Facebook Twitter

¹ბს-164-6-გ-04 16 აპრილი, 2004 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. კობერიძე (თავმჯდომარე),

გ. ქაჯაია,

ნ. ქადაგიძე

დავის საგანი: სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან განთავისუფლება.

აღწერილობითი ნაწილი:

ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატამ 2003წ. 23 მაისის გადაწყვეტილებით დააკმაყოფილა მ. ქ.-ის სააპელაციო საჩივარი, გაუქმდა ზესტაფონის რაიონის 2004წ. 15 იანვრის გადაწყვეტილება და მოსარჩელეების _ ვ. და მ. ქ.-ეების სარჩელი მ. ქ.-ეზე გაცემული მიწის მიღება-ჩაბარების აქტიდან საერთო სარგებლობის გზის ამორიცხვისა და მის საერთო სარგებლობაში დატოვების შესახებ არ დაკმაყოფილდა. ამავე გადაწყვეტილებით მ. ქ.-ეს დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის გადახდა 30 ლარის ოდენობით.

მ. ქ.-ემ 2003წ. 24 დეკემბერს განცხადებით მიმართა ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატას და მოითხოვა სახელმწიფო ბაჟისაგან გათავისუფლება იმ მოტივით, რომ იგი იყო მეორე ჯგუფის ინვალიდი, რომლის დამადასტურებელი ცნობაც მან განცხადებას თან დაურთო.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატამ 2004წ. 26 იანვრის განჩინებით მ. ქ.-ის განცხადება საქმესთან ერთად გადააგზავნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატაში იმ მოტივით, რომ სააპელაციო პალატის 2003წ. 23 მაისის გადაწყვეტილება საკასაციო წესით კანონით გათვალისწინებულ ვადაში არ გასაჩივრებულა, მ. ქ.-ის ინვალიდობის დამადასტურებელი დოკუმენტი კი საქმის წარმოებისას არ ყოფილა წარმოდგენილი. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ, ვინაიდან მ. ქ.-ე სადავოდ ხდიდა გადაწყვეტილებას სახელმწიფო ბაჟის დაკისრების ნაწილში, იგი უნდა გადაგზავნოდა საქართველოს უზენაეს სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილების მისაღებად.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა მ. ქ.-ის განცხადების საფუძვლიანობა, ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა საპელაციო პალატის 2004წ. 26 იანვრის კანონიერება-დასაბუთებულობა და მიიჩნევს, რომ მ. ქ.-ის განცხადება უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს იმ გარემოებას, რომ მ. ქ.-ის განცხადება, ფაქტობრივად, სასამართლო ხარჯების თაობაზე შეტანილ კერძო საჩივარს წარმოადგენს, რომლის თაობაზე გადაწყვეტილების გამომტანმა სასამართლომ იმსჯელა და გადაწყვეტილების მიღების მიზნით ზემდგომ სასამართლოში გადააგზავნა, მიუხედავად იმისა, რომ სააპელაციო პალატის განჩინებაში ამის თაობაზე არაფერია მითითებული. შესაბამისად, საკასაციო პალატა მ. ქ.-ის განცხადებას განიხილავს, როგორც სკ-ის 56-ე მუხლის საფუძველზე შეტანილ კერძო საჩივარს და მიიჩნევს, რომ იგი უნდა დაკმაყოფილდეს, ვინაიდან “სახელმწიფო ბაჟის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის “მ” ქვეპუნქტის თანახმად, საერთო სასამართლოებში განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან ინვალიდები განთავისუფლებულნი არიან ყველა სარჩელზე. როგორც განცხადებაზე თანდართული ცნობიდან ირკვევა, მ. ქ.-ეს მეორე ჯგუფის ინვალიდობა აქვს დადგენილი, იგი ზემოაღნიშნული მუხლით გათვალისწინებულ პირთა კატეგორიას განეკუთვნება და, ამდენად, ექვემდებარება სახელმწიფო ბაჟისაგან გათავისუფლებას.

საკასაციო პალატა ასევე აღნიშნავს იმ გარემოებასაც, რომ სააპელაციო პალატის მიერ მ. ქ.-ისათვის არასწორად იქნა დაკისრებული სახელმწიფო ბაჟის გადახდა. სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. მითითებული ნორმა გამორიცხავს მოგებული მხარისათვის სახელმწიფო ბაჟის დაკისრებას. კონკრეტულ შემთხვევაში მ. ქ.-ე მოგებულ მხარეს წარმოადგენდა და სააპელაციო სასამართლო არ იყო უფლებამოსილი, მისთვის სახელმწიფო ბაჟის გადახადა დაეკისრებინა.

აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ განცხადება უნდა დაკმაყოფილდეს და მ. ქ.-ე გათავისუფლდეს სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, სსკ-ის 419-420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მ. ქ.-ის განცხადება დაკმაყოფილდეს;

2. მ. ქ.-ე განთავისუფლდეს სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.