Facebook Twitter

საქმე №ას-380-2023 20 ივნისი, 2023 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ეკატერინე გასიტაშვილი, მირანდა ერემაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ნაძალადევის რაიონის გამგეობა

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ა–ა“

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 28 ნოემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის უარყოფა

დავის საგანი - თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. შპს „ა–ამ“ (შემდეგში - მოსარჩელე ან მოწინააღმდეგე მხარე) სარჩელი აღძრა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ნაძალადევის რაიონის გამგეობის (შემდეგში - გამგეობა ან მოპასუხე ან აპელანტი ან კასატორი) წინააღმდეგ შემდეგი მოთხოვნებით: ა) მოსარჩელის მიერ წარმოებული - ......... ქუჩის მიმდებარედ, 2019 წლის 05 ივლისის N2.9.11/30/084 ხელშეკრულებით გათვალისწინებული 30239,33 ლარის ღირებულების სკვერის მოწყობის სამუშაოების შესრულებულად აღიარება და ნაძალადევის რაიონის გამგეობის მიერ მისი მიღებულად ჩათვლა; ბ) მოპასუხისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ 30239.33 ლარის გადახდის დაკისრება; გ) მოპასუხისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ 24151.57 ლარის გადახდის დაკისრება; დ) მოპასუხისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ, მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების დაკისრება, 2020 წლის 21 თებერვლიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე, მიუღებელი თანხის ყოველწლიური 11.40%-ის - 3447.28 ლარის ოდენობით.

2. მოსარჩელემ განმარტა, რომ 2019 წლის 05 ივლისს მხარეთა შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის (NAთ190010390) შესახებ ხელშეკრულება N2.9.11/30/084. ხელშეკრულების (შესყიდვის) ობიექტს წარმოადგენდა ქ.თბილისში, ნაძალადევის რაიონში სამი სკვერის, მათ შორის, ......... ქუჩის მიმდებარედ, მოწყობის სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვა (შემდეგში ხელშეკრულება). მოსარჩელემ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები სამივე სკვერთან მიმართებაში შეასრულა, მხარეთა მიერ შეთანხმებული პირობებით, თუმცა მოცემულ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს ......... ქუჩის მიმდებარედ სკვერის მოწყობის სამუშაოების შესრულებულად აღიარება და თანხის დაკისრება.

3. 2019 წლის 02 დეკემბერს N2.9.11/30/084-02 შეთანხმებით, პროექტით გათვალისწინებულ სამუშაოების მოცულობებში და შესაბამისად ხარჯთაღრიცხვაში საჭირო გახდა მნიშვნელოვანი ცვლილებების შეტანა, რის გამოც, ცვლილება შევიდა ხელშეკრულებაში 2019 წლის 05 ივლისს, რაც გამორიცხავდა სამუშაოების 01 დეკემბერს დასრულების შესაძლებლობას.

4. ......... ქუჩის მიმდებარედ სკვერის მოწყობის სამუშაოები მოსარჩელემ დაასრულა 2019 წლის 25 დეკემბერს. 2019 წლის 25 დეკემბერს შედგა საექსპერტო დასკვნა, რომლითაც დადასტურებულია, რომ ......... ქუჩის მიმდებარედ სკვერის მოწყობის მიზნით შესრულებული სამონტაჟო და სამშენებლო სამუშაოები მიმწოდებელმა შეასრულა ჯეროვნად, შეთანხმებული პირობებით, საერთო ღირებულებით 80 488.90 ლარი. აღნიშნული საექსპერტო დასკვნის საფუძველზე 2019 წლის 27 დეკემბერს მხარეთა შორის გაფორმდა მიღება-ჩაბარების აქტი N2.9.11/30/084-07, თუმცა არა მთლიანად შესრულებულ სამუშაოებზე (80 488,90 ლარი) არამედ 50 249,57 ლარზე. შესაბამისად, გამგეობამ მოსარჩელეს გადაუხადა მხოლოდ 50 249,57 ლარი. ხოლო 30 239.33 ლარის გადახდაზე უარს აცხადებს. იმ მოცემულობაში, რომ ხელშეკრულების პირობების თანახმად მიმწოდებელმა შეასრულა ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები, თუმცა, შემსყიდველმა ცალმხრივად 2020 წლის 20 თებერვალს შეწყვიტა ხელშეკრულება და უარი განაცხადა შესრულებული სამუშაოს ღირებულების ანაზღაურებაზე, ხოლო იმავე დღეს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ელექტრონულ სისტემაში ატვირთა N35-01200512512 წერილი სადაზღვევო კომპანიის მიმართ და უკანონოდ მოითხოვა საბანკო გარანტიით გათვალისწინებული თანხის - 24 151.57 ლარის ჩარიცხვა, რაც გადახდილ იქნა მოპასუხისათვის. აღნიშნული თანხა რეგრესის წესით მოსარჩელემ გადაუხადა სადაზღვევო კომპანიას.

5. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და წარდგენილ შესაგებელში მიუთითა, რომ მოსარჩელემ ვალდებულება არ შეასრულა სრულყოფილად, კერძოდ, შეუსრულებელი ვალდებულების ღირებულებაა 30 239.33 ლარი.

6. ვადაგადაცილების შემდგომ, მოსარჩელეს განესაზღვრა დამატებითი ვადა ვალდებულების შესრულებისათვის, თუმცა უშედეგოდ, მას დამატებით ვადაშიც არ შეუსრულებია ვალდებულება. შესაბამისად, მას არ მოუმართავს საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტით (მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების მე-6 მუხლის შესაბამისად), რომლის გაფორმების შემთხვევაში (წუნდების აღმოფხვრის შემოწმების შედეგად, ნაკლოვანების არარსებობის შემთხვევაში) ანაზღაურდებოდა თანხა (ხელშეკრულების მე-7 პუნქტის შესაბამისად).

7. მოპასუხემ უარყო მოთხოვნა მიუღებელი შემოსავლის დაკისრების თაობაზეც.

8. მოპასუხემ საბანკო გარანტიასთან მიმართებით განმარტა, რომ 2019 წლის 03 ივლისს სადაზღვევო კომპანიის მიერ გაიცა უპირობო, გამოუთხოვადი საბანკო გარანტია 2020 წლის 20 თებერვლის ჩათვლით ვადით. აღნიშნული გარანტია შეეხებოდა სკვერების მოწყობის სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვას, მათ შორის, ......... ქუჩის მიმდებარედ სკვერის მოწყობას. გამგეობამ დაიცვა საგარანტიო თანხის გამოთხოვისათვის საბანკო გარანტიით დადგენილი წესები, თანხა კანონიერად იქნა ანაზღაურებული. შესაბამისად, აღნიშნულ ნაწილშიც სარჩელი უსაფუძვლოა.

9. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 20 იანვრის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა: მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 54 390.90 ლარის გადახდა.

10. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სამართლებრივი მხარე სასამართლომ დაასაბუთა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-317-ე, 361-ე, 327-ე, 394-ე, 411-ე, 629-ე, 633-ე, 636-ე, 880-ე, 881-ე და 890-ე მუხლების საფუძველზე.

11. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით ახალი გადაწყვეტილების მიღება, რომლითაც სარჩელი არ დაკმაყოფილდება.

12. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 28 ნოემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა მოცემულ საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება.

13. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2019 წლის 05 ივლისს მხარეთა შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულება, რომლის (შესყიდვის) ობიექტს წარმოადგენდა ქ.თბილისში, ნაძალადევის რაიონში სამი სკვერის, მათ შორის ......... ქუჩის მიმდებარედ, მოწყობის სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვა (შემდეგში - ხელშეკრულება).

14. ხელშეკრულების 2.4. პუნქტის თანახმად ხელშეკრულების ღირებულება შეადგენდა 483 031,46 ლარს, ყველა გადასახადის ჩათვლით.

15. ხელშეკრულების 3.1. პუნქტის თანახმად, სამუშაოების შესრულების ვადა განისაზღვრა ეტაპობრივად. წერილობითი დავალების შესაბამისად, ხელშეკრულების გაფორმებიდან 2019 წლის 20 დეკემბრის ჩათვლით.

16. ხელშეკრულების 3.1.2 პუნქტის თანახმად, ......... ქუჩის მიმდებარედ კი წერილობითი დავალების მიცემიდან 60 კალენდარული დღე.

17. ხელშეკრულების 5.1. პუნქტის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების კონტროლს ნებისმიერ ეტაპზე ახორციელებს შემსყიდველი.

18. ხელშეკრულების 6.1. პუნქტის თანახმად, შესყიდვის ობიექტი ან მისი ნაწილი ჩაითვლება მიღებულად მხოლოდ მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ. ამასთან, შესრულებული სამუშაოების (ან მისი ნაწილის) დასრულების თარიღად ჩაითვლება დადასტურებული ფორმა N2-ით (შესრულებული სამუშაოების აქტი) განსაზღვრული სამუშაოს დასრულების თარიღი.

19. ხელშეკრულების 6.3. პუნქტის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ შესრულებული სამუშაო ან მისი ნაწილი არ აკმაყოფილებს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, შემსყიდველი ან/და მისი უფლებამოსილი პირი ცნობებს მიმწოდებელს შემოწმების შედეგებს დაწუნებული სამუშაოს მოცულობისა და წუნდების მიზეზის მითითებით. შემსყიდველი უფლებამოსილია, საკუთარი შეხედულებისამებრ განუსაზღვროს მიმწოდებელს გონივრული ვადა, მაგრამ არაუმეტეს 10 კალენდარული დღისა, დაწუნებული სამუშაოს გამოსწორების მიზნით. აღნიშნული ვადის დარღვევის შემთხვევაში, მიმწოდებელს დაეკისრება ხელშეკრულების 9.5 პუნქტით გათვალისწინებული პირგასამტეხლო, შემსყიდველის მიერ განსაზღვრული გონივრული ვადის ბოლო თარიღიდან დეფექტების საბოლოო აღმოფხვრამდე.

20. ხელშეკრულების მე-8 მუხლის შესაბამისად, მიმწოდებლის მიერ ნაკისრი ვალდებულების სრული და ჯეროვანი შესრულების უზრუნველსაყოფად გამოყენებული იყო სადაზღვევო კომპანიას მიერ გაცემული NGBG 03221/16 საბანკო გარანტია.

21. გარანტიის გაცემის საფუძველი გახდა სადაზღვევო კომპანიას და მოსარჩელეს შორის 2019 წლის 21 მარტს გაფორმებული საბანკო გარანტიის გაცემის შესახებ NGBG 03221 გენერალური ხელშეკრულება.

22. საბანკო გარანტიით გათვალისწინებული თანხა შეადგენდა 24 151.57 ლარს, ხოლო საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა მოიცავდა პერიოდს: 2019 წლის 03 ივლისიდან 2020 წლის 20 თებერვლის ჩათვლით.

23. 2019 წლის 02 დეკემბერს, მხარეთა შორის შედგა 2019 წლის 5 ივლისის სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებაში ცვლილების შესახებ შეთანხმების აქტი N2.9.11/30/084-02. აღნიშნული შეთანხმების პირველი და მე-3 მუხლის თანახმად, 2019 წლის 20 თებერვლის N2.9.11/30/031 ხელშეკრულებით გათვალისწინებული თემქა ..მკვარტალი 25-ე კორპუსის უკან, 22-ე საბავშვო ბაღის წინ და გურამიშვილის გამზირი N.. მიმდებარედ სკვერების მოწყობის სამუშაოების მიმდინარეობისას, ობიექტებზე არსებული ფაქტიური მდგომარეობიდან გამომდინარე, საჭირო გახდა ხელშეკრულებით განსაზღვრული შესასრულებელი სამუშაოების მოცულობების ნაწილობრივი კორექტირება. ხელშეკრულების ღირებულება 483031,46 ლარი შემცირდა და განისაზღვრა 483030.72 ლარით.

24. 2019 წლის 25 დეკემბრის აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს აკრედიტაციის ცენტრის შპს „ე.ჰ–ის“ ინსპექტირების ანგარიშის დასკვნის თანახმად, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციისა და მასალების შესწავლის, ჩატარებული აზომვითი სამუშაოების შედეგად მიღებული მონაცემების შედარებით ხარჯთაღრიცხვასთან და ფორმა N2-თან მოქმედი ტექნიკური რეგულირების დოკუმენტების მოთხოვნათა შესაბამისად, საქართველოს ტერიტორიაზე სამშენებლო სფეროს მარეგულირებელი ტექნიკური რეგლამენტების აღიარებისა და სამოქმედოდ დაშვების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 14 იანვრის N52 და N55 დადგენილების შესაბამისად, დადგინდა: ,,ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის ნაძალადევის რაიონში ......... ქუჩის მიმდებარედ სკვერის მოწყობის სამუშაოების ოდენობა შეესაბამება ხარჯთაღრიცხვის და ფორმა N2-ის მოცულობებს ღირებულებით 80 488.90 ლარი დღგ-ს ჩათვლით; ფორმა N2-ში მითითებული ერთეულის ღირებულებები შეესაბამება ხარჯთაღრიცხვაში მითითებულ ერთეულის ღირებულებებს და ეძლევა დადებითი რეკომენდაცია. 2019 წლის 27 დეკემბერს, მხარეთა შორის გაფორმდა შუალედური მიღება ჩაბარების-აქტი, რომლის თანახმადაც, მოსარჩელემ შეასრულა ქ.თბილისში, ნაძალადევის რაიონის ტერიტორიაზე, ......... ქუჩის მიმდებარედ სკვერის მოწყობის სამუშაოები (ხელშეკრულება N2.9.11/30/084 გაფორმებული 2019 წლის 5 ივლისს) ღირებულებით 50249.57 ლარი, რაც დასტურდება აკრედიტირებული ექსპერტიზის ბიუროს დასკვნით.

25. მოპასუხემ მოსარჩელეს გადაუხადა მიღება-ჩაბარების აქტით გათვალისწინებული თანხა 50 249.57 ლარი, ხოლო სამუშაოების სრული მოცულობიდან - 80 488.90 ლარიდან 30 239,33 ლარი მოპასუხეს მოსარჩელისთვის არ გადაუხდია.

26. მოსარჩელემ მოპასუხეს 2019 წლის 27 დეკემბრის N27.12/1 წერილით აცნობა, რომ 2019 წლის 05 ივლისის სახელმწიფო შესყიდვის (NAთ190010390) შესახებ ხელშეკრულების პირობების თანახმად, კომპანიამ შეასრულა ქ.თბილისში, ნაძალადევის რაიონში, ......... მიმდებარედ სკვერის მოწყობის სამუშაოები ვადაგადაცილებით და ითხოვა საჯარიმო სანქცია დაეკავებინა კუთვნილი ანაზღაურებიდან. მოპასუხემ დაუკავა მოსარჩელეს აღნიშნული თანხა.

27. 2020 წლის 20 თებერვალს, 20:59 საათზე, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ელექტრონული სისტემის მეშვეობით მოპასუხე გამგეობამ ატვირთა N35-01200513416 წერილი მოსარჩელესთან ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ. ამავე დღეს, 21:05 საათზე სახელმწიფო შესყიდვების ელექტრონულ სისტემაში აიტვირთა N35-01200512512 წერილი, სადაზღვევო კომპანიის მიმართ, რომლითაც გამგეობამ მოითხოვა 2019 წლის 3 ივლისს გაცემული NGBG 032221/16 საბანკო გარანტიით გათვალისწინებული თანხის 24151.57 ლარის ჩარიცხვა.

28. 2020 წლის 25 თებერვალს, სადაზღვევო კომპანიამ მოსარჩელეს მიმართა N9466 წერილით და აცნობა, რომ გამგეობას გადაურიცხავს საბანკო გარანტიით გათვალისწინებულ თანხას, რის შემდეგაც სადაზღვევო კომპანიას წარმოეშობა რეგრესული მოთხოვნა და დაიწყება სამართლებრივი ღონისძიებების გატარება, მათ შორის, უზრუნველყოფის საშუალებებზე იძულებითი აღსრულების პროცესი.

29. 2019 წლის 3 ივლისს გაცემული საბანკო გარანტიით გათვალისწინებული თანხა 24151.57 ლარი, გარანტორმა გადაურიცხა გამგეობას. 2020 წლის 19 მაისს სადაზღვევო კომპანიასა და მოსარჩელეს შორის შედგა შეთანხმების აქტი, რომლის თანახმად მოსარჩელემ იკისრა ვალდებულება აენაზღაურებინა კომპანიის მიერ გამგეობისთვის გადახდილი თანხა, რაც მოსარჩელემ შეასრულა.

30. განსახილევლ დავაში სააპელაციო პალატამ იმსჯელა საკითხზე შეასრულა თუ არა მოსარჩელემ ხელშეკრულებით გათვალისწინებული, ......... ქუჩის მიმდებარედ სკვერის მოწყობის სამუშაოები, რომლის ღირებულებაც ჯამში, 80 488.90 ლარს შეადგენდა.

31. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების კვლევისა და შეფასების საფუძველზე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ზემოაღნიშნულ კითხვას დადებითად უნდა გაეცეს პასუხი, რამდენადაც მოსარჩელის მოთხოვნა არსებითად ემყარება 2019 წლის 25 დეკემბრის აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს აკრედიტაციის ცენტრის მიერ მომზადებულ ინსპექტირების ანგარიშსა და 2019 წლის 27 დეკემბერს მხარეთა შორის გაფორმებულ შუალედურ მიღება ჩაბარების-აქტს. ანგარიშის თანახმად, მენარდემ შეასრულა 80 488.90 ლარის ღირებულების სამუშაოები, საიდანაც შემკევთმა მხარეთა შორის გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე, მხოლოდ 50249,57 ლარი აანაზღაურა.

32. მოპასუხე გამგეობის შესაგებელი ემყარება იმ გარემოებას, რომ სასამართლომ არასწორად გაიზიარა ინსპექტირების ანგარიში, რადგან ამ ანგარიშს არ ერთვის ის ფოტომასალა, რომელიც დასკვნის მიხედვით, მას უნდა ერთვოდეს. აპელანტის მოსაზრებით, აღნიშნული ფოტომასალა საქმეში რომ ყოფილიყო, სასამართლო მათი დათვალიერების საფუძველზე დარწმუნდებოდა, რომ სამუშაოები ნამდვილად ხარვეზით შესრულდა.

33. გამგეობის ზემოაღნიშნული პრეტენზიის უარსაყოფად სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სსსკ-ის 105-ე მუხლზე (სუსგ. №ას-1125-1389-09, 26 მარტი, 2010 წელი) და აღნიშნა, რომ ექსპერტის დასკვნა უნდა შეესაბამებოდეს კანონის ნორმებს, შეიცავდეს გამოკვლევის ობიექტურობას, მყარ არგუმენტაციას დასმულ კითხვებზე, მეცნიერულად დასაბუთებულ პასუხებს. ექსპერტის დასკვნის ძირითადი, ანუ კვლევითი ნაწილი უნდა შეიცავდეს კვლევითი პროცესის დროს გამოყენებულ მეთოდებს, მეცნიერულ - ტექნიკურ საშუალებებს, ნორმატიულ მასალებს, გამოკვლევის აღწერას, დასაბუთებას და შედეგებს.

34. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ 2019 წლის 25 დეკემბრის აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს აკრედიტაციის ცენტრის შპს „ე.ჰ–ის“ ინსპექტირების ანგარიში გაცემულია მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციისა და მასალების შესწავლის საფუძველზე, ასევე, ჩატარებული აზომვითი სამუშაოების შედეგად მიღებული მონაცემების ხარჯთაღრიცხვასთან შედარების გზითა და ფორმა N2-ებთან მოქმედი ტექნიკური რეგულირების დოკუმენტების მოთხოვნათა შესაბამისად.

35. დასკვნის თანახმად, ექსპერტმა იხელმძღვანელა საქართველოს ტერიტორიაზე სამშენებლო სფეროს მარეგულირებელი ტექნიკური რეგლამენტების აღიარებისა და სამოქმედოდ დაშვების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 14 იანვრის N52 და N55 დადგენილების მოთხოვნებით და მივიდა დასკვნამდე, რომ „ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის ნაძალადევის რაიონში ......... ქუჩის მიმდებარედ სკვერის მოწყობის სამუშაოების ოდენობა შეესაბამება ხარჯთაღრიცხვის და ფორმა N2-ის მოცულობებს, ღირებულებით 80 488.90 ლარი, დღგ-ს ჩათვლით; ფორმა N2-ში მითითებული ერთეულის ღირებულებები შეესაბამება ხარჯთაღრიცხვაში მითითებულ ერთეულის ღირებულებებს და მიეცა დადებითი რეკომენდაცია.

36. აღნიშნულ დასკვნასთან დაკავშირებით სააპელაციო პრეტენზიის (რომ დასკვნას არ ერთვის მასში ნახსენები ფოტომასალა, რომლის დათვალიერების შემთხვევაში სასამართლოსათვის თვალსაჩინო გახდებოდა, რომ სამუშაოები რეალურად, ხარვეზით იყო შესრულებული), საპირისპიროდ, პალატამ განმარტა, რომ იმგვარი საკითხების კვლევისას, რომელსაც სჭირდება სპეციალური ცოდნა, სასამართლო ეყრდნობა სწორედ ამ სპეციალური ცოდნით აღჭურვილი პირის (მოცემულ შემთხვევაში - სამშენებლო საკითხებში ექსპერტის) დასკვნას.

37. შპს „ე.ჰ–ის“ ინსპექტირების ანგარიშის შესწავლისა და ანალიზის შედეგად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მის გასაქარწყლებლად არ გამოდგება აპელანტის ის პოზიცია, რომ ანგარიშს არ ერთვის ფოტომასალა, რომელიც თავად ექსპერტმა გადაიღო ადგილზე, ვინაიდან დასკვნის შეფასებისას (იმდენად, რამდენადაც იგი სპეციალური ცოდნით აღჭურვილი პირის კომპეტენციას ეფუძნება), სასამართლო ეყრდნობა მის კვლევით ნაწილს, რადგან სწორედ კვლევითი ნაწილია ასახული საბოლოო დასკვნაში. სამუშაოების ფოტომასალის არსებობის შემთხვევაშიც, პალატა მათ ექსპერტისაგან განსხვავებულ შეფასებას ვერ მისცემდა, შესაბამისი კომპეტენციის არქონის გამო.

38. მოპასუხე მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ ექსპერტიზის დასკვნის შინაარს სადავოდ ხდის, თუმცა რაიმე საწინააღმდეგო და საპირწონე მტკიცებულება (იგივე ექსპერტიზის დასკვნა ან სხვ.) მოპასუხეს სასამართლოსათვის არ წარუდგენია. აპელანტი შემოიფარგლა მხოლოდ ზეპირსიტყვიერი შეფასებით მოსარჩელის მიერ წარდგენილ ექსპერტიზის დასკვნასთან დაკავშირებით, რაც სააპელაციო პალატის ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, არ ქმნის მისი გაზიარების საფუძველს.

39. ამასთან, საგულისხმოა გარემოება, რომ მოპასუხეს არ გაუსაჩივრებია პირველი ინსტანციის სასამართლოს ის განჩინება, რომლითაც მას შპს „ე.ჰ–ის“ ანგარიშზე თანდართული ფოტომასალის საქმეზე დართვის შესახებ შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარი ეთქვა.

40. პალატამ აღნიშნა, რომ მხარეთა შორის დადებული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების 6.1. პუნქტის თანახმად, შესყიდვის ობიექტი ან მისი ნაწილი ჩაითვლებოდა მიღებულად მხოლოდ მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ.

41. ამასთან, შესრულებული სამუშაოების (ან მისი ნაწილის) დასრულების თარიღად ჩაითვლებოდა დადასტურებული ფორმა N2-ით (შესრულებული სამუშაოების აქტით) განსაზღვრული სამუშაოს დასრულების თარიღი.

42. ხელშეკრულების 6.3. პუნქტის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ შესრულებული სამუშაო ან მისი ნაწილი არ დააკმაყოფილებდა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, შემსყიდველს ან/და მის უფლებამოსილ პირს მიმწოდებლისათვის უნდა ეცნობებინა შემოწმების შედეგები, დაწუნებული სამუშაოს მოცულობისა და წუნდების მიზეზის მითითებით.

43. შემსყიდველი უფლებამოსილი იყო, საკუთარი შეხედულებისამებრ განესაზღვრა მიმწოდებლისთვის გონივრული ვადა, მაგრამ არაუმეტეს 10 კანელდარული დღისა, დაწუნებული სამუშაოს გამოსწორების მიზნით. აღნიშნული ვადის დარღვევის შემთხვევაში, მიმწოდებელს დაეკისრებოდა ხელშეკრულების 9.5 პუნქტით გათვალისწინებული პირგასამტეხლო, შემსყიდველის მიერ განსაზღვრული გონივრული ვადის ბოლო თარიღიდან დეფექტების საბოლოო აღმოფხვრამდე.

44. ხელშეკრულების 6.2. პუნქტის თანახმად, სკვერების მოწყობის სამუშაოებზე მიღება ჩაბარების აქტი (მთლიანი ან ნაწილობრივ შესრულებულ სამუშაოებზე) უნდა გაფორმებულიყო სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ ან სხვა აკრედიტებული პირის მიერ გაცემული შესრულებული სამუშაოების შესაბამისობის შესახებ დასკვნის საფუძველზე. კერძოდ: ა) ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოს მოცულობების დადგენა და შესრულების დამადასტურებელი ფორმა N2-ის (მ/შორის ფარული სამუშაოების) დადასტურება. ბ) შესრულებული სამუშაოს (მ/შ გამოყენებული მასალების, სპორტული აღჭურვილობის, ხელოვნური საფარის, მავთულბადის) ხარისხის შესაბამისობის დადგენა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან.

45. დადგენილია, რომ 2019 წლის 27 დეკემბერს, მხარეთა შორის გაფორმდა შუალედური მიღება ჩაბარების-აქტი, რომლის თანახმადაც, მოსარჩელემ შეასრულა ქ.თბილისში, ნაძალადევის რაიონის ტერიტორიაზე, ......... ქუჩის მიმდებარედ სკვერის მოწყობის სამუშაოები (ხელშეკრულება N2.9.11/30/084 გაფორმებული 2019 წლის 5 ივლისს) ღირებულებით 50249.57 ლარი, რაც დასტურდება აკრედიტირებული ექსპერტიზის ბიუროს შპს „ე.ჰ–ის“ დასკვნით.

46. მოპასუხემ მოსარჩელეს გადაუხადა მიღება-ჩაბარების აქტით გათვალისწინებული თანხა 50 249.57 ლარი, ხოლო სამუშაოების სრული მოცულობიდან 80 488.90 ლარიდან 30 239,33 ლარი მოპასუხეს მოსარჩელისთვის არ გადაუხდია.

47. დადგენილია, რომ მხარეთა შორის, შუალედური აქტის გაფორმების დროს, მოპასუხეს მოსარჩელის მიერ შესრულებულ სამუშაოსთან დაკავშირებით რაიმე პრეტენზია არ გამოუთქვამს (ხელშეკრულების 6.3. პუნქტის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ შესრულებული სამუშაო ან მისი ნაწილი არ დააკმაყოფილებდა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, შემსყიდველს ან/და მის უფლებამოსილ პირს მიმწოდებლისათვის უნდა ეცნობებინა შემოწმების შედეგები, დაწუნებული სამუშაოს მოცულობისა და წუნდების მიზეზის მითითებით). ამასთან, არ დასტურდება მოპასუხის მიერ მითითებული გარემოება, რომ პრეტენზიის შესახებ წერილი სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ელექტრონული სისტემის მეშვეობით იქნა ატვირთული. არც წარმოდგენილი მტკიცებულებებითა და არც სასამართლო სხდომაზე დაკითხულ მოწმეთა მიერ მიცემული ჩვენებებით არ დადასტურდა ის გარემოება, რომ შესრულებული სამუშაოების შენიშვნების, პრეტენზიის თაობაზე მოპასუხემ რაიმე ფორმით შეტყობინება გაუგზავნა მოსარჩელეს.

48. შესაბამისად, სააპელაციო პალატამ გაიზიარა მოსარჩელის მითითება, რომ მოსარჩელემ ჯეროვნად შეასრულა შპს„ე.ჰ–ის“ დასკვნაში მითითებული 80 488.90 ლარის ოდენობით სამუშაოები.

49. რაც შეეხება, მოპასუხის მიერ წარმოდგენილ 2019 წლის 26 დეკემბერს შედგენილ შემოწმების აქტს, პალატამ განმარტა, რომ გარდა იმისა, რომ აღნიშნული აქტი არის ცალმხრივად შედგენილი (მასზე არ არის მოსარჩელის ხელმოწერა), არ დასტურდება ამ აქტის მოსარჩელისათვის 2019 წლის 27 დეკემბერს (მხარეთა შორის მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებისას) გადაცემის ფაქტი.

50. რაც შეეხება 2020 წლის 20 თებერვლის შემოწმების აქტს, პალატამ მიიჩნია, რომ ამ აქტს მოცემულ საქმეზე მტკიცებულებითი ღირებულება ვერ მიენიჭება, ვინაიდან იკვეთება, რომ იგი შედგენილია მოგვიანებით, წინააღმდეგ შემთხვევაში, შეტყობინება უნდა გადასცემოდა მოსარჩელეს ან ატვირთულიყო სახელმწიფო შესყიდვების ელექტრონულ სისტემაში, რაც არ დასტურდება.

51. ამგვარად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოსარჩელემ მისი მტკიცების ფარგლებში შეძლო სათანადო და განკუთვნადი მტკიცებულების წარმოდგენა, და დადასტურება იმისა, რომ მოსარჩელემ ხელშეკრულებით გათვალისწინებული, ......... ქუჩის მიმდებარედ სკვერის მოწყობის სამუშაოები სრულად შეასრულა. ხოლო საპირისპირო რელევანტური მტკიცებულებების არარსებობის პირობებში, საფუძვლიანია აღნიშნული სამუშაოების შესრულებულად აღიარების შესახებ მოთხოვნა.

52. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური. სკ-ის 633-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მენარდეს შეუძლია მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება, თუ შემკვეთი არ მიიღებს შესრულებულ სამუშაოს. შემკვეთი ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი მაშინაც, როცა იგი არ შეასრულებს სამუშაოს შესრულებისთვის აუცილებელ მოქმედებას. სკ-ის კოდექსის 636-ე მუხლის თანახმად, შემკვეთს უფლება აქვს სამუშაოს დასრულებამდე ნებისმიერ დროს თქვას უარი ხელშეკრულებაზე, მაგრამ მან უნდა აუნაზღაუროს მენარდეს შესრულებული სამუშაო და ხელშეკრულების მოშლით მიყენებული ზიანი.

53. საქმეზე დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ მოპასუხემ მოსარჩელესთან ხელშეკრულება შეწყვიტა 2020 წლის 20 თებერვალს (ნაძალადევის რაიონის გამგეობის მიერ, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ელექტრონული სისტემის მეშვეობით, ატვირთულ იქნა N35-01200513416 წერილი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ).

54. ამასთან, დადგენილია, რომ მოსარჩელემ ჯეროვნად შეასრულა ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები.

55. საერთო ჯამში, მოპასუხეს მოსარჩელისთვის, სკვერის მოწყობის ხარჯთაღრიცხვით გათვალისწინებული სამუშაოების ღირებულებიდან 80 488.90 ლარიდან ანაზღაურებული აქვს მხოლოდ 50 249.57 ლარი.

56. შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხისათვის შესრულებული სამუშაოს ღირებულების დარჩენილი ნაწილის - 30239.33 ლარის მოპასუხისათვის დაკისრების თაობაზე საფუძვლიანია და სარჩელი ამ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილებით მართებულად დაკმაყოფილდა.

57. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ გადახდილი საბანკო გარანტიის თანხის - 24 151.57 ლარის ანაზღაურება, კერძოდ, დადგენილია, რომ 2019 წლის 05 ივლისის სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების მე-8 მუხლის შესაბამისად, მიმწოდებლის მიერ ნაკისრი ვალდებულების სრული და ჯეროვანი შესრულების უზრუნველსაყოფად გამოყენებული იყო საბანკო გარანტია.

58. გარანტიის გაცემის საფუძველი გახდა სადაზღვევო კომპანიას და მოსარჩელეს შორის 2019 წლის 21 მარტს გაფორმებული საბანკო გარანტიის გაცემის შესახებ NGBG 03221 გენერალური ხელშეკრულება. საბანკო გარანტიით გათვალისწინებული თანხა შეადგენდა 24 151.57 ლარს, ხოლო საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა მოიცავდა 2019 წლის 03 ივლისიდან 2020 წლის 20 თებერვლის ჩათვლით პერიოდს.2020 წლის 20 თებერვალს, მოპასუხემ, სადაზღვევო კომპანიას მიმართა და მოითხოვა 2019 წლის 3 ივლისს გაცემული NGBG 032221/16 საბანკო გარანტიით გათვალისწინებული თანხის 24151.57 ლარის გადარიცხვა, რაც ბანკმა შეასრულა. 2020 წლის 19 მაისს სადაზღვევო კომპანიას და მოსარჩელეს შორის შედგა შეთანხმების აქტი, რომლის თანახმად, მოსარჩელემ იკისრა ვალდებულება აენაზღაურებინა სადაზღვევო კომპანიის მიერ გამგეობისთვის გადახდილი თანხა, რაც შეასრულა.

59. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 890-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, გარანტს არა აქვს უფლება მოსთხოვოს პრინციპალს იმ თანხის გადახდა, რომელიც აუნაზღაურდა ბენეფიციარს გარანტიის პირობების საწინააღმდეგოდ ან ბენეფიციარის მიმართ გარანტის ვალდებულების დარღვევის გამო, თუ პრინციპალთან გარანტის შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

60. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან, მოსარჩელემ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება შეასრულა ჯეროვნად, ბენეფიციარის - გამგეობის მოთხოვნა სადაზღვევო კომპანიისათვის 2019 წლის 3 ივლისს გაცემული NGBG 032221/16 საბანკო გარანტიით გათვალისწინებულ 24151.57 ლარის დარიცხვაზე იყო არამართლზომიერი, რამაც თავის მხრივ, განაპირობა მოსარჩელის მიერ საგარანტიო თანხის სადაზღვევო კომპანიისათვის რეგრესის წესით უსაფუძვლო გადახდა, რომლის ანაზღაურებაც, ზემოაღნიშნული ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლებიდან გამომდინარე, ეკისრება მოპასუხეს, მოსარჩელის სასარგებლოდ.

61. სააპელაციო სასამართლოს განჩინება აპელანტმა (მოპასუხემ) გაასაჩივრა საკასაციო საჩივრით. კასატორმა მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის უარყოფა.

62. კასატორი სადავოდ ხდის შპს „ე.ჰ–ის“ ინსპექტირების ანგარიშის იურიდიულ ძალას იმ საფუძვლით, რომ არ ერთვის ფოტომასალა. არ ადევს ლუქი, მისი მთლიანობა დარღვეულია და არ შეესაბამება დედანს.

63. კასატორი აღნიშნავს, რომ მოსარჩელემ არ შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება. მის მიერ შესრულებულ სამუშაოში გამოვლინდა წუნი. 2019 წლის 27 დეკემბრს შედგა შუალედური მიღება-ჩაბარების აქტი ნაწილობრივ შესრულებაზე. მოსარჩელეს აუნაზღაურდა ჯეროვნად შესრულებული სამუშაოს ღირებულება, დაუკავდა წუნდების თანხა, მიეთითა ნაკლის გამოსწორების შესახებ, შემდეგ მოხდებოდა დაკავებული თანხის ანაზღაურება.

64. მოპასუხემ აუნაზღაურა მოსარჩელეს შესრულებული სამუშაოს პროპორციული თანხა. სამუშაოები რა ნაწილშიც არ შესრულდა ჯეროვნად მოსარჩელეს უნდა შეესრულებინა დამატებით განსაზღვრულ ვადაში. თუმცა, მოსაჩელემ არ მოახდინა რეგირება აღნიშნულზე და არ წარმოადგინა ნაკლის გამოსწორების დამადასტურებელი დოკუმენტი. ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა კი, არასწორად მიიჩნიეს დადასტურებულად ფაქტობრივი გარემოებები სამუშაოების შესრულებაზე, რაც საფუძვლად დაუდეს საგარანტიო თანხის მოპასუხისათვის დაკისრებას.

65. კასატორმა საკასაციო საჩივარს დაურთო ინსპექტირების ანგარიში და მიუთითა, რომ აღნიშნული დაერთო საქმეს, რათა სასამართლო დარწმუნდეს იმაში, გადაწყვეტილება მიღებულია არასრული დოკუმენტის საფუძველზე, რომელიც არ შეესაბამება მის დედანს (იხ., ს.ფ. 78-101, ტ.4).

66. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 04 აპრილის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

67. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

68. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანია მოპასუხის მიერ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის ფარგლებში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 28 ნოემბრის განჩინების კანონიერება, რომლითაც უცვლელად დარჩა მოცემულ საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლოს 2022 წლის 20 იანვრის გადაწყვეტილება, მოპასუხისთვის მოსარჩელის სასარგებლოდ 54 390.90 ლარის გადახდის დაკისრების შესახებ.

69. კასატორი არ ეთანხმება სასამართლოს მსჯელობას, რომ მოსარჩელემ ჯეროვნად შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, რაც საბოლოოდ საფუძვლად დაედო გამგეობისათვის თანხის ანაზღაურების ვალდებულებას. კასატორის მოსაზრებით, მოსარჩელის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება ჯეროვნად არაა შესრულებული, მოსარჩელის მიერ შესრულებულ სამუშაოში გამოვლინდა წუნი, რასათან დაკავშირებითაც მოსარჩელეს მიეთითა ნაკლის გამოსწორების შესახებ, თუმცა მოსაჩელემ არ მოახდინა რეგირება აღნიშნულზე და არ წარმოადგინა ნაკლის გამოსწორების დამადასტურებელი დოკუმენტი.

70. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ, სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო პალატის მიერ დადგენილად უნდა ჩაითვალოს შემდეგი გარემოებანი:

71. ამ განჩინების პპ: 24-51 დადგენილია, რომ სადავო საკითხთან დაკავშირებით, საქმეში წარმოდგენილი იქნა 2019 წლის 25 დეკემბრის აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს აკრედიტაციის ცენტრის მიერ მომზადებულ ინსპექტირების ანგარიში და 2019 წლის 27 დეკემბერს მხარეთა შორის გაფორმებულ შუალედური მიღება ჩაბარების-აქტი. ანგარიშის თანახმად, მენარდემ შეასრულა შესრულებულია 80 488.90 ლარის ღირებულების სამუშაოები, საიდანაც მოპასუხემ აანაზღაურა მხოლოდ 50249,57 ლარი.

72. კასატორის შედავება ემყარება იმ გარემოებას, რომ სასამართლომ არასწორად გაიზიარა ინსპექტირების ანგარიში, რადგან ამ ანგარიშს არ ერთვის ის ფოტომასალა, რომელიც დასკვნის მიხედვით, მას უნდა ერთვოდეს. აპელანტის მოსაზრებით, აღნიშნული ფოტომასალა საქმეში რომ ყოფილიყო, სასამართლო მათი დათვალიერების საფუძველზე დარწმუნდებოდა, რომ სამუშაოები ნამდვილად ხარვეზით შესრულდა. ამასთან, კასატორი აღნიშნავს, რომ დარღვეულია დოკუმენტის მთლიანობა, არ ადევს ლუქი. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ კასატორს/აპელანტი იდენტური პრეტენზია ჰქონდა წარდგენილი სააპელაციო სასამართლოში.

73. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოება აგებულია მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპზე. სსსკ-ის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. დასახელებული ნორმების თანახმად, სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებული არიან, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ მათი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა. კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, რომელიც ადგენს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციფიკურ წესს, მოსარჩელეს ევალება სასარჩელო განცხადებაში ასახული ფაქტების მტკიცება.მტკიცების ტვირთი - ესაა სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორედ გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა არ (ვერ) შეასრულა. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი - ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი, მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს. მტკიცების ტვირთი დამოკიდებულია არა მხარის როლზე პროცესში, არამედ მოთხოვნის საფუძველზე. ის ვინც ითხოვს ვალდებულების შესრულებას, უნდა დაამტკიცოს მოთხოვნის საფუძვლის არსებობა არა მხოლოდ მაშინ, როდესაც იგი ითხოვს თავისი მოთხოვნის შესრულებას, ან აღიარებას, არამედ მაშინაც, როდესაც იგი თავს იცავს მოწინააღმდეგე მხარის ნეგატიური აღიარებითი სარჩელისაგან (მოთხოვნისაგან).

74. მტკიცების ტვირთისაგან უნდა გავმიჯნოთ ფაქტების მითითების ტვირთი, როგორც მხარის ფაკულტატური მოვალეობა. მხარეები სსკ-ის მე-4 მუხლის თანახმად სრულიად თავისუფალნი არიან მიუთითონ ნებისმიერ ფაქტზე. ეს მათი უფლებაა, მაგრამ მათ მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება, ე.ი. იმის დადგენა და გარკვევა, თუ რამდენად ასაბუთებენ ეს ფაქტები იურიდიულად მხარეთა მოთხოვნებს და შესაგებელს – ეს უკვე სასამართლის პრეროგატივაა. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ კრიტერიუმი, რომლითაც უნდა იხელმძღვანელოს სასამართლომ იმისათვის, რომ სწორად განსაზღვროს მხარეთა მიერ მითითებული ფაქტებიდან, თუ რომელი ამართლებს სამართლებრივად მხარეთა მოთხოვნებს (შესაგებელს) და რომელი არა, ესაა – სარჩელის საგანი (მოსარჩელის მოთხოვნის შინაარსი), მოპასუხის შესაგებელი და შესაბამისი მატერიალურ სამართლებრივი ნორმა.შესაბამისად, მოსარჩელემ, როგორც წესი, უნდა დაამტკიცოს ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის წარმოშობის საფუძველს, ხოლო მოპასუხემ კი - ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს (იხ., ჰაინ ბიოლინგი, ლადო ჭანტურია, სამოქალაქო საქმეებზე გადაწყვეტილებათა მიღების მეთოდიკა, თბ., 2003, გვ.64). განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელემ შეძლო დაედასტურებინა, რომ მას 2017 წლის პირველი მარტის მდგომარეობით, სამუშაოების ის ნაწილი, რომლის ობიექტურად შესრულებაც შეიძლებოდა, შესრულებული ჰქონდა.

75. საქმის განმხილველი სასამართლო შეზღუდულია მხოლოდ მხარის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებებით, რაც შეეხება სამართლის ნორმების გამოყენებას, სასამართლო, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით, ადგენს თუ რა სამართლებრივი ურთიერთობა არსებობს მხარეთა შორის და ამ ურთიერთობის მარეგულირებელი სამართლებრივი ნორმების საფუძველზე აკმაყოფილებს ან არ აკმაყოფილებს სარჩელს. მხარეთა შორის არსებული ურთიერთობის შეფასება შედის სასამართლოს კომპეტენციაში, თუმცა საქმეზე გადაწყვეტილება მიღებულ უნდა იქნეს შეჯიბრებითობის პრინციპის სრულად რეალიზაციის პირობებში. სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა აგებულია რა დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის პრინციპებზე, პირის დარღვეული ან სადავოდ ქცეული უფლების დაცვა ამავე პირის ნებაზეა დამოკიდებული. მხარეები სამოქალაქო სამართალწარმოებაში თვითონვე განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის შეტანის შესახებ (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3-4-ე მუხლები), რაც კანონის მოთხოვნათა დაცვით (ამავე კოდექსის 178-ე მუხლი) უნდა აისახოს მხარეთა მიერ სასამართლოში წარდგენილ სარჩელში.

76. მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა შორის წარმოშობილია ნარდობის სამართლებრივი ურთიერთობა (სსკ-ის 629-ე, 648-ე მუხლები). საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ნარდობა ორმხრივი და სასყიდლიანი ხელშეკრულებაა (სსკ-ის 629-ე მუხლი), რომლის ორივე ხელშემკვრელმა მხარემ, სსკ-ის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, ნაკისრი ვალდებულება უნდა შეასრულოს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას (შდრ: სუსგ-ები: №ას-240-2023, 21 მარტი, 2023 წ. პ.10; №ას-1142-2021, 10 ნოემბერი, 2022 წელი; №ას-1315-2020, 09.09.2021წ; №ას-764-2019, 02.03.2019წ.). ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური. ნარდობა დაკავშირებულია მენარდის ვალდებულებასთან – შეასრულოს ხელშეკრულებით განსაზღვრული სამუშაო და გადასცეს შემკვეთს შეთანხმებული საზღაურის მიღების პირობით შესრულებული სამუშაოს შედეგი. შემკვეთი მოვალეა გადაუხადოს მენარდეს საზღაური, როგორც წესი, სამუშაოს შესრულების შემდეგ (იხ., ძლიერიშვილი ზ., „ნარდობის ხელშეკრულება“ (თეორია და პრაქტიკა), თბილისი, 2016, გვ.288).

77. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ნარდობა დაკავშირებულია მენარდის ვალდებულებასთან - შეასრულოს ხელშეკრულებით განსაზღვრული სამუშაო და გადასცეს შემკვეთს შეთანხმებული საზღაურის მიღების პირობით შესრულებული სამუშაოს შედეგი. შემკვეთი კი სსკ-ის 648-ე მუხლის თანახმად, მოვალეა გადაუხადოს მენარდეს საზღაური სამუშაოს შესრულების შემდეგ, თუ ხელშეკრულება არ ითვალისწინებს ნაწილ-ნაწილ გადახდას“ (შდრ: სუსგ №ას-1522-2019, 12 თებერვალი, 2021 წელი, პ.34.).

78. კასატორი არ ეთანხმება გასაჩივრებულ განჩინების დასაბუთებას, რომლითაც სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელემ ჯეროვნად შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება. საკასაციო პალატას მიაჩნია, კასატორს არ აქვს წარმოდგენილი დასაშვები (დასაბუთებული) საკასაციო პრეტენზია (შდრ: სუსგ №ას-1504-2022,10 მარტი, 2023 წელი, პპ: 40-43) შემდეგ გარემოებათა გამო:

79. დადგენილია, რომ მოპასუხეს იგივე პრეტენზია ჰქონდა სააპელაციო საჩივარში დაყენებული, რასათან დაკავშირებითაც სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სსსკ-ის 105-ე მუხლზე და აღნიშნა, რომ 2019 წლის 25 დეკემბრის აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს აკრედიტაციის ცენტრის შპს „ე.ჰ–ის“ ინსპექტირების ანგარიშით, რომელიც გაცემულია მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციისა და მასალების შესწავლის საფუძველზე, ასევე, ჩატარებული აზომვითი სამუშაოების შედეგად მიღებული მონაცემების ხარჯთაღრიცხვასთან შედარების გზითა და ფორმა N2-ებთან მოქმედი ტექნიკური რეგულირების დოკუმენტების მოთხოვნათა შესაბამისად, დგინდება, რომ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის ნაძალადევის რაიონში ......... ქუჩის მიმდებარედ სკვერის მოწყობის სამუშაოების ოდენობა შეესაბამება ხარჯთაღრიცხვის და ფორმა N2-ის მოცულობებს, ღირებულებით 80 488.90 ლარი, დღგ-ს ჩათვლით; ფორმა N2-ში მითითებული ერთეულის ღირებულებები შეესაბამება ხარჯთაღრიცხვაში მითითებულ ერთეულის ღირებულებებს და მიეცა დადებითი რეკომენდაცია.

80. კასატორის პრეტენზიას, რომელიც ზემოაღნიშნული დოკუმენტის იურიდიულ ძალას, დამაჯერებლობასა და დასაბუთებულობას შეეხება, საკასაციო პალატა არ იზიარებს დაუსაბუთებლობის გამო, რადგან აღნიშნულ საექსპერტო დასკვნასთან დაკავშირებით სააპელაციო პრეტენზიის (რომ დასკვნას არ ერთვის მასში ნახსენები ფოტომასალა, რომლის დათვალიერების შემთხვევაში სასამართლოსათვის თვალსაჩინო გახდებოდა, რომ სამუშაოები რეალურად, ხარვეზით იყო შესრულებული), საპირისპიროდ, სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ იმგვარი საკითხების კვლევისას, რომელსაც სჭირდება სპეციალური ცოდნა, სასამართლო ეყრდნობა სწორედ ამ სპეციალური ცოდნით აღჭურვილი პირის (მოცემულ შემთხვევაში - სამშენებლო საკითხებში ექსპერტის) დასკვნას. შპს „ე.ჰ–ის“ ინსპექტირების ანგარიშის შესწავლისა და ანალიზის შედეგად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მის გასაქარწყლებლად არ გამოდგება აპელანტის ის პოზიცია, რომ ანგარიშს არ ერთვის ფოტომასალა, რომელიც თავად ექსპერტმა გადაიღო ადგილზე, ვინაიდან დასკვნის შეფასებისას (იმდენად, რამდენადაც იგი სპეციალური ცოდნით აღჭურვილი პირის კომპეტენციას ეფუძნება), სასამართლო ეყრდნობა მის კვლევით ნაწილს, რადგან სწორედ კვლევითი ნაწილია ასახული საბოლოო დასკვნაში. სამუშაოების ფოტომასალის არსებობის შემთხვევაშიც, პალატა მათ ექსპერტისაგან განსხვავებულ შეფასებას ვერ მისცემდა, შესაბამისი კომპეტენციის არქონის გამო. მოპასუხე მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ ექსპერტიზის დასკვნის შინაარს სადავოდ ხდის, თუმცა რაიმე საწინააღმდეგო და საპირწონე მტკიცებულება (იგივე ექსპერტიზის დასკვნა ან სხვ.) მოპასუხეს სასამართლოსათვის არ წარუდგენია. მოპასუხე შემოიფარგლა მხოლოდ ზეპირსიტყვიერი შეფასებით მოსარჩელის მიერ წარდგენილ ექსპერტიზის დასკვნასთან დაკავშირებით, რაც სააპელაციო პალატის ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, არ ქმნის მისი გაზიარების საფუძველს. ( იხ. წინამდებარე განჩინების პ. 33-38).

81. ამასთან, დადგენილი გარემოებაა, რომ მოპასუხეს არ გაუსაჩივრებია პირველი ინსტანციის სასამართლოს ის განჩინება, რომლითაც მას შპს „ე.ჰ–ის“ ანგარიშზე დანდართული ფოტომასალის საქმეზე დართვის შესახებ შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარი ეთქვა.( იხ. წინამდებარე განჩინების პ.39).

82. დადგენილია, რომ მოსარჩელემ, თავისი მტკიცების საგანში შემავალი ფაქტობრივი გარემოების დასადასტურებლად წარადგინა ექსპერტიზის დასკვნა (იხ., ტ.1. ს.ფ. 71-88.)

83. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ „ექსპერტიზის დასკვნა, ესაა მტკიცებულების ერთ-ერთი სახე, რომელიც შესაძლებელია გამოყენებული იქნეს საქმის გარემოებათა დასადგენად. იმის მიხედვით, თუ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე რა გარემოებაა დასადგენი. თავად ექსპერტი კი, პროცესის მონაწილე დამხმარე სუბიექტია, რომელიც ფლობს სპეციალურ ცოდნას მეცნიერების, ტექნიკის, მედიცინის, ხელოვნების ან ხელობის დარგში. მის მიერ შედგენილ დასკვნაში გადმოცემულია გამოკვლევის შინაარსი, შედეგები და პასუხი მის წინაშე დასმულ კითხვებზე. სსსკ-ის 162-ე მუხლის ნორმატიული გაგებით, მტკიცების ამ საშუალებით შესაძლებელია საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტის დადგენა, ხოლო ამგვარი მტკიცებულების გარეშე, ზოგიერთ შემთხვევაში, საქმეზე გადაწყვეტილების გამოტანა შეუძლებელია. ექსპერტიზის საჭიროება საქმეზე დასადგენი გარემოებების თავისებურებიდან გამომდინარეობს. ექსპერტიზის დასკვნა, როგორც სპეციალური ცოდნით აღჭურვილი პირის კვლევის წერილობითი შედეგი, პასუხს სცემს სამოქალაქო საქმესთან დაკავშირებით მხარეთა ანდა სასამართლოს მიერ დასმულ კითხვებს. (იხ., ილონა გაგუა, „მტკიცებულებები და მტკიცების პროცესი კერძო ხასიათის სამართლებრივ დავებზე“, 2020 წელი, გვ: 97-99,102, 106-107, 112-113. რედაქტორები: ზურაბ ძლიერიშვილი, ნუნუ კვანტალიანი).

84. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ მტკიცების საპროცესო ვალდებულების შესრულების პირობებში, მოსარჩელის მიერ წარდგენილი ექსპერტიზის დასკვნის საწინააღმდეგო მტკიცების საპროცესო საშუალების წარმოდგენის ვალდებულებამ, მოპასუხის (შემკევთის მხარეზე გადაინაცვლა). შესაბამისად, დავის საერთო სასარჩელო წესით განხილვისას, მოპასუხეს შეეძლო საპირისპირო გარემოების დასადასტურებლად და მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნის გასაქარწყლებლად თავადაც წარმოედგინა რელევანტური მტკიცებულება (სხვა საექსპერტო დასკვნა).

85. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ დისპოზიციურობის პრინციპი სამოქალაქო საპროცესო სამართალში ნიშნავს მხარეთა თავისუფლებას, განკარგოს თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები. ამ პრინციპზეა აგებული სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა. უფლების დასაცავად სასამართლოსათვის მიმართვა თვით დაინტერესებული პირის ნება-სურვილზეა დამოკიდებული. მისი ნების გარეშე, არავის აქვს უფლება, მიმართოს სასამართლოს. მხარეები თვითონ წარუდგენენ სასამართლოს მტკიცებულებებს. ისინი თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. თუმცა, მხარემ უნდა უზრუნველყოს მტკიცების საპროცესო საშუალებათა დროული განკარგვა. სასამართლო კი, დისპოზიციურობის პრინციპიდან გამომდინარე, ვერ უზრუნველყოფს მხარისათვის იურიდიული დახმარების გაწევას, რაც თანაბრობას დაარღვევს და სამართალწარმოებას მიკერძოებულს გახდის. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი უზრუნველყოფს სამართლიანი სასამართლო განხილვის პროცედურულ უფლებას. სამართლიანობის მოთხოვნა კი, მიემართება მთლიანად სასამართლო პროცესს; იგი არ არის შემოფარგლული მხარეებს შორის დავის წარმოებით. სამართლიანი სასამართლოს კონცეფცია, თავის თავში მოიცავს სასამართლოს მხრიდან მხარისათვის საკუთარი პოზიციის დაცვის მოსამზადებლად ადეკვატური დროის განსაზღვრას და დაცვის მომზადების შესაძლებლობის მიცემას. საპროცესო მოქმედების განსაზღვრულ დროში შესრულების კონკრეტული მაგალითია ექსპერტის დასკვნის საქმის მომზადების სტადიაზე წარდგენის აუცილებლობაც (სსსკ-ის 162-ე მუხლის მე-2 ნაწილი და 219-ე მუხლის პირველი ნაწილი), რასაც განსახილველ დავაში, მოპასუხემ თავი ვერ გაართვა - არ წარმოადგინა მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნის საპირწონე მტკიცებულება. მით უმეტეს, აღანიშნავია, რომ „ერთი მხარის მიერ წარდგენილი ექსპერტიზის დასკვნის მტკიცებულებითი მნიშვნელობის შეფასება დამოკიდებულია მეორე მხარის კვალიფიციურ შედავებაზე. ცხადია, აქ მხოლოდ მოწინააღმდეგე მხარის ზეპირსიტყვიერი, ექსპერტიზის დასკვნის საწინააღმდეგო მოსაზრება არ იგულისხმება. ამდენად, ერთი მხარის მიერ წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნის გაქარწყლების ვალდებულება, მტკიცებულებათა შეფასების ეტაპზე უაღრესად დიდი მნიშვნელობის მქონეა. კერძო დავებზე წარმატების მისაღწევად კი, მხარეებმა ჯეროვნად უნდა განკარგონ თავიანთი საპროცესო უფლებები, რაც დავის ფაქტობრივ გარემოებებზე მითითებისა და მათი რელევანტური მტკიცებულებებით დამტკიცების ტვირთის რეალიზებაში მდგომარეობს. ამ უფლებით თანაბრად სარგებლობს როგორც მოსარჩელე (სარჩელის ფაქტობრივი გარემოებების დადასტურება), ასევე, მოპასუხე (სარჩელის ფაქტობრივი გარემოებების გაქარწყლება)“ (იხ., ილონა გაგუა, „მტკიცებულებები და მტკიცების პროცესი კერძო ხასიათის სამართლებრივ დავებზე“, 2020 წელი, გვ: 117-121. რედაქტორები: ზურაბ ძლიერიშვილი, ნუნუ კვანტალიანი).

86. განსახილველ შემთხვევაში, ექსპერტიზის დასკვნაში მითითებული გარემოებების გათვალისწინებით, მოსარჩელემ თავის მტკიცების ტვირთს წარმატებით გაართვა თავი. აღნიშნულის საწინააღმდეგოდ, კასატორმა დასაშვები (დასაბუთებული) საკასაციო პრეტენზია ვერ წარმოადგინა სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტების მიმართ.

87. რაც შეეხება საკასაციო საჩივარზე დართულ ინსპექტირების ანგარიშს, კასატორი მოითხოვს, რომ აღნიშნული დაერთო საქმეს, რათა საკასაციო სასამართლო დარწმუნდეს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება მიღებულია არასრული დოკუმენტის საფუძველზე, რომელიც არ შეესაბამება მის დედანს (იხ., ს.ფ. 78-101, ტ.4). საკასაციო პალატა განუმარტავს კასატორ მხარეს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს საკასაციო სასამართლოს მიერ ფაქტობრივი გარემოებების შეფასების პროცესუალურ ფარგლებს და მისი შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო სასამართლოში ახალ ფაქტებზე მითითება და ახალი მტკიცებულებების წარმოდგენა არ დაიშვება. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე დართული დოკუმენტი.

88. ამდენად, საკასაციო პალატას მიიჩნია, რომ ვინაიდან მოსარჩელემ მისი მტკიცების ფარგლებში შეძლო სათანადო და განკუთვნადი მტკიცებულების წარმოდგენა და დადასტურება იმისა, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები სრულად შეასრულა, საპირისპირო რელევანტური მტკიცებულებების არარსებობის პირობებში, საფუძვლიანია აღნიშნული სამუშაოების შესრულებულად აღიარების შესახებ მოთხოვნა. ზემოაღნიშნულის შესაბამისად კი, მართლზომიერია კასატორისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ ნარდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული მოთხოვნილი თანხის ანაზღაურების დაკისრება.

89. რაც შეეხება საბანკო გარანტიიით გადახდილი თანხის ანაზღაურების მოთხოვნას, საკასაციო პალატა მიუთითებს, საქმეზე დადგენილია, რომ 2019 წლის 05 ივლისის სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების მე-8 მუხლის შესაბამისად, მიმწოდებლის მიერ ნაკისრი ვალდებულების სრული და ჯეროვანი შესრულების უზრუნველსაყოფად გამოყენებული იყო საბანკო გარანტია. გარანტიის გაცემის საფუძველი გახდა სადაზღვევო კომპანიას და მოსარჩელეს შორის 2019 წლის 21 მარტს გაფორმებული საბანკო გარანტიის გაცემის შესახებ NGBG 03221 გენერალური ხელშეკრულება. საბანკო გარანტიით გათვალისწინებული თანხა შეადგენდა 24 151.57 ლარს, ხოლო საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა მოიცავდა 2019 წლის 03 ივლისიდან 2020 წლის 20 თებერვლის ჩათვლით პერიოდს.

90. საბანკო გარანტიის ძალით ბანკი, სხვა საკრედიტო დაწესებულება ან სადაზღვევო ორგანიზაცია (გარანტი) სხვა პირის (პრინციპალის) თხოვნით კისრულობს წერილობით ვალდებულებას, რომ, ნაკისრი ვალდებულების შესაბამისად, გადაუხდის პრინციპალის კრედიტორს (ბენეფიციარს) ფულად თანხას გადახდის შესახებ ბენეფიციარის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე (სსკ-ის 879-ე მუხლი).

91. რადგან მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულება უზრუნველყოფილი იყო საბანკო გარანტიით, ამიტომაც საკასაციო პალატა მიზანშეწონილად მიიჩნევს, იმსჯელოს ზოგადად საბანკო გარანტიის სამართლებრივ ბუნებაზე და აღნიშნავს, რომ კანონმდებლობა საბანკო გარანტიას განიხილავს, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის ერთ-ერთ საშუალებას, რომელიც სხვა უზრუნველყოფის საშუალებებისაგან განსხვავდება თავისი დამოუკიდებლობით _ არააქცესორულობით, რაც გულისხმობს იმას, რომ ძირითადი ვალდებულება _ ხელშეკრულება, რომლის უზუნველსაყოფადაც საბანკო გარანტია გაიცა, გავლენას ვერ ახდენს ამ უკანასკნელზე. საბანკო გარანტია შესასრულებელია გაცემული პირობების ფარგლებში ბენეფიციარის მოთხოვნისთანავე, მიუხედავად იმისა, არსებობს თუ არა ძირითადი ვალდებულებიდან გამომდინარე შესაგებელი. საბანკო გარანტიის დამოუკიდებლობას ძირითადი, უზრუნველყოფილი ვალდებულებისაგან (პრინციპალსა და ბენეფიციარს შორის არსებული ვალდებულება), განაპირობებს მისი არააქცესორული ბუნება. თავად საბანკო გარანტია წარმოადგენს დამოუკიდებელ ვალდებულებას [სსკ-ის ის 881-ე მუხლი}. პრინციპალის ძირითადი ვალდებულების გაბათილება, შეწყვეტა ან სამართლებრივი ვითარების სხვაგვარი შეცვლა, თავისთავად არ გამოიწვევს საბანკო გარანტიის მოქმედების შეწყვეტას. ამიტომაც, საბანკო გარანტიაში მკაფიოდ უნდა აისახოს მისი დაკმაყოფილების წინაპირობები (იხ., სუსგ Nას-749-709-2015 , 25 სექტემბერი, 2015 წელი).

92. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 879-ე მუხლის მიხედვით საბანკო გარანტია ფულადი ვალდებულებაა, რომელიც ბენეფიციარს შესაძლებლობას ანიჭებს, მოვალის (პრინციპალის) მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, მიმართოს გარანტს წერილობით, მოითხოვოს გადახდა და მიიღოს მოთხოვნილი თანხა. მას ამისათვის არ სჭირდება წინასწარ მიმართვა რომელიმე იურისდიქციის ორგანოსთვის, თავისი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად. ასეთი მიდგომა ბენეფიციარის უფლების დასაცავად, გამოწვეულია საქონლის/მომსახურების სწრაფად მზარდი ბრუნვით როგორც ქვეყნის შიდა, ასევე საერთაშორისო ბაზარზე, როცა ყველა მხარე დაინტერესებულია ხელშეკრულებების სწრაფად შესრულებაში და მისი შეუსრულებლობის/არაჯეროვანი შესრულების გარემოება დადგება (იხ. ნინო ჭიპაშვილი, საბანკო გარანტია საქართველოს კანონმდებლობისა და საერთაშორისო უნიფიცირებული წესების მიხედვით, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი, თბილისი, 2015, გვ. 94.)

93. საბანკო გარანტიის მთავარი განმასხვავებელი თავისებურება სხვა უზრუნველყოფის საშუალებებისაგან ის არის, რომ იგი არ არის დამოკიდებული ხელშეკრულებაზე, რომლის უზრუნველსაყოფადაც გაიცა გარანტია. საბანკო გარანტია არააქცესორული ვალდებულებაა. იგი ბენეფიციარის კუთვნილი მოთხოვნის დაკმაყოფილებას იმ შემთხვევაშიც უზრუნველყოფს, როცა საბანკო გარანტიით უზრუნველყოფილი ძირითადი ვალდებულებიდან გამომდინარე ბენეფიციარის მოთხოვნა არ წარმოშობილა, მთლიანად ან ნაწილობრივ შესრულდა, შეწყდა ან ბათილია. (საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საბანკო გარანტიის თავისებურებებთან დაკავშირებით ყურადსაღებია გერმანიის საკანონმდებლო და პრაქტიკული მიდგომები, საქართველოსათვის, როგორც რომანულ-გერმანული სამართლებრივი სისტემის ქვეყნისათვის, შესაბამისად, დამატებით ამ საკითხზე იხილეთ: MüKo HGB/ Welter, Zahlungsverkehr, Rn.3; Sorgel/Heuser Vorb. zu §765-778 BGB, Rn.64; MüKo BGB, Habersack Vorb. zu §765-778 BGB, Rn.20; BGH WM 1999, 73; Graf von Westphalen/Jud/Westphalen, Die Bankgarantie im internacionalen Handelsverkehr, S.166; Staudinger/ Horn Vorb. zu zu §765-778 BGB, Rn.320; Goode, Guide to the ICC Uniform Rules for Demand Guarantees, S.55).

94. საბანკო გარანტიიდან გამომდინარე, გარანტის ვალდებულება ბენეფიციარის წინაშე გარანტის მხრიდან შესასრულებელია იმ მომენტიდან, როდესაც ბენეფიციარი გარანტს წარუდგენს მოთხოვნას ფულადი თანხის გადახდის შესახებ. მხარეები საბანკო გარანტიაში ჩვეულებრივ თვითონ განსაზღვრავენ იმ წინაპირობებს, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც ბენეფიციარი უფლებამოსილია მოითხოვოს გადახდა. მოთხოვნის წარდგენის ფორმალური წინაპირობების დაცვას განსაკუთრებული ყურადღება „პირველივე მოთხოვნისთანავე გადახდის გარანტიის“ დროს ექცევა, ვინაიდან ამ შემთხვევაში, ბენეფიციარს ფაქტობრივად შეუზღუდავი უფლებამოსილება გააჩნია, რისი კომპენსირებაც სწორედ ამ ფორმალურ პროცედურაზე აქცენტის გადატანით ხდება.

95. სამოქალაქო კოდექსის 885.I მუხლის თანახმად, საბანკო გარანტიიდან გამომდინარე, ბენეფიციარის მოთხოვნა გარანტს წერილობითი ფორმით უნდა წარედგინოს. საბანკო გარანტიის ჯეროვანი მოთხოვნისათვის აუცილებელი წინაპირობაა იმის დადგენაც, რომ, საბანკო გარანტიიდან გამომდინარე, მოთხოვნის წარდგენა უფლებამოსილი პირის მიერ ხდება. სწორედ ამას ემსახურება წერილობითი ფორმა. იგი მიზანდ ისახავს ბანკის დარწმუნებას, რომ მოთხოვნის წარმდგენი ნამდვილად ბენეფიციარია. ბენეფიციარის მოთხოვნას თან უნდა დაერთოს გარანტიაში მითითებული დოკუმენტები. როგორც წესი, გარანტს ეს დოკუმეტები ორიგინალში უნდა წარედგინოს. ასლების წარდგენა არ არის საკმარისი. გარდა ამისა, მოთხოვნაში ან მის დანართში ბენეფიციარმა უნდა მიუთითოს პრინციპალის მიერ ძირითადი ვალდებულების დარღვევის ფაქტი და ასევე ის, თუ რაში გამოიხატა ეს დარღვევა. იმის მტკიცება, ნამდვილად წარმოეშვა თუ არა ბენეფიციარს საბანკო გარანტიით უზრუნველყოფილი ვალდებულებიდან მოთხოვნა პრინციპალის მიმართ, ბენეფიციარს არ ეკისრება.

96. როგორც წესი, საბანკო გარანტიის მოქმედების ვადის განსაზღვრა კონკრეტული თარიღის მითითებით ხდება. ვადის მიზანია ბენეფიციარის მოთხოვნის განხორციელების დროში შეზღუდვა. ბენეფიციარს გარანტისათვის მოთხოვნის წარდგენა მხოლოდ მაშინ ჩაეთვლება დროულად, თუკი გარანტს მოთხოვნა თანდართული დოკუმენტებით გარანტიაში მითითებული ვადის გასვლამდე წარედგინება (სსკ-ის 885.III მუხლი). ვადის გაშვების რისკი ბენეფიციარს ეკისრება. თუკი მოთხოვნა დროულად იქნა წარდგენილი, მაგრამ უარი ეთქვა დაკმაყოფილებაზე, ბენეფიციარი უფლებამოსილია გარანტიის მოქმედების ვადის გასვლამდე ჯეროვანი წესით ხელახლა წარადგინოს მოთხოვნა და მოითხოვოს დაკმაყოფილება.

97. ბენეფიციარის მოთხოვნა არ გულისხმობს იმას, რომ გარანტმა ყველა შემთხვევაში, უპირობოდ უნდა დააკმაყოფილოს მისი მოთხოვნა. ბენეფიციარის მოთხოვნის მიღებისთანავე, გარანტი ვალდებულია, უპირველეს ყოვლისა, აღნიშნულის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს პრინციპალს და გადასცეს მას მოთხოვნის ასლი მასთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტითურთ. დაუყოვნებელ შეტყობინებაში იგულიხმება შეტყობინება „ბრალეული გაჭიანურების გარეშე“ და იგი, როგორც წესი, მომდევნო საბანკო სამუშაო დღეა. ამ რეგულირებას ის გარემოება უდევს საფუძვლად, რომ საბანკო გარანტია სხვისი, კერძოდ, პრინციპალის ვალდებულების უზრუნველყოფის მიზნით გაიცემა. გარანტი პრინციპალის ვალდებულებას ასრულებს ბენეფიციარის მიმართ და შემდეგ ამ უკანსკნელის მიმართ რეგრესული წესით ითხოვს იმ თანხის გადახდას, რომელიც მან გადაუხადა ბენეფიციარს (იხ. ნინო ჭიპაშვილი, საბანკო გარანტია საქართველოს კანონმდებლობისა და საერთაშორისო უნიფიცირებული წესების მიხედვით, გრიგოლ რობაქიძის ახელობის უნივერსიტეტი, თბილისი, 2015, გვ. 141;148.)

98. სსკ-ის 887.I მუხლის თანხმად, გარანტი უფლებამოსილია (და ვალდებულიც) შეამოწმოს, თუ რამდენად შეესაბამება ბენეფიციარის მოთხოვნა გარანტიის პირობებს. ბენეფიციარის მოთხოვნისა და მასზე თანდართული დოკუმენტების შესაბამისობის შემოწმება გარანტიის პირობებთან მოიცავს იმასაც, თუ რამდენად დაიცვა ბენეფიციარმა მოთხოვნის წარდგენისას სსკ-ის 885-ე მუხლით დადგენილი მოთხოვნები. თუ შემოწმების შედეგად გარანტი დაასკვნის, რომ ბენეფიციარის მოთხოვნა ან მასზე თანდართული დოკუმენტები არ შეესაბამება გარანტიის პირობებს ან ისინი გარანტს წარედგინა გარანტიით განსაზღვრული ვადის დამთავრების შემდეგ, იგი უარს ეტყვის ბენეფიციარს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე. გარანტს უფლება არა აქვს სხვა საფუძვლით განაცხადოს უარი ბენეფიციარის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე. გარანტმა უარის შესახებ დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს ბენეფიციარს. გარანტის უარი არ ნიშნავს, რომ გარანტის ვალდებულება წყდება. ბენეფიციარს შესაძლებლობა უნდა ჰქონდეს საბანკო გრანტიის მოქმედების დარჩენილი დროის განმავლობაში ხელმეორედ წარადგინოს მოთხოვნა გარანტის მიმართ და მოსთხოვოს მას საბანკო გარანტიიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულება.

99. თუკი ბენეფიციარის მოთხოვნის დაკმაყოფილებამდე გარანტისთვის ცნობილი გახდა, რომ პრინციპალმა განახორციელა ბენეფიციარის დაკმაყოფილება, ე.ი. ძირითადი ვალდებულება შესრულდა, შეწყდა რაიმე სხვა საფუძვლით, ან ბათილია სსკ-ის 887.II მუხლის შესაბამისად, მან დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს ამის შესახებ ბენეფიციარსა და პრინციპალს. მხოლოდ ამგვარი შეტყობინება არ წარმოადგენს ვალდებულებისგან გარანტის გათავისუფლების საფუძველს. თუ ბენეფიციარის მოთხოვნა განმეორდა, მაშინ საბანკო გარანტიის არააქცესორული ბუნებიდან გამომდინარე, გარანტი ვალდებულია დააკმაყოფილოს ბენეფიციარის მოთხოვნა. გარანტის შეტყობინება უზრუნველყოფს იმას რომ, გარანტი არ ჩაითვლება ვადის გადამცილებლად ბენეფიციარის წინაშე, ვიდრე იგი ბენეფიციარისგან არ მიიღებს ხელმეორე მოთხოვნას და მისი განხილვის გონივრული ვადა არ ამოიწურება. გარანტს რეგრესული ანაზღაურების უფლება არ წარმოეშობა მაშინ, თუკი საბანკო გარანტიიდან გამომდინარე თანხის ანაზღაურება გარანტიის პირობების საწინააღმდეგოდ განახორციელა.

100. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ შესრულების გარანტიის (საბანკო გარანტიის ერთ-ერთი სახე) მთავარ მიზანს შეუსრულებლობით ან არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის კომპენსირება წარმოადგენს. მსგავსი გარანტია დამკვეთის მხრიდან საკონტრაქტო ფასის შესაბამისი სრული მომსახურების მიღებას და იმ დანაკარგის კომპენსაციას ემსახურება, რაც შეიძლება კონტრაქტის არასათანადო შესრულებით წარმოიშვას, ასევე, ფარავს იმ რისკს, რაც მიწოდებულ პროდუქციაში დეფექტების აღმოჩენასთან არის დაკავშირებული. ამდენად, შესრულების საბანკო გარანტია არასათანადო შესრულებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების მაკომპენსირებელ საშუალებას წარმოადგენს და მისი ჯარიმის-სანქციის ფორმით გამოყენება, საბანკო გარანტიის მიზანთან წინააღმდეგობაში მოდის. (შდრ: სუსგ №ას-1633-2019, 9 მარტი, 2020 წ, პ.77.).

101. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ 2020 წლის 20 თებერვალს, მოპასუხემ, სადაზღვევო კომპანიას მიმართა და მოითხოვა 2019 წლის 3 ივლისს გაცემული NGBG 032221/16 საბანკო გარანტიით გათვალისწინებული თანხის 24151.57 ლარის გადარიცხვა, რაც გარანტორმა შეასრულა. 2020 წლის 19 მაისს სადაზღვევო კომპანიას და მოსარჩელეს შორის შედგა შეთანხმების აქტი, რომლის თანახმად, მოსარჩელემ იკისრა ვალდებულება აენაზღაურებინა სადაზღვევო კომპანიის მიერ გამგეობისთვის გადახდილი თანხა, რაც შეასრულა.

102. საქმეზე დადგენილია, რომ მოსარჩელემ (მენარდე) ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება შეასრულა ჯეროვნად, ხოლო ბენეფიციარის - გამგეობის მოთხოვნა სადაზღვევო კომპანიისათვის 2019 წლის 3 ივლისს გაცემული NGBG 032221/16 საბანკო გარანტიით გათვალისწინებული 24151.57 ლარის გადახდაზე კი, იყო არამართლზომიერი. შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნა საბანკო გარანტიიდან გამომდინარე გადახდილი თანხის - 24151.27 ლარის ანაზღაურების შესახებ, უნდა დაკამყოფილდეს.

103. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, არ იკვეთება საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლის არსებობა, ვინაიდან ნორმის დანაწესით საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. როგორც საქმის მასალებით ირკვევა, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან, არც დასაბუთებული პოზიციაა წარმოდგენილი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციათან ანდა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით.

104. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისითაც. ნარდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სამართლებრივ საკითხებზე არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა, რომელთა ნაწილიც ასახულია წინამდებარე განჩინებაში.

105. შესაბამისად, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც, მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

106. კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან კანონის საფუძველზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ნაძალადევის რაიონის გამგეობის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო;

2. კასატორს უკან დაბრუნდეს საკასაციო საჩივარზე დართული დოკუმენტები (ტ.4.ს.ფ.78-101).

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზურაბ ძლიერიშვილი

მოსამართლეები: ეკატერინე გასიტაშვილი

მირანდა ერემაძე