საქმე №ას-218-208-2016 12 თებერვალი, 2021 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ზურაბ ძლიერიშვილი, ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორები – ს.დ–ნი, ს.დ–ნი (მოპასუხეები)
მოწინააღმდეგე მხარე – სს „თ.ბ–ი“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 28 დეკემბრის განჩინება
კასატორების მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე ნაწილობრივ უარის თქმა
დავის საგანი – სესხის დაბრუნება, სარგებლისა და პირგასამტეხლოს გადახდა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. სს „თ.ბ–ს“ (შემდგომში - „მოსარჩელე“, „ბანკი“) და ს.დ–ნს (შემდგომში - „მოპასუხე“, „მსესხებელი“ „აპელანტი“ ან „კასატორი“) შორის 2011 წლის 5 მაისს გაფორმდა საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მსესხებელზე გაიცა კრედიტი 1900 ლარის ოდენობით 2014 წლის 25 აპრილამდე ვადით, წლიური სარგებლის 62%-ის დარიცხვით. ხელშეკრულებით გათვალისწინებული იქნა ასევე პირგასამტეხლოს გადახდა ვალდებულების დარღვევისათვის და მსესხებლის სიცოცხლის სავალდებულო დაზღვევა კრედიტის მოქმედების პერიოდში ბანკის სასარგებლოდ. ამავე დღეს მოსარჩელესა და ს.დ–ნს (შემდგომში - „მოპასუხე“, „აპელანტი“ ან „კასატორი“) შორის გაფორმდა თავდებობის ხელშეკრულება, რომლითაც ამ უკანასკნელმა აიღო სოლიდარული პასუხისმგებლობა ს.დ–ნის მიერ ბანკის წინაშე ზემოაღნიშნული საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულებაზე. თავდებობის პასუხისმგებლობის მაქსიმალური თანხა განისაზღვრა 1900 ლარით.
2. მსესხებლის მიერ ნაკისრი ვალდებულების ჯეროვნად შეუსრულებლობის გამო მოსარჩელემ სარჩელი აღძრა სასამართლოში საბა და ს.დ–ნების მიმართ და მოითხოვა სესხის დაბრუნება, სარგებლის, პირგასამტეხლოს და დაზღვევის თანხის გადახდა.
3. მოპასუხეებმა სარჩელი ნაწილობრივ ცნეს.
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 30 იანვრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. კერძოდ, სესხის ძირითადი თანხის, სარგებლის, პირგასამტეხლოს ნაწილში სარჩელი დაკმაყოფილდა. ამასთან, ს.დ–ნის პასუხისმგებლობა განისაზღვრა 1900 ლარის ფარგლებში. მოპასუხეებისათვის დაზღვევის თანხის დაკისრების ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
5. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე მოპასუხეებმა წარადგინეს სააპელაციო საჩივარი, რომლითაც გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება მოითხოვეს.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 28 დეკემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
7. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნულ განჩინებაზე მოპასუხეებმა წარადგინეს საკასაციო საჩივარი, რომლითაც მისი ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე ნაწილობრივ უარის თქმა მოითხოვეს.
8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 2 ივნისის განჩინებით საკასაციო საჩივარი ცნობილ იქნა დასაშვებად საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტების საფუძველზე.
9. 2021 წლის 8 თებერვალს მოსარჩელის წარმომადგენელმა საკასაციო სასამართლოს წარმოუდგინა ცნობა, რომლითაც დასტურდება, რომ 2021 წლის 7 თებერვლის მდგომარეობით ს.დ–ნს სს „თ.ბ–ის“ მიმართ დავალიანება არ ერიცხება და მის ანგარიშ(ებ)ზე არ არის დაშვებული საკრედიტო ლიმიტი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
10. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა წარმოდგენილი ცნობა და საქმის მასალები და მიაჩნია, რომ მოცემულ საქმეზე უნდა შეწყდეს საქმის წარმოება დავის საგნის არარსებობის გამო.
11. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომში - სსსკ) 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რასაც სსსკ-ის XLIX თავი შეიცავს.
12. სსსკ-ის 372-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, სსსკ-ის XLVI თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით. ამდენად, საკასაციო სასამართლო ხელმძღვანელობს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით პირველი და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოებისათვის დადგენილი საქმის განხილვის წესებით, თუ აღნიშნული წესები საკასაციო პალატისათვის განსაზღვრულ სპეციალურ ნორმებს არ ეწინააღმდეგება.
13. სსსკ-ის 272-ე მუხლის „ა1“ ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ არ არსებობს დავის საგანი. მითითებული ნორმის შესაბამისად, სასამართლო აღარ განიხილავს მხარეთა შორის მიმდინარე დავას და შეწყვეტს განხილვას საქმეზე, თუ გამოარკვევს, რომ დავის საგანი აღარ არსებობს.
14. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ ბანკის სასარჩელო მოთხოვნა ეფუძნება ბანკსა და ს.დ–ნს შორის გაფორმებული საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან წარმოშობილ ვალდებულებას.
15. საკასაციო სასამართლო მხარეთა ყურადღებას მიაქცევს ბანკის მიერ წარმოდგენილ ცნობაზე, რომლის მიხედვითაც ს.დ–ნს სს „თ.ბ–ის“ მიმართ დავალიანება არ ერიცხება და მის ანგარიშ(ებ)ზე არ არის დაშვებული საკრედიტო ლიმიტი.
16. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო ასკვნის, რომ მოცემულ საქმეზე დავის საგანი აღარ არსებობს, მოსარჩელის მიერ შედეგი მიღწეულია, მოპასუხის ვალდებულება შესრულებულია, რაც საქმის წარმოების შეწყვეტის სამართლებრივ წინაპირობას წარმოადგენს.
17. სსსკ-ის 273-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საქმეზე წარმოება შეწყდება სასამართლო განჩინებით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი, საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში, სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება.
18. სსსკ-ის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სარჩელის მიღებაზე უარის თქმის საფუძველი გამოვლინდება ამ სარჩელის წარმოებაში მიღების შემდეგ, მაშინ იმის მიხედვით, თუ როგორია ეს საფუძველი, სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას ან სარჩელს განუხილველად დატოვებს (ამ კოდექსის 272-ე და 275-ე მუხლები). მთავარი სხდომის დანიშვნამდე სარჩელის განუხილველად დატოვების შემთხვევაში მოსარჩელეს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
19. შესაბამისად, ვინაიდან საკასაციო სასამართლოს საქმე არსებითად არ განუხილავს, კასატორებს უნდა დაუბრუნდეთ მათ მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70% - 210 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 187.2, 272-ე, 273-ე, 284-ე, 285-ე, 372-ე, 399-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. შეწყდეს საქმის წარმოება სს „თ.ბ–ის“ სარჩელზე ს.დ–ნისა და ს.დ–ნის მიმართ ფულადი ვალდებულების შესრულების თაობაზე დავის საგნის არარსებობის გამო;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 28 დეკემბრის განჩინება და თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 30 იანვრის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის 1-4 და მე-6 პუნქტები;
3. მხარეებს განემარტოთ, რომ სასამართლოში დავა იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით დაუშვებელია;
4. ს.დ–ნსა (პ/ნ: .......) და ს.დ–ნს (პ/ნ: ......) დაუბრუნდეთ მ.დ–ის (პ/ნ: ..........) მიერ 2016 წლის 29 მარტს №25 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 (სამასი) ლარის 70% – 210 (ორას ათი) ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;
5. ს.დ–ნსა და ს.დ–ნს დაუბრუნდეთ საკასაციო სასამართლოში მათ მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები (2015 წლის 15 მარტის დასკვნა; ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ; ამონაწერი საჯარო რეესტრიდან), მთლიანობაში „8“ ფურცლად (ტ. 1. ს.ფ. 207-210; 218-221);
6. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ე. გასიტაშვილი