Facebook Twitter

საქმე №ას-771-2023 23 ივნისი, 2023 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

მოსამართლე

ამირან ძაბუნიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ი.ფ–ი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ი.დ–ი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 12 აპრილის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. ი.დ–მა (შემდგომში - „მოსარჩელე“) სარჩელი აღძრა სასამართლოში ი.ფ–ის (შემდგომში - „მოპასუხე“, „კასატორი“) მიმართ და მოითხოვა მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან სადავო უძრავი ნივთის გამოთხოვა.

2. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

3. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 23 დეკემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა. მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა სადავო უძრავი ქონება. განცხადება გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის შესახებ არ დაკმაყოფილდა.

4. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის შესახებ უარის თქმის ნაწილში მოსარჩელემ გაასაჩივრა კერძო საჩივრით.

5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 12 აპრილის განჩინებით კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა. გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 23 დეკემბრის გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ აღსრულებაზე უარის თქმის ნაწილში და მოსარჩელის მოთხოვნა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის შესახებ დაკმაყოფილდა, რა მიზნითაც გაიცა შესაბამისი სააღსრულებო ფურცელი.

6. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

7. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 12 აპრილის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილება.

8. ზემოაღნიშნულ განჩინებასა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 12 აპრილის განჩინებაზე, რომლითაც გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის შესახებ მოსარჩელის მოთხოვნა დაკმაყოფილდა, მოპასუხემ წარადგინა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინებების გაუქმება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

9. საქართველოს უზენაესი სასამართლო საქმის მასალების შესწავლის საფუძველზე მიიჩნევს, რომ მოთხოვნა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 12 აპრილის განჩინების გაუქმების ნაწილში, რომლითაც კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 23 დეკემბრის გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ აღსრულებაზე უარის თქმის ნაწილში და გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის შესახებ მოსარჩელის მოთხოვნა დაკმაყოფილდა, განუხილველად უნდა დარჩეს.

10. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომში - სსსკ) 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამდენად, კერძო საჩივრის დასაშვებობის საკითხის გადაწყვეტისას გამოყენებული უნდა იქნას საპროცესო ნორმები საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შესახებ.

11. სსსკ-ის 396-ე მუხლის მე-4 ნაწილით, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ მუხლით დადგენილ მოთხოვნათა დაცვით. მომხსენებელი მოსამართლე აღნიშნულ საკითხს წყვეტს ერთპიროვნულად, ზეპირი განხილვის გარეშე.

12. სსსკ-ის 399-ე მუხლის მიხედვით, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს. სსსკ-ის 414-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის შეტანა შეიძლება სასამართლოს მიერ გამოტანილ განჩინებებზე, მხოლოდ ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში. ამავე კოდექსის 270-ე მუხლის თანახმად, გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების შესახებ სასამართლოს განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა, რომელიც არ შეაჩერებს ამ განჩინების შესრულებას.

13. მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დასტურდება, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 12 აპრილის განჩინებით კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა. გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 23 დეკემბრის გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ აღსრულებაზე უარის თქმის ნაწილში და მოსარჩელის მოთხოვნა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის შესახებ დაკმაყოფილდა. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნულ განჩინებაზე მოსარჩელემ კვლავ წარმოადგინა საჩივარი, მართალია, პრეტენზია გადაწყვეტილების დაუყოვნებლის აღსასრულებლად მიქცევის შესახებ წარმოდგენილია საკასაციო საჩივრის ფარგლებში, თუმცა საქართველოს უზენაესი სასამართლო სსსკ-ის 270-ე მუხლის მიხედვით, მას როგორც კერძო საჩივარს განიხილავს.

14. სსსკ-ის 419-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ზემდგომი სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი არ დაიშვება, რაც იმას ნიშნავს, რომ ზემდგომი სასამართლოს, ამ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება (იხ.: სუსგ საქმეზე №ას-21-2019, 21 იანვარი, 2019 წელი; №ას-1308-2022, 17 ოქტომბერი, 2022 წელი). შესაბამისად, საქართველოს უზენაესი სასამართლო მოკლებულია გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივი შეფასების შესაძლებლობას.

15. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამართლიანი სასამართლოს უფლება, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის საფუძველზე, თანაბრად უზრუნველყოფს მხარეთა თანასწორი მოპყრობის პრინციპის დაცვას. მხარის მატერიალური უფლების რეალიზაციისათვის საპროცესო ნორმები ადგენს თითოეული მხარის მიერ პოზიციის, განმარტების სასამართლოსათვის წარდგენის პროცესუალურ წესებს, რაც მოიცავს გასაჩივრების პროცედურას, ასევე, საქმის მოსმენის როგორც ზეპირ (მხარეთა მონაწილეობით), ისე - ზეპირი მოსმენის გარეშე ფორმებს. საკასაციო სასამართლო არაერთ გადაწყვეტილებაში/განჩინებაში უთითებს: საპროცესო ნორმები, როგორც ფორმალურ წესთა ერთობლიობა, იმ სავალდებულო მოთხოვნებს ადგენს, რომელთა შეცვლა არც სასამართლოს და არც მხარეთა მიხედულებაზე არაა დამოკიდებული (იხ. სუსგ-ები: № ას-1033-2018, 30.10.2018წ; № ას-1025-986-2016, 13.01.2017წ; №ას-851-817-2016, 04.11.2016წ).

16. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 270-ე მუხლით განსაზღვრულია გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების შესახებ სასამართლოს განჩინების გასაჩივრების წესი, რომლის თანახმად მსგავსი შინაარსის განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა, კანონმდებლობა კი მისი დამატებითი გასაჩივრების წესს არ ითვალისწინებს, რამდენადაც ზემდგომი სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი არ დაიშვება.

17. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, წარმოდგენილი კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს, რამდენადაც თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ, როგორც ზემდგომმა სასამართლომ, 2023 წლის 12 აპრილის განჩინებით იმსჯელა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის მართლზომიერების საკითხზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. ი.ფ–ის კერძო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 12 აპრილის განჩინებაზე, რომლითაც კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 23 დეკემბრის გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ აღსრულებაზე უარის თქმის ნაწილში და გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის შესახებ მოსარჩელის მოთხოვნა დაკმაყოფილდა, დარჩეს განუხილველად;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე: ამირან ძაბუნიძე