საქმე №ას-537-2023 22 ივნისი, 2023 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ზურაბ ძლიერიშვილი, ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – რ.კ–ძის უფლებამონაცვლე დ.მ–ია (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარეები – შპს „ნ.კ–ი“, მ.ჩ–ძე, კ.ყ–ი (მოპასუხეები)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 16 მარტის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – სააპელაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. რ.კ–ძემ (შემდგომში – „მოსარჩელე” ან „აპელანტი“) სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „ნ.კ–ის“ (შემდგომში - „პირველი მოპასუხე“), მ.ჩ–ძისა (შემდგომში - „მეორე მოპასუხე“) და კ.ყ–ის (შემდგომში - „მესამე მოპასუხე“) მიმართ დივიდენდისა და წილის ნასყიდობის საფასურის გადახდის დაკისრების მოთხოვნით.
2. მოპასუხეებმა წარდგენილი შესაგებლებით სარჩელი არ ცნეს.
3. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 06 ივლისის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
4. მოსარჩელემ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე წარადგინა სააპელაციო საჩივარი, რომლითაც მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 17 ოქტომბრის განჩინებით აპელანტს სააპელაციო საჩივარზე დაუდგინდა ხარვეზი და ხარვეზის შევსების მიზნით დაევალა: სახელმწიფო ბაჟის სახით, 5000 ლარის გადახდა; ასევე, დასაბუთებული სააპელაციო საჩივრისა და სააპელაციო საჩივრის ელექტრონული ვერსიის (CD დისკის სახით) წარდგენა. აპელანტს ხარვეზის აღმოსაფხვრელად განესაზღვრა განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 დღის ვადა. აღნიშნული განჩინება ჩაბარდა აპელანტის წარმომადგენელს 2022 წლის 21 ოქტომბერს.
6. აპელანტის წარმომადგენელმა 2022 წლის 28 ოქტომბერს განცხადებით მიმართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას და იშუამდგომლა ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული ვადის 10 დღით გაგრძელების შესახებ, იმ მოტივით, რომ იგი ვერ ახერხებდა აპელანტთან კომუნიკაციას და ხარვეზის შევსებასთან დაკავშირებით საკითხების შეთანხმებას.
7. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 07 ნოემბრის განჩინებით აპელანტის წარმომადგენლის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და აპელანტს ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული ვადა გაუგრძელდა 10 დღით, რომელიც აითვლებოდა განჩინების ასლის მხარისათვის გადაცემის მომენტიდან. აღნიშნული განჩინება ჩაბარდა აპელანტის წარმომადგენელს 2022 წლის 18 ნოემბერს.
8. აპელანტის წარმომადგენელმა 2022 წლის 25 ნოემბერს წარადგინა დაზუსტებული სააპელაციო საჩივარი, სადაც აპელანტად მითითებული იყო დ.მ–ია და იშუამდგომლა ამ უკანასკნელის მოსარჩელის უფლებამონაცვლედ ცნობის თაობაზე, იმ საფუძვლით, რომ მოცემულ სამოქალაქო საქმეზე 10.11.2022წ. ხელშეკრულებით მოსარჩელემ მოთხოვნის უფლება მას დაუთმო. ამასთან, დ.მ–იამ მოითხოვა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლება იმ საფუძვლით, რომ იგი შშმ პირია და ეს სტატუსი მინიჭებული აქვს უვადოდ.
9. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 05 დეკემბრის განჩინებით დ.მ–იას (შემდგომში - კვლავ „აპელანტი“, „მოსარჩელის უფლებამონაცვლე“ ან „კერძო საჩივრის ავტორი“) შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და წინამდებარე სამოქალაქო საქმეში იგი ცნობილ იქნა მოსარჩელის უფლებამონაცვლედ.
10. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 05 დეკემბრის განჩინებით აპელანტს სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული ვადა გაუგრძელდა და დაევალა აღნიშნული განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის გადახდა.
11. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, უფლებამონაცვლისთვის პროცესში მის დაშვებამდე შესასრულებელი ყველა მოქმედება სავალდებულოა იმ ოდენობით, რაც სავალდებულო იქნებოდა იმ პირისათვის, რომელიც მან შეცვალა. მოსარჩელის მიერ წარდგენილ სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის დადგენის შემდეგ, მოთხოვნის დათმობის საფუძვლით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 05 დეკემბრის განჩინებით მოსარჩელის უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა აპელანტი. სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, ვინაიდან თავდაპირველი მოსარჩელის (სააპელაციო საჩივრის ავტორი) მიერ მოთხოვნის დათმობა განხორციელდა სააპელაციო სასამართლოს მიერ ხარვეზის დადგენისა და ვადის გაგრძელების შემდეგ, ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინების შესრულება, მოთხოვნის შემძენისათვის (აპელანტის უფლებამონაცვლე), სავალდებულოა. სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკის გათვალისწინებით, აღნიშნული მსჯელობა მართებულია მიუხედავად „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დებულებისა, რომლის თანახმად, შესაბამისი სუბიექტი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან თავისუფლდება. აღნიშნული განჩინება ჩაბარდა აპელანტის წარმომადგენელს 2023 წლის 16 იანვარს.
12. აპელანტის წარმომადგენელმა 2023 წლის 23 იანვარს განცხადებით მიმართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას და სსსკ-ის 47-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, აპელანტის ქონებრივი მდგომარეობიდან გამომდინარე, იშუამდგომლა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების თაობაზე. განმცხადებლის განმარტებით, აპელანტს ჰყავს არასრულწლოვანი შვილი და მეუღლე, რომელიც არ არის დასაქმებული. ამასთან, მართალია, იგი არის შპს „პეტროლ იმპორტ PI“-ის დირექტორი და 100% წილის მესაკუთრე, თუმცა შემოსავლების სამსახურის შედარების აქტით დგინდება, რომ აღნიშნული შპს ფაქტობრივად უმოქმედო და შემოსავლების არმქონეა. გარდა ამისა, აპელანტი შშმ პირია და ეს სტატუსი მინიჭებული აქვს უვადოდ.
13. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 02 თებერვლის განჩინებით აპელანტის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების თაობაზე არ დაკმაყოფილდა, აპელანტს სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული ვადა გაუგრძელდა 03 დღით, რომლის ვადა აითვლებოდა განჩინების ასლის მხარისათვის გადაცემის მომენტიდან. აღნიშნული განჩინება ჩაბარდა აპელანტის წარმომადგენელს 2023 წლის 10 თებერვალს.
14. აპელანტის წარმომადგენელმა 2023 წლის 10 თებერვალს განცხადებით მიმართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას და იშუამდგომლა აპელანტის სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების თაობაზე იმ საფუძვლით, რომ აპელანტს აქვს სასესხო ვალდებულება 30 000 ლარის ოდენობით, რაც დღემდე შეუსრულებელია და მოწმობს აპელანტის მძიმე ქონებრივ მდგომარეობას.
15. აპელანტის წარმომადგენელმა 2023 წლის 13 თებერვალს სააპელაციო სასამართლოში კვლავ წარადგინა განცხადება და იშუამდგომლა სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული ვადის 03 კვირით გაგრძელების თაობაზე. მისი განმარტებით, საპროცესო ვადის გაგრძელების შემთხვევაში, სახელმწიფო ბაჟის გადახდის მიზნით, იგი გაყიდდა მის კუთვნილ საცხოვრებელ სახლს ან დატვირთავდა იპოთეკით.
16. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 16 თებერვლის განჩინებით აპელანტის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების შესახებ არ დაკმაყოფილდა, ხოლო მისი შუამდგომლობა ხარვეზის ვადის გაგრძელების შესახებ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; აპელანტს სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის შესავსებად დაწესებული ვადა გაუგრძელდა 07 დღით, რომლის ათვლა დაიწყებოდა განჩინების ასლის მხარისათვის გადაცემის მომენტიდან. აღნიშნული განჩინება ჩაბარდა აპელანტის წარმომადგენელს 2023 წლის 27 თებერვალს.
17. აპელანტის წარმომადგენელმა 2023 წლის 06 მარტს განცხადებით მიმართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას და მოითხოვა ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული ვადის 02 კვირით გაგრძელება იმ საფუძვლით, რომ იგი ყიდდა საცხოვრებელ სახლს და ესაჭიროებოდა ვადა სახელმწიფო ბაჟის გადასახდელად.
18. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 16 მარტის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დაუშვებლობის გამო (ხარვეზის შეუვსებლობის გამო) დარჩა განუხილველი.
19. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილით, 374-ე მუხლის პირველი ნაწილით და განმარტა, რომ აპელანტს სააპელაციო საჩივრის წარდგენის თარიღიდან არაერთგზის მიეცა შესაძლებლობა (სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის დადგენის შემდგომ ვადა 4-ჯერ გაგრძელდა) შეევსო სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზი, თუმცა მან ხარვეზი არ შეავსო. აღნიშნულის გათვალისწინებით, ფაქტობრივად, სააპელაციო საჩივარი 5 თვეა დასაშვებობის შემოწმების ეტაპზეა, რაც ეწინააღმდეგება სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელების პრინციპს და ლახავს მოწინააღმდეგე მხარის კანონიერ უფლებასა და ინტერესს. შესაბამისად, მხარეთა თანასწორობის პრინციპიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიზანშეწონილად მიიჩნია ხარვეზის შეუვსებლობის გამო სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება. სასამართლოს მოსაზრებით, მოცემულ შემთხვევაში ხარვეზის შესავსებად საპროცესო ვადის შემდგომი გაგრძელება დაუსაბუთებელი და მიზანშეუწონელი იყო, რადგან აპელანტს აღნიშნულისათვის საკმარისი დრო გააჩნდა.
20. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე აპელანტმა წარადგინა კერძო საჩივარი და მისი გაუქმება მოითხოვა.
21. კერძო საჩივარი ემყარება შემდეგ საფუძვლებს:
21.1. სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმება 5 თვის მანძილზე აპელანტის მიზეზით არ გაგრძელებულა. სააპელაციო სასამართლოს 07.11.2022წ. განჩინებით ხარვეზის შევსების ვადა გაუგრძელდა თავდაპირველ აპელანტს, მოსარჩელეს, ხოლო აპელანტი მის უფლებამონაცვლედ საქმეში ჩაერთო სააპელაციო სასამართლოს 05.12.2022წ. განჩინებით;
21.2. აპელანტმა 06.03.2023წ. განცხადებით სასამართლოს წინაშე იშუამდგომლა 16.02.2023წ. განჩინებით ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადის დამატებით ორი კვირით გაგრძელების თაობაზე, რათა აპელანტს შეძლებოდა სახელმწიფო ბაჟის გადახდა და ესარგებლა სააპელაციო სასამართლოში საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. თუმცა, აღნიშნულზე მას უარი ეთქვა სააპელაციო სასამართლოს 16.03.2023წ. განჩინებით, რომლის სარეზოლუციო ნაწილში არაფერია ნათქვამი შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ და პირდაპირ დადგენილია, რომ სააპელაციო საჩივარი დაუშვებლობის გამო დარჩა განუხილველი;
21.3. აპელანტმა ყველა ღონე იხმარა, რომ სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი მთლიანად ან ნაწილობრივ მაინც გადაეხადა, მაგრამ იმის გამო, რომ სააპელაციო სასამართლო ხარვეზის შევსების მიზნით მკაცრად შეზღუდულ ვადებს უწესებდა, მან ობიექტურად ვერ მოახერხა საბანკო კრედიტის აღება ან მისი კუთვნილი საცხოვრებელი სახლის გაყიდვა და ბაჟის გადახდა. სააპელაციო სასამართლოს უფლება ჰქონდა, სსსკ-ის 47–ე მუხლის საფუძველზე, აპელანტის მძიმე ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, მთლიანად ან ნაწილობრივ გაეთავისუფლებინა ის სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, ან იმავე კოდექსის 48–ე მუხლის შესაბამისად, მისი გადახდა გადაევადებინა ან ოდენობა შეემცირებინა, წარდგენილი უტყუარი მტკიცებულებების გათვალისწინებით;
21.4. სასამართლოს უყურადღებოდ არ უნდა დაეტოვებინა ის გარემოება, რომ აპელანტი წარმოადგენს მოსარჩელის უფლებამონაცვლეს, რომლის სარჩელის განხილვა პირველი ინსტანციის სასამართლოში, ნაცვლად სსსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული 2–5 თვის ვადისა, თითქმის 3 წლის განმავლობაში უსაფუძვლოდ გაჭიანურდა. ამასთან, აღნიშნული მოხდა არა მოსარჩელის, არამედ ძირითადად მოპასუხეთა მიზეზით;
21.5. აპელანტმა სასამართლოს წარუდგინა მისი მძიმე ქონებრივი მდგომარეობის დამადასტურებელი უტყუარი მტკიცებულებები, თუმცა სასამართლოს არცერთ განჩინებაში განუმარტავს რომელიმე მტკიცებულების უვარგისობის, არასრულყოფილების ან დამატებითი მტკიცებულების წარდგენის აუცილებლობის შესახებ. სასამართლომ აპელანტის მიმართ ხისტი, არასამართლიანი და ტენდენციური დამოკიდებულება გამოავლინა, სწორად არ შეაფასა მისი მცდელობები აეღო სესხი ან გაეყიდა საცხოვრებელი სახლი, რათა სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი გადაეხადა. ამით სასამართლომ დაარღვია საქართველოს კონსტიტუციის 31–ე მუხლის პირველი პუნქტი, ასევე, უგულებელყო თანასწორობის უფლების კონსტიტუციური ნორმა (მე–11 მუხლის პირველი პუნქტი) და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით გარანტირებული საქმის სამართლიანი განხილვის უფლება (კონვენციის მე–6 მუხლის პირველი პუნქტი);
21.6. სახელმწიფო ბაჟის გადაუხდელობის მოტივით სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებამ ფაქტობრივად და სამართლებრივად შეუზღუდა აპელანტს სააპელაციო სასამართლოში საქმის არსებითად განხილვაზე წვდომა, რითაც ფიქციად იქცა მისი კონსტიტუციითა და ევროკონვენციით მონიჭებული საქმის სამართლიანი განხილვის უფლება. აპელანტისადმი ამგვარი დამოკიდებულება ცალსახად არ ემსახურება კანონიერ მიზანს და არასამართლიანია;
21.7. აპელანტი არ წარმოადგენს სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის გადახდაზე ვალდებულ პირს. სააპელაციო საჩივარს ერთვის სოციალური სამსახურის მიერ გაცემული ცნობა, რომლითაც დადგენილია, რომ აპელანტი შშმ პირია და ეს სტატუსი მინიჭებული აქვს უვადოდ. მოთხოვნის დათმობა სარჩელის აღძვრამდე მოხდება თუ სარჩელის აღძვრის შემდგომ, მნიშვნელობა არ აქვს, ვინაიდან სსსკ-ის 92–ე მუხლით იმპერატიულად არის დადგენილი, რომ უფლებამონაცვლეობა შესაძლებელია პროცესის ყველა სტადიაზე;
21.8. ყველა ტიპის სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავსუფლება შშმ პირის იმანენტური უფლებაა, რასაც ცალსახად ადგენს „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–5 მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტი. ეს კანონი სპეციალურია და წარმოადგენს საპროცესო კანონმდებლობის განუყოფელ ნაწილს. აღნიშნული უფლება ერთმნიშვნელოვნად ვრცელდება სააპელაციო საჩივარზეც და იგი დამოკიდებული ვერ იქნება იმაზე, თუ შშმ პირმა მოთხოვნის უფლება როდის მიიღო - სააპელაციო სასამართლოს მიერ თავდაპირველი აპელანტის მიმართ ხარვეზის დადგენის შემდეგ, რომელიც სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის გადახდას შეეხებოდა, თუ მანამდე.
22. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 04 მაისის განჩინებით კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
23. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
24. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. იმავე კოდექსის 410-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
25. განსახილველ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანია ხარვეზის შეუვსებლობის, კერძოდ, სახელმწიფო ბაჟის გადაუხდელობის მოტივით, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების მართლზომიერება.
26. კერძო საჩივრის ავტორი დავობს, რომ იგი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, ვინაიდან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირია და აღნიშნული სტატუსი მინიჭებული აქვს უვადოდ. გარდა ამისა, აპელანტმა სასამართლოს წარუდგინა მისი მძიმე ქონებრივი მდგომარეობის ამსახველი უტყუარი მტკიცებულებები, რის საფუძველზეც სასამართლოს შეეძლო იგი მთლიანად ან ნაწილობრივ გაეთავისუფლებინა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, მისი გადახდა გადაევადებინა ან ოდენობა შეემცირებინა.
27. საკასაციო სასამართლო, უპირველეს ყოვლისა, იმსჯელებს კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზიაზე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსის გამო სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების თაობაზე და აღნიშნავს, რომ აპელანტი წინამდებარე საქმეში მოსარჩელის უფლებამონაცვლეს წარმოადგენს. კერძოდ, მოსარჩელის მიერ წარდგენილ სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის დადგენისა და აღნიშნული ხარვეზის ვადის გაგრძელების შემდეგ, აპელანტის შუამდგომლობის საფუძველზე, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 05 დეკემბრის განჩინებით იგი ცნობილ იქნა მოსარჩელის უფლებამონაცვლედ. დაზუსტებულ სააპელაციო საჩივარს ერთვის ცნობა, რომლის თანახმად, აპელანტი არის მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირი და შშმპ სტატუსი მინიჭებული აქვს უვადოდ.
28. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო უფლება ან მოვალეობა შეიძლება ერთი პირიდან მეორეზე გადავიდეს. იმ შემთხვევაში, როდესაც ეს უფლება თუ მოვალეობა სასამართლოს განხილვის საგანია, წარმოიშობა საპროცესო უფლებამონაცვლეობის აუცილებლობა.
29. საპროცესო უფლებამონაცვლეობა ესაა საპროცესო უფლებებისა და მოვალეობების ერთი სუბიექტიდან მეორეზე გადასვლა, უფლებამონაცვლის მიერ წინამორბედი სუბიექტის საპროცესო მდგომარეობის იმ მოცულობით დაკავება, როგორც ეს უფლების თავდაპირველ მფლობელთან იყო. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფლებამონაცვლისათვის პროცესში მის დაშვებამდე შესასრულებელი ყველა მოქმედება სავალდებულოა იმ ოდენობით, რაც სავალდებულო იქნებოდა იმ პირისათვის, რომელიც მან შეცვალა. შესაბამისად, აღნიშნული ნორმის საფუძველზე, უფლებამონაცვლე ვალდებულია გადაიხადოს სწორედ ის საპროცესო ხარჯის ოდენობა (ამ შემთხვევაში სახელმწიფო ბაჟი), რაც მანამდე თავდაპირველ საპროცესო სუბიექტს გააჩნდა. საპროცესო სტატუსიდან გამომდინარე, ის ვალდებულებები, რაც თავდაპირველ მხარეს ჰქონდა უფლებამონაცვლის სხვაგვარი საპროცესო სტატუსის არსებობით ვერ შეიცვლება. შედეგად, უფლებამონაცვლე ვალდებულია გადაიხადოს კონკრეტულად ის ბაჟი, რაც უნდა ყოფილიყო გადახდილი უფლებამონაცვლეობის არარსებობის შემთხვევაში. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მოთხოვნის მიმღებმა იცოდა რა სახის უფლებები გადავიდა მასზე, მისთვის წინასწარ იყო ცნობილი უფლებამონაცვლეობით გადასული ვალდებულებათა შინაარსი, ამიტომ, უფლებამონაცვლეობაზე დათანხმება ამავდროულად გულისხმობს ვალდებულების შესაბამის შესრულებას, როგორც შესრულდებოდა უფლებამონაცვლეობის არარსებობისას (იხ. სუსგ საქმე №ას-957-899-2012, 23 ივლისი, 2012 წელი; №ას-720-2019, 28 ივნისი, 2019 წელი; №ას-1143-2022, 05 ოქტომბერი, 2022 წელი; №ას-196-2023, 23 მარტი, 2023 წელი).
30. წინამდებარე საქმეში სადავო არ არის, რომ საპროცესო უფლებამონაცვლეობა განხორციელდა მოსარჩელის მიერ წარდგენილ სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის დადგენისა და მისი ვადის გაგრძელების შემდგომ, შესაბამისად, მიუხედავად აპელანტის/მოსარჩელის უფლებამონაცვლის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსისა, იგი რჩება მოსარჩელისაგან მიღებული უფლებების ფარგლებში და რადგანაც თავად მოსარჩელე სასამართლო ხარჯების გადახდის კუთხით რაიმე შეღავათით არ სარგებლობდა, მის უფლებამონაცვლეზე სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება უცვლელად გადადის.
31. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო დაუსაბუთებლად მიიჩნევს კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზიას სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან აპელანტის გათავისუფლების კანონისმიერი წინაპირობის არსებობის თაობაზე.
32. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს დასახელებულ ნორმაში მითითებულ მოთხოვნებს, ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება და იმავე კოდექსის 374-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, დარჩება განუხილველად დაუშვებლობის გამო.
33. ამდენად, თუ სააპელაციო საჩივარი ხარვეზიანია, სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისათვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა კი სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
34. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 64-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს მიერ დანიშნული ვადა, თუ კანონით სხვა რამ არის დადგენილი, სასამართლომ შეიძლება გააგრძელოს მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით. იმავე კოდექსის 368-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიხედვით, სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის შესავსებად სააპელაციო სასამართლოს მიერ დანიშნული ვადა სასამართლომ შეიძლება გააგრძელოს მხოლოდ მხარეთა თხოვნით.
35. მითითებული სამართლებრივი ნორმების შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ სასამართლო უფლებამოსილია, მხარეს გაუგრძელოს მის მიერ დადგენილი ვადა მხოლოდ ობიექტური გარემოებების არსებობისას. შესაბამისად, დაუშვებელია საპროცესო ვადის გაგრძელებამ გამოიწვიოს საქმის განხილვის გაჭიანურება და პროცესუალური ეკონომიის პრინციპის უგულებელყოფა (იხ. სუსგ საქმე №ას-237-225-2017, 16 მარტი, 2017 წელი). ამასთან, ობიექტური გარემოებების არსებობის დადასტურება თავად მხარის ვალდებულებას წარმოადგენს. აღნიშნული ვალდებულება გამომდინარეობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-103-ე მუხლებიდან, რომელთა თანახმად, თითოეულმა მხარემ, მის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.
36. წინამდებარე საქმეში აპელანტს სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული ვადა ჯამში ოთხჯერ გაუგრძელდა. უკანასკნელ შემთხვევაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 16 თებერვლის განჩინებით აპელანტს უარი ეთქვა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების მოთხოვნაზე და სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის შევსების ვადა გაუგრძელდა დამატებით 07 დღის ვადით. აღნიშნულ ვადაში, 2023 წლის 06 მარტს აპელანტის წარმომადგენელმა შუამდგომლობით მიმართა სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვა ვადის კვლავ ორი კვირით გაგრძელება, იმ საფუძვლით, რომ სახელმწიფო ბაჟის გადახდის მიზნით, იგი ყიდდა საცხოვრებელ სახლს და დამატებითი დრო ესაჭიროებოდა, თუმცა აპელანტს სასამართლოსთვის აღნიშნული გარემოების დამადასტურებელი სათანადო მტკიცებულება არ წარუდგენია. სააპელაციო სასამართლომ აპელანტის მოთხოვნა არ გაითვალისწინა და ხარვეზის შეუვსებლობის მოტივით სააპელაციო საჩივარი განუხილველი დატოვა.
37. საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ აპელანტს სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის შესავსებად სასამართლოს მიერ განსაზღვრული საპროცესო ვადა არაერთხელ გაუგრძელდა. ამასთან, სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის დადგენის შესახებ თავდაპირველი განჩინების მიღებიდან (17.10.2022წ.) სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებამდე (16.03.2023წ.) გასულია ხუთი თვე და ამ დროის განმავლობაში სააპელაციო საჩივარი დასაშვებობის შემოწმების ეტაპზეა, შესაბამისად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ აპელანტს ხარვეზის შესავსებად საკმარისი ვადა მიეცა, ხოლო ვადის დამატებით გაგრძელება, საქმის განხილვის დაუსაბუთებელ გაჭიანურებას გამოიწვევდა, რაც ეწინააღმდეგება სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელების პრინციპს და ლახავს მოწინააღმდეგე მხარის კანონით დაცულ უფლებებსა და ინტერესებს.
38. საკასაციო სასამართლო აგრეთვე აღნიშნავს, რომ 2023 წლის 06 მარტის განცხადებით აპელანტმა მოითხოვა მხოლოდ სასამართლოს მიერ განსაზღვრული საპროცესო ვადის გაგრძელება, მას არ მოუთხოვია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან მთლიანად ან ნაწილობრივ გათავისუფლება, გადავადება ან/და მისი ოდენობის შემცირება. მართალია, აპელანტმა, მისი მძიმე ქონებრივი მდგომარეობიდან გამომდინარე, მანამდე არაერთხელ მოითხოვა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლება, რაც არ დაკმაყოფილდა, თუმცა უკანასკნელ შემთხვევაში მას ეს მოთხოვნა აღარ დაუყენებია და, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს მასზე არ უმსჯელია.
39. საკასაციო სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 47-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი სასამართლო ხარჯების გადახდისაგან გათავისუფლების შესაძლებლობა არსებობს იმ შემთხვევაში, თუ მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების შესწავლისა და საქმის მასალების გაანალიზების საფუძველზე, სასამართლოს შეექმნება შინაგანი რწმენა მხარის მძიმე ქონებრივი მდგომარეობისა და სახელმწიფო ბაჟის გადახდის შეუძლებლობის შესახებ.
40. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში აპელანტმა სასამართლოს ვერ წარუდგინა მისი მძიმე ქონებრივი მდგომარეობისა და აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის გადახდის შეუძლებლობის დამადასტურებელი საკმარისი მტკიცებულებები, რის გამოც სახეზე არ იყო აპელანტის სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლები წინაპირობა.
41. განსახილველ შემთხვევაში სადავო არ არის, რომ აპელანტს სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზი არ შეუვსია, შესაბამისად, ვინაიდან სასამართლომ არ გაითვალისწინა მისი მოთხოვნა სასამართლოს მიერ განსაზღვრული საპროცესო ვადის გაგრძელების თაობაზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლისა და 374-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სახეზე იყო სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების წინაპირობები.
42. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული პირის უფლება თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს, არ არის აბსოლუტური და სამოქალაქო პროცესში შეიძლება შეიზღუდოს სამართალწარმოების ეკონომიურობისა და მხარეთა თანასწორობის დაცვის პრინციპებით. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ არ არსებობს უფლება უფასო სასამართლო პროცედურებზე. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება არ არის აბსოლუტური და იგი შეიძლება დაექვემდებაროს შეზღუდვებს. აღნიშნული გამომდინარეობს იმ დასკვნიდან, რომ სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება თავისი ბუნებით ექვემდებარება სახელმწიფო რეგულირებას; რეგულაცია შეიძლება განსხვავდებოდეს დროისა და ადგილის მიხედვით, საზოგადოებისა და ინდივიდების რესურსებისა და საჭიროებების საფუძველზე (იხ. Ashingdane v. The United Kingdom, № 8225/78, 28 მაისი, 1985 წელი, §57).
43. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა სააპელაციო საჩივრის დასაშვებობას უდგენს გარკვეულ შეზღუდვებს. კანონით გათვალისწინებული გამონაკლისების გარდა (სსსკ-ის 46-48-ე მუხლები), აწესებს სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის წინასწარ გადახდის ვალდებულებას (სსსკ-ის 38-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტი, 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი, 52-ე მუხლი) და გარკვეულ მოთხოვნებს უყენებს თავად სააპელაციო საჩივარს ფორმისა და შინაარსის თვალსაზრისით (სსსკ-ის 372-ე მუხლი, 177-ე მუხლის მე-3 ნაწილი და 368-ე მუხლის პირველი ნაწილი), რომელთა შესრულება სავალდებულოა აპელანტისათვის. იმ შემთხვევაში, თუ აპელანტი არ შეასრულებს კანონით დადგენილ ვალდებულებებს და სასამართლოს მითითებებს, იგი ვეღარ დაეყრდნობა სამართლიანი სასამართლოს უფლებას და ვერ მოითხოვს მისი საქმის განხილვას, ვინაიდან მის მიმართ დადგება ის უარყოფითი საპროცესო შედეგი, რასაც ითვალისწინებს საპროცესო კანონმდებლობა კანონით დადგენილი ვალდებულებებისა თუ სასამართლოს მითითებების შეუსრულებლობისათვის (სსსკ-ის 59-ე და 63-ე მუხლები, 368-ე მუხლის მე-5 ნაწილი და 374-ე მუხლის პირველი ნაწილი).
44. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. რ.კ–ძის უფლებამონაცვლე დ.მ–იას კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 16 მარტის განჩინება დარჩეს უცვლელი;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ე. გასიტაშვილი