საქმე №ას-552-2023 20 ივნისი, 2023 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ეკატერინე გასიტაშვილი, მირანდა ერემაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – სსიპ თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – მ.ს–ი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 17 მარტის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის უარყოფა
დავის საგანი - სსიპ თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის სხდომის ოქმების ბათილად ცნობა, კომპენსაციისა და იძულებითი განაცდურის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. მ.ს–მა (შემდეგში - მოსარჩელე ან მოწინააღმდეგე მხარე) სარჩელი აღძრა სსიპ თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის მიმართ (შემდეგში - კონსერვატორია ან მოპასუხე ან კასატორი) შემდეგი მოთხოვნებით: 1.1. ბათილად იქნეს ცნობილი კონსერვატორიის საკონკურსო კომისიის 2019 წლის 15 ოქტომბრის №01 ოქმი; 1.2. ბათილად იქნეს ცნობილი კონსერვატორიის საკონკურსო კომისიის 2019 წლის 16 ოქტომბრის №02 ოქმი;1.3. ბათილად იქნეს ცნობილი კონსერვატორიის საკონკურსო კომისიის 2019 წლის 19 დეკემბრის №04 ოქმი; 1.4. ბათილად იქნეს ცნობილი კონსერვატორიის აკადემიური საბჭოს 2019 წლის 23 დეკემბრის №11 ოქმი; 1.5. მოპასუხე კონსერვატორიას მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს კომპენსაციის გადახდა 60 000 ლარი, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით; 1.6. მოპასუხე კონსერვატორიას მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს იძულებითი განაცდურის სახით ყოველთვიურად 1 000 ლარის ანაზღაურება 2015 წლის 22 იანვრიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით.
2. სარჩელში მითითებულია, რომ მოსარჩელემ 2015 წლის 22 იანვარს მონაწილეობა მიიღო კონსერვატორიის მიერ გამოცხადებულ კონკურსში, კომპოზიციისა და მუსიკოლოგიის ფაკულტეტის საეკლესიო მუსიკის მიმართულებაზე ასისტენტ - პროფესორის აკადემიური პოზიციის დასაკავებლად. მიუხედავად იმისა, რომ მოსარჩელე კონკურსანტმა წარადგინა მოთხოვნილი კრიტერიუმების დაკმაყოფილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია, მის მიერ კონკურსის პირველი ეტაპის გადალახვა არ იქნა აღიარებული. მოსარჩელეს საკონკურსო კომისიამ არ მიანიჭა შესაბამისი ქულები, რადგან ის არ იყო სასურველი კანდიდატი, პირველ რიგში ასაკის გამო. როგორც კონკურსის ჩატარების ბუნდოვანი წესი, ისე შეფასების დაუსაბუთებელი სისტემა დადგინდა და დამტკიცდა, გამჭვირვალეობისა და სამართლიანობის პრინციპის დარღვევით, აკადემიური და წარმომადგენლობითი საბჭოების მიერ იმ მიზნით, რომ მ.ს–ის კანდიდატურა აღმოჩენილიყო კონკურსს მიღმა. მოსარჩელე კონკურსანტის მიერ ადმინისტრაციული წესით აღძრული სარჩელის საფუძველზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილებით, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის მუსიკოლოგიის მიმართულებაზე აკადემიური პოზიციის დაკავების საკონკურსო კომისიის 2015 წლის 22 იანვრის №1 სხდომის ოქმი, მოსარჩელის მიმართ მიღებული გადაწყვეტილების ნაწილში, ასევე, შესაბამის ნაწილში ბათილად იქნა ცნობილი კონსერვატორიის აკადემიური საბჭოს 2015 წლის 26 იანვრის №8 სხდომის ოქმი, ხოლო კონსერვატორიას დაევალა, საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევისა და შეფასების შედეგად, მ.ს–ის მიმართ გამოეცა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება ძალაში იქნა დატოვებული სააპელაციო და საკასაციო სასამართლოების მიერ. სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, კონსერვატორიის რექტორის 2019 წლის 30 სექტემბრის №2-166-ღ, ბრძანებით შეიქმნა კომისია, რომელსაც დაევალა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილების შესრულება, რაც აისახა შესაბამის ოქმებში. საკონკურსო კომისიამ, დისკრეციის უფლებამოსილების ილუზიით, უგულვებელყო კვალიფიციური და კომპეტენტური სპეციალისტთა დასკვნები და განმარტებები, ფორმალურად ჩაატარა სხდომები და მოსარჩელის მიმართ უსაფუძვლო აქტები გამოსცა.
3. 2021 წლის 8 ოქტომბერს მოსარჩელემ წარმოადგინა დაზუსტებული სარჩელი და ვინაიდან კონსერვატორიაში კომპოზიციისა და მუსიკოლოგიის ფაკულტეტის საეკლესიო მუსიკის მიმართულებაზე ასისტენტ - პროფესორის აკადემიური პოზიცია არ არსებობს, მოითხოვა მოპასუხისთვის კომპენსაციის სახით 60 000 ლარის დაკისრება. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ მითითებული ფაქტობრივი გარემოებები სარჩელის დაკმაყოფილების, კონსერვატორიის ოქმების ბათილად ცნობის, კომპენსაციის და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების საფუძველია.
4. მოპასუხემ წარდგენილ შესაგებელში სარჩელი არ ცნო, ხოლო სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, 2019 წლის 30 სექტემბერს ბრძანებით შეიქმნა საკონკურსო კომისია, რომელმაც უზრუნველყო სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება. მოსარჩელე, როგორც კონკურსანტი, შეფასდა ,,აკადემიური პერსონალის სამსახურის მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის“ საფუძველზე. მ.ს–მა კონკურსის პირველი ეტაპი გადალახა და მიიღო 7.4 ქულა, მეორე ეტაპზე - 8.8 ქულა, მთლიანობაში - 16.2 ქულა, გამსვლელი ქულა იყო 17. ასისტენტ-პროფესორის პოზიციაზე შეფასების ძირითადი კრიტერიუმების: სამეცნიერო-კვლევითი, შემოქმედებით-პრაქტიკული საქმიანობისა და პედაგოგიური უნარების ურთიერთშეჯერების შედეგად, მოსარჩელე გამარჯვებულად ვერ გამოვლინდა. ავტორიზაციის საბჭოს 2019 წლის 23 აგვისტოს გადაწყვეტილებით, მოსარჩელის საჩივარზე ადმინისტრაციული წარმოება შეწყდა, სხდომაზე გამოვლენილი გარემოებების შესწავლის, შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, რითაც კონკურის გაუმჭვირვალედ ჩატარების ფაქტი არ დასტურდება. შესაბამისად, მოპასუხემ მიიჩნია, რომ არ არსებობდა სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი.
5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი კონსერვატორიის საკონკურსო კომისიის 2019 წლის 16 ოქტომბრის №02, 2019 წლის 19 დეკემბრის №04 და აკადემიური საბჭოს 2019 წლის 23 დეკემბრის №11 ოქმები, რომლითაც მოსარჩელეს უარი ეთქვა კონკურსში გამარჯვებულად ცნობაზე; კონსერვატორიას მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა კომპენსაციის გადახდა 18 000 ლარის ოდენობით; სარჩელი იძულებითი განაცდურის ანაზღაურების ნაწილში არ დაკმაყოფილდა.
6. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება ორივე მხარემ გაასაჩივრა სააპელაციო საჩივრით. მოსარჩელე აპელანტმა მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება, ხოლო მოპასუხე აპელანტმა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის გასაჩივრებული გადაწყვეტილებით კონსერვატორიის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება 1.2. და მე-3 პუნქტის ნაწილში და ამ ნაწილში მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება. კონსერვატორიას მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა კომპენსაციის გადახდა 48 000 ლარის ოდენობით.
8. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი:
9. კონსერვატორიის წარმომადგენლობითი საბჭოს 2014 წლის 28 ნოემბრის სხდომაზე დამტკიცდა კომპოზიციისა და მუსიკოლოგიის ფაკულტეტზე აკადემიურ პოზიციაზე გამოსაცხადებელი კონკურსის პირობები, ვადები და კონკურსის ჩატარების წესი.
10. 2015 წლის 14 იანვარს, აკადემიური პოზიციის დასაკავებლად, მოსარჩელემ წარადგინა განაცხადი და ანკეტა. კონსერვატორიის მუსიკოლოგიის მიმართულებებზე აკადემიური პოზიციის (ასისტენტ-პროფესორის) დასაკავებლად საკონკურსო კომისიის 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილებით მოსარჩელეს წარდგენილი დოკუმენტების შეფასების შედეგად, მიენიჭა 6,4 ქულა. საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილებით, კონკურსის შემდეგ ეტაპზე ლექციის წასაკითხად კანდიდატი დაიშვებოდა 7 ქულის დაგროვების შემთხვევაში.
11. კონკურსანტმა სარჩელით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა 2015 წლის 22 იანვრის საკონკურსო კომისიის სხდომის ოქმის და აკადემიური საბჭოს 2015 წლის 26 იანვრის სხდომის ოქმის ბათილად ცნობა. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, კერძოდ, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი კონსერვატორიის მუსიკოლოგიის მიმართულებებზე აკადემიური თანამდებობის დაკავების საკონკურსო კომისიის 2015 წლის 22 იანვრის №1 სხდომის ოქმის მოსარჩელის მიმართ მიღებული გადაწყვეტილების ნაწილში, შესაბამის ნაწილში ბათილად იქნა ცნობილი კონსერვატორიის აკადემიური საბჭოს 2015 წლის 26 იანვრის №18 სხდომის ოქმი და მოპასუხეს დაევალა საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევისა და შეფასების შედეგად, მოსარჩელის მიმართ გამოეცა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
12. კონსერვატორიის რექტორის 2019 წლის 30 სექტემბრის №2-166-ღ ბრძანებით შეიქმნა კომისია, რომელსაც დაევალა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილების აღსრულება.
13. კონსერვატორიის საკონკურსო კომისიის 2019 წლის 16 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, მოსარჩელეს წარმოდგენილი დოკუმენტაციის შეფასების შედეგად, მიენიჭა 7.4 ქულა, რითაც გადალახა კონკურსის პირველი ეტაპი.
14. საკონკურსო კომისიის 2019 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილებით, კონკურსის მეორე ეტაპზე, მოსარჩელის მიერ ჩატარებული ლექცია შეფასდა 8.8 ქულით. კონსერვატორიის 2015 წლის ,,აკადემიური პერსონალის სამსახურის მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის“ შესაბამისად კონკურსანტის მიერ მიღებული საერთო შედეგი შეადგენდა 16.2 ქულას, რაც ამავე წესის შესაბამისად კონკურსანტის გამარჯვებულად გამოსაცხადებლად არ არის საკმარისი.
15. კონსერვატორიის აკადემიური საბჭოს 2019 წლის 23 დეკემბრის გადაწყვეტილებით, დამტკიცდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილების შესასრულებლად შექმნილი კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება. კონსერვატორიის კომპოზიციისა და მუსიკოლოგიის ფაკულტეტზე გამსვლელი ქულა ასისტენტ-პროფესორის აკადემიური პოზიციის დასაკავებლად შეადგენს 17 ქულას.
16. შრომით დავებში სააპელაციო სასამართლომ მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციფიკიდან გამომდინარე, სწორედ მოპასუხეზე, როგორც დამსაქმებელზე გადაიტანა იმ გარემოების დამტკიცება, რომ საკონკურსო კომისიამ მოსარჩელე შეაფასა საქმის გარემოებების სათანადო წესის და ყოველმხრივ გამოკლევის, გამჭვირვალობის, თანასწორებისა და სამართლიანი კონკურენციის პრინციპის დაცვით.
17. პირველი ინსტანციის სასამართლომ მიიჩნია, რომ არ დადასტურდა კონსერვატორიის საკონკურსო კომისიის მიერ საქმის გარემოებების სათანადო და ობიექტური გამოკვლევის შედეგად, კონკურსის ფარგლებში, მოსარჩელის შეფასების ფაქტი. აღნიშნული დასკვნა გაიზიარა სააპელაციო პალატამაც.
18. სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს კონსერვატორიის საკონკურსო კომისიის და აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებების ბათილობა იმ გარემოებაზე მითითებით, რომ კომისიამ ფორმალურად ჩაატარა სხდომები, კვალიფიციური და კომპეტენტური სპეციალისტთა დასკვნების და განმარტებების უგულვებელყოფით, საქმის მასალების ობიექტური გამოკვლევის გარეშე მიიღო გადაწყვეტილებები. შესაბამისად, კვლევის საგანია საკონკურსო კომისიამ რა კრიტერიუმებზე დაყრდნობით შეაფასა მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტები და მის მიერ ჩატარებული ლექცია.
19. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხის მტკიცების ტვირთს წარმოადგენდა დეტალურად, სინქრონულად და წერილობით განესაზღვრა საკონკურსო კომისიის მიერ მიღებული შეფასება, ასევე რა ობიექტურ გარემოებებს ეყრდნობა აღნიშნული შეფასება. იმ პირობებში, როდესაც საკონკურსო კომისიის 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილებით მოსარჩელის წარდგენილ დოკუმენტებს შეფასების შედეგად, მიანიჭა 6,4 ქულა, ხოლო 2019 წლის 16 ოქტომბრის გადაწყვეტილებით - 7.4 ქულა, სწორედ დამსაქმებლის უნდა ედასტურებინა ის ობიექტური კრიტერიუმები, რამაც გამოიწვია კონკურსანტის შეფასების ცვლილება, განსაზღვრული ოდენობით. მითითებული მტკიცების ტვირთის რეალიზება, მოცემულ შემთხვეაში, მოპასუხემ/აპელანტმა ვერ განახორციელა.
20. პალატამ მიიჩნია, რომ მოპასუხემ/აპელანტმა ვერ განახორციელა მასზე დაკისრებული მტკიცების ტვირთის რეალიზება და ვერ დაადასტურა ობიექტური გამოკვლევის შედეგად, კონკურსის ფარგლებში, მოსარჩელის შეფასების ფაქტი. პალატამ გაიზიარა სასამართლოს განმარტება, რომ კონკურსის ჩატარებისას გამოყენებული პროცედურები, მეთოდები და შეფასების კრიტერიუმები ნათლად ფორმულირებული, გასაგები და აღქმადი უნდა იყოს კონკურსის ყველა ეტაპზე. ამასთან, ვინაიდან კონკურსანტის შეფასება დამოკიდებულია საკონკურსო კომისიის წევრების ინდივიდუალურ შეფასებაზე, კომისიის შემაჯამებელი ოქმი სრულად, ნათლად და გასაგებად უნდა ასახავდეს, როგორც სხდომის მიმდინარეობას, ასევე კომისიის წევრთა მიერ შეჯერებულ მოტივებს, რომელთა მიხედვითაც შესაძლებელი იქნება იმის გარკვევა, თუ რატომ მიენიჭა ამა თუ იმ კანდიდატს უპირატესობა სხვასთან შედარებით და რომელ კრიტერიუმებზე დაყრდნობით მიიღო კონკრეტულმა კანდიდატმა მინიჭებული ქულა. თუ ზემოხსენებული კრიტერიუმები არ არსებობს ან, მათი არსებობის მიუხედავად, საკონკურსო კომისიის ოქმი არ შეიცავს საკმარის ინფორმაციას კონკურსის შედეგების ობიექტური შეფასებისათვის, ჩატარებული კონკურსის მართლზომიერად მიჩნევა შეუძლებელი იქნება. შესაბამისად, ვინაიდან არ დასტურდება კონსერვატორიის საკონკურსო კომისიის მიერ საქმის გარემოებების სათანადო და ობიექტური გამოკვლევისა შედეგად, კონკურსის ფარგლებში, მოსარჩელის შეფასების ფაქტი, მართებულია პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც ბათილად იქნა ცნობილი კონსერვატორიის საკონკურსო კომისიის 2019 წლის 16 ოქტომბრის №02, 2019 წლის 19 დეკემბრის №04 და აკადემიური საბჭოს 2019 წლის 23 დეკემბრის №11 ოქმები მოსარჩელისათვის კონკურსში გამარჯვებულად ცნობაზე უარის თქმის თაობაზე.
21. რაც შეეხება, კონსერვატორიის საკონკურსო კომისიის 2019 წლის 15 ოქტომბრის №01 ოქმის ბათილად ცნობას, აღნიშნული მოთხოვნა არ არის დაკავშირებული მოსარჩელის საბოლოო შეფასებასთან. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მართებულია აღნიშნული ოქმის ბათილად ცნობაზე უარის თქმის შესახებ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება.
22. სადავო პერიოდში მოქმედი საქართველოს შრომის კოდექსის (შემდეგში - სშკ-ი) 38-ე მუხლის მე-8 ნაწილის მიხედვით, სასამართლოს მიერ დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შემთხვევაში, სასამართლოს გადაწყვეტილებით, დამსაქმებელი ვალდებულია პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღადგინოს პირი, რომელსაც შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება, ან უზრუნველყოს ის ტოლფასი სამუშაოთი, ან გადაუხადოს მას კომპენსაცია სასამართლოს მიერ განსაზღვრული ოდენობით.
23. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ კომპენსაციამ შეძლებისდაგვარად უნდა უზრუნველყოს სამართლიანი ბალანსის აღდგენა გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობის შემთხვევაში. კომპენსაციის განსაზღვრასთან დაკავშირებით, გათვალისწინებული უნდა იქნეს, რომ ეს არის პასუხისმგებლობის ზომა, რაც ეკისრება დამსაქმებელს მუშაკის უკანონოდ დათხოვნისათვის და მანვე (კომპენსაციის ოდენობამ) უნდა უზრუნველყოს დასაქმებულის მინიმალური სოციალური გარანტიის შექმნა, რითაც კომპენსაცია განსხვავდება ზიანის ანაზღაურებისას პირვანდელი მდგომარეობის აღდგენისგან. საგულისხმოა, რომ სშკ-ის 38.8 მუხლი (ამჟამად მოქმედი რედაქციით 48.8 მუხლი) არ განსაზღვრავს კომპენსაციის ოდენობას. ამ მოცემულობაში, კომპენსაციის ოდენობა ყოველი კონკრეტული საქმის ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით ხორციელდება“ (იხ. სუსგ Nას-792-2019, 2021 წლის 18 თებერვალი).
24. პალატამ აღნიშნა, რომ საქართველოს შრომის კოდექსის 38-ე მუხლის მე-8 ნაწილის ნორმატიული მიზანი სწორედ ის არის, რომ ბრძანების ბათილობის შედეგად მოსარჩელემ მიიღოს იურიდიული შედეგი და იმ შემთხვევაში, როდესაც ამგვარი შედეგი სამუშაო ადგილზე აღდგენაში არ მდგომარეობს, მოსარჩელეს მიეკუთვნება კომპენსაცია.
25. ხოლო რაც შეეხება კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრასა და მისი განსაზღვრის კრიტერიუმებს, აღნიშნულს კანონის ნორმატიული დანაწესი არ ადგენს და იგი ყოველი კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებების შეფასების საფუძველზე სასამართლოს უფლებამოსილების სფეროს განეკუთვნება, რა დროსაც, სასამართლო ხელმძღვანელობს საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებით, მხედველობაში იღებს იმ დროს, რა დროის განმავლობაშიც უნდა ემუშავა დასაქმებულს დამსაქმებელთან, რა იყო მისი სახელფასო ანაზღაურება და სხვა. ერთი რამ ცხადია, კომპენსაციამ შეძლებისდაგვარად უნდა უზრუნველყოს სამართლიანი ბალანსის აღდგენა გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობის შემთხვევაში. სასამართლო არ არის შეზღუდული კომპენსაციის განსაზღვრაში, რადგან შრომის კოდექსის 38-ე მუხლის მე-8 ნაწილი არ განსაზღვრავს კომპენსაციის გამოანგარიშების წესსა და კრიტერიუმებს. კომპენსაციის, როგორც დასაქმებულის უფლებრივი რესტიტუციის საშუალების დადგენა და მისი ოდენობის განსაზღვრა სასამართლოს დისკრეციაა (სუსგ 21.06.2019წ., Nას-632-2019წ.). სხვადასხვა ქვეყნების სასამართლო პრაქტიკის განზოგადება კი იძლევა კომპენსაციის გამოთვლის შესაძლებლობას შემდეგი კრიტერიუმებით: კომპანიის ლიკვიდურობა; პირის შანსები შრომის ბაზარზე; პირის სოციალური მდგომარეობა; დამსაქმებლის ფინანსური მდგომარეობა; პირი სხვაგან დასაქმდა თუ არა დავის პერიოდში; სამუშაო სტაჟი; დამსაქმებლის საწარმოუნარიანობა; პირის მუშაობის ხანგრძლივობა დამსაქმებელთან (იხ. სუსგ საქმე №ას-1339-1259-2017, 30 ივლისი, 2018 წელი). შრომითსამართლებრივი კომპენსაცია ერთდროულად უნდა ფარავდეს იმ მატერიალურ დანაკარგს, რაც მხარემ უკანონოდ დათხოვნით განიცადა და რასაც იგი, საშუალოდ, შესატყვისი სამსახურის მოძებნამდე განიცდის, ასევე, იმ მორალურ ზიანს, რაც მას უკანონოდ დათხოვნით მიადგა. ამავდროულად, მხედველობაშია მისაღები უკანონოდ დათხოვნილი სუბიექტის ასაკი, კომპეტენცია, სამსახურის შოვნის პერსპექტივა, ოჯახური მდგომარეობა, სოციალური მდგომარეობა, ასევე, დამსაქმებლის ფინანსური მდგომარეობა და ა. შ. ნიშანდობლივია, რომ სასამართლო გადაწყვეტილება უნდა შეიცავდეს კომპენსაციის დადგენის მიზანშეწონილობისა და ოდენობის დასაბუთებას.
26. მოცემულ შემთხვევაში, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით მოსარჩელის სასარგებლოდ მოპასუხეს კომპენსაციის სახით დაეკისრა 18 000 ლარის ანაზღაურება, რაც სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ არაგონივრულია და პალატამ ყურადღება გაამახვილა იმ საკითხზე, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი კონსერვატორიის საკონკურსო კომისიის 2019 წლის 16 ოქტომბრის №02, 2019 წლის 19 დეკემბრის №04 და აკადემიური საბჭოს 2019 წლის 23 დეკემბრის №11 ოქმები, რომლითაც მოსარჩელეს უარი ეთქვა კონკურსში გამარჯვებულად ცნობაზე. აკადემიური თანამდებობის დაკავების შემთხვევაში, მოსარჩელე აღნიშნულ პოზიციაზე დასაქმებული იქნებოდა მინიმუმ 4 წლის განმავლობაში.
27. პალატამ მიუთითა „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომლის 35-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ასისტენტ-პროფესორის თანამდებობაზე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით განსაზღვრული წესით შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის აკადემიური ან მასთან გათანაბრებული ხარისხის მქონე პირი 3 ან 4 წლის ვადით. სახელოვნებო-შემოქმედებით უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სახელოვნებო (შემოქმედებითი) მიმართულების (გარდა თეორიული დარგებისა) ასისტენტ-პროფესორის თანამდებობაზე არანაკლებ 4 წლის ვადით შეიძლება არჩეულ იქნეს მაგისტრის აკადემიური ან მასთან გათანაბრებული ხარისხის მქონე პირი.
28. პალატამ მიიჩნია, რომ 48 თვის განმავლობაში შესაძლო მისაღები ანაზღაურების საკომპენსაციოდ მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს კომპენსაციის სახით 48 000 ლარის ანაზღაურება. აღნიშნული თანხა სრულად იცავს მოსარჩელის უფლებებს, წარმოადგენს სამართლიან ანაზღაურებას და უზრუნველყოფს სოციალურ დაცვასა და გარანტიებს.
29. რაც შეეხება იძულებითი განაცდურის ანაზღაურებას, პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს განმარტება და მიუთითა, რომ აღნიშნული ცვლილება (სშკ- ის 48-ე მუხლის მე-9 პუნქტი, რომლის თანახმად დასაქმებულს უფლება აქვს, ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებულ პირვანდელ ან ტოლფას სამუშაო ადგილზე აღდგენის ან მის ნაცვლად დაკისრებული კომპენსაციის გადახდის გარდა, მოითხოვოს იძულებითი განაცდურის ანაზღაურება შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თარიღიდან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების თარიღამდე), შრომით კანონმდებლობაში განხორციელდა 2020 წლის 29 სექტემბერს, ხოლო სადავო ურთიერთობა წარმოიშვა აღნიშნული კანონის ამოქმედებამდე. შესაბამისად, იძულებითი განაცდურის ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება კანონიერად იქნა მიჩნეული და ამ ნაწილში მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
30. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება აპელანტმა (მოპასუხე, კონსერვატორია) გაასაჩივრა საკასაციო საჩივრით. კასატორმა მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის უარყოფა.
31. კასატორი აღნიშნავს, რომ სასამართლოებმა საქმეში წარდგენილ მტკიცებულებებზე გვერდის ავლით, საკუთარი შეხედულებისამებრ განსაზღვრეს, რომ სადაო პოზიცია აღარ არსებობდა და შესაბამისად კომპენსაციის მოთხოვნა და დაკისრება მართებულად მიიჩნიეს. მოპასუხის მიერ, მტკიცებულების სახით საქმეში წარმოდგენილია 2021 წლის 30 ივლისის №01/679 მიმართვა მოსარჩელისადმი (მისი მოთხოვნის საფუძველზე), რომლითაც დასტურდება, რომ კონსერვატორიაში კომპოზიციისა და მუსიკოლოგიის ფაკულტეტზე საეკლესიო მუსიკის მიმართულება ფუნქციონირებს და რომ არ გაუქმებულა საეკლესიო მუსიკის მიმართულებით ასისტენტ-პროფესორის პოზიცია. მიუხედავად აღნიშნული მტკიცებულებისა, სასამართლოებმა მტკიცებულებების გვერდის ავლით დაადგინეს, რომ იგივე ან ტოლფასი თანამდებობა კონსერვატორიაში არ არსებობდა, რაც კომპენსაციის დაკისრების საფუძველს იძლეოდა სშკ-ის 48-ე მუხლის მე-8 პუნქტის სამართლებრივი საფუძვლით. კასატორის მითითებით, სადავო გადაწყვეტილების მიღებისა და კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლომ მხედველობაში არ მიიღო ის გარემოება, რომ მოსარჩელე ამჟამადაც დასაქმებულია სახელმწიფო კონსერვატორიაში ხელმძღვანელ პოზიციაზე. საქმეში, მოპასუხის მიერ წარმოდგენილია 2021 წლის 30 ივლისის №01/679 მიმართვა მოსარჩელისადმი, რომლითაც დასტურდება, რომ სახელმწიფო კონსერვატორიაში კომპოზიციისა და მუსიკოლოგიის ფაკულტეტზე საეკლესიო მუსიკის მიმართულება ფუნქციონირებს და რომ ასევე არ გაუქმებულა საეკლესიო მუსიკის მიმართულებით ასისტენტ-პროფესორის პოზიცია და რომ აღნიშნულ პოზიციაზე კონკურსი მხოლოდ იმიტომ არ გამოცხადებულა, რომ კონკრეტულ მიმართულებაზე სტუდენტების მხრიდან მოთხოვნის არქონის გამო არ არსებობს ფუნქციონირების საჭიროება. ამავდროულად, კონსერვატორიის 2021 წლის 29 ივლისის №01/670 წერილით მოსარჩელეს ეცნობა, რომ მის მიერ სადაოდ გამხდარი პოზიცია შეუთავსებელი არ გახლავთ მოსარჩელის მიერ ასევე მოპასუხე ორგანიზაციაში დაკავებულ მის პოზიციასთან(მ.ს–ი დასაქმებულია კონსერვატორიაში დღემდე) - აღნიშნულიდან გამომდიანრე, სასამართლოს მსჯელობა, რომ მოპასუხე ორგანიზაციაში არ არსებობს სადაოდ გამხდარი ან/და ტოლფასი პოზიცია - უდედესი ფაქტობრივი შეცდომაა, რამაც გამოიწვია დაუსაბუთებელი და სამართლებრივ რეგულაციებს აცდენილი გადაწყვეტილების მიღება.
32. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა და დადგენილად ცნო პირველი ინსტანციის მიერ დადგენილი ფატობრივი გარემოება, რომ პოზიცია, რომლის დაკავებაზეც უარის თქმა სადაოდ გახადა მოსარჩელემ, მყარი საშტატო ერთეულია და მისი დაკავების შემთხვევაში მოსარჩელე 4 წლის განმავლობაში მიიღებდა ხელფასს -1000 ლარის ოდენობით (იხ. სააპელაციო სასამართლოს სხდომის ოქმი და გადაწყვეტილება). არსებული კანონმდებლობის შესაბამისად, კონსერვატორიაში აკადემიური თანამდებობის დაკავება ხორციელდება ღია კონკურსის წესით. სასწავლო პროცესში არსებული საჭიროებებიდან და მოთხოვნილებიდან გამომდინარე, ფაკულტეტის საბჭო მიმართულებების შესაბამისად განსაზღვრავს აკადემიურ პოზიციებსა და ადგილების რაოდენობას. კონკურსის მიზნებისთვის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებული ადგილი არ წარმოადგენს მყარ საშტატო ერთეულს, არამედ იგი იქმნება შექმნილი საჭიროებიდან გამომდინარე კონკრეტული მიმართულებისათვის. ადგილების რაოდენობა ფაკულტეტის მიმართულებების მიხედვით ცვალებადია და შეიძლება გამოყენებულ იქნეს იმ მიმართულებაზე, სადაც წარმოიქმნა ამის საჭიროება. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებით ირკვევა, რომ 2021 წლის 26 ივლისს ფაკულტეტის საბჭომ იმსჯელა და ერთხმად მიღებული გადაწყვეტილებით, სტუდენტების სიმცირისა და საათობრივი დატვირთვის არქონის გამო, საეკლესიო მუსიკის მიმართულებაზე საკონკურსო პოზიციის გამოცხადება საჭიროდ არ ჩათვალა (ძირითადი მიზეზი, როგორც წესი, ასეთ შემთხვევბში გახლავთ მოთხოვნის არქონა სტუდენტების მხრიდან), შესაბამისად სასამართლოების მიერ მტკიცებით ფორმაში იმაზე საუბარი, რომ მოსარჩელე კონკურსში გამარჯვებულად ცნობის შეთხვევაში, აუცილებლად დასაქმებული იქნებოდა, გამარჯვებულად გამოცხადების დღიდან, გადაწყვეტილების აღსრულებამდე - ლოგიკას მოკლებულია.
33. კასატორი არ ეთანხმება ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას, რომ სადავო პოზიციაზე სახელფასო განაკვეთი შეადგენს 1000 ლარს. სწორედ აღნიშნული თანხა გამოიყენა კომპენსაციის ოდენობის განსასაზღვრად და კომპენსაცია განსაზღვრა დასაქმების შემთხვევაში მოსარჩელის მიერ ოთხი წლის განმავლობაში, ყოველთვიურად მისაღები თანხის ჯამით. კასატორი აღნიშნავს, რომ რეალურად საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და მხარის ახსნა-განმარტების შედეგად ცხადი გახდა, რომ 1000 ლარი არ გახლავთ მყარად განსაზღვრული სახელფასო განაკვეთი, და რომ ეს თანხა გახლავთ ზედა ზღვარი, რაც მიეთითება საშტატო განრიგში, თუმცა, 1000 ლარიდან რა თანხა გადაიხდება ამ კონკრეტულ პოზიციაზე (ისევე, როგორც სხვა ასისტენტ-პროფესორებისა და პროფესორების შემთხვევაში ნებისმიერ საგანმანათლებლო დაწესებულებაში) დამოკიდებულია კონკრეტულ სემესტრში არსებულ საათების რაოდენობაზე, რაც თავის მხრივ, ასევე დამოკიდებულია სტუდენტთა რაოდენობაზე და მათ მოთხოვნებზე კონკრეტული სპეციალობის დაუფლებისა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
34.საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 16 მაისის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.
35. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგნია თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის გადაწყვეტილების კანონიერება, რომლითაც უცვლელად დარჩა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება კონსერვატორიის საკონკურსო კომისიის 2019 წლის 16 ოქტომბრის №02, 2019 წლის 19 დეკემბრის №04 და აკადემიური საბჭოს 2019 წლის 23 დეკემბრის №11 ოქმების (რომლითაც მოსარჩელეს უარი ეთქვა კონკურსში გამარჯვებულად ცნობაზე) ბათილად ცნობის ნაწილში, ხოლო უფლებრივი რესტიტუციის სახით კი მოსარჩელეს მიეკუთვნა კომპენსაცია 48 000 ლარის ოდენობით.
36. წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი იმ პრეტენზიას ემყარება, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა არასწორად შეარჩიეს მოსარჩელის დარღვეული უფლების აღდგენის მიზნით უფლებრივი რესტიტუციის ფორმა (კომპენსაციის მიკუთვნება), კერძოდ, კასატორი აღნიშნავს, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა საქმეში წარდგენილ მტკიცებულებებზე გვერდის ავლით, საკუთარი შეხედულებისამებრ განსაზღვრეს, რომ სადაო პოზიცია აღარ არსებობდა და შესაბამისად კომპენსაციის მოთხოვნა და დაკისრება მართებულად მიიჩნიეს. მოპასუხის მიერ, მტკიცებულების სახით საქმეში წარმოდგენილია 2021 წლის 30 ივლისის №01/679 მიმართვა მოსარჩელისადმი (მისი მოთხოვნის საფუძველზე), რომლითაც დასტურდება, რომ კონსერვატორიაში კომპოზიციისა და მუსიკოლოგიის ფაკულტეტზე საეკლესიო მუსიკის მიმართულება ფუნქციონირებს და რომ არ გაუქმებულა საეკლესიო მუსიკის მიმართულებით ასისტენტ-პროფესორის პოზიცია. კასატორის აღნიშნულ პრეტენზიას საკასაციო პალატა არ იზიარებს, შემდეგ გარემოებათა გამო:
37. სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.
38. მოცემულ საქმეზე დადგენილია და კასატორს დასაშვები (დასაბუთებული) საკასაციო პრეტენზია არ წარმოუდგენია ამ განჩინების პპ:8-19-ში მითითებული და დადგენილად ცნობილი შემდეგი ფაქტობრივი გარემოებების მიმართ, კერძოდ:
39. 2015 წლის 14 იანვარს, კონსერვატორიაში აკადემიური პოზიციის დასაკავებლად, მოსარჩელემ წარადგინა განაცხადი და ანკეტა.
40. კონსერვატორიის მუსიკოლოგიის მიმართულებებზე აკადემიური პოზიციის (ასისტენტ-პროფესორის) დასაკავებლად საკონკურსო კომისიის 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილებით მოსარჩელეს წარდგენილი დოკუმენტების შეფასების შედეგად, მიენიჭა 6,4 ქულა. საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილებით, კონკურსის შემდეგ ეტაპზე ლექციის წასაკითხად კანდიდატი დაიშვებოდა 7 ქულის დაგროვების შემთხვევაში.
41. კონსერვატორიის ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებას მოსარჩელე არ დაეთანხმა და 2016 წელს ადმინისტრაციული სარჩელით მიმართა სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის საკონკურსო კომისიის სხდომის ოქმის და აკადემიური საბჭოს 2015 წლის 26 იანვრის სხდომის ოქმის ბათილად ცნობის მოთხოვნით. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილებით სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი კონსერვატორიის მუსიკოლოგიის მიმართულებებზე აკადემიური თანამდებობის დაკავების საკონკურსო კომისიის 2015 წლის 22 იანვრის №1 სხდომის ოქმის მოსარჩელის მიმართ მიღებული გადაწყვეტილების ნაწილში, შესაბამის ნაწილში ბათილად იქნა ცნობილი კონსერვატორიის აკადემიური საბჭოს 2015 წლის 26 იანვრის №18 სხდომის ოქმი და მოპასუხეს დაევალა საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევისა და შეფასების შედეგად მოსარჩელის მიმართ გამოეცა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
42. მოგვიანებით, სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე კონსერვატორიამ ხელახლა იმსჯელა აღნიშნულ საკითხზე და დაასკვნა, რომ კონკურსანტის მიერ მიღებული საერთო შედეგი შეადგენდა 16.2 ქულას, რაც ამავე წესის შესაბამისად კონკურსანტის გამარჯვებულად გამოსაცხადებლად არ არის საკმარისი. კონსერვატორიის კომპოზიციისა და მუსიკოლოგიის ფაკულტეტზე გამსვლელი ქულა ასისტენტ-პროფესორის აკადემიური პოზიციის დასაკავებლად შეადგენს 17 ქულას.
43. ზემოაღნიშნულ საკითხზე სასამართლოს მსჯელობის ფარგლებში, შრომით დავებში მტკიცების ტვირთის განაწილების თავისებურებიდან გამომდინარე, დამსაქმებელმა ვერ შეძლო იმ გარემოების დამტკიცება, რომ საკონკურსო კომისიამ მოსარჩელე შეაფასა საქმის გარემოებების სათანადო წესის და ყოველმხრივ გამოკლევის, გამჭვირვალობის, თანასწორობისა და სამართლიანი კონკურენციის პრინციპის დაცვით და მიიჩნია, რომ არ დადასტურდა კონსერვატორიის საკონკურსო კომისიის მიერ საქმის გარემოებების სათანადო და ობიექტური გამოკვლევის შედეგად, კონკურსის ფარგლებში, მოსარჩელის შეფასების ფაქტი, კერძოდ, იმ პირობებში, როდესაც საკონკურსო კომისიის 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილებით მოსარჩელის წარდგენილ დოკუმენტებს შეფასების შედეგად, მიანიჭა 6,4 ქულა, ხოლო 2019 წლის 16 ოქტომბრის გადაწყვეტილებით - 7.4 ქულა, სწორედ დამსაქმებელს უნდა ედასტურებინა ის ობიექტური კრიტერიუმები, რამაც გამოიწვია კონკურსანტის შეფასების ცვლილება, განსაზღვრული ოდენობით.
44. შრომით დავებში დამსაქმებელზე დაკისრებული მტკიცების ტვირთის წარმატებით რეალიზება დამსაქმებელმა ვერ შეძლო, შესაბამისად, ბათილად იქნა ცნობილი კონსერვატორიის საკონკურსო კომისიის 2019 წლის 16 ოქტომბრის №02, 2019 წლის 19 დეკემბრის №04 და აკადემიური საბჭოს 2019 წლის 23 დეკემბრის №11 ოქმები მოსარჩელისათვის კონკურსში გამარჯვებულად ცნობაზე უარის თქმის თაობაზე.
45. საკასაციო პალატა მოიხმობს სშკ-ის პირველი მუხლის პირველ ნაწილს, რომლის თანახმად, ეს კანონი აწესრიგებს საქართველოს ტერიტორიაზე შრომით და მის თანმდევ ურთიერთობებს, თუ ისინი განსხვავებულად არ რეგულირდება სხვა სპეციალური კანონით ან საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით. ამდენად, ის ურთიერთობები, რომლებიც განსხვავებულად არ არის მოწესრიგებული სპეციალური სამართლებრივი ურთიერთობის მარეგულირებელი კანონით, ექცევა სშკ-ის მოქმედების სფეროში (ლეონიდე ადეიშვილი, დავით კერესელიძე, საქართველოს შრომის კოდექსის პროექტი და კონტინენტური ევროპის ქვეყნების შრომის სამართლის ზოგიერთი ძირითადი პრინციპი, ქართული სამართლის მიმოხილვა 6/2003-1, გვ.10; ზაქარია შველიძე, საქართველოს შრომის სამართალი და საერთაშორისო შრომის სტანდარტები, 2017, გვ.25,26).
46. მოსარჩელის დარღვეული უფლების აღდგენის ფორმასთან მიმართებით წარდგენილ საკასაციო პრეტენზიას რაც შეეხება, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში აკადემიურ თანამდებობაზე არჩევისა და დანიშვნის პირობები სწორედ სპეციალური კანონით განსაზღვრულ მოქმედების სფეროს განკუთვნილი საკითხია. შესაბამისად, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასა და მოსარჩელეს, როგორც აკადემიური თანამდებობაზე დასაქმებულ პირს. შორის შრომითი ურთიერთობის რეგლამენტაციის საფუძველია „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის (შემდეგში - სპეციალური კანონის) 35-ე მუხლი.
47. სპეციალური კანონის 35-ე მუხლის მე-3 პუნქტი ადგენს ქცევის შემდეგ წესს: ასისტენტ-პროფესორის თანამდებობაზე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით განსაზღვრული წესით შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის აკადემიური ან მასთან გათანაბრებული ხარისხის მქონე პირი 3 ან 4 წლის ვადით.
48. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს აქვთ აკადემიური პერსონალის შერჩევის, გათავისუფლებისა და დაწინაურების ფართო დისკრეცია, წინასწარ დადგენილი, ნათელი და განჭვრეტადი წესების შესაბამისად. სპეციალური კანონის 34-ე მუხლის პირველი პუნქტით, აკადემიური თანამდებობის დაკავების წესი ემყარება გამჭვირვალობის, თანასწორობისა და სამართლიანი კონკურენციის პრინციპებს და შეიძლება მხოლოდ ღია კონკურსის წესით. უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულების აკადემიური პერსონალის კვალიფიციური კადრებით შევსების საუკეთესო საშუალება და მოქმედი სამართლებრივი მექანიზმი არის კონკურსი, რომელიც, ერთი მხრივ, უზრუნველყოფს ზემოაღნიშნული პრინციპების პრაქტიკულ რეალიზებას, ხოლო, მეორე მხრივ - აკადემიური პერსონალის პროფესიონალი კადრებით დაკომპლექტებას, რაც ხარისხიანი უმაღლესი განათლების საწინდარია.
49. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიზანია: სტუდენტთა და ფართო საზოგადოების მოთხოვნათა შესაბამისი ხარისხიანი უმაღლესი განათლების მიღების უზრუნველყოფა, რაც შეესატყვისება პიროვნების ინტერესებსა და შესაძლებლობებს; სტუდენტთა პიროვნული პოტენციალის რეალიზება, შემოქმედებითი უნარ-ჩვევების განვითარება და თანამედროვე მოთხოვნების შესატყვის კომპეტენციებში მომზადება; შიდა და საგარეო შრომის ბაზარზე უმაღლესი განათლების მქონე პირთა კონკურენტუნარიანობის უზრუნველყოფა და სხვა. მანვე უნდა უზრუნველყოს პერსონალის პროფესიული განვითარება და დაიცვას აკადემიური თავისუფლება.
50. საკასაციო პალატის მოსაზრებით, სწორედ ზემოაღნიშნულ ლეგიტიმურ მიზანს - ხარისხიან უმაღლეს განათლებას ემსახურება განსაზღვრული ვადებით აკადემიური პერსონალის თანამდებობაზე არჩევის ზოგადი წესი და საგამონაკლისო შემთხვევაში (განსაკუთრებული პროფესიული ან/და სამეცნიერო მიღწევებისას) პირის პროფესორად უვადოდ არჩევის შესაძლებლობა. ამასთან, სპეციალური კანონი ვადიანობის პრინციპის დაბალანსების მიზნით ადგენს გამჭვირვალე, თანასწორი და სამართლიანი კონკურენციის პრინციპების დაცვით ღია კონკურსის ჩატარების წესს, რა დროსაც, გარანტირებული უნდა იყოს კანდიდატთა ობიექტური შეფასება და მათი უფლებები - დაცული.
51. მოცემულ შემთხვევაში, იმის გათვალისწინებით, რომ მოსარჩელის უფლებრივი რესტიტუცია გამომდინარეობს ამ განჩინების პპ:39-44-ში მითითებული გარემოებებიდან და შეეხება მოსარჩელის მიმართ 2015 წლის საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილებით დამდგარი ნეგატიური შედეგების აღმოფხვრას - უნდა დადგინდეს, დამსაქმებელს (კონსერვატორია) 2015 წელს ასისტენტ-პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებულ პირთან, რა ვადით ჰქონდა შრომითი ხელშეკრულების დადების უფლება. როგორც ზემოთ აღინიშნა, სპეციალური საკანონმდებლო რეგულირების პირობებში, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას მოსარჩელესთან შრომითი ხელშეკრულება უნდა გაეფორმებინა არანაკლებ 4 წლის ვადით,
52. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ არსებული ფაქტობრივი მოცემულობა უნდა შეფასდეს სპეციალური კანონით განსაზღვრული ვადის ამოწურვამდე, დასაქმებულთან შრომითი ურთიერთობის დამსაქმებლის ინიციატივით შეწყვეტად.
53. ამასთან, ვინაიდან სასამართლოს მიერ წინამდებარე საქმეზე გადაწყვეტილების მიღების მომენტში გასულია სპეციალური კანონის 35-ე მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული ყოველგვარი ვადა, არ არსებობს მოსარჩელის სამსახურში აღდგენის და აღდგენამდე განაცდურის დაკისრების მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი. გამომდინარე იქიდან, რომ დასაქმებულს არამართლზომიერად არ მიეცა შესაძლებლობა, კანონით განსაზღვრულ ვადაში განეხორციელებინა შრომითი ურთიერთობა და მიეღო შესაბამისი ანაზღაურება, სამართლიანია, მოპასუხეს დაეკისროს კომპენსაციის გადახდა (შდრ.სუსგ.-ებები: Nას-1276-1216-2014, 18.03.2015წ., Nას-368-342-2017, 24.05.2017წ., Nას-1327-1265-2014წ., 29.01.2016წ.). ასეთ დროს ანაზღაურდება შრომითი ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში მიუღებელი თანხა, ვინაიდან პრეზუმირებულია, რომ დასაქმებული სახელშეკრულებო პერიოდში შეასრულებდა შრომით მოვალეობებს (შდრ. სუსგ-ები: Nას-1276-1216-2014, 18.03.2015წ., Nას-368-342-2017, 24.05.2017წ.,; Nას-862-862-2018, 15.03.2019წ.).
54. შესაბამისად, კასატორის პრეტენზია, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა საქმეში წარდგენილი მტკიცებულების გვერდის ავლით, საკუთარი შეხედულებით განსაზღვრეს, რომ სადაო პოზიცია აღარ არსებობდა და კომპენსაციის მოთხოვნა მართებულად მიიჩნიეს, გასაზიარებელი არაა.
55. როგორც აღინიშნა, საკონკურსო კომისიის მიერ კანონიერი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, მოსარჩელე არანაკლებ 4 წლით გამწესდებოდა თანამდებოაზე. ამიტომაც, მოცემულ შემთხვევაში, უფლებრივი რესტიტუციის მხოლოდ ფულადი კომპენსაციის გადახდის ფორმის გამოყენებაა შესაძლებელი და არა სამსახურში აღდგენის ან ტოლფას თანამდებობაზე დასაქმების.
56. სშკ-ის 44-ე მუხლის მიხედვით, შრომითი ურთიერთობისას მხარის მიერ მეორე მხარისათვის მიყენებული ზიანი ანაზღაურდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში სსკ) 408-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. სსკ-ის 409-ე მუხლის საფუძველზე, თუ ზიანის ანაზღაურება პირვანდელი მდგომარეობის აღდგენით შეუძლებელია ან ამისათვის საჭიროა არათანაზომიერად დიდი დანახარჯები, მაშინ კრედიტორს შეიძლება მიეცეს ფულადი ანაზღაურება. სშკ-ის 38-ე მუხლის მე-8 ნაწილით, სასამართლოს მიერ დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შემთხვევაში, სასამართლოს გადაწყვეტილებით, დამსაქმებელი ვალდებულია პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღადგინოს პირი, რომელსაც შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება, ან უზრუნველყოს ის ტოლფასი სამუშაოთი, ან გადაუხადოს მას კომპენსაცია სასამართლოს მიერ განსაზღვრული ოდენობით.
57. პალატა მიუთითებს, რომ შრომის სამართალი დაკავშირებულია ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებასთან და თითოეული დასაქმებულის საქმის ინდივიდუალური შეფასებისას გამოყენებული უნდა იქნეს ე.წ. „favor prestatoris“ პრინციპი, რაც დასაქმებულთათვის სასარგებლო წესთა უპირატესობას ნიშნავს. აღნიშნული პრინციპის გამოყენებისას, საჭიროა დამსაქმებლისა და დასაქმებულის მოთხოვნებისა და ინტერესების წონასწორობის დაცვა სამართლიანობის, კანონიერებისა და თითოეული მათგანის ქმედების კეთილსინდისიერების კონტექსტით (სუსგ Nას-941-891-2015, 29.01.2016წ.; სუსგ Nას-792-2019 , 18.02.2021წ.).
58. კომპენსაციის განსაზღვრასთან დაკავშირებით, გათვალისწინებული უნდა იქნეს, რომ ეს არის პასუხისმგებლობის ზომა, რაც ეკისრება დამსაქმებელს მუშაკის უკანონოდ დათხოვნისათვის და მანვე (კომპენსაციის ოდენობამ) უნდა უზრუნველყოს დასაქმებულის მინიმალური სოციალური გარანტიის შექმნა. საგულისხმოა, რომ სშკ-ის 38.8 მუხლი (ამჟამად მოქმედი რედაქციით 48.8 მუხლი) არ განსაზღვრავს კომპენსაციის ოდენობას. ამ მოცემულობაში, კომპენსაციის ოდენობა ყოველი კონკრეტული საქმის ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით ხორციელდება (იხ. სუსგ-ები Nას-792-2019, 2021 წლის 18 თებერვალი; №ას-146-2023 ,11 აპრილი, 2023).
59. რაც შეეხება კასატორის პრეტენზიას, რომელიც უკავშირდება სააპელაციო სასამართლოს მიერ კომპენსაციის ოდენობის არასწორად განსაზღვრას, კერძოდ, სადავო თანამდებობის სახელფასო განაკვეთის არასწორად დაანგარიშებას, საკასაციო პალატა არ იზიარებს და აღნიშნავს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი კონსერვატორიის საკონკურსო კომისიის 2019 წლის 16 ოქტომბრის №02, 2019 წლის 19 დეკემბრის №04 და აკადემიური საბჭოს 2019 წლის 23 დეკემბრის №11 ოქმები, რომლითაც მოსარჩელეს უარი ეთქვა კონკურსში გამარჯვებულად ცნობაზე. აკადემიური თანამდებობის დაკავების შემთხვევაში, მოსარჩელე აღნიშნულ პოზიციაზე დასაქმებული იქნებოდა მინიმუმ 4 წლის განმავლობაში.
60. ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ დაადგინა და აღნიშნულს საკასაციო პალატა სრულად იზიარებს: 4 წლის (48 თვე) განმავლობაში შესაძლო მისაღები ანაზღაურების საკომპენსაციოდ მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს კომპენსაციის სახით 48 000 ლარის ანაზღაურება, რაც სრულად იცავს მოსარჩელის უფლებებს, წარმოადგენს სამართლიან ანაზღაურებას და უზრუნველყოფს სოციალურ დაცვასა და გარანტიებს, კერძოდ, ა) სპეციალური კანონით ასისტენტ-პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე პირის არჩევა შეიძლებოდა არანაკლებ 4 წლით; ბ) დამსაქმებლის გადაწყვეტილება, რომლითაც მოსარჩელეს უარი ეთქვა კონკურსში გამარჯვებულად გამოცხადებაზე, ბათილია; გ) სადავო პოზიციაზე მაქსიმალური ანაზღაურება შეადგენდა თვეში 1000 ლარს. დ) ვარაუდი მასზე, რა იქნებოდა მოსარჩელის დატვირთვა შრომითი ურთიერთობა კანონის დაცვით, რომ დაწყებულიყო, მიყენებული მორალური წნეხის მხედველობაში მიღებით და დასაქმებულთათვის სასარგებლო წესთა უპირატესობის პრინციპით უნდა განისაზღვროს (შდრ: სუსგ №ას-247-2020,19 მარტი, 2021 წელი), შესაბამისად, კასატორის აღნიშნული პრეტენზია დაუსაბუთებელია.
61. ამასთან, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ კასატორს დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია არ წარმოუდგენია იმ ნაწილში, რომლითაც მოსარჩელის მოთხოვნები; 1.1. ბათილად იქნეს ცნობილი კონსერვატორიის საკონკურსო კომისიის 2019 წლის 15 ოქტომბრის №01 ოქმი; 1.2. ბათილად იქნეს ცნობილი კონსერვატორიის საკონკურსო კომისიის 2019 წლის 16 ოქტომბრის №02 ოქმი;1.3. ბათილად იქნეს ცნობილი კონსერვატორიის საკონკურსო კომისიის 2019 წლის 19 დეკემბრის №04 ოქმი; 1.4. ბათილად იქნეს ცნობილი კონსერვატორიის აკადემიური საბჭოს 2019 წლის 23 დეკემბრის №11 ოქმი, დაკმაყოფილდა. შესაბამისად, ამ ნაწილში, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერებაზე საკასაციო პალატა არ იმსჯელებს.
62. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოება აგებულია მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპზე. სსსკ-ის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. დასახელებული ნორმების თანახმად, სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებული არიან, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ მათი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა. კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, რომელიც ადგენს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციფიკურ წესს, მოსარჩელეს ევალება სასარჩელო განცხადებაში ასახული ფაქტების მტკიცება.მტკიცების ტვირთი - ესაა სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორედ გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა არ (ვერ) შეასრულა. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი - ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი, მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს. მტკიცების ტვირთი დამოკიდებულია არა მხარის როლზე პროცესში, არამედ მოთხოვნის საფუძველზე. ის ვინც ითხოვს ვალდებულების შესრულებას, უნდა დაამტკიცოს მოთხოვნის საფუძვლის არსებობა არა მხოლოდ მაშინ, როდესაც იგი ითხოვს თავისი მოთხოვნის შესრულებას, ან აღიარებას, არამედ მაშინაც, როდესაც იგი თავს იცავს მოწინააღმდეგე მხარის ნეგატიური აღიარებითი სარჩელისაგან (მოთხოვნისაგან).
63. მტკიცების ტვირთისაგან უნდა გავმიჯნოთ ფაქტების მითითების ტვირთი, როგორც მხარის ფაკულტატური მოვალეობა. მხარეები სსკ-ის მე-4 მუხლის თანახმად სრულიად თავისუფალნი არიან მიუთითონ ნებისმიერ ფაქტზე. ეს მათი უფლებაა, მაგრამ მათ მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება, ე.ი. იმის დადგენა და გარკვევა, თუ რამდენად ასაბუთებენ ეს ფაქტები იურიდიულად მხარეთა მოთხოვნებს და შესაგებელს – ეს უკვე სასამართლის პრეროგატივაა. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ კრიტერიუმი, რომლითაც უნდა იხელმძღვანელოს სასამართლომ იმისათვის, რომ სწორად განსაზღვროს მხარეთა მიერ მითითებული ფაქტებიდან, თუ რომელი ამართლებს სამართლებრივად მხარეთა მოთხოვნებს (შესაგებელს) და რომელი არა, ესაა – სარჩელის საგანი (მოსარჩელის მოთხოვნის შინაარსი), მოპასუხის შესაგებელი და შესაბამისი მატერიალურ სამართლებრივი ნორმა.შესაბამისად, მოსარჩელემ, როგორც წესი, უნდა დაამტკიცოს ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის წარმოშობის საფუძველს, ხოლო მოპასუხემ კი - ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს (იხ., ჰაინ ბიოლინგი, ლადო ჭანტურია, სამოქალაქო საქმეებზე გადაწყვეტილებათა მიღების მეთოდიკა, თბ., 2003, გვ. 64).
64. განსახილველ შემთხვევაში, კასატორმა დასაბუთებული (დასაშვები) საკასაციო პრეტენზია ვერ წარმოადგინა და ვერ დაარწმუნა საკასაციო პალატა მისი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძვლების არსებობაში.
65. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, არ იკვეთება საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლის არსებობა, ვინაიდან ნორმის დანაწესით საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. როგორც საქმის მასალებით ირკვევა, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან, არც დასაბუთებული პოზიციაა წარმოდგენილი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციათან ანდა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით.
66. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისითაც. ნარდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სამართლებრივ საკითხებზე არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა, რომელთა ნაწილიც ასახულია წინამდებარე განჩინებაში.
67. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც, მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
68. სსსკ-ის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო;
2. სსიპ თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიას (ს.კ:2.....) (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკისკოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით 25.04.2023წ.-ს საგადახდო მოთხოვნა N04400 გადახდილი 2400 ლარის 70% – 1680 ლარი;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზურაბ ძლიერიშვილი
მოსამართლეები: ეკატერინე გასიტაშვილი
მირანდა ერემაძე