Facebook Twitter

15 თებერვალი 2023 წელი

№ას-658-2022 ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ამირან ძაბუნიძე

თეა ძიმისტარაშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი _ ნ.დ–ი

მოწინააღმდეგე მხარე _ შ.პ.ს. „შ.ი.გ.ჯ–ია“

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 23 მარტის განჩინება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი _ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესასრულებლად უძრავი ქონების საკუთრებაში გადაცემა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სასარჩელო მოთხოვნა:

1. ნ.დ–მა (შემდგომში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე“, „აპელანტი“, „კასატორი“) სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას მოპასუხე შ.პ.ს. „შ.ი.გ.ჯ–ია“-ს (შემდგომში მოხსენიებული, როგორც „მოპასუხე“, „მოწინააღმდეგე მხარე“) მიმართ, უძრავი ქონების, მდებარე: დუშეთის რაიონის სოფელ .......... 2000.00 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე ს/კ ...... არსებული რვასართულიანი სახლის მე-8 სართულზე მდებარე №802 ბინის მესაკუთრედ ცნობის მოთხოვნით.

სარჩელის საფუძვლები:

2.1. ნ.დ–სა და შ.პ.ს. „გ.ვ.დ“-ს შორის 2013 წლის 15 მაისს გაფორმდა ნასყიდობის წინარე ხელშეკრულება, რომლის თანახმად, შ.პ.ს. „გ.ვ.დ“-მა იკისრა ვალდებულება, უზრუნველეყო ნ.დ–ისათვის საკუთრების უფლების გადაცემა 29,8 კვ.მ. ფართზე, ნასყიდობის ფასის სრულად დაფარვისთანავე, საცხოვრებელი სახლის მე-8 სართულზე (შენობა №1) დუშეთის რაიონის სოფელ .........., ს/კ ...........

2.2. მოსარჩელემ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება შეასრულა ჯეროვნად, კერძოდ, 2013 წლის 21 ივნისს ს.ს. „თ.ბ–თან“ გააფორმა საკრედიტო ხელშეკრულება და ერთი თვის ვადაში სრულად გადაიხადა ნასყიდობის საფასური 28 310 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარებში 46 909.67 ლარი.

2.3. დუშეთის რაიონის სოფელ .......... მდებარე მიწის ნაკვეთი წარმოადგენდა ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა „გ–ი 2006“-ის საკუთრებას. გამყიდველი შ.პ.ს. „გ.ვ.დ“-ი იყო ამხანაგობის დამფუძნებელი წევრი, რომელიც აწარმოებდა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობას.

2.4. 2013 წლის ნასყიდობის ხელშეკრულების 4.4. მუხლის თანახმად, გამყიდველს მყიდველისათვის ნასყიდობის საგანზე საკუთრების უფლება უნდა გადაეცა ნასყიდობის საფასურის გადახდისთანავე და უზრუნველეყო ს.ს. „თ.ბ–ი“-ს მოთხოვნის უზრუნვესალყოფად ნასყიდობის საგანზე დადებული იპოთეკის მოხსნა, რაც არ განუხორციელებია.

2.5. 2015 წლის 25 დეკემბერს უძრავი ქონების მესაკუთრე ი.ბ.ა. „გ–ი -2006“-სა და ს.ს. „თ.ბ–ს“ შორის შედგა შეთანხმება იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების იპოთეკარის საკუთრებაში გადაცემის შესახებ, კრედიტორსა და მოვალე შ.პ.ს. „გ.ვ.დ“-ს შორის გაფორმებული საკრედიტო ხელშეკრულების პირობების დარღვევის გამო, რაზეც ამხანაგობის დამფუძნებელმა წევრებმა თანხმობა განაცხადეს. შეთანხმებაში უნდა დაფიქსირებულიყო ნ.დ–ის საკუთრების უფლება შეძენილ ბინაზე, შესაბამისად, კრედიტორ ბანკს ქონება უნდა გადასცემოდა მოსარჩელის კონკრეტული ფართის გარეშე. ბანკი არ წარმოადგენს კეთილსინდისიერ შემძენს, მისთვის ზუსტად იყო ცნობილი მოსარჩელის საკუთრების უფლებაზე, ვინაიდან სწორედ ს.ს. „თ.ბ–ი“-დან აიღო სესხი უძრავი ნივთის შესაძენად, ხოლო ნ.დ–ს საბანკო კრედიტის ხელშეკრულების დანართის (2475549-2361654) 1.2.1.1. პუნქტით წარმოეშვა ვალდებულება, არაუგვიანეს 2014 წლის 01 მარტისა, ნასყიდობის საგანი დაეტვირთა იპოთეკით ბანკის სასარგებლოდ.

2.6. 2018 წლის 17 დეკემბრის „უძრავი ქონების ვალდებულებით ნასყიდობის ხელშეკრულების“ საფუძველზე, ზემოაღნიშნული მიწის ნაკვეთი მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობით შეზღუდული საკუთრების უფლებით გადაეცა შ.პ.ს. „შ.ი.გ.ჯ–ია“-ს. ნასყიდობის ხელშეკრულების თანახმად, გამყიდველს ნასყიდობის საგანი მყიდველისათვის უნდა გადაეცა უფლებრივად და ნივთობრივად უნაკლო მდგომარეობაში. ხელშეკრულებით დადასტურებულია, რომ მყიდველი შ.პ.ს. „შ.ი.გ.ჯ–ია“ სრულად იცნობს ნასყიდობის საგანს, არ გააჩნია მის მიმართ არავითარი პრეტენზია და აცხადებს თანხმობას, რომ ნასყიდობის საგანს მიიღებს იმ მდგომარეობით, რაც მას აქვს ხელშეკრულების დადების მომენტში _ ე.ი. №802 ბინაზე ნ.დ–ის საკუთრების უფლების გათვალისწინებით. ამრიგად, მოსარჩელე შ.პ.ს. „შ.ი.გ.ჯ–ია“-ს მიიჩნევს შ.პ.ს. „გ.ვ.დ“-ის უფლებამონაცვლედ.

მოპასუხის პოზიცია:

3. მოპასუხემ წერილობითი შესაგებლით არ ცნო სარჩელი და მიუთითა, რომ მოპასუხე არ წარმოადგენს მოთხოვნის საფუძვლად მითითებული წინარე ნასყიდობის ხელშეკრულების სუბიექტს.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 14 აპრილის გადაწყვეტილებით, ნ.დ–ის სარჩელი მოპასუხე შ.პ.ს. „შ.ი.გ.ჯ–ია“-ს მიმართ არ დაკმაყოფილდა.

5. მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა ნ.დ–მა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.

სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 23 მარტის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

7. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

7.1. 2013 წლის 15 მაისს შ.პ.ს. „ G.W. D”-სა და ნ.დ–ს შორის დაიდო ნასყიდობის წინარე ხელშეკრულება, რომლის თანახმად, გამყიდველმა იკისრა ვალდებულება, გადაეცა მყიდველისათვის მომავალი უძრავი ქონება -საცხოვრებელი ფართი ქ. დუშეთის რაიონის სოფელ .......... მდებარე მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი .......) მშენებარე მრავალბინიან საცხოვრებელ სახლში, მე-8 სართულზე მდებარე ბინა №802 საერთო ფართით 29.8 კვ.მ., ხოლო მყიდველმა იკისრა ვალდებულება _ მიეღო ნასყიდობის საგანი და გადაეხადა მასში ხელშეკრულებით გათვალისწინებული ფასი. ხელშეკრულების 2.3. პუნქტის მიხედვით, მყიდველს ბინა უნდა ჩაბარებოდა 2013 წლის 30 დეკემბერს, გარემონტებულ მდგომარეობაში, მიყვანილი იმ სტადიაზე, რაც გათვალისწინებული იყო ამავე პუნქტით.

7.2. ხელშეკრულების 4.1. პუნქტის მიხედვით, „ქ. დუშეთის რაიონის სოფელ .......... მდებარე მიწის ნაკვეთი წარმოადგენს ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა „გ–ი 2006“-ის საკუთრებას“. 4.2. პუნქტის მიხედვით, შ.პ.ს. „ G.W. D” აწარმოებს მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობას ხელშეკრულების 4.1. პუნქტში მითითებულ მიწის ნაკვეთზე. ამავე მუხლის 4.3. პუნქტის თანახმად, გამყიდველი არის ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა „გ–ი 2006“-ის დამფუძნებელი წევრი. ხელშეკრულების 4.4. პუნქტის მიხედვით, ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა „გ–ი 2006“-ის დაფუძნების შესახებ 2006 წლის 1 სექტემბრის ხელშეკრულების თანახმად, გამყიდველს საკუთრებაში უნდა გადაეცეს საცხოვრებელი ფართები 4.1. და 4.2. პუნქტებით განსაზღვრულ საცხოვრებელ სახლში.

7.3. წინარე ნასყიდობის ხელშეკრულების 5.1. პუნქტის მიხედვით, ნასყიდობის ფასი შეადგენს 28 310 აშშ დოლარის ეკვივალენტს ეროვნულ ვალუტაში.

7.4. 2013 წლის 21 ივნისს ნ.დ–მა შ.პ.ს. „ G.W. D”-ს ჩაურიცხა 46 909.67 ლარი.

7.5. ს.ს. „თ.ბ–ი“-სა და ი.ბ.ა. „გ–ი 2006“-ის 2015 წლის 25 დეკემბრის შეთანხმების საფუძველზე, კრედიტორ ს.ს. „თ.ბ–სა“ და მოვალე შ.პ.ს. „გ.ვ.დ“-ს შორის გაფორმებული საკრედიტო პროდუქტებით მომსახურებისა და მის ფარგლებში გაფორმებული საბანკო კრედიტის ხელშეკრულებების დარღვევის გამო, მათ თანხმობა განაცხადეს, რომ 2012 წლის 31 ივლისის იპოთეკის ხელშეკრულებისა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-300 მუხლის საფუძველზე, იპოთეკით დატვირთული ქონება გადასულიყო კრედიტორ (იპოთეკარ) ს.ს. .„თ.ბ–ი“-ს საკუთრებაში და საჯარო რეესტრში დარეგისტრირებულიყო მის სახელზე.

7.6. 2018 წლის 17 დეკემბერს ს.ს. „თ.ბ–სა“ და შ.პ.ს „შ.ი.გ.ჯ–ია“-ს შორის გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, ზემოაღნიშნული ქონების მესაკუთრე გახდა მოპასუხე.

8. დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს სააპელაციო პალატამ მისცა შემდეგი შეფასება:

8.1. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმაა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის პირველი ნაწილი (ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს ვალდებულებას შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური).

8.2. შ.პ.ს. „ G.W. D”-მა იკისრა ვალდებულება, გადაეცა მყიდველისათვის მომავალი უძრავი ქონება - საცხოვრებელი ფართი ქ. დუშეთის რაიონის სოფელ .......... მდებარე მიწის ნაკვეთზე მშენებარე მრავალბინიან საცხოვრებელ სახლში, ხოლო მყიდველმა იკისრა ვალდებულება მიეღო ობიექტი და გადაეხადა მასში ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ფასი.

8.3. ხელშეკრულების მხარეებს წარმოადგენენ შ.პ.ს. „ G.W. D” და ნ.დ–ი, თუმცა აღნიშნული ხელშეკრულებიდან გამომდინარე, აპელანტი ვალდებულების შესრულებას ითხოვს შ.პ.ს. „შ.ი.გ.ჯ–ია“-სგან და მოთხოვნის საფუძვლად მიუთითებს, რომ შ.პ.ს. „შ.ი.გ.ჯ–ია“ წარმოადგენს შ.პ.ს. „ G.W. D”-ის უფლებამონაცვლეს.

8.4. აღნიშნული პოზიცია პალატამ არ გაიზიარა და განმარტა, რომ ვალდებულების შესრულების სუბიექტები არიან ის პირები, რომლებიც ასრულებენ ვალდებულებას ან იღებენ შესრულებას. ვალდებულების შესრულების სუბიექტები შეიძლება არ დაემთხვეს ვალდებულების სუბიექტებს. ვალდებულების სუბიექტები ყოველთვის არიან კრედიტორი და მოვალე, ვალდებულება კი მოვალის ნაცვლად შეიძლება შეასრულოს სხვა პირმა და შესრულება მიიღოს არა კრედიტორმა, არამედ სხვამ. როგორც წესი, მოვალე თვითონ (პირადად) ასრულებს ვალდებულებას, მაგრამ კრედიტორს შეიძლება შესრულება შესთავაზოს სხვა, მესამე პირმაც, რომელიც არ არის მოცემული ვალდებულებითი ურთიერთობის მონაწილე. ზოგჯერ კრედიტორისათვის სულერთია, თუ ვინ შეუსრულებს მას ვალდებულებას – მოვალე თუ მესამე პირი. მისთვის მთავარია მიიღოს შესაბამისი დაკმაყოფილება (მაგ. დაუბრუნდეს ვალი).

8.5. 06.04.2016 წლის საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, იპოთეკარ ს.ს. „თ.ბ–ს“ უძრავი ქონება საკადასტრო კოდით: .......... (ნაკვეთის წინა ს/კ ........) საკუთრებაში გადაეცა აღნიშნული ამონაწერის ვალდებულების გრაფაში უძრავი ნივთის მიმართ რაიმე ვალდებულების ან/და ან იპოთეკის დაფიქსირების გარეშე.

8.6. 2018 წლის 17 დეკემბერს ს.ს. „თ.ბ–სა“ და შ.პ.ს. „შ.ი.გ.ჯ–ია“-ს შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების 4.3. პუნქტის თანახმად: „გამყიდველი იღებს ვალდებულებას, რომ უფლებრივად უნაკლო მდგომარეობაში გადასცეს მყიდველს ნასყიდობის საგანი. კერძოდ, იმ მდგომარეობაში, რომ მასზე არცერთ მესამე პირს არ გააჩნდეს რაიმე სახის მოთხოვნის უფლება. ამასთანავე, საუბარია ისეთ მოთხოვნაზე, რომელიც მიმართულია გამყიდვლის მესაკუთრეობასთან“.

8.7. ამდენად, როგორც ს.ს. „თ.ბ–ს“, ხოლო ისე შ.პ.ს. „შ.ი.გ.ჯ–ია“-ს, უძრავი ქონება გადაეცათ ნივთობრივად და უფლებრივად თავისუფალი, შესაბამისად, შ.პ.ს. „შ.ი.გ.ჯ–ია“ არ წარმოადგენს ნ.დ–ის მიმართ ვალდებულ პირს და შ.პ.ს. „ G.W. D” -ის უფლებამონაცვლეს.

8.8. სამოქალაქო კოდექსი აღიარებს და ეფუძნება „p.s.s-ს“ (ხელშეკრულება უნდა შესრულდეს) პრინციპს, რომლის თანახმად ხელშეკრულების მხარემ, რომელმაც იკისრა ვალდებულება, უნდა შეასრულოს ხელშეკრულებით მისივე ნებით შეთანხმებული უფლება-მოვალეობები. მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხეს მოსარჩელის მიმართ არანაირი ვალდებულება არ უკისრია და არც უფლებამონაცვლეობის სამართლებრივი საფუძვლები არ გამოვლენილა.

9. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ნ.დ–მა და მოითხოვა სარჩელის დაკმაყოფილება ახალი გადაწყვეტილების მიღების გზით, შემდეგ გარემოებათა გამო:

9.1. სააპელაციო სასამართლომ შეფასების გარეშე დატოვა ის ფაქტობრივი გარემოება, რომ ს.ს. „თ.ბ–ი“-სთვის ცნობილი იყო მოსარჩელის საკუთრების შესახებ, ვინაიდან ნასყიდობის საგნის შეძენის მიზნობრიობით ამავე ბანკისგან იქნა გაცემული სესხი, ხოლო სადავო ბინა მოთხოვნის უზრუნველსაყოფად დაიტვირთა იპოთეკით; სასამართლომ შეფასების გარეშე დატოვა ს.ს. „თ.ბ–სა“ და მოპასუხეს შორის დადებული ხელშეკრულების 4.1. მუხლის შინაარსი, რომლითაც უტყუარად დგინდება, რომ მყიდველი სრულად იცნობდა ნასყიდობის საგანსა და მის ხარისხობრივ-თვისობრივ თუ სამართლებრივ მდგომარეობას და არ გააჩნდა არავითარი პრეტენზია, შესაბამისად, მყიდველმა განაცხადა წინასწარი თანხმობა, რომ ნასყიდობის საგანი მიეღო იმ უფლებრივი თუ ნივთობივი ნაკლით, რაც მას გააჩნდა ნასყიდობის ხელშეკრულების დადების მომენტისთვის; ამავე ხელშეკრულების 6.2.3. მუხლის შესაბამისად, ბანკის მიმართ ნაკისრი ვალდებულების სრულად შესრულებამდე, მყიდველი მოიპოვებს შეზღუდული საკუთრების უფლებას და ნებისმიერ მისთვის სასურველ ტრანზაქციას განახორციელებს ბანკის წინასწარი თანხმობით. ხსენებულ პუნქტებზე დაყრდნობით სასამართლოს უნდა დაედგინა, რომ მოპასუხე გამყიდველი ბანკისაგან ინფორმირებული იყო უძრავი ქონების სამართთლებრივი მდგომარეობისა და ნ.დ–ის მიმართ არსებული ვალდებულების შესახებ. სასამართლომ მიღებული გადაწყვეტილებით უგულებელჰყო უფლებამონაცვლეობის ინსტიტუტი, სსკ 198-ე მუხლის დათქმა უფლებებისა და მოთხოვნების ახალ მფლობელზე ისეთივე სახით გადასვლის შესახებ, როგორიც ძველი მფლობელის ხელში იყვნენ და გამორიცხა როგორც შ.პ.ს. „გ.ვ.დ“-ის უფლებამონაცვლედ ბანკის ცნობის, ისე ბანკის უფლებამონაცვლედ შ.პ.ს. „შ.ი.გ.ჯ–ია“-ს ცნობის შესაძლებლობა. ამასთან, თუ მიიჩნევდა, რომ სარჩელი არასათანადო მოპასუხის მიმართ იყო აღძრული, სასამართლოს უნდა ეხელმძღვანელა სსსკ 85-ე მუხლით და მოსარჩელისთვის შეეთავაზებინა დასახელებული მოპასუხის შეცვლა სათანადო მოპასუხით.

10. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული, შემდეგ გარემოებათა გამო:

11.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

11.2. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატის შეფასებით, კასატორმა სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტების საწინააღმდეგოდ ვერ წარადგინა დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია.

12.1. უპირველეს ყოვლისა, პალატა მნიშვნელოვნად მიიჩნევს, წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი შეამოწმოს მითითებული ნორმის „ე“ ქვეპუნქტის ფარგლებში აპელირებული იმ საპროცესო დარღვევის კონტექსტში, რომელიც, კასატორის მოსაზრებით, უკავშირდება არასათანადო მხარის ჩანაცვლების ინსტიტუტის არასწორ განმარტებასა და გამოყენებას.

12.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 85-ე მუხლის თანახმად, თუ საქმის განხილვისას სასამართლო დაადგენს, რომ სარჩელი აღძრულია არა იმ პირის წინააღმდეგ, რომელმაც პასუხი უნდა აგოს სარჩელზე, მას შეუძლია მოსარჩელის თანხმობით შეცვალოს თავდაპირველი მოპასუხე სათანადო მოპასუხით. თუ მოსარჩელე არ არის თანახმა თავდაპირველი მოპასუხის სათანადო მოპასუხით შეცვლაზე, სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით უარს ეტყვის მოსარჩელეს სარჩელის დაკმაყოფილებაზე.

12.3. საკასაციო პალატას არაერთ განჩინებაში განუმარტავს ციტირებული ნორმის შინაარსი, რომ სასამართლოს მიერ საქმეში არასათანადო მოპასუხის მონაწილეობის დადგენისას, სასამართლოს შეუძლია, შეცვალოს იგი სათანადო მოპასუხით. მითითებული საპროცესო მოქმედების განხორციელება დაკავშირებულია სასამართლო განხილვის ეკონომიასთან და მეტად ეფექტური მექანიზმია დავის სწრაფად განსახილველად, ზემოაღნიშნული ნორმა სასამართლოს ავალდებულებს გამოარკვიოს სამართლებრივი თვალსაზრისით სწორად აირჩია თუ არა მოსარჩელემ ის პირი (მოპასუხე), რომელსაც თავისი დარღვეული უფლების აღდგენა უნდა მოსთხოვოს, რათა დავაში ჩაბმული არ აღმოჩნდეს და მოპასუხის საპროცესო მოვალეობანი არ დაეკისროს ისეთ პირს, რომელსაც მოსარჩელის კანონიერ უფლებებთან კავშირი არ გააჩნია (იხ. სუსგ. №ას-825-791-2016 12.06.2017წ).

12.4. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ დისპოზიციურობა სამოქალაქო საპროცესო სამართლის ერთ-ერთი ფუძემდებლური პრინციპია, მის კონკრეტულ გამოხატულებას წარმოადგენს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 178-ე მუხლის დანაწესი, რომელიც ადგენს სარჩელის შინაარსობრივ მოთხოვნებს და მოსარჩელისაგან მოითხოვს, რომ მან სარჩელში აღნიშნოს დავის საგანი, მოთხოვნა, ფაქტობრივი გარემოებები, მოპასუხე და სხვა. სწორედ დისპოზიციურობის პრინციპიდან გამომდინარე, მოსარჩელე თავად წყვეტს ვის მიმართ წარადგინოს პრეტენზია თავისი დარღვეული ან სადავოდ ქცეული უფლების დაცვის შესახებ (იხ. სუსგ. №ას-1338-1258-2017, 29.11.2017წ; №ას-158-158-2018, 23.02.2018წ), ხოლო არასათანადო მოპასუხის სათანადოთი შეცვლის შესაძლებლობას საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი ითვალისწინებს, როგორც სასამართლოს უფლებას და არა ვალდებულებას (იხ. სუსგ. №ას-312-2019, 22.06.2021წ).

12.5. სასამართლო არ არის უფლებამოსილი ჩაერიოს მოსარჩელის დისპოზიციურ უფლებაში და თავისი ინიციატივით შეცვალოს არასათანადო მოპასუხე. მოსამართლის ამგვარი ქმედება ჩაითვლება მხარის უფლების შეზღუდვად - თავად აირჩიოს საკუთარ სასარჩელო მოთხოვნაზე პასუხისმგებელი სუბიექტი (მოპასუხე). სასამართლო უფლებამოსილია მოსარჩელეს მხოლოდ შესთავაზოს არასათანადო მოპასუხის სათანადოთი შეცვლა. სათანადო მოპასუხის სტატუსით სამართალწარმოებაში მხარის შემოსაყვანად მოსარჩელის თანხმობაა საჭირო. ხოლო, თუ მოსარჩელე არასათანადო მოპასუხის სათანადო მოპასუხით შეცვლას არ დაეთანხმა, სასამართლო სარჩელს არ დააკმაყოფილებს (იხ. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის კომენტარი, რჩეული მუხლები, თბილისი 2020, გვ. 58-59).

12.6. საკანონმდებლო ჩანაწერი „მოსამართლეს შეუძლია“, არ უნდა განიმარტოს მოსამართლის უანგარიშგებო დისკრეციად სათანადო მოპასუხის ჩართვის საკითხის გადაწყვეტისას და არც უპირობო ვალდებულებად ამავე საპროცესო მოქმედების შესრულებაზე. ნორმაში გამოყენებული ტერმინი „შეუძლია“ გულისხმობს საქმის მასალებიდან გამომდინარე მოსამართლის შესაძლებლობას, შეცვალოს არასათანადო მხარე სათანადო მხარით. ამ ღონისძიებათა გატარება დაკავშირებულია საქმის დროულად განხილვასა და ასევე, სამართლიანი და კანონიერი გადაწყვეტილების მიღებასთან. მხარეთა შეცვლისას მოსამართლე უნდა მოქმედებდეს საქმის ინტერესებიდან გამომდინარე და არა მისი სურვილის შესაბამისად...თუ საქმის მასალებით ცალსახად დგინდება სათანადო მხარის არსებობა და მისი საქმეში ჩართვა არ არის დაკავშირებული გარკვეულ პროცესუალურ სირთულეებთან, მოსამართლე ვალდებულია, საქმეში ჩართოს სათანადო მხარე (იხ. სუსგ. №ას-522-496-2013, 25.12.2014წ).

12.7. ამრიგად, მოპასუხის ჩანაცვლების საკითხი მოსამართლემ უნდა წამოჭრას საქმის, და უპირველესად, მოსარჩელის ინტერესების მხედველობაში მიღებით, ვინაიდან სასარჩელო წარმოება სწორედ მოსარჩელის დარღვეული ან სადავოდ ქცეული უფლების აღდგენის საშუალებაა და უწინარესად მისი ინტერესია შედეგზე ორიენტირებული მართლმსაჯულების წარმოება.

12.8. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენდა დუშეთის რაიონის სოფელ .......... მდებარე მიწის ნაკვეთზე (ს/კ ......) არსებულ შენობა-ნაგებობის მე-8 სართულზე მდებარე 29.8 კვ.მ. ფართის №802 ბინის მესაკუთრედ ცნობა და არა მასში გადახდილი საფასურის დაბრუნება. ხსენებული მოთხოვნის რეალიზაციის ერთადერთ გზას წარმოადგენდა, არსებული მდგომარეობით, ქონების მესაკუთრედ აღრიცხული პირის მოპასუხედ დასახელება, ვინაიდან როგორც პროცესუალურად, ისე მატერიალურ-სამართლებრივად დაუშვებელია საკუთრების უფლებაზე დავა იმ პირთან, რომელსაც ასეთი უფლება აღარ გააჩნია, ესე იგი, ყოფილ მესაკუთრეთა წინააღმდეგ მესაკუთრედ ცნობის სარჩელის აღძვრა სარჩელით დასახულ მიზანს იმთავითვე განუხორციელებლად აქცევდა. ამრიგად, იმ სასარჩელო მოთხოვნის გათვალისწინებით, რომელიც მოსარჩელეს ჰქონდა გაცხადებული, სათანადო მოპასუხეს სწორედ შ.პ.ს. „შ.ი.გ.ჯ–ია“ წარმოადგენდა. სამოქალაქო სამართალწარმოებისთვის დამახასიათებელი დისპოზიციურობის პრინციპი ზღუდავს სასამართლოს, მოსარჩელეს შესთავაზოს მოთხოვნის ტრანსფორმირება, შესაბამისად, სასამართლომ სარჩელი განიხილა გაცხადებული სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებში, რომლის საფუძვლიანობის შეფასების მიზნებისათვის, მოპასუხე დასახელებული იყო სწორად.

13.1. რაც შეეხება უშუალოდ სარჩელის პერსპექტივას, საკასაციო პალატა უწინარესად აღნიშნავს, რომ პროცესუალური უფლებამონაცვლეობის დადგენის წინაპირობას ყოველთვის წარმოადგენს სადავო სამართალურთიერთობაში მატერიალური სამართლით გათვალისწინებული უფლებამონაცვლეობა. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის მოთხოვნის დამფუძნებელ ნორმად მითითება იმთავითვე არასწორია, ვინაიდან პროცესში მონაწილე მხარის (მესამე პირის) სხვა პირით ჩანაცვლების საპროცესო წესი არის მექანიზმი, თუ როგორ უნდა ჩანაცვლდეს პროცესის მონაწილედ დასახელებული პირი სამართალწარმოებაში სხვა პირით მაშინ, როდესაც სადავო მოთხოვნა თუ ვალდებულება სამართლის მატერიალურმა ნორმამ უკვე სხვა სუბიექტის უფლება-მოვალეობათა სფეროს მიაკუთვნა.

13.2. ამრიგად, არის თუ არა მოპასუხედ ნომინირებული პირი ნ.დ–ის წინაშე შ.პ.ს. „გ.ვ.დ“-ის მიერ ნაკისრი და დარღვეული ვალდებულების შესრულებაზე პასუხისმგებელი პირი, პასუხი უნდა გასცეს მხოლოდ და მხოლოდ მატერიალურმა სამართალმა.

13.3. ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა-არარსებობის გამორკვევის მიზნებისათვის, უწინარეს ყოვლისა, იდენტიფიცირებულნი უნდა იყვნენ სამართალურთიერთობის სუბიექტები.

13.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის თანახმად, გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ.

13.5. ამავე კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. ამავე მუხლის მეორე ნაწილი კი განსაზღვრავს, რომ არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ.

13.6. სამართლებრივი შედეგის დადგომის მიზნით ერთზე მეტი პირის თანაქმედება ხელშეკრულებაა. თანაქმედების სუბიექტები ხელშეკრულების დადებით, განსაზღვრული, ერთიანი მიზნის მიღწევას უნდა ემსახურებოდნენ, შესაბამისად, ერთზე მეტი პირის ნების გამოვლენა ხელშეკრულებად (გარიგებად) იქცევა მხოლოდ მაშინ, როცა ნების გამომვლენისა და მიმღების ნება სამართლებრივი შედეგის დადგომაზე ურთიერთმფარავია, ესე იგი, ყველა არსებით პირობაზე მიღწეულია შეთანხმება.

13.7. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც. აღნიშნული დეფინიცია ქმნის ვალდებულებითი სამართლის არსს და მიუთითებს, რომ სხვა პირისგან რაიმეს მოთხოვნისათვის აუცილებელია ვარგისი სამართლებრივი საფუძველი - ვალდებულება. მისი წარმოშობის საფუძველი კი, უზოგადესი დაყოფით, შეიძლება იყოს სახელშეკრულებო ან არასახელშეკრულებო _ დელიქტი, უსაფუძვლო გამდიდრება ან სხვა კანონისმიერი ვალდებულება (სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილი).

13.8. განსახილველ შემთხვევაში, კასატორის (მოსარჩელის) მოთხოვნაა მოპასუხისთვის სახელშეკრულებო ვალდებულების დაკისრება, რისი წინაპირობაც მხარეთა შორის გარიგებისმიერი ურთიერთობის დადგენაა. საკასაციო პრეტენზიის ფარგლებში სასამართლოს შეფასების საგანია სახელშეკრულებო ურთიერთობის სუბიექტთა წრის განსაზღვრა.

13.9. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

13.10. საქმეში წარმოდგენილი ნარდობის ხელშეკრულების (რომელიც სახელდებულია, როგორც წინარე ნასყიდობის ხელშეკრულება) თანახმად, მომავალი უძრავი ქონების საკუთრებაში გადაცემის ვალდებულება საფასურის გადახდის სანაცვლოდ ნ.დ–ის წინაშე მისმა ხელშემკვრელმა _ შ.პ.ს. „ G.W. D”-მა. ამავე ხელშეკრულების 4.1.-4.4. პუნქტების ანალიზის შედეგად საკასაციო პალატა ასკვნის, რომ ნ.დ–ის მიერ შეძენილი ბინა სამომავლო ქონება იყო არამარტო იმ თვალსაზრისით, რომ იგი დასრულებული, განივთებული ფორმით ხელშეკრულების დადების ეტაპზე არ არსებობდა (არამედ, ამავე ხელშეკრულების 2.3. პუნქტის თანახმად, ასეთად უნდა ქცეულიყო არაუგვიანეს 2013 წლის 30 დეკემბრისა), არამედ იმ მიზეზითაც, რომ მასზე საკუთრების უფლება ი.ბ.ა. „გ–ი 2006“-ს მისი დამფუძნებელი წევრისათვის _ ნ.დ–ის ხელშემკვრელი სუბიექტისათვის უნდა გადაეცა ამხანაგობის დაფუძნების შესახებ 2006 წლის 01 სექტემბრის ხელშეკრულებით გათვალისწინებული წესითა და პირობებით, მომავალში.

13.11. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 90-ე მუხლის თანახმად, პირობითად ითვლება გარიგება, როდესაც იგი დამოკიდებულია სამომავლო და უცნობ მოვლენაზე იმით, რომ ან გარიგების შესრულების გადადება ხდება მის დადგომამდე, ანდა გარიგების შეწყვეტა – ამ მოვლენის დადგომისთანავე. ამავე კოდექსის 368-ე მუხლის თანახმად, თუ გარიგების ნამდვილობა დამოკიდებულია რაიმე პირობის დადგომაზე, მაშინ ვალდებულება შესასრულებელია იმ დღიდან, როდესაც ეს პირობა დგება.

13.12. ამავე კოდექსის 93-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, თუ გარიგება დადებულია იმ პირობით, რომ რაიმე მოვლენა დადგება განსაზღვრულ ვადაში, მაშინ პირობა ძალადაკარგულად ითვლება, თუკი ეს ვადა გავიდა და მოვლენა არ დადგა; თუ ვადა არ არის განსაზღვრული, მაშინ პირობა შეიძლება შესრულდეს ნებისმიერ დროს. პირობა შეიძლება ძალადაკარგულად იქნეს მიჩნეული, როცა აშკარაა, რომ მოვლენის დადგომა უკვე შეუძლებელია.

13.13. დავას არ იწვევს ის გარემოება, რომ ს.ს. „თ.ბ–ი“-ს, როგორც იპოთეკარის საკუთრებაში .......... საკადასტრო კოდის (ნაკვეთის წინა ს/კ ..........) მქონე მიწის ნაკვეთი მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობით ისე გადავიდა, რომ მასზე არც მთლიანად და არც ნაწილობრივ, (მათ შორის, არც ნ.დ–ის ბინაზე) შ.პ.ს. „ G.W. D”-ის საკუთრება არ წარმოშობილა, ესე იგი, 2013 წლის 15 მაისის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობა ნასყიდობის (ნარდობის) საგანზე შ.პ.ს. „ G.W. D”-ის საკუთრების უფლების წარმოშობის სახით (რაც, თავისთავად ცხადია, წინაპირობას წარმოადგენდა შემდგომში ამავე ქონების შ.პ.ს. „ G.W. D”-ის მიერ ნ.დ–ის საკუთრებაში გადაცემისათვის) არ დამდგარა, არამედ .......... საკადასტრო კოდის (წინა ს/კ ..........) მქონე მიწის ნაკვეთისა და მასზე არსებული შენობა-ნაგებობის იპოთეკარის საკუთრებაში გადასვლით 15.05.2013 წლის ხელშეკრულებით დათქმული პირობის დადგომა გახდა შეუძლებელი. საგულისხმოა, რომ იპოთეკის საგნის იპოთეკარის საკუთრებაში გადასვლის შესახებ ს.ს. „თ.ბ–სა“ და ი.ბ.ა. „გ–ი 2006“-ის შეთანხმებაში რაიმე დათქმა ამხანაგობის ან და მისი დამფუძნებელი წევრების მიერ მესამე პირების წინაშე ნაკისრ ვალდებულებათა მიმართ ბანკის პასუხისმგებლობაზე არ გათვალისწინებულა.

13.14. საკასაციო პალატა ხაზგასმით მიუთითებს, რომ მოვლენათა განვითარების ჯაჭვში ს.ს. „თ.ბ–ი“-ს კეთილსინდისიერების შეფასება (და, შესაბამისად, ბანკის პასუხისმგებლობის ფარგლების კვლევა) დაუშვებელია, რამდენადაც იგი მოსარჩელეს არ ჩაურთავს წინამდებარე დავაში არც მოპასუხის და არც მესამე პირის პროცესუალური სტატუსით და ამასთან, საკუთრების უფლება სადავო ქონებაზე აღარ ეკუთვნის ბანკს.

13.15. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში - სსკ) 312-ე მუხლის პირველი ნაწილით, რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. საჯარო რეესტრის ჩანაწერების მიმართ მოქმედი უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფციის მიზანია სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეთა ინტერესების დაცვა და სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობის უზრუნველყოფა. უძრავ ქონებაზე რეგისტრირებული უფლება მანამდე ითვლება კანონიერად, უტყუარად და სრულად, ვიდრე პრეზუმირებული ფაქტის უსწორობა არ დამტკიცდება.

13.16. განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხის მიერ ს.ს. „თ.ბ–ი“-საგან უძრავი ნივთის შეძენის ეტაპზე .......... საკადასტრო კოდის (ნაკვეთის წინა ს/კ ..........) მქონე მიწის ნაკვეთზე არ ფიქსირდებოდა სხვა პირთა სანივთო თუ ვალდებულებითი უფლებები ამავე ნივთის მიმართ (იხ. ტ.1, 69-70). შ.პ.ს. „შ.ი.გ.ჯ–ია“-მ მიწის ნაკვეთი შეიძინა ნასყიდობის საფასურის ნაწილ-ნაწილ გადახდის პირობით. ამავე ხელშეკრულების 2.3. პუნქტის თანახმადვე, ნასყიდობის საგანზე შეზღუდული საკუთრების უფლების წარმოშობა განაპირობა ამავე ხელშეკრულების 3.1. და 3.2. პუნქტებით (ნასყიდობის ფასის გადახდის პირობა) და 6.2.2. პუნქტით (ნასყიდობის საგნის ბანკის სასარგებლოდ იპოთეკით დატვირთვის პირობა) გათვალისწინებული პირობების შესრულების გადავადებამ და არა მესამე პირთა წინაშე რაიმე მოქმედების შესრულების სავალდებულოობამ. ამავდროულად, ხელშეკრულების 4.3. პუნქტში გამყიდველმა მყიდველის წინაშე იკისრა უფლებრივად უნაკლო ნივთის გადაცემის ვალდებულება, რაც დაკონკრეტდა იმ სამართლებრივ მდგომარეობად, რომ მასზე არცერთ მესამე პირს არ უნდა ჰქონოდა რაიმე სახის მოთხოვნის უფლება, მათ შორის, ისეთი მოთხოვნა, რომელიც მიმართული იქნებოდა გამყიდველის მესაკუთრეობასთან.

13.17. ამრიგად, ხელშეკრულების 4.1. პუნქტით გათვალისწინებული პირობა, რომ მყიდველი იცნობს ნასყიდობის საგნის უფლებრივ მდგომარეობას, არავითარი პრეტენზია არ გააჩნია მასზე და ნასყიდობის საგანს იღებს იმ უფლებრივ მდგომარეობაში, როგორიც მას აქვს ხელშეკრულების დადების მომენტში, მთლიანად არის განპირობებული იმ გარემოებით, რომ გამყიდველმა მყიდველის წინაშე აიღო ნასყიდობის საგნის უფლებრივი უნაკლოობის ვალდებულება, რასაც მოწმობდა საჯარო რეესტრიდან ნასყიდობის საგნის ამონაწერიც.

13.18. ამრიგად, შ.პ.ს. „შ.ი.გ.ჯ–ია“ არ შეიძლება განიხილებოდეს არც ს.ს. „თ.ბ–ი“-ს, არც ი.ბ.ა. „გ–ი 2006“-ს და არც შ.პ.ს. „ G.W. D”-ის კრედიტორების წინაშე პასუხისმგებელ პირად, რამეთუ მასზე სხვა პირთა ვალდებულებების გადასვლის არც კანონისმიერი და არც სახელშეკრულებო საფუძველი არ წარმოშობილა.

13.19. რაც შეეხება კასატორის მიერ საკუთარი მოთხოვნის დასაფუძნებლად მოხმობილ სსსკ 198-ე მუხლს, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ აღნიშნული ნორმა აწესრიგებს მოთხოვნებისა და უფლებების და არა ვალდებულებების გადაცემის წესებს. განსახილველი დავა ეხება ნ.დ–ის მიმართ შ.პ.ს. „ G.W. D”-ის ნაკისრი ვალდებულების (საკუთრების უფლების გადაცემის) შესრულებაზე პასუხისმგებელი სუბიექტის განსაზღვრას, ამდენად, დავისათვის რელევანტურია არა უფლებებისა და მოთხოვნების სხვა პირისათვის გადაცემის მომწესრიგებელი ნორმები, არამედ ვალის გადაკისრების ინსტიტუტი, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 203-ე და 204-ე მუხლები, რომლის თანახმად, 1. მოთხოვნის მფლობელთან დადებული ხელშეკრულებით ვალი შეიძლება თავის თავზე აიღოს მესამე პირმაც (ვალის გადაკისრება). ასეთ შემთხვევაში მესამე პირი დაიკავებს თავდაპირველი მოვალის ადგილს; 2. თავდაპირველ მოვალეს უფლება აქვს არ დაეთანხმოს მოთხოვნის მფლობელისა და მესამე პირის ამ შეთანხმებას და თვითონ გადაიხადოს ვალი; 3. მოთხოვნის მფლობელის თანხმობა ვალის გადაკისრებისას თუ ვალის გადაკისრებაზე მესამე პირი და მოვალე შეთანხმდნენ, მისი გადაკისრების ნამდვილობა მოთხოვნის მფლობელის თანხმობაზეა დამოკიდებული. ამ წესიდან გამონაკლისი შემთხვევები დგინდება კანონით.

13.20. ამრიგად, ხსენებული ნორმები ერთმნიშვნელოვნად მიუთითებს, რომ მესამე პირის მიერ მოვალის ვალდებულების საკუთარ თავზე ასაღებად საჭიროა მესამე პირის ნების გამოვლენა. ასეთი ნების მოვალის ან კრედიტორის წინაშე გამოვლენის დამადასტურებელი მტკიცებულება წინამდებარე საქმის მასალებში არ მოიპოვება. ამავდროულად, ქონების ამჟამინდელი მესაკუთრის წინაშე გაცხადებული საკუთრების უფლების გადაცემის მოთხოვნის უპერსპექტივობა ხელს არ უშლის კასატორს, ხელახალი დავის ინიცირებით მისი უშუალო კონტრაჰენტისგან მოითხოვოს ხელშეკრულების შეუსრულებლობის გამო გადაცემულის უკან დაბრუნება ან/და ზიანის ანაზღაურება.

14. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.

15. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამრიგად, ნ.დ–ს უნდა დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 4005.70 ლარის 70%, რაც შეადგენს 2803.99 ლარს.

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ნ.დ–ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.

2. ნ.დ–ს (პ/ნ ......) დაუბრუნდეს ნ.გ–ის (პ/ნ ......) მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის – 4005.70 ლარის (საგადახდო დავალება №0, გადახდის თარიღი: 15.09.2022წ, გადამხდელის ბანკი - ს.ს. „თ.ბ–ი“) 70% – 2803.99 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150).

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი

ამირან ძაბუნიძე

თეა ძიმისტარაშვილი