საქმე №ა-1695-შ-43-2023 22 ივნისი, 2023 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ზურაბ ძლიერიშვილი, ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – ა.კ–ვა
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას მოითხოვს შუამდგომლობის ავტორი – გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის დეგენდორფის საოლქო სასამართლოს საოჯახო საკითხების განყოფილების 2022 წლის 12 აპრილის N003 F 79/22 გადაწყვეტილება
დავის საგანი – მეურვეობის დადგენა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის დეგენდორფის საოლქო სასამართლოს საოჯახო საკითხების განყოფილების 2022 წლის 12 აპრილის N003 F 79/22 გადაწყვეტილებით დადგენილ იქნა მეურვეობა. ერთობლივ მეურვეებად შეირჩა სამეურვეო პირის (ა.ა–ნი) ბებია და ბაბუა: ა.კ–ვა ........, 1 სართული მარჯვნივ, 94469 დეგენდორფი) და ს.კ–ვი (......., 1 სართული მარჯვნივ, 94469 დეგენდორფი).
2. ა.კ–ვას წარმომადგენელმა გ.ზ–ამ 2023 წლის 31 მარტს შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას და მოითხოვა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის დეგენდორფის საოლქო სასამართლოს საოჯახო საკითხების განყოფილების 2022 წლის 12 აპრილის N003 F 79/22 გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა. მისი განმარტებით, არასრულწლოვანი ა.ა–ნი არის საქართველოს მოქალაქე, მის პასპორტს ვადა გაუვიდა 2022 წლის 09 სექტემბერს, ხოლო სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ ახალი პასპორტის მისაღებად მოითხოვა ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ განჩინება.
3. შუამდგომლობაზე თანდართული გადაწყვეტილებიდან ირკვევა, რომ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის დეგენდორფის საოლქო სასამართლოს საოჯახო საკითხების განყოფილების 2022 წლის 12 აპრილის N003 F 79/22 გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში.
4. სასამართლოში წარმოდგენილი არასრულწლოვანი ა.ა–ნის პასპორტით (რომელსაც ვადა გაუვიდა 2022 წლის 09 სექტემბერს) დასტურდება, რომ იგი საქართველოს მოქალაქეა.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 07 აპრილის განჩინებით ა.კ–ვას შუამდგომლობა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის დეგენდორფის საოლქო სასამართლოს საოჯახო საკითხების განყოფილების 2022 წლის 12 აპრილის N003 F 79/22 გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ, მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
6. საქართველოს უზენაესი სასამართლო წარმოდგენილი შუამდგომლობისა და თანდართული მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ შუამდგომლობა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის დეგენდორფის საოლქო სასამართლოს საოჯახო საკითხების განყოფილების 2022 წლის 12 აპრილის N003 F 79/22 გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს.
7. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხი საქართველოს უზენაესი სასამართლოს კომპეტენციას განეკუთვნება.
8. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მეურვეობისა და მზრუნველობის საქმეებზე საქართველოს სასამართლოებს საერთაშორისო კომპეტენცია აქვთ, თუ მეურვე, მზრუნველი ან პირი, რომელსაც მეურვეობა ან მზრუნველობა ესაჭიროება, საქართველოს მოქალაქეა ან ჩვეულებრივი ადგილსამყოფელი საქართველოში აქვს.
9. განსახილველ შემთხვევაში, სასამართლოში წარმოდგენილი არასრულწლოვანი ა.ა–ნის პასპორტით (რომელსაც ვადა გაუვიდა 2022 წლის 09 სექტემბერს) დასტურდება, რომ იგი საქართველოს მოქალაქეა.
10. საქართველოს უზენაესი სასამართლო განმარტავს, რომ საერთაშორისო სამართლებრივ ბრუნვაში მრავალი ქვეყანა მისდევს revizion au fond-ის აკრძალვის სახელით ცნობილ პრინციპს, რომელიც უარყოფს უცხო ქვეყნის სასამართლოს (არბიტრაჟის) მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების შინაარსობრივ გადამოწმებას (იხ. სუსგ საქმე №ა-2135-შ-46-2015, 26 ოქტომბერი, 2015 წელი). აღნიშნული პრინციპის გათვალისწინებით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის საკითხის გადაწყვეტისას არ ხდება საცნობი გადაწყვეტილების სამართლებრივი გამართულობის შემოწმება და მხარეთა შორის წარმოშობილი დავის ხელმეორედ არსებითი განხილვა. სასამართლო ამოწმებს მხოლოდ უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის დამაბრკოლებელი გარემოებების არსებობა-არარსებობის საკითხს.
11. უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობისას საქმე გვაქვს მეორე ქვეყნის ტერიტორიაზე უცხოური აქტის მოქმედების გაფართოებასთან, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არ არსებობს მის ცნობაზე უარის თქმის საფუძვლები. ცნობის ასეთი დამაბრკოლებელი გარემოებები ჩამოთვლილია „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლში.
12. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლი პირველი და მე-2 პუნქტების თანახმად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს, გარდა იმ შემთხვევებისა, თუ: ა) საქმე საქართველოს განსაკუთრებულ კომპეტენციას განეკუთვნება; ბ) გადაწყვეტილების გამომტანი ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად მხარე უწყების ჩაბარების გზით არ იქნა გაფრთხილებული სასამართლოში გამოძახების თაობაზე ან მოხდა სხვა საპროცესო დარღვევები; გ) ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე სამართლებრივ დავაზე არსებობს საქართველოს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ან მესამე ქვეყნის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, რომელიც ცნობილ იქნა საქართველოში; დ) უცხო ქვეყნის სასამართლო, რომელმაც გამოიტანა გადაწყვეტილება, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად კომპეტენტურად არ ითვლება; ე) უცხო ქვეყანა არ ცნობს საქართველოს სასამართლო გადაწყვეტილებებს; ვ) ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე საკითხზე და ერთი და იმავე საფუძვლით საქართველოში მიმდინარეობს სასამართლო პროცესი; ზ) გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება საქართველოს ძირითად სამართლებრივ პრინციპებს.
13. საქართველოს უზენაესი სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს და, შესაბამისად, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის დეგენდორფის საოლქო სასამართლოს საოჯახო საკითხების განყოფილების 2022 წლის 12 აპრილის N003 F 79/22 გადაწყვეტილება ცნობილ უნდა იქნას საქართველოს ტერიტორიაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საქართველოს უზენაესმა სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ა.კ–ვას შუამდგომლობა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის დეგენდორფის საოლქო სასამართლოს საოჯახო საკითხების განყოფილების 2022 წლის 12 აპრილის N003 F 79/22 გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ დაკმაყოფილდეს;
2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის დეგენდორფის საოლქო სასამართლოს საოჯახო საკითხების განყოფილების 2022 წლის 12 აპრილის N003 F 79/22 გადაწყვეტილება, რომლითაც დადგენილ იქნა მეურვეობა და ერთობლივ მეურვეებად შეირჩა სამეურვეო პირის (ა.ა–ნი) ბებია და ბაბუა: ა.კ–ვა (......... 42, 1 სართული მარჯვნივ, 94469 დეგენდორფი) და ს.კ–ვი (......... 42, 1 სართული მარჯვნივ, 94469 დეგენდორფი);
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ე. გასიტაშვილი