Facebook Twitter

საქმე №ას-1954-2018 14 ივლისი, 2020 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორები – მ.ქ–ია, ლ.ქ–ია, ჯ.კ–ია (მოპასუხეები)

მოწინააღმდეგე მხარე – სს „პ.ბ–ი“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 24 ოქტომბრის განჩინება

კასატორების მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი – ფულადი ვალდებულების შესრულება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. სს „პ.ბ–სა“ (შემდგომში - „მოსარჩელე“ ან „ბანკი“) და მ.ქ–იას (შემდგომში - „პირველი მოპასუხე“ ან „პირველი კასატორი“) შორის 2008 წლის 01 აგვისტოს დაიდო N45.1.50 გენერალური ხელშეკრულება, რომლითაც საკრედიტო ლიმიტი განისაზღვრა - 100 000 აშშ დოლარის ოდენობით, 180 თვის ვადით, არაუმეტეს წლიური 36%-ის გადახდით.

2. გენერალური ხელშეკრულების საფუძველზე, 2015 წლის 23 ოქტომბერს, N76.1716 შემადგენელი ხელშეკრულების ფარგლებში, გაიცა სესხი 51 457 აშშ დოლარის ოდენობით, 93 თვის ვადით, წლიური 17% სარგებლის დარიცხვით.

3. გენერალური ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად, მოსარჩელესა და ჯ.კ–იას (შემდგომში - „მეორე მოპასუხე“ ან „მეორე კასატორი“) შორის გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, იპოთეკით დაიტვირთა ამ უკანასკნელის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე: ქ. თბილისი, ........., ბინა N3, ს.კ. .........

4. გენერალური ხელშეკრულების ფარგლებში, მოსარჩელესა და მეორე მოპასუხეს, ასევე, მოსარჩელესა და ლ.ქ–იას (შემდგომში - „მესამე მოპასუხე“ ან „მესამე კასატორი“) შორის 2008 წლის 01 აგვისტოს დაიდო სოლიდარული ვალდებულების ხელშეკრულებები, რომლებითაც სოლიდარულმა მოვალეებმა თანხმობა განაცხადეს მსესხებელთან ერთად სოლიდარულად იკისრონ ფულადი ვალდებულებები. თავდებების პასუხისმგებლობის მაქსიმალური ოდენობა განისაზღვრა 120 000 აშშ დოლარით.

5. მოსარჩელემ სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხეთა მიმართ და მოითხოვა მათთვის: 2015 წლის 23 ოქტომბრის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, სესხის ძირითადი თანხის - 49 103,62 აშშ დოლარის, სარგებლის - 12 476,82 აშშ დოლარისა და პირგასამტეხლოს 925,06 აშშ დოლარის სოლიდარულად დაკისრება; მიუღებელი შემოსავლის სახით, სესხის ძირითად თანხაზე - 49 103,62 აშშ დოლარზე გადახდის გრაფიკით გათვალისწინებული დასარიცხი პროცენტის - 22 214,23 აშშ დოლარის სოლიდარულად დაკისრება; ასევე, გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, მეორე მოპასუხის საკუთრებაში არსებული, იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების აუქციონზე რეალიზაცია, ხოლო იპოთეკის საგნის რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხის არასაკმარისობის შემთხვევაში, აღსრულების მოპასუხეთა საკუთრებაში არსებულ სხვა ქონებაზე მიქცევა.

6. მოპასუხეებმა წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნეს.

7. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 13 აპრილის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრათ 2015 წლის 23 ოქტომბრის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, სესხის ძირითადი თანხის - 49 103,62 აშშ დოლარის, სარგებლის 12 476,82 აშშ დოლარისა და პირგასამტეხლოს 925,06 აშშ დოლარის გადახდა; მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ ასევე დაეკისრათ მიუღებელი შემოსავლის სახით, 3 928,28 აშშ დოლარის გადახდა; დავალიანების დაფარვის მიზნით, სარეალიზაციოთ მიექცა იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონება. ამასთან, დადგინდა, რომ იმ შემთხვევაში, თუ იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციის შედეგად ვერ მოხდება ვალდებულების სრულად შესრულება, აღსრულება მიქცეს მოპასუხეთა საკუთრებაში არსებულ სხვა ქონებაზე.

8. მოპასუხეებმა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე წარადგინეს სააპელაციო საჩივარი, რომლითაც სარგებლისა და მიუღებელი შემოსავლის დაკისრების ნაწილში მისი გაუქმება მოითხოვეს.

9. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 24 ოქტომბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

10. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია წინამდებარე განჩინების 1-4 პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.

11. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-8 მუხლის მე-3 ნაწილით, მე-10, 867-ე, 868-ე მუხლებით, არ გაიზიარა აპელანტების პრეტენზია და მხარეთა შორის დადებული საკრედიტო ხელშეკრულებით განსაზღვრული სარგებლის ოდენობა შეუსაბამოდ მაღალ ოდენობად არ მიიჩნია.

12. სააპელაციო სასამართლომ ასევე იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 394-ე, 411-412-ე მუხლებით და განმარტა, რომ მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე ზიანის დასადასტურებლად იმ გარემოებაზე მიუთითებს, რომ ბანკმა უნდა მიიღოს ის თანხა, რასაც იგი მიიღებდა, მაგრამ ვერ მიიღო ხელშეკრულების დარღვევის გამო. მოსარჩელეს მისი მოთხოვნის ფარგლებში დაეკისრა ერთი წლის მიუღებელი შემოსავალი (შენიშვნა: საქალაქო სასამართლომ მართებულად მიიჩნია მოპასუხეთათვის მოსარჩელის სასარგებლოდ წლიური 8% სარგებლის დაკისრება, რაც ერთ წელზე დაანგარიშებით 3928,88 აშშ დოლარს შეადგენდა). სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვის დროისათვის კი, კრედიტორის მიერ პრეტენზიების წარდგენის მიუხედავად, ვალდებულება შესრულებული არ არის. შესაბამისად, სასამართლომ მიუღებელი შემოსავლის დაკისრების თაობაზე მოთხოვნა საფუძვლიანად მიიჩნია.

13. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნულ განჩინებაზე მოპასუხეებმა წარადგინეს საკასაციო საჩივარი, რომლითაც მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება მოითხოვეს.

14. კასატორების განმარტებით, სასამართლომ ყურადღება არ მიაქცია იმ ფაქტს, რომ მსესხებელს ბანკისთვის დაბრუნებული აქვს სესხის ძირითად თანხაზე გაცილებით მეტი თანხა და ხელშეშლის დროს ახალ განაწილვადებაში ძირ თანხაში ჩათვლილი (მომატებული) აქვს სწორედ გადაუხდელი სარგებელი. შესაბამისად, ხელახლა სარგებლისა და მიუღებელი შემოსავლის დამატებით დაკისრება უსაფუძვლოა.

15. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 07 თებერვლის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

16. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

17. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

18. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

19. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.

20. კასატორებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით პრეტენზია (შედავება) არ განუხორციელებიათ.

21. კასატორები დავობენ, რომ სახეზე არ იყო მათთვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული სარგებლისა და მიუღებელი შემოსავლის დაკისრების საფუძველი, თუმცა მათი საკასაციო საჩივარი დაუსაბუთებელია.

22. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის თანახმად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით. იმავე კოდექსის 868-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს ფიქსირებული საპროცენტო განაკვეთი ან ინდექსირებული საპროცენტო განაკვეთი. ამასთან, აღნიშნული კოდექსის 361-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

23. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის თანახმად, ყოველთვის სარგებლიან სესხს წარმოადგენს, რომლის ფარგლებშიც კრედიტორი, ვალდებულების ჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, იბრუნებს, როგორც სესხად გაცემული თანხის ძირს, ისე ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პროცენტს (იხ. სუსგ საქმე Nას-914-864-2015, 04 დეკემბერი, 2015 წელი).

24. სარგებლისა და მიუღებელი შემოსავლის სამართლებრივი ბუნება განსხვავებულია. სარგებელი ეს არის ნივთის (ამ შემთხვევაში ფულის სარგებლობისათვის პროცენტი) გამოყენების შედეგად მსესხებლის მიერ მიღებული ან მისაღები შემოსავალი, ხოლო მიუღებელი შემოსავალი - ის ზიანია (დანაკარგია), რომელიც ვერ მიიღო ბანკმა მსესხებლის მიერ ვალდებულების დარღვევის გამო. მიუღებლად განიხილება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო. შესაბამისად, განსხვავებულია ხელშეკრულებით განსაზღვრული სარგებლისა და მიუღებელი შემოსავლის მტკიცების ფარგლებიც. მიუღებელ შემოსავალს დამტკიცება სჭირდება (სსკ-ის 404-ე, 411-412-ე მუხლები), მაშინ, როდესაც ხელშეკრულებით განსაზღვრული გონივრული პროცენტის ნამდვილობისათვის საკმარისია მხარეთა წერილობითი შეთანხმება (იხ. სუსგ საქმე Nას-932-882-2015, 15 მარტი, 2016 წელი).

25. საკასაციო სასამართლომ ერთ-ერთ საქმეზე განმარტა შემდეგი: „საკასაციო პალატის მოსაზრებით, მოსარჩელის, როგორც საბანკო საქმიანობის სფეროში მოღვაწე სუბიექტის კომერციული ინტერესია, კრედიტის გაცემით მიიღოს გარკვეული მოგება. სწორედ ამიტომ, ჩვეულებრივი სესხის ხელშეკრულებისაგან განსხვავებით, რომელიც შეიძლება იყოს სასყიდლიანი ან უსასყიდლო, საბანკო კრედიტის ხელშეკრულება სასყიდლიანი ფორმით არსებობს (სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლი). შესაბამისად, სს „ს.ბ-ს“, გაცემული კრედიტის დადგენილ ვადაში დაბრუნების შემთხვევაში, კვლავ შეეძლო მიეღო ის მინიმალური სარგებელი, რასაც სასესხო ვალუტის დაბრუნებამდე იღებდა. ნიშანდობლივია, რომ ბანკის მიერ სარგებლის მიღების პრეზუმფცია მოცემულია სამოქალაქო კოდექსის 872-ე მუხლში, რომლის თანახმად, თუ კრედიტის ამღები უკან აბრუნებს კრედიტს საკრედიტო ურთიერთობის დამთავრებამდე, მაშინ კრედიტის გამცემს შეუძლია მოითხოვოს ზიანის შესაბამისი ანაზღაურება. ამასთან, ზიანის საზღაურში უნდა ჩაითვალოს დაზოგილი გასავლების ღირებულება, აგრეთვე ის სარგებელი, რომელსაც კრედიტის გამცემი მიიღებდა სასესხო ვალუტის სხვაგვარი გამოყენებიდან, ან თუ კრედიტის მიმღებმა განზრახ არ დაუშვა მისი მიღება“ (იხ. სუსგ საქმე Nას-1385-1307-2012, 07 თებერვალი, 2013 წელი).

26. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით გათვალისწინებული სარგებლისა და მიუღებელი შემოსავლის მოპასუხეთათვის დაკისრების თაობაზე. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება შესაბამისობაშია მსგავს სამართლებრივ საკითხებზე უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილ პრაქტიკასთან, ხოლო კასატორებს არ წარმოუდგენიათ იმგვარი დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, რაც საკასაციო საჩივრის არსებითად განსახილველად დაშვების შესაძლებლობას მისცემდა სასამართლოს. წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არის არაკვალიფციური, დაუსაბუთებელი და არ შეიცავს კონკრეტულ გარემოებებზე მითითებას, რის გამოც საკასაციო პალატა მოკლებულია შესაძლებლობას იმსჯელოს დასაშვებობის წინაპირობების არსებობაზე.

27. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

28. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

29. ამდენად, კასატორებს უნდა დაუბრუნდეთ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 2 179,65 ლარის 70% – 1 525,75 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. მ.ქ–იას, ლ.ქ–იას, ჯ.კ–იას საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;

2. კასატორებს მ.ქ–იას (პ/ნ ......), ლ.ქ–იას (პ/ნ .....), ჯ.კ–იას (პ/ნ .......) დაუბრუნდეს ვ.ს–ძის (პ/ნ ......) მიერ 2019 წლის 28 იანვრის №0 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 2 179,65 (ორი ათას ას სამოცდაცხრამეტი ლარი და სამოცდახუთი თეთრი) ლარის 70% – 1 525,75 (ათას ხუთას ოცდახუთი ლარი და სამოცდათხუთმეტი თეთრი) ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ბ. ალავიძე