Facebook Twitter

საქმე №ას-101-2023 15 ივნისი, 2023 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლევან მიქაბერიძე,

მირანდა ერემაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვა (დისტანციურად)

სხდომის მდივანი - ლელა სანიკიძე

კერძო საჩივრის ავტორი - ფ.ბ–ძე (მოპასუხე) - წარმომადგენელი - ი.ს–ძე

მოწინააღმდეგე მხარე - ა.ფ–ი (მოსარჩელე) - წარმომადგენელი - ნ.გ–ძე

გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 22 დეკემბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღება

კერძო საჩივრის დავის საგანი - სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. უძრავი ქონების უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვის მოთხოვნით ფ.ბ–ძის (შემდეგში - მოპასუხე, აპელანტი ან კერძო საჩივრის ავტორი) წინააღმდეგ ა.ფ–მა (შემდეგში - მოსარჩელე ან მოწინააღმდეგე მხარე) სასამართლოში სარჩელი შეიტანა.

2. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 13 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, უძრავი ქონება გამოთხოვილ იქნა მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან და გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში მოსარჩელეს გადაეცა.

3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით მოპასუხემ გაასაჩივრა.

4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 22 დეკემბრის განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი განუხილველად დარჩა, ამ უკანასკნელის მიერ სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადის დარღვევის გამო (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში - სსსკ-ის 369-ე მუხლი).

5. სააპელაციო სასამართლოს დასახელებული განჩინება მოპასუხემ კერძო საჩივრით გაასაჩივრა, რომლითაც აღნიშნული განჩინების გაუქმება მოითხოვა იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლომ ყურადღება არ გაამახვილა აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივრის ფოსტაში ჩაბარების თარიღზე.

6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 28 მარტის განჩინებით, სსსკ-ის 414-416-ე მუხლების საფუძველზე კერძო საჩივარი განსახილველად იქნა მიღებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

კერძო საჩივარი დასაბუთებულია, შესაბამისად, იგი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

7. გასაჩივრებული განჩინებით, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებას საფუძვლად დაედო აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადის დარღვევა.

9. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ, აპელანტისათვის სააპელაციო საჩივრის შეტანის კანონით დადგენილი 14-დღიანი ვადის ათვლა 2022 წლის 13 ნოემბერს დაიწყო და 2022 წლის 28 ნოემბერს ამოიწურა, ხოლო ამ უკანასკნელმა სააპელაციო საჩივარი სასამართლოში 2022 წლის 8 დეკემბრს, ე.ი. გასაჩივრების კანონით დადგენილი ვადის დარღვევით შეიტანა.

10. კერძო საჩივრის ავტორი სადავოდ ხდის ზემომითითებული საფუძვლით სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებას და განმარტავს, რომ სააპელაციო საჩივარი ფოსტას კანონით დადგენილ ვადაში ჩააბარა.

ეს გარემოება მის მიერ საქმეზე წარმოდგენილი საფოსტო გზავნილით დასტურდება, საიდანაც ირკვევა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოში გაგზავნილი სააპელაციო საჩივარი აპელანტმა ფოსტას 2022 წლის 26 ნოემბერს ჩააბარა.

მოცემული საკითხის შეფასებისას კიდევ ერთი გარემოებაა საყურადღებო, კერძოდ, აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადის დაცვის საკითხის სრულყოფილად გასარკვევად საკასაციო პალატამ მოცემული საქმის ზეპირი მოსმენით (სასამართლო სხდომაზე) განხილვა დაადგინა.

მოგვიანებით, ორივე მხარის წარმომადგენელმა მითითებული სხდომის დისტანციურ რეჟიმში განხილვის შესახებ იშუამდგომლა. ამასთან, მის მიერ წარმოდგენილ შუამდგომლობას კერძო საჩივრის ავტორმა თან დაურთო შპს „გ–ის“ მიერ გაცემული ცნობა და აპელანტის წარმომადგენელ ი.ს–ძის მხრიდან სასამართლო გზავნილის ხსენებული შპს-თვის ჩაბარების დამადასტურებელი ქვითარი.

დასახელებული მტკიცებულებებიდანაც თვალნათლივ დგინდება, რომ შესაბამისი კორესპონდენციით აპელანტის წარმომადგენელმა ფოსტას 2022 წლის 26 ნოემბერს მიმართა. საყურადღებოა, რომ დასახელებული მტკიცებულებების გამაქარწყლებელ რაიმე გარემოებაზე და/ან არგუმენტზე მოწინააღმდეგე მხარეს არ მიუთითებია, რაც სსსკ-ის 102-103-ე მუხლების გათვალისწინებით მისი მტკიცების ტვირთში შედიოდა.

11. სსკ-ის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება, შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება.

მითითებული ნორმის მიხედვით, თუ განცხადება ფოსტას ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, მაშინ იგი საპროცესო ვადის დაცვით შეტანილად ითვლება.

მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ სააპელაციო საჩივრის შეტანის ბოლო ვადა იყო 2022 წლის 28 ნოემბერი, კერძო საჩივრის ავტორის მიერ წარმოდგენილი ზემოხსენებული მტკიცებულებით კი ირკვევა, რომ მოსარჩელემ სააპელაციო საჩივარი ფოსტას 2022 წლის 26 ნოემბერს ჩააბარა. შესაბამისად, სააპელაციო საჩივარი ვადაში შეტანილად ითვლება, რაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმების წინაპირობას წარმოქმნის.

12. სსსკ-ის 412-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ: ა) საქმის გარემოებები საპროცესო ნორმების ისეთი დარღვევითაა დადგენილი, რომ ამ დარღვევების შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი და საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა და ბ) არსებობს ამ კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, გარდა აღნიშნული მუხლის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებისა. სსსკ-ის 394-ე მუხლის „ე1“ ქვეპუნქტის თანახმად, გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია.

ზემოხსენებული მოტივაციით საკასაციო სასამართლო აუქმებს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებას და მოპასუხის სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ხელახლა შესამოწმებლად საქმეს იმავე სასამართლოს უბრუნებს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ფ.ბ–ძის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 22 დეკემბრის განჩინება და საქმე სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შესამოწმებლად ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები : ვლადიმერ კაკაბაძე

ლევან მიქაბერიძე

მირანდა ერემაძე