Facebook Twitter

საქმე №ას-606-2023 20 ივნისი, 2023 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ეკატერინე გასიტაშვილი, მირანდა ერემაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – ი.ს–ძე (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ N. კ–ი“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 4 ივლისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის დაბრუნება იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად

დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სასარჩელო მოთხოვნა:

1. შპს „ N. კ–მა“ (შემდგომ – მოსარჩელე) სარჩელი აღძრა სასამართლოში ი.ს–ძის (შემდგომ – მოპასუხე) მიმართ უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვისა და მოსარჩელისათვის გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაცემის შესახებ. მოსარჩელემ ასევე მოითხოვა სასამართლო გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევა.

სარჩელის საფუძვლები:

2. მოსარჩელის განმარტებით, 2021 წლის 24 მარტს შეიძინა უძრავი ქონება, რომელსაც ფლობს მოპასუხე. არაერთი თხოვნისა და გაფრთხილების მიუხედავად, მოპასუხე აგრძელებს სხვისი საკუთრებით სარგებლობას და ხელს უშლის მესაკუთრეს, თავისუფლად ისარგებლოს კუთვნილი ფართით ( იხ.ს.ფ.2-9).

მოპასუხის პოზიცია:

3. მოპასუხემ შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ არ აქვს შესაძლებლობა, გადაიხადოს მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი თანხა მორიგების მისაღწევად, რადგან ყველანაირი შემოსავალი გამოიყენა შვილის მკურნალობის ხარჯების დასაფარად. ამასთან, მოპასუხეს სხვა საცხოვრებელი არ გააჩნია (იხ. ს.ფ. 40-43.).

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

4. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 31 მარტის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, სადავო უძრავი ნივთი გამოთხოვილ იქნა მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან და გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაეცა მოსარჩელეს, რომლის შუამდგომლობა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის შესახებ არ დაკმაყოფილდა (იხ.ს.ფ. 180-185).

5. აღნიშნული გადაწყვეტილება მოპასუხემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის უარყოფა.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:

6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 4 ივლისის განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა (იხ. ს.ფ. 2017-216), გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

7. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, სადავო უძრავი ქონება მოსარჩელის საკუთრებაა. საკუთრების უფლების დამადასტურებელ დოკუმენტად საჯარო რეესტრის ამონაწერში მითითებულია განკარგულება აუქციონზე შეძენილ ქონებაზე უფლებამოსილების მიღების შესახებ.

8. მოპასუხეს სადავო ქონების ფლობის სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია.

9. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ საქალაქო სასამართლომ სავსებით სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა დადგენილ ფაქტებს და მართებულად მიუთითა, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდგომ - სსკ) 172-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე აპელანტი ვალდებული იყო, დაებრუნებინა მესაკუთრისათვის კუთვნილი ქონება და არსებობდა ვინდიკაციური სარჩელის დაკმაყოფილებისათვის საჭირო ყველა წინაპირობა.

10. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ამავე კოდექსის 312-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ - სსსკ) 102-ე მუხლით და იმის გათვალისწინებით, რომ მოპასუხეს/აპელანტს სასამართლოსათვის არ მიუთითებია კანონით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლით სადავო უძრავი ქონების მართლზომიერი ფლობის თაობაზე და ამ გარემოების დამადასტურებელ მტკიცებულებაზე, პალატამ დადასტურებულად მიიჩნია, რომ აპელანტი არ წარმოადგენს მოსარჩელის საკუთრებაში რეგისტრირებული ქონების მართლზომიერ მფლობელებს და ამ ქონების დაკავების უფლება მას არ გააჩნია.

11. შესაბამისად, მოსარჩელე არის სადავო ქონების მესაკუთრე, ხოლო მოპასუხეს არ წარმოუდგენია იმ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულებები, რომ უძრავ ქონებას ფლობს კანონიერად. ამასთან, მხარეთა შორის არ არსებობს რაიმე სახელშეკრულებო ურთიერთობა, რითაც მოსარჩელე (მესაკუთრე) შეიძლება შეზღუდულიყო მოპასუხესთან მიმართებით. ამასთან, არ არსებობს არც კანონისმიერი საფუძველი რაიმე შებოჭვისათვის, ამდენად, მოსარჩელე უფლებამოსილია, სრულყოფილად განახორციელოს საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე კანონით გარანტირებული უფლებები.

12. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის საფუძვლები არ არსებობს და იგი უცვლელი უნდა დარჩეს.

კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:

13. სააპელაციო სასამართლოს განჩინება ზემოპასუხემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის დაბრუნება იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად შემდეგი საფუძვლებით:

14. კასატორის განმარტებით, სააპელაციო პალატამ სათანადოდ არ გამოიკვლია დავის ფაქტობრივი გარემოებანი, რის გამოც არსებობს საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების წინაპირობები, სსსკ-ის 412-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ პუნქტის შესაბამისად.

15. კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლოს ყურადღება უნდა გაემახვილებინა იმაზე, რომ მოსარჩელემ 140 000 ლარის ღირებულების სადავო ქონება შეიძინა 14 000 ლარად. ამასთან, სააღსრულებო წარმოება და აუქციონი წარიმართა კანონდარღვევით. აღნიშნული საკითხი სადავოა და იხილება სხვა დავის ფარგლებში მიმდინარე სასარჩელო წარმოებით. წინამდებარე საქმე არ უნდა განხილულიყო ზემოაღნიშნული დავის განხილვის დასრულებამდე. კასატორმა მიიჩნია, რომ სააპელაციო პალატამ მოცემული დავა ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა კანონდარღვევით. (იხ. საკასაციო საჩივარი).

16. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 22 მაისის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

17. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

18. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ, სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო პალატის მიერ დადგენილად უნდა ჩაითვალოს შემდეგი გარემოებანი:

19. სადავო უძრავ ქონებაზე მოსარჩელის საკუთრების უფლება საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია 2021 წლის 02 აპრილიდან და საკუთრების უფლების დამდგენ დოკუმენტს წარმოადგენს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2021 წლის 24 მარტის №A20117335-013/001 განკარგულება.

20. მოსარჩელის საკუთრებად რეგისტრირებული უძრავი ნივთი მოპასუხის მფლობელობაშია და, მოსარჩელის მოთხოვნის მიუხედავად, მის გამოთავისუფლებაზე უარს აცხადებს.

21. კასატორმა პრეტენზია უკავშირდება იმ საკითხს, რომ მოსარჩელემ სადავო უძრავ ნივთზე საკუთრების უფლება მოიპოვა კანონდარღვევით. ასევე სააპელაციო პალატამ საქმე განიხილა ზეპირი მოსმენის გარეშე.

22. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში წარმოდგენილია სავინდიკაციო სარჩელი, შესაბამისად, დავის საგანს წარმოადგენს მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან მოსარჩელის კუთვნილი უძრავი ნივთის გამოთხოვის მართლზომიერება.

23. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვის თაობაზე მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია სსკ-ის 172-ე მუხლის პირველი ნაწილი. სავინდიკაციო სარჩელი ეფუძნება იმ მოცემულობას, რომ მესაკუთრეს, რომელსაც ჩამოერთვა მფლობელობა, შეუძლია ნივთი მოითხოვოს მფლობელისაგან, რომელიც არაკეთილსინდისიერად აკავებს ნივთს. საკუთრების უფლებამ ნივთზე სრული ბატონობა უნდა უზრუნველყოს, მათ შორის ფაქტობრივი ბატონობა - მფლობელობის სახით. ცხადია, მესაკუთრეს სხვა უფლებამოსილებებთან ერთად აქვს მფლობელობის უფლებაც და თუკი მოხდება საკუთრების მფლობელობის ჩამორთმევა, მას შეუძლია არაუფლებამოსილ მფლობელს სსკ-ის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება (იხ.: თამარ ზარანდია, სანივთო სამართალი, გამომცემლობა „მერიდიანი“, მეორე შევსებული გამოცემა, 2019წ., გვ. 245).

24. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალში საკუთრების უფლება ფართოდაა განმარტებული და იგი მოიცავს მთელ რიგ ქონებრივ/ფულად უფლებებს, რომელიც საკუთრებიდან გამომდინარეობს. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში – მარქსი ბელგიის წინაღმდეგ განმარტა: „იმის აღიარებით, რომ ყოველ ადამიანს აქვს თავისი საკუთრებით (ქონებით) შეუფერხებელი სარგებლობის უფლება, მუხლი პირველი არსებითად უზრუნველყოფს საკუთრების უფლებას. ეს არის სრულიად ცხადი წარმოდგენა, რომელსაც ტოვებს სიტყვები „საკუთრება“ და „საკუთრების გამოყენება“. (მარქსი ბელგიის წინააღმდეგ, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება განაცხ. №6833/74, სტრასბურგი, 1979 წლის 13 ივნისი). სხვა საქმეზე ევროპული სასამართლო იმეორებს, რომ „საკუთრების ცნებას დამატებითი №1 ოქმის პირველი მუხლის მიხედვით, დამოუკიდებელი მნიშვნელობა აქვს, რომელიც არ შემიფარგლება ფიზიკური ნივთების ფლობით და ის დამოუკიდებელია ეროვნულ კანონმდებლობაში არსებული ოფიციალური კლასიფიკაციისგან: „საკუთრების“ ცნება არ შემოიფარგლება „არსებული საკუთრებით“, არამედ ის შეიძლება მოიცავდეს აქტივებს, სარჩელების ჩათვლით, რომლებთან დაკავშირებითაც განმცხადებელს შეუძლია განაცხადოს, რომ მას გააჩნია საკუთრების უფლებისა ან ქონებრივი ინტერესის ეფექტური გამოყენების გონივრული და „კანონიერი მოლოდინი“ (იხ. იონერილდიზი თურქეთის წინაამდეგ, დიდი პალატა, №48939/99, §124, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო 2004-XII; პრინცი ჰანს-ადამ II ლიხტენშტეინი გერმანიის წინააღმდეგ; დიდი პალატა, N42527/98, § 83, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო 2001-VIII).

25. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სსკ-ის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.

26. ამავე კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით კი განსაზღვრულია, რომ მესაკუთრეს შეუძლია, მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება. შესაბამისად, არამფლობელი მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისთვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: ა) მოსარჩელე უნდა იყოს მესაკუთრე, ბ) მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი და გ) მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება. მხოლოდ მას შემდეგ, რაც დადგინდება სამივე წინაპირობის არსებობა, შესაძლებელი გახდება მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა. ვინდიკაციური სარჩელის საფუძვლიანობა მოწმდება იმ გარემოებათა შეფასებით, არსებობს თუ არა მოსარჩელის საკუთრების უფლება ნივთზე და იმყოფება თუ არა ეს ნივთი სხვა პირის არამართლზომიერ მფლობელობაში; (შდრ: სუსგ №ას-709-2022, 30 სექტემბერი, 2022).

27. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სსკ-ის 168-ე მუხლის თანახმად, მესაკუთრის პრეტენზიის გამო, ნივთის მფლობელობა წყდება, თუ მესაკუთრე მფლობელს წაუყენებს დასაბუთებულ პრეტენზიას. ამდენად, უნდა გამოიკვეთოს სსკ-ის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ყველა წინაპირობა, რათა მოსარჩელეს უფლება ჰქონდეს, ნივთის მისთვის გადაცემა მოითხოვოს (სუსგ 26.01.2023წ. საქმე №ას-1578-2020, 3.02.2021წ. საქმე №ას-136-2019, 29.01.2021წ., საქმე №ას-1437-2020, 24.12.2020წ., საქმე №ას-1274-2020 31.02.2020წ.).

28. პირის მართლზომიერ მფლობელად მიჩნევა უნდა ემყარებოდეს ფაქტობრივ საფუძველს და სამართლებრივად ვარგის მტკიცებულებებს. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლი არ შეიძლება განიმარტოს, როგორც პირის უფლების აღიარება, უზრუნველყოფილი იყოს საცხოვრისით (ჩეპმენი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ (Chapman v. theUnited Kingdom), განაცხადი no. 27138/95, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდი პალატის 2001 წლის 18 იანვრის გადაწყვეტილების პუნქტი 99) ან როგორც პირის უფლება, იცხოვროს გარკვეულ ადგილას (გარიბი ნიდერლანდების წინააღმდეგ (Garib v. theNetherlands), განაცხადი no. 43494/09, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდი პალატის 2017 წლის 6 ნოემბრის გადაწყვეტილების პუნქტი 141). კონვენციის მე-8 მუხლის ძალით სახელმწიფოზე დაკისრებულ პოზიტიურ და ნეგატიურ ვალდებულებებს შორის გამყოფი ზღვარი ხშირად რთული დასადგენია. შესატყვისი პრინციპები მსგავსია. ორივე შემთხვევაში უნდა დამყარდეს სამართლიანი წონასწორობა კონფლიქტურ ინტერესებს შორის. ევროპული სასამართლო მოითხოვს, რომ პირებს უნდა შეეძლოთ, გონივრულად განჭვრიტონ, სულ მცირე, იურისტის რჩევით, რომ მათზე შეიძლება კანონის მოქმედება გავრცელდეს“ (იხ. საცხოვრისის უფლება /საერთაშორისო სტანდარტებისა და პრაქტიკის მიმოხილვა/; ავტორი - ნანა მჭედლიძე; 2019; 38-39; რედაქტორი - ნინო კალატოზიშვილი). საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ, სავინდიკაციო სარჩელის შემთხვევაში მოპასუხის არგუმენტი, რომ არა აქვს სხვა საცხოვრისი, არ არის საკმარისი მტკიცებულება საიმისოდ, რომ შეაფერხოს სასარჩელო მოთხოვნის განხორციელება ან საერთოდ გამორიცხოს მისი დაკმაყოფილება (იხ. სუსგ-ები: №ას-369-2023, 13 ივნისი, 2023 წ; №ას-48-2023, 23.02.2023წ., №ას-709-2022, 30 სექტემბერი, 2022 წ.; №ას-870-2021, 6 ივლისი, 2022 წ.; 6.07.2022წ; №ას-509-2020, 31 ივლისი, 2022 წ.;№ ას- 1326-2021, 13 აპრილი, 2022 წ.; № ას-5-2022, 28 მარტი, 2022 წ.; № ას-1377-2021, 23 მარტი, 2022 წ.).

29. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელე წარმოადგენს სადავო უძრავი ქონებების მესაკუთრეს, აღნიშნული დასტურდება საქმეში წარმოდგენილი ამონაწერით საჯარო რეესტრიდან (იხ. ს.ფ.17), რომლის მიმართაც, ამავე კოდექსის 312-ე მუხლის თანახმად, მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ აპელანტი სადავო უძრავ ქონებას ფლობდა. რაც შეეხება ვინდიკაციური სარჩელის დაკმაყოფილების ერთ-ერთ აუცილებელ პირობას, რომ მფლობელს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ მოპასუხემ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და 102-ე მუხლების შესაბამისად, ვერ შეძლო თავისი წილი მტკიცების ტვირთის რეალიზება და სასამართლოსათვის იმ მტკიცებულებების წარდგენა, რომლითაც სადავო ნივთზე მისი მფლობელობის მართლზომიერება დადასტურდებოდა.

30. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოცემული დავა შეეხება უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვას, შესაბამისად, აღნიშნული სასარჩელო მოთხოვნის პირობებში, საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანი ვერ გახდება კასატორის მხოლოდ მითითება, მოსარჩელის მიერ სადავო უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების უკანონოდ მოპოვების შესახებ (შდრ: სუსგ №ას-369-2023, 13 ივნისი, 2023წ; №ას-48-2023, 23 თებერვალი, 2023 წელი). განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ მოსარჩელის საკუთრების უფლების დამდგენი დოკუმენტია განკარგულება №A20117335-013/001, დამოწმების თარიღი: 24.03.2021, რაც კანონით დადგენილი წესით გაბათილებული არ არის. აღნიშნულის საწინააღმდეგოდ კასატორს სათანადო მტკიცებულება არ წარმოუდგენია.

31. რაც შეეხება კასატორის პრეტენზიას იმის შესახებ, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებს სსსკ-ის 279-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის (სასამართლო ვალდებულია შეაჩეროს საქმის წარმოება თუ საქმის განხილვა შეუძლებელია სხვა საქმის გადაწყვეტამდე, რომელიც განხილულ უნდა იქნეს სამოქალაქო სამართლის ან ადმინისტრაციული წესით) საფუძველზე სხვა ადმინისტრაციული საქმის დასრულებამდე უნდა შეეჩერებინათ მოცემული საქმის წარმოება, საკასაციო სასამართლო მას უსაფუძვლობის გამო ვერ გაიზიარებს და განმარტავს, რომ მითითებული ნორმა საქმის წარმოების შეჩერების აუცილებლობას ითვალისწინებს ისეთ შემთხვევაში, როდესაც დავის გადაწყვეტას სამართლებრივად აფერხებს სხვა სამოქალაქო სამართლის ან ადმინისტრაციული წესით განსახილველი საქმის გადაწყვეტა. მითითებული საფუძვლით საქმის წარმოების შეჩერების ვალდებულება პირდაპირ კავშირშია ისეთ საპროცესო ინსტიტუტთან, როგორიცაა მტკიცების ტვირთი და ემსახურება ფაქტების დამტკიცების ვალდებულებისაგან მხარეთა გათავისუფლების მიზანს, სამართალწარმოების ერთ-ერთი პრინციპის – პროცესის ეკონომიის პრინციპის რეალიზაციის უზრუნველყოფას, რაც, თავის მხრივ, ეფექტიანი მართლმსაჯულების განხორციელების წინაპირობაა (შდრ. სუსგ №ას-415-415-2018, 04 მაისი, 2018წ.). ზემოაღნიშნული საფუძვლით საქმის წარმოების შეჩერების საკითხის გადაწყვეტისას უნდა დადგინდეს, არსებობს თუ არა საქმეთა შორის ისეთი აუცილებელი კავშირი, რაც შეჩერების ღონისძიების გამოუყენებლობის პირობებში, ობიექტურად შეუძლებელს გახდის სასამართლოს წარმოებაში არსებული საქმის განხილვას (იხ. სუსგ №ას-1719-2019, 22.01.2020წ.).

32. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მოპასუხეს აღძრული აქვს ადმინისტრაციული სარჩელი კერძო აღმასრულებლის, სააღსრულებო ბიუროსა და სადავო უძრავი ქონების აუქციონზე შემძენი პირის (მესამე პირის) მიმართ და ითხოვს უკანონოდ ჩატარებული აუქციონის შედეგების (რომლის საფუძველზეც მან დაკარგა საკუთრების უფლება სადავო უძრავ ქონებაზე) ბათილად ცნობას. მოპასუხე მიიჩნევს, რომ მითითებული დავის მის სასარგებლოდ დასრულება არსებით გავლენას მოახდენს წინამდებარე დავაზე, რაც სსსკ 279-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საქმისწარმოების შეჩერების საფუძველს ქმნის. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს მოპასუხის მითითებულ პრეტენზიას და კიდევ ერთხელ განმარტავს შემდეგს: ვინდიკაციური სარჩელის დაკმაყოფილებისათვის მოსარჩელე უნდა მიუთითებდეს, რომ: ა) არის ქონების მესაკუთრე; ბ) მოპასუხე ფლობს ქონებას; გ) მფლობელს არ გააჩნია სადავო ქონებაზე ფაქტობრივი ბატონობის მართლზომიერი საფუძველი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებიდან გამომდინარე, მოსარჩელეს ეკისრება, საჯარო რეესტრის ამონაწერზე დაყრდნობით დაამტკიცოს ნივთზე საკუთრების უფლება, რაც მოცემულ შემთხვევაში, გამოვლინდა. რაც შეეხება მფლობელს, ამავე ნორმიდან გამომდინარე, მისი შესაგებელი შეიძლება, ემყარებოდეს, როგორც ფლობის ნამდვილი, მართლზომიერი უფლების არსებობას, ისე - საკუთრების უფლების ნამდვილობას და როგორც ერთი, ისე მეორე ფაქტის სათანადო მტკიცებულებით დადასტურება მისი მტკიცების ტვირთს შეადგენს. მოცემულ შემთხვევაში, უდავოა, რომ მოპასუხემ ვერ დაძლია მტკიცების ტვირთი და ვერ დაადასტურა მართლზომიერი ფლობის ფაქტი, შესაბამისად, სასამართლო ხელმძღვანელობს საჯარო რეესტრში რეგისტრირებული მონაცემებით (სსკ-ის 312-ე მუხლი) და მიიჩნევს, რომ კასატორის უფლება ვერ განიხილება მართლზომიერად. ამდენად, სხვა დავის გადაწყვეტამდე, მიმდინარე დავის შეჩერების საფუძველი არ არსებობს - დასახელებულ ორ საქმეს შორის ისეთი კავშირი, რომ სხვა საქმეში გარკვეული გარემოებების დადგენამდე, მიმდინარე საქმის განხილვა შეუძლებელი იყოს, არ იკვეთება. საკუთრების უფლება დადასტურებულია კანონით დადგენილი წესითა და ფორმით, ხოლო კასატორი სადავო უძრავ ქონებაზე მართლზომიერი ფლობის საფუძვლის არსებობაზე ვერ მიუთითებს. ( შდრ: სუსგ №ას-340-2023, 25 აპრილი, 2023 წ.).

33. დასაშვებ და დასაბუთებულ საკასაციო პრეტენზიას არ წარმოადგენს კასატორების მითითება, რომ სააპელაციო პალატამ საქმე არასწორად განიხილა ზეპირი მოსმენის გარეშე.

34. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საქმის განხილვის ფორმას ადგენს მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა და, რიგ შემთხვევაში, ზეპირი ფორმით პროცესის ჩანიშვნისა თუ ზეპირი მოსმენის გარეშე დავის გადაწყვეტის არჩევანს სასამართლოს შეხედულებას მიანდობს. აღნიშნული შინაარსის დებულებას ითვალისწინებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 3761-ე მუხლის მესამე ნაწილი, რომელიც ადგენს, რომ თუ საქმე შეეხება უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვასა და საქართველოს საბანკო დაწესებულებების, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების, არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების − კვალიფიციური საკრედიტო ინსტიტუტების მიერ დადებული (მათ შორის, ელექტრონული ფორმით დადებული) სესხის (კრედიტის) გაცემის შესახებ ხელშეკრულებებიდან გამომდინარე დავებს, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია საქმე განიხილოს ზეპირი მოსმენის გარეშე (იხ.სუსგ-ები: №ას-340-2023, 25 აპრილი, 2023 წ; №ას-1924-2018, 17 იანვარი, 2019 წელი; №ას-1608-2018, 30 ნოემბრი, 2018 წელი).

35. მოცემულ შემთხვევაში წინამდებარე დავა შეეხება უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვას, შესაბამისად, სააპელაციო პალატა უფლებამოსილი იყო, საქმე განეხილა ზეპირი მოსმენის გარეშე.

36. ყოველივე ზემოღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო პალატამ მართებულად შეაფასა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი კვალიფიკაცია მისცა მათ, სწორად განახორციელა ის საპროცესო მოქმედებები, რომლებიც, მხარეთა თანასწორუფლებიანობის პირობებში, საჭირო იყო საქმის გარემოებთა დადგენისა და, მხარეთათვის დაკისრებული მტკიცების ტვირთის შესაბამისად, მათ მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასებისათვის, რაც ცხადყოფს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

37. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობაში მოდის.

38. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

39. ამავდროულად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან.

40. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

41. სსსკ-ის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით მ.კ–ძის მიერ 05.04.2023წ. №16634010458 საგადახდო დავალებით გადახდილი 150 ლარის 70% – 105 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ი.ს–ძის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

2. კასატორ ი.ს–ძეს (პირადი №.......) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით მ.კ–ძის მიერ 05.04.2023წ. №16634010458 საგადახდო დავალებით გადახდილი 150 ლარის 70% – 105 ლარი.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზურაბ ძლიერიშვილი

მოსამართლეები: ეკატერინე გასიტაშვილი

მირანდა ერემაძე