Facebook Twitter

15 ივნისი, 2023 წელი,

საქმე №ას-425-2023 თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლევან მიქაბერიძე,

მირანდა ერემაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი - შპს „ჰ.ქ. ი-ჯ–ა“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - ფ.მ–ე (მოსარჩელე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 1 ნოემბრის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი - ბრძანების ბათილად ცნობა; კომპენსაციის დაკისრება; სახელფასო დავალიანების ანაზღაურება; გამოუყენებელი შვებულების ანაზღაურება; ანგარიშსწორების დაყოვნებისთვის 0.07%-ის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. 2018 წლის 10 დეკემბერს, ფ.მ–ესა (შემდეგში - მოსარჩელე ან დასაქმებული) და შპს „ტ.ჰ.მ–ს“ (შემდეგში შპს „ჰ.ქ.ი-ჯ–ა“, წინამდებარე განჩინებაში მოხსენიებული, როგორც - დამსაქმებელი ან საწარმო) შორის შრომითი ხელშეკრულება გაფორმდა, რომლითაც საწარმოში მოსარჩელე საოპერაციო საკითხების რეგიონალური საოპერაციო მენეჯერის პოზიციაზე დასაქმდა. ხსენებული ხელშეკრულების მოქმედების ვადა 2019 წლის 10 დეკემბერს ამოიწურა და დამსაქმებელმა დასაქმებულს ერთი წლის ვადით (2020 წლის 10 დეკემბრამდე) იმავე თანამდებობაზე ახალი შრომითი ხელშეკრულება (შემდეგში - შრომითი ხელშეკრულება ან ხელშეკრულება) გაუფორმა, რომლითაც დასაქმებულის შრომის ანაზღაურება ყოველთვიურად 5 000 აშშ დოლარით განისაზღვრა.

2. ხელშეკრულების 2.2 პუნქტით დასაქმებულის ფუნქციები დეტალურად განისაზღვრა, კერძოდ, ამ უკანასკნელის ვალდებულებაში შედიოდა დამსაქმებელი საწარმოს მიერ მართული სასტუმროების მხარდაჭერა, კონტროლი და კოორდინაცია, რაშიც იგულისხმებოდა:

- საჭიროებების თანახმად სასტუმროებში პერიოდული, ყოველკვირეული ვიზიტები;

- სასტუმროს საოპერაციო ხარისხისა და ფუნქციონირების აუდიტი და შესაბამისი ანგარიშგება;

- დასახული მიზნების მისაღწევად სასტუმროს მენეჯერების მხარდაჭერა;

- მათი არყოფნისას საჭიროებისამებრ სასტუმროს მენეჯერების ჩანაცვლება და განსაკუთრებულ ღონისძიებებზე/საჭიროებებზე სასტუმროს ოპერაციებში ჩართულობა;

- ოპერაციებისა და ადმინისტრირების პრობლემების გამოვლენა და პირდაპირი ხელმძღვანელისთვის ეფექტიანი გადაწყვეტილებების შეთავაზება, ხოლო, გეგმის დამტკიცების შემდეგ, მის დანერგვაში სასტუმროს მენეჯმენტის დახმარება;

- გაუმჯობესების შესაძლებლობების გამოვლენა და პირდაპირი ხელმძღვანელისათვის ეფექტიანი გადაწყვეტილებების პროცედურების შეთავაზება, ხოლო გეგმის დამტკიცების შემდეგ, მის დანერგვაში სასტუმროს მენეჯმენტის მხარდაჭერა;

- ყველა სასტუმროში დამსაქმებელი საწარმოს პროცედურებისა და ღირებულებების შესრულების უზრუნველყოფა;

- საჭიროების შემთხვევაში სასტუმროს გუნდის წევრების შერჩევისა და მომზადების ხელშეწყობა;

- ყოველწლიურ ბიზნეს-გეგმასა და ბიუჯეტების შედგენაში მონაწილეობის მიღება;

- სასტუმროს მესაკუთრეებთან და ბრენდების წარმომადგენლებთან ურთიერთობა;

- დამსაქმებელი საწარმოს ახალი სასტუმროების გახსნის მხარდაჭერა, კონტროლი და კოორდინაცია, რაშიც იგულისხმება: - კონკრეტული საჭიროებების საფუძველზე მშენებლობის ადგილის პერიოდული ვიზიტები; - გახსნისთვის თანამშრომლების შერჩევასა და ტრენინგში დახმარება; - დამსაქმებელი საწარმოსა და ბრენდის სტანდარტების გათვალისწინებით პროცედურების შემუშავების მხარდაჭერა; - შესყიდვის პროცესში დახმარების გაწევა; - გახსნის წინა სხვა პროცედურების მხარდაჭერა; - ამოცანებში დახმარება; - გახსნის პროცესში მონაწილეობის მიღება;

- დამსაქმებელი საწარმოს სასტუმროების მართვაში შესვლის/რებრენდინგის მხარდაჭერა, კონტროლი და კოორდინაცია, რაშიც იგულისხმება: - მართვაში გადმოცემამდე/რებრენდინგამდე საოპერაციო აუდიტი; - მართვაში გადმოცემის/რებრენდინგის ქმედებების დაგეგმვა; - მართვაში გადმოცემის/რებრენდინგის თანამშრომლების შერჩევასა და ტრენინგში დახმარება; - დამსაქმებელი საწარმოსა და ბრენდის სტანდარტების გათვალისწინებით პროცედურების შემუშავების მხარდაჭერა; - შესყიდვის პროცესში დახმარების გაწევა; - სხვა მართვაში გადმოცემისთვის/რებრენდინგისთვის საჭირო პროცედურების მხარდაჭერა, ამოცანებში დახმარება; - მართვაში გადმოცემის/რებრენდინგის პროცესში მონაწილეობის მიღება.

3. „საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მარტის დადგენილების მე-3 პუნქტით აიკრძალა ყველა სახის ტრენინგი, კონფერენცია, სემინარი, გარდა დისტანციური ფორმისა, ხოლო მითითებულ დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე საქართველოს მთავრობის 2020 წლის 1 აპრილის დადგენილებით დამტკიცდა ეკონომიკური საქმიანობების ჩამონათვალი, რომლებსაც საგანგებო მდგომარეობის პერიოდში შესაბამისი პირობებით ფუნქციონირება არ შეეზღუდათ (დანართი#2). ამავე დადგენილებით დამტკიცდა ეკონომიკური საქმიანობები და ეკონომიკური საქმიანობების განმახორციელებელი ობიექტები/მეწარმე სუბიექტები, რომლებიც საგანგებო მდგომარეობის პერიოდში არ იზღუდებოდა (#3 დანართი). მითითებული #2 დანართის თანახმად, სასტუმროებისა და განთავსების სხვა საშუალებებით უზრუნველყოფის საქმიანობები მხოლოდ საკარანტინო მიზნებისათვის იქნა დაშვებული.

4. სსიპ საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის წერილის მიხედვით, დამსაქმებელი საწარმოს მმართველობაში შემავალი სასტუმროები - Best Western Kutaisi და Holiday Inn Telavi – ახალი კორონავირუსის გავრცელების რისკების შემცირების მიზნით საკარანტინო სივრცედ არ გამოყენებულა.

5. 2020 წლის 16 მარტს, საწარმოს დირექტორმა დასაქმებულს წერილით აცნობა, რომ 2020 წლის 15 აპრილის მდგომარეობით 2019 წლის 10 დეკემბერს მასთან გაფორმებულ შრომით ხელშეკრულებას წყვეტდნენ. ამასთან, დასაქმებულს ეცნობა, რომ ყველა დაკავშირებული თანხის/ანაზღაურების/კომპენსაციის გადახდა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტიდან 7 დღის განმავლობაში შესრულდებოდა.

6. 2020 წლის 14 აპრილის ბრძანებით (შემდეგში - სადავო ბრძანება ან გასაჩივრებული ბრძანება) საქართველოს შრომის კოდექსის (შემდეგში - სშკ) 37.1 მუხლის „ა“ ქვეპუნქტისა და 38.1 მუხლის საფუძველზე მხარეთა შორის დადებული შრომითი ხელშეკრულება ვადამდე შეწყდა და დასაქმებული საოპერაციო საკითხების რეგიონალური მენეჯერის პოზიციიდან 2020 წლის 15 აპრილიდან გათავისუფლდა.

7. შრომითი ურთიერთობის ცალმხრივად შეწყვეტამდე დასაქმებულის გამოუყენებელი, ანაზღაურებადი შვებულების დღეების რაოდენობა 31 დღეს შეადგენდა.

8. სადავო ბრძანების ბათილად ცნობის, შრომითი კომპენსაციის, სახელფასო დავალიანების, გამოუყენებელი ანაზღაურებადი შვებულებისა და ანგარიშსწორების დაყოვნებისათვის პროცენტის ანაზღაურების მოთხოვნით დამსაქმებლის წინააღმდეგ დასაქმებულმა სასამართლოში სარჩელი შეიტანა.

9. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 19 ნოემბრის გადაწყვეტილებით:

9.1. სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა;

9.2. დასაქმებულის სასარგებლოდ დამსაქმებელს კომპენსაციის - 5 000 აშშ დოლარის (დაუბეგრავი ოდენობა), სახელფასო დავალიანების - 7 258 აშშ დოლარის (დაუბეგრავი ოდენობა), გამოუყენებელი შვებულების - 3 500 აშშ დოლარის (დაუბეგრავი ოდენობა), საბოლოო ანგარიშსწორების დაყოვნებისათვის დაყოვნებული თანხის - 10 758 (დაუბეგრავი ოდენობა) აშშ დოლარის 0.07 პროცენტის (დღეში 7.53 აშშ დოლარის) 2020 წლის 23 აპრილიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე გადახდა დაეკისრა.

9.3. სადავო ბრძანების ბათილად ცნობის ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

10. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით ორივე მხარემ გაასაჩივრა.

11. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 1 ნოემბრის გადაწყვეტილებით:

- დამსაქმებლის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა;

- დასაქმებულის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა;

- გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ შეცვლით ახალი გადაწყვეტილება იქნა მიღებული;

- დასაქმებულის სასარგებლოდ დამსაქმებელს გამოუყენებელი შვებულების - 6 456 აშშ დოლარის (დაუბეგრავი ოდენობა) ანაზღაურება დაეკისრა;

- მოპასუხესვე მოსარჩელის სასარგებლოდ 2020 წლის 23 აპრილიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე დაეკისრა საბოლოო ანგარიშსწორების დაყოვნებისთვის დაყოვნებული თანხის - 13 714 (დაუბეგრავი ოდენობა) აშშ დოლარის 0.07%-ის (დღეში 9.6 აშშ დოლარის) გადახდა.

- დანარჩენ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა.

11.1. სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად ცნო წინამდებარე განჩინების 1-7 პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები და შემდეგ დასკვნებზე მიუთითა:

11.1.1. რაკი საქმეზე დადგინდა, რომ დამსაქმებელი საწარმოს მმართველობაში შემავალი ზემომითითებული სასტუმროები ახალი კორონავირუსის გავრცელების რისკების შემცირების მიზნით საკარანტინო სივრცედ გამოყენებული არ ყოფილა, ეს იმაზე მიუთითებდა, რომ აღნიშნული სასტუმროები არ ფუნქციონირებდა.

ამავდროულად, დამსაქმებლის მიერ საქმეზე წარმოდგენილი 2019-2020 წლის ივლისამდე პერიოდის დეკლარაციების ანალიზიც ცხადყოფდა, რომ მოპასუხის ყოველთვიური ბრუნვა 2019 წელთან შედარებით მინიმუმამდე იყო დასული.

საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები ერთობლიობაში ადასტურებდა, რომ ქვეყანაში შექმნილმა მდგომარეობამ მოპასუხისათვის ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესება გამოიწვია, რაც ამ უკანასკნელს ხელოვნურად და გარკვეული მიზნით არ შეუქმნია. აქვე კიდევ ერთი გარემოება იყო საგულისხმო, კერძოდ, მოპასუხე კომპანიაში ჯამურად სამი პირი იყო დასაქმებული, სახელდობრ: ქ.მ–ძე - დირექტორი, მოსარჩელე - საოპერაციო საკითხების რეგიონალური მენეჯერი და, თ.კ–ძე - ადმინისტრაციული მენეჯერი.

მოსარჩელის სამსახურებრივი ფუნქციების გათვალისწინებით მასთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის ლეგიტიმური საფუძველი არსებობდა, რადგან პანდემიიდან გამომდინარე საწარმოს შემოსავალი მინიმუმამდე შემცირდა, საწარმოს მართვის ქვეშ მყოფი სასტუმროები აღარ ფუნქციონირებდა და, შესაბამისად, ხსენებული ფუნქციების შესრულების საჭიროება აღარ არსებობდა.

11.1.2. კომპენსაციის სახით 5000 აშშ დოლარის დაკისრების ნაწილში მოპასუხემ სარჩელი ცნო და წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით აღნიშნული საკითხი სადავოდ არ გაუხდია. აქედან გამომდინარე, 5 000 აშშ დოლარის ნაწილში კომპენსაციის დაკისრების კანონიერება სააპელაციო სასამართლომ აღარ შეაფასა. 34 165 აშშ დოლარის ოდენობით კომპენსაციის მოთხოვნასთან მიმართებით კი სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ვინაიდან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის ბრძანების ბათილად ცნობის საფუძველი არ არსებობდა (სშკ-ის 38.8 მუხლი), ამდენად, დამსაქმებლისთვის კომპენსაციის დაკისრების წინაპირობა არ წარმოშობილა.

11.1.3. რაც შეეხებოდა გამოუყენებელი შვებულების ანაზღაურებას, სააპელაციო სასამართლოს მითითებით, მოპასუხეს საქმეზე არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა, რომ 2020 წლის 16 მარტიდან 15 აპრილამდე პერიოდში მოსარჩელემ ანაზღაურებადი შვებულებით ისარგებლა ან რაიმე ფორმით დასთანხმდა დამსაქმებლის შეთავაზებას შვებულებით სარგებლობის თაობაზე. აქედან გამომდინარე, მოპასუხის არგუმენტი იმის თაობაზე, რომ მან ზემოხსენებულ პერიოდში სამსახურებრივი მოვალეობების შეუსრულებლობა მოსარჩელეს შვებულების დღეებში ჩაუთვალა, საქართველოს შრომის კანონმდებლობიდან არ გამომდინარეობდა.

დამსაქმებლის მიერ იმ გარემოებაზე მითითებასთან დაკავშირებით, რომ 2020 წლის 16 მარტიდან დასაქმებული სამსახურში აღარ გამოცხადებულა და კანადაში გაემგზავრა, რაც ამ უკანასკნელის მიერ სამსახურებრივ მოვალეობათა შეუსრულებლობას წარმოადგენდა და მის მიმართ დისციპლინური სახდელის გამოყენების საფუძველს ქმნიდა, სააპელაციო სასამართლომ ყურადღება მიაქცია შემდეგ არგუმენტს: სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში გამართულ სხდომაზე მოსარჩელე აცხადებდა, რომ 2020 წლის 16 მარტს, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის თაობაზე მისი ინფორმირებისას, საწარმოს დირექტორმა განუმარტა, რომ მისი მხრიდან სამსახურებრივი მოვალეობების შესრულების აუცილებლობა აღარ არსებობდა და საწარმოს მიერ მართულ დაწესებულებებში აღარ უნდა გამოცხადებულიყო.

აღნიშნული განმარტების საფუძვლიანობას ისიც ადასტურებდა, რომ დამსაქმებლისთვის ცნობილი იყო მოსარჩელის კანადაში გამგზავრების შესახებ, რაც საქმეზე წარმოდგენილი მიმოწერიდანაც დგინდებოდა და არცერთი კომუნიკაციისას საწარმოს მოსარჩელისათვის არ მოუთხოვია შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტამდე მისი სამსახურებრივი ვალდებულებების შესრულება ან კანადაში გამგზავრებაზე უარის თქმა.

ამდენად, საქმეში არსებული მტკიცებულებებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების ერთობლივად შეფასებით სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ მოსარჩელის კანადაში გამგზავრება და შრომითი ვალდებულებების შეუსრულებლობა დამსაქმებელთან შეთანხმებული იყო.

ამასთან, კუთვნილი შვებულების დღეების გამოყენება დასაქმებულს არც მოუთხოვია. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, რაკი მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობა სშკ-ის 37.1 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით შეწყდა, ამავე კოდექსის 21.4 მუხლის საფუძველზე დამსაქმებელი ვალდებული იყო დასაქმებულისათვის გამოუყენებელი შვებულება შრომითი ურთიერთობის ხანგრძლივობის პროპორციულად აენაზღაურებინა, რაც მოცემულ შემთხვევაში 31 დღეს შეადგენდა.

11.1.4. სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, პირგასამტეხლოს სახით თანხის დაყოვნების ყოველი დღისთვის ამ თანხის 0.07 პროცენტის გადახდის დაკისრებაზე მოსარჩელის მოთხოვნას სამართლებრივად ვარგისი საფუძველი გააჩნდა, რადგან სშკ-ის 31-ე მუხლის თანახმად, შრომის ანაზღაურების ფორმა და ოდენობა განისაზღვრება შრომითი ხელშეკრულებით. ამ მუხლის ნორმები გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შრომითი ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ანაზღაურება გაიცემა თვეში ერთხელ. დამსაქმებელი ვალდებულია ნებისმიერი ანაზღაურების თუ ანგარიშსწორების დაყოვნების ყოველი დღისათვის გადაუხადოს დასაქმებულს დაყოვნებული თანხის 0.07 პროცენტი. აღნიშნულის გათვალისწინებით მოპასუხეს მოსარჩელისათვის 13 714 აშშ დოლარი უნდა გადაეხადა, საიდანაც 5000 აშშ დოლარია მარტის თვის ხელფასი, 2 258 აშშ დოლარი - აპრილის ნახევარი თვის ხელფასი და 6 456 აშშ დოლარი - ანაზღაურებადი, გამოუყენებელი შვებულების კომპენსაცია.

12. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე დამსაქმებელმა საკასაციო საჩივარი წარმოადგინა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის მოთხოვნით, შემდეგი დასაბუთებით:

- არასწორია სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა იმის თაობაზე, რომ მოპასუხეს საქმეზე არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა, რომ 2020 წლის 16 მარტიდან 15 აპრილამდე დასაქმებულმა ანაზღაურებადი შვებულებით ისარგებლა ან შვებულებით სარგებლობის თაობაზე დამსაქმებლის შეთავაზებას დათანხმდა. ამით სააპელაციო სასამართლომ უგულებელყო საქმის ის უდავო ფაქტობრივი გარემოება, რომ 2020 წლის 16 მარტს დასაქმებული მუდმივად (და არა დროებით) თავის სამშობლოში გაემგზავრა. შესაბამისად, მითითებულ პერიოდში დარიცხული ხელფასი დამსაქმებელმა სწორად ჩათვალა გამოუყენებელი საშვებულებო დღეების ანაზღაურებად. წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოდის, რომ სასამართლო ხელფასად მიიჩნევს იმ პერიოდზე გასაცემ თანხას, რაც შრომითი მოვალეობების შესრულებას არ მოჰყოლია, რაც არამართებულია.

13. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 8 მაისის განჩინებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში - სსსკ) 391-ე მუხლის მიხედვით, მოპასუხის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:

14. სსსკ-ის 391.5 მუხლის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

ზემოაღნიშნული ნორმა განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.

15. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება გამოიწვია.

კონკრეტულ საქმეზე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების მიმართ კასატორს დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია, ამიტომ ისინი საკასაციო სასამართლოსათვის სავალდებულოა.

16. საკასაციო პალატის შეფასებით, სადავო ბრძანების ბათილად ცნობისა და ხსენებული ბრძანების გამოცემის დროისათვის მოქმედი სშკ-ის 38.8 მუხლით გათვალისწინებული კომპენსაციის ანაზღაურების მოთხოვნებთან მიმართებით სააპელაციო სასამართლომ კანონშესაბამისი დასკვნები ჩამოაყალიბა და სწორად მიიჩნია, რომ შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის ბრძანების ბათილად ცნობის საფუძველი საქმეზე არ გამოიკვეთა (სადავო პერიოდში მოქმედი სშკ-ის 37.1 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი - შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველია - ეკონომიკური გარემოებები, ტექნოლოგიური ან ორგანიზაციული ცვლილებები, რომლებიც აუცილებელს ხდის სამუშაო ძალის შემცირებას). აღნიშნული დასტურდება წინამდებარე განჩინების 1-6 პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებებით, რომლებიც სსსკ-ის 407.2 მუხლიდან (სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) გამომდინარე საკასაციო პალატისათვის სავალდებულოა.

მითითებული საკითხის შეფასებისას არსებითი მნიშვნელობისაა საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები იმის თაობაზე, რომ: დამსაქმებელი საწარმოს მმართველობაში შემავალი სასტუმროები ახალი კორონავირუსის გავრცელების რისკების შემცირების მიზნით საკარანტინო სივრცედ გამოყენებული არ ყოფილა, შესაბამისად, აღნიშნულ პერიოდში ეს სასტუმროები აღარ ფუნქციონირებდა;

პანდემიიდან გამომდინარე მოპასუხის ყოველთვიური ბრუნვა 2019 წელთან შედარებით მინიმუმამდე შემცირდა; მოპასუხე კომპანიაში ჯამურად სამი პირი იყო დასაქმებული, სახელდობრ: ქ.მ–ძე - დირექტორი, მოსარჩელე - საოპერაციო საკითხების რეგიონალური მენეჯერი და, თ.კ–ძე - ადმინისტრაციული მენეჯერი.

ამდენად, დასახელებული გარემოებებისა და მოსარჩელის სამსახურებრივი ფუნქციების ერთობლივმა ანალიზმა შექმნა საფუძველი დასკვნისათვის, რომ არსებობდა დასაქმებულთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის ლეგიტიმური საფუძველი.

რაკი გასაჩივრებული ბრძანების ბათილად ცნობის გარემოებანი საქმეზე ვერ დადგინდა, ამიტომ სადავო პერიოდში მოქმედი სშკ-ის 38.8 მუხლით (სასამართლოს მიერ დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შემთხვევაში, სასამართლოს გადაწყვეტილებით, დამსაქმებელი ვალდებულია პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღადგინოს პირი, რომელსაც შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება ან უზრუნველყოს ის ტოლფასი სამუშაოთი, ან გადაუხადოს მას კომპენსაცია სასამართლოს მიერ განსაზღვრული ოდენობით) გათვალისწინებული კომპენსაციის დამსაქმებლისათვის დაკისრების საფუძველიც არ წარმოშობილა, თუმცა სააპელაციო სასამართლომ მხედველობაში სწორად მიიღო ის გარემოება, რომ 5 000 აშშ დოლარის ოდენობით კომპენსაციის დაკისრების ნაწილში მოპასუხემ ცნო სარჩელი და აღნიშნული საკითხი არც სააპელაციო საჩივრით სადავოდ არ გაუხდია.

17. 7 258 აშშ დოლარის (დაუბეგრავი ოდენობა) ოდენობით სახელფასო დავალიანების ანაზღაურების მოთხოვნის დაკმაყოფილების ნაწილშიც სააპელაციო სასამართლოს მიერ გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვება გასაზიარებელია, რამდენადაც აღნიშნული ნაწილი მხარეებს სააპელაციო საჩივრით არ გაუსაჩივრებიათ (სსსკ-ის 264.1 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი).

18. რაც შეეხება მოპასუხის მიერ უშუალოდ საკასაციო საჩივრით შედავებულ საკითხს, კერძოდ, გამოუყენებელი შვებულების კომპენსაციის გაცემის კანონიერებას, მოცემული მოთხოვნის შეფასებისას გასათვალისწინებელია, რომ დამსაქმებელს (მოპასუხე) საქმეზე არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა, რომ 2020 წლის 16 მარტიდან 15 აპრილამდე პერიოდში დასაქმებულმა ანაზღაურებადი შვებულებით ისარგებლა ან შვებულებით სარგებლობის შესახებ დამსაქმებლის შეთავაზებას რაიმე ფორმით დათანხმდა.

აქედან გამომდინარე, ზემომითითებულ დღეებში სამსახურებრივი მოვალეობების შეუსრულებლობის პერიოდის დასაქმებულის შვებულების დღეებში ჩათვლის თაობაზე მოპასუხის პოზიცია მართებულად არ იქნა გაზიარებული. ასეთი დასკვნის საფუძველს მოპასუხის მიერ ვერც იმ გარემოებაზე მითითება ვერ შექმნის, რომ 2020 წლის 16 მარტიდან მოსარჩელე სამსახურში აღარ გამოცხადებულა და კანადაში გაემგზავრა, ვინაიდან დასაქმებულის მხრიდან სამსახურებრივ მოვალეობათა შეუსრულებლობა რაც მოსარჩელის მიმართ დისციპლინური სახდელის გამოყენების საფუძველს წარმოშობდა, კონკრეტულ შემთხვევაში არ დაფიქსირებულა და გამოყენებულა.

ზემოაღნიშნულისა და, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ 31 საშვებულებო დღის კომპენსაციის ოდენობა მოსარჩელის ხელფასის ოდენობიდან (5 000 აშშ დოლარი) გამომდინარე 6 456 აშშ დოლარს შეადგენდა, გამოუყენებლი ანაზღაურებადი შვებულების მოპასუხისათვის დაკისრების თაობაზე დასაქმებულის მოთხოვნა წარმატებულია, გამომდინარე სადავო პერიოდში მოქმედი სშკ-ის 21.1 (დასაქმებულს უფლება აქვს, ისარგებლოს ანაზღაურებადი შვებულებით – წელიწადში სულ მცირე 24 სამუშაო დღით), 21.4 (ამ კანონის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ვ“–„თ“ და „ო“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლით შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტისას დამსაქმებელი ვალდებულია დასაქმებულს აუნაზღაუროს გამოუყენებელი შვებულება შრომითი ურთიერთობის ხანგრძლივობის პროპორციულად), 22.1 მუხლი (დასაქმებულს შვებულების მოთხოვნის უფლება წარმოეშობა მუშაობის თერთმეტი თვის შემდეგ. დასაქმებულს მხარეთა შეთანხმებით შვებულება შეიძლება მიეცეს აღნიშნული ვადის გასვლამდეც), 22.2 (მუშაობის მეორე წლიდან დასაქმებულს მხარეთა შეთანხმებით შვებულება შეიძლება მიეცეს სამუშაო წლის ნებისმიერ დროს) მუხლებიდან. ამასთან, შექმნილ ფაქტობრივ მოცემულობაში, სადავო პერიოდში მოქმედი 31-ე მუხლიდან (შრომის ანაზღაურების ფორმა და ოდენობა განისაზღვრება შრომითი ხელშეკრულებით. ამ მუხლის ნორმები გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შრომითი ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. შრომის ანაზღაურება გაიცემა თვეში ერთხელ. დამსაქმებელი ვალდებულია ნებისმიერი ანაზღაურების თუ ანგარიშსწორების დაყოვნების ყოველი დღისათვის გადაუხადოს დასაქმებულს დაყოვნებული თანხის 0.07 პროცენტი) გამომდინარე სააპელაციო სასამართლომ სწორად მიიჩნია, რომ 2020 წლის 23 აპრილიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე საბოლოო ანგარიშსწორების დაყოვნებისთვის დამსაქმებელს დასაქმებულისათვის დაყოვნებული თანხის 0.07% უნდა დაჰკისრებოდა.

19. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავდება.

20. არ არსებობს სსსკ-ის 391.5 მუხლის სხვა ქვეპუნქტებით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებიც, რომელთა მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვები იქნებოდა.

21. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია, კასატორმა ვერ გააქარწყლა გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.

22. სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. შესაბამისად, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408.3, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს „ჰ.ქ.ი-ჯ–ას“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. შპს „ჰ.ქ.ი-ჯ–ას“ (ს/ნ ......) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 3 652 ლარის (გადახდის თარიღი - 2023 წლის 28 აპრილი, საგადახადო დავალება #9963) 70% - 2 556.4 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები : ვლადიმერ კაკაბაძე

ლევან მიქაბერიძე

მირანდა ერემაძე