საქმე №ას-430-2023 25 მაისი, 2023 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,
ნინო ბაქაქური
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორები - კ.ღ–ძე, დ.უ–ძე (მოპასუხეები)
მოწინააღმდეგე მხარე – ვ.გ–ძე (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 20 თებერვლის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. დ.უ–ძის (შემდეგში: პირველი მოპასუხე ან პირველი კასატორი) და კ.ღ–ძის (შემდეგში: მეორე მოპასუხე ან მეორე კასატორი) საკასაციო პრეტენზიების თანახმად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 20 თებერვლის განჩინება, რომლითაც უცვლელად დარჩა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 25 ივლისის გადაწყვეტილება ვ.გ–ძის (შემდეგში: მოსარჩელე ან მესაკუთრე) ვინდიკაციური მოთხოვნის დაკმაყოფილების შესახებ, უძრავი ნივთის მოპასუხეთა უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვის თაობაზე, არ არის დასაბუთებული, კერძოდ:
1.1. კასატორები არ ეთანხმებიან სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას, რომ 2021 წლის 18 თებერვალს მოსარჩელესა და პირველ მოპასუხეს შორის გაფორმდა უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება გამოსყიდვის უფლებით;
1.2. კასატორების მტკიცებით მოსარჩელესთან მათი ურთიერთობა დაიწყო 2016 წლის 1 ნოემბერს, კერძოდ, შპს „ჯ.ტ–სა“ და მეორე მოპასუხეს შორის გაფორმებული შრომითი ხელშეკრულებით. ამ ხელშეკრულების 1.4 ქვეპუნქტის თანახმად, დამსაქმებელი და დისტრიბუტორად დასაქმებული მეორე მოპასუხე შეთანხმდნენ, რომ „შესასარულებელი სამუშაოს სპეციფიკიდან გამომდინარე. მხარეებს შორის შესაძლებელია გაფორმდეს ხელშეკრულება ქონებით უზრუნველყოფის შესახებ, დისტრიბუტორის მიერ კომპანიის წინაშე ნაკისრი ვალდებულებების უზრუნველსაყოფად“ (იხ. შრომითი ხელშეკრულება- ს.ფ.57-59);
1.3. ზემოხსენებულ დამსაქმებელ კომპანიასა და მეორე მოპასუხეს შორის 2016 წლის 15 ნოემბერს სანოტარო წესით გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის თანახმად 2016 წლის 1 ნოემბრის ხელშეკრულების საფუძველზე, დამსაქმებლის წინაშე დისტრიბუტორის, რომელიც განსახილველი დავის მეორე მოპასუხეა, შრომითი ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით, იპოთეკით დაიტვირთა წინამდებარე სარჩელში პირველი მოპასუხის უძრავი ქონება, მდებარე - ქ.რუსთავი, .........., საკადასტრო კოდი: .......; ამავე ხელშეკრულების მე-5 პუნქტით მხარეთა განცხადებით გარიგების ღირებულება და მოთხოვნის მოცულობა 50 000 ლარით განისაზღვრა (იხ.იპოთეკის ხელშეკრულება- ს.ფ.67-69);
1.4. კასატორები უთითებენ ასევე მოსარჩელესა და მეორე მოპასუხეს შორის 2021 წლის 18 თებერვლას სანოტარო წესით გაფორმებულ გამოსყიდვის უფლებით უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულებაზე, რომლის თანახმად ნასყიდობის საგანს წარმოადგენს წინამდებარე განჩინების 1.3 ქვეპუნტში მითითებული უძრავი ქონება, ხოლო გამოსყიდვის ვადა განისაზღვრა 2021 წლის 18 მარტის ჩათვლით (იხ. გამოსყიდვის ებითტ უძრაი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება- ს.ფ.70-72). კასატორების განმარტებით, დამსაქმებელ კომპანიასა და მეორე მოპასუხეს შორის 2016 წლის 15 ნოემბერს იპოთეკის ხელშეკრულების გაფორმების მომენტისთვის (იხ. 1.3 ქვეპუნქტი), დამსაქმებლის მიმართ დასქმებულს არ გააჩნდა ფინანსური ვალდებულება. მათივე მტკიცებით გამოსყიდვის უფლებით უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებასთან დაკავშირებით, დამსაქმებლის წინაშე მეორე მოპასუხის, როგორც დისტრიბუტორის საქმიანობიდან გამომდინარე, დავალიანების -164 400 ლარის დაფარვის სანაცვლოდ მოსარჩელეს გადაეცა უძრავი ქონება;
1.5. კასატორების მტკიცებით, მეორე მოპასუხეს გადახდილი აქვს დავალიანების ნაწილი. მათი პრეტეზიის მიხედვით, სასამართლომ არ გაითვალისწინა მხარეთა შორის დადებული გამოსყიდვის უფლებით უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების ფორმალური ხასიათი და ის გარემოება, რომ მხარეთა შორის რეალურად სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება დაიდო.
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 10 მაისის განჩინებით მოპასუხეთა საკასაციო საჩივარი წარმოებაშია მიღებული, საქართველოს სამოქალაქო სააპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივრის პრეტენზიებისა და გასაჩივრებული განჩინების დასაბუთებულობის, საქმის მასალების შესწავლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ მოპასუხეთა საკასაციო საჩივარი დაუშვებელია, რადგან იგი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს.
3. სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
4. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვებიც რომ ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, სახელდობრ:
4.1. განსახილველ შემთხვევაში, უკანონოდ დაკავებული ფართის გამოთავისუფლებისა და მესაკუთრისათვის (მოსარჩელისათვის) გადაცემის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) 170.1-ე /მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას/ და 172.1-ე /მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება/ მუხლების დანაწესი.
4.2. სააპელაციო სასამართლომ მართებულად განსაზღვრა მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძველი, ანუ სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტები და დაადგინა შემდეგი გარემოებები:
4.3. სადავო უძრავი ქონება (ქ.რუსთავი, ........., საკადასტრო კოდი: ..........) რეგისტრირებულია მოსარჩელის სახელზე. საკუთრების წრამოშობის საფუძველია ხელშეკრულება (ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება გამოსყიდვის უფლებით), დამოწმების თარიღი 18.02.2021წ.
4.4. საჯარო რეესტრის ამონაწერით დადგენილია, რომ მოსარჩელე არის სადავო ქონების მესაკუთრე, ხოლო მოპასუხეები ფლობენ უძრავ ქონებას და ისინი არ არიან სადავო ქონების მართლზომიერი მფლობელები.
4.5. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ დაადგინა ყველა ის ფაქტობრივი წანამძღვარი, რომელიც სსკ-ის 170-ე და 172.1-ე მუხლებით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელია, კერძოდ: ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისთვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: ა) მოსარჩელე უნდა იყოს ნივთის მესაკუთრე, ბ) მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი და გ) მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება.
5. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე წარმოადგენს სადავო უძრავი ქონების მესაკუთრეს, რაც დასტურდება საქმეში წარმოდგენილი ამონაწერით საჯარო რეესტრიდან, რომლის მიმართაც, სსკ-ის 312-ე მუხლის თანახმად, მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები მიიჩნევა სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა, მოპასუხეები სადავო უძრავი ქონების მფლობელები არიან. მოპასუხეებმა, სსსკ-ის მე-4 და 102-ე მუხლების შესაბამისად, ვერ შეძლეს კუთვნილი მტკიცების ტვირთის რეალიზება და სასამართლოსათვის იმ მტკიცებულებების წარდგენა, რომლითაც დადასტურდებოდა სადავო ნივთზე მათი მფლობელობის მართლზომიერება.
6. სსკ-ის 168-ე მუხლის თანახმად, მესაკუთრის პრეტენზიის გამო, ნივთის მფლობელობა წყდება, თუ მესაკუთრე მფლობელს წაუყენებს დასაბუთებულ პრეტენზიას. ამდენად, რადგანაც განხორციელებულია სსკ-ის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ყველა ფაქტობრივი წინაპირობა, მოსარჩელეს უფლება აქვს, მფლობელობის შეწყვეტა და ნივთის გადაცემა მოითხოვოს.
7. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (სხვა მრავალთა შორის იხ. სუსგ-ები: N ას-102-2021, 31.03.2021 წ., Nას-110-2022, 15.04.2022 წ.).
8. კასატორების პრეტენზიასთან დაკავშირებით, რომ ნასყიდობის (გამოსყიდვის უფლებით) ხელშეკრულება მხარეთა შორის დაიდო კანონის მოთხოვნათა დარღვევით, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში დავის საგანს ნასყიდობის ხელშეკრულების (გამოსყიდვის უფლებით) კანონიერების შემოწმება არ წარმოადგენს, რადგან მოპასუხეებს ასეთი მოთხოვნით, შეგებებული სარჩელის აღძვრის საპროცესო უფლებით არ უსარგებლიათ (იხ. სუსგ Nას-316-2022, 21.06.2022).
9. კასატორების მოთხოვნას, მოსარჩელესა და პირველ მოპასუხეს შორის 2021 წლის 18 თებერვლის ნასყიდობის ხელშეკრულების (გამოსყიდვის უფლებით) გაუქმების თაობაზე, საკასაციო სასამართლო არ იზიარებს, ვინაიდან აღნიშნული მოთხოვნა არ ყოფილა დაყენებული შესაბამისი საპროცესო წესით ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებში, ამასთან, დავის საგნის შეცვლა ან გადიდება, ასევე შეგებებული სარჩელის შეტანა საკასაციო სასამართლოში დაუშვებელია.
10. კასატორთა პრეტენზიასთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ განსახილველი ვინდიკაციური სარჩელის დაკმაყოფილების ყველა წინაპირობა გამოვლენილია. საწინააღმდეგოს მტკიცების ტვირთი მოწინააღმდეგე მხარეს ეკისრებოდა, რაც მან ვერ დაძლია.
11. კასატორების შუამდგომლობასთან დაკავშირებით საკასაციო ეტაპზე, მტკიცებულებების, კერძოდ, შპს „ჯ.ტ–ის“ ბუღალტერიაში დაცული საფინანსო დოკუმენტების გამოთხოვის თაობაზე, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სსსკ-ის 404-ე მუხლის პირველი პუნქტით, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში, იგი იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში და სხდომის ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული სსს 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები. ამავე კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ საკასაციო სასამართლოს მიერ ფაქტობრივი გარემოებების შეფასების პროცესუალურ ფარგლებს და მისი შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო სასამართლოში ახალ ფაქტებზე მითითება და ახალი მტკიცებულებების წარმოდგენა არ დაიშვება, რამდენადაც საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განამრტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. ამდენად უმაღლესი და საბოლოო ინსტანციის სასამართლოში ახალი მტკიცებულებების მიღება-შემოწმება მოკლებულია პროცესუალურ საფუძვლიანობას.
12. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება, მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. კ.ღ–ძის და დ.უ–ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. კ.ღ–ძეს (პ/ნ .......) და დ.უ–ძეს (პ/ნ ........) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე, ზ.თ–ძის (პ/ნ ........) გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 150 ლარის (საგადახდო დავალება N16905465799, გადახდის თარიღი 2023 წლის 29 აპრილი), 70% – 105 ლარი;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ნ. ბაქაქური