Facebook Twitter

საქმე №ას-412-2023 25 მაისი, 2023 weli,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,

ნინო ბაქაქური

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – სს „ს.რ–ა“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ა.გ–ვი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 09 თებერვლის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – საწარმოო ტრავმის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 8 ნოემბრის გადაწყვეტილებით ა.გ–ვის (შემდეგში: მოსარჩელე ან დასაქმებული) სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სს „ს.რ–ას” (შემდეგში: მოპასუხე, აპელანტი, კასატორი, დამსაქმებელი ან საწარმო) დასაქმებულის სასარგებლოდ დაეკისრა, 2019 წლის დეკემბრიდან 2021 წლის აგვისტოს ჩათვლით, სარჩოს სხვაობის - 900 ლარის, ერთჯერადად ანაზღაურება (საგადასახადო კოდექსით დადგენილი საშემოსავლო გადასახადების განაკვეთის გათვალისწინებით); მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ 2021 წლის აგვისტოს თვის შემდგომ (სექტემბრიდან) დაეკისრა ყოველთვიური სარჩოს - 580,5 ლარის, გადახდა (საგადასახადო კოდექსით დადგენილი საშემოსავლო გადასახადების განაკვეთის გათვალისწინებით).

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 9 თებერვლის განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

3. სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილი, საქმის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე, შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

3.1 თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 10 მაისის N2/2535-13 კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დამსაქმებელს, დასაქმებულის სასარგებლოდ, 2013 წლის 1 თებერვლიდან ყოველთვიური სარჩოს - 450 ლარის გადახდა დაეკისრა,, საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული საშემოსავლო გადასახადის განაკვეთის გათვალისწინებით;

3.2 ამავე გადაწყვეტილებით დადგინდა წინამდებარე საქმეზე პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

3.2.1. მოსარჩელე მუშაობდა მოპასუხე საწარმოში მემანქანის თანაშემწის თანამდებობაზე; 1994 წლის 17 აგვისტოს მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად, დასაქმებულმა მიიღო საწარმოო ტრავმა, რის თაობაზეც შედგა უბედური შემთხვევის აქტი №3, რომლის თანახმადაც, მოხდა გოგორწყვილის არტახის დაწოლა სამუხრუჭე ბუნიკზე. ასევე, აღინიშნა მემანქანის თანაშემწის მიერ პირადი უსაფრთხოების დაცვის მოთხოვნის დარღვევა (ბუნიკის სახელურზე არ უნდა მოეკიდა მარცხენა ხელი); მიღებული ტრავმის შედეგად მოსარჩელემ დაკარგა პროფესიული შრომის უნარი 60%-ით, უვადოდ; თბილისის სალოკომოტივო დეპოს პროფკომიტეტის 26.06.96 წ. სხდომის №26 ოქმის თანახმად, დასაქმებულს მიეცა პენსია კუთვნილი ხელფასიდან 75%-ის ოდენობით, ვინაიდან, დაარღვია უსაფრთხოების მოთხოვნის წესები; მოპასუხე საწარმო მოსარჩელეს, საწარმოო ტრავმის გამო, წლების განმავლობაში ყოველთვიურად სარჩოს - 101.33 ლარს უხდიდა;

3.3. სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, 2019 წლის დეკემბრიდან დღემდე, საწარმოო ტრავმის შედეგად დასახიჩრებულ დასაქმებულს ყოველთვიური სარჩო - 450 ლარი ერიცხება;

3.4. საწარმოს მოქმედი მემანქანის თანაშემწის ყოველთვიური ხელფასი, 2019 წლის დეკემბრიდან გაიზარდა და 1 100 ლარი შეადგინა;

3.5. მემანქანის თანაშემწის შრომის ანაზღაურება (ხელფასი) 2021 წლის სექტემბრიდან კვლავ გაიზარდა და დღემდე 1 290 ლარს შეადგენს;

3.6. დასაქმებულმა მიიღო საწარმოო ტრავმა, რის შედეგად მან დაკარგა პროფესიული შრომის უნარი 60%-ით, უვადოდ; მომხდარ უბედურ შემთხვევასთან დაკავშირებით მოსარჩელის მონაწილეობის ხარისხის (უსაფრთხოების დაცვის მოთხოვნის დარღვევა) გათვალისწინებით, მას სარჩო დანიშნული აქვს კუთვნილი ხელფასის 75%-დან, დაკარგული პროფესიული შრომისუნარიანობის ხარისხის 60%-ის გათვალისწინებით;

3.7. მოქმედი მემანქანის თანაშემწის ყოველთვიური ხელფასი, 2019 წლის დეკემბრის თვიდან 2021 წლის სექტემბრამდე (აგვისტოსჩათვლით), 1 100 ლარს შეადგენდა, რომლის 75% - 875 ლარი, ხოლო მისი 60% - 495 ლარია. ამდენად, მითითებულ პერიოდში მოსარჩელის მიერ მიღებულ 450 ლარსა და მისაღებ თანხას- 495 ლარს შორის სხვაობა ყოველთვიურად 45 ლარს შეადგენს, რაც ჯამში 900 ლარია. შესაბამისად, 2019 წლის დეკემბრიდან 2021 წლის აგვისტოს თვის პერიოდში მოსარჩელეს მისაღები აქვს სარჩოს სხვაობა 900 ლარი (საგადასახადო კოდექსით დადგენილი საშემოსავლო გადასახადების განაკვეთის გათვალისწინებით).

3.8. სექტემბრიდან მოქმედი მემანქანის თანაშემწის, 2021 წლის აგვისტოს შემდეგ გაზრდილი ხელფასის გათვალისწინებით, რაც დღემდე 1290 ლარს შეადგენს, მოსარჩელისათვის ასანაზღაურებელი სარჩოს ოდენობა განისაზღვრება ყოველთვიურად 580,5 ლარით (საგადასახადო კოდექსით დადგენილი საშემოსავლო გადასახადების განაკვეთის გათვალისწინებით). აღნიშნული დაანგარიშებულია შემდეგი წესით: 1290 ლარის 75% არის 967,5 ლარი, შესაბამისად, მოსარჩელის პროფესიული შრომის უნარიანობის დაკარგვის ხარისხის გათვალისწინებით, მისი 60% -580,5 ლარია.

4. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ ინდივიდუალური შრომითი ურთიერთობისას წარმოშობილი ზიანის ანაზღაურების საკითხის მოწესრიგება განსაზღვრულია - საქართველოს შრომის კოდექსის (შემდეგში: სშკ) 58-ე მუხლით, რომლის თანახმად, მხარის მიერ მეორე მხარისათვის მიყენებული ზიანი ანაზღაურდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. ამავე კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, შრომით ურთიერთობასთან დაკავშირებული საკითხები, რომლებსაც არ აწესრიგებს ეს კანონი ან სხვა სპეციალური კანონი, რეგულირდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) ნორმებით. ზიანის ანაზღაურების საკითხს განსაზღვრავს სსკ-ი, ერთი მხრივ, სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევიდან გამომდინარე, ხოლო, მეორე მხრივ, დელიქტური ვალდებულებით.

5. სსკ-ის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

6. სსკ-ის 408.1-ე მუხლის მიხედვით, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება.

7. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ნორმა განცდილი ქონებრივი დანაკლისის ანაზღაურების ვალდებულებას წარმოუშობს შესაბამის პასუხისმგებელ პირს. ნორმის ამგვარი ფორმულირების მიზანია დაზარალებულის მდგომარეობის აღდგენა იმგვარად, რომ მივიღოთ ზიანის მიყენებამდე არსებული მდგომარეობა. თეორიულად, განხორციელდეს ე.წ რესტიტუცია, რაც პრაქტიკულად დაზარალებულის იმ პირობებში ჩაყენებას გულისხმობს, რომელიც ზიანის მავალდებულებელი გარემოების არარსებობის პირობებში იქნებოდა სახეზე. წინამდებარე შემთხვევაში, სარჩოს გადაანგარიშების (გაზრდის) მიზანსაც დაზარალებულისათვის იმ მატერიალური დანაკლისის შევსება წარმოადგენს, რასაც დაზარალებული მიიღებდა, სარჩოს მიღების საფუძვლის – დაზიანების (უბედური შემთხვევის) ფაქტის არარსებობისას, რაც იმას ნიშნავს, რომ მხედველობაშია მისაღები ზოგადი კრიტერიუმი დაზარალებულის მხრიდან (დელიქტის წარმოუშობლობის პირობებში) აქტიური შრომისუნარიანობის შესახებ. სსკ-ის 408.2-ე მუხლიც იმაზე მიუთითებს, რომ ზიანის ანაზღაურების ოდენობის დასადგენად მნიშვნელოვანია შეფასდეს, თუ როდემდეა ვალდებული საწარმო გადაუხადოს დაზარალებულს კომპენსაცია. სხვა სამოქალაქო საქმეშიც, რომელშიც აგრეთვე შესაფასებელი იყო სარჩოს გადაანგარიშების წინაპირობები, საკასაციო სასამართლომ გამოიკვლია წარმოშობილი იყო თუ არა დაზარალებულისათვის მოქმედი მუშაკის ხელფასის მიხედვით, ზიანის ასანაზღაურებლად თანხის გადაანგარიშების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები (იხ. სუსგ-ები: №ას-1220-1145-2015, 3.06.2016 წ.; №ას-1742-2018, 27.12.2018 წ.).

8. სსკ-ის 411-ე მუხლის თანახმად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისათვის, არამედ - მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო.

9. სხეულის დაზიანებითა და ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენებით გამოწვეული ზიანი ანაზღაურდება არასახელშეკრულებო (დელიქტური) პასუხისმგებლობის ფორმით. სსკ-ის 992-ე მუხლის თანახმად პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი. ამდენად, სარჩოს ოდენობა უნდა განისაზღვროს იმ ოდენობით, რა ოდენობითაც მარჩენალი მიიღებდა ხელფასს ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება რომ არ დამდგარიყო (იხ. სუსგ №ას-169- 497-09, 24.06.2009 წ.).

10. საქართველოს უზენაესი სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის თანახმად, პრეზუმირებულია, რომ ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოების არარსებობის პირობებში, დასაქმებული საპენსიო ასაკამდე იმუშავებდა. შესაბამისად, სწორედ ამ პერიოდამდე იქნებოდა ვალდებული საწარმო აენაზღაურებინა მისთვის ხელფასი, რომ არ დამდგარიყო სარჩოს ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. ამასთან, საკასაციო სასამართლოს არაერთ გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ, მართალია, ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოების არარსებობის პირობებში, დაზარალებული საპენსიო ასაკამდე იმუშავებდა, თუმცა დაზარალებულისათვის ყოველთვიური სარჩოს გადახდის ვალდებულება მისი სიცოცხლის განმავლობაში კვლავაც ეკისრება საწარმოს (იხ. სუსგ-ები: №1216-1141-2015, 03.06.2016 წ.; №1220-1145-2015, 03.06.2016 წ.; №ას-1180-1141-2016, 31.03.2017 წ.).

11. ზემოაღნიშნული მსჯელობის შესაბამისად, დასაქმებულის სასარგებლოდ სარჩოს გადახდის ვალდებულება საწარმოს ეკისრება დაზარალებულის სიცოცხლის ბოლომდე, ხოლო, დაკისრებული სარჩო ხელფასის ზრდის შესაბამისად გადაანგარიშებას აღარ ექვემდებარება მას შემდეგ, რაც დაზარალებული საპენსიო ასაკს მიაღწევს (იხ. სუსგ-ები: №ას-349-349-2018, 18.06.2020; №ას-1216-1141-2015, 03.06.2016 წ., №ას-1220-1145-2015, 03.06.2016 წ.; №ას-799-766-2016, 08.05.2017 წ.; №ას-1180-1141-2016, 07.04.2017 წ.).

12. სააპელაციო სასამართლო დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებას, რომ მოცემულ შემთხვევაში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დასაქმებულის მიერ საწარმოო ტრავმის მიღების ფაქტი და მის სასარგებლოდ სარჩოს დანიშვნა დადგენილია სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, ხოლო აღნიშნულ ფაქტებს პრეიუდიციული მნიშვნელობა აქვთ წინამდებარე დავაში საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 106-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად. მოპასუხეს აღიარებული აქვს ვალდებულება მოსარჩელისათვის ყოველთვიური სარჩოს გადახდაზე, რასაც ასრულებს კიდეც. წინამდებარე სასარჩელო წარმოების გზით მოსარჩელისათვის სარჩოს დაწესება კი არ ხდება, არამედ სასამართლოს მსჯელობის საგანია საწარმოში მოქმედი შესაბამის პოზიციაზე დასაქმებულ პირთათვის გაზრდილი ხელფასის გათვალისწინებით გადაანგარიშებული ოდენობით სარჩოს ანაზღაურების საკითხი.

13. სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც დადგენილ იქნა, რომ საწარმოში მომხდარი უბედური შემთხვევის გამო მოსარჩელემ მიიღო საწარმოო ტრავმა, რის შედეგად, მას დაკარგული აქვს პროფესიული შრომის უნარი 60%-ით, უვადოდ; მომხდარ უბედურ შემთხვევასთან დაკავშირებით მოსარჩელის მონაწილეობის ხარისხის (უსაფრთხოების დაცვის მოთხოვნის დარღვევა) გათვალისწინებით, მას სარჩო დანიშნული აქვს კუთვნილი ხელფასის 75%-დან, დაკარგული პროფესიული შრომისუნარიანობის ხარისხის, 60%-ის გათვალისწინებით.

14. სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა აპელანტმა და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, დასაქმებულის სარჩელის უარყოფა მოითხოვა.

15. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 13 აპრილის განჩინებით საწარმოს საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზებისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად დაასკვნა, რომ მოპასუხის (დამსაქმებლის) საკასაციო განაცხადი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, ამიტომ ის დაუშვებელია შემდეგი არგუმენტაციით:

16. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

17. სსსკ-ის 404-ე მუხლის პირველი პუნქტით, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში, ამავე კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396 - ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები; ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება); საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კასატორს არ წარმოუდგენია დასაბუთებული პრეტენზია (შედავება), რაც საშუალებას მისცემდა სასამართლოს, არსებითად განსახილველად დაეშვა საკასაციო განაცხადი.

18. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ემუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოხსენებული საფუძვლით.

19. საკასაციო პრეტენზიების მართებულობის საკითხის შემოწმებამდე საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს გამოკვლეული აქვს სამართლებრივი მნიშვნელობის მქონე ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც აუცილებელია საქმის სწორი იურიდიული კვალიფიკაციისათვის.

20. კასატორის მტკიცებით, სასამართლომ არასწორად გამოიყენა კანონი, მისი განმარტებით, კანონმდებლობა არ ითვალისწინებს სარჩოს გადაანგარიშების შესაძლებლობას. შესაბამისად, სადავო საკითხის გადასაწყვეტად სასამართლოს უნდა გამოეყენებინა არა სსკ-ის 408-ე და 992-ე მუხლები, არამედ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 1 მარტის N45 დადგენილებით დამტკიცებული „შრომითი მოვალეობის შესრულებისას დასაქმებულის ჯანმრთელობისთვის ვნების მიყენების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების მიზნით დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესი“.

21. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ განსახილველ შემთხვევაზე არ ვრცელდება აღნიშნული წესი, ვინაიდან მოსარჩელე არ წარმოადგენს ამ წესის მეხუთე პუნქტით განსაზღვრული დახმარების მიმღებ პირს. შრომითი ურთიერთობისას წარმოშობილი ზიანის ანაზღაურებას აწესრიგებს სშკ-ი, რომლის 44-ე მუხლის თანახმად, შრომითი ურთიერთობისას ერთი მხარის მიერ მეორე მხარისთვის მიყენებული ზიანი ანაზღაურდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

22. სსკ-ით დადგენილია ზიანის ანაზღაურების ორი წესი: სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევიდან ნაწარმოები მეორადი მოთხოვნები და დელიქტური ვალდებულებები. სხეულის დაზიანებითა და ჯანმრთელობის ვნების მიყენებით გამოწვეული ზიანი ანაზღაურდება არასახელშეკრულებო (დელიქტური) პასუხისმგებლობის ფორმით. სსკ-ის 992-ე მუხლის თანახმად, პირი რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს ეს ზიანი. ამავე კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილით, დადგენილია: იმ პირმა რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება; ხოლო, მეორე ნაწილის თანახმად, თუ სხეულის დაზიანებით ან ჯანმრთელობისთვის ვნების მიყენების შედეგად დაზარალებულს წაერთვა შრომის უნარი ან შეუმცირდა იგი, ანდა იზრდება მისი მოთხოვნილებები, დაზარალებულს უნდა აუნაზღაურდეს ზიანი ყოველთვიური სარჩოს გადახდით (იხ. სუსგ-ები Nას-349-349-2018, 18.06.2020წ; Nას-57-57-2018, 08.02.2021წ; Nას-269-2022, 31.05.2022წ).

23. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას სსკ-ის 408-ე მუხლთან დაკავშირებით, რომლის პირველი ნაწილის მიზანია დაზარალებულისთვის ზიანის მიყენებამდე არსებული მდგომარეობის აღდგენა. კერძოდ კი დაზარალებულის იმ პირობებში ჩაყენება, რომელიც ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოების არარსებობისას იქნებოდა. განსახილველ შემთხვევაშიც, სარჩოს გადაანგარიშების მიზანი დაზარალებულისთვის იმ მატერიალური დანაკლისის შევსებაა, რომელიც მიიღო დაზიანების გამო, რაც იმას ნიშნავს, რომ გასათვალისწინებელია ზოგადი კრიტერიუმი დაზარალებულის მხრიდან აქტიური შრომისუნარიანობის შესახებ. რაც შეეხება ამ მუხლის მეორე ნაწილს, იგი მიუთითებს, რომ ზიანის ანაზღაურების ოდენობის დასადგენად მნიშვნელოვანია შეფასდეს, რა დრომდეა ვალდებული საწარმო გადაუხადოს დაზარალებულს კომპენსაცია (იხ. სუსგ-ები N ას-169-497-09, 24.07.2009წ; N ას-939-889-2015, 13.11.2015წ; N ას-84-80-2016, 11.03.2016 წ; N ას-1149-2021, 26.10.2022 წ).

24. საკასაციო სასამართლო, ასევე იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას სსკ-ის 411-ე მუხლთან დაკავშირებით, რომლის თანახმადაც, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ - მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო. საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკით დადგენილია, რომ ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოების არარსებობის პირობებში, დასაქმებული საპენსიო ასაკამდე იმუშავებდა. შესაბამისად, სწორედ ამ პერიოდამდე იქნებოდა საწარმო ვალდებული აენაზღაურებინა მისთვის ხელფასი, რომ არ დამდგარიყო სარჩოს ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. საკასაციო სასამართლოს განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოების არარსებობის პირობებში, დაზარალებული საპენსიო ასაკამდე იმუშავებდა, დაზარალებულისთვის ყოველთვიური სარჩოს გადახდის ვალდებულება მისი სიცოცხლის განმავლობაში კვლავ ეკისრება დამსაქმებელს (იხ. სუსგ-ები: Nას-1216-1141-2015, 03.06.2016 წ; Nას-1220-1145-2015, 03.06.2016 წ; Nას-1180-1141-2016, 31.03. 2017 წ; Nას-1195-2022 16.12.2022 წ).

25. ზიანის ანაზღაურების სამართალში, როდესაც საქმე ეხება შრომისუნარიანობის შემცირებას ან დაკარგვას, ეს „არ განისაზღვრება აბსტრაქტულად, დაზიანების ხარისხის შესაბამისად, არამედ, კონკრეტულად, რეალური შემოსავლის დაკარგვის მიხედვით. თუ დაზიანების გამო დაზარალებული ვეღარ ახერხებს შემოსავლის მომტანი საქმიანობის გაგრძელებას, ზიანის ანუ სარჩოს ოდენობის გამოთვლისათვის გადამწყვეტია, თუ რამდენად შეუძლია მას, გამოიყენოს შერჩენილი შრომის უნარი. ანაზღაურებადია ასევე მთელი ის ზიანი, რაც დაზარალებულს ადგება, შრომისუნარიანობის ნაწილობრივ შენარჩუნების ან აღდგენის მიუხედავად, ახალი სამუშაოს პოვნის შეუძლებლობით. თვითდასაქმებულისა და დაქირავებული მუშაკის შემთხვევაში მოქმედებს ვარაუდი, რომ დაზიანების გარეშე ის განაგრძობდა მუშაობას და მიიღებდა შესაბამის ხელფასს“ (იხ. რუსიაშვილი გიორგი, სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი III, ჭანტურია (რედ.), 2019, მუხლი 408, ველი 29).

26. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დასაქმებულის სასარგებლოდ სარჩოს გადახდის ვალდებულება ეკისრება დამსაქმებელს სიცოცხლის ბოლომდე, ხოლო დაკისრებული სარჩო ხელფასის ზრდის შესაბამისად გადაანგარიშებას აღარ ექვემდებარება, მას შემდეგ, რაც დაზარალებული საპენსიო ასაკს მიაღწევს. (იხ. სუსგ-ები: Nას-349-349-2018 18.06.2020წ; Nას-1216-1141-2015, 03.06.2016წ; Nას-1220-1145-2015 03.06.2016 წ; Nას-799-766-2016, 08.05.2017 წ; Nას-1180-1141-2016, 07.04.2017 წ; Nას-269-2022, 31.05.2022 წ ).

27. ზემოხსენებული მსჯელობიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ კასატორს არ წარმოუდგენია არც ერთი არგუმენტი, დასაბუთებული შედავება, თუ რა საფუძვლით უნდა იქნეს ცნობილი დასაშვებად საკასაციო საჩივარი. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება დასაბუთებული და კანონიერია, შესაბამისად, არ არსებობს საკასაციო განაცხადის არსებითად განსახილველად დასაშვებად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.

28. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება, მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სს "ს.რ–ის" საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. სს "ს.რ–ას" (ს/ნ .......) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 150 ლარის (საგადახდო დავალება N611, გადახდის თარიღი 2023 წლის 22 მარტი), 70% – 105 ლარი;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ნ. ბაქაქური