საქმე №ას-1603-2022 20 აპრილი, 2023 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე),
თამარ ზამბახიძე (მომხსენებელი),
რევაზ ნადარაია
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – ზ.ტ–ძე (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – თ.ჩ–ძე (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 14.04.2022 წლის განჩინება
საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით – სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობა, მესაკუთრედ აღრიცხვა
საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება – საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
1. საჩხერის რაიონული სასამართლოს 21.10.2021 წლის გადაწყვეტილებით ზ.ტ–ძის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე“, „მჩუქებელი“, „კასატორი“ ) სარჩელი თ.ჩ–ძის მიმართ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოპასუხე“, „დასაჩუქრებული“) ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობისა და მესაკუთრედ აღრიცხვის თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
2. გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოსარჩელემ.
სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძვლები:
3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 14.04.2022 წლის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. განჩინება ეფუძნება შემდეგს:
3.1. 10.06.2015 წელს მოსარჩელემ მეუღლეს - მოპასუხეს აჩუქა ჭიათურის რაიონის სოფელ ...... მდებარე უძრავი ქონება - 3600 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული 63,6 კვმ შენობა-ნაგებობა (ს/კ ......) (შემდეგში „სადავო უძრავი ნივთი“). სადავო უძრავი ნივთი საჯარო რეესტრში აღირიცხა დასაჩუქრებულის სახელზე.
3.2. ჩუქების ხელშეკრულების დადებისას, მოსარჩელე და მოპასუხე იმყოფებოდნენ რეგისტრირებულ ქორწინებაში. მხარეთა ქორწინების შეწყვეტა დარეგისტრირდა 24.04.2019 წელს, სსიპ თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურში.
3.3. მოსარჩელესა და მოპასუხეს 05.10.2020 წლის მდგომარეობით თანასაკუთრებაში გააჩნდათ ორი უძრავი ნივთი (1. თბილისში, ........... , მდებარე ბინა N34 (ს/კ .......); 2. თბილისში, ......... მდებარე ბინა N23, ს/კ .........). წინამდებარე დავის მოპასუხეს წარდგენილი აქვს სარჩელი აღნიშნულ უძრავ ნივთებზე საზიარო უფლების გაუქმების, ქონების იძულებით აუქციონზე გაყიდვისა და ამონაგები თანხის წილების შესაბამისად მხარეთა შორის განაწილების მოთხოვნით.
3.4. წინამდებარე სარჩელის შეტანის მომენტისთვის დასაჩუქრებულს წარდგენილი აქვს სარჩელი სადავო უძრავი ნივთიდან მჩუქებლის გამოსახლების მოთხოვნით.
3.5. 2019 წელს მჩუქებელმა სარჩელი აღძრა დასაჩუქრებულის მიმართ განქორწინებისა და ქონების თანამესაკუთრედ ცნობის მოთხოვნით. საჩხერის რაიონული სასამართლოს 29.10.2019 წლის კანონიერ ძალაში შესული განჩინებით მხარეთა შორის დამტკიცდა მორიგება, რომლითაც მხარეები შეთანხმდნენ, რომ ჭიათურის რაიონის სოფელ ....... მდებარე სადავო უძრავი ნივთი წარმოადგენს დასაჩუქრებულის საკუთრებას და მასთან დაკავშირებით მჩუქებელს არავითარი პრეტენზია არ გააჩნია. ამავე განჩინებით საქმეზე შეწყდა საქმის წარმოება და მხარეებს განემარტათ, რომ სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 272-ე მუხლის შესაბამისად არ შეიძლება. განჩინების კანონიერ ძალაში შესვლის საფუძველია მოსარჩელის წერილობითი განცხადება განჩინების გასაჩივრებაზე უარის თქმის შესახებ, რაც მხარეთა შორის სადავო არ გამხდარა.
3.6. მჩუქებლის პრეტენზია დასაჩუქრებულის მხრიდან გამოვლენილ დიდ უმადურობას შეეხება, რაც გამოიხატა საჩუქრად გადაცემული ქონებიდან მჩუქებლის გამოსახლების მოთხოვნაში. დიდი უმადურობის გამოჩენის სხვა დამადასტურებელ რაიმე გარემოებასა და მტკიცებულებაზე მჩუქებელი არ მიუთითებს.
3.7. პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა, რომ მორიგების დამტკიცების შესახებ საჩხერის რაიონული სასამართლოს 29.10.2019 წლის კანონიერ ძალაში შესული განჩინებით სადავო უძრავ ნივთზე აღიარებულ იქნა მოპასუხის საკუთრების უფლება, თუმცა მიუთითა, რომ საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის საფუძველია 10.06.2015 წლის ხელშეკრულება და არა საჩხერის რაიონული სასამართლოს 29.10.2019 წლის კანონიერ ძალაში შესული განჩინება (რომელიც ფაქტობრივად იგივე უფლებას ადგენს).
3.8. სასამარლოს განმარტებით, ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობის თაობაზე სასარჩელო მოთხოვნა აღიარებითი მოთხოვნაა, მოსარჩელის მიერ მითითებულია იურიდიული ინტერესიც - უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების რეგიტრაცია. სასამართლოს მითითებით, სარჩელის საფუძვლიანობის (უმადურობის დადასტურების) შემთხვევაშიც კი, შეუძლებელია მჩუქებლის იურიდიული ინტერესის განხორციელება, ვინაიდან სადავო უძრავ ნივთზე დასაჩუქებულის საკუთრების უფლებას, გარდა 10.03.2015 წლის ჩუქების ხელშეკრულებისა, გააჩნია სხვა საფუძველიც - საჩხერის რაიონული სასამართლოს 29.10.2019 წლის კანონიერ ძალაში შესული განჩინება.
3.9. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში სსკ) 524-ე მუხლზე და განმარტა, რომ ჩუქების ხელშეკრულების უსასყიდლო ხასიათიდან გამომდინარე, ნაჩუქრობა არის სამართლისა და ზნეობის ურთიერთკავშირის გამოვლინება. დასაჩუქრებული ვალდებულია, განსაკუთრებული დამოკიდებულება ჰქონდეს მჩუქებლის მიმართ, მაგრამ ამგვარი ვალდებულება გონივრულობის ფარგლებში უნდა ექცეოდეს. გამჩუქებელმა, თავის მხრივ, უფლებები კეთილსინდისიერად უნდა განახორციელოს. დაუშვებელია, დასაჩუქრებულის უფლებებისა და კანონიერი ინტერსების არათანაზომიერი შეზღუდვა მჩუქებლის სურვილით და ჩუქების გაუქმების შესაძლებლობის არაკეთილსინდისიერად რეალიზებით.
3.10. მოსარჩელის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია სსკ-ის 529-ე მუხლი, რომლის თანახმადაც ჩუქება შეიძლება გაუქმდეს, თუ დასაჩუქრებული მძიმე შეურაცხყოფას მიაყენებს ან დიდ უმადურობას გამოიჩენს მჩუქებლის ან მისი ახლო ნათესავის მიმართ. სააპელაციო სასამართლომ საქართველოს უზენაეს სასამართლოს პრაქტიკაზე მითითებით (სუსგ Nას-1235-1176-2014) განმარტა, რომ ქონების უსასყიდლოდ გადაცემის (ჩუქების) დროს, დასაჩუქრებულის ქონების გაზრდა ხდება მისი მხრიდან საპასუხო შესრულების გარეშე. დასაჩუქრებულის მხრიდან მჩუქებლისათვის მიუღებელი ნებისმიერი ქმედება არ შეიძლება საფუძვლად დაედოს დასკვნას იმის შესახებ, რომ დასაჩუქრებულმა მჩუქებლის მიმართ დიდი უმადურობა გამოიჩინა ან ამით მას მძიმე შეურაცხყოფა მიაყენა. ამ შემთხვევაში, მნიშვნელოვანია თავად მხარის სუბიექტური დამოკიდებულება კონკრეტული ქმედების მიმართ, მაგრამ გადამწყვეტი ამ ქმედების შეფასებაა იმ თვალსაზრისით, რომ სსკ-ის 529-ე მუხლიდან გამომდინარე დასაჩუქრებულის არა ყოველგვარი გასაკიცხი ქმედება იძლევა ჩუქების გაუქმების საფუძველს, არამედ - მხოლოდ მძიმე შეურაცხყოფა და დიდი უმადურობა.
3.11. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში დასაჩუქრებულის მიერ საკუთრების უფლების სრული რეალიზაციისთვის განხორციელებული ქმედება - მჩუქებლის გამოსახლების მოთხოვნა, არ შეიძლება იქნეს განხილული დიდ უმადურობად, მით უფრო იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მჩუქებელს გააჩნია სხვა არაერთი უძრავი ქონება. პალატამ არ გაიზიარა არგუმენტი, რომ მჩუქებელს სხვა საცხოვრისი არ გააჩნია და განმარტა, რომ მხარეებს თანასაკუთრებაში აქვთ თბილისში მდებარე ორი საცხოვრებელი ბინა. მართლია, დასაჩუქრებულის მიერ სასამართლო წესით მოთხოვნილია საზიარო უფლების გაუქმება თანასაკუთრებაში არსებული ქონების რეალიზაციის გზით, თუმცა ამ მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში, მჩუქებელი რეალიზებული ქონებიდან მიიღებს შესაბამის წილს, რითაც შეძლებს საცხოვრებელი პირობებით უზრუნველყოფას.
3.12. სასამართლოს მითითებით, გარდა აღნიშნულისა, სადავო არ არის, რომ 2019 წელს მჩუქებლის მიერ წარდგენილი სარჩელით დავის საგანი იყო წინამდებარე სარჩელით სადავო ქონებაც (ამჟამად მხარეთა თანასაკუთრებად რეგისტრირებულ სხვა ქონებებთან ერთად). სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული 29.10.2019 წლის განჩინებით დასაჩუქრებულის უფლების არსებობა სადავო უძრავ ნივთზე, გამორიცხავს წინამდებარე სარჩელის მოთხოვნების დაკმაყოფილებას, იგივე დავის საგნის მესაკუთრედ მჩუქებლის ცნობასთან დაკავშირებით. მართალია წინამდებარე სარჩელით ინიცირებული დავა იმავე მხარეებს შორის და იმავე დავის საგანზეა და მოსარჩელე სხვა სამართლებრივ საფუძველზე (სსკ-ის 529-ე მუხლი) მიუთითებს, მაგრამ წარმოდგენილი სარჩელის ფარგლებში შეუძლებელია აღიარებითი სარჩელის იურიდიული ინტერესის რეალიზაცია - იმავე სადავო საგანზე მოსარჩელის საკუთრების უფლების რეგისტრაციის საფუძვლის შექმნა, ვინაიდან უკვე არსებობს იმავე საგანზე მოპასუხის საკუთრების უფლება 29.10.2019 წლის კანონიერ ძალაში შესული განჩინების საფუძველზე. არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივსამართლებრივი წანამძღვრები.
საკასაციო საჩივრის მოთხოვნა:
4. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოსარჩელემ წარადგინა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილება.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 391-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:
6. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.
7. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
8. ჩუქების ხელშეკრულების გაუქმებისა და სადავო უძრავი ნივთის გამოთხოვის თაობაზე სასარჩელო მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია სსკ-ის 529-ე მუხლი (ჩუქება შეიძლება გაუქმდეს, თუ დასაჩუქრებული მძიმე შეურაცხყოფას მიაყენებს ან დიდ უმადურობას გამოიჩენს მჩუქებლის ან მისი ახლო ნათესავის მიმართ. თუ ჩუქება გაუქმდება, მაშინ გაჩუქებული ქონება შეიძლება გამოთხოვილ იქნეს მჩუქებლის მიერ. ჩუქება შეიძლება გაუქმდეს ერთი წლის განმავლობაში მას შემდეგ, რაც მჩუქებელი შეიტყობს იმ გარემოების შესახებ, რომელიც მას ჩუქების გაუქმების უფლებას აძლევს).
9. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ნაჩუქრობა, როგორც სახელშეკრულებო ურთიერთობა, გარკვეულწილად ავალდებულებს დასაჩუქრებულს. ეს ვალდებულება სსკ-ის 529-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში კონკრეტული პირობის სახით კი არაა მოცემული, არამედ ზნეობრივსამართლებრივი ვალდებულების სახით არსებობს. ეს ვალდებულება მჩუქებლის მიმართ მძიმე შეურაცხყოფის მიყენებისა და დიდი უმადურობის გამოჩენისაგან თავის შეკავებაში მდგომარეობს და ვადით შეზღუდული არაა. ჩუქების გაუქმებით ამ შემთხვევაში სასამართლო ასრულებს ზნეობრივ ფასეულობათა მხარდაჭერისა და დაცვის ფუნქციას (სუსგ Nას-582-2021, 14.07.2021წ.).
10. სსკ-ის 529-ე მუხლი უფლებას ანიჭებს მჩუქებელს ჩუქების გაუქმება მოითხოვოს, თუ არსებობს კანონით გათვალისწინებული საფუძვლები. ასეთად კი, კანონმდებელი აწესებს მჩუქებლის ან მისი ახლო ნათესავის მიმართ დასაჩუქრებულის მხრიდან გამოჩენილ შურაცხყოფას ან დიდ უმადურობას. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მსგავსი მოთხოვნის შემთხვევაში, მოსარჩელის განსასაზღვრია, რომელ ქმედებას მიიჩნევს უმადურობად ან შეურაცხყოფად, თუმცა კონკრეტული ფაქტი წარმოადგენს თუ არა ისეთი სახის შეურაცხყოფას ან უმადურობას, რაც ჩუქების გაუქმებას შეიძლება დაედოს საფუძვლად, სასამართლოს შეფასების საგანია და არა თავად მოსარჩელის. სასამართლომ მხარეთა ურთიერთდამოკიდებულების, მათი შეხედულებების, თავად ქმედების შეფასების, ასევე კონკრეტულ საზოგადოებაში არსებული წეს-ჩვეულებებისა და დამკვიდრებული მოსაზრებების გათვალისწინებით უნდა განსაზღვროს, იჩენს თუ არა დასაჩუქრებული უმადურობას მჩუქებლის მიმართ, ან არის თუ არა მისი ქმედება შეურაცხმყოფელი. ამ შემთხვევაში, მნიშვნელოვანია თავად მხარის სუბიექტური დამოკიდებულება კონკრეტული ქმედების მიმართ, მაგრამ გადამწყვეტი ამ ქმედების შეფასებაა, იმ თვალსაზრისით, რომ სსკ-ის 529-ე მუხლიდან გამომდინარე, დასაჩუქრებულის არა ყოველგვარი გასაკიცხი ქმედება იძლევა ჩუქების გაუქმების საფუძველს, არამედ მხოლოდ მძიმე შეურაცხყოფა და დიდი უმადურობა (სუსგ Nას-1235-1176-2014, 24.02.2015წ.; სუსგ №ას-246-2022, 31.10.2022წ.).
11. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე მის მიმართ დიდი უმადურობის გამოხატულებად მიიჩნევს მოპასუხის მიერ სავინდიკაციო სარჩელის აღძვრას. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის ზემოაღნიშნულ შეფასებას და განმარტავს, რომ სსკ-ის 524-ე მუხლის საფუძველზე, დასაჩუქრებული იძენს საკუთრების უფლებას ნაჩუქარ ქონებაზე, შესაბამისად, იგი უფლებამოსილია, სსკ-ის 170-ე მუხლით გათვალისწინებულ ფარგლებში ფლობდეს, სარგებლობდეს და განკარგავდეს ნაჩუქარ ქონებას. მას ასევე შეუძლია, არ დაუშვას სხვა პირთა მიერ მისი კუთვნილი ქონებით სარგებლობა. „სხვა პირებში“ ამ შემთხვევაში მჩუქებელიც მოიაზრება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამგვარი სარგებლობა ჩუქების ხელშეკრულებით მხარეთა მიერ წინასწარ არის შეთანხმებული. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ჩუქების ხელშეკრულების უსასყიდლო ხასიათის გათვალისწინებით, ქონების მჩუქებელს იმგვარი უფლებები გააჩნია, რაც ვერ ექნება, მაგალითად, ნივთის გამყიდველს, მაგრამ აღნიშნული არ გულისხმობს დასაჩუქრებულის საკუთრების უფლების შეზღუდვის შესაძლებლობას, თუ იგი თავის უფლებებს კეთილსინდისიერად და მართლზომიერად ახორციელებს. სწორედ ჩუქების უსასყიდლო ხასიათიდან გამომდინარე, დასაჩუქრებული ვალდებულია, განსაკუთრებული დამოკიდებულება ჰქონდეს მჩუქებლის მიმართ, მაგრამ ამგვარი ვალდებულება გონივრულობის ფარგლებში უნდა ექცეოდეს. თავად მჩუქებელმა საკუთარი უფლებები კეთილსინდისიერად უნდა განახორციელოს. დაუშვებელია დასაჩუქრებულის უფლებებისა და კანონიერი ინტერსების არათანაზომიერი შეზღუდვა მჩუქებლის სურვილით და ჩუქების გაუქმების შესაძლებლობის არაკეთილსინდისიერად რეალიზებით (სუსგ Nას-1174-2019, 17.06.2021წ.; სუსგ №ას-62-59-2012, 05.11.2013 წ.).
12. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ განსახილველ შემთხვევაში მჩუქებელი და დასაჩუქრებული ყოფილი მეუღლეები არიან და მათ შორის განქორწინების პროცესის პარალელურად მიმდინარეობდა არაერთი სასამართლო დავა ქონების თანასაკუთრებად ცნობის, თანასაკუთრებაში არსებულ ქონებაზე საზიარო უფლების გაუქმების მოთხოვნით. საჩხერის რაიონული სასამართლოს 29.10.2019 წლის კანონიერ ძალაში შესული განჩინებით დამტკიცდა მორიგება, რომლითაც მხარეები შეთანხმდნენ, რომ სოფელ ....... მდებარე სადავო უძრავი ნივთი წარმოადგენს დასაჩუქრებულის საკუთრებას და მასთან დაკავშირებით მჩუქებელს არავითარი პრეტენზია არ გააჩნია (ტ.1, ს.ფ. 103-108). ამრიგად, ის ფაქტი, რომ მოპასუხემ მოსარჩელის მიმართ ვინდიკაციური სარჩელი წარადგინა, ვერ შეფასდება დასაჩუქრებულის მხრიდან დიდი უმადურობის გამოჩენად. დასაჩუქრებულის საკუთრების უფლება ვერ შეიზღუდება მჩუქებლის სურვილით, გააგრძელოს ცხოვრება ნაჩუქარ უძრავ ქონებაში. ამგვარი მოთხოვნა გონივრულობის ფარგლებს სცილდება და მოპასუხის ნება - არ დაუშვას თავისი საკუთრებით ამგვარი სარგებლობა, უმადურობად ან შეურაცხყოფად არ მიიჩნევა. მოპასუხეს, როგორც მესაკუთრეს, შეუძლია შეუზღუდავად ისარგებლოს თავისი საკუთრებით, იმ პირობებში, როცა არ დასტურდება მხარეთა შეთანხმება მოსარჩელის მიერ სადავო უძრავი ნივთით სარგებლობის თაობაზე (შდრ. სუსგ Nას-1174-2019, 17.06.2019წ.).
13. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს სსკ-ის 529-ე მუხლით გათვალისწინებული ჩუქების ხელშეკრულების გაუქმების წინაპირობები, რაც სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია.
14. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
15. კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება და ვერ შეძლო მისი გაბათილება სარწმუნო მტკიცებულებებით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ასეთ საფუძველზე ვერც კასატორი მიუთითებს. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით. გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.
16. სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებელია, ხოლო კასატორს გადახდილი აქვს საკასაციო სამართალწარმოებისათვის განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟი - ჯამში 566 ლარი, მას უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70% – 396,20 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 391-ე, 401-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ზ.ტ–ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.
2. ზ.ტ–ძეს (პ/ნ:......) უკან დაუბრუნდეს შ.ძ–ის (პ/ნ: .....) მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, ჯამში 566 ლარის (საგადასახადო დავალება #2703, გადახდის თარიღი 10.02.2023წ., გადახდილი თანხა 500 ლარი; საგადასახადო დავალება #5568, გადახდის თარიღი 07.03.2023წ., გადახდილი თანხა 66 ლარი) 70% – 396,20 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150.
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: გიორგი მიქაუტაძე
მოსამართლეები: თამარ ზამბახიძე
რევაზ ნადარაია