Facebook Twitter

17 იანვარი, 2023 წელი

№ას-401-2022 ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ამირან ძაბუნიძე

თეა ძიმისტარაშვილი

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი _ ლ.ზ–ი

მოწინააღმდეგე მხარე _ ს.ს. „ლ.ბ–ი“

თავდაპირველი თანამოპასუხე _ გ.ა–ძე

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 16 თებერვლის განჩინება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი _ ფულადი ვალდებულების შესრულება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სასარჩელო მოთხოვნა:

1. ს.ს. „ლ.ბ–მა“ (შემდგომში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე“, „მოწინააღმდეგე მხარე“, „კრედიტის გამცემი“, „გამსესხებელი“, „კრედიტორი“) სარჩელით მიმართა ხაშურის რაიონულ სასამართლოს ლ.ზ–ისა (შემდგომში მოხსენიებული, როგორც „მოპასუხე“, „აპელანტი“, „კასატორი“, „კრედიტის ამღები“, „მსესხებელი“, „მოვალე“) და გ.ა–ძის (შემდგომში მოხსენიებული, როგორც „თავდაპირველი თანამოპასუხე“, „თავდები“) მიმართ, 4023.40 ლარის სოლიდარულად დაკისრების, აგრეთვე ლ.ზ–ისთვის 549.10 ლარის დაკისრების მოთხოვნით.

სარჩელის საფუძვლები:

2.1. 2017 წლის 17 ოქტომბერს ს.ს. „ლ.ბ–სა“ და ლ.ზ–ს შორის დადებული საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით, მოპასუხემ ისესხა 5000 ლარი წლიური 36% სარგებლით. ხელშეკრულებით დადგინდა პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0.075%-ის ოდენობით. ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა 2019 წლის 17 ოქტომბრამდე. იმავე დღეს, მოსარჩელესთან დადებული ხელშეკრულებით, გ.ა–ძე თავდებად დაუდგა კრედიტორის წინაშე ლ.ზ–ს მისი ვალდებულების შესასრულებლად. თავდების პასუხისმგებლობის მაქსიმალურ თანხად მიეთითა 5 150 ლარი.

2.2. 2019 წლის 18 თებერვლიდან მოპასუხე მხარემ თანხა აღარ გადაიხადა და საქმის აღძვრის მომენტისათვის გადასახდელი აქვს 4023.4 ლარი, საიდანაც ძირი თანხაა 2221.07 ლარი, პროცენტი - 1052.33 ლარი, პირგასამტეხლო - 750 ლარი.

2.3. 2017 წლის 22 ნოემბრიდან ლ.ზ–ი სარგებლობდა მოსარჩელის საკრედიტო ბარათით. ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის ოდენობა იყო 500 ლარი წლიური 60% სარგებლით, ვადაგადაცილების საჯარიმო პროცენტი - 0.40%. ხელშეკრულება დადებული იყო 24 თვით.

2.4. 2018 წლის 26 ივნისის შემდეგ მოპასუხეს თანხა აღარ გადაუხდია და სარჩელის აღძვრის მომენტისათვის, მოსარჩელისათვის გადასახდელი აქვს 549.1 ლარი, საიდანაც 500 ლარი ძირი თანხაა, 34.1 ლარი - პროცენტი, 15 ლარი - პირგასამტეხლო.

2.5. მოპასუხეები, მიუხედავად კრედიტორის წერილობითი გაფრთხილებებისა, ნებაყოფლობით არ უზრუნველყოფენ გრაფიკით გათვალისწინებული თანხისა და ჯარიმების გადახდას.

მოპასუხის პოზიცია:

3.1. მოპასუხე ლ.ზ–მა სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ სასარჩელო მოთხოვნა იყო ხანდაზმული, ამასთან მას არ ჩაბარებია მოსარჩელის მიერ მითითებული გაფრთხილების წერილები და სატელეფონო შეტყობინებები სასესხო დავალიანების არსებობის შესახებ. ბანკის წინაშე ყველა გადასახდელი სესხის, მათ შორის, 2017 წლის 17 ოქტომბრის საბანკო კრედიტის გადასაფარად, გირავნობით დაიტვირთა ავტომანქანა „კრაისლერი“. სესხის არსებობის შესახებ მოპასუხემ შეიტყო სარჩელის ჩაბარების შემდეგ.

3.2. მოპასუხე გ.ა–ძეს შესაგებელი არ წარუდგენია.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

4. ხაშურის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 21 მაისის გადაწყვეტილებით:

4.1. ლ.ზ–ს სააქციო საზოგადოება „ლ.ბ–ი“-ს სასარგებლოდ დაეკისრა 1 299.1 ლარის გადახდა, საიდანაც 549.1 ლარი საკრედიტო ბარათით სარგებლობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალია, ხოლო 750 ლარი - საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობისათვის პირგასამტეხლო;

4.2. ლ.ზ–ს და გ.ა–ძეს სააქციო საზოგადოება „ლ.ბ–ი“-ს სასარგებლოდ სოლიდარულად გადასახდელად დაეკისრათ 3 273.4 ლარი, საიდანაც 2221.07 ლარი ძირი თანხაა, 1052.33 ლარი - პროცენტი.

5. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა ლ.ზ–მა, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 16 თებერვლის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

7. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია დავისთვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

7.1. ს.ს. „ლ.ბ–სა“ და ლ.ზ–ს შორის 2017 წლის 17 ოქტომბერს დაიდო საბანკო კრედიტის ხელშეკრულება (მინი-მიკრო სესხი), რომლის საფუძველზეც მოპასუხეზე გაიცა სესხი 5000 ლარის ოდენობით. კრედიტის წლიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 36%-ით. ხელშეკრულებით გათვალისწინებული იქნა ასევე პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0.075%. ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაღვრა 2019 წლის 17 ოქტომბრამდე.

7.2. მითითებული საბანკო კრედიტის ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით, მოსარჩელესა და მოპასუხე გ.ა–ძეს შორის გაფორმდა თავდებობის ხელშეკრულება, რომლითაც გ.ა–ძე თავდებად დაუდგა ლ.ზ–ს ბანკის წინაშე ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის ან/და არაჯეროვანი შესრულებისათვის. თავდებობის ხელშეკრულებების 3.1.6. პუნქტის თანახმად, თავდებობის მაქსიმალური ზღვრული ოდენობა განისაზღვრა 5 150 ლარით.

7.3. დადგენილია, რომ მოპასუხე ლ.ზ–ი 2017 წლის 22 ნოემბრიდან სარგებლობდა მოსარჩელის საკრედიტო ბარათით (ინსტანტა ქარდი). ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის ოდენობა განსაზღვრული იყო 500 ლარით, საკრედიტო ბარათის წლიური საპროცენტო განაკვეთი 60%, ვადაგადაცილების საჯარიმო პროცენტი - საკრედიტო ლიმიტის თანხის 0.40% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. ხელშეკრულების ვადა განისაზღვრა 24 თვით _ 22.11.2017-დან 22.11.2019-მდე.

7.4. მსესხებელმა ლ.ზ–მა დაარღვია როგორც საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება თანხის გადახდის შესახებ, რომელიც გათვალისწინებული იყო ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკით, ასევე საკრედიტო ბარათით მომსახურების ხელშეკრულებით გათვალისწინებული გადახდის გრაფიკი.

7.5. მოსარჩელის მიერ მოპასუხეთა სახელზე გაგზავნილია შეტყობინებები გადახდის ვადის გადაცილებისა და არსებული ვალდებულების შესახებ, აგრეთვე ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, ხელშეკრულების შეწყვეტისა და დავალიანების სრული მოცულობით გადახდის მოთხოვნის თაობაზე, თუმცა მითითებული შეტყობინებები მოპასუხეებს არ ჩაბარებიათ.

7.6. მოსარჩელის მიერ 2020 წლის 2 ოქტომბერს გაცემული ცნობებით დავალიანების შესახებ, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოპასუხის დავალიანება, 2020 წლის 1 ოქტომბრის მდგომარეობით, დარიცხული ჯარიმის შეღავათის ხარჯზე, შეადგენს - 4023.4 ლარს, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა - 2221.07 ლარი, სესხზე დარიცხული პროცენტი - 1052.33 ლარი, სესხზე ვადაგადაცილების ჯარიმა 750 ლარი, ხოლო საკრედიტო ბარათზე არსებული დავალიანება შეადგენს 549.1 ლარს, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა - 500 ლარი, სესხზე დარიცხული პროცენტი - 34.1 ლარი, ვადაგადაცილების ჯარიმა 15 ლარი.

8. დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს სააპელაციო სასამართლომ მისცა შემდეგი სამართლებრივი შეფასება:

8.1. დადგენილია, რომ მოსარჩელის მიერ გაგზავნილი შეტყობინებების ჩაბარება, გადახდის ვადის გადაცილებისა და არსებული ვალდებულების შესახებ, მოპასუხეებისათვის ვერ მოხერხდა, თუმცა აღნიშნული ვერ გახდება ბანკის წინაშე არსებული ვალდებულების შესრულებაზე უარის თქმის საფუძველი, ვინაიდან, ხელშეკრულებით მხარეები შეთანხმდნენ კრედიტის თანხის დაფარვის წესზე - თანდართული გრაფიკის მიხედვით (2.2.6. პუნქტი), მსესხებელს გადახდები უნდა ეწარმოებინა ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის მიხედვით, შესაბამისად, მოპასუხე ლ.ზ–ისათვის ცნობილი იყო ვადამოსული ვალდებულების შესახებ. რაც შეეხება თავდებისათვის პირგასამტეხლოს დაკისრებას, ამ ნაწილში მოსარჩელს სწორად ეთქვა უარი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.

8.2. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება სარჩელის ხანდაზმულობის შესახებ და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე, 129-ე, 130-ე მუხლებზე დაყრდნობით მიიჩნია, რომ სარჩელი თანხის დაკისრების შესახებ დაინტერესებული პირის მიერ აღძრულ იქნა ხანდაზმულობის ვადის გასვლამდე.

8.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე, 868-ე, 873-ე, 361-ე, მე-400, 417-ე და 418-ე მუხლების საფუძველზე სააპელაციო სასამართლომ კრედიტის ამღების მიმართ სასარჩელო მოთხოვნები მიიჩნია საფუძვლიანად. საბანკო კრედიტის ხელშეკრულების ძირითადი თანხისა და სარგებლის დაკისრების ნაწილში თავდების პასუხისმგებლობის დასადგენად სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სსკ 891-ე, 895-ე, 463-ე-464-ე მუხლებზე და მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი მართებულად იქნა დაკმაყოფილებული.

9. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ლ.ზ–მა, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, შემდეგი საფუძვლებით:

9.1. მოსარჩელის წარმომადგენელმა დაადასტურა, რომ მიმართვები გადახდის ვადის გადაცილების შესახებ მოპასუხეებს არ ჩაბარებია. მიუხედავად ამისა, სარჩელი მაინც დაკმაყოფილდა, რაც კანონსაწინააღმდეგოა. სასამართლომ არ გაითვალისწინა და დავასთან კავშირში არმქონე გარემოებად მიიჩნია ის ფაქტი, რომ მსესხებლებს მოსარჩელესთან სხვა ხელშეკრულებაც ჰქონდათ დადებული, რომლის უზრუნველსაყოფად კასატორის მიერ დაგირავებული ავტომანქანა გაიყიდა, ხოლო ამონაგები თანხით დაიფარა 2017 წლის 17 ოქტომბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით ნასესხები თანხაც. სასამართლომ სწორად და საფუძვლიანად არ გამოიკვლია საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები, ასევე არ შეაფასა მტკიცებულებები, კერძოდ ის, თუ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი თანხები მოპასუხეთა მიმართ, ნამდვილად შეესაბამებოდა თუ არა რეალობას, რითაც დაირღვა შეჯიბრებითობისა და დისპოზიციურობის პრინციპები.

10. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული, შემდეგ გარემოებათა გამო:

11. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

12. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. საკასაციო სასამართლოს არ შეუძლია თავისი ინიციატივით შეამოწმოს საპროცესო დარღვევები, გარდა 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ” ქვეპუნქტში მითითებული ფაქტებისა.

13. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

14. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

15.1. უწინარეს ყოვლისა, საკასაციო პალატა მიზანშეწონილად მიიჩნევს, შეაფასოს საკასაციო პრეტენზიის იმ ნაწილის საფუძვლიანობა, რომლის თანახმადაც, გაფრთხილების/შეტყობინების კრედიტის ამღებისთვის ჩაუბარებლობა ხელშეკრულების ვადაზე ადრე შეწყვეტისა და კრედიტად აღებული თანხის ერთიანად დაბრუნების მოთხოვნის უფლებას გამორიცხავს.

15.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა.

15.3. საგულისხმოა, რომ ხსენებულ მუხლთან მიმართებით საკასაციო პალატას მყარად დადგენილი სასამართლო პრაქტიკა გააჩნია. დასახელებული სამართლებრივი ნორმა წარმოადგენს კრედიტორის ინტერესების დამცავ, აღმჭურველ ნორმას და საბანკო კრედიტის გამცემს ანიჭებს უფლებას, ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, შესაბამისი პირობების დაცვით მოშალოს ხელშეკრულება, თუმცა თავად უფლების არსიდან გამომდინარე, იგი არ შეიძლება გაიგივდეს ვალდებულებასთან და მისი გამოყენება მხოლოდ უფლების მქონე პირის ნებაზეა დამოკიდებული - კრედიტის გამცემს შეუძლია მოითხოვოს ხელშეკრულების შეწყვეტა ან გააგრძელოს სახელშეკრულებო ურთიერთობა (იხ. სუსგ. საქმეზე №ას-145-135-2015, 23.04.2015წ). მითითებული ნორმა ეხება საბანკო-საკრედიტო ურთიერთობის შეწყვეტას კრედიტის არა მიმღების, არამედ გამცემის მიერ და ეს შესაძლებელია კანონიერი საფუძვლის არსებობისას. ასეთ საფუძვლად კი მიჩნეულია კრედიტის ამღების მხრიდან კრედიტის ნაწილის, სულ ცოტა, ორი ვადით გადახდის გადაცილება მაშინ, როცა ხელშეკრულებით გათვალისწინებულია კრედიტის ნაწილ-ნაწილ დაბრუნება განსაზღვრულ ვადაში (იხ. სუსგ. საქმეზე №ას-910-972-2014, 04.03.1015წ).

15.4. მოცემულ შემთხვევაში, სადავო არ არის, რომ კრედიტის ამღებმა, ორივე ხელშეკრულების ფარგლებში დამოუკიდებლად, გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, გადახდის ორ ვადას, რამაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 873-ე მუხლიდან გამომდინარე, ბანკს წარმოუშვა საბანკო კრედიტის ხელშეკრულებების შეწყვეტის უფლებამოსილება.

15.5. საგულისხმოა, რომ საქმეში წარმოდგენილი, 28.09.2020 წლით დათარიღებული წერილი, რომლითაც კრედიტორი აფრთხილებდა მოვალეს ხელშეკრულების დარღვევის შესახებ და აძლევდა მას ვალდებულების შესასრულებლად დამატებით ვადას, ლ.ზ–ს გაეგზავნა მის მიერ ხელშეკრულებებში გაცხადებულ მისამართზე, თუმცა გზავნილი ადრესატს ვერ ჩაბარდა (იხ. ს.ფ. 40-41). ამავდროულად, საქმის მასალები მეტყველებს მასზედ, რომ სარჩელის ჩაბარებაც კი მოვალესთან გართულდა იმდენად, რომ საჭირო გახდა სასამართლოს მეშვეობით პოლიციის ორგანოს ჩართვა. ამდენად, სასამართლოსთვის თვალსაჩინოა, რომ ბანკის მხრიდან გაგზავნილი კორესპონდენციის ჩაბარებას კასატორი თავს არიდებდა. აღნიშნულ გარემოებასთან ურთიერთაკავშირში პალატა მიუთითებს, რომ დაუშვებელია, ხელშეკრულების ვადაზე ადრე შეწყვეტის უფლებით სარგებლობა დამოკიდებული გახდეს მოვალის ნებაზე _ ჩაიბაროს თუ არა კრედიტორის წერილობითი გაფრთხილებები, ვინაიდან ამგვარი მიდგომა მოვალეს იმ მასშტაბის არაკეთილსინდისიერი ქცევის ფარგლებს უტოვებს, რომ კითხვის ნიშნის ქვეშ დგება სსკ 873-ე მუხლის გამოყენების პრაქტიკული შესაძლებლობა.

15.6. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-8 მუხლის მე-3 ნაწილი კეთილსინდისიერების პრინციპის განუხრელ დაცვას განამტკიცებს. სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილენი ვალდებულნი არიან კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლებები და მოვალეობანი. დასახელებული ნორმის მოწესრიგება თანაბრად მიემართება როგორც მოსარჩელეს, ისე მოპასუხეს. შესაბამისად, იმ დაშვებითაც, რომ მოსარჩელეს მოპასუხისათვის ვალდებულების შესასრულებლად დამატებით ორ კვირიანი ვადა არ განუსაზღვრავს, ეს სარჩელს უსაფუძვლოდ არ აქცევს და მის დაკმაყოფილებაზე უარს ვერ განაპირობებს (იხ. სუსგ. საქმეზე №ას-407-407-2018, 09.12.2020წ)

15.7. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სარჩელის წარდგენით კრედიტორმა/ბანკმა საკრედიტო ხელშეკრულებების შეწყვეტის ნება გამოავლინა, რომელიც ძალაში სწორედ სარჩელის წარდგენის დროს შევიდა (სსკ-ის 873-ე მუხლი). სარჩელის შეტანით არ მომხდარა გაფრთხილება ან/და დამატებითი ვადის დაწესება (საკითხთან დაკავშირებით არსებობს უზენაესი სასამართლოს დადგენილი პრაქტიკა იხ., სუსგ. საქმე №ას-969-2018, 10.04.2020წ.), თუმცა სარჩელის აღძვრის შემდეგ მოვალეს საკმარისი დრო ჰქონდა, შეესრულებინა ვადამოსული ვალდებულება (თუნდაც დაგვიანებით), რაც კრედიტორის მხრიდან ხელშეკრულების შეწყვეტის ნების გამოვლენას საფუძველს გამოაცლიდა. მოცემულ შემთხვევაში, აღნიშნულს ადგილი არ ჰქონია. ამრიგად, ამ ნაწილში წარმოდგენილ საკასაციო პრეტენზიას არ შესწევს უნარი, ეჭვქვეშ დააყენოს გასაჩივრებული განჩინების საფუძვლიანობა.

16.1. საკასაციო საჩივრის მეორე პრეტენზია მიემართება იმ გარემოებას, რომ 2017 წლის 17 ოქტომბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება შესრულებულია კასატორსა და ბანკს შორის სხვა საკრედიტო ურთიერთობის ფარგლებში დაგირავებული ავტომანქანის რეალიზაციიდან ამონაგები თანხით. ხსენებული არგუმენტი წარმოადგენს მოთხოვნის შემწყვეტ შესაგებელს, რომლის საფუძვლიანობაც უნდა შეფასდეს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 427-ე-429-ე მუხლებისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის ფარგლებში.

16.2. სსკ 427-ე მუხლის თანახმად, ვალდებულებითი ურთიერთობა წყდება კრედიტორის სასარგებლოდ ვალდებულების შესრულებით (შესრულება). ამავე კოდექსის 429-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი კრედიტორმა მოვალის მოთხოვნით შესრულების მთლიანად ან ნაწილობრივ მიღების შესახებ უნდა გასცეს ამის დამადასტურებელი დოკუმენტი.

16.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 429-ე მუხლი ადგენს ვალდებულების შესრულების მიღების წესს. მითითებული ნორმიდან გამომდინარე, კრედიტორი ყოველთვის ვალდებულია გასცეს მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტი, თუ ამას მოვალე მოითხოვს. კანონმდებლის ასეთი დამოკიდებულება განპირობებულია სწორედ მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების წესით, რომლის თანახმად, შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტის ფლობა აუცილებლობას იმიტომ წარმოადგენს მოვალისათვის, რომ საპროცესო-სამართლებრივი თვალსაზრისით, ფულადი ვალდებულების შესრულების მტკიცების ტვირთი მას ეკისრება. შესაბამისად, სადავოობის შემთხვევაში, მოვალემ ამ დოკუმენტით შეიძლება დაადასტუროს ვალდებულების შესრულების ფაქტობრივი გარემოება, რასაც ვერ ვიტყვით კრედიტორზე, რომელსაც არანაირი საჭიროება არ აქვს, ფლობდეს ამ დოკუმენტს არც პროცესუალური და არც მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით. სწორედ ამიტომ მოვალე აღჭურვილია მთელი რიგი უფლებებით, რომ შეძლოს ვალდებულების შესრულების და კრედიტორის მიერ ამ შესრულების მიღების ფაქტის დადასტურება (იხ. სუსგ. საქმეზე №ას-970-935-2016, 18.12.2017წ; №ას-570-541-2015, 11.11.2015წ; №ას-1541-1547-2011; 19.04.2012წ).

16.4. პალატა ყურადღებას მიაპყრობს იმ გარემოებას, რომ შესაგებელში ვალდებულების შესრულების გზით შეწყვეტის არგუმენტის დასტურად მოვალეს შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტი საქმის განხილვის არცერთ ეტაპზე არ წარმოუდგენია და საქმის ზეპირი განხილვის მიმდინარეობისას (2021 წლის 14 მაისის სასამართლო სხდომაზე) არც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 103-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული შუამდგომლობა წარუდგენია, შესაბამისად, საკასაციო პალატა ასკვნის, რომ მოპასუხემ ვალდებულების შესრულების გზით შეწყვეტის (ე.ი. 17.10.2017 წლის საბანკო კრედიტის ხელშეკრულების ფარგლებში არსებული ვალდებულების სხვა საკრედიტო ურთიერთობის უზრუნველსაყოფად დაგირავებული ნივთის რეალიზაციიდან ამონაგები თანხით დაფარვის) ფაქტობრივი გარემოების დამტკიცების ტვირთი ვერ დაძლია, რაც ამ ნაწილში წარმოდგენილი საკასაციო პრეტენზიის უარყოფის საფუძველია.

17. საგულისხმოა, რომ საკასაციო პრეტენზია წარდგენილი არ არის სადავო განჩინების იმ ნაწილზე, რომლითაც უარყოფილი იქნა მოპასუხის არგუმენტი მოთხოვნის ხანდაზმულობაზე, არსებითად შედავებული არ არის არც კრედიტის ძირითადი თანხის, დარიცხული სარგებლისა და/ან პირგასამტეხლოს მოცულობა, ამრიგად, საკასაციო სასამართლო, გასაჩივრებული სასამართლო აქტის კანონიერების შემოწმებისას შეზღუდულია რა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის შინაარსით, ზემოაღნიშნულ საკითხებზე დამატებით აღარ იმსჯელებს.

18. ამრიგად, სააპელაციო სასამართლოს მხრიდან დავა გადაწყვეტილია არსებითად სწორად, ხოლო კასატორი ვერ უთითებს სააპელაციო სასამართლოს მხრიდან დაშვებულ იმ საპროცესო დარღვევებზე, რომლებსაც, შესაძლოა, ზეგავლენა ჰქონოდა საქმის საბოლოო შედეგზე. საკასაციო საჩივრიდან არ ვლინდება მისი დასაშვებობის არც სხვა რომელიმე საფუძველი. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.

19. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამრიგად, ლ.ზ–ს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70%, რაც შეადგენს 210 ლარს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ლ.ზ–ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.

2. ლ.ზ–ს (ს/ნ .....) დაუბრუნდეს ბ.ზ–ის (პ/ნ .......) მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის – 300 ლარის (საგადახდო დავალება №13179050482, გადახდის თარიღი: 29.04.2022წ, გადამხდელის ბანკი - ს.ს. „საქართველოს ბანკი“) 70% – 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150).

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი

ამირან ძაბუნიძე

თეა ძიმისტარაშვილი