღვრები.

14. ზემოაღნიშნული საპროცესო ნორმის დანაწესი ცხადყოფს, რომ მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა, ზოგიერთ შემთხვევაში, ითვალისწინებს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესაძლებლობას. ერთ-ერთი ასეთი შემთხვევა ასახულია სსსკ-ის 423.1 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტში (კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით, თუ მხარისათვის ცნობილი გახდა ისეთი გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც, ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას).

15. კანონის დასახელებული ნორმის მიხედვით, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება დასაშვებია, თუ არსებობს შემდეგი წინაპირობები: ა. მხარისათვის ცნობილი გახდა ისეთი გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც, ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას; ბ. ამ გარემოებების და მტკიცებულებების შესახებ მხარისათვის ცნობილი გახდა გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ; გ. მხარეს თავისი ბრალის გარეშე არ ჰქონდა შესაძლებლობა საქმის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების დროს წარმოედგინა კანონიერ ძალაში შესული და იმავე სარჩელზე გამოტანილი გადაწყვეტილება, ან მიეთითებინა ახალ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე (შდრ. სუსგ #ვ-74-ა-5-2016, 17.06.2016 წ.).

16. საკასაციო პალატა პირველ რიგში აღნიშნავს, რომ სასამართლო გადაწყვეტილების, როგორც მართლმსაჯულების აქტის დანიშნულებაა მატერიალურ სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილეთა შორის დავების გადაწყვეტა. გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ, იგი იძენს საბოლოო, სავალდებულო და შეუქცევად ხასიათს. სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლა უკავშირდება ორ პრინციპს: პირველი - „დავა გადაწყვეტილია“ (Res Juticata) და მეორე - ფაქტების პრეიუდიციას. (იხ. პაატა ქათამაძე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის რჩეული მუხლების კომენტარი, მუხლი 266, თბილისი, 2020).

17. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სასამართლო გადაწყვეტილება ესაა კანონით დადგენილი წესით საქმის განხილვის შედეგად სასამართლოს მიერ მიღებული მართლმსაჯულების აქტი, რომელიც პასუხობს კანონით დადგენილ მოთხოვნებს და რომლითაც საქმე არსებითად წყდება. „ნებისმიერი სასამართლო გადაწყვეტილება არის მართლმსაჯულების აქტი, რომლის მეშვეობითაც წესრიგდება მოდავე მხარეებს შორის სამართლებრივი ურთირთობები. გადაწყვეტილება სასამართლო საქმიანობის საბოლოო პროდუქტად მიიჩნევა“. (იხ. მ. ს.იშვილი, სასამართლო გადაწყვეტილება, როგორც საპროცესო დოკუმენტი და მისი გასაჩივრების ფორმები მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მიხედვით, „მართლმსაჯულება და კანონი“ , № 4(47), 2015, გვ.19.).

18. კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილება ყოველთვის ვერ გახდება ხელახალი სამართალწარმოებისათვის სამართლებრივი ბარიერი, რადგან შესაძლოა, რიგ შემთხვევებში, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმებაზე უარის თქმით შელახული განმცხადებლის ინტერესი აღემატებოდეს ამ გადაწყვეტილების გაუქმებით შელახულ ინტერესს. ასეთ შემთხვევაში, განმცხადებლისათვის ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლებასა და კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმებაზე უარის თქმა, გამართლებული ვერ იქნება. სასამართლო გადაწყვეტილების, როგორც მართლმსაჯულების აქტის დანიშნულებაა მატერიალურ სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილეთა შორის დავების გადაწყვეტა. სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერი ძალა ესაა გადაწყვეტილების თვისება, რომელსაც იგი იძენს გარკვეული, კანონით ზუსტად განსაზღვრული პირობების საფუძველზე. (იხ. თ.ლილუაშვილი, სამოქალაქო საპროცესო სამართალი, მეორე გამოცემა, თბილისი, 2005, გვ.377).

19. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ერთმანეთისაგან განასხვავებენ გადაწყვეტილების ფორმალურ და მატერიალურ კანონიერ ძალას. გადაწყვეტილების ფორმალური კანონიერი ძალა ესაა გადაწყვეტილების თვისება, რომლის გამოც იგი აღარ შეიძლება გასაჩივრდეს. სასამართლო გადაწყვეტილების ფორმალური კანონიერი ძალა გათვალისწინებულია სსსკ-ის 264-ე მუხლით. „დავა გადაწყვეტილია“ პრინციპიდან გამონაკლისს ითვალისწინებს სსსკ-ის 265-ე და 421-ე მუხლები, რომლებიც ითვალისწინებენ საქმის წარმოების განახლების შესაძლებლობას კანონით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობის შემთხვევაში.

20. საკასაციო პალატა მიზანშეწონილად მიიჩნევს განმარტოს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება მისი ფუნქციური დატვირთვით ქვეყნის სახელით გამოტანილი მართლმსაჯულების აქტია, რომლის უმთავრესი ამოცანა ამ გადაწყვეტილებით დადგენილი მართლწესრიგის რეალურად არსებობაა. სასამართლო გადაწყვეტილება, ობიექტური და სუბიექტური ფარგლების გათვალისწინებით, კანონიერ ძალაში შესვლის შემდგომ, სავალდებულოა როგორც მოდავე მხარეთათვის, ისე - ნებისმიერი სხვა პირისათვის, რომელთაც ერთმევათ უფლება, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოება თუ სამართლებრივი შედეგი კვლავ გახადონ სადავო (სსსკ-ის მე-10 მუხლი, XXVIII თავი). ერთადერთი საგამონაკლისო შემთხვევა, როდესაც დასრულებული საქმისწარმოება შესაძლოა განახლდეს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმების გზით, როგორც უკვე აღინიშნა, გათვალისწინებულია ამავე კოდექსის მე-11 კარით ( საქმის წარმოების განახლება) და აღნიშნული, თავისი მიზნებიდან გამომდინარე, წარმოადგენს არა კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებისა თუ მართლმსაჯულების სხვა აქტის შემდგომი გასაჩივრების შესაძლებლობას, არამედ მიმართულია მხარის უფლებაზე, კანონით ზუსტად განსაზღვრული შემთხვევების არსებობისას, როდესაც საქმისწარმოების განახლების საფუძველი განმცხადებლისათვის ობიექტურად იყო უცნობი საქმისწარმოების დასრულებამდე, არ აღმოჩნდეს არათანაბარ მდგომარეობაში. ამასთანავე, ნიშანდობლივია, რომ მხოლოდ ასეთი გარემოების არსებობა საკმარისი არაა და კანონმდებელი სავალდებულოდ მიიჩნევს, ერთი მხრივ, ამ გარემოების საფუძვლიანობის უტყუარად დადასტურებას.

21. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დასრულებული საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით წარდგენილი განცხადების საფუძვლიანობის კვლევისათვის, პირველ რიგში, ყურადღებაა გასამახვილებელი კანონის იმ დანაწესზე, რომელიც საქმის წარმოების განახლების საპროცესო სამართლებრივ მექანიზმს ითვალისწინებს, ხოლო შემდგომ დასადგენია ამ საპროცესო მოქმედების განხორციელებისათვის კანონით გათვალისწინებული წანამძღვრების არსებობა.

22. საკასაციო პალატა მიუთითებს სსსკ-ის 421-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმადაც, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან განჩინებით დამთავრებული საქმის წარმოების განახლება დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როდესაც არსებობს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის (სსსკ-ის 422-ე მუხლი) ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ (სსსკ-ის 423-ე მუხლი) განცხადების წანამძღვრები. სსსკ-ის 423-ე მუხლის თანახმად კი, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით, თუ: ა) აღმოჩნდება, რომ დოკუმენტი, რომელსაც გადაწყვეტილება ემყარება, ყალბია; ბ) დადგენილია მოწმის შეგნებულად ცრუ ჩვენება, ექსპერტის შეგნებულად ყალბი დასკვნა, შეგნებულად არასწორი თარგმანი, რასაც მოჰყვა უკანონო ან დაუსაბუთებელი გადაწყვეტილების მიღება; გ) დადგენილია ამ საქმეზე მხარეთა და მათ წარმომადგენელთა დანაშაულებრივი ქმედება ან მოსამართლის დანაშაულებრივი ქმედება; დ) სასამართლო განაჩენი, გადაწყვეტილება, განჩინება ან სხვა ორგანოს დადგენილება, რომელიც საფუძვლად დაედო ამ გადაწყვეტილებას, გაუქმდა; ე) მხარე წარუდგენს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებას, რომელიც გამოტანილია იმავე სარჩელის მიმართ; ვ) მხარისათვის ცნობილი გახდა ისეთი გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც, ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას. ზ) არსებობს ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება (განჩინება), რომელმაც დაადგინა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის ან/და მისი დამატებითი ოქმების დარღვევა ამ საქმესთან დაკავშირებით, და დადგენილი დარღვევა გადასასინჯი გადაწყვეტილებიდან გამომდინარეობს; თ) არსებობს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ადამიანის უფლებათა კომიტეტის, ქალთა წინააღმდეგ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის კომიტეტის, წამების წინააღმდეგ კომიტეტის ან რასობრივი დიკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტის გადაწყვეტილება, რომლითაც ამ საქმესთან დაკავშირებით დადგენილ იქნა კომიტეტის დამაარსებელი კონვენციის დარღვევა და, გადასასინჯი გადაწყვეტილება ამ დარღვევას ეფუძნება.

23. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტების შესაბამისად, „არცერთ მხარეს არ უნდა ჰქონდეს საბოლოო და ძალაში შესული გადაწყვეტილების გადახედვის მოთხოვნის უფლება მხოლოდ იმიტომ, რომ მიაღწიოს საქმის ხელახლა მოსმენასა და ახალ გადაწყვეტილებას. ამ პრინციპიდან გადახვევა დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ამის აუცილებლობა გამოწვეულია არსებითი და გარდაუვალი ხასიათის გარემოებების წარმოშობით... საკუთრების ინტერესის არსებობა, რომელიც დადასტურებულია სავალდებულო და საბოლოო განჩინებით, წარმოადგენს განჩინების ბენეფიციარის „საკუთრებას“ №1 დამატებითი ოქმის პირველი მუხლით დადგენილი მნიშვნელობით. ასეთი გადაწყვეტილების ბათილად ცნობა უტოლდება საკუთრებით სარგებლობაში ჩარევას.“ „საბოლოო გადაწყვეტილების გაბათილების უფლებამოსილება უნდა განხორციელდეს განსაკუთრებული სიფრთხილით ისე, რომ შეძლებისდაგვარად მაქსიმალურად იქნას დაცული სამართლიანი ბალანსი სხვადასხვა ინტერესებს შორის“ (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, მეორე სექცია, საქმე „ჭიჭინაძე საქართველოს წინააღმდეგ“, განაცხადი №18156/05, სტრასბურგი, 2010 წლის 27 მაისი, საბოლოო გახდა 2010 წლის 27 აგვისტოს, § 53; § 58; იხ. აგრეთვე : Brumărescu v. Romania [GC], no.28342/95, § 61, ECHR 1999-VII; Mitrea v. Romania, no. 26105/03, § 25, 29 July 2008; Nikitin v. Russia, no. 50178/99, § 57, ECHR 2004-VIII; Ryabykh v. Russia, no. 52854/99, § 52, ECHR 2003-IX); შესაბამისად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმებას საფუძვლად შეიძლება დაედოს ისეთი გარემოების სათანადოდ დადასტურება, რომელიც მხარის ინტერესების სასარგებლოდ არსებითად გავლენას მოახდენდა საქმის შედეგზე და მხარე ასეთ მტკიცებულებას საქმის განხილვის დროს ვერ წარადგენდა მისგან დამოუკიდებელი ობიექტური გარემოების გამო.

24. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ახლად აღმოჩენილი გარემოებები იურიდიული ფაქტებია, რომლებიც არსებობდა საქმის განხილვისა და გადაწყვეტის მომენტში და დიდი მნიშვნელობა აქვს ამ საქმის სწორად გადასაწყვეტად, მაგრამ ეს გარემოებები არ იყო ცნობილი განმცხადებლისათვის. ამ გარემოებებზე (ფაქტებზე) დამოკიდებულია მხარეთა უფლებებისა და ვალდებულებების წარმოშობა, შეცვლა ან შეწყვეტა. ასეთი გარემოება უნდა შეეხებოდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დამთავრებულ საქმეზე განხილულ მხარეთა მატერიალურ-სამართლებრივ ურთიერთობას და ზეგავლენის მოხდენა უნდა შეეძლოს საქმეზე მიღებულ სასამართლო გადაწყვეტილებაზე. კანონმდებელი ასეთად მიიჩნევს მხარის მიერ ახალი გარემოებისა და მტკიცებულების, ანუ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ისეთი ფაქტის (ფაქტობრივი ვითარების) და ისეთი მტკიცებულების შეტყობას, რომელიც საქმის არსებითად განხილვის ეტაპზე არსებობდა, ობიექტურად იყო უცნობი და საშუალო წინდახედულობის ფარგლებში მათი შეტყობა მხარისათვის შეუძლებელი იქნებოდა და ეს ფაქტი (ფაქტები) ცნობილი თუ იქნებოდა სასამართლოსათვის გადაწყვეტილების გამოტანის დროს, მაშინ სასამართლო გამოიტანდა საპირისპირო გადაწყვეტილებას (მთლიანად ან ნაწილობრივ). კანონმდებლის ამგვარი მიდგომა განპირობებულია იმით, რომ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებისა თუ განჩინების გაუქმების ან ბათილად ცნობის შესახებ განცხადება შეიძლება ეფუძნებოდეს მხოლოდ კანონით – სსსკ-ის 422-ე და 423-ე მუხლებით იმპერატიულად განსაზღვრულ შემთხვევებს, რადგან საქმის წარმოების განახლება, როგორც საპროცესო მოქმედება, არ წარმოადგენს სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრების მორიგ ეტაპს და, ამდენად, გადაწყვეტილების კანონიერების შემოწმების დამატებით საპროცესო მექანიზმს. (იხ. სუსგ №ა-4083-ა-11-2021, 24 დეკემბერი, 2021; სუსგ №ას-7-2021, 18 მარტი, 2021).

25. „ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების საკითხის გადასაწყვეტად, კანონი არ მოითხოვს სასამართლოს მიერ კანონის გამოყენების სისწორის, ამა თუ იმ საპროცესო მოქმედების შესრულების, მტკიცებულებათა შეფასების სისწორის შემოწმებას. სასამართლოს მთავარი ამოცანაა გამოარკვიოს, არსებობს თუ არა სახეზე ახლად აღმოჩენილი გარემოებები მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში და დაადგინოს, მოახდინეს თუ არა მათ გავლენა გამოტანილი სასამართლო გადაწყვეტილების სისწორეზე (იხ. შალვა ქურდაძე, ნინო ხუნაშვილი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო სამართალი (მეორე გამოცემა), თბილისი, 2015 წელი, 732.).“ მაშასადამე, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებებში იგულისხმება მხარეთა სადავო ურთიერთობისათვის სამართლებრივი მნიშვნელობის მქონე ფაქტები; გადაწყვეტილება გამოტანილი იქნა ამ ფაქტების გაუთვალისწინებლად; თუ ეს ფაქტები ცნობილი იქნებოდა საქმის განმხილველი სასამართლოსათვის, მაშინ მათი გათვალისწინებით საქმეზე გამოტანილი იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

26. სადავო საკითხის შეფასებისას საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 7 დეკემბრის №2/8/765 გადაწყვეტილებას, რომლითაც: არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი სსსკ-ის 430-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების /საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადება განიხილება ზეპირი მოსმენის გარეშე/ ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც უშვებს საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვას იმ შემთხვევაში, როდესაც ხდება სსსკ-ის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით /კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით, თუ მხარისთვის ცნობილი გახდა ისეთი გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც, ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას, გათვალისწინებული საფუძვლით კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება, საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ და მე-3 პუნქტებთან მიმართებით. გარდა ამისა, ამავე გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი სსსკ-ის 430-ე მუხლის მე-3 ნაწილის /თუ გამოირკვევა, რომ საქმის წარმოების განახლების მოთხოვნა საფუძვლიანია, მაშინ გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას სასამართლო გააუქმებს თავისი განჩინებით, რაც შეიძლება გასაჩივრდეს კერძო საჩივრით/ ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც უშვებს კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების სსსკ-ის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით /კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით, თუ მხარისთვის ცნობილი გახდა ისეთი გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც, ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას/ გათვალისწინებული საფუძვლით გაუქმების შესაძლებლობას საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით (ამ განჩინების მიღების დროს საქართველოს კონსტიტუციის მოქმედი რედაქციით მხედველობაშია 31-ე მუხლის პირველი პუნქტი - ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. საქმის სამართლიანი და დროული განხილვის უფლება უზრუნველყოფილია).

27. ამავდროულად, პალატას მიაჩნია, რომ სადავო საკითხის გადაწყვეტისას, საყურადღებოა, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ზემოხსენებულ გადაწყვეტილებაში გაკეთებული განმარტებები, კერძოდ: საკონსტიტუციო სასამართლოს შეფასებით, ახლად აღმოჩენილი გარემოების არსებობისას, კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება, რიგ შემთხვევებში, სამართლიანი სასამართლოს უფლების მოთხოვნას წარმოადგენს; სსსკ-ის 430-ე მუხლის მე-3 ნაწილის სადავო ნორმატიული შინაარსის არაკონსტიტუციურად ცნობა განაპირობა კანონმდებლის მიერ გონივრული ბალანსის დაუდგენლობამ იმ შემთხვევებში, როდესაც არ იკვეთება კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების სრულად (ყველა სამართლებრივი შედეგის) გაუქმების საჭიროება; წესი, რომელიც მოსამართლეს მისცემდა საშუალებას, გადაწყვეტილება მიეღო ინდივიდუალური გარემოებების შეფასების გზით, წარმოადგენს ლეგიტიმური მიზნის მიღწევის ნაკლებად მზღუდველ საშუალებას; თუ მოსამართლე მივა დასკვნამდე, რომ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე კანონიერ ძალაში მყოფი გადაწყვეტილების შედეგების გაუქმებით შელახული ინტერესები აღემატება განმცხადებლის დაცულ ინტერესს, მაშინ მას უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, არ გააუქმოს კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილება.

28. ამდენად, საკონსტიტუციო სასამართლოს დასახელებული გადაწყვეტილებით სსსკ-ის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის კონსტიტუციურობა ეჭვქვეშ არ დამდგარა, არაკონსტიტუციურად სსსკ-ის 430.3 მუხლის ის ნორმატიული შინაარსი ჩაითვალა, რომელიც ამავე კოდექსის 423.1 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გარემოების ან მტკიცებულების არსებობისას კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმებას იწვევდა, მიუხედავად იმისა, შეიცვლებოდა თუ არა გადაწყვეტილებით დამდგარი სამართლებრივი შედეგი. ამ შემთხვევაში, საკონსტიტუციო სასამართლოს მიზანი ისაა, რომ შესაბამისი რეგულაციის პირობებში, შესაძლებელი გახდეს, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმების მომთხოვნი მხარის ინტერესების იმგვარად დაცვა, რომ არ მოხდეს მეორე მხარის უფლების არაპროპორციულად შელახვა, რადგან ხსენებული გადაწყვეტილების მიხედვით, „აშკარაა, რომ იმ პირობებში, როდესაც არ დგინდება გადაწყვეტილების სამართლებრივი შედეგების სრულად გაუქმების საჭიროება, გადაწყვეტილების გადახედვის საკითხთან მიმართებით, როგორც გადახედვის მომთხოვნ, ასევე მოწინააღმდეგე მხარეს შესაძლოა, ჰქონდეთ საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლით დაცული ინტერესები“. მოცემული თვალსაზრისით საკითხის შეფასებისას, ასევე, საგულისხმოა საკონსტიტუციო სასამართლოს შეფასების სხვა ნაწილი, კერძოდ: „სადავო ნორმა კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების შესაძლებლობას იძლევა ისეთ შემთხვევებშიც, როდესაც დადგენილი არ არის გადაწყვეტილების სამართლებრივი შედეგების სრულად შეცვლის საჭიროება. ამ ვითარებაში გადაწყვეტილების გაუქმება თავად სამართლიანი სასამართლოს უფლების მოთხოვნას არ წარმოადგენს. უფრო მეტიც, საქმის თავიდან განხილვის შედეგად, სასამართლომ შესაძლოა, გადაწყვეტილების მნიშვნელოვანი ნაწილის სამართლებრივი შედეგები არც კი შეცვალოს. ამდენად, სადავო ნორმა საბოლოო გადაწყვეტილების გაუქმების შესაძლებლობას იძლევა, მათ შორის იმ შემთხვევებშიც, როდესაც დადგენილი არ არის მისი მთლიანად გაუქმების, მისგან მომდინარე სამართლებრივი შედეგების სრულად შეცვლის საჭიროება. შესაბამისად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 430-ე მუხლის მე-3 ნაწილი ზღუდავს სამართლიანი სასამართლოს უფლებას.“

29. ზემოთ მოყვანილი განმარტებები ცხადყოფს, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო 2018 წლის 7 დეკემბრის №2/8/765 გადაწყვეტილებაში არ უარყოფს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმების გამართლებულობას მაშინ, როდესაც ახლად აღმოჩენილი გარემოება/მტკიცებულება ძირეულ გავლენას ახდენს გადაწყვეტილებაზე და მისი არსებობის შემთხვევაში სრულიად საპირისპირო გადაწყვეტილება იქნებოდა მიღებული. საკონსტიტუციო სასამართლო, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმებას გაუმართლებლად მაშინ მიიჩნევს, როცა საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე კანონიერ ძალაში მყოფი გადაწყვეტილების შედეგების გაუქმებით შელახული ინტერესები განმცხადებლის დაცულ ინტერესს აღემატება.

30. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, სსსკ-ის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის კონსტიტუციურობა არ დამდგარა ეჭვქვეშ, არამედ საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად სცნო სსსკ-ის 430-ე მუხლის მე-3 ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რაც ამავე კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გარემოებისა თუ მტკიცებულების არსებობისა და მისი საფუძვლიანობის შემთხვევაში „a priori“ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმებას იწვევდა, მიუხედავად იმისა შეიცვლებოდა თუ არა გადაწყვეტილებით დამდგარი სამართლებრივი შედეგი. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების მიხედვით, სსსკ-ის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით დადგენილი წინაპირობების არსებობის შემთხვევაში კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმება უნდა დაეფუძნოს სასამართლოს მიერ გამოკვლეულ იმ გარემოებებსა და მტკიცებულებებს, რომლებიც კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დასრულებულ დავას თუნდაც ნაწილობრივ, მაგრამ სხვაგვარად მოაწესრიგებს. საკონსტიტუციო სასამართლო ამ გადაწყვეტილებით მიზნად ისახავს, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმებით არ დაზიანდეს და საფრთხე არ შეექმნას სასამართლო გადაწყვეტილების მიმართ საზოგადოებაში არსებულ მაღალ ნდობას. საკონსტიტუციო სასამართლომ აგრეთვე მიიჩნია, რომ თუ მოსამართლე მივა დასკვნამდე, რომ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე კანონიერ ძალაში მყოფი გადაწყვეტილების შედეგების გაუქმებით შელახული ინტერესები აღემატება განმცხადებლის დაცულ ინტერესს, მაშინ მას უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, არ გააუქმოს კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილება.

31. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს დასახელებული გადაწყვეტილების საფუძველზე, სსსკ-ის 430-ე მუხლის მე-3 ნაწილის გამოყენებისას, მნიშვნელოვანია, რომ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების არსებითად განხილვის დროს სასამართლო ხელმძღვანელობდეს იმ ამოსავალი დებულებით, რომ შეაფასოს, თუ რამდენად მოახდენს გავლენას საქმის წარმოების განახლების საფუძვლად მიჩნეული გარემოება თუ მტკიცებულება განსაახლებელი საქმის სამართლებრივ შედეგზე. თუკი სასამართლო მივა დასკვნამდე, რომ სამართლებრივი სურათი საქმეზე, რომელზედაც მოთხოვნილია წარმოების განახლება, არ შეიცვლება, მან უარი უნდა უთხრას განმცხადებელს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე და მარტოოდენ ფორმალურად არ უნდა გააუქმოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება. საქმის წარმოების განახლებას არ უნდა ჰქონდეს ფორმალური ხასიათი, იგი შედეგზე უნდა იყოს ორიენტირებული და საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადება სასამართლომ უნდა განიხილოს იმგვარად, რომ არსებითად გადაწყიტოს საქმის წარმოების განახლება შეცვლის თუ არა უკვე მიღებული გადაწყვეტილების იურიდიულ შედეგს. ( იხ.სუსგ №ას-5815-2019, 14 დეკემბერი, 2021).

32. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს დასახელებული გადაწყვეტილების საფუძველზე, სსსკ-ის 430-ე მუხლის მე-3 ნაწილის გამოყენებისას, მნიშვნელოვანია, რომ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების არსებითად განხილვის დროს სასამართლო განცხადების განხილვის დროს ხელმძღვანელობდეს იმ ამოსავალი დებულებით, რომ შეაფასოს, თუ რამდენად მოახდენს გავლენას საქმის წარმოების განახლების საფუძვლად მიჩნეული გარემოება თუ მტკიცებულება გასაახლებელი საქმის სამართლებრივ შედეგზე. თუკი სასამართლო მივა დასკვნამდე, რომ სამართლებრივი სურათი საქმეზე, რომელზედაც მოთხოვნილია წარმოების განახლება, არ შეიცვლება, მან უარი უნდა უთხრას განმცხადებელს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე და მარტოოდენ ფორმალურად არ უნდა გააუქმოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება. საქმის წარმოების განახლებას არ უნდა ჰქონდეს ფორმალური ხასიათი, იგი შედეგზე უნდა იყოს ორიენტირებული და საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადება სასამართლომ უნდა განიხილოს იმგვარად, რომ არსებითად გადაწყიტოს საქმის წარმოების განახლება შეცვლის თუ არა უკვე მიღებული გადაწყვეტილების იურიდიულ შედეგს.

33. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სსსკ-ის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება დასაშვებია, თუ არსებობს შემდეგი წინაპირობები: მხარისათვის ცნობილი გახდა ისეთი გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც, ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას; ამ გარემოებების და მტკიცებულებების შესახებ მხარისათვის ცნობილი გახდა გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ; მხარეს თავისი ბრალის გარეშე არ ჰქონდა შესაძლებლობა საქმის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების დროს წარმოედგინა კანონიერ ძალაში შესული და იმავე სარჩელზე გამოტანილი გადაწყვეტილება, ან მიეთითებინა ახალ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე (შდრ. სუსგ #ვ-74-ა-5-2016, 17.06.2016 წ.).

34. განსახილველ შემთხვევაში, განმცხადებლის მთავარი დასაბუთება, თუ რატომ უნდა გაუქმდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 07 აპრილის განჩინება და განახლდეს საქმის წარმოება, მიმართულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 28 მარტის განჩინებით დადგენილი ხარვეზის ვადის დაცვით განცხადების წარმოდგენაზე. განმცხადებელმა შეძლო დაესაბუთებინა, რომ ფოსტის ის გზავნილი, რომელიც სასამართლოში წარმოადგინა ხარვეზის შევსების შესახებ დამატებითი ვადის მიცემის მოთხოვნით, შეიცავდა ტექნიკურ შეცდომას, სადაც 2023 წლის 04 აპრილის ნაცვლად მითითებული იყო 2023 წლის 05 აპრილი.

35. საკასაციო პალატა იზიარებს განმცხადებლის მტკიცებას, რომ ფოსტის გზავნილზე დატანილია არასწორი თარიღი და მეორედ წარმოდგენილი გზავნილით დასტურდება კასატორის მიერ განცხადების დროულად წარმოდგენის ფაქტი. სასამართლო ასევე მიუთითებს, რომ აღნიშნული გარემოებები ცალსახად წარმოადგენს ახლად აღმოჩენილ გარემოებას, რადგან მხარისთვის გზავნილზე არსებული უზუსტობისა და შემდგომ მისი შეცდომის შესახებ მხოლოდ საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინების ჩაბარების შემდგომ გახდა ცნობილი, ამიტომ, პალატის მოსაზრებით, არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 07 აპრილის განჩინების გაუქმების როგორც ფაქტობრივი, ასევე სამართლებრივი საფუძვლები, რის გამოც უნდა გაუქმდეს აღნიშნული განჩინება და განახლდეს საქმის წარმოება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 28 მარტის განჩინებით არსებული გარემოებების ეტაპიდან.

36. სსსკ-ის 425-ე მუხლის მიხედვით, გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების შეტანა და მისი განხილვა წარმოებს საერთო წესების დაცვით, იმ გამონაკლისების გათვალისწინებით, რომლებიც ამ თავშია დადგენილი. ამავე კოდექსის 374-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს მთლიანად დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი. შესაბამისად, განმცახდებელს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 100 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე, 421-ე, 423-ე, 429-ე, 374-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს „ი. ? კ–ის“ წარმომადგენლის, თ.კ–ის განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 07 აპრილის განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ დაკმაყოფილდეს.

2. გაუქმდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 07 აპრილის განჩინება საქმეზე Nას-331-2023 (კასატორი - შპს „ი. ? კ–ი“; მოწინააღმდეგე - კ.კ–ია; დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება).

3. განახლდეს საქმის წარმოება საქმეზე Nას-331-2023 (კასატორი - შპს „ი. ? კ–ი“; მოწინააღმდეგე - კ.კ–ია; დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება) საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 28 მარტის განჩინებით არსებული გარემოებების ეტაპიდან.

4. შპს „ი. ? კ–ს“ (ს.კ. .....) დაუბრუნდეს 2023 წლის 24 აპრილს N7357 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 100 (ასი) ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;

5. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოო და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე: მ. ერემაძე

მოსამართლეები: ვ. კაკაბაძე

ლ. მიქაბერიძე