Facebook Twitter

საქმე №ას-706-2023 19 ივნისი, 2023 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ზურაბ ძლიერიშვილი, ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

საჩივრის ავტორები – შპს „ა–ა“, შპს „დ–ე“ (მოპასუხეები)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „დ.გ.მ.ი.ს.ფ.დ.თ“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინებები – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 17 იანვრისა და იმავე სასამართლოს 2023 წლის 18 აპრილის განჩინებები

საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინებების გაუქმება

დავის საგანი – გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. შპს „დ.გ.მ.ი.ს.ფ.დ.თ–მა“ (შემდგომში - „მოსარჩელე“) სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „ა–ას“ (შემდგომში - „პირველი მოპასუხე“) და შპს „დ–ს“ (შემდგომში - „მეორე მოპასუხე) (შემდგომში ერთობლივად - „საჩივრის ავტორები“) მიმართ პირველი მოპასუხისათვის 107 000 ლარის დაკისრებისა და მეორე მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან ქ. ბათუმში, ....... მდებარე მაღაზია „დ–ში“ განთავსებული მოსარჩელის კუთვნილი ინვენტარ-მოწყობილობებისა და დანადგარების გამოთხოვის მოთხოვნით.

2. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 18 მარტის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა; პირველ მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 107 000 ლარის გადახდა; ხოლო, მეორე მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა მაღაზია „დ–ში“ განთავსებული ინვენტარ-მოწყობილობები და გადაეცა მოსარჩელეს.

3. მოპასუხეებმა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე წარადგინეს სააპელაციო საჩივარი, რომელიც განსახილველად იქნა მიღებული.

4. მოსარჩელემ სააპელაციო საჩივარზე წარადგინა სააპელაციო შესაგებელი, რომლითაც ასევე იშუამდგომლა გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით, პირველი მოპასუხის საბანკო ანგარიშებზე ყადაღის დადების თაობაზე, სარჩელით მოთხოვნილი თანხის - 107 000 ლარის ფარგლებში.

5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 17 იანვრის განჩინებით მოსარჩელის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და ყადაღა დაედო პირველი მოპასუხის საბანკო ანგარიშებზე ჩარიცხული თანხების 50%-ს, საქართველოში მოქმედ ყველა საბანკო დაწესებულებაში, სასარჩელო მოთხოვნის - 107 000 ლარის ფარგლებში, გარდა საბიუჯეტო (საგადასახადო), ასევე, სახელფასო და სოციალური ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებით საწარმოში დასაქმებულ პირთა მიმართ გასაცემლისა. ასევე, დადგინდა, რომ აღნიშნული ყადაღით პირველ მოპასუხეს არ შეეზღუდოს უფლება საბანკო ანგარიშებზე შეასრულოს საბანკო გადარიცხვის ოპერაცია მოსარჩელის სასარგებლოდ ვალდებულების დაფარვის მიზნით.

6. მოპასუხეებმა საააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნულ განჩინებაზე წარადგინეს საჩივარი და მისი გაუქმება მოითხოვეს.

7. საჩივრის ავტორებმა მიუთითეს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების შემდეგ საფუძვლებზე:

7.1. მეორე მოპასუხე სარგებლობს მაღაზიაში განთავსებული იმ დანადგარ-მოწყობილობებით, რომელიც იქ თავის დროზე პირველმა მოპასუხემ განათავსა. მოძრავი ნივთები მეორე მოპასუხის საკუთრებას წარმოადგენს, რაც დადასტურებულია მის მიერ სასამართლოში წარდგენილი ხელშეკრულებებით, ზედნადებითა და საგადახდო დავალებით;

7.2. სასამართლო უზრუნველყოფის ღონისძიებას არჩევს სასარჩელო მოთხოვნის ხასიათიდან და მოცულობიდან გამომდინარე. უზრუნველყოფის ღონისძიებით შეზღუდული უფლება უნდა იყოს სასარჩელო მოთხოვნის მოცულობის ადეკვატური. დაუშვებელია უზრუნველყოფის ღონისძიებით მოპასუხის უფლების გაუმართლებელი შეზღუდვა და ამგვარად მხარეთა არათანაბარ პირობებში ჩაყენება. ამასთან, უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება განპირობებული უნდა იყოს იმ ვარაუდით, რომ სარჩელის საფუძვლად მითითებული გარემოებები იურიდიულად ქმნის სარჩელის დაკმაყოფილების თაობაზე გადაწყვეტილების გამოტანის შესაძლებლობას;

7.3. მართალია, მოცემულ შემთხვევაში პირველი ინსტანციის სასამართლომ მოსარჩელის მოთხოვნა ნაწილობრივ დააკმაყოფილა და ყადაღა დაადო მოპასუხეთა მოძრავ ქონებას, მაგრამ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 11.11.2020წ. განჩინებით მოპასუხეთა საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და ყადაღის ნაცვლად მეორე მოპასუხეს აეკრძალა მოძრავი ნივთების დაგირავება, მასზე ქირავნობისა და იჯარის ხელშეკრულების დადება. აღნიშნული განჩინებით დაცულია მოწინააღმდეგე მხარის ინტერესები, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე;

7.4. განცხადების განხილვისას სასამართლოს მხედველობაში უნდა მიეღო კონკრეტული გარემოებები, შეეფასებინა ისინი სსსკ-ის 105-ე მუხლის მოთხოვნათა გათვალისწინებით და არსებული ფაქტების ერთობლიობაში გაანალიზების შედეგად, მიეღო გადაწყვეტილება;

7.5. სასამართლოს განჩინება დაუსაბუთებელია და ხელს უწყობს მოწინააღმდეგე მხარის არაკეთილსინდისირებას.

10. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 18 აპრილის განჩინებით მოპასუხეთა საჩივარი დაუსაბუთებლობის გამო არ დაკმაყოფილდა და საქმის მასალებთან ერთად გადმოეგზავნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას.

11. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, განსახილველ შემთხვევაში გარემოება, რომელზეც შუამდგომლობის ავტორი გადაწყვეტილების აღსრულების გაძნელების ან აღუსრულებლობის თვალსაზრისით ამყარებდა ვარაუდს, მდგომარეობს შემდეგში: ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 18 მარტის გადაწყვეტილებით პირველ მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 107 000 ლარის გადახდა. პირველი მოპასუხის მიმართ დაკისრებული მატერიალური პასუხისმგებლობა დამოკიდებულია მხოლოდ და მხოლოდ მისი წარმომადგენლების კეთილ ნებაზე. ვინაიდან, პირველი მოპასუხის მიმართ არ არის გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება, ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შემთხვევაში, არ არსებობს აღნიშნული თანხის ამოღების ბერკეტი. ამდენად, პირველი მოპასუხის ნაწილში სასამართლოს მიერ მიღებული ან მისაღები გადაწყვეტილება ვერ აღსრულდება, ვინაიდან იგი ნებაყოფლობით თანხას არ აანაზღაურებს.

12. სააპელაციო პალატამ გაიზიარა შუამდგომლობის ავტორის მოსაზრება, რომ იმ პირობებში, როდესაც ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით პირველ მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაკისრებული აქვს 107 000 ლარის გადახდა, ხოლო საჩივრის ავტორი გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას ითხოვს მხოლოდ იმ არგუმენტზე მითითებით, რომ მეორე მოპასუხე სარგებლობს დანადგარ-მოწყობილობებით, რომლებიც მის საკუთრებას წარმოადგენს და მაღაზიაში თავის დროზე პირველი მოპასუხის მიერ იქნა განთავსებული, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება ზემდგომი ინსტანციების სასამართლოების მიერ დარჩება უცვლელი და შევა კანონიერ ძალაში, პირველი მოპასუხისაგან 107 000 ლარის ამოღება (აღსრულება) შესაძლოა გაძნელდეს ან საერთოდ შეუძლებელი გახდეს;

13. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე, 271-ე მუხლებით და მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიერ წარდგენილი შუამდგომლობა და მასზე დართული მტკიცებულებები ქმნის მაღალი რისკის საფუძველს, რომ მოპასუხე გადაწყვეტილების აღსრულებისაგან თავის არიდების მიზნით, განკარგავს მის ანგარიშებზე არსებულ თანხას, რაც გამოიწვევს გადაწყვეტილების აღუსრულებლობას ან/და მისი აღსრულების გაძნელებას. შესაბამისად, განსახილველ შემთხვევაში გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით მოთხოვნილი ღონისძიება გამართლებულია, ხოლო საჩივარი დაუსაბუთებელი, ვინაიდან მასში მითითებული გარემოებები არ ეხება გასაჩივრებული განჩინებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და სამართლებრივ შეფასებებს და არ შეიცავს იმგვარ მითითებებს, რაც გასაჩივრებულ განჩინებასთან მიმართებით, შესაძლოა, სააპელაციო სასამართლოს მსჯელობის საგანი გამხდარიყო.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

14. საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, საჩივრის საფუძვლების გამოკვლევისა და გასაჩივრებული განჩინებების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

15. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971 მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში საჩივარი განიხილება ამ კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით დადგენილი წესებით.

16. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. იმავე კოდექსის 410-ე მუხლის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

17. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანია ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 17 იანვრის განჩინებით გამოყენებული გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის ღონისძიების კანონიერება.

18. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 271-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია უზრუნველყოს იმ გადაწყვეტილების აღსრულება, რომელიც გადაცემული არ არის დაუყოვნებლივ აღსასრულებლად XXIII თავით დადგენილი წესების შესაბამისად. დასახელებული ნორმიდან გამომდინარე, გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფაზე მსჯელობისას სასამართლო ხელმძღვანელობს სარჩელის უზრუნველყოფის მარეგულირებელი საპროცესო ნორმებით.

19. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის XXIII თავით გათვალისწინებული ინსტიტუტი წარმოადგენს მატერიალური კანონმდებლობით დაცული უფლებებისა და კანონიერი ინტერესების რეალური განხორციელების სწრაფ და ეფექტურ საპროცესო-სამართლებრივ გარანტიას. სასამართლოს მიერ სარჩელის უზრუნველყოფის გამოყენებას საფუძვლად უდევს ვარაუდი, რომ მომავალში მიღებული სასამართლო გადაწყვეტილება შესაძლოა ვერ აღსრულდეს ან აღსრულება მნიშვნელოვნად დაბრკოლდეს. ამდენად, სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტის მიზანია მოსარჩელის მატერიალური უფლებების რეალური განხორციელებისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნა, სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფა.

20. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელეს შეუძლია მიმართოს სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით, რომელშიც მითითებული უნდა იყოს გარემოებები, რომელთა გამოც სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოუყენებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, დარღვეული ან სადავო უფლების განხორციელებას, გამოიწვევს გამოუსწორებელ და პირდაპირ ზიანს ან ისეთ ზიანს, რომელიც კომპენსირებული ვერ იქნება მოპასუხისათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრებით. ეს განცხადება, ასევე, უნდა შეიცავდეს დასაბუთებას, თუ სარჩელის უზრუნველყოფის რომელი ღონისძიების გამოყენება მიაჩნია მოსარჩელეს აუცილებლად. რომელიმე ზემოაღნიშნული გარემოების არსებობის შემთხვევაში სასამართლოს გამოაქვს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განჩინება. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება ემყარება სასამართლოს ვარაუდს, რომ სარჩელი შეიძლება დაკმაყოფილდეს. სასამართლოს მსჯელობა სარჩელის მატერიალურ და საპროცესო წინაპირობებზე გავლენას არ ახდენს სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებაზე.

21. ზემოაღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, კანონმდებელი შესაძლებლობას აძლევს მოსარჩელეს მხოლოდ საკუთარი კანონიერი უფლებების დაცვის მიზნით მოითხოვოს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება. ამისათვის მოსარჩელემ სარწმუნოდ უნდა დაასაბუთოს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საჭიროება, რათა სასამართლო დარწმუნდეს კონკრეტულ გარემოებათა საფუძველზე, გადაწყვეტილების უზრუნველყოფის აუცილებლობაში. აღნიშნული მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც მსგავსი სახის უზრუნველყოფა წარმოადგენს ერთი მხარისათვის თავისი უფლებების დაცვის გარანტს, ხოლო მეორე მხარეს უზღუდავს კანონიერი უფლებების განხორციელების შესაძლებლობას. შესაბამისად, გადაწყვეტილების უზრუნველყოფის საკითხის გადაწყვეტისას და ერთ-ერთი მხარის უფლებების, თუნდაც კანონისმიერ ფარგლებში შეზღუდვისას, სასამართლო უნდა ემყარებოდეს დასაბუთებულ ვარაუდს, რომ აღნიშნული საპროცესო ღონისძიების გარეშე ობიექტურად შეუძლებელი გახდება ან მნიშვნელოვნად გართულდება საქმის განხილვის სამართლებრივი შედეგის – სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება (იხ. სუსგ საქმე №ას-939-2019, 15 ივლისი, 2019 წელი).

22. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო თავის არაერთ გადაწყვეტილებაში ხაზს უსვამს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების მნიშვნელობას და აღნიშნავს, რომ სამართლიანი განხილვის უფლება მოიცავს ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების უფლებას. სასამართლოს განმარტებით, ეს უფლება არარეალური იქნებოდა, თუ წევრი სახელმწიფოს ეროვნული სამართლებრივი სისტემა შესაძლებელს გახდიდა ძალაში შესული საბოლოო გადაწყვეტილება ერთი მხარის საზიანოდ არაქმედითი დარჩენილიყო. მისი თქმით, ნებისმიერი სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების აღსრულება „სასამართლო პროცესის“ განუყოფელ ნაწილად უნდა განიხილებოდეს, კონვენციის მე-6 მუხლის მიზნებიდან გამომდინარე (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე შპს „იზა“ და მაკრახიძე საქართველოს წინააღმდეგ).

23. განსახილველ შემთხვევაში ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 18 მარტის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა; პირველ მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 107 000 ლარის გადახდა; ხოლო, მეორე მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა და მოსარჩელეს გადაეცა სარჩელით მოთხოვნილი ინვენტარ-მოწყობილობები. გადაწყვეტილებაზე მოპასუხეებმა წარადგინეს სააპელაციო საჩივარი. მოსარჩელის შუამდგომლობის საფუძველზე, აღნიშნული გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 17 იანვრის განჩინებით ყადაღა დაედო პირველი მოპასუხის საბანკო ანგარიშებზე ჩარიცხული თანხების 50%-ს საქართველოში მოქმედ ყველა საბანკო დაწესებულებაში სასარჩელო მოთხოვნის - 107 000 ლარის ფარგლებში, გარდა საბიუჯეტო (საგადასახადო), ასევე, სახელფასო და სოციალური ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებით საწარმოში დასაქმებულ პირთა მიმართ გასაცემლისა. ასევე, დადგინდა, რომ აღნიშნული ყადაღით მოპასუხეს არ შეეზღუდოს უფლება საბანკო ანგარიშებზე შეასრულოს საბანკო გადარიცხვის ოპერაცია მოსარჩელის სასარგებლოდ ვალდებულების დაფარვის მიზნით.

24. საჩივრის ავტორები წარდგენილი საჩივრით ითხოვენ გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის შესახებ სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული განჩინების გაუქმებას, თუმცა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 194-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის საწინააღმდეგოდ [სარჩელის უზრუნველსაყოფად გამოტანილ განჩინებაზე მოპასუხეს შეუძლია შეიტანოს საჩივარი, რომელიც უნდა შეიცავდეს: გ) გარემოებებს, რომელთა გამოც უნდა გაუქმდეს ან შეიცვალოს განჩინება უზრუნველყოფის შესახებ], საჩივარი დაუსაბუთებელია და არ შეიცავს მითითებებს კონკრეტულ გარემოებებზე, რომელთა გამოც უნდა გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება.

25. ამასთან, მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინებით პირველი მოპასუხის საბანკო ანგარიშებზე არსებულ ფულად სახსრებს ყადაღა დაედო მხოლოდ გადაწყვეტილებით დაკისრებული თანხის, 107 000 ლარის ფარგლებში, შესაბამისად, პირველი მოპასუხე უფლებამოსილია მისი შეხედულებისამებრ ისარგებლოს მის საბანკო ანგარიშებზე არსებული ფულადი სახსრების ნაწილით. გარდა ამისა, ყადაღა არ ვრცელდება საბიუჯეტო (საგადასახადო), სახელფასო და სოციალური ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებით საწარმოში დასაქმებულ პირთა მიმართ გასაცემლებზე, ასევე, აღნიშნული ყადაღით პირველ მოპასუხეს არ ეზღუდება უფლება, საბანკო ანგარიშებზე შეასრულოს საბანკო გადარიცხვის ოპერაცია მოსარჩელის მიმართ ვალდებულების დაფარვის მიზნით.

26. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ პირველი მოპასუხისათვის სასამართლო გადაწყვეტილებით დაკისრებული თანხის გათვალისწინებით, მოცემულ საქმეზე გადაწყვეტილების უზრუნველყოფის ადეკვატური ღონისძიებაა გამოყენებული და მისი გამოყენებით არ არის დარღვეული მხარეთა შორის სამართლიანი ბალანსი და პროპორციულობის პრინციპი. საჩივრის ავტორებს არ მიუთითებიათ აღნიშნული მსჯელობის საწინააღმდეგო გარემოებებზე და არ წარმოუდგენიათ შესაბამისი მტკიცებულებები.

27. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო არ აკმაყოფილებს საჩივარს, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებებს საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. შპს „ა–ას“ და შპს „დ–ეს“ საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 17 იანვრისა და იმავე სასამართლოს 2023 წლის 18 აპრილის განჩინებები დარჩეს უცვლელი;

3. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ე. გასიტაშვილი