15 ივნისი, 2023 წელი,
საქმე №ას-319-2023 თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლევან მიქაბერიძე,
მირანდა ერემაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი - შპს ,,ბ–ო“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიცია (მოსარჩელე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 10 ნოემბრის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი - პირგასამტეხლოს დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციასა (შემდეგში - მოსარჩელე, მყიდველი ან სამინისტრო) და შპს „ბ–ოს“ (შემდეგში: მოპასუხე, კასატორი მხარე ან გამყიდველი) შორის 2020 წლის 28 ივლისს სურსათის (საქონლის ხორცი) ნასყიდობის ხელშეკრულება (შემდეგში - ნასყიდობის ხელშეკრულება ან ხელშეკრულება) დაიდო. ხელშეკრულების საორიენტაციო ღირებულება 525 600 ლარით განისაზღვრა.
2. ხელშეკრულების პირობების არაჯეროვანი შესრულების შემთხვევისთვის მხარეები შეთანხმდნენ საჯარიმო ღონისძიებების გამოყენების პირობებზე, მათ შორის, ხელშეკრულების 10.2 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადების დარღვევის შემთხვევაში, თუ ვადის დარღვევა საქონლის ვადაგადაცილებით მიწოდებას (მათ შორის, ხარვეზის ან ნაკლის გამოსწორების ვადა) შეეხებოდა, მყიდველი უფლებამოსილი იყო გამყიდველისათვის პირგასამტეხლო დაეკისრებინა, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ვადაგადაცილებით მიწოდებული საქონლის ღირებულების 0.2%-ის ოდენობით, მაგრამ თითოეული ლოკაციისთვის დღეში არანაკლებ 50 ლარისა.
3. 2021 წლის 19 ნოემბრის მიღება-ჩაბარების აქტის მიხედვით, ხელშეკრულების საფუძველზე მოპასუხის მიერ მოსარჩელისათვის 2021 წლის იანვარში მიწოდებულ რამდენიმე სასაქონლო ზედნადებში ასახული ხორცის კონსერვის პარტიების მახასიათებლები ხელშეკრულებით განსაზღვრულ ტექნიკურ პირობებს არ შეესაბამებოდა. აქედან გამომდინარე, მოსარჩელის საფინანსო-სამეურნეო უზრუნველყოფის მთავარი სამმართველოს უფროსის 2021 წლის 16 აგვისტოს წერილის საფუძველზე 1 608.10კგ. საქონლის ხორცის კონსერვი გამოცვლას დაექვემდებარა.
4. მიღება-ჩაბარების აქტით მხარეები მიწოდებული ხორცის კონსერვების წუნდებული ნაწილის (1 608.10კგ. ხორცი, ღირებულებით 18 782.61 ლარი) შეცვლაზე შეთანხმდნენ. წუნდებული ხორცის კონსერვების შეცვლა 88 დღის ვადაგადაცილებით განხორციელდა.
5. გამყიდველის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების არაჯეროვნად შესრულების გამო ხელშეკრულებით გათვალისწინებულმა პირგასამტეხლოს ოდენობამ 4 400 ლარი შეადგინა.
6. 4 400 ლარის ოდენობით პირგასამტეხლოს ანაზღაურების მოთხოვნით გამყიდველის წინააღმდეგ მყიდველმა სასამართლოში სარჩელი შეიტანა.
7. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 21 ივლისის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოსარჩელის სასარგებლოდ მოპასუხეს 500 ლარის გადახდა დაეკისრა.
8. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მყიდველმა სააპელაციო წესით გაასაჩივრა.
9. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 10 ნოემბრის გადაწყვეტილებით:
- მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა;
- გასაჩივრებული გადაწყვეტილება შეიცვალა, საქმეზე ახალი გადაწყვეტილება იქნა მიღებული, სარჩელი დაკმაყოფილდა და მოსარჩელის სასარგებლოდ მოპასუხეს 4 400 ლარის გადახდა დაეკისრა.
9.1. სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად ცნო წინამდებარე განჩინების 1-5 პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები და მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით პირგასამტეხლოს შემცირებისას მხედველობაში არ იქნა მიღებული შემდეგი გარემოებები: სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევის სიმძიმე და ხანგრძლივობა, ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხი, ის ინტერესი, რაც კრედიტორს (მოსარჩელეს) ვალდებულების ჯეროვნად შესრულების მიმართ გააჩნდა.
საქმეზე დადგენილია, რომ ხელშეკრულების საგანს საქართველოს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებისთვის შეთანხმებული ხარისხის საქონლის ხორცის კონსერვის მიწოდება წარმოადგენდა. შესაბამისად, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების ჯეროვნად შესრულების მიმართ კრედიტორის მხრიდან მაღალი საჯარო ინტერესი (საკითხი შეეხებოდა სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლების სათანადო ხარისხის საკვებით უზრუნველყოფას) არსებობდა, რაც მოპასუხისთვის ცნობილი იყო.
კრედიტორის ნაგულისხმევი და ლეგიტიმური სახელშეკრულებო ინტერესის გათვალისწინებით სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ ხელშეკრულებით შეთანხმებული პირგასამტეხლოს შემცირების საფუძველი კონკრეტულ შემთხვევაში არ არსებობდა.
შესაბამისად, არ არსებობდა მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალ პირგასამტეხლოდ მიჩნევისა და მისი შემცირების საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში - სსკ) 420-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძველი.
9. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ საკასაციო საჩივარი წარმოადგინა, ამ განჩინების გაუქმებისა და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის უარყოფის მოთხოვნით, შემდეგი დასაბუთებით:
- მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების 10.2 პუნქტიდან გამომდინარე, მოცემულ შემთხვევაში პირგასამტეხლო დაანგარიშებულია არა მისაწოდებელი პროდუქციიდან, არამედ, „დღეში არანაკლებ 50 ლარის“ ანაზღაურების პრინციპის გათვალისწინებით, რის გამოც ჯამურად შეუსაბამოდ მაღალია.
პირგასამტეხლო მინიმალური ზიანის ანაზღაურების ფუნქციას ასრულებს, შესაბამისად, თუკი იგი ამ ოდენობას გადააჭარბებს, შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს სტატუსს იძენს. პირგასამტეხლოს მიზანია, კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და, არა - გამდიდრება. ამდენად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული, რომლის დაკისრებითაც კრედიტორის დანაკარგები უნდა დაკომპენსირდეს და მისი გამდიდრება არ უნდა მოხდეს.
10. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 27 აპრილის განჩინებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში - სსსკ) 391-ე მუხლის მიხედვით მოპასუხის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:
11. სსსკ-ის 391.5 მუხლის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
ზემოაღნიშნული ნორმა განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.
12. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება გამოიწვია.
კონკრეტულ საქმეზე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების მიმართ კასატორს დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია, ამიტომ ისინი საკასაციო სასამართლოსათვის სავალდებულოა.
13. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს განხილვის საგანია, თუ რამდენად საფუძვლიანია მოსარჩელის (მყიდველი) მოთხოვნა, მოპასუხისათვის (გამყიდველი) პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე.
14. პირგასამტეხლოს ანაზღაურების შესახებ მოსარჩელის მოთხოვნა სსკ-ის 477.1 (ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი), 477.2 (მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება), 361.2 (ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას), 417-418-ე (პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის; ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ, თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება, აღემატებოდეს შესაძლო ზიანს, გარდა ამ კოდექსის 625-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა; შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას) მუხლებიდან გამომდინარეობს.
15. მიუხედავად ზემომოხმობილი მსჯელობისა, კანონმდებლის მიერ ხელშეკრულების მხარეთათვის პირგასამტეხლოს თავისუფლად განსაზღვრის უფლების მინიჭება იმას არ ნიშნავს, რომ ეს თავისუფლება ხელშეუხებელია.
მოვალის შესაგებლის არსებობისას, სასამართლო უფლებამოსილია შეაფასოს კრედიტორის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს გონივრულობა და საქმის გარემოებების გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. ამ მიზანს ემსახურება სსკ-ის 420-ე მუხლი (სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო).
16. მოცემულ საკითხზე არსებობს საქართველოს უზენაეს სასამართლოს ერთგვაროვანი პრაქტიკა, საკასაციო პალატის არაერთ განჩინებასა თუ გადაწყვეტილებაში განმარტებულია შემდეგი:
პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა უკავშირდება ვალდებულების დარღვევას. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება დამოუკიდებელია ზიანის მიყენების ფაქტის მტკიცებისაგან, ანუ პირგასამტეხლოს მოთხოვნისათვის კრედიტორს არ ეკისრება მიყენებული ზიანის დამტკიცების ვალდებულება. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება კრედიტორს ყოველთვის გააჩნია, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა მან ზიანი. მთავარია, ვალდებულების დარღვევის ფაქტი...; პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა (შდრ. იხ. სუსგ: №ას-1373-2018, 17.01.2019; № ას 848-814-2016, 28.12.2016; №ას-816-767-2015, 19.11.2015; №ას-953-918-2016, 22.11.2016).
„პირგასამტეხლოს შემცირებისას სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან... პირგასამტეხლოს შეუსაბამობის კრიტერიუმად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შეიძლება, ჩაითვალოს ისეთი გარემოებები, როგორიცაა: ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი პროცენტი, პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა“ (შდრ. იხ. სუსგ: №ას-176-157-2014).
„მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობით პირგასამტეხლო მხარეთა მიერ ნების თავისუფალი გამოვლენის გზით მიღწეული შეთანხმებაა, იგი არ წარმოადგენს მხარეთა აბსოლუტურ უფლებას და კვალიფიციური შედავების პირობებში, სასამართლო უფლებამოსილია შეაფასოს კრედიტორის მიერ მოთხოვნილი ოდენობით პირგასამტეხლოს თანაზომიერება ვალდებულების დარღვევასთან მიმართებით. სასამართლოს მხრიდან მხარეთა თავისუფალი ნების გამოვლენით მიღწეულ შეთანხმებაში ჩარევის კანონისმიერ საფუძველს წარმოადგენს სასამართლოსათვის დაკისრებული ერთგვარი საჯარო წესრიგის უზრუნველმყოფელი ვალდებულება და რაც მთავარია ყოველი კონკრეტული საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინება, სახელდობრ, ის სუბიექტური და ობიექტური ფაქტორები, როგორიცაა: მხარეთა ქონებრივი მდგომარეობა, ვალდებულების დარღვევის ხარისხი, და ა.შ. (იხ.სუსგ-ები: Nას-708-678-2016, 27 იანვარი, 2017 წელი; №ას-1199-1127-2015, 13 აპრილი, 2016 წელი; №ას-222-209-2015, 6 მაისი, 2015 წელი).
ამდენად, სსკ-ის 420-ე მუხლის საფუძველზე, სასამართლოს უფლება აქვს, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, რაც შეფასებითი კატეგორიაა და, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება.
17. ამავდროულად, პალატა მიუთითებს საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილ პრაქტიკაზე, რომლის მიხედვითაც, პირგასამტეხლო არა ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან, არამედ მხარის მიერ ფაქტობრივად შეუსრულებელი თუ არაჯეროვნად შესრულებული ვალდებულების ღირებულებიდან დაანგარიშდება.
საკასაციო პალატის განმარტებით, პირგასამტეხლოს თაობაზე სახელშეკრულებო თავისუფლების ფარგლებში დათქმული პირობის მიუხედავად, ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან პირგასამტეხლოს გამოანგარიშება ეწინააღმდეგება სამოქალაქო ბრუნვის უსაფრთხოებისა და კეთილსინდისიერების მინიმალურ სტანდარტს, რადგან ასეთი წესით დაანგარიშებული პირგასამტეხლოს მოვალისათვის დაკისრება ვერ შეასრულებს თავის ნორმატიულ დანიშნულებას. იგი, ერთი მხრივ, უსაფუძვლოდ გაზრდის პირგასამტეხლოს მოცულობას, მეორე მხრივ კი, მოვალეს უკვე შესრულებული ვალდებულების ნაწილში დააკისრებს პასუხისმგებლობას (შდრ. იხ. სუსგ.: Nას-603-2021, 14.12.2021; Nას-1258-2019, 30.03.2021; Nას-581-2019, 31.07.2019; №ას-931-896-2016, 31.01.2017).
18. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო პალატა სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას იმის შესახებ, რომ ვალდებულების დარღვევის სიმძიმის, მოცულობის, ხანგრძლივობის, დამრღვევის ბრალის ხარისხისა და შედეგების გათვალისწინებით, პირგასამტეხლოს გონივრული და სამართლიანი ოდენობა 4 400 ლარს შეადგენს.
საყურადღებოა, რომ პირგასამტეხლო არა ხელშეკრულების სრული, არამედ გამყიდველის მიერ რეალურად შეუსრულებელი ვალდებულების მოცულობიდანაა დაანგარიშებული და გასაჩივრებული გადაწყვეტილება ამ ნიშნითაც სრულად შეესაბამება კანონის მოთხოვნებს.
19. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან. როგორც ზემოთ აღინიშნა, ანალოგიურ საკითხზე საკასაციო პალატის არაერთი განჩინება თუ გადაწყვეტილება არსებობს, რომლებთანაც წინამდებარე განჩინება თანხვედრაშია.
20. არ არსებობს სსსკ-ის 391.5 მუხლის სხვა ქვეპუნქტებით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებიც, რომელთა მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვები იქნებოდა.
21. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია, კასატორმა ვერ გააქარწყლა გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.
22. სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. შესაბამისად, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408.3, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს ,,ბ–ოს“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. შპს ,,ბ–ოს“ (ს/ნ ......) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, მთლიანობაში 150 ლარის (მათ შორის: 2023 წლის 9 მარტს #0 საგადასახადო დავალებით ნ.ხ–ის მიერ გადახდილი 100 ლარის და 2023 წლის 13 აპრილს #8902 საგადასახადო დავალებით ნ.ხ–ის მიერ გადახდილი 50 ლარის) 70% - 105 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები : ვლადიმერ კაკაბაძე
ლევან მიქაბერიძე
მირანდა ერემაძე