Facebook Twitter

24 თებერვალი, 2023 წელი

№ას-787-2022 ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ამირან ძაბუნიძე

თეა ძიმისტარაშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი _ შ.პ.ს. „G.I.“

მოწინააღმდეგე მხარე _ შ.პ.ს. „ე.ბ.მ“

გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 13 აპრილის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 13 მაისის გადაწყვეტილების ძალაში დატოვება

დავის საგანი _ თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სასარჩელო მოთხოვნა:

1. შ.პ.ს. „ე.ბ.მ“-მა (შემდგომში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე“, „მოწინააღმდეგე მხარე“, „გამყიდველი“) სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას მოპასუხე შ.პ.ს. „G.I.“-ის (შემდგომში მოხსენიებული, როგორც „მოპასუხე“, „აპელანტი“, „კასატორი“, „მყიდველი“) მიმართ, ვადამოსული ნასყიდობის საფასურის - 682 341.33 ლარის გადახდის დაკისრების, სატრენინგო მომსახურებისთვის გადახდილი საფასურის - 11 250 ლარისა და სესხის სახით გადაცემული 11 150 ლარის უკან დაბრუნების მოთხოვნებით (სასარჩელო მოთხოვნები დაზუსტებულია 2020 წლის 29 სექტემბრის სასამართლო სხდომაზე).

სარჩელის საფუძვლები:

2.1. მხარეებს შორის არსებული ზეპირი ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, შ.პ.ს. „G.I.“ 2016 წლიდან აქტიურად ახორციელებდა მოსარჩელისგან ლაბორატორიული ტექნიკისა და ხელსაწყოების შეძენას. მიუხედავად მოსარჩელის მხრიდან ნასყიდობის საგნის ჯეროვნად მიწოდებისა, მოპასუხემ მხოლოდ ნაწილობრივ განახორციელა ნასყიდობის საფასურის გადახდა. დადასტურებული ანგარიშ-ფაქტურებით განსაზღვრული ვალდებულებების საერთო ოდენობა შეადგენს 1 068 850.7 ლარს, საიდანაც მოპასუხის მიერ შეუსრულებელი ჯამური ვალდებულება 682 341.33 ლარია.

2.2. მხარეებს შორის ასევე არსებობდა ზეპირი შეთანხმება მოპასუხის მიერ მოსარჩელისთვის სატრენინგო მომსახურების გაწევის თაობაზე, რის საფუძველზეც მოსარჩელემ 2017 წლის 10 ოქტომბერს მომსახურების საფასური 11250 ლარი წინასწარ გადაიხადა, თუმცა მოპასუხის მიერ არ განხორციელებულა მომსახურების გაწევა. შ.პ.ს. „ე ბ.ე“-მა დაკარგა აღნიშნული მომსახურების მიღების ინტერესი და ითხოვს თანხის დაბრუნებას.

2.3. მხარეებს შორის დადებული სესხის ხელშეკრულების საფუძველზე, შ.პ.ს. „ე.ბ.ე“- მა შ.პ.ს. „G.I.“-ს 2019 წლის 9 ოქტომბერს სესხის სახით გადასცა 11150 ლარი, რაც დასტურდება მოპასუხის ანგარიშზე თანხის ჩარიცხვით. მხარეთა მიერ სესხის თანხის დაბრუნებაზე კონკრეტული ვადა შეთანხმებული არ ყოფილა, თუმცა გამსესხებლის მოთხოვნის საფუძველზე მოვალემ თანხა უნდა დააბრუნოს. სესხის დაბრუნების მოთხოვნის მიუხედავად, მოპასუხეს ვალდებულება არ შეუსრულებია.

მოპასუხის პოზიცია:

3.1. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მიუთითა სარჩელის დაკმაყოფილების გამომრიცხავ რამოდენიმე გარემოებაზე: მოსარჩელის მიერ წარდგენილია 22 საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა, 2016 წლის დეკემბრიდან 2019 წლის ნოემბრის პერიოდის ჩათვლით, საიდანაც 2017 წლის მარტის ჩათვლით არსებული 4 ანგარიშ-ფაქტურიდან გამომდინარე მოთხოვნა ხანდაზმულია.

3.2. 2017 წელს გაცემული 5 ანგარიშ-ფაქტურით (ეა-13 9311650, ეა-14 1287245, ეა-14 1548137, ეა-14 3009316 და ეა-14 128724) და 2018 წელს გაცემული ერთი ანგარიშ- ფაქტურით (ეა-14 9685966) ნახსენები პროდუქციის მიწოდება საერთოდ არ მომხდარა გენეტიკის ეროვნული ლაბორატორიისთვის. საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების გაცემა და მათი ელექტრონულად დადასტურება არ გულისხმობდა, რომ მოპასუხემ პროდუქცია მიიღო. კონკრეტული ანგარიშ-ფაქტურები არ არის დადასტურებული შ.პ.ს. „G.I.“-ის უფლებამოსილი წარმომადგენლის - დირექტორის მიერ და დასაზუსტებელია, თუ ვის მიერ მოხდა მათი დადასტურება. აღნიშნულთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურს გაეგზავნა წერილი ინფორმაციის გაცემის თაობაზე, თუ რომელი IP მისამართით განხორციელდა მათი დადასტურება. შესაძლოა, მათი დადასტურება თავად მოსარჩელის დირექტორის (ა.ხ–ის) და მასთან დაკავშირებული პირის (ზ.პ–ას) მიერ მომხდარიყო, ვინაიდან შ.პ.ს. „G.I.“-ის დირექტორს გ.ჩ–ძეს მათთან გარკვეული საქმიანი ურთიერთობა აკავშირებდა და მათთვის ცნობილი იყო იმ პერიოდისთვის RS.GE-ს საიტზე შ.პ.ს. „G.I.“-ის კუთვნილი საიდენტიფიკაციო მონაცემები და პაროლი. აღნიშნული ანგარიშ-ფაქტურების შესახებ შ.პ.ს. „G.I.“-სთვის ცნობილი გახდა სასამართლო დავის ფარგლებში. მესამე პირების მიმართ დავალიანების არარსებობას ის გარემოებაც ადასტურებს, რომ 2019 წელს კომპანიაში ჩატარდა საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება, სადაც შემოწმების პერიოდი განისაზღვრა 2016 წლის 1 იანვრიდან 2018 წლის 1 დეკემბრამდე და შემოწმების აქტით არ დასტურდება მსგავსი დავალიანების არსებობა.

3.3. დანარჩენ ანგარიშ-ფაქტურებში მოცემული ვალდებულება შ.პ.ს. „G.I.“-ის მიერ შესრულებული იყო. საგულისხმოა, რომ მოსარჩელის მიერ მიწოდებული პროდუქციის ნაწილი იყო თვისობრივი ნაკლის მქონე, რაზეც ხდებოდა პროდუქციის მწარმოებელ უცხოურ კომპანიასთან, T. f.-თან (რომლის ოფიციალური წარმომადგენელიც საქართველოში შ.პ.ს. ე.ბ.ე“-ი გახლდათ) ელექტრონული კომუნიკაცია და მათი ახალი პროდუქციით ჩანაცვლება. თუმცა გარკვეულ შემთხვევაში მოსარჩელის მიერ ანგარიშ-ფაქტურებში ჩანაცვლებული პროდუქციის ფასი განმეორებით აქვს მოთხოვნილი და ადგილი აქვს თანხების დუბლირებას.

3.4. მოსარჩელე ითხოვს სესხის სახით 11150 ლარის დაკისრებას. ვინაიდან მხარეებს შორის არ არსებობდა სასესხო ურთიერთობა, შ.პ.ს. „G.I.“-მა თანხის მიღებისთანავე აღნიშნული თანხა უკან გადაურიცხა შ.პ.ს. „ე.ბ.ე“-ს, დანიშნულებით - შეცდომით გადმორიცხული თანხის დაბრუნება. მოსარჩელემ ასევე გამორიცხა ტრენინგის თანხის დაკისრების ნაწილში მოთხოვნის საფუძვლიანობა.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 13 მაისის გადაწყვეტილებით, შ.პ.ს. „ე.ბ.ე“-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, კერძოდ:

4.1. მოპასუხე შ.პ.ს. „G.I.“-ს მოსარჩელე შ.პ.ს. „ე.ბ.ე“-ის სასარგებლოდ დაეკისრა 246 725 ლარის გადახდა, საიდანაც 235 475 ლარი არის ნასყიდობის საფასურის გადაუხდელი თანხა, ხოლო 11 250 ლარი არის ტრენინგის საფასურის თანხა;

4.2. მოსარჩელე შ.პ.ს. „ე.ბ.ე“-ს უარი ეთქვა შ.პ.ს. „G.I.“-ისათვის 11 150 ლარის გადახდის დაკისრებაზე.

5. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა შ.პ.ს. „G.I.“-მა, მოითხოვა ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა და მოსარჩელისთვის მოპასუხის სასარგებლოდ საადვოკატო მომსახურების საფასურის _ 23533.97 ლარის დაკისრება.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 13 აპრილის გადაწყვეტილებით, სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 13 მაისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, კერძოდ:

6.1. შ.პ.ს. „ე.ბ.ე“-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ;

6.2. შ.პ.ს. „G.I.“-ს შ.პ.ს. „ე.ბ.ე“-ის სასარგებლოდ დაეკისრა 196 681.83 ლარის გადახდა, საიდანაც ნასყიდობის საფასური 185 431.83 ლარია, ხოლო 11 250 ლარი - ტრენინგის საფასური;

6.3. შ.პ.ს. „ე.ბ.ე“-ს უარი ეთქვა შ.პ.ს. „G.I.“-ისათვის 11 150 ლარის გადახდის დაკისრებაზე;

6.4. შ.პ.ს. „G.I.“-ს შ.პ.ს. „ე.ბ.ე“-ის სასარგებლოდ დაეკისრა საადვოკატო მომსახურეობის ხარჯის ანაზღაურება 10 000 ლარის ოდენობით.

7. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

7.1. შ.პ.ს. „ე.ბ.ე“-სა და შ.პ.ს. „G.I.“-ს შორის არსებული ზეპირი ნასყიდობის სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში, 2016 წლიდან მოყოლებული შ.პ.ს. „ე.ბ.ე“-ი მოპასუხეს აწვდიდა სხვადასხვა სახის პროდუქციას (ლაბორატორიულ ტექნიკასა და ხელსაწყოებს). პროდუქციის მიწოდების მიზნით, შ.პ.ს. „ე.ბ.ე“-ი გასცემდა საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებს და შ.პ.ს. „G.I.“-ი ახდენდა მათ დადასტურებას და მიწოდებული პროდუქციის ღირებულების უნაღდო ანგარიშსწორების წესით ანაზღაურებას. შ.პ.ს. „G.I.“-ის წარმომადგენელს სადავოდ არ გაუხდია მასსა და მოსარჩელეს შორის ნასყიდობის სახელშეკრულებო ურთიერთობის არსებობა.

7.2. 2016 წლის დეკემბრიდან 2019 წლის ნოემბრის ჩათვლით შ.პ.ს. „ე.ბ.ე“-ის მიერ გაცემული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები დადასტურებულია შ.პ.ს. „G.I.“-ის მხრიდან და მათში არსებული მონაცემების თანახმად, მიწოდებული პროდუქციის ღირებულება ჯამში შეადგენს 1068850.7 ლარს. ამავე პერიოდში, სხვადასხვა პროდუქციის შეძენის მიზნით, შ.პ.ს. „G.I.“-ის მიერ შ.პ.ს. „ე.ბ.ე“-ის ანგარიშზე ჩარიცხულია, ჯამში, 408 557.17 ლარი, საიდანაც 216 829.78 ლარი გადარიცხულია 2016 წლის 9 დეკემბერს.

7.3. თანხის დაკისრების მოთხოვნით შპს „ე.ბ.ე“-მა თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელი 2020 წლის 20 მარტს წარადგინა.

8. დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს სააპელაციო პალატამ მისცა შემდეგი სამართლებრივი შეფასება:

8.1. სადავოა ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე საფასურის გადახდის ვალდებულების შეუსრულებლობა, შესაბამისად, მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილია, რომლის თანახმად, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება. ნორმით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგი მიღწევადი იქნება იმ შემთხვევაში, თუ მოსარჩელე მიუთითებს და დაამტკიცებს, რომ მან ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება - საქონლის მიწოდების თაობაზე შეასრულა.

8.2. მტკიცების ტვირთი იმისა, რომ მოდავე მხარეთა შორის წარმოშობილია ნასყიდობის ვალდებულებითსამართლებრივი ურთიერთობა, გამყიდველის მხარეზეა, რაც ნიშნავს იმას, რომ სწორედ გამყიდველია ვალდებული, ამტკიცოს, სასყიდლიანი გარიგების საფუძველზე, მყიდველისათვის გარკვეული რაოდენობის საქონლის გადაცემის ფაქტი. გამყიდველმა დაკისრებული საპროცესო მოვალეობის შესრულების მიზნით, საქმეში წარმაოდგინა ანგარიშფაქტურები საქონლის მიწოდების შესახებ სადავო გარემოების დასადასტურებლად, რაც მყიდველს საფასურის გადახდის მოვალეობას წარმოუშობდა. ნასყიდობის მარეგულირებელი ნორმები მოძრავ ნივთებთან (განსახილველ შემთხვევაში, პროდუქცია) რაიმე მითითებას სპეციალური მტკიცებულების არსებობაზე არ შეიცავს. მაშასადამე, რელევანტურ მტკიცებულებად უნდა იქნეს მიჩნეული გამყიდველის მიერ წარმოდგენილი და მყიდველის მიერ დადასტურებული ანგარიშფაქტურები. იმ პირობებში, როდესაც მოპასუხემ დაადასტურა მოსარჩელის მიერ გამოწერილი ანგარიშფაქტურა, იგულისხმება, რომ მხარეთა შორის წარმოიშვა ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა და მყიდველმა მიიღო საქონელი. საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა, მართალია, საჯარო კანონმდებლობით განსაზღვრული დოკუმენტია და საჯარო მიზნებს ემსახურება, თუმცა სამოქალაქო სამართლისათვის მას გარკვეული ღირებულება გააჩნია, კერძოდ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მიზნებისათვის, მისი დადასტურება შესრულების მიღებას უტოლდება და ამ ფაქტის გაქარწყლება იმ მხარეს ეკისრება, რომლის წინააღმდეგაცაა იგი მიმართული.

8.3. საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების სერვისი მოიცავს საქონლისა და მომსახურების მიწოდების რთული პროცესების ერთობლიობას, რომლებიც ერთმანეთთან დაკავშირებულია ლოგიკური ჯაჭვით. აღნიშნულ პროცესებში მონაწილეობას იღებს როგორც სასაქონლო ზედნადების (საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის) გამომწერი (გამყიდველი), ასევე, მიმღები (მყიდველი) და შემოსავლების სამსახურის თანამშრომელი. ანგარიშ-ფაქტურის მყიდველის მიერ დადასტურებისას, უტყუარად ივარაუდება, რომ მან მიწოდებული საქონელი შეიძინა/მომსახურება მიიღო, ვინაიდან ანგარიშ-ფაქტურა იგზავნება უშუალოდ მყიდველთან და მის დადასტურებაზე ხელი არ მიუწვდება სხვა მესამე პირს. ანგარიშფაქტურის გამოწერისა და დადასტურებისას, მხარეები განსაზღვრავენ საქონლის ტრანსპორტირების დაწყების თარიღს, აღიარებენ საქონლის მიწოდებასა და მის მიღებას.

8.4. ანგარიშ-ფაქტურების დასადასტურებლად საჭირო ინფორმაცია ხელმისაწვდომია მხოლოდ მომხმარებლისათვის და მონაცემების სხვა პირის მიერ ცოდნა, ქმნის წარმოდგენას, რომ აღნიშნულ ინფორმაციას იგი მომხმარებლისაგან ფლობს და მას მომხმარებლის სახელით მოქმედების უფლება აქვს, ხოლო, აპელანტის იმ მოსაზრების გასაზიარებლად, რომ ადგილი ჰქონდა მისი სახელით არაუფლებამოსილი პირების მიერ ანგარიშ-ფაქტურების უნებართვო დადასტურებას, საქმეში არ არის წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულება, რაც ელექტრონულ სისტემაში უნებართვო შეღწევას ან რაიმე სახის კანონდარღვევას დაადასტურებდა. აღნიშნული გარემოება კონკრეტული მტკიცებულებით უნდა დადასტურდეს და მარტოოდენ მხარის ზეპირსიტყვიერი ახსნა-განმარტება სასამართლო გადაწყვეტილებას საფუძვლად ვერ დაედება, რადგან იგი პროცესის შედეგით დაინტერესებული მხარეა და შესაბამისად, მისი ახსნა-განმარტება, თუ გამყარებული არაა სხვა რელევანტური მტკიცებულებებით, სანდოობისა და ობიექტურობის ტესტს ვერ ლახავს.

8.5. მართალია, 2016 წლის 01 იანვრიდან 2020 წლის 27 ივლისის ჩათვლით, შ.პ.ს. „ე.ბ.ე“-ის მიერ შ.პ.ს. „G.I.“-ის ანგარიშზე გადარიცხულია ჯამში 55589.96 ლარი გადაირიცხა, საიდანაც გარკვეული რაოდენობის თანხა უკან, მოსარჩელის ანგარიშზე დაბრუნდა (ტ.1, ს.ფ. 177), თუმცა სააპელაციო პალატამ ურთიერთკავშირი უკან გადმორიცხულ თანხასა და გადასახდელ თანხას შორის ვერ დაადგინა, ვინაიდან წარმოდგენილი საქმის მასალების მიხედვით, თუ რის საფუძველზეა თანხა უკან დაბრუნებული, არ დგინდება. თავის მხრივ, დასახელებული ანგარიშ-ფაქტურებიდან გამომდინარე დავალიანების არსებობა არ გამორიცხავს მხარეთა შორის სხვა სამართალურთიერთობისა და მისგან გამომდინარე, ფულადი შესრულების უკან დაბრუნების ვალდებულების არსებობას.

8.6. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება მასზედ, რომ შ.პ.ს. „G.I.“-სა და მისსავე ბუღალტერს შორის შრომითი ხელშეკრულების 2019 წელს დადება 2017 წლის განმავლობაში განხორციელებულ ოპერაციებთან დაკავშირებით გამოწერილი ანგარიშ-ფაქტურების კომპანიის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ დადასტურების ფაქტს გამორიცხავს. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ დაასახელებულ არგუმენტს აქარწყლებს საქმეში წარმოდგენილი, შეუდავებელი, 2017 წლის პირველადი და კორექტირებული დადასტურებული ანგარიშ-ფაქტურები.

8.7. №ეა-13 9311650, №ეა-14 1287245, №ეა-14 1548137 და №ეა-14 3009316 ანგარიშ- ფაქტურებიდან გამომდინარე, ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულების შესრულებისა და ამის საფუძველზე, მოპასუხის მიერ შესასრულებელი ვალდებულების წარმოშობის ფაქტი დადასტურებულად იქნა მიჩნეული, ხოლო გარემოება მასზედ, რომ მოპასუხემ (მყიდველმა) №ეა-13 9311650, №ეა-14 1287245, №ეა-14 1548137 და №ეა-14 3009316 ანგარიშ-ფაქტურების საფუძველზე მიღებული საქონლის საფასური გადაიხადა, საქმეში წარმოდგენილი მასალებით არ დადასტურდა.

8.8. აპელანტის განმარტება, რომ №ეა-16 7843817 (ტ.1, ს.ფ.43) ანგარიშ-ფაქტურაში დასახელებული პროდუქციიდან Ion resproseq pgs 520 kit – 33112 ლარის ღირებულების და ION SINGLESEQ EACH – 1311 ლარის ღირებულების მიწოდებული პროდუქცია არასწორი შეფუთვის გამო გალღვა და განადგურდა, რაზედაც მიმწოდებელთან ელექტრონული მიმოწერის საფუძველზე შეთანხმდნენ, რომ №ეა-16 7843817 (ტ.1, ს.ფ.43) ანგარიშფაქტურით გათვალისწინებული პროდუქცია №ეა-16 8268077 (ტ.1, ს.ფ. 44) ანგარიშ-ფაქტურაში ნახსენები პროდუქტით ჩანაცვლდებოდა, პალატამ არ გაიზიარა და მიუთითა, რომ არ დასტურდება, თუ კონკრეტულად რომელი ანგარიშ-ფაქტურით მიწოდებული პროდუქცია აღმოჩნდა ნაკლიანი. საქმის მასალებში არ არის წარმოდგენილი რაიმე სახის მიწერილობა ანდა მტკიცებულება, რაც კონკრეტულად ნაკლიანი პროდუქციის იდენტობას დაადასტურებდა. რაც შეეხება საქმის მასალებში წარმოდგენილ СD დისკს, აღნიშნულ დისკზე ასახული ჩანაწერის დეტალური შესწავლის შედეგად გაფუჭებული პროდუქცია ვერ იდენტიფიცირდა, საქმეში არსებული მიწერილობით ვერ დადგინდა, თუ როდის, სად, ვისი ბრალით და ა.შ. გალღვა მოწოდებული პროდუქცია; საქმის მასალებით არც ის მტკიცდება, რომ მოწოდებული პროდუქციის გალღობა აღნიშნული პროდუქციის გაფუჭებისათვის იმთავითვე თვითკმარი საფუძველია.

8.9. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ მოპასუხისათვის დასაკისრებელი თანხის გაანგარიშებისას, ადგილი ჰქონდა ტექნიკურ შეცდომას და ნაცვლად 235 475 ლარისა, ნასყიდობის საფასურის გადაუხდელი თანხა 223 591. 83 ლარით უნდა განსაზღვრულიყო.

8.10. ამასთან, სააპელაციო პალატამ მხედველობაში მიიღო №ეა-16 9623778 (ტ.1, 45) და №ეა-17 0547506 (ტ.1, ს.ფ. 46) ანგარიშ-ფაქტურები მხარეთა შორის განხორციელებულ ელექტრონულ მიმოწერასთან ერთობლიობაში, რომლითაც დგინდება, რომ მომწოდებელი პროდუქციის ერთ-ერთ კომპლექტაციას „შეცვლას დაქვემდებარებულად მიიჩნევს“. ამავე წერილით მომწოდებელი მოქმედების შემდგომ გეგმას სთავაზობს მიმღებს, იგი ხარვეზის გამოსწორების ერთ-ერთ შესაძლო ვერსიად იმასაც ასახელებს, რომ შემდგომი შეკვეთებისათვის ის მიმღების სასარგებლოდ გარკვეულ ფასდაკლებასაც უზრუნველყოფს (ტ.1, ს.ფ. 363-364). ასეთი მტკიცებულების არსებობის პირობებში, მტკიცების ტვირთი გადაეკისრა მოსარჩელეს, რათა მას სათანადო მტკიცებულებების წარმოდგენის გზით სასამართლო დაერწმუნებინა ხარვეზიანი პროდუქციისათვის გადასახდელი თანხის სხვა გზით კომპენსირებისა, თუ ვალდებულების სხვა ხერხებით შემცირების თაობაზე. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლომ მტკიცებულებათა ერთობლიობით დაასკვნა რომ მომწოდებელი გარკვეული ხარვეზების არსებობას ადასტურებდა და ეთანხმებოდა აღნიშნული პროდუქციის დეფექტურად და, შესაბამისად, „შეცვლას დაქვემდებარებულად“ მიჩნევას. შესაბამისად, დაკორექტირებულ თანხას (223 591.83 ლარს) გამოაკლდა დამატებით 38 160 ლარი და ნასყიდობის საფასურის გადაუხდელი თანხად დადგინდა 185 431.83 ლარი, რასაც, ასევე, ტრენინგის საფასური 11 250 ლარი დაემატა და, საბოლოოდ, მოპასუხისათვის დასაკისრებელი თანხა, საერთო ჯამში, 196 681.83 ლარით განისაზღვრა.

9. საადვოკატო მომსახურების ხარჯის მოსარჩელისათვის დაკისრების მოთხოვნა სააპელაციო პალატამ შეაფასა სსსკ 53-ე მუხლის პირველი ნაწილის ბოლო წინადადებით (იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით) და მიუთითა, რომ ხარჯების ოდენობის განსაზღვრისას, დავის საგნის ღირებულებიდან გამომდინარე, პროცენტული ცენზის დადგენა გამორიცხავს ხარჯების ხელოვნურად გაზრდას და უზრუნველყოფს იმ მხარის ინტერესების დაცვას, რომელსაც ხარჯების გადახდა უნდა დაეკისროს. განსახილველი დავის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით და ისეთი ფაქტორების მხედველობაში მიღებით, როგორიცაა, ადვოკატის მიერ გაწეული სამუშაოს დეტალიზებული ბუნება, ოდენობა, სირთულე, საქმის სპეციფიკა, დახარჯული დრო, სამართალწარმოების სხვდასხვა ეტაპზე შესრულებული სამუშაოს თავისებურება და ა. შ., პალატამ დაასკვნა, რომ შ.პ.ს. „ე.ბ.ე“-ს შ.ს. .„G.I.“-ის სასარგებლოდ საადვოკატო მომსახურეობის ხარჯის ასანაზღაურებლად უნდა დაკისრებოდა 10 000 ლარი.

10. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა შ.პ.ს. „G.I.“-მა, მოითხოვა სარჩელის დაკმაყოფილებულ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და უზენაესი სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების გამოტანით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, აგრეთვე საადვოკატო მომსახურების ხარჯის _ 39912 ლარის მოსარჩელისათვის სრულად დაკისრება, შემდეგ გარემოებათა გამო:

10.1.1. სასამართლო შეცდა, როდესაც ანგარიშ-ფაქტურები ნასყიდობის ხელშეკრულების დადებისა და საქონლის მიწოდების ფაქტების დასადგენად ვარგის მტკიცებულებად მიიჩნია. სასამართლოს მიერ საკუთარი პოზიციის გასამტკიცებლად მოხმობილ სასამართლო გადაწყვეტილებაში (სუსგ №ას-599-574-2016) არსებული ფაქტობრივი გარემოებები რადიკალურად განსხვავდება წინამდებარე შემთხვევისგან, რადგან გადაწყვეტილებაში განხილულ შემთხვევაში, 1. საქმე შეეხება ნავთობპროდუქტის გაყიდვას. 2. საქმეში დადგენილი ფაქტია, რომ ნავთოპროდუქტის გადაცემა მოხდა (სადავოა მიმღები წარმოადგენდა თუ არა შემძენის წარმომადგენელს) 3. არსებობს მიღება-ჩაბარების აქტები; წინამდებარე საქმეში კი არცერთი ზემოთხსენებული გარემოება სახეზე არ არის.

10.1.2. საგადასახადო კანონმდებლობის თანახმად, ნავთობპროდუქტების სპეციალური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა მკაცრი აღრიცხვის და საგანგებო დაცვის ნიშნის მქონე დოკუმენტია, რომელიც მოცულობითი და დეტალიზებული ინფორმაციის შემცველია. ჩვეულებრივი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურისგან განსხვავებით (სადაც 8 საინფორმაციო გრაფა ივსება), ნავთობპროდუქტის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა მოიცავს 24 გრაფას, რომელიც მოიაზრებს ნავთოპროდუქტის შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტის მითითებას (მაგ: ნასყიდობის ხელშეკრულება; ინვოისი; მიღება-ჩაბარების აქტი), აგრეთვე ნავთოპროდუქტის ტრანსპორტირების დაწყების და დანიშნულების ადგილების მითითების სავალდებულოობას. აღნიშნული განსხვავება განპირობებულია სპეციალური სახელმწიფო კონტროლით აღნიშნულ პროდუქტებზე. ნავთობის შენახვა/ბუნკირება/გაყიდვა სპეციალურ სალიცენზიო რეჟიმს ექვემდებარება და რეგულირდება "ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ" საქართველოს კანონით და სხვა სპეციალური ნორმატიული აქტებით. გამყიდველს აკისრია ვალდებულება, აღრიცხოს გაყიდული საქონელი არამარტო საგადასახადო მიზნებისთის, არამედ ნავთობის ცირკულაციის საერთო ბაზის წარმოების მიზნით, ჟურნალიც აწარმოოს. ნებისმიერ ხელშეკრულებაში, რომელიც იდება ნავთობთან/საწვავთან დაკავშირებით, მესამე მხარეს ნორმატიული აქტების საფუძველზე წარმოადგენს სახელმწიფო, რადგან ამ ნავთობის ხარისხი უნდა ექვემდებარებოდეს სტანდარტს, გამყიდველი პირი უნდა იყოს შესაბამისად ლიცენზირებული, შენახვის წესები უნდა იყოს შესაბამისად დაცული და ა.შ. შესაბამისად, ნავთობის პროდუქციის შესყიდვა არასდროს არის მხოლოდ ორ მხარეს შორის დადებული ხელშეკრულება, რეალურად სახელმწიფო ამ ურთიერთობებში შემოდის, როგორც ადმინისტრატორი. ამითაა განპირობებული განსხვავება ანგარიშ-ფაქტურებს შორისაც. თავად ანგარიშ-ფაქტურა მხოლოდ და მხოლოდ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურთან დღგ-თი დასაბეგრი ოპერაციების იდენტიფიცირებას და აღრიცხვას ემსახურება, ხოლო ხსენებულ ორ ანგარიშ-ფაქტურას შორის დადგენილი განსხვავებების არსებობის ფონზე სტანდარტული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა ბევრად დაბალი მტკიცებულებითი ღირებულების დოკუმენტს წარმოადგენს, ვიდრე ნავთობპროდუქტების სპეციალური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა. სასაქონლო ზედნადები და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა საქონლის მიწოდების ერთ-ერთი და არა ერთადერთი მტკიცებულება შეიძლება იყოს, რომელიც სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში უნდა შეფასდეს და საქონლის მოწოდების თაობაზე სასამართლოს შინაგან რწმენას უნდა დაედოს საფუძვლად.

10.2. კასატორი და მოსარჩელე ურთიერთობისას იყენებდნენ ინვოისების გამოწერის პრაქტიკას, რაც დასტურდება ბანკის გადარიცხვების ამონაწერით, თუმცა სადავო ანგარიშ-ფაქტურებთან მიმართებით არც ინვოისები არსებობს. გამყიდველს შ.პ.ს. "ე.ბ.ე"-ს შ.პ.ს. “G.I.”-ისთვის არ ჩაუბარებია ანგარიშ-ფაქტურებში აღწერილი პროდუქცია; ანგარიშ-ფაქტურებით მოცულ პერიოდზე კასატორს არ გადაუხდია მოსარჩელისთვის თანხა (პირიქით, მოსარჩელე უკან უბრუნებდა ნარჩენ ვალდებულებებს მიწოდებული უხარისხო პროდუქციისთვის); კასატორს წარმოდგენილი აქვს მტკიცებულება იმის შესახებ, რომ აღნიშნულ პერიოდში არ ჰყავდა ბუღალტერი, რომელიც დაადასტურებდა ანგარიშ-ფაქტურებს (არამედ მათი დადასტურება განხორციელდა რამოდენიმე დღიან მონაკვეთში ბუღალტრის აყვანიდან 1 კვირის ვადაში); აღნიშნულ პერიოდში RS.GE-ზე არსებობდა გამარტივებული წვდომა ორმაგი ავტორიზაციის გარეშე (სტანდარტული მომხმარებლით და პაროლით); მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის არსებობდა მრავალმხრივი ურთიერთობა რამოდენიმე შ.პ.ს.-ს ფარგლებში. მოსარჩელეს არასდროს არაფერი მოუთხოვია მოპასუხისგან, რადგან რეალურად შ.პ.ს. "G.I."-ს არ ჰქონია არანაირი ვალდებულება შ.პ.ს. "ე.ბ.ე"-ის მიმართ.

10.3. სასამართლომ უკანონოდ დააკისრა შ.პ.ს. "G.I."-ს 35557 ლარის გადახდა №ეა-16 7843817 ანგარიშ-ფაქტურის საფუძველზე, ვინაიდან საქმეში წარმოდგენილია ვიდეო ფაილი, რომელიც გადაღებულია ლაბორატორიის მიმდებარედ. ამანათის გახსნას ესწრება კასატორის წარმომადგენელი და გ.ჩ–ძე (შ.პ.ს. „G.I.”- ის დირექტორი). ვიდეოში იდენტიფიცირებულია პირთა ვინაობა და მკაფიოდ ისმის მათი საუბარი; ვიდეო ფაილის მეტა ინფორმაციაში ხელმისაწვდომია მისი გადაღების თარიღი; გაფუჭებული პროდუქცია იდენტიფიცირებადია; ვიდეოში გახსნისას ჩანს გამლღვალი პროდუქცია და ყუთზე დატანილი ტემპერატურული რეჟიმი, რომელიც ცალსახად დარღვეულია. პროდუქცია ნადგურდება ტემპერატურული რეჟიმის დაუცველობის (ცივი ჯაჭვით ტრანსპორტირების განუხორციელებლობის) გამო, რაზედაც განმარტება გააკეთა სფეროში სპეციალური ცოდნის მქონე პირმა გ.ჩ–ძემ. მოწოდებული საქონელი შედგება 3 კომპონენტისგან: 1. ION S5 chef solns each; 2. Ion reproseq pgs 520 Kit; 3. Ion singeseq each; აქედან პირველი კომპონენტი, რომელიც ყუთის თავზეა განთავსებული და ვიდეოში ნათლად ჩანს, არ საჭიროებს ტემპერატურული რეჟიმის დაცვას, ხოლო დანარჩენი ორი საჭიროებს და ცალსახად იკვეთება ტემპერატურის დარღვევა. ვიდეო გადაღებულ იქნა შ.პ.ს. "ე.ბ.ე"-ის დირექტორისათვის (ესეც ისმის ვიდეოში); პროდუქცია გამოგზავნილია T. (მწარმოებელი კომპანია, რომლის ექსკლუზიური წარმოამდგენელიც საქართველოში არის "ე.ბ.ე") მიერ, ხოლო ამ პროდუქციის გამყიდველს თავად მოსარჩელე წარმოადგენს. სასამართლომ აღნიშნული მტკიცებულება არ შეაფასა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 490 მუხლის 1 ნაწილით (თუ გაყიდული ნივთი ნაკლის მქონეა, გამყიდველმა ან უნდა გამოასწოროს ეს ნაკლი, ან, თუ საქმე ეხება გვაროვნულ ნივთს, შეცვალოს ნივთი საამისოდ აუცილებელ ვადაში). რეალურად, აღნიშნული ნივთი ჩანაცვლდა №ეა-16 8268077 ანგარიშფაქტურაში აღწერილი პროდუქციით და მხარეები მაშინვე შეთანხმდნენ, რომ №ეა-16 7843817 ანგარიშ-ფაქტურა ვალდებულებას არ წარმოშობდა შ.პ.ს. "G.I."-ისთვის.

10.4. სასამართლომ დააკისრა მოსარჩელე მხარეს ადვოკატის ხარჯების ანაზღაურება 10,000 ლარის ოდენობით, რაც წარმოადგენს მოპასუხის მიერ მოგებული მოთხოვნის დაახლოებით 2%-ს. განსახილველი საქმე მოპასუხისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია, რადგან დავა არარსებული ვალდებულების თითქმის 700 000 ლარის გადახდას შეეხება. აღნიშნული მოთხოვნის დაკმაყოფილება კომპანიის სრულად გაკოტრებას გამოიწვევდა. სწორედ ამ მიზანს ისახავდა მოსარჩელის მიერ აღნიშნული მოთხოვნის დაყენება და შემდგომი ინფორმაციული კამპანიის წარმოება მოპასუხის კონტრაქტორ კომპანიებთან. ადვოკატის მიერ გაწეულმა სამუშაომ ორი ინსტანციის ფარგლებში მოთხოვნა თითქმის 500 000 ლარით შეამცირა, რისთვისაც ადვოკატს დახარჯული აქვს საქმეზე მთლიანობაში 100 საათამდე, ხოლო მხარეთა შორის არსებული შეთანხმების თანახმად, 1 საათის ანაზღაურებად განსაზღვრულია 100$-ის ექვივალენტი ლარში, რაც მთლიანობაში წარმოადგენს 45664.4 ლარის ვალდებულებას ადვოკატ ვ.ბ–ის მიმართ.

11. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ საკასაციო საჩივრები მიღებულ იქნა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული, შემდეგ გარემოებათა გამო:

12. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

13. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

14.1. უპირველეს ყოვლისა, საკასაციო პალატა მიზანშეწონილად მიიჩნევს, მიუთითოს, რომ მართალია, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურასა და ნავთობპროდუქტის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურაში ასახვას დაქვემდებარებული მონაცემების მოცულობას შორის განსხვავებები არსებობს, თუმცა აღნიშნული კონკრეტიზება მიზნად ისახავს ნავთობპროდუქტის, როგორც ლიცენზირებას დაქვემდებარებული პროდუქტის ბრუნვის სახელმწიფო კონტროლის უზრუნველყოფას. არ არსებობს რაიმე ლოგიკური არგუმენტი, რაც სხვადასხვა პროდუქტის გვარეობით მახასიათებლების გათვალისწინებით გამოწერილი ანგარიშ-ფაქტურებისათვის განსხვავებული მტკიცებულებითი ძალის მინიჭებას გაამართლებდა.

14.2. განსახილველ შემთხვევაში, სასამართლოსათვის შეფასების ამოსავალ საკითხს წარმოადგენს ანგარიშ-ფაქტურის სამართლებრივი მნიშვნელობა, რომელიც საერთოა საქონლის/მომსახურების სახეობრივი მრავალფეროვნების მიუხედავად. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე. ამავე კოდექსის 180-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არის დადგენილი, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული დასაბეგრი პირის მიერ სხვა დასაბეგრი პირისთვის საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის შემთხვევაში, გამოიწერება საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა. საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრულ შემთხვევებში შესაძლებელია გამოიწეროს გამარტივებული ფორმის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა; საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა გამოიწერება წერილობითი ან ელექტრონული ფორმით; დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული დასაბეგრი პირის მიერ საბოლოო მომხმარებლისთვის საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევისას, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა გამოიწერება მომხმარებლის მოთხოვნის შემთხვევაში; საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის (მათ შორის, გამარტივებული ფორმის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის) ფორმებს, რეკვიზიტებს, მისი გაცემის, აღრიცხვისა და გამოყენების (მათ შორის, გამოყენებაზე შეზღუდვის) წესებს, ასევე ცალკეულ შემთხვევებს, როდესაც საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის შემთხვევაში საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა არ გამოიწერება, განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.

14.3. სადავო ანგარიშ-ფაქტურების გამოწერის დროს „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანების მოქმედი რედაქციის 54-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, დანართი №III-05 და დანართი №III-051 ფორმის შევსებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის („საფ“-ის) პირველი ეგზემპლარი საქონლის/მომსახურების მყიდველს (მიმღებს) წარედგინება მოთხოვნიდან არა უგვიანეს 30 კალენდარული დღისა, ხოლო დანართი №III-06 ფორმის შევსებული საფ-ის პირველი ეგზემპლარი – მიწოდებისთანავე. საფ-ის მეორე ეგზემპლარები რჩება საქონლის/მომსახურების გამყიდველს (მიმწოდებელს). ამავდროულად, მიმღებისთვის წარდგენილი ანგარიშ-ფაქტურა, ამავე ბრძანების მე-7 მუხლის მეორე პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტის შინაარსის გათვალისწინებით, ექვემდებარება მიმღების მიერ დადასტურებას.

14.4. მითითებული ბრძანების მე-11 მუხლის პირველი და მეორე პუნქტების თანახმად კი შემოსავლების სამსახურსა და გადასახადის გადამხდელს შორის კომუნიკაცია (მათ შორის, დეკლარირება) შესაძლებელია განხორციელდეს ელექტრონული ფორმით, ონლაინ რეჟიმში, შემოსავლების სამსახურის ოფიციალური ვებგვერდის www.rs.ge (შემდეგში სამსახურის ვებგვერდი) გამოყენებით; სამსახურის ვებგვერდის მეშვეობით პირის მიერ ელექტრონული ფორმით შედგენილი და წარდგენილი დოკუმენტი/წერილი, ასევე საგადასახადო ორგანოს მიერ ელექტრონული ფორმით შექმნილი და გაგზავნილი დოკუმენტი/წერილი არ საჭიროებს უფლებამოსილი პირის ხელმოწერას და მას აქვს ისეთივე იურიდიული ძალა, როგორიც წერილობითი ფორმით წარდგენილ/გაგზავნილ, პირადი ხელმოწერითა და ბეჭდით დამოწმებულ დოკუმენტს/წერილს. ამავე მუხლის მე-5-მე-6 პუნქტების შესაბამისად, ელექტრონული ფორმით კომუნიკაციაზე გადასვლის შესახებ გადასახადის გადამხდელის განცხადების მიღებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში საგადასახადო ორგანო უზრუნველყოფს გადასახადის გადამხდელის გადაყვანას კომუნიკაციის ელექტრონულ ფორმაზე და მოკლე ტექსტური შეტყობინებით აცნობებს მას ავტორიზაციის შესახებ. თუ განცხადება არ შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს, საგადასახადო ორგანო გადასახადის გადამხდელს უგზავნის წერილობით უარს განცხადების დაკმაყოფილებაზე; ელექტრონული ფორმით კომუნიკაციისას გამოსაყენებელი სახელწოდებისა და პაროლის დაკარგვის შემთხვევაში, გადასახადის გადამხდელი უფლებამოსილია ვიდეოზარის/წერილობითი განცხადების მეშვეობით მიმართოს საგადასახადო ორგანოს აღნიშნული სახელწოდების/პაროლის აღდგენის მიზნით.

14.5. დადგენილია და საკასაციო საჩივრით დასაშვები/დასაბუთებული პრეტენზია არ არის წამოყენებული იმ ფაქტის მიმართ, რომ თანხის დაკისრების მოთხოვნით წარდგენილი სარჩელის დასასაბუთებლად წარდგენილი ყველა ანგარიშ-ფაქტურა დადასტურებულია. ანგარიშ-ფაქტურის დადასტურების ფაქტთან დაკავშირებით მოპასუხე არ აპელირებდა ნების გამოვლენისას მექანიკურ ან სხვაგვარ შეცდომაზე. კასატორის პრეტენზია მიემართებოდა იმ გარემოებას, რომ ანგარიშ-ფაქტურა, შესაძლოა, დადასტურებულიყო მესამე პირის მიერაც. ამრიგად, გადასახადის გადამხდელის ელექტრონული პორტალით სარგებლობის შესახებ გამოვლენილი ნების შედეგად საგადასახადო ორგანოს მიერ მისთვის გადაცემული პირადი მონაცემების (მომხმარებელი; პაროლი) გაუმჟღავნელობლობა შედიოდა რა კასატორის ინტერესში, სწორედ მას უნდა უზრუნველეყო მესამე პირთაგან ამავე მონაცემების დაცვა; ხოლო თუ პორტალზე შესვლისთვის საჭირო ინფორმაცია თავად მან გახადა მესამე პირისთვის ხელმისაწვდომი, სსკ-ის 396-ე მუხლის შესაბამისად, მესამე პირის მოქმედებათა შედეგები შეერაცხება არასათანადო დამხმარის (წარმომადგენლის) შერჩევაში ბრალეულ მოვალეს. ამავდროულად, იმ პირობებში, როდესაც საქმეში არ არის წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულება ელექტრონულ სისტემაში უნებართვო შეღწევის ან რაიმე სახის კანონდარღვევის ჩადენის დასტურად, სააპელაციო პალატამ მართებულად ჩათვალა, რომ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები დადასტურებულია მოპასუხის მიერ.

14.6. რაც შეეხება უშუალოდ ანგარიშ-ფაქტების მტკიცებულებით ძალას, პალატა უთითებს, რომ სასამართლოსათვის ამოსავალია ის კონკრეტული ფაქტები და მტკიცებულებები, რომლებზედაც მოსარჩელე ამყარებს თავის მოთხოვნას. ფაქტობრივი გარემოებებისა და მტკიცებულებების სამართლებრივი შეფასება კი უკვე სასამართლოს პრეროგატივაა (მრავალთა შორის იხ. სუსგ. №ას-1058-2021, 25.05.2022წ; №ას-984-929-2015, 20.11.2015წ). საკასაციო სასამართლო არაერთ გადაწყვეტილებაში/განჩინებაში უთითებს, რომ ყოველი კონკრეტული სამოქალაქო საქმის გადაწყვეტა სასამართლოში, დაკავშირებულია გარკვეული ფაქტების დადგენასთან. ფაქტების დადგენის აუცილებლობა განპირობებულია იმით, რომ სასამართლო იხილავს და წყვეტს მხარეთა შორის წარმოშობილ დავებს, რომლებიც სამართლით რეგულირებული ურთიერთობებიდან წარმოიშობიან. სამართლებრივი ურთიერთობა კი, როგორც ეს ცნობილია, შეიძლება აღმოცენდეს, განვითარდეს ან შეწყდეს მხოლოდ იურიდიული ფაქტების საფუძველზე. სწორედ მტკიცების ტვირთსა და მის სწორ განაწილებაზეა დამოკიდებული დასაბუთებული და კანონიერი გადაწყვეტილების მიღება (იხ. სუსგ. №ას-362-2021, 25.06.2021წ; №ას-661-2021, 20.04.2022წ).

14.7. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს ის გარემოებები, რომლებზედაც დაფუძნებულია სასარჩელო მოთხოვნა, ხოლო მოპასუხემ გარემოებები, რომლებსაც მისი შესაგებელი ემყარება. მტკიცების ტვირთი არის სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორედ გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა სათანადოდ არ (ვერ) შეასრულა. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი – ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი, მხარისათვის არასასურველ შედეგს იწვევს. მტკიცების ტვირთი დამოკიდებულია არა მხარის როლზე პროცესში, არამედ მოთხოვნის საფუძველზე (იხ. სუსგ. №ას-1298-2018; 22.03.2019წ; №ას-1329-2018, 22.02.2019წ; №ას-1610-2019, 07.02.2020წ; №ას-804-2019, 19.03.2021წ; №ას-1133-2019, 30.07.2021წ; №ას-754-2021, 02.12.2021წ).

14.8. იმ სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, რომლის მიღწევაც მოსარჩელეს სურდა, მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმაა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 477-ე მუხლის მეორე ნაწილი, რომლის თანახმად, მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება. ფასის გადახდის სავალდებულოობას კი ნამდვილი ნასყიდობის ხელშეკრულების არსებობა განაპირობებს, რომლის დადებულად მიჩნევის საკითხიც წინამდებარე სარჩელის კვლევის საგანია.

14.9. როგორც აღინიშნა, საკასაციო სასამართლოს პრაქტიკის შესაბამისად, დადასტურებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის მტკიცებულებითი ძალა დამოკიდებული არ არის იმ საქონლის/მომსახურების გვარეობით მახასიათებელზე, რომლის მიმართაც გამოწერილია იგი, ამდენად, ყველა ის განმარტება, რომლითაც მოპასუხის მიერ დადასტურებული ანგარიშ-ფაქტურების არსებობა განხილულ იქნა ხელშეკრულების დადებისა და საქონლის მიწოდების ფაქტების დასტურად, სახელმძღვანელოა წინამდებარე საქმისთვისაც (იხ. სუსგ. №ას-1296-2019 08.06.2021წ; №ას-599-574-2016, 23.09.2016წ; №ას-825-2020, 02.12.2021წ; №ას-1296-2019 08.06.2021წ; №ას-514-514-2018 03.06.2021წ; №ას-514-514-2018, 03.08.2019წ). დასახელებულ საქმეებში საკასაციო პალატა ელექტრონულად დადასტურებულ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებს განიხილავს მყიდველის მიერ საქონლის მიღების ფაქტის დასტურად, რაც კვალიფიციური შედავების არარსებობის პირობებში, წარმოშობს საფასურის გადახდის ვალდებულებას. ერთ-ერთ საქმეში კი საკასაციო პალატამ განმარტა, რომ იმ პირობებში, როდესაც მოპასუხემ დაადასტურა მოსარჩელის მიერ გამოწერილი ანგარიშ-ფაქტურა, იგულისხმება, რომ მხარეთა შორის წარმოიშვა ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებითსამართლებრივი ურთიერთობა (იხ. სუსგ. №ას-381-381-2018, 01.05.2018წ)

14.10. საკასაციო პალატის შეფასებით, მოპასუხის მიერ დადასტურებული ანგარიშ-ფაქტურა, მოპასუხის შესაგებლის გათვალისწინებით (რომელიც კვალიფიციურად არ შედავებია ანგარიშ-ფაქტურის მის მიერვე დადასტურების შესახებ ფაქტობრივ გარემოებას), მართებულად იქნა მიჩნეული 196 681.83 ლარის დაკისრების საფუძვლად.

14.11. რაც შეეხება ანგარიშ-ფაქტურების გამოწერის წინმსწრებად ინვოისების არარსებობის ფაქტობრივ გარემოებას, საქმის მასალებში არ მოიპოვება მტკიცებულება, რომ წარსულში წინამდებარე დავის მონაწილე მეწარმე სუბიექტები კომერციულ საქმიანობას ამყარებდნენ მარტოოდენ ინვოისის გამოწერის გზით; ამასთან, ხსენებული ფაქტობრივი გარემოება დადასტურებულიც რომ იყოს, საკასაციო პალატა მიუთითებს, საქონლის/მომსახურების შესაკვეთად ინვოისის შედგენის სავალდებულოობას სამოქალაქო სამართალი არ ითვალისწინებს, ამდენად, ხელშეკრულება შესაძლოა დადებულიყო მის გარეშეც. ბუღალტრის სამსახურში მიღების თარიღის აპელირების საპირწონედ კი საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საქმეში არ არსებობს მტკიცებულება, რომელიც მოწმობს, რომ შ.პ.ს. „G.I.”-ს თ.გ–ძის სამსახურში აყვანამდე სხვა ბუღალტერი არ ჰყოლია, თუმცა აღნიშნული გარემოება დამტკიცებულადაც რომ იქნეს მიჩნეული, სადავო ანგარიშ-ფაქტურები, შესაძლოა, დადასტურებულიყო საწარმოს სხვა უფლებამოსილი პირის მიერ, ამდენად, ორგანიზაციაში ბუღალტრის არარსებობა სამართლებრივად ხელის შემშლელი ვერ იქნებოდა ანგარიშ-ფაქტურის დადასტურების მიზნებისათვის.

14.12. №ეა-16 7843817 ანგარიშ-ფაქტურაში ასახული საქონლის ღირებულების ანაზღაურების ვალდებულების არარსებობის დასასაბუთებლად კასატორი მიუთითებს ნივთის ნაკლზე. პალატა მოიხმობს საკასაციო სასამართლოს მყარად დადგენილ პრაქტიკას, რომლის თანახმად, ხელშეკრულების საფუძველზე გადაცემული ნივთის ნაკლის მტკიცების ტვირთი ამ ნაკლზე მიმთითებელ პირს, მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხეს ეკისრება (იხ. სუსგ. №ას-883-2021, 09.12.2021წ; №ას-1291-2018 06.06.2019წ), რომელმაც, სსკ 488-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, უნდა ამტკიცოს: 1. საქონლის ხარისხის მიმართ მხარეებს შორის შეთანხმების არსებობა და მიწოდებული პროდუქტის შეთანხმებულთან შეუსაბამობა ან 2. თუ ხარისხი არ არის წინასწარ შეთანხმებული, გადაცემული საქონლით დანიშნულებისამებრ სარგებლობის შეუძლებლობა. საკასაციო პალატა იზიარებს გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნას მასზედ, რომ ნასყიდობის საგნის ნაკლის მტკიცების ტვირთი კასატორმა (მყიდველი) ვერ დაძლია, რაც ნასყიდობის საფასურის გადახდისგან მის გათავისუფლებაზე უარის თქმის საფუძველია.

15.1. საადვოკატო მომსახურების საფასურის მოსარჩელეზე სრულად დაკისრების საკასაციო პრეტენზიის საწინააღმდეგოდ საკასაციო პალატა მიუთითებს 53-ე მუხლის პირველი ნაწილის ბოლო წინადადებაზე, რომლის თანახმად, იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.

15.2. ნორმის დისპოზიცია იმგვარად არის ფორმულირებული, რომ არ ადგენს გაწეული ხარჯის სანაცვლო ანაზღაურების ერთმნიშვნელოვან ოდენობას, არამედ ამ ოდენობის გონივრულად განსაზღვრის უფლებას უტოვებს სასამართლოებს. კანონმდებლის ამგვარი მიდგომა განპირობებულია იმ მოსაზრებით, რომ ადვოკატის მომსახურებაში გადახდილი ხარჯების სანაცვლო ანაზღაურებამ დაუსაბუთებლად არ უნდა შეზღუდოს პროცესის მონაწილე მხარის უფლება და არ უნდა შექმნას წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯების ოდენობის ხელოვნურად გაზრდის პროცესუალური საფუძველი; ნორმის ამგვარი შინაარსის მიზანია პროცესის მონაწილე მეორე მხარის უფლებების დაუსაბუთებელი შეზღუდვის თავიდან აცილება. გონივრულეობის კრიტერიუმად კი, კანონმდებელი მიიჩნევს დავის საგნის ღირებულების არაუმეტეს 4%-ს. აღსანიშნავია, რომ დავის საგნის ღირებულების 4% წარმოადგენს ზედა ზღვარს, რომლის ფარგლებშიც ხდება წარმომადგენლის ხარჯების ოდენობის სასამართლოსმიერი განსაზღვრა და ამ თვალსაზრისით, მხედველობაში მიიღება კონკრეტულად რა იურიდიული მნიშვნელობის მქონე ქმედებები იქნა განხორციელებული ადვოკატის მიერ, რა სახის ადამიანური რესურსი დაიხარჯა, საქმის წარმოების რომელ ეტაპზე პროცესის მონაწილე რომელმა მხარემ გასწია იგი და სხვ. (იხ. სუსგ. № ას-818-784-2016, 02.11.2016წ). გაწეული საადვოკატო ხარჯის დაკისრებისას სასამართლო ხელმძღვანელობს საქმის სირთულით, შესრულებული საპროცესო მოქმედებების მოცულობით, სასამართლო სხდომებში მონაწილეობისათვის დახარჯული დროის, წარმოდგენილი მოსაზრებებისა თუ მტკიცებულებების სიმრავლით და სხვა ამგვარი გარემოებებით, რაც მეორე მხარისათვის დასაკისრებელი საადვოკატო ხარჯის გონივრულობას განაპირობებს.

15.3. მოცემულ შემთხვევაში, სასარჩელო მოთხოვნის მოცულობა შეადგენდა 704 741.33 ლარს, საიდანაც დაკმაყოფილდა 196 681.83 ლარის დაკისრების მოთხოვნა, ესე იგი, დავა მოპასუხის სასარგებლოდ გადაწყდა 508 059.5 ლარის (704 741.33 – 196 681.33) ოდენობით. სწორედ მოცემული თანხის 4% (20 322.38) წარმოადგენდა იმ მაქსიმუმს, რომლის ფარგლებშიც წარმომადგენლის დახმარების საფასური, შესაძლოა, დაკმაყოფილებულიყო.

15.4. განსახილველ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილია ადვოკატ ვ.ბ–ის მიერ საქმეზე გაწეული შრომის თანხობრივი გაანგარიშება, თუმცა საგულისხმოა, რომ შესაგებელი მოამზადა და მოსამზადებელ სხდომათა უმრავლესობაში მონაწილეობა მიიღო მოპასუხის ადვოკატმა მ.ქ–ამ. ვ.ბ–ი საქმეში ჩაერთო სარჩელის აღძვრიდან დაახლოებით 11 თვის შემდგომ, დააზუსტა უკვე არსებული შესაგებელი, წარადგინა დამატებითი მტკიცებულებები (რომლებიც, უმრავლეს შემთხვევაში, მისი მარწმუნებლის ინიციატივითვე შექმნილი დოკუმენტები იყო და მათ მოძიებას განსაკუთრებული ძალისხმევა არ უნდა დასჭირვებოდა), მონაწილეობა მიიღო საქმის მთავარ სხდომაზე განხილვაში, რომლის უზრუნველსაყოფადაც 1-ლი ინსტანციის სასამართლოში ჩატარდა სულ სამი ზეპირი მოსმენა. ამავდროულად, ადვოკატის მიერ შესაბამისი შუამდგომლობის დაგვიანებით წარდგენის გამო, სასამართლომ უარი უთხრა მხარეს ადვოკატის ხარჯების დაკისრების მიზნით დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანაზე, რის შესახებ გამოტანილი განჩინებაც მის მიერ სააპელაციო სასამართლოში არ გასაჩივრებულა (ტ.1, ს.ფ. 438). სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში აპელანტის წარმომადგენლის აქტივობა შემოიფარგლლა სააპელაციო საჩივრის შედგენით და საქმის არსებითად განსახილვის მიზნით ჩატარებულ სამ სხდომაში მონაწილეობით. საგულისხმოა, რომ საქმისთვის მნიშვნელობის მქონე რაიმე ახალი მტკიცებულების წარდგენა აპელანტის მიერ სააპელაციო სასამართლოში არ მომხდარა. რაც შეეხება საკასაციო სამართალწარმოებას, ადვოკატის დატვირთვა შემოიფარგლა მარტოოდენ საკასაციო საჩივრის შედგენით, რამეთუ საქმის ზეპირი განხილვა საქართველოს უზენაეს სასამართლოში არ წარმართულა.

15.5. საქმის მოცულობა, წარმოდგენილ მტკიცებულებათა ბუნება, შედგენილი საპროცესო დოკუმენტების სირთულე, ჩატარებული სხდომების ოდენობა საკასაციო პალატას უქმნის შინაგან რწმენას მასზედ, რომ ადვოკატს წინამდებარე საქმეზე არ დაუხარჯავს უჩვეულოდ დიდი დროის რესურსი, რაც არ წარმოშობს კანონით დაშვებული ზედა ზღვრის ფარგლებში საადვოკატო მომსახურების საფასურის პროცესუალურ მოწინააღმდეგეზე სრულად დაკისრების აუცილებლობას. აღნიშნულის ნაცვლად, პალატის მოსაზრებით, მიკუთვნებული 10 000 ლარი წარმომადგენლის დახმარების ხარჯის სანაცვლოდ არის ის გონივრული ოდენობა, რომლის გადახდევინებაც, ერთი მხრივ, არ გამოიწვევს მოსარჩელისთვის არაპროპორციული, სადამსჯელო ფინანსური ტვირთის დაკისრებას, მეორე მხრივ კი დააკმაყოფილებს მოპასუხის ინტერესს, რაც ჯეროვანი საპროცესო წარმომადგენლობის მიღების მიზნით გასაღები დიდი მოცულობის ხარჯის ტვირთის შემსუბუქებაში გამოიხატება.

16. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.

გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფასთან დაკავშირებული საკითხები:

17. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 10 ნოემბრის განჩინებით, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა მოწინააღმდეგე მხარის (მოსარჩელის) შუამდგომლობა და გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველსაყოფად მოპასუხეს აეკრძალა ქ. თბილისში, ....., გენეტიკის ეროვნულ ლაბორატორიაში განთავსებული, ამავე განჩინების მე-2 პუნქტში ჩამოთვლილი მისი კუთვნილი მოძრავი ნივთების გასხვისება და უფლებრივად დატვირთვა. ვინაიდან მოპასუხის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი და შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოტანილი მოსარჩელის სასარგებლო გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში, გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველსაყოფად გამოყენებული ღონისძიება უნდა დარჩეს ძალაში.

სასამართლო ხარჯები:

18. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. შ.პ.ს. „G.I.“-ს საკასაციო საჩივარზე გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟის ნაწილი _ 1500 ლარის ოდენობით, ხოლო საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 19 ივლისის განჩინებით, დარჩენილი 6500 ლარის გადახდა გადაუვადდა საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე. ვინაიდან, საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დაუშვებლად, კასატორს გადავადებული სახელმწიფო ბაჟიდან უნდა დაევალოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობისთვის დაწესებული 8000 ლარის 30%-ის შევსება, რისთვისაც მას უნდა დაეკისროს გადავადებული სახელმწიფო ბაჟიდან დამატებით 900 ლარის გადახდა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შ.პ.ს. „G.I.“-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.

2. შ.პ.ს. „G.I.“-ს (ს/კ ......) დაეკისროს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 19 ივლისის განჩინებით საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე გადავადებული სახელმწიფო ბაჟიდან 900 ლარის გადახდა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლეები : ლაშა ქოჩიაშვილი

ამირან ძაბუნიძე

თეა ძიმისტარაშვილი