საქმე №ა-2262-შ-63-2023 16 ივნისი, 2023 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
მოსამართლე ალექსანდრე წულაძე
საკასაციო პალატამ საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ა.ბ–ვის შუამდგომლობა შვედეთის, სოდერტონის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 26 აგვისტოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
საკასაციო პალატა წარმოდგენილი შუამდგომლობისა და თანდართული მასალების შესწავლის საფუძველზე მიიჩნევს, რომ ა.ბ–ვის შუამდგომლობა უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” საქართველოს კანონის 63-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნების სასამართლოების შუამდგომლობა სამართლებრივი დახმარების ცალკეული საპროცესო მოქმედებათა შესრულების შესახებ ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. ამდენად, მითითებული ნორმის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო ამა თუ იმ საპროცესო მოქმედების შესრულებისას ხელმძღვანელობს ეროვნული კანონმდებლობით დადგენილი ნორმებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი (მოცემულ შემთხვევაში, შუამდგომლობა) არ უპასუხებს კანონით დადგენილ მოთხოვნებს, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საჩივარი არ დაიშვება.
განსახილველ შემთხვევაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 4 მაისის განჩინებით ა.ბ–ვის შუამდგომლობას დაუდგინდა ხარვეზი და მის ავტორს დაევალა 10 (ათი) დღის ვადაში წარმოედგინა შვედეთის, სოდერტონის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 26 აგვისტოს გადაწყვეტილების დედანი.
ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება შუამდგომლობის ავტორის წარმომადგენელ მ.გ–ს (იხ.რწმუნებულება) გაეგზავნა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით და 2023 წლის 31 მაისს ჩაბარდა პირადად.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლითაც დადგენილია საპროცესო ვადის დენის დასაწყისი და მიიჩნევს, რომ ხარვეზის განჩინებით განსაზღვრული ათდღიანი ვადის დენა დაიწყო მოვლენის დადგომის მომდევნო დღეს - 2023 წლის 1 ივნისს, ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად ამოიწურა 2023 წლის 10 ივნისს, მაგრამ ვინაიდან 10 ივნისი დაემთხვა დასვენების დღეს, საპროცესო ვადა დასრულებულად უნდა მივიჩნიოთ 2023 წლის 12 ივნისს. სასამართლოს შუამდგომლობის ავტორის წარმოამდგენელმა განცხადებით მომართა 2023 წლის 14 ივნისს, სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის დარღვევით, რაც შუამდგომლობის განუხილველად დატოვების საფუძველია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 63-ე მუხლით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ა.ბ–ვის შუამდგომლობა შვედეთის, სოდერტონის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 26 აგვისტოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ დარჩეს განუხილველად.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე ა. წულაძე