15 მარტი, 2023 წელი №ას-193-2022 ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ამირან ძაბუნიძე
თეა ძიმისტარაშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი _ საქართველოს პროკურატურა
მოწინააღმდეგე მხარე _ უ.ს.ფ. „ბ.ქ“
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 24 დეკემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი _ პირგასამტეხლოს შემცირება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. უ.ს.ფ. „ბ.ქ“-მა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე - საქართველოს პროკურატურის მიმართ, პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ.
2. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 28 ოქტომბრის გადაწყვეტილებით - სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. შემცირდა შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო და მისი ოდენობა განისაზღვრა შეუსრულებელი ვალდებულების ღირებულების - 288 798.58 ლარის 0.2%-ით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, რაც 7 დღეზე - 4042 ლარია. ამავე გადაწყვეტილებით, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა პირგასამტეხლოს შემცირების შედეგად სხვაობა - 8779 ლარი.
4. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 24 დეკემბრის განჩინებით - სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და მიუთითა შემდეგზე:
5.1. 2020 წლის 09 ოქტომბერს მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის დაიდო სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №173 ხელშეკრულება, რომლის საგანი საქართველოს გენერალური პროკურატურის ადმინისტრაციული შენობის პირველი, მე-4 და მე-6 სართულების სარემონტო-სარეკონსტრუქციო სამუშაოები იყო. ხელშეკრულების საერთო ღირებულება შეადგენდა 915 803.34 ლარს. სამუშაო უნდა შესრულებულიყო ხელშეკრულების გაფორმებიდან 3 თვის ვადაში. სამშენებლო სამუშაოები უნდა განხორციელებულიყო სატენდერო დოკუმენტაციაში ატვირთული შესასრულებელი სამუშაოების კალენდარული გეგმაგრაფიკის შესაბამისად. ყოველი თვის განმავლობაში შესასრულებელი სამუშაოები ჩაითვლებოდა სამუშაოს შესრულების ცალკეულ ეტაპებად და მიმწოდებლის მიერ უნდა წარმოდგენილიყო ეტაპის დასრულების დამადასტურებელი სამუშაოების №2 ფორმა. სამუშაოს გაწევის შესახებ უნდა გაფორმებულიყო შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტი, საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნის და შემსყიდველის შესაბამისი წარმომადგენლის ინსპექტირების დასკვნის საფუძველზე. გაწეული სამუშაო ჩაითვლებოდა მიწოდებულად მხოლოდ მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ. ხელშეკრულების თანახმად, გათვალისწინებული იყო, რომ პირობების დარღვევის შემთხვევაში, მიმწოდებელს დაეკისრებოდა პირგასამტეხლო, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ღირებულების 0.2%.
5.2. 2020 წლის 11 ნოემბრის №173/1 ხელშეკრულებაში შეტანილი ცვლილების თანახმად, ხელშეკრულების საერთო ღირებულება განისაზღვრა 920 209.50 ლარით. 2020 წლის 17 დეკემბრის №173/2 შეთანხმებით ხელშეკრულების ღირებულება განისაზღვრა 920 234.47 ლარით. 2021 წლის 5 იანვრის №173/3 შეთანხმებით ხელშეკრულების ღირებულება განისაზღვრა 991 948.22 ლარით. 2021 წლის 8 თებერვლის №173/4 შეთანხმებით ხელშეკრულების ღირებულება განისაზღვრა 993 115.71 ლარით.
5.3. მოსარჩელემ პირველი თვის ჭრილში - 2020 წლის 9 ნოემბერს, წარადგინა ფორმა №2, ხოლო მიღება-ჩაბარების აქტს მხარეებმა ხელი მოაწერეს 2020 წლის 19 ნოემბერს;
მეორე თვის ჭრილში მოსარჩელემ 2020 წლის 17 დეკემბერს წარადგინა ფორმა №2, ხოლო მიღება-ჩაბარების აქტს მხარეებმა ხელი მოაწერეს 2020 წლის 23 დეკემბერს;
მესამე თვის ჭრილში მოსარჩელემ 2021 წლის 8 იანვარს წარადგინა ფორმა №2, ხოლო მიღება-ჩაბარების აქტს მხარეებმა ხელი მოაწერეს 2021 წლის 25 იანვარს;
მეოთხე თვის ჭრილში მოსარჩელემ 2021 წლის 22 იანვარს წარადგინა ფორმა №2, ხოლო მიღება-ჩაბარების აქტს მხარეებმა ხელი მოაწერეს 2021 წლის 15 თებერვალს;
მეოთხე თვის ჭრილში მოსარჩელემ 2021 წლის 9 თებერვალს წარადგინა ფორმა №2, ხოლო მიღება-ჩაბარების აქტს მხარეებმა ხელი მოაწერეს 2021 წლის 17 მარტს.
5.4. 2020 წლის 24 დეკემბერს მოპასუხემ მოსარჩელეს წერილობით აცნობა, რომ დარღვეულია გეგმა-გრაფიკით გათვალისწინებული მეორე ეტაპის დასრულების დამადასტურებელი სამუშაოების ფორმა №2-ის წარმოდგენის ვადა, რის გამოც ეკისრებოდა პირგასამტეხლო, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ღირებულების 0.2%, რაც 7 დღის ვადაგადაცილებაზე 12 821.25 ლარს შეადგენს.
5.5. 2020 წლის 8 ოქტომბრის საბანკო გარანტიის თანახმად, გარანტი იყო ს.ს. სადაზღვევო კომპანია „უ–ი“ (შემდეგში - სადაზღვევო კომპანია) პრინციპალი - მოსარჩელე, ხოლო ბენეფიციარი - მოპასუხე. საგარანტიო თანხა განისაზღრა 18 317 ლარით. საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა იყო 2020 წლის 8 ოქტომბრიდან 2021 წლის 16 მარტამდე.
5.6. 2021 წლის 9 მარტს მოპასუხემ მიმართა სადაზღვევო კომპანიას და აცნობა, რომ მოსარჩელეს დაეკისრა პირგასამტეხლოს გადახდა, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ღირებულების 0.2%, რაც 7 დღის ვადაგადაცილების გათვალისწინებით შეადგენდა 12 821.25 ლარს და მოითხოვა გარანტიის ფარგლებში აღნიშნული თანხის გადახდა. სადაზღვევო კომპანიამ შეასრულა მოთხოვნა და 12 821.25 ლარი ჩაურიცხა მოპასუხეს. იმავე ოდენობის თანხა მოსარჩელემ რეგრესის წესის დაცვით გადაურიცხა სადაზღვევო კომპანიას.
5.7. მოსარჩელემ შესრულებული სამუშაოების შესახებ ფორმა №2 ნაცვლად 2020 წლის 9 დეკემბრისა, წარადგინა 2020 წლის 17 დეკემბერს, ამ კონკრეტული სამუშაოების ღირებულება შეადგენდა - 288 798.58 ლარს.
5.8. სააპელაციო პალატის მითითებით, საქმის მასალებით დადგენილი იყო, რომ მას შემდეგ რაც მოსარჩელემ პროტესტი გამოთქვა მოპასუხის მიერ მოთხოვნილი ოდენობით პირგასამტეხლოს გადახდაზე, მოპასუხემ, როგორც ბენეფიციარმა, მიმართა გარანტს და მოითხოვა საბანკო გარანტიის ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხიდან, სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევის შედეგად წარმოშიბილი პირგასამტეხლოს დავალიანების გადახდა, რაც გარანტის მიერ დაკმაყოფილდა.
5.9. სააპელაციო პალატამ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 879-ე მუხლზე მიუთითა და განმარტა, რომ საბანკო გარანტიის ხელშეკრულების შესაბამისად, გარანტის მიერ ბენეფიციარის წინაშე გადახდილი ანაზღაურება ითვლება პრინციპალის მიერ შესრულებად, კერძოდ, მიიჩნევა, რომ სწორედ პრინციპალის მიერ განხორციელდა მისი კრედიტორის წინაშე ვალდებულების შესრულება, შესაბამისად, აღნიშნულ შესრულებასთან დაკავშირებული უფლებების სუბიექტს სწორედ პრინციპალი წარმოადგენს. აღნიშნულ დასკვნას ამყარებს იმავე კოდექსის 890.1 მუხლი, რომელიც ითვალისწინებს გარანტის სასარგებლოდ, რეგრესის წესით პრინციპალისგან თანხის მოთხოვნის უფლებას. აღსანიშნავია, რომ საბანკო გარანტია წარმოადგენს სახელშეკრულებო უზურნველყოფის ინსტრუმენტს და გარანტი ძირითადი ხელშეკრულების მხარედ არ გვევლინება, არამედ უზრუნველყოფს ძირითადი ხელშეკრულების მხარეთა მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას, შესაბამისად მის მიერ ანაზრაურებული თანხაც, სწორედ პრინციპალის შესრულებად ითვლება.
5.10. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მოპასუხის მიერ გარანტისაგან მიღებული თანხა, სრულად აანაზღაურა მოსარჩელემ, შესაბამისად, გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში მითითებული ფაქტობრივი გარემოება, რომ მოსარჩელეს სრულად აქვს გადახდილი მოთხოვნილი პირგასამტეხლო 12 821,25 ლარის ოდენობით, სწორია და შეესაბამება საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს.
5.11. სააპელაციო პალატის მითითებით, შვიდდღიანი ვადაგადაცილება შეეხება არა უშულაოდ სამუშაოთა ვადის დარღვევით შესრულებას, მოსარჩელის, როგორც მენარდის არსებითი მოვალეობა იყო, არამედ აღნიშნული ვადაგადაცილება წმინდად პროცედურული ხასიათისაა. კერძოდ, პირგასამტეხლოს დარიცხვის საფუძველს მიმწოდებლის (მოსარჩელის) მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ყოველი ეტაპის სამუშაოების დასრულების დამადასტურებელი №2 ფორმის შვიდდღიანი ვადაგადაცილებით წარდგენა წარმოადგენს. პალატის განმარტებით, პირგასამტეხლოზე მსჯელობისას საგულისხმოა ის უმნიშვნელოვანესი დეტალი, რომ პირგასამტეხლოს მიზანს დარღვეული უფლების შეძლებისდაგვარად აღდგენა და, საბოლოოდ, ვალდებულების დროულად შესრულების პროვოცირება წარმოადგენს.
5.12. საქმის მასალებით დადასტურებული ვერ იქნა და ვერც მოპასუხემ დაასახელა მოსარჩელის მიერ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ზემოხსენებული ვალდებულების პროცედურული ხასიათის დარღვევით, რაიმე სახის ზარალის დადგომის ფაქტი. უფრო მეტიც, მოცემულ შემთხვევაში, უდავო გარემოებას წარმოადგენდა, რომ მოსარჩელემ 2020 წლის 09 ოქტომბრის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება დათქმული ვადის დაცვით კეთილსინდისიერად, შემსყიდველისთვის მისაღები ხარისხით შეასრულა.
5.13. პირგასამტეხლოს შემცირების მიზნებისათვის სასამართლომ მხედველობაში მიიღო ასევე ის გარემოება, რომ პირგასამტეხლო დარიცხული იქნა არა დაგვიანებით შესრულებელი ვალდებულების მოცულობის, არამედ - ხელშეკრულების მთლიანი ღირებულების გათვალისწინებით, რომელიც საბოლოოდ წარმატებით შესრულდა. იმ პირობებში, როდესაც, მიუხედავად ეპიზოდური ვადის დარღვევისა, რაც გამოიხატა მხოლოდ პროცედურული და არა არსებითი ვალდებულების დარღვევაში, ვალდებულება ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადებში მისაღები ხარისხით სრულდება, არ ვლინდება ვალდებულების დარღვევის შედეგად მიყენებული ზიანი და ვადაგადაცილება შეადგენს შვიდ დღეს, მოსარჩელისათვის ხელშეკრულების მთლიანი ღირებულების გათვალისწინებით პირგასამტეხლოს დაკისრება დაუსაბუთებელი და არაგონივრულია.
5.14. ამრიგად, სააპელაციო პალატამ გაიზიარა გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეფასება, რომ პირგასამტეხლოს დაანგარიშება უნდა განხორციელებულიყო ვადადარღვეული, ეპოზოდური ვალდებულების ღირებულებიდან გამომდინარე, რაც მოცემულ შემთხვევაში შეადგენს - 288798.58 ლარს, რომლის 0,2% - 577,5 ლარია. შესაბამისად, 7 ვადადარღვეული დღისთვის პირგასამტეხლოს ოდენობა მართებულად განისაზღვრა 4042 ლარით.
5.15. ამასთან, გამომდინარე იქიდან, რომ მოსარჩელის სახელით გარანტის მიერ სრულად იქნა შესრულებული მოპასუხის მოთხოვნა და პირგასამტეხლოს სახით გადახდილი იქნა 12 821,25 ლარი, გასაზიარებელი იყო გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნა, მოპასუხისთვის ზედმეტად გადახდილი თანხის - 8779 ლარის, მოსარჩელის სასარგებლოდ დაკისრების თაობაზე.
6. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, შემდეგი საფუძვლებით:
6.1. მოპასუხის მიერ მოსარჩელისათვის დაკისრებული პირგასამტეხლო, ხელშეკრულების საერთო ღირებულების 0.2%-ის ოდენობით, გამომდინარეობს მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულებიდან და არის გონივრული ოდენობის.
6.2. დაუსაბუთებელია ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოთა მსჯელობა, რომ პირგასამტეხლო არა ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან, არამედ - სადავო ეპიზოდში შესრულებული სამუშაოს ღირებულებიდან (288 798.58 ლარიდან) უნდა დაანგარიშებულიყო. შესაბამისად, დაკისრებული პირგასამტელოს შემცირება და მოპასუხისათვის როგორც ხელშეკრულების მხარისათვის, რომლის მიმართაც ხელშეკრულება დაირღვა, შემცირებული პირგასამტეხლოს სხვაობის - 8779 ლარის დაკისრება, უსაფუძვლოა.
6.3. გასათვალისწინებელია, რომ ხსენებული ტენდერის ღირებულება მაღალია და უკავშირდება სახელმწიფო საბიუჯეტო სახსრებს, რა დროსაც, სამუშაო არ უნდა შეფერხდეს და საბიუჯეტო სახსრები არამიზნობრივად არ უნდა გაიხარჯოს.
7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:
8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.
9. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.
10. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანია ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ პირგასამტეხლოს შემცირების კანონიერება.
11. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლით, პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. პირგასამტეხლო პირობით ვალდებულებას წარმოადგენს. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლების განხორციელება დამოკიდებულია გარკვეული პირობის დადგომაზე - მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევაზე (იხ:ირაკლი რობაქიძე, სახელშეკრულებო სამართალი /ზურაბ ძლიერიშვილი, გიორგი ცერცვაძე, ირაკლი რობაქიძე, გიორგი სვანაძე, ლაშა ცერცვაძე, ლევან ჯანაშია/ გამომცემლობა „მერიდიანი“, 2014წ., გვ. 590). პალატა განმარტავს, რომ პირგასამტეხლოს ერთ-ერთ ფუნქცია განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაში მდგომარეობს. იგი ერთგვარ სანქციასაც წარმოადგენს. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად (იხ. ს.უ.ს.გ. Nას-1053-993-2015, 08.04.2016წ.; Nას-1158-1104-2014, 06.05.2015წ.). აღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, პირგასამტეხლოს დაკისრების წინაპირობას წარმოადგენს ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულების დარღვევა.
12. პირგასამტეხლო, უპირველესად, კრედიტორის ინტერესების უზრუნველმყოფი საკანონმდებლო მექანიზმია, რომელიც კრედიტორის სახელშეკრულებო რისკებს ამცირებს, თუმცა იმისთვის, რომ თავიდან იქნეს აცილებული კრედიტორის მხრიდან ამ ინსტიტუტის ფარგლებში უფლების ბოროტად გამოყენება, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში შესაფასებელი და ამავდროულად დასაცავი ღირებულებაა სახელშეკრულებო წონასწორობა/ბალანსი, ერთი მხრივ, პირგასამტეხლოს, როგორც სახელშეკრულებო თავისუფლების გამოხატულებას და, მეორე მხრივ, მოვალის დაცვას, როგორც ამ თავისუფლების ლეგიტიმურ შეზღუდვას შორის. ამდენად, პირგასამტეხლოს იურიდიული ძალა მხოლოდ მაშინ აქვს, თუ ის, ამავდროულად, უზრუნველყოფს მოვალის გონივრული ფარგლებით დაცვას (ს.უ.ს.გ. Nას-1928-2018, 31.10.2019წ.). პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა (ს.უ.ს.გ. Nას-1511-2018, 26.03.2019წ.; Nას-848-814-2016, 28.12.2016წ.).
13. სასამართლოს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის საფუძველზე, უფლება აქვს, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, რაც შეფასებითი კატეგორიაა და, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული, მაგალითად, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან; პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა (ს.უ.ს.გ. №ას-1511-2018, 26.03.2019წ.; ს.უ.ს.გ. №ას-535-2021, 29.10.2021წ.). პირგასამტეხლოს შემცირება არ გულისხმობს მის გაუქმებას. პირგასამტეხლოს შემცირების საფუძველია, ერთი მხრივ, ის რომ კრედიტორი პირგასამტეხლოს მიღებით არ გამდიდრდეს და მოვალეს არ დააწვეს მძიმე ტვირთად პირგასამტეხლოს გადახდა (შესაბამისად, პირგასამტეხლო არ იქცეს ერთგვარ სადამსჯელო ღონისძიებად), ხოლო მეორე მხრივ კი – პირგასამტეხლო იყოს ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, საპირწონე და გონივრული. აღნიშნულში მოიაზრება სახელშეკრულებო თანასწორობისა და სამართლიანობის პრინციპის დაცვით პირგასამტეხლოს გონივრულ ოდენობამდე შემცირება (ს.უ.ს.გ. №ას-186-2021, 25.03.2021წ.; №ას-535-2021, 29.10.2021წ).
14. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია და საკასაციო საჩივრით შედავებული არ არის, რომ ნარდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები მოსარჩელემ მხარეთა მიერ შეთანხმებული ვადის დაცვით შეასრულა და მოპასუხეს, შესრულების ხარისხის მიმართ პრეტენზია არ გამოუთქვამს.
მოსარჩელისათვის პირგასამტეხლოს დარიცხვას საფუძვლად დაედო ხელშეკრულებით გათვალისწინებული მეორე ეტაპის სამუშაოების დასრულების დამადასტურებელი №2 ფორმის ვადაგადაცილებით წარდგენა, კერძოდ, მიმწოდებელმა ხსენებული №2 ფორმა შემსყიდველს 2020 წლის 09 დეკემბრის ნაცვლად, იმავე წლის 17 დეკემებრს, 7 დღის დაგვიანებით წარუდგინა, რის გამოც, მენარდეს დაეკისრა პირგასამტეხლო, ხელშეკრულების საერთო ღირებულების 0,2 %, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, მთლიანობაში - 12 821.25 ლარი. დადგენილია, რომ დარიცხული პირგასამტეხლო (12 821.25 ლარი) მოპასუხემ საბანკო გარანტიის ფარგლებში სრულად აინაზღაურა, ხოლო მოსარჩელემ რეგრესის წესით ხსენებული თანხა გარანტს დაუბრუნა.
15. საკასაციო სასამართლომ მსგავსი კატეგორიის საქმეებზე არაერთხელ განმარტა, რომ პირგასამტეხლო უნდა დაანგარიშდეს არა ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან, არამედ მხარის მიერ ფაქტობრივად შეუსრულებელი ან არაჯეროვნად შესრულებული ვალდებულების ღირებულებიდან (შდრ. ს.უ.ს.გ. №ას-164-160-2016, 28.07.2016წ., ას-971-2019, 28.10.2019წ.).
16. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა სრულად იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოთა მსჯელობას პირგასამტეხლოს გონივრული ოდენობის თაობაზე და მიაჩნია, რომ იმ პირობებში, როდესაც, მიმწოდებელმა ხელშეკრულებით განსაზღვრული სარემონტო-სარეკონსტრუქციო სამუშაოები საბოლოოდ ვადის დაცვითა და შეთანხმებული ხარისხით შეასრულა და, შესაბამისად, მენარდის მიერ ვალდებულების დარღვევა გამოიხატა არა უშუალოდ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სამუშაოთა ვადაგადაცილებით შესრულებაში, არამედ, მხოლოდ პროცედურული და ფორმალური საკითხის - სამუშაოთა ერთ-ერთი ეტაპის დასრულების დამადასტურებელი აქტის (№2 ფორმის) ვადაგადაცილებით წარდგენაში და, ისიც მხოლოდ 7 დღით, პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრა ხელშეკრულების სრული ღირებულების 0,2%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, შეუსაბამოდ მაღალია და სასამართლოებმა მართებულად დაინგარიშეს ის ვადადარღვეული, ეპიზოდური ვალდებულების ღირებულებიდან - 288 798.58 ლარიდან, რომლის 0.2 % შვიდ ვადაგადაცილებულ დღეზე - 4042 ლარია.
17. ამასთან, ვინაიდან მიმწოდებელს შემსყიდველისათვის პირგასამტეხლოს სახით გადახდილი აქვს 12 821.25 ლარი, ხოლო სასამართლოთა მიერ პირგასამტეხლოს გონივრულ ოდენობად კონკრეტულ შემთხვევაში, 4042 ლარი განისაზღვრა, ხსენებულ თანხებს შორის არსებული სხვაობის - 8779 ლარის (12 821.25 – 4042 = 8779) მენარდისათვის ანაზღაურება შემსყიდველს მართებულად დაეკისრა.
18. მართალია, მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულებით პირგასამტეხლოს გადახდა ხელშეკრულების ღირებულებიდან გამომდინარე იყო შეთანხმებული, თუმცა მოცემულ შემთხვევაში, პირგასამტეხლოს ამგვარად დაანგარიშება, შესრულების ვალდებულების ღირებულების გათვალისწინებით, არასამართლიან შედეგს იძლევა.
19. ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება ზიანის მიყენების ფაქტის მტკიცებისაგან დამოუკიდებელია, საკასაციო პალატა ითვალისწინებს იმ გარემოებასაც, რომ ვალდებულების შეუსრულებლობით დამდგარი ზიანის არსებობა, განსახილველ შემთხვევაში, არ გამოვლენილა.
20. აქვე, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ პირგასამტეხლოს ოდენობის ხელშეკრულების სრული ღირებულებიდან დაანგარიშება ეწინააღმდეგება სამოქალაქო ბრუნვის უსაფრთხოებისა და კეთილსინდისიერების მინიმალურ სტანდარტს, რადგან პირგასამტეხლოს ასეთი ოდენობით დაკისრება, როგორც კრედიტორის დარღვეული უფლებებისა და ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ერთგვარი სანქცია, თავის ნორმატიულ დანიშნულებას ვერ შეასრულებს.
პირგასამტეხლოს დაანგარიშება მთლიანი შესრულების ღირებულებიდან გამომდინარე მიზანშეწონილია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ერთიანი შესრულების მიმართ განსაკუთრებული ინტერესი იკვეთება, როდესაც ვალდებულების ნაწილის შეუსრულებლობა საფუძველს აცლის ძირითად შესრულებას, ე.ი, როდესაც, ვალდებულების ნაწილობრივი შეუსრულებლობა, თავისი არსით, მთლიანი ვალდებულების შეუსრულებლობას უთანაბრდება.
მოცემულ შემთხვევაში, სახეზე არ არის იმ ტიპის ვალდებულება, რომლის ნაწილის შეუსრულებლობაც მთლიანი ვალდებულების შესრულებას დაუკარგავდა აზრს. ამ უკანასკნელ შემთხვევაში, მთლიანი თანხიდან პირგასამტეხლოს დაანგარიშება გამართლებულია, განსახილველ შემთხვევაში კი, მოპასუხეს მოსარჩელის მიერ ჯეროვნად შესრულებული ვალდებულების მიმართ ინტერესი არ დაუკარგავს.
21. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტების ფარგლებში, რაც სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლი), კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება და ვერ შეძლო მისი გაბათილება სარწმუნო მტკიცებულებებით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ასეთ საფუძველზე ვერც კასატორი მიუთითებს.
22. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.
23. კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან სახელმწიფო ბაჟის შესახებ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქართველოს პროკურატურის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლეები : ლაშა ქოჩიაშვილი
ამირან ძაბუნიძე
თეა ძიმისტარაშვილი