Facebook Twitter

15 თებერვალი, 2023 წელი №ას-624-2022 თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ამირან ძაბუნიძე

თეა ძიმისტარაშვილი

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი - თ.მ–ი

მოწინააღმდეგე მხარეები - ხ.ს–ძე, ზ.ზ–ძე

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 02 მარტის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი - სამკვიდრო მოწმობის ნაწილობრივ ბათილად ცნობა, ხელშეკრულების ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. თ.მ–მა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების: ხ.ს–ძისა და ზ.ზ–ძის მიმართ, შემდეგი მოთხოვნებით:

1.1. ხ.ს–ძის სახელზე 2017 წლის 28 დეკემბერს გაცემული №171502926 სამკვიდრო მოწმობის ნაწილობრივ ბათილად ცნობა (იმ ნაწილში, რომლითაც თ.მ–ის კუთვნილი მიწის ნაკვეთი შევიდა რ.ს–ძის სამკვიდრო მასაში).

1.2. ხ.ს–ძესა და ზ.ზ–ძეს შორის 2018 წლის 31 მარტს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა და თბილისში, გლდანის მასივის ტერიტორიაზე მდებარე 600 კვ.მ. ფართის მიწის ნაკვეთის (სარეგისტრაციო ნომერი: №721330....) მოსარჩელის სახელზე აღრიცხვა.

2. მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა. გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 25.06.2019წ. განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც მოპასუხე ზ.ზ–ძეს აეკრძალა კუთვნილი უძრავი ქონების, მდებარე - თბილისი, გლდანის I მასივის ტერიტორია, ფართობი 533.00 კვ.მ. ს/კ ...... გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა.

4. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოსარჩელემ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილების მოთხოვნით.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 02 მარტის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება, შემდეგ ფაქტობრივ-სამართლებრივ საფუძვლებზე მითითებით:

5.1. საჯარო რეესტრის 30.03.2018 წლის №892017264000-22 გადაწყვეტილებით უძრავი ქონება მდებარე - ქ. თბილისი, გლდანის მასივის ტერიტორია, ს/კ ........ (სადავო უძრავი ქონება) ხ.ს–ძის საკუთრებად აღირიცხა.

5.2. სადავო უძრავი ნივთი (ს/კ .........) 03.04.2018 წ. ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, ხ.ს–ძისგან ზ.ზ–ძემ შეიძინა.

5.3. საჯარო რეესტრის გადაწყვეტილებით სადავო უძრავი ქონების (ს.კ ........) ხ.ს–ძის საკუთრებაში გადაცემის საფუძველი თბილისის სალოკომოტივო დეპოს მებაღეობის ამხანაგობის გამგეობის მიერ გაცემული და 09.05.1990 წელს დამოწმებული მებაღის №128 წიგნაკი გახდა.

5.4. მიწის (უძრავი ქონების) შესახებ 13.03.2007 წლის საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, უძრავი ქონების ს/კ ....... მესაკუთრე იყო უ.კ–ვი, უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი იყო 20.06.1997 წლის №14575 მიღება-ჩაბარების აქტი. საჯარო რეესტრის 23.03.2007 წლის ამონაწერის თანახმად, ამ უძრავი ქონების მესაკუთრეა თ.მ–ი, უფლების დამადასტურებელი დოკუმენტია - 20.03.2007 წლის სამკვიდრო მოწმობა.

5.5. საჯარო რეესტრის ამონაწერითა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 19 ივნისის მომართვის საფუძველზე, ხ.ს–ძის საკუთრების უფლება 30.03.2018-03.04.2018 პერიოდში რეგისტრირებული იყო უძრავ ნივთზე მისამართით: ნაკვეთის საკუთრების ტიპი: საკუთრება, ნაკვეთის დანიშნულება: სასოფლო-სამეურნეო, დაზუსტებული ფართობი: 533.00 კვ.მ. საფუძველი: სამკვიდრო მოწმობა, №171502926, გაფორმების თარიღი: 28/12/2017, №128 მებაღის წიგნაკი, გაფორმების თარიღი 09.05.1990, თბილისის სალოკომოტივო დეპოს მებაღეობის ამხანაგობის გამგეობა. ამდენად, სადავო უძრავ ქონებაზე საკუთრების წარმოშობის საფუძველი გახდა მებაღის №128 წიგნაკი, რომელიც ეკუთვნოდა მოპასუხე ხ.ს–ძის დედას და სწორედ ამ გარემოებამ განაპირობა სადავო უძრავი ქონების სამკვიდრო მასაში შეტანა და მის საფუძველზე, ხ.ს–ძის სახელზე სამკვიდრო მოწმობის გაცემა.

5.6. სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, საყურადღებო იყო, რომ სადავო უძრავი ქონების რეგისტრაციისას განხორციელდა ადმინისტრაციული წარმოება, რომლის ფარგლებში, გადაწყვეტილების მისაღებად დადგინდა უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთისა და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობა. ასევე, საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 2018 წლის 5 იანვრის №8676 წერილით გამოითხოვა ინფორმაცია გლდანის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან. გლდანის რაიონის გამგეობის 27.02.2018 წლის პასუხის თანახმად, 15.02.2018 წელს განხორციელდა უძრავი ქონების ადგილზე დათვალიერება, რომლის საფუძველზეც, შედგა №00261 ოქმი. წარმოების ფარგლებში, ვიზუალური დათვალიერებით დადგინდა, რომ მიწის ნაკვეთი შემოსაზღვრულია ნაწილობრივ, განაშენიანებულია. ნაკვეთზე არ დგას რაიმე ტიპის ნაგებობა. სარეგისტრაციო მიწის ნაკვეთის ხ. ს–ძის მიერ კანონიერი მფლობელობა დაადასტურა მიმდებარე მიწის ნაკვეთის მესაკუთრემ. ადგილზე დათვალიერებისას ასევე გადამოწმდა სარეგისტრაციოდ წარმოდგენილი ნახაზის საკადასტრო მონაცემები. უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების №00261 ოქმის შესაბამისად, მუნიციპალიტეტის წარმომადგენელმა დაადგინა, რომ ხ.ს–ძის მიერ სარეგისტრაციო განცხადების ფარგლებში წარდგენილი უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთი საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურია. სახელმწიფო პროექტის ფარგლებში, უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების №00261 ოქმის თანახმად, უძრავი ნივთის უფლების დამადასტურებელ დოკუმენტს წარმოადგენს თბილისის სალოკომოტივო დეპოს მებაღეობის ამხანაგობის გამგეობის მიერ 1990 წლის 05 მაისს გაცემული №128 მებაღის წიგნაკი.

5.7. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებული ადმინისტრაციული წარმოებისას დადგინდა, რომ არსებობდა ხ.ს–ძისათვის საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემის კანონიერი საფუძველი, რაც მოსარჩელეს/აპელანტს სადავოდ არ გაუხდია. მოსარჩელის მიერ სადავოდ არ გამხდარა ასევე მებაღის წიგნაკი, რომელიც საკუთრების წარმოშობის საფუძველია. შესაბამისად, სასარჩელო მოთხოვნა ხ.ს–ძის სახელზე 2017 წლის 28 დეკემბერს გაცემული №171502926 სამკვიდრო მოწმობის ნაწილობრივ ბათილად (იმ ნაწილში, რომლითაც თ.მ–ის კუთვნილი მიწის ნაკვეთი შევიდა რ.ს–ძის სამკვიდრო მასაში) ცნობის ნაწილში, უსაფუძვლო იყო.

5.8. სააპელაციო პალატამ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 180-ე მუხლზე მიუთითა და განმარტა, რომ დავის მიმართ იურიდიული ინტერესის არსებობის შემოწმება განეკუთვნება სამართლის საკითხს, შესაბამისად, ვიდრე საქმის განმხილველი სასამართლო სარჩელის საფუძვლიანობას შეამოწმებს, მნიშვნელოვანია, შეფასდეს, აქვს თუ არა მოსარჩელეს ნამდვილი იურიდიული ინტერესი დავის მიმართ და უზრუნველყოფს თუ არა მოსარჩელის მოთხოვნა ამ ინტერესის დაკმაყოფილებას. აღიარებითი სარჩელის შემთხვევაში, იურიდიული ინტერესის არსებობა განპირობებულია არა ზოგადად მხარის ინტერესით, არამედ - მატერიალურ-სამართლებრივი დანაწესით, რომლის შედეგის რეალიზაცია შესაძლებელია აღიარებითი სარჩელის აღძვრით. მატერიალურ-სამართლებრივი ნორმით განსაზღვრული უფლების დაცვას უნდა ემსახურებოდეს აღიარებითი სარჩელი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 180-ე მუხლის განმარტების შედეგად, აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილებით, მოსარჩელემ უნდა განახორციელოს კონკრეტული უფლება და ამ უფლების განხორციელება დაკავშირებული უნდა იყოს უშუალოდ აღიარებითი სარჩელით მოთხოვნილი უფლების აღიარებასთან. იურიდიული ინტერესის არსებობის დადგენისათვის უპირატესად უნდა გაირკვეს, გაუმჯობესდება თუ არა მოსარჩელის სამართლებრივი მდგომარეობა მისი აღიარებითი მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში. მიკუთვნებითი სარჩელებისგან განსხვავებით, აღიარებითი სარჩელის დავის საგანია თვით მატერიალურსამართლებრივი ურთიერთობა, რომელიც სუბსიდიური ხასიათის მატარებელია და იურიდიული ინტერესის არსებობა გამორიცხულია, თუ შესაძლებელია მოპასუხის მიმართ მიკუთვნებითი მოთხოვნის წარდგენა.

5.9. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, ვინაიდან სამკვიდრო მასაში სადავო უძრავი ქონების შეტანის საფუძველია თბილისის სალოკომოტივო დეპოს მებაღეობის ამხანაგობის გამგეობის მიერ 1990 წლის 05 მაისს გაცემული მებაღის №128 წიგნაკი, რომელიც დღემდე ძალაშია და მასზე შედავებაც არ განხორციელებულა, სარჩელის დაკმაყოფილების, სამკვიდრო მოწმობის ბათილად ცნობის შემთხვევაშიც კი, მოსარჩელისთვის სასარგებლო შედეგი ვერ დადგება და მიღწეული ვერ იქნება ის მიზანი, რომლის თაობაზეც წარდგენილი იქნა სარჩელი. შესაბამისად, სამკვიდრო მოწმობის ბათილად ცნობის შემთხვევაში, მოსარჩელის იურიდიული ინტერესი მიღწევადი არ არის, რადგან უძრავი ქონების (მდებარე ქ. თბილისი გლდანის მასივის ტერიტორია ს.კ. ........) რ.ს–ძის სახელზე სახელმწიფო პროექტის ფარგლებში რეგისტრაციის საფუძველია მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი.

5.10. სააპელაციო სასამართლოს დასკვნით, სამკვიდრო მოწმობის ბათილად ცნობის იურიდიული ინტერესი, რომ სამკვიდრო მოწმობის ბათილობის შემთხვევაში, მოხდეს პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა და სადავო მიწის ნაკვეთი თ.მ–ის საკუთრებაში აღირიცხოს, წარმოდგენილი სარჩელის ფარგლებში ვერ მიიღწევა.

5.11. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 04 ივნისის გადაწყვეტილების თანახმად, მოსარჩელეს განემარტა, რომ ..... და ........ საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებს შორის დადგინდა ინსტრუქციით განსაზღვრული ზედდება. ამასთან ეცნობა, რომ თუ არ ეთანხმება რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის მდებარეობასა და კონფიგურაციას, სარეგისტრაციო წარმოების ვადის დაცვით წარედგინა ინფორმაცია დავის არსებობის შესახებ. საქმის მასალებით დგინდება, რომ მოსარჩელე მხარეს აღნიშნული ზედდება სადავოდ არ გაუხდია და გადაწყვეტილების მიმღებ უფლებამოსილი ორგანოსათვის სადავო საკითხის გადასაწყვეტად არ მიუმართვს. შესაბამისად, ასეთ პირობებში და მოცემული დავის ფარგლებში სასამართლო მოკლებული იყო შესაძლებლობას უპირატესობა მიენიჭებინა რომელიმე მესაკუთრის უფლების დამდგენი დოკუმენტისათვის, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც, საქმეში არსებული მტკიცებულებათა ერთობლიობით მოპასუხის საკუთრების უფლების მართლზომიერად მოპოვება სახეზეა. შესაბამისად, უსაფუძვლო იყო სასარჩელო მოთხოვნა ხ.ს–ძესა (გამყიდველს) და ზ.ზ–ძეს (მყიდველს) შორის გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის თაობაზეც.

5.12. სააპელაციო პალატის განმარტებით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 312-ე და 185-ე მუხლების ანალიზი ცხადჰყოფს, რომ როდესაც საქმე ეხება უძრავი ქონების შეძენას, შემძენს თავისი უფლების დასამტკიცებლად შეუძლია დაეყრდნოს რეესტრში რეგისტრირებული ფაქტების სისწორის ვარაუდს, თუნდაც სინამდვილეში უსწორო იყოს რეესტრის მონაცემები. ამ მდგომარეობას არარსებითად აქცევს შემძენის კეთილსინდისიერი დამოკიდებულება, რაც საჯარო რეესტრის ჩანაწერის უსწორობაში გამოიხატება. ერთადერთი, რაც რეესტრის უტყუარობის ფიქციას და, შესაბამისად, ნივთის შეძენას არღვევს, სწორედ შემძენის კეთილსინდისიერებაა.

5.13. სამოქალაქო კოდექსის 185-ე და 312-ე მუხლები შეიცავს არაკეთილსინდისიერების იურიდიული შედეგის განმსაზღვრელ კომპონენტს - შემძენმა იცის, რომ გამსხვისებელი არ იყო მესაკუთრე. აღნიშნული მუხლების ერთობლივ ანალიზს მივყავართ მსჯელობამდე, რომ კანონმდებელმა უძრავი ქონების შეძენისას, შემძენს, მხოლოდ საჯარო რეესტრის მონაცემების შემოწმების ტვირთი დააკისრა, თუმცა, საჯარო რეესტრის მონაცემების უტყუარობის პრეზუფცია ვერ გამოდგება შემძენის დაცვით არგუმენტად, თუ დადგინდება, რომ მან იცოდა უფლების ხარვეზის შესახებ. ამდენად, როდესაც სადავოა უძრავი ნივთის შეძენის ფაქტი და ნამდვილი მესაკუთრე უთითებს შემძენის არაკეთილსინდისიერებაზე, უნდა შემოწმდეს შემძენის სუბიექტური დამოკიდებულება გარკვეული ფაქტებისადმი. ამ უკანასკნელი საკითხის გამორკვევისას გამოკვლეული უნდა იქნას შემძენის შესაძლებლობანი რეესტრის არასწორი ჩანაწერის ცოდნასთან, რეგისტრირებული უფლების სადავოობასთან მიმართებით ან უნდა გაირკვეს იცოდა თუ არა შემძენმა სადავო ფაქტი.

5.14. იმისათვის, რომ შემძენი გახდეს მესაკუთრე, სამოქალაქო კანონმდებლობით გამყიდველის საჯარო რეესტრში მესაკუთრედ რეგისტრაციის ფაქტთან ერთად, ასევე, დადგენილია დამატებითი პირობები. სამოქალაქო კოდექსის 185-ე მუხლი, ისევე, როგორც ამავე კოდექსის 312-ე მუხლის მე-2 ნაწილი მიუთითებს, რომ შემძენი მხოლოდ მაშინ გახდება მესაკუთრე, თუ მან არ იცოდა საჯარო რეესტრის ჩანაწერის უზუსტობის შესახებ. ამასთან, „უზუსტო ჩანაწერთან დაკავშირებით, შემძენს არაკეთილსინდისიერად აქცევს არა ყოველგვარი ცოდნა, არამედ მხოლოდ ისეთი, რაც ეჭვის ქვეშ აყენებს უფლების შეძენის ნამდვილობას, ანუ იმ გარემოებათა ცოდნა, რის გამოც ჩანაწერი უზუსტოა“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2014 წლის 16 იანვრის გადაწყვეტილება №ას-189-182-2013).

5.15. მოცემულ შემთხვევაში, საქმეში არსებული მასალებით, დადასტურდა, რომ ზ.ზ–ძე წარმოადგენს ქონების კეთილსინდისიერ შემძენს, რადგან მოსარჩელის მიერ ვერ იქნა დადასტურებული ხ.ს–ძის სადავო ქონების არამართლზომიერად ფლობის ფაქტი. შესაბამისად, ხ.ს–ძესა და ზ.ზ–ძეს შორის გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის თაობაზე სასარჩელო მოთხოვნა, ამ თვალსაზრისითაც უსაფუძვლო იყო.

6. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილება.

6.1. ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა არასწორად შეაფასეს საქმის ფაქტობრივი გარემოებები და, შესაბამისად, არასწორად დაასკვნეს, რომ სამკვიდრო მოწმობისა და ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის შემთხვევაში, მოსარჩელისათვის სასურველი შედეგი ვერ მიიღწევა.

6.2. მცდარია სასამართლოს დასკვნა, თითქოს სამკვიდრო მოწმობა არ წარმოადგენს მიწის ნაკვეთის ლეგალიზების საფუძველს. აღსანიშნავია, რომ ხ.ს–ძის მიერ არ მომხდარა მიწის ნაკვეთის ლეგალიზება, არამედ მან მიწის ნაკვეთის პირველადი რეგისტრაცია მოახდინა. ამასთან, ხ.ს–ძის სახელზე გაცემულ ამონაწერში უფლების დამდგენ დოკუმენტებად მითითებულია მებაღის წიგნაკი და სამკვიდრო მოწმობა, ამ უკანასკნელის ბათილობა კი, ავტომატურად იწვევს რეგისტრაციის ბათილობას.

6.3. მოსარჩელის კუთვნილი მიწის ნაკვეთი მისი საკუთრების უფლების გაუქმების გარეშე არ უნდა შესულიყო რ.ს–ძის სამკვიდრო მასაში. მებაღის წიგნაკით არ ხდება მასში მითითებული მიწის ნაკვეთის იდენტიფიცირება. შესაძლებელია, რომ რ.ს–ძეს მართლაც ჰქონდა მიღებული მიწის ნაკვეთი, მაგრამ მისი ნაკვეთის ზუსტი ადგილმდებარეობა, არცერთი მტკიცებულებით არ დასტურდება, გარდა მოპასუხის განმარტებისა.

6.4. საქმეში არსებული გადასახადების ქვითრებით დასტურდება, რომ თ.მ–ი 2007 წლიდან იხდიდა იმ მიწის გადასახადს და 2007 წლიდან ფლობდა იმ მიწის ნაკვეთს, რომელსაც ესაზღვრებოდა 207 და 209 ნომრით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთები. ამასთან, ნიშანდობლივია ის გარემოება, რომ პირველად, 11 წლით ადრე, სადავო მიწის ნაკვეთი აღირიცხა ჯერ უ.კ–ვის, ხოლო შემდეგ - თ.მ–ის სახელზე. შესაბამისად, თ.მ–ის საკუთრების უფლების გაუქმების გარეშე, ხ.ს–ძე არ უნდა გამხდარიყო ამ მიწის ნაკვეთის მესაკუთრე.

6.5. დადგენილია, რომ გადაწყვეტილების გამოტანის მომენტისათვის და ამჟამადაც, სადავოდ არ გამხდარა თ.მ–ისა და უ.კ–ვის უფლების დამდგენი დოკუმენტები. შესაბამიად, ზ.ზ–ძესა და ხ.ს–ძეს შორის გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულებისა და ასევე ხ.ს–ძის სახელზე გაცემული სამკვიდრო მოწმობის ბათილობის შემთხვევაში, უნდა აღდგეს პირვანდელი მდგომარეობა და სადავო მიწის ნაკვეთი კვლავ უნდა აღირიცხოს თ.მ–ის საკუთრებად (რომლის უფლებაც არ გაუქმებულა).

6.6. არასწორია ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა ზ.ზ–ძის კეთილსინდისიერ შემძენად მიჩნევასთან დაკავშირებითაც. შემძენს კეთილსიდისიერის სტატუსი მიენიჭება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ წინა მესაკუთრის საკუთრების უფლება უკვე გაუქმებულია და ქონება გადასულია ახალ შემძენზე. მოცემულ შემთხვევაში, ერთსა და იმავე მიწის ნაკვეთზე რეგისტრირებულია თ.მ–ისა და ზ.ზ–ძის საკუთრების უფლება. ასეთ შემთხვევაში, უნდა განისაზღვროს თუ ვის უფრო ადრე და რის საფუძველზე წარმოეშვა სადავო ქონებაზე საკუთრების უფლება და თუკი დადგინდება, რომ პირველი (უფრო ადრე რეგისტრირებული) მესაკუთრის უფლება კანონიერია, ანუ უფლების დამდგენი დოკუმენტები კანონიერია, მაშინ უპირატესობა უნდა მიენიჭოს უფრო ადრე რეგისტრირებულ მესაკუთრეს, მოცემულ შემთხვევაში - მოსარჩელეს, რომლის უფლების დამდგენი დოკუმენტები სადავოდაც არ გამხდარა.

7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც საკასაციო საჩივარი დაუშვებელია:

8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

9. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

10. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

11. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანია გააჩნია თუ არა მოსარჩელეს სადავო გარიგებების ბათილად ცნობის მიმართ ნამდვილი იურიდიული ინტერესი და წარმოადგენს თუ არა მოპასუხე ზ.ზ–ძე სადავო უძრავი ქონების კეთილსინდისიერ შემძენს.

12. საკასაციო პალატა იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების დასკვნას, რომ სამკვიდრო მოწმობის ბათილად ცნობის მოთხოვნა აღიარებით სარჩელს წარმოადგენს, რის მიმართაც მოსარჩელეს ნამდვილი იურიდიული ინტერესი არ გააჩნია.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 180-ე მუხლის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას უფლებისა თუ სამართლებრივი ურთიერთობების არსებობა-არარსებობის დადგენის, დოკუმენტების ნამდვილობის აღიარების ან დოკუმენტების სიყალბის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს იმის იურიდიული ინტერესი, რომ ასეთი აღიარება სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხდეს.

აღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, აღიარებითი სარჩელის მიღებისა და განხილვის აუცილებელი პირობაა მოსარჩელის იურიდიული ინტერესის არსებობა სარჩელში მითითებული სამართლებრივი ურთიერთობის ან ფაქტის აღიარების მიმართ.

აღიარებით სარჩელებთან დაკავშირებით საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდმა პალატამ (საქმე №ას-121-117-2016) განმარტა შემდეგი: „მოსარჩელის მოთხოვნათა მიხედვით შესაძლებელია სარჩელის შემდეგი კლასიფიკაცია: 1. მიკუთვნებითი, ანუ აღსრულებითი სარჩელი - მოთხოვნა გულისხმობს მოპასუხისათვის გარკვეული მოქმედების შესრულების დაკისრებას მოსარჩელის სასარგებლოდ. მაგალითად, ფულადი ვალდებულების შესრულების დაკისრება; ზიანის ანაზღაურება, სარჩოს დაკისრება. 2. აღიარებითი სარჩელი - რომელიც აღძრულია უფლებისა თუ სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა - არარსებობის დადგენის, დოკუმენტის ნამდვილობის აღიარების ან დოკუმენტის სიყალბის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს ამის იურიდიული ინტერესი. მაგალითად, მამობის დადგენა, ქორწინების ბათილად ცნობა; 3. გარდაქმნითი სარჩელი - მოთხოვნა მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის შეცვლა-შეწყვეტისაკენ, მაგალითად, განქორწინება. იურიდიული ინტერესი არის ის ფაქტობრივი და სამართლებრივი შედეგი, რომლის მიღწევასაც ცდილობს მხარე აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილებით. აღიარებითი სარჩელის მიმართ ნამდვილი იურიდიული ინტერესის არარსებობა არათუ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, არამედ სარჩელის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის საფუძველსაც კი წარმოადგენს. აღიარებითი სარჩელის სასამართლოში წარდგენისას მხარე ვალდებულია სარწმუნოდ დაასაბუთოს ის იურიდიული ინტერესი, რომლიდან გამომდინარეც იგი მოახდენს თავის დარღვეული თუ სადავოდ გამხდარი უფლების რეალიზებას. აღიარებითი სარჩელის აღძვრის შემთხვევაში მოსარჩელის მიერ მითითებული იურიდიული ინტერესი უნდა იყოს ნამდვილი და სწორი ანუ მიღწევადი. ერთია, მოსარჩელის სურვილი, ხოლო მეორე კი - სარჩელის ნამდვილი იურიდიული ინტერესი, რომელთა ერთმანეთთან გაიგივება არ შეიძლება. იურიდიული ინტერესის ცნებაში ყოველთვის იგულისხმება ის მატერიალურ-სამართლებრივი უფლება, რომლის დაცვასაც უზრუნველყოფს აღიარებითი სარჩელი. ამდენად, მატერიალურ სამართლებრივი უფლების დაცვა შესაძლებელია აღიარებითი სარჩელის აღძვრის გზით, მაგრამ ასეთი სარჩელი უნდა უზრუნველყოფდეს სადავოდ ქცეული უფლების დაცვას და უნდა გამორიცხავდეს მიკუთვნებითი სარჩელის აღძვრის შესაძლებლობას“.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 180-ე მუხლი ადგენს აღიარებითი სარჩელის იურიდიული ინტერესის განმსაზღვრელ კრიტერიუმებს რომელთაც განეკუთვნება შემდეგი: ა) მოსარჩელეს უნდა ედავებოდნენ უფლებაში; ბ) დავის არსებობა უნდა ქმნიდეს მოსარჩელის უფლების მომავალში დარღვევის რეალურ საშიშროებას; გ) აღიარებითი სარჩელის გადაწყვეტა დავის გადაწყვეტის საუკეთესო საშუალება უნდა იყოს, კერძოდ, გადაწყვეტილების შედეგად სრულად გარკვეული შედეგი უნდა დგებოდეს მხარისათვის, აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილება უნდა ქმნიდეს იმ უფლებისა თუ ურთიერთობის განსაზღვრულობას, რაც მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის წარმოშობილი დავის გამო ირღვევა (სუსგ 19.03.2015წ. საქმე №ას-838-802-2014). დავის მიმართ იურიდიული ინტერესის არსებობის შემოწმება განეკუთვნება სამართლის საკითხს, შესაბამისად, ვიდრე საქმის განმხილველი სასამართლო სარჩელის საფუძვლიანობას შეამოწმებს, მნიშვნელოვანია, შეფასდეს, აქვს თუ არა მოსარჩელეს ნამდვილი იურიდიული ინტერესი დავის მიმართ და უზრუნველყოფს თუ არა მოსარჩელის მოთხოვნა ამ ინტერესის დაკმაყოფილებას. აღიარებითი სარჩელის შემთხვევაში, იურიდიული ინტერესის არსებობა განპირობებულია არა ზოგადად მხარის ინტერესით, არამედ მატერიალურ-სამართლებრივი დანაწესით, რომლის შედეგის რეალიზაცია შესაძლებელია აღიარებითი სარჩელის აღძვრით. მატერიალურ-სამართლებრივი ნორმით განსაზღვრული უფლების დაცვას უნდა ემსახურებოდეს აღიარებითი სარჩელი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 180-ე მუხლის განმარტების შედეგად აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილებით, მოსარჩელემ უნდა განახორციელოს კონკრეტული უფლება და ამ უფლების განხორციელება დაკავშირებული უნდა იყოს უშუალოდ აღიარებითი სარჩელით მოთხოვნილი უფლების აღიარებასთან. იურიდიული ინტერესის არსებობის დადგენისათვის უპირატესად უნდა გაირკვეს, გაუმჯობესდება თუ არა მოსარჩელის სამართლებრივი მდგომარეობა მისი აღიარებითი მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში (სუსგ. №ას-17-14-2015, 01.07.2015წ.).

განსახილველ შემთხვევაში, უდავოა, რომ 30.03.2018 წელს სადავო უძრავ ქონებაზე (ს.კ. .....) საჯარო რეესტრში აღირიცხა ხ.ს–ძის საკუთრების უფლება. საკუთრების უფლების რეგისტრაციის საფუძველი გახდა ხ.ს–ძის დედისა და მამკვიდრებლის - რ.ს–ძის სახელზე გაცემული მებაღის №128 წიგნაკი და 28.12.2017 წლის სამკვიდრო მოწმობა. ასევე, უდავოა, რომ აღნიშნული სამკვიდრო მოწმობით ხ.ს–ძემ, როგორც რ.ს–ძის პირველი რიგის მემკვიდრემ, სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესით მიიღო მამკვიდრებლის სამკვიდრო ქონებაში შემავალი აქტივები (მათ შორის მოძრავი და უძრავი ნივთები) და პასივები.

საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სადავო სამკვიდრო მოწმობა არის ზოგადი ხასიათის, მასში დაკონკრეტებული არ არის სამკვიდრო მასაში შემავალი აქტივების არც მოცულობა და არც მახასიათებლები და მასში არც სადავო უძრავ ქონებაზე არის რაიმე მითითება. სამკვიდრო მოწმობის ბათილად ცნობის შესახებ სარჩელის დაკმაყოფილებით ვერ მიიღწევა მოსარჩელის ძირთადი მიზანი. მოსარჩელეს მისი ბათილობის მიმართ არ გააჩნია ნამდვილი იურიდიული ინტერესი, მითუმეტეს, როდესაც, მას მამკვიდრებლის უფლების დამდგენი დოკუმენტი - მებაღის წიგნაკი, სადავოდ არ გაუხდია.

13. საკასაციო პალატა სრულად ეთანხმება ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოთა დასკვნას იმ ნაწილშიც, რომ ზ.ზ–ძე სადავო უძრავი ნივთის კეთილსინდისიერი შემძენია.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების შესაბამისად, რეესტრის ჩანაწერების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერი ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. იმ პირის სასარგებლოდ, რომელიც გარიგების საფუძველზე სხვა პირისაგან იძენს რომელიმე უფლებას და ეს უფლება გამსხვისებლის სახელზე იყო რეგისტრირებული რეესტრში, რეესტრის ჩანაწერი ითვლება სწორად, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ამ ჩანაწერის საწინააღმდეგოდ შეტანილია საჩივარი, ან შემძენმა იცოდა, რომ ჩანაწერი უზუსტო იყო. იმავე კოდექსის 185-ე მუხლის თანახმად, შემძენის ინტერესებიდან გამომდინარე, გამსხვისებელი ითვლება მესაკუთრედ, თუ იგი ასეთად არის რეგისტრირებული საჯარო რეესტრში, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა შემძენმა იცოდა, რომ გამსხვისებელი არ იყო მესაკუთრე.

ზემოაღნიშნული ნორმების ანალიზი ცხადჰყოფს, რომ როდესაც საქმე ეხება უძრავი ქონების შეძენას, შემძენს თავისი უფლების დასამტკიცებლად შეუძლია დაეყრდნოს რეესტრში რეგისტრირებული ფაქტების სისწორის ვარაუდს, თუნდაც სინამდვილეში უსწორო იყოს რეესტრის მონაცემები. კანონმდებელმა უძრავი ქონების შეძენისას, შემძენს, მხოლოდ საჯარო რეესტრის მონაცემების შემოწმების ტვირთი დააკისრა, თუმცა, საჯარო რეესტრის მონაცემების უტყუარობის პრეზუფცია ვერ გამოდგება შემძენის დაცვით არგუმენტად, თუ დადგინდება, რომ მან იცოდა უფლების ხარვეზის შესახებ. ამდენად, როდესაც სადავოა უძრავი ნივთის შეძენის ფაქტი და ნამდვილი მესაკუთრე უთითებს შემძენის არაკეთილსინდისიერებაზე, უნდა შემოწმდეს შემძენის სუბიექტური დამოკიდებულება გარკვეული ფაქტებისადმი. ამ უკანასკნელი საკითხის გამორკვევისას გამოკვლეულ უნდა იქნას შემძენის შესაძლებლობანი რეესტრის არასწორი ჩანაწერის ცოდნასთან, რეგისტრირებული უფლების სადავოობასთან მიმართებით, ან უნდა გაირკვეს შემძენმა იცოდა თუ არა სადავო ფაქტი. ამასთან, უზუსტო ჩანაწერთან დაკავშირებით, შემძენს არაკეთილსინდისიერად აქცევს არა ყოველგვარი ცოდნა, არამედ მხოლოდ ისეთი, რაც ეჭვის ქვეშ აყენებს უფლების შეძენის ნამდვილობას, ანუ იმ გარემოებათა ცოდნა, რის გამოც ჩანაწერი უზუსტოა (იხ., სუსგ №ას-189-182-2013, 16.01.2014 წ.).

განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ შემძენის არაკეთილსინდისიერების ფაქტი ვერ იქნა დადასტურებული. აღსანიშნავია, რომ მოსარჩელეს არ მიუთითებია და არც შესაბამისი მტკიცებულებები წარმოუდგენია სასამართლოსთვის, რომ ზ.ზ–ძე სადავო ქონების შეძენამდე ფლობდა ინფორმაციას საკუთრების უფლების ხარვეზის შესახებ.

ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი სადავო ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის ნაწილშიც მართებულად იქნა უარყოფილი.

14. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტების ფარგლებში, რაც სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლი), კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება და ვერ შეძლო მისი გაბათილება სარწმუნო მტკიცებულებებით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ასეთ საფუძველზე ვერც კასატორი მიუთითებს. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

15. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.

16. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401.4 მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან, საკასაციო საჩივარი დაუშვებელია, ხოლო კასატორს გადახდილი აქვს საკასაციო სამართალწარმოებისათვის განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟი - 1150 ლარი, მას უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 1150 ლარის 70% – 805 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. თ.მ–ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.

2. თ.მ–ს (პ/ნ ........) დაუბრუნდეს მ.პ–ის (პ/ნ ........) მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის – 1150 ლარის (საგადახდო დავალება №13679229599, გადახდის თარიღი: 25.06.2022წ, გადამხდელის ბანკი - ს.ს. „საქართველოს ბანკი“) 70% – 805 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150).

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლეები : ლაშა ქოჩიაშვილი

ამირან ძაბუნიძე

თეა ძიმისტარაშვილი