Facebook Twitter

15 თებერვალი 2023 წელი

№ას-610-2022 ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ამირან ძაბუნიძე

თეა ძიმისტარაშვილი

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორები - ზ.ო–ძე, ხ.ხ–ი

მოწინააღმდეგე მხარე - რ.დ–ძე

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 24 თებერვლის განჩინება

კასატორების მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სასარჩელო მოთხოვნა:

1. ხ.ხ–მა და ზ.ო–ძემ (შემდგომში მოხსენიებულნი, როგორც „მოსარჩელეები“, „აპელანტები“, „კასატორები“) სარჩელით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას მოპასუხე რ.დ–ძის მიმართ (შემდგომში მოხსენიებული, როგორც „მოპასუხე“, „მოწინააღმდეგე მხარე“) მიმართ, ზიანის ანაზღაურების სახით 1137 ევროს დაკისრების მოთხოვნით.

სარჩელის საფუძვლები:

2.1. 2017 წლის აგვისტოში მოსარჩელეების ოჯახმა ისარგებლა ტურისტული კომპანიის შეთავაზებით და 1 კვირით დაისვენა ბულგარეთში, სადაც მოსარჩელეებს დახვდა მოპასუხე რ.დ–ძე და მიიყვანა სასტუმროში. საჭიროების შემთხვევაში, აკითხავდა ავტომობილით, წაიყვანა საყიდლებზე და ექსკურსიაზე. გამომგზავრების წინა დღეს, მოპასუხემ მოსარჩელეებს ჩაუტარა სარეკლამო გასაუბრება და შესთავაზა კლუბის წევრობა 13 000 ევროს სანაცვლოდ, რასაც მოსარჩელეები არ დასთანხმდნენ. კლუბის წევრობის შეთავაზების უარყოფის შემდეგ, მოპასუხემ მოსარჩელეებს შესთავაზა ახალი ტურისტული განთავსების ხელშეკრულების გაფორმება. შეთავაზებული პირობის მიხედვით, ხელშეკრულების სრული ღირებულება შეადგენდა 1 100 ევროს, რაც საკმარისი იქნებოდა იმისთვის, რომ ესარგებლათ ორკვირიანი დასვენების უფლებით, ერთკვირიანი დასვენებით პირველი ხელშეკრულებიდან გამომდინარე და ამასთან, 2 სასაჩუქრე ვაუჩერით. ასევე გააცნო 90-95 ქვეყანაში არსებული კურორტების ჩამონათვალი. ხსენებულ შეთავაზებას მოსარჩელეები დასთანხმდნენ და სასტუმროში განთავსებისთვის გადახდილი საგარანტიო თანხა 600 აშშ დოლარი (508 ევროს ეკვივალენტი), ახალი ხელშეკრულების გასაფორმებლად იქვე გადაუხადეს რ.დ–ძეს. 1-2 საათის შემდეგ სასტუმროში მოპასუხემ მოსარჩელეებს მიუტანა ხელშეკრულება და პირობების გაცნობის გარეშე მოაწერინა ხელი მასზე.

2.2. მოსარჩელეთა მტკიცებით, მოპასუხე რ.დ–ძემ, როგორც ტურისტული კომპანიის წარმომადგენელმა, გააცნო ტურისტული ხელშეკრულების სხვა პირობები და ხელი მოაწერინა არსებითად განსხვავებული პირობების ხელშეკრულებაზე, რომელიც შეიცავდა ხელშეკრულების მოკლე ვადებს (2018 წლის ბოლომდე), რაზედაც გასაუბრებისას საუბარი არ ყოფილა; ორკვირიანი დასვენების ნაცვლად, ითვალისწინებდა ერთკვირიანი დასვენების უფლებას; 90-95 ქვეყანაში დასვენების ნაცვლად, სთავაზობდა დამატებით 4 ქვეყანაში დასვენებას, სეზონის გაუმჯობესებისა და ხელშეკრულების ვადის გაგრძელებისთვის დამატებით გადასახდელს. ხელშეკრულების დარჩენილი თანხიდან (592 ევრო) პირველი ნაწილი 49 ევრო უნდა გადაეხადათ არაუგვიანეს 2017 წლის 08 სექტემბრისა.

2.3. საქართველოში დაბრუნების შემდეგ, 2017 წლის 04 სექტემბერს, მოსარჩელეები დაუკავშირდნენ მოპასუხეს და ტურისტული კომპანიის წარმომადგენელს საქართველოში _ კ.მ–ს ხელშეკრულებასთან დაკავშირებული დამატებითი გადასახდელების შესახებ ინფორმაციის მისაღებად და გაარკვიეს, რომ დამატებითი გადასახადი არ ექნებოდათ. მოსარჩელეებმა 2018 წლის 26 თებერვალს სრულად გადაიხადეს დარჩენილი 592 ევრო, ბანკის მომსახურების თანხასთან ერთად, რადგან ამ თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში, კარგავდნენ პირველი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ საჩუქარს და ბულგარეთში გადახდილ 600 აშშ დოლარს.

2.4. მოსარჩელეებმა ისარგებლეს წინა ხელშეკრულებით გათვალისწინებული უფლებით და 2018 წლის აგვისტოში გაემგზავრნენ ჩეხეთში. საქართველოში დაბრუნების შემდეგ ტურისტული კომპანიისგან მოითხოვეს ახალი ხელშეკრულებით სარგებლობის უფლების გამოყენება, კერძოდ, 2019 წლისთვის არაბეთის გაერთიანებულ ემირატებში დასვენება. კომპანიისგან მიიღეს წერილობითი პასუხი, რომ დამატებით გადასახდელი იქნებოდა 200 ევრო „სეზონის გაუმჯობესებისთვის“ და 350 ევრო ხელშეკრულების ვადის გაგრძელებისთვის. ასევე განუმარტეს, რომ რ.დ–ძის ზეპირ განმარტებებს ძალა არ ჰქონდა და მიუთითეს ხელშეკრულების პირობებზე.

2.5. მოპასუხემ, როგორც ტურისტული კომპანია A.S.E.G.Co., Ltd-ის წარმომადგენელმა, ბულგარეთში მდებარე სასტუმროში სარეკლამო გასაუბრების დროს არასწორი ინფორმაცია მიაწოდა მოსარჩელეებს და მოტყუებით განახორციელა მართლსაწინააღმდეგო ქმედება. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეები ითხოვენ რ.დ–ძის მიერ ჩადენილი არამართლზომიერი ქმედებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურებას.

მოპასუხის პოზიცია:

3.1. მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებელით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ ზ.ო–ძესა და ხ.ხ–ს ჩაუტარა გასაუბრება ბულგარეთში მდებარე სასტუმროში. მას მოსარჩელის მიერ ნახსენები 600 აშშ დოლარი არ აუღია. ეს თანხა იყო სასტუმროს დაბრუნებადი სადაზღვევო გირაო აპარტამენტების დაცულობისთვის, რაც გადახდილ იქნა ბულგარეთში ჩასვლისთანავე, რაზედაც სასტუმრომ გასცა სადაზღვევო გირაოს მიღების დასტური. ახალი ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ კი ეს თანხა ავტომატურად გადაირიცხა კომპანიის ანგარიშზე, რაც იყო ახალი ხელშეკრულების თანხა, ხოლო დანარჩენი ნაწილი მოსარჩელეებს ნაწილ-ნაწილ უნდა გადაეხადათ. ახალ ხელშეკრულებასა და სადაზღვევო გირაოს თანხის გადარიცხვის ფურცელს მოსარჩელემ ერთდროულად მოაწერა ხელი. მოსარჩელე მხარემ ხელშეკრულებაზე ხელმოწერის ნება თავად გამოავლინა და ხელმოწერის შემდეგ გარკვეული დროის განმავლობაში პრეტენზია არ გამოუთქვამს. მოპასუხემ ხელშეკრულება ადგილზე მიუტანა მოსარჩელეებს და დაბრუნდა. ამის შემდეგ მოსარჩელეებს ჰქონდათ 24 საათი ხელშეკრულების წასაკითხად და ადგილზე პრეტენზიის გამოსახატად. მოსარჩელეებს ახალი ხელშეკრულება რომ გამოეყენებინათ იმ პირობებით, რასაც ითვალისწინებდა, დამატებით თანხის გადახდა არ მოუწევდათ, დამატებითი ღირებულების გადახდა შეეხებოდა დამატებით მომსახურებას: კვება, სპა, ექსკურსია, მკურნალობა და სხვ.

3.2. თუკი მოსარჩელეს საქართველოში ჩამოსვლისას გაუჩნდა პრეტენზია ხელშეკრულების პირობებთან დაკავშირებით, მას უნდა დაეწყო დავა. ამის ნაცვლად, მან დამატებით ჩარიცხა თანხა კომპანიის ანგარიშზე, ასევე, გამოიყენა საჩუქარი და ისარგებლა ერთკვირიანი დასვენებით ჩეხეთში. მოპასუხის მტკიცებით, სარჩელი სრულიად უსაფუძვლოა, რ.დ–ძეს ევალებოდა მოსარჩელისთვის კონსულტაციის გაწევა, რაც განახორციელა კიდეც. მისი მოვალეობა ასევე იყო სტუმრების დახვედრა, მათი გადაადგილების უზრუნველყოფა, სარეკლამო პრეზენტაციების ჩატარება, მას არ შეეძლო ხელშეკრულების შედგენა, მასზე ხელმოწერა, თანხის მიღება. მოსარჩელეებმა ხელშეკრულებაზე ხელმოწერის ნება გამოავლინეს დამოუკიდებლად, ისინი არიან სრულწლოვანი, ქმედუნარიანი ადამიანები და მათი მხრიდან რ.დ–ძის დადანაშაულება სრულად მოკლებულია სამართლებრივ საფუძველს.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 19 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, ზ.ო–ძისა და ხ.ხ–ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

5. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრეს მოსარჩელეებმა, მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.

სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 24 თებერვლის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

7. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია დავისთვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

7.1. 2017 წლის აგვისტოში მოსარჩელეებმა - ზ.ო–ძემ და ხ.ხ–მა, ისარგებლეს 2016 წელს მიღებული შეთავაზებით, და ოჯახით იმოგზაურეს ბულგარეთში, სადაც განთავსდნენ კლუბურ სასტუმროში ,,M.H.C ". სასტუმროში გადაიხადეს განთავსების სადაზღვევო-საგარანტიო თანხა 600 აშშ დოლარი.

7.2. სასტუმროში მოსარჩელე ხ.ხ–მა ხელი მოაწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს, რომლის მიხედვითაც, კლუბურ სასტუმროში ჩასვლისას (M.H.C. ან P.P.) უნდა გადაეხადა 600 აშშ დოლარის ოდენობით დაბრუნებადი სადაზღვევო გირაო, რაც დაუბრუნდებოდა სასტუმროდან გამგზავრების დღეს. ეს თანხა, რაც შეადგენდა 508 ევროს, შემდეგში გადაირიცხა ტურისტული კომპანია A.S.E.G.Co. Ltd-ის ანგარიშზე, რომელიც წარმოადგენდა შემდეგი სამოგზაურო შეთავაზებისთვის სადეპოზიტო თანხას.

7.3. სასტუმროში მოპასუხე რ.დ–ძემ, როგორც კომპანია ,,A.S.E.G.Co. Ltd"-ის წარმომადგენელმა, მოსარჩელეებს მიაწოდა სარეკლამო ინფორმაცია კომპანიის შეთავაზებებთან დაკავშირებით. ამის შემდეგ მოსარჩელე ხ.ხ–მა ხელი მოაწერა ორ დოკუმენტს 1) 01-09-2017წ. №17000165 კონტრაქტის მყიდველის დეკლარაციას და 2) განცხადებას სერტიფიკატის გადაცემის შესახებ, რაც 01-09-2017წ. №17000165 კონტრაქტთან (ექსკლუზიურ განთავსებაზე) ერთად წარმოადგენდა ერთიან დოკუმენტს.

7.4. მყიდველის დეკლარაციის მიხედვით, მყიდველ(ებ)ის მხარეს წარმოადგენდა მოსარჩელე ხ.ხ–ი, მყიდველი იძენდა კლუბში განთავსების ერთკვირიან ექსკლუზიურ უფლებას 2018 წლის ჩათვლით. ამ უფლების გამოყენება შეიძლებოდა 2017 წლიდან ყოველ კალენდარულ წელს. ერთკვირიანი დასვენების კვირა განიმარტებოდა, როგორც 7 კალენდარული დღე-ღამისგან შემდგარი პერიოდი. ექსკლუზიური განთავსება შეიძლებოდა გამოყენებულიყო კლუბში ან შეცვლილიყო სხვა კურორტით, შეცვლის ღირებულების ანაზღაურების შედეგად, რაც უნდა გადაეხადა მყიდველს დაჯავშნის მომენტში. კლუბი დასვენებას სთავაზობდა სამ სეზონზე: დაბალ, მაღალ და პიკის. იმ სეზონის დაჯავშნისას, რომელიც აღემატებოდა კონტრაქტში მითითებულს, მყიდველის მიერ გადახდილი უნდა ყოფილიყო „სეზონური მომატების“ ღირებულება. მყიდველი ადასტურებდა, რომ შეძენილი ექსკლუზიური განთავსების უფლება მისთვის ფინანსურად ხელსაყრელი იყო და არ წარმოადგენდა მძიმე ტვირთს.

7.5. 01-09-2017წ. №17000165 კონტრაქტის მიხედვით, გამყიდველი - კომპანია ,,A.S.E.G.Co., Ltd", მყიდველს - მოსარჩელე ხ.ხ–ს, გადასცემდა განთავსების ექსკლუზიურ უფლებას ,,A. F.C."-ის (AFC კლუბის) კურორტების T1 ტიპის აპარტამენტებში 1 კვირის განმავლობაში, დაბალი სეზონის პერიოდში, 2017 წლიდან 2018 წლის ჩათვლით. განთავსების ექსკლუზიური უფლება შეიძლებოდა გაგრძელებულიყო ერთი კალენდარული წლით, განთავსების წესებში მითითებული ექსკლუზიური გაგრძელების წესების შესაბამისად. მყიდველს გამყიდველისთვის უნდა გადაეხადა კონტრაქტის სრული ღირებულება 1 100 ევროს ოდენობით. ბეს ოდენობა შეადგენდა 508 ევროს. კონტრაქტით გათვალისწინებული ვალდებულებების უზრუნველყოფის მიზნით, მყიდველი იხდიდა ბეს. კონტრაქტის სრული ღირებულების დარჩენილ თანხას 592 ევროს მყიდველი იხდიდა გრაფიკის შესაბამისად, 08/09/2017 წლიდან 08/08/2018 წლის ჩათვლით ყოველთვიურად 49 ევროს, ხოლო 08/08/2018 წელს _ 53 ევროს ოდენობით. თანხა გადახდილი უნდა ყოფილიყო პირდაპირი საბანკო გადარიცხვით.

7.6. 2018 წლის 26 თებერვალს მოსარჩელე ზ.ო–ძემ მიმღები S. H.C. L.-ს, ტაილანდურ საბანკო ანგარიშზე გადარიცხა 592 ევრო, №17000165 კონტრაქტის საფუძველზე. მოსარჩელის განმარტებით, აღნიშნული გადარიცხვა ერთობლივად განახორციელა იმის მიუხედავად, რომ ხელშეკრულების მიხედვით, გადახდის გრაფიკით ეს თანხები უნდა გადაერიცხა ეტაპობრივად 08/09/2017 წლიდან 08/08/2018 წლის პერიოდში. მოსარჩელეებისთვის ხელსაყრელი იყო ერთი გადარიცხვის განხორციელება, რადგან თითოეული გადარიცხვისთვის საბანკო მომსახურების საკომისიო სახით უნდა გადაეხადათ 40-დან 70 ევრომდე. თანხების ერთიანად გადახდაში მათ მოპასუხე დაეხმარა და საბოლოოდ, გადარიცხვასთან დაკავშირებით გადაიხადა გადარიცხვის საკომისიო 45 ევრო.

7.7. რ.დ–ძემ კონტრაქტის პირობებთან დაკავშირებით მოსარჩელეებს მიაწოდა გარკვეული სარეკლამო ინფორმაცია.

7.8. მოსარჩელეებსა და ტურისტულ კომპანიას შორის, რომლის კონსულტანტს წარმოადგენდა მოპასუხე, სახელშეკრულებო ურთიერთობა არსებობდა 2016 წლიდან. ამ ურთიერთობის ფარგლებში ტურისტული ორგანიზაცია A.S.E.G.Co., Ltd, რომლის იურიდიულ მისამართად მითითებულია: ტაილანდი, ქ. ბანგკოკი და, რომელიც წარმოადგენდა A.F.C.-ს, მოსარჩელეებს სთავაზობდა განთავსების უფლებას სასტუმროში. საქმეში არ არის წარმოდგენილი დეტალური მონაცემები, თუ რა სახელშეკრულებო პირობებზე იყვნენ შეთანხმებული მხარეები 2016 წელს, თუმცა ირკვევა, რომ 2017 წელს მოსარჩელეებმა ისარგებლეს 2016 წელს შეთანხმებული შეთავაზებით და იმოგზაურეს ბულგარეთში. ბულგარეთის სასტუმროში განთავსებისას, რომელიც A.F.C.-ის (საქმეში ასევე დასახელებულია, როგორც Alliance), სასტუმროთა ქსელში იყო გაერთიანებული, მათ გადაიხადეს 600 აშშ დოლარი, როგორც საგარანტიო თანხა, იმ დამატებითი ხარჯების გაწევის უზრუნველსაყოფად (მაგალითად, სასტუმროს ნომრის ბარით სარგებლობის გამო გასაწევი ხარჯი), რაც შეიძლებოდა წარმოშობოდათ სასტუმროში. ამავე დროს, ეს თანხა, რაც შეადგენდა 508 ევროს ეკვივალენტს, გამოყენებული იქნებოდა ტურისტული ორგანიზაციის მიერ შეთავაზებული შემდგომი სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში, შესაბამისად, დასახელებული თანხა წარმოადგენდა სადეპოზიტო თანხას ექსკლუზიური განთავსების შესახებ 2017 წლის 01 სექტემბრის №17000165 ხელშეკრულებისათვის.

7.9. ზ.ო–ძემ და ხ.ხ–მა 2018 წელს იმოგზაურეს პრაღაში, პრაღის სასტუმროსთან დაკავშირებით მოსარჩელე ხ.ხ–მა 2018 წლის 16 აგვისტოს დააფიქსირა თავისი გამოხმაურება, რომ კმაყოფილი იყო როგორც ქალაქში დასვენებით, ისე სასტუმროს აპარტამენტებით.

7.10. მოპასუხის მიერ წარმოდგენილი მიმოწერის მიხედვით, Alliance-ის წარმომადგენელი ადასტურებს, რომ მოსარჩელეებმა 2018 წელს იმოგზაურეს ჩეხეთის ქალაქ პრაღაში და განთავსდნენ A.F.C.-ის ერთ-ერთ სასტუმროში სწორედ 2017 წელს გაფორმებული №17000165 ხელშეკრულების ფარგლებში.

8. დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს სააპელაციო პალატამ მისცა შემდეგი სამართლებრივი შეფასება: დელიქტური პასუხისმგებლობის წინაპირობების არსებობის მტკიცების ტვირთი აპელანტებს (მოსარჩელეებს) ეკისრებოდათ, სწორედ მათ უნდა წარმოედგინათ სასამართლოში იმ გარემოების უტყუარად დამადასტურებელი დოკუმენტი, რომ, ჯერ ერთი, მოპასუხისათვის განჭვრეტადი იყო ზიანი და, მეორეც, მის მიზანს სწორედ მოსარჩელეებისათვის ზიანის მიყენება წარმოადგენდა, თუმცა, აპელანტები მხოლოდ ზეპირსიტყვიერი მითითებით შემოიფარგლნენ და დავის მათ სასარგებლოდ გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე, სარწმუნო მტკიცებულებების სასამართლოსთვის წარმოდგენა მათ ვერ შეძლეს. პალატამ გაზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა ზიანის ფაქტის არასებობასთან დაკავშირებით და მიუთითა, რომ დელიქტური პასუხისმგებლობის დასასაბუთებლად, პირველ რიგში, უნდა დადგინდეს/არსებობდეს ზიანის ფაქტი. ზიანი არის ის უპირველესი და მინიმალური ელემენტი, რაც უნდა ამტკიცოს მოსარჩელემ, როდესაც წარმოადგენს მოთხოვნას ზიანის ანაზღაურების შესახებ. მოსარჩელეების მიერ ზიანად მიჩნეული 1 145 ევრო წარმოადგენდა 2017 წლის ხელშეკრულების (01-09-2017წ. №17000165 კონტრაქტი ექსკლუზიურ განთავსებაზე) ფარგლებში გაწეულ ხარჯს. ამავდროულად, №17000165 ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურებით მოსარჩელეებმა ისარგებლეს 2018 წელს, პრაღაში მოგზაურობის დროს. შესაბამისად, მოსარჩელეების მიერ მითითებული თანხა წარმოადგენს არა ზიანს, არამედ მათ მიერ მიღებული მომსახურების სანაცვლოდ გადახდილ ანაზღაურებას. აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ მიიჩნია, რომ აპელანტებმა ვერ დაასაბუთეს დელიქტური პასუხისმგებლობის უპირველესი საფუძვლის, ზიანის არსებობაც კი, შესაბამისად, სარჩელი ზიანის ანაზღაურების შესახებ დაუსაბუთებელია.

9. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს მოსარჩელეებმა და მოითხოვეს ახალი გადაწყვეტილების მიღების გზით სარჩელის დაკმაყოფილება, შემდეგი საფუძვლებით:

9.1. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში სრულფასოვნად არ არის დადგენილი არცერთი ფაქტობრივი გარემოება და არც შესაბამისი სამართლებრივი შეფასებაა მიცემული. კასატორების ზიანი ვლინდება სწორედ იმაში, რომ მათ ვერ ისარგებლეს 1100 ევროს საფასურად შეძენილი ერთკვირიანი დასვენების უფლებით ტურისტული მომსახურების მომხმარებლების უფლებების უხეშად დარღვევის გამო, კერძოდ, მომსახურების მიმწოდებლის წარმომადგენლის მიერ ზეპირი ფორმით მომსახურების არსებითი პირობების შესახებ მიწოდებული ინფორმაციის წერილობით ხელშეკრულებასთან მნიშვნელოვანი შეუსაბამობის გამო. სასამართლოს უნდა ეხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 6571 და 6572 მუხლებით, პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის მე-12 მუხლით, სსკ 992-ე მუხლით, რომლებიც მომხმარებლებს მოტყუებისა და არასათანადო მოპყრობისგან იცავს.

9.2. სააპელაციო სასამართლოს უნდა დაედგინა ფაქტობრივი გარემოება მასზედ, რომ კასატორებმა 2018 წელს ქ.პრაღაში იმოგზაურეს 2016 წელს შეძენილი განთავსების ხელშეკრულების ფარგლებში შეძენილი 2 კვირიანი დასვენებიდან გამოუყენებელი 1 კვირით, ვინაიდან ბულგარეთში 2017 წელს დადებულ ხელშეკრულებაში გადმოვიდა სწორედ 2016 წლის გამოუყენებელი დასვენების 1 კვირა. რაც შეეხება 2017 წლის ხელშეკრულებით შეძენილ 1 კვირიან დასვენებას, აღნიშნულით კასატორებს საერთოდ არ უსარგებლიათ, ვინაიდან კონტრაქტის ვადის გასვლისა და სეზონის გაუმჯობებსებისთვის კომპანიამ მოითხოვა 550 ევროს დამატებით გადახდა, რაც სრულ შესაბამისობაში იყო ხელშეკრულების წერილობით პირობებთან, თუმცა ეწინააღმდეგებოდა ზეპირი გასაუბრების დროს რ.დ–ძის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას, რომ არავითარი დამატებითი გადასახდელი ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების მისაღებად მოთხოვნილი არ იქნებოდა. ამრიგად, სახეზეა რ.დ–ძის ქმედებით დამდგარი ქონებრივი დანაკლისი 1100 ევროს ოდენობით. შეთანხმების პირობებთან წერილობითი ხელშეკრულების პირობების შეუსაბამობის შესახებ მოსარჩელეებმა შეიტყვეს ბულგარეთიდან საქართველოში დაბრუნებიდან მეორე დღეს და პრეტენზიები კომპანიისა და მოპასუხის მიმართ გააცხადეს მყისიერად, რაც დასტურდება კომპანიასა და მოპასუხესთან არსებული მიმოწერებით. ამდენად, სახეზეა დელიქტური პასუხისმგებლობის დაკისრების ყველა წინაპირობა.

10. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული, შემდეგ გარემოებათა გამო:

11. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

12. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

13. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. კასატორებს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენიათ დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

14.1. უწინარეს ყოვლისა, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ კასატორების სასარჩელო პრეტენზია მიემართება წინასახელშეკრულებო ეტაპზე, ტურისტული ხელშეკრულების დადების მიზნით გაცხადებული პირობების შეუსაბამობას წერილობით დადებული ხელშეკრულების დათქმებთან, რამაც ქონებრივი ზიანი მიაყენა მათ ამ ხელშეკრულების ფარგლებში გადახდილი მომსახურების ღირებულების სახით.

14.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 657-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ტურიზმის ხელშეკრულებით მოგზაურობის მომწყობი (ტურისტული საწარმო) მოვალეა გაუწიოს ტურისტს (მოგზაურს) შეთანხმებული მომსახურება. ტურისტი მოვალეა მოგზაურობის მომწყობს გადაუხადოს შეპირებული ანაზღაურება გაწეული მომსახურებისათვის.

14.3. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სამოქალაქო ბრუნვისათვის ფუნდამენტის _ კეთილსინდისიერების ვალდებულების პრაქტიკულ გამოხატულებას წარმოადგენს, მათ შორის, წინასახელშეკრულებო ეტაპზე მეორე მხარის ინფორმირების ვალდებულება. ვალდებულების ჯეროვან შესრულებაზე ორიენტირებული სამართალურთიერთობა ფუძნდება იქ, სადაც მხარეებს ხელშეკრულების შესრულებასთან დაკავშირებული ცნობების არასათანადოდ გამჟღავნების ინტერესი არ გააჩნიათ. ინფორმირების ვალდებულება საერთოა მთელი სახელშეკრულებო სამართლისათვის და მისი ფორმულირება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 318-ე მუხლის შესაბამისად, შემდეგია: ვალდებულებიდან შეიძლება გამომდინარეობდეს ამა თუ იმ ინფორმაციის მიღების უფლება. ინფორმაციის გაცემა უზრუნველყოფილი უნდა იყოს მაშინ, როცა მას მნიშვნელობა აქვს ვალდებულების შინაარსის განსაზღვრისათვის და კონტრაჰენტს შეუძლია, საკუთარი უფლების შელახვის გარეშე გასცეს ეს ინფორმაცია. ინფორმაციის გაცემის ხარჯები ვალდებულ პირს უნდა აუნაზღაუროს მისმა მიმღებმა.

14.4. წინასახელშეკრულებო ეტაპზე ინფორმირების ვალდებულება კონკრეტდება ტურისტული მომსახურების ხელშეკრულების მომწესრიგებელ დებულებებშიც, კერძოდ, სსკ 6571 მუხლის თანახმად, მოგზაურობასთან (პაკეტთან) დაკავშირებული ნებისმიერი აღწერილობითი ფორმა, ღირებულება და ხელშეკრულების სხვა პირობები, რომლებითაც ტურისტი უზრუნველყოფილია მოგზაურობის მომწყობის მიერ, არ უნდა შეიცავდეს ყალბ, არასათანადო და შეცდომაში შემყვან ინფორმაციას. “მოგზაურობის მომწყობს არ უნდა შეეძლოს თავი დაიცვას იმაზე მითითებით, რომ ბროშურაში გაყალბებული ინფორმაცია კლიენტურის მოსაზიდად გამოიყენა, თუმცა ხელშეკრულებაში ასეთი რამ არ ჩაუწერია. ტურისტი, როგორც მომხმარებელი, ნაკლებად ერკვევა დეტალებში. როგორც წესი, მას სურს ზუსტად იმ მომსახურების მიღება, რომელიც ლამაზი და საინტერესო ვიდეოს, ფოტოების, ანიმაციის თუ ნებისმიერი სხვა სახით მიაწოდეს. შესაბამისად, მიწოდებული ინფორმაციის სიცრუის დადგენისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს ურთიერთობის მთელი კონტექსტი და ქრონოლოგია...“ (იხ. სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, ცერცვაძე გ., მუხლი 5671-ის კომენტარი, ველი 7, ხელმისაწვდომია ინეტრნერტ რესურსზე gccc.tsu.ge).

14.5. ამრიგად, ჯეროვანი ინფორმაციის მიწოდების უფლებას კანონმდებელი განიხილავს მოგზაურობის მომწყობის უშუალო ვალდებულებად. იმდენად, რამდენადაც მოგზაურობის მომწყობი საწარმოა, იგი, უმრავლეს შემთხვევაში, არსებობს იურიდიული პირის ფორმით (იხ. სტატია, გაბიჩვაძე შ., „ტურისტული მომსახურების სამოქალაქო რეგულირება“, მართლმსაჯულება და კანონი N2(37)’13, გვ.75-76) რა დროსაც, საწარმოს ვალდებულებათა აღმსრულებელნი არიან მის ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე ვალდებული პირები ან მისი მუშაკები (რომლებიც სახელშეკრულებო ურთიერთობით არიან დაკავშირებულნი მოგზაურობის მომწყობთან), თუმცა კანონმდებელი მათ მოქმედებას თუ უმოქმედობას განიხილავს სწორედ საწარმოს ბრალად, ვინაიდან პოტენციურ მომხმარებელთან ხელშეკრულების დადებით დაინტერესებული სუბიექტი, ეკონომიკური სარგებლის მიღების შესაძლებლობის გამო, ტურისტულ ურთიერთობებში უპირატესად სწორედ საწარმოა.

14.6. ამრიგად, ინფორმირების ვალდებულებით დამდგარი ზიანის ანაზღაურებაზე პასუხისმგებელი სუბიექტი, რამდენადაც წინასახელშეკრულებო ურთიერთობაში გამოვლენილი არაკეთილსინდისიერება სახელშეკრულებო სამართლის რეგულირების საგანია, ტურისტული მომსახურების ხელშეკრულების მონაწილეებს შორის უნდა ვეძიოთ და არა ამ ხელშეკრულების დადებაში მონაწილე დამხმარე პირებს შორის. აღნიშნული არ ნიშნავს იმას, რომ ხელშეკრულების არსებობის თანადროულად დელიქტური პასუხისმგებლობა გამორიცხულია, თუმცა საამისოდ მოსარჩელე სარჩელში უნდა უთითებდეს და შესაბამისი მტკციცებულებებით ადასტურებდეს იმგვარ გარემოებებს, რომელიც დააფუძნებს ხელშეკრულების დადებაში დამხმარე პირის საკუთარ ბრალს.

14.7. სამოქალაქო კოდექსის ზიანის ანაზღაურების მომწესრიგებელი ცენტრალური ნორმები (სსკ 394-ე და 992-ე მუხლები) აგებულია ბრალეულობის პრინციპზე (იხ. სუსგ. საქმეზე №ას-1633-2019, 09.03.2020წ); ბრალის გარეშე პასუხისმგებლობა საგამონაკლისო წესია და დაკავშირებულია მომეტებული საფრთხის წყაროდან დამდგარ ზიანთან. ამასთან, ყოველი პირი პასუხის აგებს საკუთარი ბრალეულობის _ განზრახვის ან გაუფრთხილებლობის გამო.

14.8. დადგენილია და დავას არ იწვევს ის გარემოება, რომ 01-09-2017წ. №17000165 კონტრაქტი ხელმოწერილი არ არის რ.დ–ძის მიერ. მოსარჩელეს არ მიუთითებია და არც შესაბამისი მტკიცებულებები წარმოუდგენია მასზედ, რომ ხელშეკრულების პროექტის ტექსტი შეადგინა უშუალოდ მოპასუხემ. საქმის მასალებით დადგენილია ის გარემოება, რომ რ.დ–ძემ ტურისტული საწარმოსგან ცალმხრივად შედგენილი და მესამე პირის (ტურისტული საწარმოსგან საამისოდ უფლებამოსილი წარმომადგენლის) ხელმოწერილი ხელშეკრულება მხოლოდ ტექნიკურად მიაწოდა მოსარჩელეებს. უდავო გარემოებაა, რომ ხელშეკრულების ტექსტი შედგენილი იყო რუსულ და ინგლისურ ენაზე, რომელთა რ.დ–ძის მიერ სათანადო ცოდნის ფაქტი საქმის მასალებით დადგენილი არ არის. მოსარჩელე ვერ ასაბუთებს, ხოლო მოპასუხე უარყოფს, რომ რ.დ–ძეს პირადი ინტერესი გააჩნდა მოსარჩელეებსა და საწარმოს შორის ხელშეკრულების დადების მიმართ რაიმე სარგებლისა თუ უპირატესობის მიღების სახით.

14.9. მოპასუხის განმარტებით, მოსარჩელეების მიმართ სარეკლამო კონსულტაციის გაწევისას იგი მოქმედებდა ტურისტული კომპანიისგან მიღებული მითითებების შესაბამისად, ამრიგად, რ.დ–ძის მიერ იმგვარი ქმედების ჩადენა (ტურისტული საწარმოს მომხმარებლის შეცდომაში შეყვანა), რომელიც მისი პერსონალური პასუხისმგებლობის საფუძველს შექმნიდა, საქმის მასალებიდან არ ვლინდება.

14.10. საგულისხმოა, რომ ზ.ო–ძეს, ხატუნა ხუტიაშვილსა და რ.დ–ძეს შორის არსებული კომუნიკაციის ფარული ჩანაწერი, რომლითაც მოსარჩელეები მიზნად ისახავდნენ მოპასუხის დელიქტური პასუხისმგებლობის დასაბუთებას, საქალაქო სასამართლომ დაუშვებელ მტკიცებულებად მიიჩნია, რაც გაზიარებულ იქნა სააპელაციო პალატის მიერაც. ხსენებულ ნაწილში საკასაციო პრეტენზია წარმოდგენილი არ არის. საკასაციო პალატა შეზღუდულია რა საჩივრის ფარგლებით (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. საკასაციო სასამართლოს არ შეუძლია თავისი ინიციატივით შეამოწმოს საპროცესო დარღვევები, გარდა 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ” ქვეპუნქტში მითითებული ფაქტებისა), გასაჩივრებული განჩინების კანონიერების შემოწმების უფლებამოსილება კასატორის მიერ შეუდავებელ ნაწილში მას არ გააჩნია, შესაბამისად, ფარული ჩანაწერების მტკიცებულებად დასაშვებობის საკითხს საკასაციო პალატა არ შეაფასებს.

14.11. ამრიგად, ინფორმირების ვალდებულების დარღვევაზე პასუხისმგებელ სუბიექტს და, შესაბამისად, სათანადო მოპასუხეს, წინამდებარე დავაში წარმოადგენს მოსარჩელეთა კონტრაჰენტი _ მოგზაურობის მომწყობი. საკასაციო პრეტენზიების დანარჩენ ნაწილს, რამდენადაც იგი მიმართულია არასათანადო პირის მიმართ, პალატა დავისთვის მნიშვნელობის მქონედ არ მიიჩნევს.

15. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კასატორმა ვერ დაასაბუთა სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა-გადაწყვეტა მატერიალური ან საპროცესო ნორმების დარღვევით, ამრიგად, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.

16. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. კასატორებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობისთვის გადახდილი აქვთ სახელმწიფო ბაჟი 300 ლარის ოდენობით, საიდანაც 210 ლარი ექვემდებარება მათთვის უკან დაბრუნებას.

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ზ.ო–ძისა და ხ.ხ–ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.

2. ზ.ო–ძეს (პ/ნ .......) და ხ.ხ–ს (პ/ნ ......) დაუბრუნდეთ ზ.ო–ძის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის – 300 ლარის (საგადახდო დავალება № 13223787642, გადახდის თარიღი: 04.05.2022წ, გადამხდელის ბანკი: ს.ს. „საქართველოს ბანკი“) 70% – 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლეები : ლაშა ქოჩიაშვილი

ამირან ძაბუნიძე

თეა ძიმისტარაშვილი