Facebook Twitter

საქმე №ას-353-2023 19 ივნისი, 2023 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

მოსამართლე

ნინო ბაქაქური

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი - შპს „პ–ი“ (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარეები – სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო (მოპასუხეები)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 27 იანვრის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

დავის საგანი – ხელშეკრულების ბათილად ცნობა, მესაკუთრედ ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

შპს „პ–მა“ (შემდგომში „მოსარჩელე“) სარჩელი აღძრა სასამართლოში სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს (შემდგომში „მოპასუხეები“) მიმართ ხელშეკრულების ბათილად ცნობის და მესაკუთრედ ცნობის თაობაზე.

მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 27 იანვრის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდა. გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. შპს „პ–ის“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე მოსარჩელემ შეიტანა საკასაციო საჩივარი და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 3 აპრილის განჩინებით შპს „პ–ს“ დაევალა, მოცემული განჩინების ჩაბარებიდან 10 (ათი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა: ა) საკასაციო საჩივრის საგნის ღირებულების (დღეის მდგომარეობით) დამადასტურებელი დოკუმენტი და ბ) მასში მითითებული ღირებულების 5%-ის სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი ან კასატორის მძიმე ფინანსური მდგომარეობის სარწმუნოდ დამადასტურებელი ისეთი მტკიცებულებები, რომლებიც მიუთითებდა მის გადახდისუუნარობაზე.

ხარვეზის შესავსებად დაწესებულ ვადაში კასატორის წარმომადგენელმა საკასაციო სასამართლოში წარმოადგინა განცხადება და იშუამდგომლა ხარვეზის ვადის გაგრძელება იმ საფუძვლით, რომ მან მიმართა შემოსავლების სამსახურს, რომ აეღო ცნობა კასატორის შემოსავლების შესახებ, რითაც დადასტურდებოდა კასატორის მძიმე ფინანსური მდგომარეობა. აღნიშნულის დასადასტურებლად განცხადებას ერთვოდა ინფორმაციის მისაღებად შემოსავლების სამსახურისათვის მიმართვის დოკუმენტი. კასატორის წარმომადგენელს საკასაციო საჩივრის საგნის ღირებულების (დღეის მდგომარეობით) დამადასტურებელი დოკუმენტი არ წარმოუდგენია.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 21 აპრილის განჩინებით შპს „პ–ის“ წარმომადგენლის შუამდგომლობა საპროცესო ვადის გაგრძელების თაობაზე დაკმაყოფილდა. კასატორს გაუგრძელდა ხარვეზის შევსების ვადა მითითებული განჩინების ჩაბარებიდან 10 (ათი) დღით.

ხარვეზის შესავსებად დაწესებულ ვადაში კასატორის წარმომადგენელმა საკასაციო სასამართლოში წარმოადგინა განცხადება და იშუამდგომლა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე საქმის დასრულებამდე იმ საფუძვლით, რომ დღეის მდგომარეობით კასატორი არის გადახდისუუნარო. კასატორის მძიმე ფინანსური მდგომარეობის დამადასტურებელი მტკიცებულებების სახით განცხადებას ერთვოდა შპს „პ–ის“ სახელზე გაცემული ცნობები შემოსავლების სამსახურიდან და სს „ბ.ქ–დან“. შემოსავლების სამსახურის მიერ გაცემული ცნობიდან გაირკვა, რომ შპს „პ–ს“ 2011-2016 წლების საანგარიშო პერიოდების მოგების გადასახადის დეკლარაციების მიხედვით ბრუნვა არ უფიქსირდებოდა. ამავე ცნობაში აღნიშნული იყო, რომ მოგების გადასახადის დეკლარაცია არ ითვალისწინებს ინფორმაციას ერთობლივი შემოსავლის შესახებ, შესაბამისად აღნიშნული ცნობა არ შეიცავდა ინფორმაციას 2017 წლიდან შპს „პ–ის“ წლიური ბრუნვების შესახებ. რაც შეეხება სს „ბ.ქ–დან“ გაცემულ ცნობას, აღნიშნული ცნობით გაირკვა, რომ შპს „პ–ის“ საბანკო ანგარიშები სს „ბ.ქ–ში“ დაიხურა 2018 წელს. კასატორის წარმომადგენელს საკასაციო საჩივრის საგნის ღირებულების (დღეის მდგომარეობით) დამადასტურებელი დოკუმენტი კვლავ არ წარმოუდგენია.

საკასაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ხარვეზის განჩინებით დადგენილ ვადაში არ იქნა წარმოდგენილი მტკიცებულება, რომლითაც სარწმუნოდ დადასტურდებოდა კასატორის ისეთი მძიმე ფინანსური მდგომარეობა, რომელიც შექმნიდა სახელმწიფო ბაჟის გადავადების საფუძველს. სასამართლოში წარმოდგენილი ცნობები შემოსავლების სამსახურიდან და სს „ბ.ქ–დან“ არ ადასტურებდა დღეის მდგომარეობით კასატორის მძიმე ფინანსურ მდგომარეობას და არ იყო საკმარისი მტკიცებულება კასატორის გადახდისუუნარობის დასადასტურებლად. ამასთან, საკასაციო საჩივრის საგნის ღირებულების (დღეის მდგომარეობით) დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე შეუძლებელი იყო საკასაციო სასამართლოს განესაზღვრა სახელმწიფო ბაჟის ოდენობა და ემსჯელა მისი გადავადების შესახებ.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 15 მაისის განჩინებით შპს „პ–ს“ გაუგრძელდა ხარვეზის შევსების ვადა აღნიშნული განჩინების ჩაბარებიდან 10 (ათი) დღით.

ხარვეზის შესავსებად დაწესებულ ვადაში კასატორის წარმომადგენელმა საკასაციო სასამართლოში წარმოადგინა განცხადება და კვლავ იშუამდგომლა ხარვეზის ვადის გაგრძელება იმ საფუძვლით, რომ მიმართა შემოსავლების სამსახურს და მოითხოვა ინფორმაცია შპს „პ–ის“ 2020-2023 წლების შემოსავლების შესახებ, რითაც სარწმუნოდ დადასტურდება კასატორის მძიმე ფინანსური მდგომარეობა შემოსავლების არ ქონის გამო. აღნიშნულის დასადასტურებლად განცხადებას ერთვის ინფორმაციის მისაღებად შემოსავლების სამსახურისათვის მიმართვის დოკუმენტი. განცხადებას ასევე ერთვის შემოსავლების სამსახურის მიერ გაცემული ცნობა, რომლითაც დასტურდება, რომ შემოსავლების სამსახურის ერთიან ელექტრონულ ბაზაში შპს „პ–ს“ უფიქსირდება სს „ბ.ქ–ში“ 2018 წლის 5 ოქტომბერს დახურული საბანკო ანგარიშსწორების ანგარიში. კასატორის წარმომადგენელს საკასაციო საჩივრის საგნის ღირებულების (დღეის მდგომარეობით) დამადასტურებელი დოკუმენტი კვლავ არ წარმოუდგენია.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საქართველოს უზენაესი სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა იქნას დატოვებული შემდეგი გარემოებების გამო:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში - სსსკ) 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. დასახელებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნებთან შეუსაბამობის შემთხვევაში, დაადგენს ხარვეზს და მხარეს განუსაზღვრავს საპროცესო ვადას შესაბამისი საპროცესო მოქმედების განხორციელების მიზნით.

განსახილველ შემთხვევაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 15 მაისის განჩინებით შპს „პ–ს“ გაუგრძელდა ხარვეზის შევსების ვადა და დაევალა, აღნიშნული განჩინების ჩაბარებიდან 10 (ათი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა: ა) საკასაციო საჩივრის საგნის ღირებულების (დღეის მდგომარეობით) დამადასტურებელი დოკუმენტი და ბ) მასში მითითებული ღირებულების 5%-ის სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი ან კასატორის მძიმე ფინანსური მდგომარეობის სარწმუნოდ დამადასტურებელი ისეთი მტკიცებულებები, რომლებიც მიუთითებდა მის გადახდისუუნარობაზე.

ხარვეზის შესავსებად დადგენილ ვადაში კასატორის წარმომადგენელმა განცხადებით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და კვლავ იშუამდგომლა ხარვეზის ვადის გაგრძელება იმ საფუძვლით, რომ მიმართა შემოსავლების სამსახურს და მოითხოვა ინფორმაცია შპს „პ–ის“ 2020-2023 წლების შემოსავლების შესახებ, რითაც სარწმუნოდ დადასტურდება კასატორის მძიმე ფინანსური მდგომარეობა შემოსავლების არ ქონის გამო. განმცხადებელმა აღნიშნა, რომ მითითებული ცნობის მომზადებას ესაჭიროება 10 სამუშაო დღე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 64-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს მიერ დანიშნული ვადა, თუ კანონით სხვა რამ არის დადგენილი, სასამართლომ შეიძლება გააგრძელოს მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით.

განსახილველ შემთხვევაში კასატორის წარმომადგენელი შუამდგომლობს საპროცესო ვადის კვლავ გაგრძელების თაობაზე კასატორის გადახდისუუნარობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოსადგენად, თუმცა მას კვლავ არ წარმოუდგენია საკასაციო საჩივრის საგნის ღირებულების (დღეის მდგომარეობით) დამადასტურებელი დოკუმენტი, რომლის წარმოდგენაც ასევე დავალებული ჰქონდა ხარვეზის განჩინებით და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს აღნიშნულთან დაკავშირებით. მითუმეტეს მაშინ, როდესაც აღნიშნული დოკუმენტის გარეშე შეუძლებელია საკასაციო სასამართლომ განსაზღვროს სახელმწიფო ბაჟის ოდენობა და იმსჯელოს მისი გადავადების შესახებ. ამასთან, დღეის მდგომარეობით კასატორის შემოსავლების შესახებ ცნობა კასატორის წარმომადგენელს შეეძლო მოეთხოვა ჯერ კიდევ აპრილის თვეში, როდესაც პირველად დაუდგინდა ხარვეზი კასატორს.

გარდა ამისა, საქმის მასალებით დადგენილია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 21 აპრილის და ამავე სასამართლოს 2023 წლის 15 მაისის განჩინებებით შპს „პ–ს“ ორჯერ გაუგრძელდა ვადა ხარვეზის შესავსებად, მთლიანობაში 20 (ოცი) დღით. ამასთან, 2023 წლის 15 მაისის განჩინებით კასატორს განემარტა, რომ თუ მითითებულ ვადაში ხარვეზი სრულყოფილად არ გამოსწორდებოდა, საკასაციო საჩივარი დარჩებოდა განუხილველი სსსკ-ის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ დაუშვებელია საპროცესო ვადის გაგრძელებამ გამოიწვიოს საქმის განხილვის გაჭიანურება და პროცესუალური ეკონომიის პრინციპის უგულებელყოფა და მიიჩნევს, რომ რამდენადაც საკასაციო საჩივარზე ხარვეზის დადგენიდან (2023 წლის 3 აპრილი) გასულია 30 დღეზე მეტი, რაც გონივრული ვადაა საკასაციო საჩივრის საგნის ღირებულების (დღეის მდგომარეობით) დამადასტურებელი დოკუმენტის და მასში მითითებული ღირებულების 5%-ის სახელმწიფო ბაჟის სახით გადასახდელი თანხების მოძიებისათვის ან კასატორის მძიმე ფინანსური მდგომარეობის სარწმუნოდ დამადასტურებელი ისეთი მტკიცებულებების წარმოსადგენად, რომლებიც მიუთითებს მის გადახდისუუნარობაზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო შეუძლებლად მიიჩნევს მხარეს კვლავ გაუგრძელოს ხარვეზის შევსებისათვის მის მიერ განსაზღვრული დრო.

ამრიგად, სასამართლო თვლის, რომ შუამდგომლობა ხარვეზის შესავსებად დადგენილი საპროცესო ვადის გაგრძელების თაობაზე უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს. იმის გათვალისწინებით, რომ კასატორის მიერ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 15 მაისის განჩინებით დადგენილი ხარვეზი გამოსწორებული არ არის, არსებობს სსსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების წინაპირობა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლით, 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. შპს „პ–ის“ საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 27 იანვრის გადაწყვეტილებაზე დარჩეს განუხილველი;

2. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე: ნინო ბაქაქური