საქმე №ას-458-2023 25 მაისი, 2023 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,
ნინო ბაქაქური
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – ა(ა)იპ "ს.რ.ა–ია" (მოპასუხე, შეგებებული სარჩელით მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – გ.ლ–ძე (მოსარჩელე, შეგებებული სარჩელით მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 27 იანვრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის განხილვა
დავის საგანი – პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შემლახველი ცნობების უარყოფა, მორალური ზიანის ანაზღაურება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - კერძო საჩივრის უარყოფა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 25 ნოემბრის გადაწყვეტილებით გ.ლ–ძის სარჩელი ა(ა)იპ „ს.რ.ა–ის“ წინააღმდეგ, პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შემლახველი ცნობების უარყოფისა და მორალური ზიანის ანაზღაურების თაობაზე, არ დაკმაყოფილდა; ა(ა)იპ „ს.რ.ა–ის“ შეგებებული სარჩელი გ.ლ–ძის წინააღმდეგ, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის მიზნით ცილისწამების შესახებ აშკარად უსაფუძვლო სარჩელის წარდგენის გამო ფულადი ანაზღაურების დაკისრების თაობაზე, არ დაკმაყოფილდა.
2. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით ნაწილობრივ გაასაჩივრა ა(ა)იპ „ს.რ.ა–იამ“ და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 27 იანვრის განჩინებით ა(ა)იპ „ს.რ.ა–ის“ სააპელაციო საჩივარი, დაუშვებლობის გამო, განუხილველად იქნა დატოვებული.
4. სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 373.1-ე, 374-ე, 365-ე მუხლებზე მითითებით აღნიშნა, რომ სააპელაციო სასამართლოში ქონებრივ-სამართლებრივი ტიპის დავებზე შეტანილი სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა ხასიათდება გარკვეული სპეციფიურობით, კერძოდ, სააპელაციო სასამართლო წარმოებაში მიიღებს და იმსჯელებს მხოლოდ ისეთ სააპელაციო საჩივრებზე, რომელთა ღირებულება 2 000 ლარს სცილდება. 2 000 ლარის ან მასზე ნაკლები ღირებულების მქონე სააპელაციო საჩივარი კი, არ დაიშვება და დარჩება განუხილველად.
5. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით აპელანტი ითხოვდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმებას და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებას. შეგებებული სარჩელის მოთხოვნას წარმოადგენდა გ.ლ–ძისთვის მოსარჩელე ა(ა)იპ „ს.რ.ა–იის“ სასარგებლოდ, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის მიზნით ცილისწამების შესახებ აშკარად უსაფუძვლო სარჩელის წარდგენის გამო, ფულადი ანაზღაურების - 1000 ლარის დაკისრება.
6. სააპელაციო საჩივრის ღირებულებაა 1 000 ლარი, რაც ვერ აკმაყოფილებს სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში დავის საგნის ღირებულების კუთხით სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის კრიტერიუმებს და ამდენად, არ არსებობს ა(ა)იპ „ს. რ. ა–იის“ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობა.
7. სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 27 იანვრის განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა ა(ა)იპ „ს.რ.ა–ამ“ მისი გაუქმებისა და სააპელაციო საჩივრის განხილვის მოთხოვნით.
8. კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად მიიჩნია, რომ სააპელაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავას შეეხებოდა. კერძო საჩივრის ავტორი მიიჩნევს, რომ ცილისწამებათან დაკავშირებული დავა არაქონებრივ-სამართლებრივია და მასზე სსსკ-ის 365-ე მუხლით დადგენილი შეზღუდვა არ ვრცელდება.
9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 21 აპრილის განჩინებით ა(ა)იპ „ს.რ.ა–ის“ კერძო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ა(ა)იპ „ს.რ.ა–ის“ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კი უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:
10. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად, ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას. მოცემულ შემთხვევაში გამოვლენილია „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული შემთხვევა.
11. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს შეგებებული სარჩელის მოთხოვნაზე, კერძოდ, ა(ა)იპ „ს.რ.ა–ამ“ მოითხოვა გ.ლ–ძისაგან 1000 ლარის ფულადი ანაზღაურება „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის საფუძველზე „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების უკანონო შეზღუდვის მიზნით ცილისწამების შესახებ აშკარად უსაფუძვლო სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მოპასუხეს უფლება აქვს მოითხოვოს მოსარჩელისაგან გონივრულ ფარგლებში ფულადი ანაზღაურების მიღება“ დასახელებული სპეციალური კანონის პირველი მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე ცილისწამება განიმარტება, როგორც „არსებითად მცდარი ფაქტის შემცველი და პირისთვის ზიანის მიმყენებელი, მისი სახელის გამტეხი განცხადება“. მე-2 მუხლის თანახმად „ამ კანონის ინტერპრეტირება უნდა მოხდეს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს მიერ ნაკისრი საერთაშორისო სამართლებრივი ვალდებულებების, მათ შორის, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციისა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის შესაბამისად“. სპეციალური კანონი არეგულირებს როგორც ცილისწამებისათვის პასუხისმგებლობის ფარგლებს - „პირს ცილისწამებისათვის არ ეკისრება პასუხისმგებლობა იმ შემთხვევაში, თუ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ცილისწამებას ავრცელებდა“ (მუხლი 16), ისე ცილისწამებით მიყენებული ზიანის ანაზღაურებას „ცილისწამებასთან დაკავშირებით მოპასუხეს შეიძლება დაეკისროს სასამართლოს მიერ დადგენილი ფორმით ცნობის გამოქვეყნება სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ“ (მუხლი 17). შეგებებული სარჩელის ავტორი ასოციაცია უთითებს, რომ გ.ლ–ძის სარჩელი არის აშკარად უსაფუძვლო და მიზნად ისახავას ასოციაციის გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას (იხ. შეგებებული სარჩელი- ს.ფ. 128).
12. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონიდან გამომდინარე დავის საგანი შესაძლოა 2000 ლარს არ აღემატებოდეს და მოსაჩელე (იგივე შეგებებული მოსარჩელე) სიმბოლურად ითხოვდეს 1 ლარის დაკისრებას მოპასუხისათვის, თუმცა, ასეთ შემთხვევაში სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ეტაპზე დამაბრკოლებელი არ არის სსსკ-ის 365-ე მუხლის დანაწესი, რომლის თანახმად, „სააპელაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავაში დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ დავის საგნის ღირებულება აღემატება 2000 ლარს. ეს ღირებულება განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილების რა ზომით შეცვლაზე შეაქვს საჩივარი მხარეს“. მიუხედავად ამისა, მოცემულ შემთხვევაში კერძო საჩივრის ავტორის სასარგებლოდ არ იცვლება გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივი შედეგი - სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება, რადგან აპელანტის მოთხოვნაა, არა შეგებებული სარჩელის მოპასუხის მიერ გავრცელებული ცილისწამების გამო 1000 ლარის დაკისრება მოპასუხისათვის, არამედ - სარჩელის შეტანის გამო ფულადი პასუხისმგებლობის დაკისრება. სარჩელის შეტანის გამო ფულადი პასუხისმგებლობის განსაზღვრა, ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლით გარანტირებული სასამართლო ხელმისაწვდომობის, როგორც ადამიანის ერთ-ერთი ფუნდამენტური უფლებით, სარგებლობის პრინციპს, შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია შეგებებული სარჩელი განუხილველად უნდა ყოფილიყო დატოვებულიყო საქმის წარმოების პირველივე ეტაპზე სსსკ-ის 187.2-ე მუხლის მიხედვით „თუ სარჩელის მიღებაზე უარის თქმის საფუძველი გამოვლინდება ამ სარჩელის წარმოებაში მიღების შემდეგ, მაშინ იმის მიხედვით, თუ როგორია ეს საფუძველი, სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას ან სარჩელს განუხილველად დატოვებს“.
13. პირველი ინსტანციის სასამართლომ მოცემულ საქმეზე მსჯელობისას, ასოციაციის შეგებებული სარჩელი არ დააკმაყოფილა, როგორც აშკარად უსაფუძვლო და განმარტა, რომ არ არსებობდა მისი აღძვრის წიანპირობა, „ამ შემთხვევაში, უდავო გარემოებაა, რომ 2020 წლის 18 დეკემბერს „ა(ა)იპ ს.რ.ა–იის“ მიერ გამოქვეყნდა სტატია, რომელიც ეხებოდა გ.ლ–ძის ვიდეომიმართვაში წამოჭრილ საკითხს, სხვადასხვა დაავადებისას, წყალბადის ზეჟანგის სამკურნალო დანიშნულებით გამოყენებასთან დაკავშირებით. ასევე უდავოა, რომ სადავოდ გამხდარ ფრაზებს ნამდვილად შეიცავდა სტატია. სწორედ ეს ცნობები მიიჩნია გ.ლ–ძემ მისი პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შემლახველად. ამ გარემოების შეფასება კი სასამართლოს უფლებამოსილება და კომპეტენციაა. შესაბამისად, „სიტყვისა და გამოხათვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლი არ შეიძლება განიმარტოს იმგვარად, რომ ამ კანონის საფუძველზე აღძრული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, ავტომატურად იწვევს ამ მუხლის ამოქმედებას. ამისათვის საჭიროა, რომ სასარჩელო მოთხოვნა იყოს იმდენად უსაფუძვლო, რომ არ არსებობდეს საფუძვლიანობის შეფასების წინაპირობები და სამართლებრივი საფუძვლები (მაგალითად, იმის გამო, რომ ცნობების გავრცელებას ადგილი არ ჰქონია)“-იხ.ტ.1, ს.ფ.408. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ შეგებებული სარჩელის არც ფაქტობრივი გარემოებები და არც მოთხოვნის დამფუძნებელი იურიდიული ნორმა არ ქმნიდა მისი არსებითად განხილვის საფუძველს. საკანონმდებლო მოწესრიგება, სსსკ-ის 187.2-ე მუხლის თანახმად, სარჩელის წარმოებაში მიღების შემდგომაც ითვალისწინებს მის განუხილველად დატოვებას, აქედან კი სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება გამომდინარეობს, რა სამართლებრივი შედეგიც დადგა სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით. მართლმსაჯულების განხორციელების ეფექტიანობისა და საპროცესო ეკონომიურობის პრინციპი მოითხოვს, რომ პირმა სასარჩელო წარმოების გზით შეძლოს ისეთი უფლებისა და კანონიერი ინტერესის დაცვა, რომელიც, სულ მცირე, მოთხოვნის წარდგენისას შესატყვისი ფაქტობრივი საფუძვლით არის გამყარებული, რადგან პირის მოთხოვნის იურიდიული კვალიფიკაცია სასამართლოს პრეროგატივაა, რაც ეფუძნება პრინციპს, რომ სასამართლომ იცის კანონი /jura novit curia/, ხოლო სასარჩელო მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის მიუთითებლობა ან არასწორად მითითება არ წარმოადგენს მართლმსაჯულების განხორციელებაზე უარის თქმის საფუძველს. რაც შეეხება სარჩელის ფაქტობრივ გარემოებებს, მათი შესატყვისობის დადგენა სასამართლოს მიერ მოძიებულ მოთხოვნის დამფუძნებელ სამართლებრივ ნორმასთან სასამართლოს კომპეტენციას განეკუთვნება, თუმცა, ფაქტობრივი წინაპიროებების გარეშე, აშკარად დაუსაბუთებელი სარჩელის წარდგენის შემთხვევაში, სასამართლო ამოწმებს სარჩელის წარმოებაში მიღების წინაპირობებს სსსკ-ის 186-ე მუხლის საფუძველზე, ხოლო სარჩელის წარმოებაში მიღების შემდეგ თუ გამოვლინდება მისი განუხილველად დატოვების საფუძველი, როგორც ზემოთ უკვე აღინიშნა, ხელმძღვანელობს სსსკ-ის 187.2-ე მუხლით. ამ ნორმის საფუძველზე კანონმდებელმა მიზნად დაისახა, რომ არ გაგრძელდეს საქმისწარმოება აშკარად უსაფუძვლო სასარჩელო მოთხოვნის შემთხვევაში, რასაც როგორც მხარის, ისე სასამართლოს მიერ გარკვეული რესურსების (ადამიანური, დროითი და სხვ.) უსარგებლოდ გამოყენება უკავშირდება, რადგან მხარის მოთხოვნის ფაქტობრივი უსაფუძვლობა სამართლებრივ შედეგამდე ვერ მიდის, რომ აღარაფერი ითქვას იმაზე, რომ მხარეს შესაძლოა დამატებით უწევდეს სასამართლო და არასასამართლო ხარჯების ფუჭად გაწევა.
14. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მოტივაციის გათვალისწინებით სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების საფუძველზე დამდგარი სამართლებრივი შედეგი არ იცვლება, რის გამოც წარმოდგენილ კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ა(ა)იპ "ს.რ.ა–იის" კერძო საჩივარი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 27 იანვრის განჩინებაზე, არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 27 იანვრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: ე. გასიტაშვილი
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ნ. ბაქაქური