Facebook Twitter

24 თებერვალი 2023 წელი

№ას-64-2022 ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ამირან ძაბუნიძე

თეა ძიმისტარაშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორები _ ნ.ნ–ი, რ.ნ–ი, კ.ნ–ი, მ.ნ–ია, გ.ქ–ვა

მოწინააღმდეგე მხარე _ ს.ს. „ს.ბ–ი“

გასაჩივრებული განჩინება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 29 ოქტომბრის განჩინება

კასატორების მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმება, და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე ნაწილობრივ უარის თქმა

დავის საგანი _ თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სასარჩელო მოთხოვნა:

1. ს.ს. „ს.ბ–მა“ სარჩელით მიმართა ზუგდიდის რაიონულ სასამართლოს ნ.ნ–ის, რ.ნ–ის, კ.ნ–ის, მ.ნ–იას და გ.ქ–ვას მიმართ, შემდეგი სასარჩელო მოთხოვნებით:

1.1. ნ.ნ–ს, რ.ნ–ს და გ.ქ–ვას ს.ს. „ს.ბ–ი"-ს სასარგებლოდ 2017 წლის 24 იანვრის №GCL000197950-3955061 გენერალური საკრედიტო ხაზის შესახებ ხელშეკრულების ფარგლებში გაფორმებული 2017 წლის 24 იანვრის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე სოლიდარულად გადასახდელად დაეკისროთ – 21 323.74 ლარი, საიდანაც სესხის ძირი თანხაა - 17 027.95 ლარი, პროცენტი - 2 260.29 ლარი და პირგასამტეხლო - 2 035.50 ლარი;

1.2. ნ.ნ–ს, რ.ნ–ს და გ.ქ–ვას ს.ს. „ს.ბ–ი"-ს სასარგებლოდ 2017 წლის 24 იანვრის №GCL000197950-3955061 გენერალური საკრედიტო ხაზის შესახებ ხელშეკრულების ფარგლებში გაფორმებული 2017 წლის 24 იანვრის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე სოლიდარულად გადასახდელად დაეკისროთ მიუღებელი შემოსავალი (სარგებელი) სარჩელის აღძვრის დღიდან (2018 წლის 24 დეკემბერი) გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველდღიურად - 7.93 (შვიდი ლარი და 93 თეთრი) ლარი;

1.3. დავალიანების დაფარვის მიზნით, სარეალიზაციოდ მიექცეს ს.ს. „ს.ბ"-ს სასარგებლოდ იპოთეკით დატვირთული კ.ნ–ის (პ/ნ ......), მ.ნ–იას (პ/ნ .......), ნ.ნ–ის (პ/ნ .......) და რ.ნ–ის (პ/ნ .........) საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება მდებარე: მუნიციპალიტეტი ჩხოროწყუ, სოფელი ........., მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი .........;

1.4. იმ შემთხვევაში, თუ იპოთეკის საგნის რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხა სრულად ვერ უზრუნველყოფს არსებული დავალიანების დაფარვას, ფულადი ვალდებულების სრულად შესრულების მიზნით, სარეალიზაციოდ მიექცეს მოპასუხეების _ ნ.ნ–ის, რ.ნ–ის და გ.ქ–ვას საკუთრებაში არსებული სხვა უძრავ-მოძრავი ქონებები (სასარჩელო მოთხოვნა დაზუსტებულია 2021 წლის 24 მარტის სასამართლო სხდომაზე).

სარჩელის საფუძვლები:

2.1. 2017 წლის 24 იანვარს ს.ს. „ს.ბ–სა“ და ნ.ნ–ს შორის დაიდო საბანკო მომსახურების შესახებ ხელშეკრულება საკრედიტო ხაზზე, რომელიც უზრუნველყოფილი იქნა ნ.ნ–ის, რ.ნ–ის, კ.ნ–ისა და მ.ნ–იას თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ქონებით, მდებარე: მუნიციპალიტეტი ჩხოროწყუ, სოფელი ........., ს/კ ...........

2.2. საკრედიტო ხაზის ფარგლებში 2017 წლის 24 იანვარს ნ.ნ–სა და ბანკს შორის დაიდო №4145127 კრედიტის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც კრედიტის მიმღებმა ბანკისგან მიიღო კრედიტი 20500 ლარის ოდენობით, 48 თვის ვადით, წლიურად 17% სარგებლის დარიცხვით. ვადაგადაცილებისთვის შეთანხმებული იქნა პირგასამტეხლო ყოველდღიურად 0.5%-ის ოდენობით.

2.3. 2018 წლის თებერვალში საკრედიტო ხელშეკრულებაში შევიდა ცვლილება და განხორციელდა სესხის რესტრუქტურიზაცია. სესხის უზრუნველსაყოფად დამატებით გაფორმდა მ.ნ–იას, გ.ქ–ვას და რ.ნ–ის სოლიდარული თავდებობა. მსესხებელს სესხის დაფარვა უნდა ეწარმოებინა ხელშეკრულების დანართი გრაფიკით განსაზღვრულ ვადებში და ოდენობით, რაც დარღვეული იქნა 2018 წლის აპრილიდან.

2.4. სარჩელის წარდგენის ეტაპზე მოპასუხეთა სოლიდარული ვალდებულება ბანკის წინაშე 21 323.74 ლარია, საიდანაც ძირი შეადგენს 17 027.95 ლარს; საპროცენტო სარგებელი _ 2260.29 ლარს; პირგასამტეხლო _ 2035.5 ლარს.

2.5. სასარჩელო განცხადებით მოსარჩელემ იშუამდგომლა ბანკის სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევა.

მოპასუხის პოზიცია:

3.1. მოპასუხეებმა სარჩელი ნაწილობრივ ცნეს (კრედიტის ძირითადი თანხის ნაწილში) და განმარტეს, რომ ვინაიდან ბანკისთვის ცნობილი იყო მოპასუხეთა მხრიდან გრაფიკით განსაზღვრული წესით და ოდენობით კრედიტის დაფარვის შეუძლებლობა მათი ოჯახური და ეკონომიკური მიზეზების გამო, კრედიტორს დროულად უნდა შეეტანა სარჩელი, რათა ხელი არ შეეწყო პროცენტისა და პირგასამტეხლოს ზრდისთვის. სარჩელის 2018 წლის 24 დეკემბერს შეტანით დასაკისრებელი თანხა ხელოვნურად გაიზარდა, ამასთან, სარჩელს არ ერთვის მტკიცებულება ძირითადი თანხის, პროცენტისა და პირგასამტეხლოს გამოანგარიშების შესახებ.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

4. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 24 მარტის გადაწყვეტილებით, სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, კერძოდ:

4.1. ნ.ნ–ს, რ.ნ–ს, მ.ნ–იას და გ.ქ–ვას ს.ს. „ს.ბ–ი“-ს სასარგებლოდ სოლიდარულად გადასახდელად დაეკისრათ სესხის ძირი თანხა - 17 027.95 ლარი, პროცენტი - 2 260.29 ლარი და პირგასამტეხლო - 203.55 ლარი;

4.2. ნ.ნ–ს, რ.ნ–ს, მ.ნ–იას და გ.ქ–ვას ს.ს. „ს.ბ–ი“-ს სასარგებლოდ სოლიდარულად გადასახდელად დაეკისრათ მიუღებელი შემოსავალი 2018 წლის 24 დეკემბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველდღიურად - 7.93 ლარი;

4.3. დავალიანების დაფარვის მიზნით სარეალიზაციოდ მიექცა კ.ნ–ის (პ/ნ ..........), მ.ნ–იას (პ/ნ .......), ნ.ნ–ის (პ/ნ .........) და რ.ნ–ის (პ/ნ .........) საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება მდებარე: მუნიციპალიტეტი ჩხოროწყუ, სოფელი ......., მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი ..........

იმ შემთხვევაში, თუ იპოთეკის საგნის რეალიზაციით ამონაგები თანხა სრულად ვერ დაფარავდა ბანკის მიმართ არსებულ დავალიანებას, აღსრულება დადგინდა ნ.ნ–ს, რ.ნ–ს, მ.ნ–იას და გ.ქ–ვას საკუთრებაში არსებული სხვა ქონებიდან;

4.4. გადაწყვეტილება მიექცა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.

5. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა, მოითხოვეს მისი ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით პროცენტის, პირგასამტეხლოსა და მიუღებელი შემოსავლის დაკისრებაზე, აგრეთვე იპოთეკის საგნის რეალიზაციასა და მოპასუხეთა სხვა ქონების მიმართ იძულებითი აღსრულების განხორციელების შესახებ სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე უარის თქმა. მოპასუხეებმა კერძო საჩივრით გაასაჩივრეს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილების მე-6 პუნქტიც.

სააპელაციო სასამართლოს განჩინებების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:

6.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 29 ივნისის განჩინებით, არ დაკმაყოფილდა მოპასუხეთა კერძო საჩივარი და უცვლელად დარჩა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 24 მარტის გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის ნაწილში.

6.2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 29 ოქტომბრის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

7. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია დავისთვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

7.1. 2017 წლის 24 იანვარს ს.ს. ”ს.ბ–ს” და ნ.ნ–ს შორის გაფორმდა გენერალური საკრედიტო ხაზის შესახებ ხელშეკრულება №GCL000197950- 3955061, რომლის თანახმად, მსესხებელზე გაიხსნა საკრედიტო ხაზი 1 000 000 აშშ დოლარის ოდენობით ან ექვივალენტი სხვა ვალუტაში, 240 თვის ვადით, წლიური 0- 40% სარგებლის დარიცხვით.

7.2. 2017 წლის 24 იანვრის გენერალური საკრედიტო ხაზის შესახებ ხელშეკრულების №GCL000197950-3955061 უზრუნველყოფის მიზნით, 2017 წლის 24 იანვარს, ს.ს. „ს.ბ–ს“ და ნ.ნ–ს, რ.ნ–ს, მ.ნ–იას და კ.ნ–ს შორის გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულება №CAH000197967, რომლის საფუძველზეც იპოთეკით დაიტვირთა ნ.ნ–ს, რ.ნ–ს, მ.ნ–იას და კ.ნ–ს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება მდებარე: მუნიციპალიტეტი ჩხოროწყუ, სოფელი ......., მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი .......

7.3. 2017 წლის 24 იანვრის გენერალური საკრედიტო ხაზის შესახებ №GCL000197950-3955061 ხელშეკრულების ფარგლებში ს.ს. „ს.ბ–სა“ და ნ.ნ–ს შორის 2017 წლის 24 იანვარს გაფორმდა საკრედიტო ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე მსესხებელზე გაიცა კრედიტი 20 500 ლარი, 48 თვის ვადით, წლიური 17% სარგებლის დარიცხვით. ასევე, ხელშეკრულებით გათვალისწინებულ იქნა პირგასამტეხლო 0.5%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

7.4. 2017 წლის 24 იანვრის საკრედიტო ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით, 2017 წლის 24 იანვარს, ს.ს. „ს.ბ–სა“ და რ.ნ–ს შორის გაფორმდა სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც, სოლიდარული თავდების პასუხისმგებლობა განისაზღვრა 41 000 ლარის ოდენობით.

7.5. 2017 წლის 24 იანვრის საკრედიტო ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით, 2017 წლის 24 იანვარს, ს.ს. „ს.ბ–სა“ და გ.ქ–ვას შორის გაფორმდა სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც, სოლიდარული თავდების პასუხისმგებლობა განისაზღვრა 41 000 ლარის ოდენობით.

7.6. 2017 წლის 24 იანვრის საკრედიტო ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით, 2017 წლის 24 იანვარს, ს.ს. „ს.ბ–სა“ და მ.ნ–იას შორის გაფორმდა სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც, სოლიდარული თავდების პასუხისმგებლობა განისაზღვრა 34 030 ლარის ოდენობით.

7.7. 2018 წლის აპრილის თვიდან მოპასუხეებს/მოვალეებს საბანკო კრედიტის გრაფიკით შეთანხმებული თანხა აღარ გადაუხდიათ, რის გამოც 2018 წლის 24 დეკემბრის მდგომარეობით, ერიცხებოდათ დავალიანება 21 323.74 ლარის ოდენობით, საიდანაც სესხის ძირი თანხა იყო 17 027.95 ლარი, პროცენტი - 2 260.29 ლარი და პირგასამტეხლო - 2 035.50 ლარი.

7.8. ს.ს. „ს.ბ–ს“ და ნ.ნ–ს, რ.ნ–ს, მ.ნ–იას და კ.ნ–ს შორის 2017 წლის 24 იანვარს გაფორმებული იპოთეკის №CAH000197967 ხელშეკრულების 8.4 პუნქტის თანახმად, თუ იპოთეკის საგანზე გადახდევინების მიქცევით მიღებული სარგებელი (ბანკის საკუთრებაში გადასული იპოთეკის საგანი ან იპოთეკის საგნის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა) სრულად არ დაფარავდა უზრუნველყოფილ მოთხოვნებს და მოვალესთან გაფორმებული ხელშეკრულება სხვა რამეს არ ითვალისწინებდა, ბანკი უფლებამოსილი იყო მოთხოვნების სრულად დაკმაყოფილების მიზნით გადახდევინება მიექცია მოვალის ნებისმიერ ქონებაზე.

8. დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს სააპელაციო სასამართლომ მისცა შემდეგი სამართლებრივი შეფასება:

8.1. წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის ფარგლებში მხარეთა შორის სადავოა საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პროცენტის (17%), პირგასამტეხლოსა (203.55 ლარი) და მიუღებელი შემოსავლის (2018 წლის 24 დეკემბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველდღიური 7.93 ლარი) დაკისრების, ასევე, დავალიანების დაფარვის მიზნით ქონებების სარეალიზაციოდ მიქცევის მართლზომიერება.

8.2.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის თანახმად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით. ამავე კოდექსის 868-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.

8.2.2. მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული იქნა სესხის სარგებლობისათვის პროცენტი (17%), ძირითადი მოვალისა და სოლიდარული თავდები პირებისათვის სესხის ხელშეკრულების შეწყვეტამდე შეთანხმებული საპროცენტო სარგებელის გადახდა სრულად გამომდინარეობს სკ-ის 623-625-ე, 686-ე, 891-ე და 895-ე მუხლების მოთხოვნებიდან. შესაბამისად, ხელშეკრულების შეწყვეტამდე დარიცხული სარგებლის (პროცენტი) გადახდის დაკისრების ნაწილში პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება დასაბუთებულია და არ არსებობს ამ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი.

8.3.1. ხელშეკრულების შეწყვეტიდან ვალდებულების სრულად შესრულებამდე პერიოდზე, მიუღებელი შემოსავლის სახით ხელშეკრულებით შეთანხმებული საპროცენტო სარგებლის პროპორციულად ზიანის ანაზღაურების სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად პალატამ მიიჩნია სამოქალაქო კოდექსის 411-412-ე მუხლები, რომლის შესაბამისად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო ამასთან, ანაზღაურებას ექვემდებარება, მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს.

8.3.2. პალატამ მოიხმო საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა (საქმე №-ას-1385-1307-2012, 07.02.2013წ), რომლის თანახმად, მოსარჩელე არის რა საკრედიტო ორგანიზაცია, რომლის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს კრედიტის გაცემის გზით სარგებლის მიღება, ნებისმიერ მსესხებელთან საბანკო კრედიტის ხელშეკრულების გაფორმება ხდება სწორედ იმ მოლოდინით, რომ ბანკი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოგებას მიიღებს. აქედან გამომდინარე, დასაბუთებულია ვარაუდი იმისა, რომ კრედიტის მიმღების მიერ კრედიტის ვადაში დაბრუნების შემთხვევაში, კრედიტის გამცემი, მისი საქმიანობიდან გამომდინარე, დაბრუნებულ კრედიტს გამოიყენებდა სარგებლის მისაღებად, ხოლო კრედიტის დაუბრუნებლობით ან დაგვიანებით დაბრუნებით, მიადგება ზიანი მიუღებელი შემოსავლის სახით.

8.3.3. განსახილველ შემთხვევაში, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით განსაზღვრული იქნა წლიური საპროცენტო სარგებელი. ბანკის მხრიდან კრედიტის გაცემა სწორედ სარგებლის მიღებამ განაპირობა, თუმცა ბანკი მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, ვერც მის მიერ გაცემულ ფულად სახსრებს იბრუნებს შემდგომში მისი დაკრედიტებისთვის და ვერც სარგებელს ვეღარ იღებს. შესაბამისად, მოპასუხე მხარისათვის ცალსახად სავარაუდო და მოსალოდნელი იყო ყველა ის შედეგი (ზიანი), რაც კრედიტორთან მიმართებით მისი მხრიდან ვალდებულების შეუსრულებლობას შეიძლებოდა მოჰყოლოდა, ვინაიდან კრედიტის გამცემი ხელშეკრულების ფარგლებში კონკრეტული სარგებლის მიღებაზეა ორიენტირებული. ვინაიდან, მოვალემ არ შეასრულა ვალდებულება და არ გადაიხადა კრედიტი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში, მოსარჩელეს, როგორც კრედიტის გამცემს, უფლება აქვს, რომ მიუღებელი შემოსავლის სახით მოსთხოვოს მოპასუხეებს ხელშეკრულებით გათვალისწინებული საპროცენტო სარგებლის ტოლფასი ოდენობის ზიანის ანაზღაურება.

8.4.1. პირგასამტეხლოს ნაწილში მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად პალატამ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე და 418-ე მუხლები, რომელთა თანხმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.

8.4.2. პირგასამტეხლო დამატებითი (აქცესორული) ვალდებულებაა. იგი წარმოადგენს ძირითადი ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია ვალდებულების დარღვევასთან. პირგასამტეხლოს, როგორც პრევენციული, ისე სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის სამართლებრივი ბუნებიდან გამომდინარე, მისი გავრცელება ხდება სახელშეკრულებო ურთიერთობის იმ ნაწილზე, რა ნაწილშიც მოხდა ვალდებულების დარღვევა.

8.4.3. სადავოს არ წარმოადგენს ის ფაქტი, რომ მოვალემ ვალდებულება არ შეასრულა, არ გადაიხადა ძირითადი თანხა და მასზედ დარიცხული პროცენტი, რაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესული ნაწილით - ძირითადი თანხის ნაწილში, დაეკისრა კიდეც მოპასუხე მხარეს (აპელანტს). ამდენად, პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა, რომლითაც პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე მოთხოვნა საფუძვლიანად ჩაითვალა, დასაბუთებულია. აპელანტების მოთხოვნიდან გამომდინარე, იმ გარემოების შესაფასებლად, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დაკისრებული ოდენობით პირგასამტეხლო გონივრულია თუ არა, პალატამ მიუთითა, რომ მოპასუხის მიერ კრედიტის ძირი თანხის ნაწილში სადავო არ გამხდარა შეუსრულებელი ვალდებულების ოდენობა და არც ვადაგადაცილებული დღეების რაოდენობა, ამასთან, სარჩელით მოთხოვნილი პირგასამტეხლო დაანგარიშებული იყო ძირითადი თანხის - 17027,95 ლარის, 0,5%-ზე ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, რამაც მთელ ვადაგადაცილებულ პერიოდზე შეადგინა 2 035.50 ლარი. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით, მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლო შემცირდა 10-ჯერ და განისაზღვრა 203.55 ლარით, რაც, პალატის აზრით, მიჩნეულ იქნა გონივრულ ოდენობად.

8.5.1. რაც შეეხება დავალიანების დაფარვის მიზნით ქონებების სარეალიზაციოდ მიქცევის მართლზომიერებას, სამოქალაქო კოდექსის 286-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, უძრავი ნივთი შეიძლება ისე იქნეს გამოყენებული (დატვირთული) მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, რომ უზრუნველყოფილ კრედიტორს მიეცეს უფლება, სხვა კრედიტორებთან შედარებით პირველ რიგში მიიღოს თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილება ამ ნივთის რეალიზაციით ან მის საკუთრებაში გადაცემით (იპოთეკა).

8.5.2. ამავე კოდექსის 301-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, თუ მოვალე არ დააკმაყოფილებს მოთხოვნას, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, იპოთეკარი უფლებამოსილია, მოითხოვოს უძრავი ნივთის რეალიზაცია, თუ იპოთეკის ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ამავე მუხლის 11-ლი ნაწილის თანახმად, მოთხოვნა, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, დაკმაყოფილებულად ითვლება იმ შემთხვევაშიც, როდესაც იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა საკმარისი არ არის იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დასაფარავად, თუ კანონით ან მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი.

8.5.3. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ 2017 წლის 24 იანვრის გენერალური საკრედიტო ხაზის შესახებ №GCL000197950-3955061 ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით, 2017 წლის 24 იანვარს, ს.ს. „ს.ბ–სა“ და ნ.ნ–ს, რ.ნ–ს, მ.ნ–იას და კ.ნ–ს შორის გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულება №CAH000197967, რომლის თანახმადაც იპოთეკით დაიტვირთა ნ.ნ–ს, რ.ნ–ს, მ.ნ–იას და კ.ნ–ს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება მდებარე: მუნიციპალიტეტი ჩხოროწყუ, სოფელი ........., მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი ;;;;;;;. მხარეები ამავე იპოთეკის ხელშეკრულებით შეთანხმდნენ, რომ თუ იპოთეკის საგანზე გადახდევინების მიქცევით მიღებული სარგებელი (ბანკის საკუთრებაში გადასული იპოთეკის საგანი ან იპოთეკის საგნის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა) სრულად არ დაფარავდა უზრუნველყოფილ მოთხოვნებს და მოვალესთან გაფორმებული ხელშეკრულება სხვა რამეს არ ითვალისწინებდა, ბანკი უფლებამოსილი იყო მოთხოვნების სრულად დაკმაყოფილების მიზნით გადახდევინება მიექცია მოვალის ნებისმიერ ქონებაზე.

8.5.4. ამდენად, მხარეთა აღნიშნული შეთანხებიდან გამომდინარე, არსებობდა იპოთეკით უზრუნველყოფილი უძრავი ქონების სარეალიზაციოდ მიქცევის საფუძველი, ხოლო ამონაგები თანხით დავალიანების სრულად ვერ დაფარვის შემთხვევაში, აღსრულების მიქცევის საფუძველი მოვალეთა საკუთრებაში არსებულ სხვა ქონებებზე.

9. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ნ.ნ–მა, რ.ნ–მა, კ.ნ–მა, მ.ნ–იამ, გ.ქ–ვამ, მოითხოვეს მისი ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით პროცენტისა და მიუღებელი შემოსავლის დაკისრებაზე, აგრეთვე იპოთეკის საგნის რეალიზაციასა და მოპასუხეთა სხვა ქონების მიმართ იძულებითი აღსრულების განხორციელების შესახებ სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, შემდეგი საფუძვლებით:

9.1. კრედიტორს არ წარმოუდგენია სესხის დარჩენილი თანხის, პროცენტისა და პირგასამტეხლოს გაანგარიშების დამადასტურებელი უტყუარი მტკიცებულება, სასამართლო დაეყრდნო მის ზეპირსიტყვიერ განმარტებას და საწინააღმდეგოს მტკიცების ტვირთი უსაფუძვლოდ დააკისრა მოპასუხეებს.

9.2. პირველი ინსტანციის სასამართლოში მოსარჩელეს სასარჩელო მოთხოვნების ჩამოყალიბებისას გამორჩა იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების დაუყოვნებლივ სარეალიზაციოდ მიქცევისა და გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის მოთხოვნები და აღნიშნული მოითხოვა მხოლოდ გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ, რაც სასამართლოს მხრიდან დაკმაყოფილდა საპროცესო ნორმების უგულვებელყოფით.

9.3. სარგებლის გაანგარიშებები წარმოებულია ხელშეკრულების დარღვევიდან სარჩელის შეტანამდე პერიოდზე, თუმცა სასამართლოებმა არ გაითვალისწინეს, რომ კრედიტორს ხელშეკრულების დარღვევიდან 1 თვის ვადაში უნდა შეეწყვიტა ხელშეკრულება და სარჩელიც ამ ვადაში შეეტანა, თუმცა სარჩელი სასამართლოს წარედგინა 6 თვის დაგვიანებით _ 2018 წლის დეკემბრის თვეში.

9.4. მიუღებელი შემოსავალი გაანგარიშებულია სარჩელის შეტანიდან სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღებამდე პერიოდზე, რაშიც ნაწილობრივ ბრალი სასამართლოსაც მიუძღვის, ვინაიდან სარჩელი განხილულ იქნა ორი წლისა და სამი თვის შემდეგ, რითაც მოპასუხეთა ბრალის გარეშე გაიზარდა იმ დღეების რაოდენობა, რომელზედაც უნდა მომხდარიყო მიუღებელი შემოსავლის გაანგარიშება.

10. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული, შემდეგ გარემოებათა გამო:

11. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

12. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. საკასაციო სასამართლოს არ შეუძლია თავისი ინიციატივით შეამოწმოს საპროცესო დარღვევები, გარდა 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ” ქვეპუნქტში მითითებული ფაქტებისა.

13. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

14. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. კასატორებს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენიათ დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

15.1. უწინარეს ყოვლისა, საკასაციო პალატა მიზანშეწონილად მიიჩნევს, შეაფასოს საკასაციო პრეტენზიის იმ ნაწილის საფუძვლიანობა, რომლის თანახმადაც, მოსარჩელემ სარწმუნოდ ვერ დაადასტურა სასარჩელო მოთხოვნის მოცულობა.

15.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ფუძემდებლურ ღირებულებას წარმოადგენს შეჯიბრებითობის პრინციპი, რომელიც ასახულია მის მე-4 მუხლში შემდეგი შინაარსით: სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

15.3. 2007 წლის 28 დეკემბერს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში განხორციელებული ცვლილებების მიხედვით, მოპასუხის მიერ პასუხის (შესაგებლის) წარდგენა სავალდებულო ხასიათს ატარებს (საქართველოს 28.12.2007წ.-ის კანონი №5669-სსმ), რაც იმაში გამოიხატება, რომ აღნიშნული საპროცესო ვალდებულების შეუსრულებლობა მხარისათვის უარყოფით საპროცესოსამართლებრივ შედეგებს იწვევს. კერძოდ, სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები ითვლება შეუდავებლად და, შესაბამისად, დამტკიცებულად. სსსკ-ის 201-ე მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული შესაგებლის წარუდგენლობის ფაქტი თავისთავად განსაზღვრავს მტკიცების საგანს, რადგანაც მოსარჩელე თავისუფლდება სარჩელში მითითებული ფაქტების მტკიცებისაგან. აღნიშნული გარემოება დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის წინაპირობაცაა. საპროცესო კანონმდებლობით დადგენილია მოპასუხის მიერ კონკრეტული შესაგებლის წარდგენის ვალდებულება, კერძოდ, სსსკ-ის 201-ე მუხლის მე-4 ნაწილის შინაარსიდან გამომდინარე, დგინდება, რომ მოპასუხე უნდა შეედავოს მოსარჩელის გამართულ, დასაბუთებულ მოთხოვნას ანუ დავის გადაწყვეტისათვის სამართლებრივად მნიშვნელოვან ფაქტობრივ გარემოებებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები (და არა მისი სამართლებრივი შეხედულებები) დამტკიცებულად ითვლება (იხ. სუსგ. საქმეზე №ას-664-635-2016).

15.4. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ შესაგებელი მოპასუხის უფლების დაცვის უმთავრესი ინსტრუმენტია, რომლის ჯეროვნად გამოყენება განაპირობებს საქმის საბოლოო შედეგს. უმრავლეს შემთხვევაში, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების გამოტანისათვის საკმარისია საქმეში გამართული, არგუმენტირებული შესაგებლის არსებობა და საამისოდ შეგებებული სარჩელის აღძვრა არც არის საჭირო. შესაგებლის წარდგენის ვალდებულება მხარის მიერ დაძლეულად ვერ განიხილება, თუ იგი კვალიფიციურად, ამომწურავად და დასაბუთებულად არ ედავება მოსარჩელე მხარეს მის მიერ მოთხოვნის დასაფუძნებლად სარჩელში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებზე, აბსტრაქტული შესაგებელი, ფორმალური თვალსაზრისით, შესაძლოა, იყოს კიდეც წარდგენილი სასამართლოსათვის სწორ საპროცესო დროს, მაგრამ თუ მას არ შესწევს უნარი, კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს იმ გარემოებათა არსებობა, რომლებიც აფუძნებს სარჩელს, ამგვარი შესაგებლის პროცესუალური მნიშვნელობა უკიდურესად დაბალია და შემოიფარგლება უფლების დაცვის მხოლოდ იმ მასშტაბით, რომ აკავებს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანას. არასათანადო შესაგებელი აფერხებს მოპასუხის უფლებას სასარჩელო ფაქტებზე მოგვიანებით შედავებისა და მტკიცებულებების მოგვიანებით წარდგენის შესაძლებლობის თვალსაზრისით. (სსსკ 201-ე მუხლის მე-4-მე-5 ნაწილების თანახმად, თუ მოპასუხე არ ეთანხმება სარჩელში მოყვანილ რომელიმე გარემოებას, იგი ვალდებულია მიუთითოს ამის მიზეზი და დაასაბუთოს შესაბამისი არგუმენტაციით, წინააღმდეგ შემთხვევაში მას ერთმევა უფლება, შეასრულოს ასეთი მოქმედება საქმის არსებითად განხილვის დროს; მოპასუხე ვალდებულია, პასუხს დაურთოს მასში მითითებული ყველა მტკიცებულება. თუ მოპასუხეს საპატიო მიზეზით არ შეუძლია პასუხთან ერთად მტკიცებულებათა წარდგენა, იგი ვალდებულია, ამის შესახებ მიუთითოს პასუხში. წინააღმდეგ შემთხვევაში მოპასუხეს ერთმევა უფლება, შემდგომში წარადგინოს მტკიცებულებები. მოპასუხე უფლებამოსილია, მტკიცებულებათა წარდგენისათვის მოითხოვოს გონივრული ვადა).

15.5. განსახილველ შემთხვევაში, სასარჩელო მოთხოვნის ოდენობის დასაბუთების მიზნით, მოსარჩელემ სასამართლოში წარადგინა: სესხის დაფარვის გრაფიკი (ტ.1, ს.ფ. 40-41); ნაერთი ამონაწერი ნ.ნ–ის პირადი ანგარიშიდან (ტ.1, ს.ფ. 60-74); ნ.ნ–ის მიერ 2017 წლის 24 იანვრიდან 2018 წლის 02 აგვისტოს ჩათვლით წარმოებული სესხის დაფარვის ამონაწერი (იხ. ტ.1, ს.ფ. 75) და ინფორმაცია ს.ს. „ს.ბ–ი“-ს წინაშე ნ.ნ–ის არსებული ფინანსური ვალდებულებების შესახებ (ტ.1, ს.ფ. 76), რომლის თანახმადაც, 2018 წლის 19 დეკემბრის მდგომარეობით, №4145127 ხელშეკრულების ფარგლებში შეუსრულებელი ვალდებულების მოცულობა შეადგენს 21 323.74 ლარს, საიდანაც ძირი თანხის ოდენობაა 17 027.995 ლარი, დარიცხული პროცენტი _ 2 260.29 ლარი, დარიცხული პირგასამტეხლო _ 2035.50 ლარი. ამრიგად, მოსარჩელემ, საკუთარი მტკიცების ტვირთის ფარგლებში სასამართლოს მიუთითა მოთხოვნის ოდენობის განსაზღვრის საფუძველი, რამაც, შეჯიბრებითობის პრინციპის გათვალისწინებით, საწინააღმდეგოს მტკიცების ტვირთი გადაიტანა მოპასუხეთა მხარეს (იხ. სუსგ. საქმეზე №ას-827-2021, 03.12.2021წ). თუკი წარმოდგენილ გაანგარიშებას მოპასუხეები არ ეთანხმებოდნენ, მათ კონკრეტული შესაგებლის წარდგენის გზით, სასამართლოსთვის უნდა შეეთავაზებინათ ვალდებულების გაანგარიშების ალტერნატიული გზა, რათა გაექარწყლებინათ სასარჩელო მოთხოვნის მოცულობის დადგენის მიზნით წარმოდგენილი მტკიცებულებების იურიდიული ძალა. მოპასუხეთა მიერ შეჯიბრებითობის ფარგლებში მინიჭებული უფლების არაეფექტურმა გამოყენებამ განაპირობა დავალიანების ოდენობის შესახებ ფაქტობრივი გარემოების დადგენა სწორედ მოსარჩელის ახსნა-განმარტებასა და მტკიცებულებებზე დაყრდნობით, რაც შეესაბამება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მოთხოვნებს და ვერ იქნება განხილული პროცესუალურ დარღვევად.

16.1. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორებს მოსაზრებას მასზედ, რომ მოსარჩელემ დააყოვნა სარჩელის აღძვრა საპროცენტო სარგებლის უსაფუძვლოდ გაზრდის მოტივით, რის გამოც, მოთხოვნა ხელშეკრულების შეწყვეტამდე აკუმულირებულ სარგებელზე უსაფუძვლოდ უნდა იქნეს მიჩნეული. აღნიშნულის საწინააღმდეგოდ, საკასაციო პალატა უთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლზე, რომლის თანახმად, კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა.

16.2. ხელშეკრულების შეწყვეტა კრედიტორის უფლებაა და არა ვალდებულება. სსკ-ის 873-ე მუხლი წარმოადგენს კრედიტორის ინტერესების დამცავ აღმჭურველ ნორმას და საბანკო კრედიტის გამცემს ანიჭებს უფლებას, ვალდებულების დარღვევისას, შესაბამისი პირობების დაცვით მოშალოს ხელშეკრულება, თუმცა თავად უფლების არსიდან გამომდინარე, იგი არ შეიძლება გაიგივდეს ვალდებულებასთან და მისი გამოყენება, მხოლოდ უფლების მქონე პირის ნებაზეა დამოკიდებული - კრედიტის გამცემს შეუძლია მოითხოვოს ხელშეკრულების შეწყვეტა ან გააგრძელოს სახელშეკრულებო ურთიერთობა (იხ. სუსგ. საქმეზე №ას-145-135-2015, 23.04.2015წ). მითითებული ნორმა ეხება საბანკო-საკრედიტო ურთიერთობის შეწყვეტას კრედიტის არა მიმღების, არამედ გამცემის მიერ და ეს შესაძლებელია კანონიერი საფუძვლის არსებობისას. ასეთ საფუძვლად კი მიჩნეულია კრედიტის ამღების მხრიდან კრედიტის ნაწილის, სულ ცოტა, ორი ვადით გადახდის გადაცილება მაშინ, როცა ხელშეკრულებით გათვალისწინებულია კრედიტის ნაწილ-ნაწილ დაბრუნება განსაზღვრულ დროში (იხ. სუსგ. საქმეზე №ას-910-972-2014, 04.03.2015წ).

16.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის თანახმად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით. სასყიდლიანობა საბანკო კრედიტის ხელშეკრულების დამახასიათებელი თვისებაა, ამდენად, საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის პრეტენზიას საპროცენტო სარგებლის დაკისრების უმართებულობის შესახებ და განმარტავს, რომ საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით განსაზღვრული სარგებლის მოპასუხისათვის გადახდის ვალდებულება წარმოიშობა ხელშეკრულების ფარგლებში მიღებული კრედიტით სარგებლობის გამო. ამ სახის მოთხოვნის წარდგენის უფლება კი კრედიტის გამცემს აქვს სახელშეკრულებო მოთხოვნებისთვის გათვალისწინებული ხანდაზმულობის სამწლიან ვადაში. საკასაციო სასამართლო უსაფუძვლობის გამო ვერ გაიზიარებს კასატორის პრეტენზიას იმის შესახებ, რომ სარგებლის სახით მოპასუხისთვის დასაკისრებელი თანხის ოდენობის გაზრდას თავად მოსარჩელემ შეუწყო ხელი, რადგან მან სარჩელი არ წარადგინა მოთხოვნის წარმოშობისთანავე. სარჩელის მყისიერად წარდგენის ვალდებულება არ წარმოადგენს კრედიტორის არც კანონისმიერ და არც სახელშეკრულებო ვალდებულებას, ამასთან, ვალდებულების დარღვევიდან სარჩელის აღძვრამდე გასული დროის პერიოდი (8 თვე) არ განიხილება იმდენად ხანგრძლივ დროის მონაკვეთად, რომ იქმნებოდეს კრედიტორის არაკეთილსინდისიერების ვარაუდი.

16.4. სარჩელის წარდგენის გზით ხელშეკრულების შეწყვეტის შემდგომ კრედიტით სარგებლობა არ ქცეულა უსასყიდლოდ, არამედ საპროცენტო სარგებლის ტოლფასი ოდენობით მოთხოვნილ იქნა მიუღებელი შემოსავლის დაკისრება, ანუ შეიცვალა სარგებლის დარიცხვის სამართლებრივი საფუძველი და არა ოდენობა _ კრედიტით სარგებლობის ყოველი დღისათვის მიუღებელი შემოსავალი თანხობრივად იმავე ოდენობას უდრიდა, რასაც თავად საპროცენტო სარგებელი (სესხის გადაუხდელი ძირის _ 17 027.95 ლარზე 17%-ის ოდენობით წლიური საპროცენტო სარგებელი შეადგენს 2894.75 ლარს, რომელიც ყოველდღიურად (ე.ი. 365 დღეზე გაყოფით) შეადგენს სწორედ მიუღებელი შემოსავლის სახით მოთხოვნილ 7.93 ლარს). სარგებლისა და მიუღებელი შემოსავლის დარიცხვის ოდენობა დამოკიდებულია არა სარჩელის წარდგენისა და სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღების თარიღზე, არამედ მოვალის მიერ კრედიტორისათვის კრედიტად მიღებული თანხის უკან დაბრუნების მომენტზე. სარგებლის/მიუღებელი შემოსავლის დარიცხვის პერიოდი მოვალის მიერ ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობის პირდაპირპროპორციულია, ამდენად, უსაფუძვლოა ვალდებულების მოცულობის ზრდაში კრედიტორისა და სასამართლოს ბრალზე მითითება.

16.5. რაც შეეხება გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის შუამდგომლობის წარდგენის პროცედურასთან მიმართებით გამოხატულ პრეტენზიას, საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის 11 ნაწილზე, რომლის თანახმად, ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავებთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული ხელშეკრულებით.

16.6. რამდენადაც გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემა პროცესუალური და არა მატერიალურ-სამართლებრივი უფლებაა, მისი მოთხოვნა ხორციელდება არა სასარჩელო მოთხოვნად გაცხადების გზით, არამედ პროცესუალური შუამდგომლობის წარდგენის საფუძველზე. ამგვარ შუამდგომლობას შეიცავდა მოპასუხის სარჩელის შუამდგომლობების გრაფა (ტ.1, სარჩელის მე-8 გვერდი). ის გარემოება, რომ სასარჩელო მოთხოვნათა დაზუსტებისას ხსენებული შუამდგომლობა ხელახლა არ წარდგენილა, ხელს არ უშლიდა სასამართლოს, ემსჯელა შუამდგომლობის საფუძვლებზე, ვინაიდან, როგორც აღინიშნა, დაზუსტება შეეხო მხოლოდ სასარჩელო მოთხოვნებს და არა სარჩელში ასახულ შუამდგომლობებს.

16.7. სსსკ 269-ე მუხლის თანახმად, გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების საკითხი შეიძლება განხილულ იქნეს იმავე სხდომაზე, რომელზედაც გამოტანილი იქნება გადაწყვეტილება. თუ გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების საკითხი აღნიშნულ სხდომაზე არ იქნა განხილული, იგი განიხილება ზეპირი მოსმენის გარეშე. სხდომის ჩატარების შემთხვევაში მხარეებს ეცნობებათ მისი ჩატარების დრო და ადგილი, მაგრამ მათი გამოუცხადებლობა ვერ დააბრკოლებს სასამართლოს მიერ საკითხის განხილვასა და გადაწყვეტას. ამრიგად, დაუყოვნებლივ აღსრულებაზე მსჯელობა, შესაძლოა, თანადროული იყოს გადაწყვეტილების გამოტანისა, ან განხილულ იქნეს გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგაც, შესაბამისად, უსაფუძვლოა კასატორის მოსაზრება, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს, მოსარჩელის მიერ შესაბამისი შუამდგომლობის სარჩელში წერილობით ასახვის მიუხედავად, არ გააჩნდა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის საკითხზე მსჯელობის პროცესუალური უფლებამოსილება.

17. საგულისხმოა, რომ საკასაციო პრეტენზია წარდგენილი არ არის სადავო განჩინების იმ ნაწილზე, რომლითაც სააპელაციო პალატის მიერ დადგენილია პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლების არსებობა და მისი ოდენობა მიჩნეულია გონივრულად. საკასაციო საჩივარი არ შეიცავს რაიმე არსებით არგუმენტს გადაწყვეტილებით დადგენილი აღსრულების წესის (იპოთეკის საგნისა და მოვალეთა სხვა ქონების რეალიზაციის) კანონშეუსაბამობის შესახებ, ამრიგად, საკასაციო სასამართლო, გასაჩივრებული სასამართლო აქტის კანონიერების შემოწმებისას შეზღუდულია რა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის შინაარსით, ზემოაღნიშნულ საკითხებზე დამატებით აღარ იმსჯელებს.

18. ამრიგად, სააპელაციო სასამართლოს მხრიდან დავა გადაწყვეტილია არსებითად სწორად, ხოლო კასატორები ვერ უთითებენ სააპელაციო სასამართლოს მხრიდან დაშვებულ იმგვარ საპროცესო დარღვევებზე, რომლებსაც, შესაძლოა, ზეგავლენა ჰქონოდა საქმის საბოლოო შედეგზე. საკასაციო საჩივრიდან არ ვლინდება მისი დასაშვებობის არც სხვა რომელიმე საფუძველი. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.

19. კასატორები განთავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ პუნქტის შესაბამისად, ამდენად, სახელმწიფო ბაჟის დაბრუნებაზე მსჯელობის საპროცესო საფუძველი არ არსებობს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ნ.ნ–ის, რ.ნ–ის, კ.ნ–ის, მ.ნ–იასა და გ.ქ–ვას საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი

ამირან ძაბუნიძე

თეა ძიმისტარაშვილი