27 აპრილი, 2023 წელი №ას-884-2022 ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ამირან ძაბუნიძე
თეა ძიმისტარაშვილი
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი - ა.კ–ძე
მოწინააღმდეგე მხარე - შ.პ.ს. „ბ.ს.ბ.ს–ო“
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 02 მარტის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
დავის საგანი - საადვოკატო მომსახურების თანხისა და ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სასარჩელო მოთხოვნა:
1. ა.კ–ძემ სარჩელით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას მოპასუხე შ.პ.ს. „ბ.ს.ბ.ს–ო“-ს მიმართ და მოითხოვა: საადვოკატო მომსახურების საფასურის _ 169 736 ლარის დაკისრება, 50 811.77 ლარის ოდენობით მიყენებული ზიანის და მიუღებელი სარგებლის სახით სარჩელის აღძვრამდე 60840 ლარის ანაზღაურება, ხოლო ძირითადი დავალიანების თანხის სრულ დაფარვამდე, სარჩელის აღძვრის შემდეგ, ყოველთვიური სარგებლის სახით 2028 ლარის ანაზღაურება.
სარჩელის საფუძვლები:
2.1. მოსარჩელე არის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი - ადვოკატი. 2015 წლის მაისში მოპასუხე ორგანიზაციის დირექტორმა შესთავაზა ყოფილი დირექტორის მიერ საწარმოსათვის მიყენებული ზიანის იძულებითი ამოღების პროცესის წარმოება და კომპანიის ინტერესების დაცვა.
2.2. 2015 წლის 09 ივნისს ა.კ–ძესა და კომპანიას შორის დაიდო იურიდიული მომსახურების ხელშეკრულება, რომლის მიხედვით მოსარჩელე იღებდა ვალდებულებას, გაეწია მოპასუხისათვის საადვოკატო მომსახურება; დაეცვა მისი კანონიერი ინტერესები კერძო და საჯარო დაწესებულებებში: შ.ს.ს. სამინისტროში, ფინანსთა სამინისტროში, პროკურატურასა და ყველა ინსტანციის სასამართლოში. მოპასუხე იღებდა ვალდებულებას, გადაეხადა გასამრჯელო ავანსის სახით 3750 ლარი (დარიცხული) და დამატებით, დებიტორული დავალიანების ამოღებასთან დაკავშირებით წარმოებული ნებისმიერი სახის საქმის წარმოების დასრულებისას - ამოღებული (ამონაგები) თანხის 10%, რაშიც შედიოდა წინასწარ და ასევე, საქმის წარმოების პროცესში ავანსის სახით გადახდილი თანხაც.
2.3. 2015 წლის 09 ივნისს, დადებული ხელშეკრულების შესაბამისად, კომპანიის დირექტორმა ა.კ–ძის სახელზე გასცა ნოტარიულად დამოწმებული მინდობილობა. გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში, მოსარჩელემ გასწია იურიდიული მომსახურება _ მოამზადა და სასამართლოში შეიტანა ორი სარჩელი, სადავო თანხით ჯამში 1 675 903.37 ლარი; სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, ყადაღა დაედო მოვალის კუთვნილ ორ ერთეულ უძრავ ქონებას და ორ ერთეულ სატრანსპორტო საშუალებას, ასევე, კომპანიის მოვალის კუთვნილ წილს შ.პ.ს.-ში; ბათუმის საქალაქო სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილებით კომპანიის ერთი სარჩელი დაკმაყოფილდა და მოვალეს შ.პ.ს. „ბ.ს.ბ.ს–ო“-ს სასარგებლოდ დაეკისრა 1 552 559.8 ლარის გადახდა; მეორე სარჩელი, რომლის ფასიც შეადგენდა თანხით 123 343.9 ლარს, ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგ მარწმუნებლის მიერ გამოხმობილი იქნა სასამართლოდან და დარჩა განუხილველი. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურაში შეტანილი განცხადების საფუძველზე, მოვალე პირის მიმართ დაიწყო სისხლისსამართლებრივი დევნა. გარდა აღნიშნულისა, ა.კ–ძე აწარმოებდა სასამართლო დავის გარეშე სხვა ვადამოსული დებიტორული დავალიანების ამოღების პროცესსაც, საიდანაც ამოღებულმა თანხამ ჯამში შეადგინა 21465.17 ლარი.
2.4. აღნიშნულის მიუხედავად, მოპასუხე მხარემ, მიაღწია რა მოდავე მხარესთან მორიგებას, ყოველგვარი წინასწარი შეტყობინების გარეშე, 2016 წლის 11-12 თებერვლიდან გააუქმა საადვოკატო მომსახურების ხელშეკრულებით და მინდობილობით მონიჭებული უფლებამოსილებანი და ჩაანაცვლა სხვა წარმომადგენელი პირებით, რის შემდეგაც იგი თავს არიდებს ვალდებულების შესრულებას. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მოითხოვს, მოპასუხეს დაეკისროს საადვოკატო მომსახურების ხელშეკრულებით განსაზღვრული ე.წ. ,,წარმატების ჰონორარი“.
2.5. მოვალის მიერ ვალდებულების დროულად შეუსრულებლობის გამო, რწმუნებული იძულებული გახდა, 2016 წლის 15 ივლისს ს.ს. „თ.ბ–“-დან აეღო სესხი 52 000 ლარის ოდენობით, ათი წლის ვადით, წლიური 14.5%-ის სარგებლის დარიცხვით, რაც კრედიტით სარგებლობის მთელ პერიოდზე შეადგენს 50 811.77 ლარს. ბანკის წინაშე გადასახდელი სარგებელი, როგორც რწმუნებულისთვის მიყენებული ქონებრივი ზიანი, უნდა დაეკისროს მარწმუნებელს.
2.6. მოვალეს რომ საადვოკატო მომსახურების საფასური დროულად გადაეხადა, რწმუნებულს შესაძლებლობა მიეცემოდა, თანხა განეთავსებინა ანაბარზე, საიდანაც ყოველწლიურად მიიღებდა 14.5%-იან სარგებელს, რაც სარჩელის აღძვრამდე პერიოდზე შეადგენს 60 840 ლარს, ხოლო სარჩელის აღძვრის შემდგომ _ ყოველთვიურად 2028 ლარს. ამ ოდენობით ზიანი, როგორც მიუღებელი შემოსავალი, უნდა გადახდეს ხელშეკრულების დამრღვევ მარწმუნებელს.
მოპასუხის პოზიცია:
3. მხარეთა შორის მართალაც არსებობდა იურიდიული მომსახურების ხელშეკრულება, თუმცა ასანაზღაურებელი თანხა განისაზღვრებოდა ამონაგების 10%-ით. მოსარჩელემ გასწია გარკვეული მომსახურება და ამონაგებმა თანხამ შეადგინა 21 465.17 ლარი, შესაბამისად, მოპასუხე სარჩელს ცნობს ამონაგების 10%-ის -2146 ლარის ნაწილში. მოპასუხემ მართლაც განაცხადა უარი მოვალის მიმართ დავალიანების ამოღების მიზნით სააღსრულებო წარმოების დაწყებაზე, თუმცა ეს არ ცვლის ხელშკრულების შინაარსს, რადგან ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ფაქტობრივად ამოღებული თანხის შესაბამისი პროცენტი. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო ზიანის ანაზღაურებასა და მიუღებელი სარგებლის დაკისრების ნაწილშიც.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
4. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 08 ივლისის გადაწყვეტილებით, ა.კ–ძის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, კერძოდ: შ.პ.ს. „ბ.ბ.ს.ს“-ს ა.კ–ძის სასარგებლოდ დაეკისრა საადვოკატო მომსახურების თანხის 55 010 ლარის გადახდა, ხოლო დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
5. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა ა.კ–ძემ და მოითხოვა გადაწყვეტილების ნაწილობრივ შეცვლის გზით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:
6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 02 მარტის გადაწყვეტილებით, სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ჰონორარის გადახდევინებაზე ნაწილობრივ უარის თქმის ნაწილში გაუქმდა გასაჩივრებული გადაწყვეტილება და შ.პ.ს. „ბ.ს.ბ.ს–ო“-ს ა.კ–ძის სასარგებლოდ დამატებით დაეკისრა 102 392.50 ლარის გადახდა.
7. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია დავის გადასაწყვეტად მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
7.1. მოსარჩელე არის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი-ადვოკატი. 2015 წლის მაისში მოპასუხე ორგანიზაციის დირექტორმა შესთავაზა ყოფილი დირექტორის მიერ საწარმოსათვის მიყენებული ზიანის იძულებითი ამოღების პროცესის წარმოება და კომპანიის ინტერესების დაცვა.
7.2. 2015 წლის 09 ივნისს ა.კ–ძესა და შ.პ.ს. „ბ. ს. ბ. ს “-ს შორის დაიდო შეთანხმება-ხელშეკრულება იურიდიული მომსახურების შესახებ, რომლის მიხედვით მოსარჩელე იღებდა ვალდებულებას, გაეწია მოპასუხისათვის საადვოკატო მომსახურება; დაეცვა მისი კანონიერი ინტერესები კერძო და საჯარო დაწესებულებებში: შ.ს.ს. სამინისტროში, ფინანსთა სამინისტროში, პროკურატურასა და ყველა ინსტანციის სასამართლოში.
7.3. მოპასუხე იღებდა ვალდებულებას, გადაეხადა გასამრჯელო ავანსის სახით 3750 ლარი (დარიცხული) და დამატებით, დებიტორული დავალიანების ამოღებასთან დაკავშირებით ნებისმიერი სახის საქმის წარმოების დასრულებისას - ამოღებული (ამონაგები) თანხის 10%, რაშიც შედიოდა წინასწარ და ასევე, საქმის წარმოების პროცესში ავანსის სახით გადახდილი თანხაც. დადგენილია, რომ 3000 ლარი გასამრჯელო მოპასუხემ მოსარჩელეს გადაუხადა.
7.4. მხარეები შეთანხმდენენ, რომ ჰონორარის გადაუხდელობის შემთხვევაში წარმოებულ დავაზე მიღებული პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება გადაეცემოდა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
7.5. მითითებულ ხელშეკრულებას ხელს აწერს, ერთი მხრივ, შემსრულებელი ა.კ–ძე, ხოლო, მეორე მხრივ, დამკვეთი შ.პ.ს. „ბ.ს.ბ.ს–ო“-ს დირექტორი და 100% წილის მესაკუთრე ქ.ჩ–ი.
7.6. 2015 წლის 09 ივნისს, დადებული ხელშეკრულების შესაბამისად, კომპანიის დირექტორმა ქ.ჩ–მა ა.კ–ძის სახელზე გასცა ნოტარიულად დამოწმებული მინდობილობა და მიანიჭა მას საზოგადოების სრულუფლებიანი წარმომადგენლობა, მათ შორის, მხარის ყველა საპროცესო უფლებამოსილება.
7.7. 2015 წლის 21 სექტემბერს შ.პ.ს. „პ-ა“-ს მიერ ჩატარდა შ.პ.ს. „ბ.ს.ბ.ს–ო“-ს აუდიტორული შემოწმება დებიტორული და კრედიტორული დავალიანებების ნაშთების შემოწმების მიზნით და შედგა შესაბამისი აქტი.
7.8. გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში მოსარჩელემ გასწია იურიდიული მომსახურება. მოამზადა და სასამართლოში შეიტანა ორი სარჩელი (შ.პ.ს. „მ“-ს და რ.გ–ის მიმართ) სადავო თანხით ჯამში 1 675 903.37 ლარი. სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 25 სექტემბრის და 18 ნოემბრის განჩინებებით ყადაღა დაედო მოვალეთა კუთვნილ ორ ერთეულ უძრავ ქონებას და ორ ერთეულ სატრანსპორტო საშუალებას, ასევე, კომპანიის მოვალის კუთვნილ წილს შ.პ.ს.-ში.
7.9. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 02 ნოემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით, კომპანიის სარჩელი დაკმაყოფილდა და რ.გ–ეს შ.პ.ს. „ბ.ს.ბ.ს–ო“-ს სასარგებლოდ დაეკისრა 1 552 559.80 ლარის გადახდა. მეორე სარჩელი (დავის საგნის ღირებულება _ 123 343.9 ლარი) შ.პ.ს. „მ“-ს მიმართ, რწმუნებულთან ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგ გამოხმობილი იქნა და ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 23 მარტის განჩინებით, დარჩა განუხილველი.
7.10. ა.კ–ძის, როგორც შ.პ.ს. „ბ.ს.ბ.ს–ო“-ს წარმომადგენლის მიერ შეტანილი განცხადების საფუძველზე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურაში მოვალე პირის მიმართ დაიწყო სისხლისსამართლებრივი დევნა. გარდა აღნიშნულისა, ა.კ–ძე შ.პ.ს. „მ“-ს, შ.პ.ს. „გ“-ს, შ.პ.ს. „შ“-ს და სხვათა მიმართ აწარმოებდა სასამართლო დავის გარეშე ვადამოსული დებიტორული დავალიანების ამოღების პროცესსაც, საიდანაც მიღებულმა თანხამ ჯამში შეადგინა 21 465.17 ლარი.
7.11. საბოლოო ჯამში, მოპასუხის სასარგებლოდ წარმოებული საქმიანობის შედეგად, კანონიერ ძალაში შევიდა და აღსრულებას დაექვემდებარა ერთი დაუსწრებელი გადაწყვეტილება თანხით 1 552 559.80 ლარი; ერთი საქმე (თანხით 123 343.9 ლარი) დატოვებული იქნა განუხილველად კრედიტორის გადაწყვეტილებით; სასამართლოსგარეშე საქმის წარმოებიდან მოპასუხეს ანგარიშზე ჩაერიცხა 21 465.17 ლარი.
7.12. 2016 წლის 11 თებერვალს და ამავე წლის 12 თებერვალს მოპასუხე კომპანიამ მოსარჩელეზე გაცემული მინდობილობები გააუქმა და მოსარჩელესთან ხელშეკრულება შეწყვიტა.
8. დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს პალატამ მისცა შემდეგი სამართლებრივი შეფასება:
8.1. მიღებული მომსახურების ხარისხთან დაკავშირებით მოპასუხეს პრეტენზია არ განუცხადებია, თუმცა მიუთითა, ამონაგები თანხა გულისხმობს არა დაკისრებულ თანხას, არამედ მის ამოღებულ, აღსრულებულ ნაწილს, რაც არ განხორციელებულა დაუსწრებელი გადაწყვეტილების საფუძველზე. მოცემულ შემთხვევაში, რეალურად ამოღებულია მხოლოდ 21465.17 ლარი, რომლის 10% 2465.17 ლარია, მხოლოდ ეს თანხა უნდა იქნეს გადახდილი ა.კ–ძის სასარგებლოდ.
8.2. მხარეთა შორის სადავოდაა გამხდარი თუ რას გულისხმობს ხელშეკრულებაში ასახული ამოღებული (ამონაგები) თანხების ცნება და მოიაზრება მასში კომპანიის სასარგებლოდ დაკისრებული თანხები, თუ მხოლოდ აღსრულების შედეგად მის ანგარიშზე დარიცხული თანხები.
8.3. მხარეთა შორის დადებული გარიგება დავალების ხელშეკრულებაა, რომლის ფარგლებშიც, რწმუნებულის ძირითადი ვალდებულებაა, შეასრულოს მისთვის დავალებული (მინდობილი) ერთი ან რამდენიმე მოქმედება მარწმუნებლის სახელითა და ხარჯზე, ხოლო მარწმუნებელი ვალდებულია გადაუხადოს რწმუნებულს გასამრჯელო მხოლოდ ხელშეკრულებით ან კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში. გასამრჯელოს საკითხი შესრულებული დავალებისათვის რეგულირებულია სამოქალაქო კოდექსის 710-ე მუხლში, რომლის პირველი ნაწილის მიხედვითაც, მარწმუნებელი ვალდებულია გადაუხადოს რწმუნებულს გასამრჯელო მხოლოდ ხელშეკრულებით ან კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში.
8.4. მხარეები შეთანხმდნენ იურიდიული მომსახურების გაწევაზე, ხელშეკრულება დაიდო წერილობითი ფორმით, მხარეთა შეთანხმება მიღწეულ იქნა მის ყველა არსებით პირობაზე, მათ შორის ანაზღაურების წესზე და ამ მხრივ გარიგება არ შეიცავს ბუნდოვანებას. მისი ნამდვილობა და რომელიმე პირობის სამართლიანობა არ გამხდარა სადავო არც ერთი მხარის მიერ.
8.5. შ.პ.ს. „ბ.ს.ბ.ს–ო“-სთვის, როგორც მარწმუნებლისათვის, კონკრეტული შედეგი (დაუსწრებელი გადაწყვეტილებით მოპასუხისათვის თანხის დაკისრება) დადგა რწმუნებულის - ა.კ–ძის მიერ გაწეული პირდაპირი და უშუალო იურიდიული მომსახურების შედეგად. რწმუნებულის მომსახურება იყო ამ შედეგის უშუალო განმაპირობებელი.
8.6. მხარეთა შორის დადებული 09.06.2015 წლის გარიგებით გათვალისწინებული ამოღებული (ამონაგები) თანხების 10%-ის დამატებით გადახდა დამკვეთის მიერ შემსრულებლისთვის „წარმატების ჰონორარის“ სახით, არ მოდის წინააღმდეგობაში სამოქალაქო კანონმდებლობასა და დადგენილ წესრიგთან და სავსებით თავსებადია მხარეთა ავტონომიურობის პრინციპთან. საკანონმდებლო წესით მოწესრიგებული არ ადვოკატის მიერ ჰონორარის, მათ შორის, წარმატების ჰონორარის გამოანგარიშების საკითხი, შესაბამისად, აღნიშნულზე სასამართლომ მხარეთა შორის ხელმოწერილი ხელშეკრულების განმარტების გზით უნდა იმსჯელოს.
8.7. პალატამ მიიჩნია, რომ ხელშეკრულების საფუძველზე დამატებით გადასახდელი 10% გამოანგარიშებულ არ უნდა იქნეს მხოლოდ ამოღებული 21465.17 ლარიდან და ეს უნდა გავრცელდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 02 ნოემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით შ.პ.ს. „ბ.ს.ბ.ს–ო“-ს სასარგებლოდ დაკისრებულ 1 552 559.80 ლარზეც, ვინაიდან მარწმუნებლის ნება იყო რწმუნებულ ა.კ–ძის იურიდიული მომსახურების შედეგად მიეღო იმ ზიანის ანაზღაურება, რომელიც საწარმოს მიადგა დაქირავებული დირექტორის რ.გ–ის ქმედების შედეგად. ამოღება, ამ შემთხვევაში, გულისხმობს ან სასამართლო გადაწყვეტილებით მიკუთვნებას ან თანხის ამოღებას სასამართლო დავის გარეშე. დაუსწრებელი გადაწყვეტილებით, რომელიც კანონიერ ძალაშია შესული, მარწმუნებელს მიეკუთვნა 1 552 559.80 ლარი, ესე იგი, სწორედ აქ შესრულდა გარიგების პირობა, ხოლო საკითხი თუ რამდენად მოახდენს მარწმუნებელი მისი სასარგებლო სასამართლო აქტის აღსრულებას, რისთვისაც საჭიროა მხოლოდ მისი ცალმხრივი ნება, ვერ მოახდენს გავლენას შემსრულებლის მიერ ნაკისრი ვალდებულების შესრულებულად აღიარებაზე.
8.8. სსკ-ის 720.1 მუხლის თანახმად, დავალების ხელშეკრულების შეწყვეტა მხარეებს შეუძლიათ ნებისმიერ დროს. შეთანხმება ამ უფლებაზე უარის შესახებ ბათილია. ამავე კოდესის 720.3 მუხლის თანახმად, თუ ხელშეკრულება წყდება მარწმუნებლის მიერ, მაშინ ის მოვალეა აუნაზღაუროს რწმუნებულს მინდობილი მოქმედების შესრულებისას გაწეული ყველა აუცილებელი ხარჯი, ხოლო, თუ ხელშეკრულება სასყიდლიანი იყო - გადაუხადოს გასამრჯელო შესრულებული სამუშაოს კვალობაზე. მარწმუნებელმა 2016 წლის 11 თებერვალს ცალმხრივად გააუქმა რწმუნებულება მოსარჩელესთან და უარი განაცხადა შემდგომში მისი მომსახურების მიღებაზე, თუმცა ამ დროისათვის დამდგარი იყო მოპასუხისათვის სასურველი შედეგი ადვოკატის ძალისხმევის შედეგად. შესაბამისად, მოპასუხე ვალდებული იყო ადვოკატისათვის გადაეცა ხელშეკრულებით შეთანხმებული ჰონორარი.
8.9. სააპელაციო პალატის მიერ ამოღებულ (ამონაგებ) თანხებად მიჩნეულ იქნა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 02 ნოემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით შ.პ.ს. „ბ.ს.ბ.ს–ო“-ს სასარგებლოდ რ.გ–ისათვის დაკისრებული 1 552 559.80 ლარი და ასევე სასამართლო დავის გარეშე სხვა ვადამოსული დებიტორული დავალიანებიდან ამოღებული 21 465.17 ლარი. მათი ჯამი 1 574 024,97 ლარი, 10% კი 157 402,49 ლარია, რომელსაც გამოაკლდა გასაჩივრებული გადწყვეტილებით ა.კ–ძის სასარგებლოდ დაკისრებული 55 010 ლარი. შესაბამისად, დამატებით გადასახდელ თანხად განისაზღვრა 102 392.50 ლარი. რაც შეეხება მოსარჩელის მოთხოვნას, რომ ამოღებულ (ამონაგებ) თანხად მიჩნეულიყო 123 343.90 ლარიც (მეორე სარჩელის ფასი), სააპელაციო პალატა არ დაეთანხმა, რადგან ეს სარჩელი, მოსარჩელის მიერ მისი გამოხმობის გამო, დარჩა განუხილველად და მის საფუძველზე მარწმუნებელს არ მიუღია სარგებელი.
8.10. ზიანის ანაზღაურების და მიუღებელი შემოსავლის მოთხოვნის ნაწილში სააპელაციო პალატამ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის პირველი ნაწილზე, აგრეთვე ამავე კოდექსის 412-ე მუხლზე და განმარტა, რომ საბანკო კრედიტზე სარგებლის სახით გადასახდელი პროცენტი ვერ განიხილება მარწმუნებლის მიერ ვალდებულების დარღვევით დამდგარ ზიანად, რადგან ვერ დგინდება უშუალო კავშირი მოპასუხის მიერ ვალდებულების დარღვევასა და მოსარჩელის მიერ სესხის აღებას შორის. მოსარჩელის მიერ არ არის წარმოდგენილი მტკიცება იმისა, რომ მას სხვა შემოსავალი არ ჰქონდა და სესხის აღება სწორ იმის გამო დასჭირდა, რომ შ.პ.ს. „ბ.ს.ბ.ს–ო“-ს მიერ არ იქნა შესრულებული ვალდებულება. შესაბამისად, მიზეზობრივი კავშირის არ არსებობა გამორიცხავს ამ ნაწილში სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებას. ამასთან, ასეთი ზიანი არ იყო მოვალისათვის წინასწარ სავარაუდო.
8.11. მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების მოთხოვნის უსაფუძვლობის დასასაბუთებლად პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს შემდეგი მსჯელობა: ადვოკატის ჰონორარი შესაძლებელია განხილული იქნეს ადვოკატისთვის მომავალში გარკვეული დამატებითი სარგებლის მიღების წყარო, თუმცა აღნიშნული პროფესია არ წარმოადგენს სამეწარმეო საქმიანობას. იგი ფიზიკური პირის ინტელექტუალური, გონებრივი და პროფესიული შრომის ერთიანობაა, რის გამოც მოვალისთვის ვერ იქნება აღქმადი და მოსალოდნელი ჰონორარზე საბანკო პროცენტის დარიცხვით მიუღებელი შემოსავლის არსებობის რისკი. ასეთი მიუღებელი შემოსავალი ცხადი და წინასწარ სავარაუდოა იმ შემთხვევაში, თუ კრედიტორი სამეწარმეო სუბიექტი ან ფინანსური ინსტიტუტია, რომელთა საქმიანობის ძირითადი სფეროა ფულადი სახსრების ბრუნვის გაზრდა, კომერციული საქმიანობა, რაც სრულიად უცხოა ადვოკატის პროფესიული ბუნებისათვის.
9. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ა.კ–ძემ იმ ნაწილში, რომლითაც სასარჩელო მოთხოვნების სრულად დაკმაყოფილებას ეთქვა უარი და მოითხოვა სარჩელის სრულად დაკმაყოფილება, შემდეგ საკასაციო პრეტენზიებზე მითითებით:
9.1. 2012 წლიდან კასატორს გააჩნდა სასესხო ვალდებულებები სხვადასხვა ბანკებში, საერთო ჯამში 52 000 ლარის ოდენობით, რომლის გადახდასაც სრულად წინსწრებით გეგმავდა პირველივე ფინანსური შესაძლებლობის გაჩენისთანავე, აღნიშნულის შესახებ მას, როგორც კრედიტორს, არ უცნობებია მოვალისათვის, რომ თუ ის პირნათლად არ შეასრულებდა ნაკისრ ვალდებულებებს, მოუწევდა კრედიტორის სესხებზე დარიცხული სარგებლის გადახდაც, რამეთუ იმედოვნებდა ვალდებულების დროულად, კეთილსინდისიერად და ჯეროვნად შესრულებას. 2016 წლის თებერვლის თვიდან მოპასუხეს გააჩნდა 157 402 ლარის გასამრჯელოს გადახდის ვალდებულება, რომლის გადახდასაც განზრახ არიდებს თავს, რის გამოც, კრედიტორი, ნაცვლად იმისა, რომ სრულად დაეფარა სასესხო ვალდებულებები, იძულებული გახდა მოეხდინა არსებული სესხების რეფინანსირება, რისთვისაც ს.ს. „თ.ბ–“-დან 2016 წლის ივლისის თვეში აიღო სასყიდლიანი კრედიტი 10 წლის ვადით, 52 000 ლარის ოდენობით, რომელზე გადასახდელმა სარგებელმაც შეადგინა 50 811.77 ლარი, რაც წარმოადგენს მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევით დამდგარ უშუალო ზიანს კრედიტორისათვის. უსაფუძვლოა სასამართლოს მითითება, თითქოს კრედიტორს დამატებით იმის მტკიცების ტვირთიც ეკისრებოდა, რომ მისაღები გასამრჯელოს გარდა სხვა საშუალება კრედიტის დასაფარად მას არ ჰქონია, როდესაც სსკ 402-ე მუხლი მტკიცების ტვირთის განაწილების განსხვავებულ წესს ადგენს _ „მოვალე ვადის გადაცილების დროს პასუხს აგებს ყოველგვარი გაუფრთხილებლობისთვის. იგი პასუხს აგებს შემთხვევითობისთვისაც, თუ არ დაამტკიცებს, რომ ზიანი შეიძლებოდა დამდგარიყო ვალდებულების დროული შეუსრულებლობის დროსაც“. ესე იგი, ვალდებულების შეუსრულებლობის დამდგარ შედეგთან მიზეზობრივი კავშირის არარსებობა მოვალის მტკიცების საგანში შემავალი გარემოებაა.
9.2. საფუძველს მოკლებულია სასამართლოს მსჯელობა მიუღებელ შემოსავალთან დაკავშირებითაც, რადგან ადვოკატის შემოსავლის წყარო გაწეული მომსახურების შედეგად მისაღები გასამრჯელოა, რაც მისი პირადი ქონებაა და განიკარგება მესაკუთრის შეხედულებისამებრ. მოპასუხისთვის, როგორც მეწარმე სუბიექტისთვის, კარგად იყო ცნობილი, რომ მისი მხრიდან ვალდებულების შეუსრულებლობით კრედიტორი კარგავდა შემოსავლის მიღების შესაძლებლობასაც, ვინაიდან ფული ყველაზე ბრუნვაუნარიანი საგანია, ხოლო მისი დროული გადაუხდელობა მოვალეს უქმნის კრედიტორისთვის ზიანის მიყენების ვარაუდს.
10. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ საკასაციო საჩივრები მიღებულ იქნა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული, შემდეგ გარემოებათა გამო:
11. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
12. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. საკასაციო სასამართლოს არ შეუძლია თავისი ინიციატივით შეამოწმოს საპროცესო დარღვევები, გარდა 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ” ქვეპუნქტში მითითებული ფაქტებისა.
13. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.
14. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
15. უწინარესად, საკასაციო პალატა შენიშნავს შემდეგს: გადაწყვეტილების გასაჩივრების ფარგლების გრაფაში კასატორი მიუთითებს, რომ გადაწყვეტილებას, იმ ნაწილში, რომლითაც სასარჩელო მოთხოვნებს დაკმაყოფილებაზე ეთქვა უარი, ასაჩივრებს სრულად. თუმცა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების იმ დასაბუთების წინააღმდეგ, რომლითაც ჩაითვალა, რომ 123 343.90 ლარი არ წარმოადგენდა ამონაგებ თანხას და შესაბამისად, არ გაითვალისწინება ადვოკატის ჰონორარის ოდენობის განსაზღვრისას, კასატორს რაიმე შინაარსობრივი პრეტენზია/არგუმენტაცია გაცხადებული არ აქვს. საკასაციო პალატას, რამდენადაც იგი შებოჭილია საკასაციო საჩივრის შინაარსით, (სსსკ 404-ე მუხლის შესაბამისად) გადაწყვეტილების ამ ნაწილის შემოწმება არ შეუძლია, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთებულობა შეფასდება საკასაციო საჩივარში ასახული პრეტენზიების _ ე.ი. რეალური ზიანისა და მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების მოთხოვნების ფარგლებში.
16.1. მოცემულ შემთხვევაში, როგორც საქმის მასალებით ირკვევა, სარჩელი ზიანის ანაზღაურების ნაწილში ემყარება სახელშეკრულებო ვალდებულებათა დარღვევას. სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებისათვის, პირველ რიგში, უნდა გაირკვევს მიყენებული ზიანის შინაარსი და მისი ანაზღაურებისათვის სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წინაპირობების არსებობა.
16.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ამრიგად, ზიანის ანაზღაურების თაობაზე წარდგენილი სარჩელის დაკმაყოფილებისთვის კანონმდებელი აწესებს ოთხ კუმულატიურ პირობას: 1. მოვალის მართლსაწინააღმდეგო ქმედება; 2. ზიანი; 3. მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და ზიანს, როგორც დამდგარ შედეგს შორის; 4. მოვალის ბრალეულობა (განზრახვა ან გაუფრთხილებლობა). საგულისხმოა, რომ ზიანის კომპონენტის ქვეშ მოსარჩელეს ეკისრება არამარტო ზოგადად, ქონებრივი დანაკლისის ფაქტობრივი გარემოების დამტკიცების, არამედ ამ დანაკლისის ოდენობის სარწმუნოდ დადასტურების ვალდებულება.
16.3. ვალდებულების დარღვევა ზოგადი ფორმულირებაა და იგი შეიძლება სხვადასხვა ფორმით გამოიხატოს, მათ შორის, არაჯეროვან შესრულებაში. მტკიცების ტვირთის ობიექტურად და სამართლიანად განაწილების პირობებში, როგორც მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის, ისე ზიანის მიყენების ფაქტისა და განცდილი ზიანის ოდენობის, აგრეთვე დამდგარ შედეგსა და ჩადენილ უმართლობას შორის მიზეზობრივი კავშირის დამტკიცების ტვირთი მოსარჩელის (კრედიტორის) მხარეზეა.
16.4. საკასაციო პალატას მრავალჯერ განუმარტავს, განმარტავს, რომ ზიანი არის კანონით გათვალისწინებული ანაზღაურებადი სხვაობა „უნდა-ყოფილიყო“ და „არის მდგომარეობას“ შორის (სხვაობის ჰიპოთეზა). სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს პირვანდელი მდგომარეობა, ანუ მდგომარეობა რომელიც იარსებებდა, რომ არა ვალდებულების დარღვევა (Total reparation-ის პრინციპი). ამასთანავე მნიშვნელობა არა აქვს, თუ რამდენად მაღალია მოვალის ბრალეულობის (განზრახვა თუ გაუფრთხილებლობა) ხარისხი ზიანის დადგომაში.
16.5. სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლი კიდევ უფრო აკონკრეტებს 408-ე მუხლში მოცემულ ზიანის სრულად ანაზღაურების პრინციპს. სრული ანაზღაურება ეხება არა საერთოდ ზიანს, რომელიც შეიძლება ვინმემ განიცადოს, არამედ იმ ზიანს, რომელიც სამოქალაქო პასუხისმგებლობის საერთო საფუძვლებიდან გამომდინარე ანაზღაურებადია. ანაზღაურებას ექვემდებარება ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს. როდესაც ხელშეკრულების მხარე კისრულობს ვალდებულებას, მას მხედველობაში აქვს მხოლოდ იმ რისკის აღება, რომელიც კანონზომიერად არის დაკავშირებული ხელშეკრულების შესრულებასთან. აღნიშნულიდან გამომდინარე, მისგან შეიძლება მოთხოვნილ იქნეს მხოლოდ იმ ზიანის ანაზღაურება, რომელიც ხელშეკრულების დარღვევის ნორმალურ შედეგად აღიქმება (იხ. სუსგ. №ას-459-438-2015, 07.10.2015წ).
16.6. ამრიგად, კანონმდებლის ნებას წარმოადგენს, სამოქალაქო პასუხისმგებლობა გაავრცელოს იმ ზიანზე, რომელიც სამოქალაქო ბრუნვის საშუალო მონაწილის შემეცნების უნარის მქონე მოვალისთვის აღქმადი და განჭვრეტადი იქნება. წარმოდგენილ შემთხვევაში, საქმის მასალებით არ დასტურდება, რომ მოვალისათვის ცნობილი იყო მესამე პირების წინაშე კრედიტორის ფულადი ვალდებულებების არსებობის შესახებ ან/და მან იცოდა კრედიტორის განზრახვის შესახებ, რომ საკრედიტო ორგანიზაციების წინაშე ვალდებულებები წინმსწრებად შეესრულებინა. დაუშვებელია, მოვალეს ეკისრებოდეს იმის გამორკვევის ვალდებულება, თუ რა მიზნით აპირებს კრედიტორი მისგან მიღებული შესრულების განკარგვას, გარდა იმ შემთხვევისა, როცა განსაკუთრებულ გარემოებათა გამო, შესრულების საგნის ამგვარი ფორმით კრედიტორის მიერ განკარგვის ინტერესი მოვალის მხრიდან განჭვრეტადი და სავარაუდოა.
16.7. ამავდროულად, პრობლემატურია საკრედიტო ვალდებულებაზე დასარიცხი პროცენტის ზიანად კვალიფიკაცია, იმ პირობებში, როდესაც არ დასტურდება, რომ არ იარსებებდა სარგებლის გადახდის ვალდებულება, რომ არა მარწმუნებლის მიერ რწმუნებულისთვის საზღაურის გადახდის დაყოვნება. არცერთი პირდაპირი თუ ირიბი მტკიცებულება არ მოწმობს, რომ რწმუნებულს თავისი კრედიტორების წინაშე ვალდებულებების წინმსწრებად შესრულების მიზანი ამოძრავებდა, რასაც ხელი შეუშალა მოვალის მიერ საზღაურის დროულად გადაუხდელობამ. რაიმე საგულისხმო არგუმენტი იმის ალბათობის საწინააღმდეგოდ, რომ მიღებულ ჰონორარს კრედიტორი მიმართავდა სხვა საჭიროებებისთვის, მოსარჩელეს სასამართლოს წინაშე არ წამოუყენებია, თუმცა აღნიშნული წარმოადგენდა სწორედ მისი მტკიცების ტვირთს სსსკ 102-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, რამეთუ ზიანის კომპონენტი მოსარჩელის მტკიცების საგანში შემავალ ელემენტს წარმოადგენს.
16.8. ამრიგად, მიუხედავად იმისა, რომ სახეზეა მართლსაწინააღმდეგოობის ელემენტი, რაც მოვალის მიერ დავალების ხელშეკრულებით გათვალისწინებული საზღაურის დროულ გადაუხდელობაში ვლინდება, არ არსებობს საკრედიტო სარგებლის ზიანად კვალიფიკაციის საფუძველი, ამასთან, ხსენებული თანხა რომც განიხილებოდეს დამდგარ ზიანად, არავითარი გარემოება, რომელიც მოვალის მიერ მისი წარმოშობის სავარაუდოობის აღქმას დაასაბუთებდა, კრედიტორის მიერ არ მითითებულა; ამგვარი ზიანის წარმოშობის ალბათობა არ განიხილება არც იმდენად ცალსახა რისკად, რომელიც სამოქალაქო ბრუნვის საშუალო მონაწილე მოვალისათვის თავისთავად სავარაუდო შეიძლება ყოფილიყო. ამრიგად, ამ ნაწილში სარჩელი მართებულად იქნა უარყოფილი.
17.1. რაც შეეხება მიუღებელ შემოსავალს, საკასაციო პალატას არაერთ გადაწყვეტილებაში განუმარტავს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე და 412-ე მუხლების საფუძველზე ზიანის მიყენების ფაქტისა და ზიანის ოდენობის შეფასების თავისებურება ფულადი ვალდებულების შესრულების კონტექსტში (იხ. სუსგ №ას-254-241-2015, 06.05.2015წ; №ას-666-2022, 07.07.2022წ). მათში ხაზგასმულია ფულისაგან, როგორც ბრუნვაუნარიანი ობიექტისგან, სარგებლის მიღების რეალური შესაძლებლობის თავისთავად არსებობა, თუმცა აღნიშნული იმთავითვე არ გულისხმობს მოსარჩელის მტკიცების ტვირთის არაგონივრულად შემცირებას, არამედ იგი პირდაპირპროპორციულად მნიშვნელოვანია მოსამართლის როლისათვის მიუღებელი შემოსავლის განმარტების, არსებობის დასაბუთებისა და ოდენობის განსაზღვრის პროცესში. მხოლოდ მხარეთა მტკიცების ტვირთის პირობებში გახდება შესაძლებელი, რომ მიუღებელი შემოსავალი არარეალურ და აბსტრაქტული შინაარსის მოთხოვნად არ იქცეს და მოხდეს მტკიცებულებებისა და გარემოებების კომპლექსურად შეფასება (შდრ. ჩიტაშვილი ნ., საქართველოს სამოქალაქო სამართლის საფუძვლები ქართულ სასამართლო პრაქტიკაში, თსუ, 2016, გვ. 154).
17.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის, 411-ე და 412-ე მუხლების ამოსავალი დებულება სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ ანაზღაურებას ექვემდებარება მიუღებელი შემოსავალი, ანუ ანაცდური მოგება (lucrum cessans). საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის მიხედვით, მიუღებლად მიიჩნევა შემოსავალი, რომელიც კრედიტორს არ მიუღია და რომელსაც იგი მიიღებდა, მოვალეს რომ ვალდებულება ჯეროვნად შეესრულებინა. მიუღებელი შემოსავალი სავარაუდო შემოსავალია. ყურადღება უნდა მიექცეს იმას, რამდენად მოსალოდნელი იყო მისი მიღება. მიუღებელი შემოსავალი თავისი ბუნებით გულისხმობს „წმინდა ეკონომიკურ დანაკარგს“ (pure economic loss). იმისათვის, რომ შემოსავალი მიუღებლად ჩაითვალოს, მას პირდაპირი და უშუალო კავშირი უნდა ჰქონდეს მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევასთან. პირდაპირ კავშირში იგულისხმება მოვლენების, მოქმედებისა და დამდგარი შედეგის ის ლოგიკური ბმა, რომელიც არ ტოვებს შემოსავლის მიღების რეალურ შესაძლებლობასთან დაკავშირებული ეჭვის საფუძველს (იხ სუსგ. №ას-754-2021, 02.12.2021წ).
17.3. განსახილველ შემთხვევაში, შემოსავლის მიღების ალბათობას კასატორი ასაბუთებდა ჰონორარის სახით მიღებული შემოსავლის ანაბარზე განთავსების შესაძლებლობით. ასეთ შემთხვევაში, მტკიცების ტვირთის სამართლიანი განაწილების პირობებში, სწორედ კრედიტორის მტკიცების საგანია, რომ ამგვარი შემოსავლის მიღება მისი სამართლებრივი სტატუსის ან ჩვეულებრივი საქმიანობის საგნის გათვალისწინებით, მოსალოდნელი უნდა ყოფილიყო, რაც ამგვარი ქმედების ნეგატიურ შედეგებს სავარაუდოდ აქცევდა მოვალისათვის სსკ 412-ე მუხლის შესაბამისად (იხ. სუსგ. №964-2018, 01.04.2020წ). ამ ფაქტების მითითების გარეშე, მიუღებელი შემოსავლის მხოლოდ თანხის დაყოვნების მოტივით მოვალისათვის დაკისრება დაარღვევს სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობას. მოცემული დავა ჩვეულებრივი ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში მოვალის მიერ ფულადი ვალდებულების არადროული შესრულების გამო გასესხებული თანხის მოცდენით (სარგებლის მიუღებლობა) კრედიტორის მიერ განცდილ ზიანს არ ეხება, მოსარჩელემ ამ ნაწილში ვერ შეძლო მისი წილი მტკიცების ტვირთის რეალიზება, თანხის დეპოზიტზე განთავსების მტკიცებულების წარმოდგენით დაედასტურებინა შემოსავლის დაკარგვის რეალურობა. მოსარჩელის საქმიანობის სპეციფიკა და მიმართულება კი არ ქმნის სარჩელით მოთხოვნილი მიუღებელი შემოსავლის მიღების საფუძვლიან ვარაუდს. (იხ. სუსგ.-ები №ას-81-2020, 02.03.2020წ; №ას-964-2018, 01.04.2020წ, №ას-1178-1098-2017, 26.03.2019წ; №ას-771-720-2017, 03.11.2017წ; №ას-459-438-2015, 07.07.2015წ).
18. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.
19. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამრიგად, ა.კ–ძეს უნდა დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 6000 ლარის 70%, რაც შეადგენს 4200 ლარს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ა.კ–ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.
2. ა.კ–ძეს (პ/ნ ......) დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის – 6000 ლარის (საგადახდო დავალება №14777928264, გადახდის თარიღი: 13.10.2022წ, გადამხდელის ბანკი: ს.ს. „საქართველოს ბანკი“) 70% – 4200 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლეები : ლაშა ქოჩიაშვილი
ამირან ძაბუნიძე
თეა ძიმისტარაშვილი