საქმე №ას-571-2023 22 ივნისი, 2023 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი(თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ეკატერინე გასიტაშვილი, მირანდა ერემაძე
საქმისგანხილვისფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – ნ.გ–ა (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგემხარე – ო.ლ–ვა (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 3 აპრილის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავისსაგანი – მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურება
აღწერილობითი ნაწილი:
სასარჩელო მოთხოვნა:
1. ნ.გ–ამ (შემდგომ – მოსარჩელე) სარჩელი აღძრა სასამართლოში ო.ლ–ვას (შემდგომ – მოპასუხე) მიმართ გასხვისებული საცხოვრებელი სახლის ღირებულების - 69 000 აშშ დოლარის 2/3-ის, რაც სარჩელის შეტანის დღისათვის შეადგენს 120 893 ლარს, ასევე, მორალური ზიანის - 30 000 ლარის ანაზღაურების შესახებ.
სარჩელის საფუძვლები:
2. მოსარჩელის განმარტებით, 2011 წლის 4 ივნისიდან მხარეები იმყოფებოდნენ რეგისტრირებულ ქორწინებაში. თანაცხოვრების განმავლობაში შეეძინათ შვილი - 2011 წლის 26 დეკემბერს დაბადებული გ.ლ–ვა.
3. თანაცხოვრების განმავლობაში მოპასუხე ხშირად იმყოფებოდა ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ, ხდებოდა ეჭვიანი და აგრესიული, მოსარჩელეს აყენებდა ფიზიკურ შეურაცხყოფას და ახორციელებდა ფსიქოლოგიურ ზეწოლას მასზე. ოჯახის რჩენაზე ზრუნავდა მხოლოდ მოსარჩელე, ჰქონდა სესხები, რომელთაც იხდიდა დამოუკიდებლად. მეზობლებთან მოპასუხის კომფლიქტის გამო, ოჯახს მოუწია საცხოვრებელი ბინის გასხვისება და 2012 წელს სხვა მისამართზე გადასვლა. სადავო უძრავი ქონება შეძენილია ერთობლივად, რემონტი ჩაუტარდა მოსარჩელის ხარჯით, რისთვისაც მოუწია ბანკიდან სესხის აღება, მოპასუხე არ მუშაობდა.
4. მოსარჩელემ მიუთითა, რომ 2017 წელს სადავო ბინა მოპასუხემ, მოსარჩელესთან შეუთანხმებლად, გაასხვისა თავის ნათესავსა და ადვოკატზე, რომელმაც ასევე მიჰყიდა იგი სხვა პირს. ამ პერიოდში, 2017 წლის 5 ივნისს მოსარჩელეს სარჩელი ჰქონდა წარდგენილი სასამართლოში განქორწინების მოთხოვნით. სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანამდე მოპასუხემ მოასწრო სადავო ქონების 69 000 აშშ დოლარად გაყიდვა. ამავდროულად, მოსარჩელე იმყოფებოდა ფსიქოლოგიურ სტრესში, მის მიმართ ხორციელდებოდა ძალადობა, რის საფუძველზე გამოიცა დამცავი ორდერი. მოპასუხემ გაიტაცა არასრულწლოვანი შვილი, რაზეც მის მიმართ გამოიცა შემაკავებელი ორდერი.
5. გამომდინარე იქედან, რომ სადავო ბინა გასხვისდა რამდენჯერმე, მოსარჩელე ვეღარ იქნება თანამესაკუთრე, ამიტომაც მოპასუხეს უნდა დაეკისროს ფულადი კომპენსაცია, რადგან მოპასუხეს და მის მცირეწლოვან შვილს, მოპასუხემ ბინა გაუყიდა მუდმივი ძალადობის პირობებში. მოსარჩელეს არ გააჩნია სახლი და სხვა რაიმე ქონება. აღნიშნულით ზარალდება ბავშვის ინტერესიც - მას სჭირდება განვითარება და სათანადო პირობები.
6. თანაცხოვრების პერიოდში შეძენილი ქონების მოპასუხის მიერ მოსარჩელის ნებართვის გარეშე გასხვისების გამო, ასევე იმის გათვალისწინებით, რომ მცირეწლოვანი შვილი ცხოვრობს მოსარჩელესთან, ამიტომაც მოპასუხეს უნდა დაეკისროს თანასაკუთრების უკანონოდ გასხვისების გამო 120893 ლარის გადახდა, რაც გასხვისების შედეგად მიღებული თანხიის 2/3-ია (იხ. სარჩელი, ტ.1.ს.ფ.4.). მოსარჩელემ დაზუსტებული სარჩელით მოითხოვა მოპასუხისათვის მორალური ზიანის სახით 30000 ლარის ანაზღაურების დაკისრებაც (იხ.ტ.1.ს.ფ.120).
მოპასუხის პოზიცია:
7. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ მოსარჩელესთან ქორწინებამდე, 2010 წლის 29 დეკემბერს შეიძინა უძრავი ქონება. 2011 წლის 4 ივნისს მან იქორწინა მოსარჩელესთან. ქორწინებამდე შეძენილი უძრავი ნივთი გაასხვისა 2012 წლის პირველ მაისს და მიღებული თანხა - 47 000 აშშ დოლარი იმავე დღეს შეიტანა საბანკო ანგარიშზე. აღნიშნული თანხა გამოიტანა პირად დანაზოგთან - 5000 აშშ დოლართან ერთად და შეიძინა სადავო უძრავი ნივთი. შესაბამისად, მითითებული ქონება მოპასუხის ინდივიდუალური საკუთრებაა. მოსარჩელემ განცხადებით მიმართა შსს სამმართველოს მოპასუხის მიმართ თაღლითობის ბრალდებით (სადავო ბინის გასხვისებასთან დაკავშირებით), თუმცა, მოპასუხის განმარტებით, გამოძიებამ დაადგინა საქმეზე ჭეშმარიტება და იგი უდანაშაულოდ ცნო. გამოძიების მასალებში მოსარჩელე აღნიშნავდა, რომ საცხოვრებელი ბინა შეძენილია მოპასუხის მიერ ქორწინებამდე შეძენილი ბინის გასხვისების შედეგად მიღებული თანხით.
8. მოპასუხემ არ გაიზიარა მოსარჩელის მითითება, რომ სადავო ფართი ამ უკანასკნელის ხარჯით გარემონტდა.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
9. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 11 მაისის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც მოსარჩელემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:
10. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 3 აპრილის განჩინებით მოსარჩელის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადავადების შესახებ არ დაკმაყოფილდა, ხოლო სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
11. სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 11 ოქტომბრის განჩინებით მოსარჩელის სააპელაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და დაევალა ამ განჩინების ასლის გადაცემიდან 7 დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის სახით დავის საგნის ღირებულების 4%-ის, მაგრამ არანაკლებ 150 ლარის გადახდისდამადასტურებელი ქვითრის დედნის (შემოსავლის ორდერი) წარდგენა. აპელანტს განემარტა, რომ სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში, სააპელაციო საჩივარი დატოვებულ იქნებოდა განუხილველად დაუშვებლობის გამო.
12. აპელანტის წარმომადგენელმა განცხადებით მიმართა სააპელაციო სასამართლოს და მიუთითა, რომ მოსარჩელე, არასრულწლოვან შვილთან ერთად, სამკურნალოდ იმყოფება საქართველოს ფარგლებს გარეთ და მოითხოვა ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადის გაგრძელება 2 კვირით.
13. სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 17 ნოემბრის განჩინებით აპელანტს ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადა გაუგრძელდა 14 დღით.
14. აპელანტის წარმომადგენელმა სააპელაციო სასამართლოს წარუდგინა სახელმწიფო ბაჟის -150 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.
15. სააპელაციო პალატის 2022 წლის 12 დეკემბრის განჩინებით მოსარჩელეს ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადა გაუგრძელდა დამატებით 10 დღით და დაევალა სააპელაციო სასამართლოსათვის წარედგინა სახელმწიფო ბაჟის სახით - დავის საგნის ღირებულების 4 %, მაგრამ არანაკლებ 150 ლარისა გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი (შემოსავლის ორდერი). აპელანტს განემარტა, რომ სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში, სააპელაციო საჩივარი დატოვებულ იქნებოდა განუხილველად დაუშვებლობის გამო.
16. სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მიმართა აპელანტის წარმომადგენელმა და განმარტა, რომ მის მიერ ხარვეზი შევსებულ იქნა 2022 წლის 4 დეკემბერს და გადახდილ იქნა სახელმწიფო ბაჟი.
17. სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 2 თებერვლის განჩინებით მოსარჩელეს ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადა გაუგრძელდა დამატებით 10 დღით და დაევალა სახელმწიფო ბაჟის სახით 4 850 ლარის გადახდა.
18. 2023 წლის 15 მარტს აპელანტის წარმომადგენელმა კვლავ მიმართა სააპელაციო სასამართლოს განცხადებით და მოითხოვა დარჩენილი სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადება საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე. მისი განმარტებით, აპელანტი ქუჩაში რომ არ დარჩენილიყო, ბინის შესაძენად აიღო სესხი, რასაც იხდიდა ბანკის მიერ დაწესებული გრაფიკის შესაბამისად.
19. სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 16 მარტის განჩინებით აპელანტს განესაზღვრა 10 დღის ვადა და კვლავ დაევალა სახელმწიფო ბაჟის სახით 4 850 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედნის (შემოსავლის ორდერის) ან, სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების საკითხზე მსჯელობის მიზნით, შესაბამისი უტყუარი მტკიცებულებების წარდგენა. აპელანტს განემარტა, რომ სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში, სააპელაციო საჩივარი დატოვებულ იქნებოდა განუხილველად დაუშვებლობის გამო.
20. ზემოაღნიშნული განჩინება გაეგზავნა აპელანტის წარმომადგენელს და ჩაბარდა მის მეუღლეს 2023 წლის 20 მარტს.
21. სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ - სსსკ) 59-ე, მე-60, 61-ე, 63-ე მუხლებით დამიიჩნია, რომ აპელანტს სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზი 2023 წლის 30 მარტის ჩათვლით უნდა შეევსო. დასახელებული ვადის გასვლის შემდეგ აპელანტის შესაძლებლობა, გამოესწორებინა ხარვეზი, გაქარწყლებულად უნდა ჩაითვალოს.
22. ამავე კოდექსის 368-ე მუხლის მეშვიდე ნაწილისადა 65-ე მუხლის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ აპელანტს სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზი არ გამოუსწორებია. პალატამ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ 2023 წლის 24 მარტს აპელანტის წარმომადგენელმა განცხადებით მიმართა სააპელაციო სასამართლოს და, მოსარჩელის ოჯახური პირობებიდან გამომდინარე, კვლავ მოითხოვა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადება.
23. სააპელაციო სასამართლო გაეცნო აპელანტის წარმომადგენლის შუამდგომლობას, საქმის მასალებს და მიიჩნია, რომ მოცემულ ეტაპზე სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე შუამდგომლობის დაკმაყოფილების წინაპირობები არ არსებობს.
24. სსსკ-ის 48-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდის გადავადების საკითხის გადაწყვეტისას, სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობას შუამდგომლობის ავტორის მიერვე წარდგენილი უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე. ამდენად, აღნიშნული გარემოების უტყუარად დადასტურების ტვირთი ეკისრება მხარეს, რომელიც ითხოვს სასამართლო ხარჯების გადახდის გადავადებას.
25. განსახილველ შემთხვევაში, აპელანტის წარმომადგენელს სსსკ-ის 102-ე და 103-ე მუხლების მოთხოვნათა შესაბამისად, სასამართლოსათვის ქონებრივი მდგომარეობის ამსახველი მტკიცებულებები არ წარუდგენია. შესაბამისად, სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას, ამავე კოდექსის 105-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით, შეაფასოს მტკიცებულებები და იმსჯელოს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და მის თანმდევ შედეგებზე სასამართლო ხარჯების გადახდის გადავადებასთან მიმართებით. შესაბამისად, მოცემულ ეტაპზე არ არსებობს აპელანტის წარმომადგენლის შუამდგომლობის დაკმაყოფილების საფუძველი.
26. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ აპელანტს რამდენჯერმე გაუგრძელდა ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადა, კიდევ ერთხელ აღნიშნული ვადის გაგრძელება მიზანშეუწონელია და ემსახურება მხოლოდ საქმის განხილვის გაჭიანურებას. ამდენად, სააპელაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად.
კერძო საჩივრის მოთხოვნა და საფუძვლები:
27. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოსარჩელემ შეიტანა კერძო საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლებით:
28. კერძო საჩივრის ავტორმა განმარტა, რომ სააპელაციო პალატის მითითებისამებრ, წარუდგინა სახელმწიფო ბაჟი დავის საგნის ღირებულების 4%-ის, მაგრამ არანაკლებ 150 ლარის გადახდის ქვითრის დედანი, კერძოდ, - 150 ლარი.
29. მხარის მოსაზრებით, სააპელაციო პალატამ სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადებაზე მსჯელობისას არ გაითვალისწინა, რომ სააპელაციო საჩივრის განხილვა სასიცოცხლოდ მნიშვნელობის იყო მოსარჩელისათვის, რათა განქორწინების შემდეგ შვილთან ერთად, რომელიც საჭიროებდა მკურნალობას, საცხოვრებლის გარეშე არ დარჩენილიყო. შესაბამისად, მოსარჩელის ოჯახს შეექმნა მძიმე ფინანსური მდგომარეობა მისი შვილის მკურნალობის მიმდინარე ხარჯებიდან და ბანკიდან აღებული სესხიდან გამომდინარე. აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულებანი მოსარჩელემ წარადგინა. ამ ვითარებაში სააპელაციო პალატამ არასწორად უთხრა უარი აპელანტს დარჩენილი სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადებაზე.
სამოტივაციო ნაწილი:
30. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
31. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს, სააპელაციო პალატის მიერ სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების მართლზომიერება.
32. სსსკ-ის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ ნორმის მოთხოვნებს, ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება.
33. დასახელებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ სააპელაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო განსაზღვრავს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომელიც ხარვეზის შესავსებად უნდა განხორციელდეს და საპროცესო ვადას, რომლის განმავლობაშიც აპელანტი ვალდებულია, შეასრულოს განჩინებაში დადგენილი მოქმედებები. სასამართლოს მიერ მითითებული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ კი სააპელაციო საჩივარი აღარ განიხილება და დარჩება განუხილველად.
34. განსახილველი საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ 2022 წლის 11 ოქტომბრის განჩინებით მოსარჩელის სააპელაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და დაევალა ამ განჩინების ასლის გადაცემიდან 7 დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის სახით დავის საგნის ღირებულების 4%-ის, მაგრამ არანაკლებ 150 ლარის გადახდისდამადასტურებელი ქვითრის დედნის (შემოსავლის ორდერის) წარდგენა. აპელანტს განემარტა, რომ სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში, სააპელაციო საჩივარი დატოვებულ იქნებოდა განუხილველად დაუშვებლობის გამო.
35. აპელანტის წარმომადგენელმა განცხადებით მიმართა სააპელაციო სასამართლოს და მიუთითა, რომ მოსარჩელე, არასრულწლოვან შვილთან ერთად, სამკურნალოდ იმყოფება საქართველოს ფარგლებს გარეთ და მოითხოვა ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადის გაგრძელება 2 კვირით. სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 17 ნოემბრის განჩინებით აპელანტს ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადა გაუგრძელდა 14 დღით.
36. აპელანტის წარმომადგენელმა სააპელაციო სასამართლოს წარუდგინა სახელმწიფო ბაჟის - 150 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.
37. სააპელაციო პალატის 2022 წლის 12 დეკემბრის განჩინებით მოსარჩელეს ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადა გაუგრძელდა დამატებით 10 დღით და დაევალა სააპელაციო სასამართლოსათვის წარედგინა სახელმწიფო ბაჟის სახით - დავის საგნის ღირებულების 4%-ის, მაგრამ არანაკლებ 150 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი (შემოსავლის ორდერი). აპელანტს განემარტა, რომ სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში, სააპელაციო საჩივარი დატოვებულ იქნებოდა განუხილველად, დაუშვებლობის გამო.
38. სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მიმართა აპელანტის წარმომადგენელმა და განმარტა, რომ მან ხარვეზი 2022 წლის 4 დეკემბერს გამოასწორა და სახელმწიფო ბაჟი გადაიხადა.
39. სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 2 თებერვლის განჩინებით მოსარჩელეს ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადა გაუგრძელდა დამატებით 10 დღით და დაევალა სახელმწიფო ბაჟის სახით 4 850 ლარის გადახდა.
40. 2023 წლის 15 მარტს აპელანტის წარმომადგენელმა კვლავ მიმართა სააპელაციო სასამართლოს განცხადებით და მოითხოვა დარჩენილი სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადება საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე. მისი განმარტებით, აპელანტი ქუჩაში რომ არ დარჩენილიყო, ბინის შესაძენად აიღო სესხი, რასაც იხდიდა ბანკის მიერ დაწესებული გრაფიკის შესაბამისად.
41. სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 16 მარტის განჩინებით აპელანტს განესაზღვრა 10 დღის ვადა და კვლავ დაევალა სახელმწიფო ბაჟის სახით 4 850 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედნის (შემოსავლის ორდერის) ან, სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების საკითხზე მსჯელობის მიზნით, შესაბამისი უტყუარი მტკიცებულებების წარდგენა. აპელანტს განემარტა, რომ სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში, სააპელაციო საჩივარი დატოვებულ იქნებოდა განუხილველად დაუშვებლობის გამო.
42. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით დაცულია სამართლიანი სასამართლოს უფლება. ის განამტკიცებს კანონის უზენაესობის პრინციპს, რომელსაც ემყარება დემოკრატიული საზოგადოება და სასამართლოების უზენაესი როლი, განახორციელონ მართლმსაჯულება. კონვენციის მე-6 მუხლი უზრუნველყოფს ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან უფლებას - უფლებას სასამართლოს ხელმისაწვდომობაზე. სტრასბურგის სასამართლოს განმარტების მიხედვით ხელმისაწვდომობის პროცედურული წინაპირობები, როგორიცაა მაგალითად სასამართლო ხარჯები (Airey v. Ireland), ექცევა სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლების ფარგლებში და ცალკეულ გარემოებებში შესაძლებელია გამოიწვიოს კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის დარღვევაც.
43. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპულმა სასამართლომ ხელმისაწვდომობის საკითხზე იმსჯელა, ასევე, სააპელაციო და საკასაციო სასამართლოებთან მიმართებითაც. საქმეში Chatellier v. France სტრასბურგის სასამართლომ აღნიშნა, რომ კონვენციის მე-6 მუხლი არ აკისრებს ხელშემკვრელ სახელმწიფოებს ვალდებულებას დააარსონ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლოები, თუმცა, თუ აღნიშნული იურისდიქციები მაინც იარსებებს, მათ მიერ საქმის განხილვის პროცედურა უნდა შეესაბამებოდეს მე-6 მუხლით დადგენილ გარანტიებს. ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში სახელმწიფო ბაჟის საკითხთან დაკავშირებით ევროპულმა სასამართლომ ასევე განმარტა, რომ სააპელაციო წესით საქმის განხილვის თავისებურებებისა და ასევე იმის გათვალისწინებით, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმე არსებითად უკვე განხილულ იქნა, მონაწილე სახელმწიფო უფლებამოსილია, სააპელაციო წესით საქმის განხილვის დასაშვებობაზე უფრო მკაცრი შეზღუდვები დააწესოს.
44. საკასაციო პალატა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკაზე დაყრდნობით განმარტავს, რომ სასამართლო ხელმისაწვდომობაზე ბაჟის სახით გონივრული შეზღუდვის დაწესება სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლებაა, რა დროსაც, დაცული უნდა იყოს ბალანსი კერძო და საჯარო ინტერესს შორის. სსსკ-ის 48-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოს, მხარეთა ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, შეუძლია ერთ ან ორივე მხარეს გადაუვადოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდა ანდა შეამციროს მათი ოდენობა, თუ მხარე სასამართლოს წარუდგენს უტყუარ მტკიცებულებებს.
45. ამდენად, კანონის მითითებული დანაწესით დადგენილი სასამართლო ხარჯების გადახდის გადავადების ან გადასახდელი თანხის ოდენობის შემცირების შესაძლებლობა არსებობს იმ შემთხვევაში, თუ მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების შესწავლისა და საქმის მასალების გაანალიზების საფუძველზე სასამართლოს შეექმნება შინაგანი რწმენა მხარის მძიმე ქონებრივი მდგომარეობის შესახებ, კერძოდ, რომ მას მოცემულ ეტაპზე სახელმწიფო ბაჟის გადახდა არ შეუძლია.
46. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სახელმწიფო ბაჟის გადახდის აუცილებლობა დადგენილია მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კოდექსით, რომელიც ასევე ითვალისწინებს მხარის მიერ შესაბამისი თანხის გადაუხდელობის სამართლებრივ შედეგებსაც, თუმცა გასათვალისწინებელია, რომ სახელმწიფო ბაჟის გადახდევინების მექანიზმი მხარისათვის სასამართლო ხელმისაწვდომობის შეზღუდვის კანონისმიერ საშუალებასაც წარმოადგენს. ამდენად, მისი გამოყენებისას სასამართლო ვალდებულია, გაითვალისწინოს და შეაფასოს სახელმწიფო ბაჟის გადახდევინების პროცესში წარმოშობილი ყველა გარემოება.
47. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, გარდა ზემოაღნიშნულისა, საკუთარი დანიშნულება განმარტა და მიუთითა, რომ მის ფუნქციას არ წარმოადგენს ეროვნულ დონეზე კომპეტენტური ორგანოს ნაცვლად, მართლმსაჯულების ხელმისაწვდომის უზრუნველმყოფი მაქსიმალურად ეფექტური ზომების განსაზღვრა და არც იმ ფაქტების შეფასება, რომლებიც სასამართლო გადაწყვეტილებას დაედო საფუძვლად. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს როლი მდგომარეობს იმაში, რომ შეამოწმოს კომპეტენტური ორგანოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებით დამდგარი შედეგის შესაბამისობა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპულ კონვენციასთან. ამასთან, სასამართლომ განმარტა ისიც, რომ მის მიერ ფაქტების კვლევა ეფუძნება კონვენციით გათვალისწინებულ პრინციპებს, დაიცვას არა თეორიული, ილუზიური უფლებები, არამედ უზრუნველყოს პრაქტიკული და ეფექტური უფლებების განხორციელება და დაცვა, სწორედ ისეთის როგორიც დემოკრატიულ საზოგადოებაში მისი განსაკუთრებული ადგილიდან გამომდინარე, სამართლიანი სასამართლოს უფლებაა.
48. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სასამართლო ხელმისაწვდომობაზე ბაჟის სახით გონივრული შეზღუდვის დაწესება სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლებაა, რა დროსაც, დაცული უნდა იყოს ბალანსი კერძო და საჯარო ინტერესს შორის. კერძო ინტერესის დაცვას ემსახურება ქართულ კანონმდებლობაში ბაჟთან დაკავშირებით დაწესებული ზედა ზღვარი, ასევე საკანონმდებლო დონეზე რეგლამენტირებული უფლება იმისა, რომ ბაჟისაგან გათავისუფლების, ბაჟის ოდენობის შემცირების ან გადავადების საკითხი გადაწყდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ინდივიდუალური საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით (იხ. სუსგ №ას-597-565-2015, 22 ივლისი, 2015 წ.).
49. საკასაციო სასამართლო იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას, იმ პირობებში, როდესაც აპელანტის მიერ გადახდილი იქნა სააპელაციო სამართალწარმოებისათვის გათვალისწინებული მინიმალური ოდენობის სახელმწიფო ბაჟი -150 ლარი (იხ. ტომი 2, ს.ფ 28-29), მოცემულ საქმეზე არსებობდა აპელანტისათვის დარჩენილი სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების წინაპირობები, კერძოდ: საქმის მასალებში წარმოდგენილი განცხადებით მოსარჩელე მიუთითებს, რომ მძიმე ფინანსური მდგომარეობა შეექმნა მეუღლესთან განქორწინების შემდეგ, არასრულწლოვან შვილთან ერთად დარჩა საცხოვრებელი სახლის გარეშე. აღნიშულით ზარალდება ბავშვის ინტერესიც, მას სჭირდება განვითარება და სათანადო პირობები. გასათვალისწინებელია, რომ მცირეწლოვანი შვილი ცხოვრობს მოსარჩელესთან. მოსარჩელეს დასჭირდა საბანკო სესხის აღება, რომლის დასაფარადაც ყოველთვიურად უწევს თანხის შეტანა (იხ. ტომი 2, ს.ფ 57).
50. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ბავშვის უფლებათა კონვენციის მე-3 მუხლის პირველი პუნქტი განსაზღვრავს, რომ მონაწილე სახელმწიფოთა ვალდებულება, სათანადოდ გაითვალისწინონ ბავშვის საუკეთესო ინტერესები, წარმოადგენს ყოვლისმომცველ ვალდებულებას, რომელიც მოიცავს ყველა საჯარო და კერძო სოციალური დაცვის ორგანოს, სასამართლოს, ადმინისტრაციულ ორგანოებსა და საკანონმდებლო ორგანოებს, რომლებსაც შეხება აქვთ ან დაკავშირებულნი არიან ბავშვებთან.
51. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა, რომ აპელანტის მოქმედებები ემსახურება საქმის განხილვის გაჭიანურებას, საკასაციო პალატის მიერ ვერ იქნება გაზიარებული და ვერ შეფასდება მოსარჩელის მიერ მოცემული დავის მიმართ ინტერესის დაკარგვად.
52. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის კერძო საჩივარი საფუძვლიანია და ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს და საქმე დაუბრუნდეს სააპელაციო სასამართლოს მოსარჩელის სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის ხელახლა შესამოწმებლად.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ნ.გ–ას კერძო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 3 აპრილის განჩინება და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის ხელახლა შესამოწმებლად.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზურაბ ძლიერიშვილი
მოსამართლეები: ეკატერინე გასიტაშვილი
მირანდა ერემაძე